გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210017002047414
N2/2352-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი 2017 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - თო------ ნი----;
წარმომადგენელი - რობიზონ ხურცილავა;
მოპასუხე - სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------–ი“;
წარმომადგენელი - ნიკოლოზ გეგეშიძე;
დავის საგანი - სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------–ის“ სესხის ოფიცრის თო------ ნი----ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2017 წლის 25 ივლისის „კ“ N772/17 ბრძანება;
1.2. თო------ ნი---- აღდგეს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------–ის“ სესხის ოფიცრის თანამდებობაზე;
1.3. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------–ს“ თო------ ნი----ს სასარგებლოდ დაეკისროს განაცდურის ანაზღაურება თვეში 950 ლარის ოდენობით, 2017 წლის 25 ივლისიდან სამუშაოზე აღდგენამდე;
მოსარჩელის განმარტებით, მუშაობდა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------–ის“ სესხის ოფიცრად, კეთილსინდისიერი მუშაობის გამო წაახალისეს რამდენიმეჯერ, მოემატა ხელფასი, დისციპლინური სახდელი კი მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე, რაც გამოიხატა ფიზიკური პირის უსაფუძვლო შეკითხვების თაობაზე ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობაში, რამაც თითქოსდა გამოიწვია დამსაქმებლის რეპუტაციის შელახვა. ვინაიდან აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას, მისი გათავისუფლების ბრძანებაც უკანონოა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ თო------ ნი----ს გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შრომითი ხელშეკრულების უხეში დარღვევა, რაზეც საუბარია საკადრო და დისციპლინური კომისიების გადაწყვეტილებებსა და თავად გათავისუფლების ბრძანებაში. ამასთან, მისი ანაზღაურება შეადგენდა 630 ლარს და არა 950 ლარს, როგორც ეს მითითებულია სასარჩელო განცხადებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ თო------ ნი---- 2016 წლის 6 ივნისს დაინიშნა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ის“ სესხის ოფიცრის თანამდებობაზე, გამოსაცდელი ექვსთვიანი ვადით. 2016 წლის 28 დეკემბერს იგი გადაიყვანეს ძირითად შტატში, სესხის ოფიცრის პოზიციაზე. დადგენილია, რომ თო------ ნი----ს მიმართ მოსარჩელე ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა.
მტკიცებულება:
- 2016 წლის 7 ივნისის ბრძანება (იხ.ს.ფ. 57);
- 2016 წლის 28 დეკემბრის ბრძანება (იხ.ს.ფ. 58);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ თო------ ნი----ს ანაზღაურება 2017 წლის ივლისის თვეში შეადგენდა 620 ლარს, მაქსიმუმ 270 ლარის გამომუშავების შესაძლებლობით და ექსტრა ბონუსის, მაქსიმუმ 400 ლარის ოდენობით გამომუშავების შესაძლებლობით.
მტკიცებულება:
- სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (ს.ფ.108).
6.2.2. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ თო------ ნი----ს ტელეფონით დაუკავშირდა „კლიენტი“, რომელმაც ჰკითხა, უნდა გადაეხადა თუ არა მისთვის დამატებითი თანხა სესხის მისაღებად, რაზეც მიიღო უარყოფითი პასუხი. ასევე დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ სატელეფონო ზარის შესახებ მოსარჩელემ არ აცნობა დამსაქმებელს, რადგან შეკითხვისათვის არ მიუნიჭებია რაიმე მნიშვნელობა. აღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ, 2017 წლის 23 ივნისს, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ის“ ცენტრალური-დასავლეთის რეგიონის მენეჯერს მოხსენებითი ბარათით მიმართა ქუთაისის N2 ფილიალის მმართველმა ირაკლი ჩხობაძემ, მისი განმარტებით, 2017 წლის 19 ივნისს ქუთაისი 2-ის საკრედიტო კომიტეტს, იმავე ფილიალის სესხის ოფიცერმა თო------ ნი----მ წარუდგინა კლიენტის ზურაბ ჩუბინიძის სესხი 22 000 ლარი. რეზიუმეში მიწოდებული ინფორმაციის, ასევე კომიტეტზე წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმების და სესხის ოფიცრის გამოკითხვის შემდეგ კომიტეტმა 2017 წლის 20 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება სესხის დამტკიცების შესახებ. იმავე დღეს თო------ ნი----მ კლიენტს სთხოვა განეახლებინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც კლიენტმა არ შეასრულა. 21 ივნისს თო------ ნი---- კვლავ დაუკავშირდა კლიენტს, რომელმაც უთხრა, რომ „გადასაყრელი ფული“ არ ჰქონდა და იუსტიციის სახლში მასზე დამატებითი თანხის მიცემას არ აპირებდა. თო------მ განუმარტა, არანაირ დამატებით თანხას არ გამოგართმევთო, რის შემდეგაც კლიენტი წავიდა იუსტიციის სახლში და ამონაწერი განაახლა. აღნიშნული ფაქტის შესახებ თო------ ნი----ს არაფერი განუცხადებია, ასევე კომიტეტზე განხილვის დროს არ უპასუხა კითხვაზე, საიდან მოიყვანა კლიენტი, თუმცა შემდეგ აღიარა, რომ იგი მოუყვანა კერძო იპოთეკარმა. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო და შეიძლება გავლენა მოეხდინა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, ასევე მას უნდა მოეყოლა კლიენტის მხრიდან დამატებითი თანხის შესახებ საუბრის თაობაზე. თო------ ნი----ს მხრიდან მუშაობის პერიოდში რაიმე სახის გადაცდომის ან არასწორი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი არ დაფიქსირებულა. იგი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა პასუხისმგებლობით, თანამშრომლებთან და კლიენტებთან აქვს კარგი ურთიერთობა, ამიტომ მისი მოსაზრებით, ამჯერად უნდა მიეცეს წერილობითი გაფრთხილება, ხოლო მსგავსი ფაქტის მომავალში განმეორების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს სამსახურიდან.
მტკიცებულება:
- ირაკლი ჩხობაძის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ.56).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
6.2.3. დადგენილია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ის“ შიდა აუდიტის სამსახურმა განახორციელა მონიტორინგი თო------ ნი----ს საქმიანობაზე და გამოავლინა ცხრა შემთხვევა, როდესაც არასწორი ინფორმაცია იყო შეტანილი სესხის რეზიუმეში. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ერთ-ერთი მსესხებელი დავით ვაწაძე, რომლის მიმართ თო------ ნი----ს მიერ შევსებულ სესხის რეზიუმეში შიდა აუდიტის სამსახურმა აღმოაჩნია არასწორი ინფორმაცია. მოწმემ განმარტა, რომ მას დაურეკეს აუდიტის სამსახურიდან, რა დროსაც მიაწოდა იმ პერიოდისათვის არსებული ინფორმაცია ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის შესახებ, სესხის ოფიცრის მიერ რეზიუმეში ჩაწერილი ინფორმაცია კი არის სწორი და შეესაბამება მისი შევსების პერიოდის მდგომარეობას.
ასევე მოწმე ნინო ლაღაძემ განმარტა, რომ მისი მეუღლე რუსეთიდან დაბრუნდა 5-6 თვის წინ, რადგან ამ პერიოდში დაეღუპა შვილი. სესხის აღების დროს იგი იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, კარგად ახსოვს, რომ „სკაიპის“ მეშვეობით ეცადნენ მასთან გასაუბრებას, მაგრამ რადგან არ იმყოფებოდა ადგილზე, ესაუბრნენ დედას, რომელიც ასევე იმყოფებოდა საზღვარგარეთ. აღნიშნულით მოწმემ არ დაადასტურა შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული დარღვევა ცალ-ცალკე არ გამოკვლეულა სასამართლოს მიერ, დამსაქმებელზე მიყენებული არსებითი ზიანი სახეზეა არაა, რაც დასტურდება თავად მოპასუხის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მსესხებლის მონიტორინგში მოხვედრილი საკრედიტო ვალდებულებებიდან ვადაგადაცილებები დაფიქსირდა ნოდარ მურღულიას სესხზე (3-დან 15 დღემდე ვადაგადაცილება ყოველთვიურად), რამაზ შალამბერიძის სესხზე და ნინო ლაღაძის სესხზე (6 გადახდიდან 3 გადახდა არის ვადაგადაცილებით - მაქსიმუმ 7 დღიანი ვადაგადაცილება); ზურაბ კუჭავას მიერ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების შემდეგ კი, მასზე გაიცა ახალი სესხი 2017 წლის აგვისტოში.
მტკიცებულება:
- სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ის“ წერილობითი ინფორმაცია (ს.ფ. 106-107).
- შიდა აუდიტის განყოფილების დასკვნა (ს.ფ.94-96);
- მოწმთა ჩვენებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
6.2.4. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ის“ სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილების ოქმის მიხედვით, რომელიც შედგენილია 2017 წლის 25 ივლისს, კომისიამ თო------ ნი----ს საქმიანობაში გამოავლინა მარეგულირებელი წესების შემდეგი დარღვევები: მოსარჩელემ კომიტეტს დაუმალა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რითაც დაარღვია საკრედიტო პოლიტიკის 1.1.1 მუხლი; თო------ ნი----მ ფინანსური ანალიზის ჩატარების დროს არ მოიძია სრულყოფილად ინფორმაცია (არ გადაამოწმა კოლეგებთან თავდების და უარების მიზეზი, არ ჰქონდა დაზუსტებული მათი სამუშაო ადგილი და შემოსავლის ოდენობა, მცდარი ციფრები მიუთითა რეზიუმეში და სხვა), რითაც დაარღვია საკრედიტო პოლიტიკის 1.1.2 მუხლი; თო------ ნი----ს თავის გადაწყვეტილებით უნდა ემოქმედა საკრედიტო პოლიტიკის 2.2.10 პუნქტის შესაბამისად და უნდა მოეთხოვა დაფინანსების შეწყვეტა; დაირღვა გამჭვირვალობის პრინციპი - შეცდომის ის ნაწილი, რომლის დროსაც თო------ ნი---- არკვევდა მსესხებელსა და ძველ მოვალეს შორის კომუნიკაციას ვინმე „ქალბატონზე“ ჯერ 600 და შემდგომ 300 დოლარის ქრთამის გადახდის საჭიროების შესახებ და აღნიშნული ფაქტის ნაწილში არ გაამჟღავნა ინფორმაცია მენეჯმენტთან; ასევე დარღვეული იქნა შემდეგი ვალდებულებები: საკადრო პოლიტიკის 2.5.4.2 მუხლის „ბ“ პუნქტი; ეთიკის კოდექსის 2.4 და 9.6 მუხლი; საკრედიტო პოლიტიკის 1.1.1.1.1.2 და 2.1.10 პუნქტები. კომისიამ ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება, თო------ ნი----ს მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის - სამუშაოდან გათავისუფლების გამოყენების შესახებ, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის საფუძველზე.
2017 წლის 25 ივლისს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ის“ უფროსმა საოპერაციო ოფიცერმა გამოსცა ბრძანება „კ“ N772/17, თო------ ნი----სთან 2017 წლის 12 ივლისიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ბრძანებაში მითითებულია შემდეგი: „დამსაქმებლის მიერ 2016 წლის 28 დეკემბრიდან დღემდე შესრულებული სამუშაოს ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ თო------ ნი---- უხეშად არღვევდა საქმიანობის ერთ-ერთ დომინანტ პრინციპს „საკრედიტო რისკის ანალიზი“, რომლის იდენტიფიკაციას და მართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული. კლიენტის საკრედიტო რისკის შეფასებას დამსაქმებელი ახდენს ფინანსური ანალიზის დროს მისი გადახდისუნარიანობის დადგენით, კომპანია იღებს ვალდებულებას დაიცვას გონივრული დაკრედიტების პოლიტიკა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. დასაქმებულის მხრიდან განხორციელებულმა მორიგმა დარღვევამ, რომელიც უკავშირდებოდა კერძო იპოთეკარის საკრედიტო ვალდებულების გადაფარვას, მძიმე ხასიათი შეიძინა მას შემდეგ, რაც 2017 წლის 20-22 ივნისს აშკარა გახდა კომპანიის რეპუტაციის შებღალვის საფრთხე. თო------ ნი----ს მყისიერი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო კომპანიის მენეჯმენტის ინფორმირება მსესხებლის და მასთან დაკავშირებულ პირებში გაჩენილ უსაფუძვლო შეკითხვებზე და ფიზიკური პირის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილების მოთხოვნა, ვინაიდან საფრთხე დაემუქრა კ--------–ის რეპუტაციას. აღნიშნული საკითხის მოკვლევის დროს, ნაცვლად ზემოთაღნიშნულისა, დამსაქმებელმა მცდარი ინფორმაცია მიაწოდა საკადრო კომისიას. ბრძანების გამოცემის საფუძველია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ის“ საკადრო კომისიის 2017 წლის 11 ივლისის და 2017 წლის 25 ივლისს მმართველი გუნდის გადაწყვეტილება.
მტკიცებულებები:
- 2017 წლის 25 ივლისის ბრძანება (ს.ფ. 20);
- სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილების ოქმი (ს.ფ.92-93);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
თო------ ნი----ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს შრომის კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს შრომის კოდექსის 37.1 მუხლის “ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადენს, მოსარჩელემ ჩაიდინა თუ არა დარღვევა და იყო თუა არა იგი ისეთი სიმძიმის, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდიდა.
განსახილველ შემთხვევაში, თო------ ნი----, რომელიც 2016 წლის 6 ივნისს დაინიშნა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ის“ სესხის ოფიცრის თანამდებობაზე, გამოსაცდელი ექვსთვიანი ვადით, ხოლო 2016 წლის 28 დეკემბერს გადაიყვანეს ძირითად შტატში სესხის ოფიცრის პოზიციაზე, სამუშაოდან გათავისუფლეს 2017 წლის 25 ივლისის ბრძანებით. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად ბრძანებაში მითითებულია 2017 წლის 12 ივლისი, ხოლო საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტი. ამავე ბრძანებაში მითითებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგი მიზეზი: „დამსაქმებლის მიერ 2016 წლის 28 დეკემბრიდან დღემდე შესრულებული სამუშაოს ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ თო------ ნი---- უხეშად არღვევდა საქმიანობის ერთ-ერთ დომინანტ პრინციპს „საკრედიტო რისკის ანალიზი“, რომლის იდენტიფიკაციას და მართვას განსაკუთრებლი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული. კლიენტის საკრედიტო რისკის შეფასებას დამსაქმებელი ახდენს ფინანსური ანალიზის დროს მისი გადახდისუნარიანობის დადგენით, კომპანია იღებს ვალდებულებას დაიცვას გონივრული დაკრედიტების პოლიტიკა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. დასაქმებულის მხრიდან განხორციელებულმა მორიგმა დარღვევამ, რომელიც უკავშირდებოდა კერძო იპოთეკარის საკრედიტო ვალდებულების გადაფარვას, მძიმე ხასიათი შეიძინა მას შემდეგ, რაც 2017 წლის 20—22 ივნისს აშკარა გახდა კომპანიის რეპუტაციის შებღალვის საფრთხე. თო------ ნი----ს მყისიერი გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო კომპანიის მენეჯმენტის ინფორმირება მსესხებლის და მასთან დაკავშირებულ პირებში გაჩენილ უსაფუძვლო შეკითხვებზე და ფიზიკური პირის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილების მოთხოვნა, ვინაიდან საფრთხე დაემუქრა კ--------–ის რეპუტაციას. აღნიშნული საკითხის მოკვლევის დროს, ნაცვლად ზემოთაღნიშნულისა, დამსაქმებელმა მცდარი ინფორმაცია მიაწოდა საკადრო კომისიას. ბრძანების გამოცემის საფუძველია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ის“ საკადრო კომისიის 2017 წლის 11 ივლისის და 2017 წლის 25 ივლისის მმართველი გუნდის გადაწყვეტილება“.
საკადრო კომისიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად მას სასამართლო ვერ შეაფასებს. სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილების ოქმით, რომელიც შედგენილია 2017 წლის 25 ივლისს გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: მოსარჩელემ კომიტეტს დაუმალა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რითაც დაარღვია საკრედიტო პოლიტიკის 1.1.1 მუხლი; თო------ ნი----მ ფინანსური ანალიზის ჩატარების დროს არ მოიძია სრულყოფილად ინფორმაცია (არ გადაამოწმა კოლეგებთან თავდების დაუარების მიზეზი, არ ჰქონდა დაზუსტებული მათი სამუშაო ადგილი და შემოსავლის ოდენობა. მცდარი ციფრები მიუთითა რეზიუმეში და სხვა), რითაც დაარღვია საკრედიტო პოლიტიკის 1.1.2 მუხლი; თო------ ნი----ს თავის გადაწყვეტილებით უნდა ემოქმედა საკრედიტო პოლიტიკის 2.2.10 პუნქტის შესაბამისად და უნდა მოეთხოვა დაფინანსების შეწყვეტა; დაირღვა გამჭვირვალობის პრინციპი - შეცდომის ის ნაწილი, რომლის დროსაც თო------ ნი---- არკვევდა მსესხებელსა და ძველ მოვალეს შორის კომუნიკაციას ვინმე „ქალბატონზე“ ჯერ 600 და შემდგომ 300 დოლარის ქრთამის გადახდის საჭიროების შესახებ და აღნიშნული ფაქტის ნაწილში არ გაამჟღავნა ინფორმაცია მენეჯმენტთან; ასევე დარღვეულია საკადრო პოლიტიკის 2.5.4.2 მუხლის „ბ“ პუნქტი; ეთიკის კოდექსის 2.4 და 9.6 მუხლი; საკრედიტო პოლიტიკის 1.1.1.1.1.2 და 2.1.10 პუნქტები.
აღნიშნული დოკუმენტის მართებულობის შესწავლის მიზნით გამოკვლეული იქნა ამონაწერი სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ის“ საკადრო პოლიტიკიდან, თუმცა მასში 2.5.4.2 მუხლის „ბ“ პუნქტი საერთოდ არაა მითითებული, ამდენად, გაურკვეველია ამ კუთხით რა დაარღვია მოსარჩელემ, სასამართლო ვერ იმსჯელებს საკრედიტო პოლიტიკის და ეთიკის კოდექსის დარღვევის შესახებაც, რადგან მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაბამისი დოკუმენტები.
რაც შეეხება თო------ ნი----სთან კლიენტის კომუნიკაციას შესაძლო ქრთამის აღების თაობაზე, დადასტურებულია მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან, უდავოა რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მოსარჩელემ არ აცნობა დამსაქმებელს, რაც ამ უკანასკნელის მიერ შეფასებული იქნა მისი რეპუტაციის შელახვად. დამსაქმებლის შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით დადგენილია ისიც, რომ თო------ ნი----ს საქმიანობის მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა გარკვეული დარღვევები, თუმცა მას დამსაქმებლისათვის არსებითი ზიანი არ მიუყენებია, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დარღვევის ხასიათის შესაფასებლად. ამ მხრივ საგულისხმოა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ის“ ცენტრალური-დასავლეთის რეგიონის მენეჯერისათვის ქუთაისის N2 ფილიალის მმართველის ირაკლი ჩხობაძის მიერ გაგზავნილი მოხსენებითი ბარათიც, სადაც მითითებულია, რომ თო------ ნი----ს მხრიდან მუშაობის პერიოდში რაიმე სახის გადაცდომის ან არასწორი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი არ დაფიქსირებულა. იგი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა პასუხისმგებლობით, თანამშრომლებთან და კლიენტებთან აქვს კარგი ურთიერთობა, ამიტომ მიზანშეწონილად მიაჩნია მისი წერილობით გაფრთხილება.
ამდენად, მოსარჩელის უშუალო უფროსმა თო------ ნი----ს გათავისუფლება არ მიიჩნია აუცილებელ და გარდაუვალ ღონისძიებად, მისი საქმიანობის, პოროვნული თვისებების და დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ასეთ ვითარებაში დაუსაბუთებელია დამსაქმებლის პოზიცია ყველაზე მძიმე დისციპლინური ზომის -შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამოყენების თაობაზე.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ--------–ის“ საკადრო პოლიტიკის შესაბამისად, აღნიშნულ ორგანიზაციაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: შენიშვნა (სიტყვიერი გაფრთხილება); წერილობითი გაფრთხილება; თანამდებობრივი ჩამოქვეითება 6 თვემდე, ხელფასის დაქვითვა 50%-ის ოდენობით (თუ სამსახურებრივი ვალდებულების დარღვევით ორგანიზაციას მიადგა მატერიალური ზარალი); სამსახურიდან გათავისუფლება (პუნქტი 2.5.4.1.).
მითითებული დოკუმენტის 2.5.4.14 პუნქტის მიხედვით, თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება საკადრო კომისიის გადაწყვეტილებით შრომითი კონტრაქტის, სამუშაო აღწერილობით განსაზღვრული მოვალეობების, ეთიკის კოდექსის, მისი საქმიანობის მარეგულირებელი პროცედურების განსაკუთრებით მძიმე დარღვევის შემთხვევაში, ზედიზედ ორი კვარტლის გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში. 2.5.4.15 პუნქტის მიხედვით, დისციპლინური გადაცდომა, რომელიც შესაძლოა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს შემდეგია: ა) ორგანიზაციის ქონებისთვის ზიანის განზრახ მიყენება; ბ) სიცრუე და უპატიოსნო საქციელი, რამაც ზიანი მიაყენა ორგანიზაციას, მის იმიჯსა და საქმიან რეპუტაციას; გ) ორგანიზაციის წესდების განმეორებით ან რეგურალურად დარღვევა, დადგენილი გეგმის ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში შეუსრულებლობა; დ) საოფისე აღჭურვილობის ქურდობა ან შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება; ე) სამსახურის გამუდმებით გაცდენა ან მუშაობის თავიდან აცილება; ვ) ალკოჰოლის სამუშაო საათებში მიღება; ზ) ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება; ზ) ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა თანაშრომელთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; ი) კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება; კ) ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ორგანიზაციის საქმიანობას/რეპუტაციას;
2.5.4.16 პუნქტით, განსაკუთრებით მძიმე დარღვევად განიხილება ასევე შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი პროცედურების შეუსრულებლობა, რომელიც განპირობებულია: არაკეთილსინდისერებით, ან დაუმსახურებელი პირადი სარგებლის მიღების მიზნით ან პირდაპირი განზრახვით.
2.5.4.17 პუნქტით, თანამშრომელი შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ მაშინ, როცა შესაბამისი დარღვევები დასტურდება ფაქტებით.
მითითებული დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, დამსაქმებელს ჰქონდა სრული შესაძლებლობა გამოეყენებინა უფრო მსუბუქი დისციპლინური ღონისძიება, ვიდრე სამუშაოდან გათავისუფლებაა, თუმცა მან დაუსაბუთებლად არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, (საქმე
საქმე №ას-1276-1216-2014) მიუხედავად კანონმდებლობით მინიჭებული მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებისა, კომპანიის ხელმძღვანელი შეუზღუდავი არ არის და არ სარგებლობს აბსოლუტური ავტონომიით, რაც საკმარისი საფუძველი იქნებოდა დასაქმებულის სამსახურიდან გასათავისუფლებლად, ვინაიდან საკითხი შეეხება დასაქმებულის კონსტიტუციურ უფლებას - „შრომის უფლება“ (კონსტიტუციის 30-ე მუხ.), ხოლო დამსაქმებლის მხრიდან ამ უფლების შეზღუდვა მართლზომიერი უნდა იყოს და ნაკარნახევი ობიექტური აუცილებლობით, რაც დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობაში ვლინდება. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლშიც ეს აზრია გატარებული და სამოქალაქო უფლების განხორციელების მართლზომიერებაში ვლინდება. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ განხორციელებული გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის მიერ განხორციელებული ყოველი დარღვევა უნდა შეფასებულ იქნეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და რაც მთავარია შედეგობრივი თვალსაზრისით.“
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დამსაქმებლის ბრძანება თო------ ნი----სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ეწინააღმდეგება დასაქმებულის შრომით უფლებას, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი.
6.2. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილით, ,სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება ცნობილი იქნა ბათილად, მოსარჩელის მოთხოვნა მისი სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------–ის“ სესხის ოფიცრის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. მოსარჩელე მოითხოვს იძულებით განაცდურის ანაზღაურებას. დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით”.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-7 და „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება. დასაქმებულს ხელფასი ეძლევა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე.
დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა მოპასუხემ შეწყვიტა 2017 წლის 25 ივლისიდან, მას შემდეგ თო------ ნი---- აღარ ასრულებს შრომით ვალდებულებებს და შესაბამისად, ვეღარ იღებს ანაზღაურებას. ვინაიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება ცნობილ იქნა ბათილად, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, თვეში 620 ლარის ოდენობით, გათავისუფლების დღიდან 2017 წლის 25 ივლისიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. არაქონებრივ დავაზე სარჩელის ფასი შეადგენს 100 ლარს.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. თო------ ნი----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------–ის“ სესხის ოფიცრის თო------ ნი----ს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2017 წლის 25 ივლისის „კ“ N772/17 ბრძანება;
1.2. თო------ ნი---- აღდგეს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------–ის“ სესხის ოფიცრის თანამდებობაზე.
1.3. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------–ს“ თო------ ნი----ს სასარგებლოდ დაეკისროს განაცდურის ანაზღაურება თვეში 620 ლარის ოდენობით, 2017 წლის 25 ივლისიდან სამუშაოზე აღდგენამდე.
1.4. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეზე განაცდურის სახით თვეში 330 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------–ს“ თო------ ნი----ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე