გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010210016001529564
#2/3159-2016
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16.01.2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი თამარ ევგენიძე
მოსარჩელე - სს ”თ----ი ბ---ი”
წარმომადგენელი - ი-------–----ე
მოპასუხე - ნ-------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. მოპასუხე ნ-------------–--ისათვის მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, 121 199.33 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება (საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 96 529.67 აშშ დოლარი, სარგებელი - 11 812.62 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 628.01 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 12 229.03 აშშ დოლარი).
2. მოპასუხე ნ-------------–--ისათვის მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 8 391.82 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.
3. მოპასუხე ნ-------------–--ისათვის მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება, სესხის ძირი თანხისა და სარგებლის - 108 342.29 აშშ დოლარის 0.1 %-ის ოდენობით (რაც შეადგენს 108.34 აშშ დოლარს), ყოველდღიურად, 90 დღის განმავლობაში.
4. მოპასუხე ნ-------------–--ისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით მის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - მდებარე: ა) ქ. ბ------–ი, კ-----–--ის ქუჩა #--, ბინა #---ის (ს/კ 0------------------), ბ) ქ. ბ------–ი, თ----------ის დასახლება #--, ბინა 1---ის (ს/კ 0------------------) და გ) ქ. ბ------–ი, კ-----–--ის ქუჩა #--, ბინა #---ის (ს/კ 0------------------) იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიქცევა. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებათა რეალიზაციის გზით სრულად არ დაიფარება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, გადაწყვეტილების სრულად აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოების მიქცევა მოპასუხე ნ-------------–--ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ნ-------------–--ემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, კრედიტის ძირი თანხის - 96 529.67 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2010 წლის 28 დეკემბერს სს „თ----ი ბ---სა“ და ნ-------------–--ეს შორის დაიდო #------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 200 000.00 აშშ დოლარზე, წლიური 48 %-ის დარიცხვით, 20 წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- #------- საკრედიტო ხელშეკრულება - ს. ფ. 21-28;
3.2.2. 2012 წლის 8 დეკემბერს სს „თ----ი ბ---სა“ და ნ-------------–--ეს შორის გაფორმდა შეთანხმება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #------- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები ;
- შეთანხმება #------- საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ - ს. ფ. 29-37;
3.2.3. #------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს „თ----ი ბ---სა“ და ნ-------------–--ეს შორის 2010 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული #--------1 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ნ-------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ. ბათუმი, კ-----–--ის ქუჩა #--, ბინა #--, ს/კ 0------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები ;
- #--------1 იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 43-50;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 91-92;
3.2.4. #------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს „თ----ი ბ---სა“ და ნ-------------–--ეს შორის 2013 წლის 24 მაისს გაფორმებული #------------ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ნ-------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ. ბათუმი, თ----------ის დასახლება #--, ს/კ 0------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები ;
- #------------ იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 38-42;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 89-90;
3.2.5. #------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს „თ----ი ბ---სა“ და ნ-------------–--ეს შორის 2014 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული #------------ იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ნ-------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე ქ. ბ------–ი, კ-----–--ის ქუჩა #--, ბინა #---ის ს/კ 0------------------
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები ;
- #------------ იპოთეკის ხელშეკრულება - ს. ფ. 51-55;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს. ფ. 87-88;
3.2.6. #------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 20 ნოემბერს სს „თ----ი ბ---ს“ და ნ-------------–--ეს შორის გაფორმდა #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებელზე გაიცა სესხი 98 000.00 აშშ დოლარი, 180 თვის ვადით, წლიური 9%-ის გადახდევინებით.2015 წლის 29 მაისს სს „თ----ი ბ---ს“ და ნ-------------–--ეს შორის გაფორმდა შეთანხმება #--------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების ცვლილების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები ;
- #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება- ს. ფ. 56-57;
- შეთანხმება #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ცვლილების შესახებ - ს. ფ. 58;
3.2.7. #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებითა და #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ცვლილების შესახებ შეთანხმებით განისაზღვრა მსესხებლის ნ-------------–--ის ვალდებულება კრედიტისა და მასზე დარიცხული სარგებლის დაფარვა უზრუნველეყო ხელშეკრულების დანართი გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პირობებით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რაც ფიქსირებული სახით შეადგენდა 10 აშშ დოლარს გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5 %-ს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. მსესხებელმა ასევე იკისრა ვალდებულება კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.4. პუნქტში მითითებული ვადით უზრუნველეყო იპოთეკის საგნისა და სიცოცხლის დაზღვევა ბ---ის სასარგებლოდ კომპანია GPIH-ში. მსესხებელმა ასევე იკისრა ვალდებულება სესხის მოქმედების განმავლობაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად გადაეხადა დაზღვევის პრემია გადახდის მომენტში მოქმედი შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები ;
- #--------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება- ს. ფ. 56-57;
- შეთანხმება #--------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების ცვლილების შესახებ - ს. ფ. 70-71;
- საგადახდო გრაფიკი - ს. ფ. 65-82;
- სადაზღვევო პოლისები - ს. ფ. 59-64; 72-77;
3.2.8. სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხე პირადად იყო ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 83-84;
- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 85;
- გაფრთხილების წერილი - ს. ფ. 80;
3.2.9. საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს 04.10.2016 წლის მდგომარეობით დაერიცხა დავალიანება 121 199.33 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 96 529.67 აშშ დოლარი, სარგებელი - 11 812.62 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 628.01 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 12 229.03 აშშ დოლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 83-84;
- ცნობა დავალიანების შესახებ - ს. ფ. 85;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 04.10.2016 წლის მდგომარეობით შეადგენს 121 199.33 აშშ დოლარს. მართალია, მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, მხოლოდ კრედიტის ძირი თანხის ნაწილში, მაგრამ იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ 04.10.2016 წლის მდგომარეობით რიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ----ი ბ---ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 286, 289-ე, 301-ე, 319-ე, 115-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-892-ე, 895-ე, 896-ე, 898-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე, მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევით, არ უზრუნველყო კრედიტისა და დარიცხული სარგებლის შეთანხმებულ ვადაში დაბრუნება, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხისა და საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა რის გამოც მოსარჩელემ გამოხატა ნება საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტისა და წარმოშობილი დავალიანების დაფარვის დაკისრება.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები მოცემულია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლში. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობს თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც ხელშეკრულება წყდება თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის მიუხედავად არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშვნაც.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ნ-------------–--ემ მოსარჩელე კომპანიისაგან აიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, კომპანიაში თანხა შეეტანა იმ პირობების დაცვით, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თუმცა მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. დადგენილია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მან საერთოდ შეწყვიტა სესხის დაფარვა და მოსარჩელის მხრიდან, არაერთი გაფრთხილებისა თუ თანხის დროული დაფარვის შესახებ მოწოდების მიუხედავად, ვერ უზრუნველყო დავალიანების დაფარვა. მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების არაერთხელ დარღვევის ფაქტი, მოსარჩელეს ანიჭებდა ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. იმავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილებები, რასაც შედეგი არ მოყოლია. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის სრულად დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს კრედიტის სახით მიღებული თანხა - 96 529.67 აშშ დოლარის ოდენობით. აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს დავალიანების სახით დარიცხული კრედიტის ძირი თანხის მართლზომიერება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
დადგენილია, რომ მოპასუხე სრულად აღიარებს მოსარჩელის მოთხოვნას კრედიტის ძირ თანხასთან დაკავშირებით, რაც სსკ-ის 131-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვითაც, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი და შეთანხმება დაზღვევაზე. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით დაწესებული სარგებელი და დაზღვევის თანხა, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. მასვე ერიცხება დაზღვევის დავალიანებაც. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს სესხზე დარიცხული სარგებელი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის თანხაც. აქვე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მხარეთა შორის დავას არ იწვევს დავალიანების სახით დარიცხული სესხის ძირი თანხისა და სარგებლის დაანგარიშების მართლზომიერება. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სესხის ძირი დავალიანება შეადგენს 96 529.67 აშშ დოლარს, გადაუხდელი სარგებელი - 11 812.62 აშშ დოლარს, დაზღვევის თანხა - 628.01 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს კაპიტალის (ძირი თანხა) 96 529.67 აშშ დოლარის, გადაუხდელი სარგებლის - 11 812.62 აშშ დოლარის და დაზღვევის თანხის - 628.01 აშშ დოლარის ანაზღაურება.
6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს, საკრედიტო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 8 391.82 აშშ დოლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ვადამდე შეწყვიტა რა საკრედიტო ხელშეკრულება, მიიღო მატერიალური ზიანი იმ სარგებლის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, სარგებლის (პროცენტის) სახით მისაღები თანხა - 8 391.82 ლარი, წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს და არსებობს მოპასუხეთათვის მისი ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
6.5. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ასევე მოიცავს მოპასუხისათვის სარჩელის აღძვრამდე პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის 12 229.03 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრებას, ასევე სარჩელის აღძვრის შემდეგ სესხის ძირი თანხისა და სარგებლის - 108 342.29 აშშ დოლარის 0.1 %-ის ოდენობით (108.34 აშშ დოლარს), პირგასამტეხლოს დაკისრებას ყოველდღიურად, 90 დღის განმავლობაში, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა დავალიანების (საკრედიტო პროდუქტების საერთო მოცულობის) 0.1 %-ის ოდენობით. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - საკრედიტო პროდუქტების საერთო მოცულობის 0.1 %-ის ოდენობით. წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.
სასამართლო, მოქმედებს რა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული დისკრეციის ფარგლებში და მხარის მითითების საფუძველზე მსჯელობს პირგასამტეხლოს ოდენობის სამართლიანობაზე, მხედველობაში იღებს ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში, აგრეთვე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს დარღვევის შედეგად რაიმე ფინანსური ზარალი არ განუცდია, ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ მოსარჩელე მისი ინტერესების სხვა სახის შელახვაზე არ მიუთითებს და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული, სამართლიანი ოდენობა კონკრეტულ შემთხვევაში 12 229.03 აშშ დოლარით უნდა განისაზღვროს, ანუ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს 10-ჯერ. შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ 12 229.03 აშშ დოლარის ნაწილში.
ასევე უნდა შემცირდეს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გადაწყვეტილების აღსრულებამდე (არაუმეტეს 90 დღის მანძილზე) მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა სესხის ძირი თანხისა და სარგებლის - 108 342.29 აშშ დოლარის 0.1 %, რაც ერთი დღის მანძილზე შეადგენს 108.34 აშშ დოლარს და პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა განისაზღვროს სესხის ძირი თანხისა და სარგებლის - 108 342.29 აშშ დოლარის 0.01 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს ყოველდღიურად 10.83 აშშ დოლარს.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის თანახმად, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც, სესხის უზრუნველსაყოფად მხარეთა შეთანხმებით იპოთეკით იქნა დატვირთული მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. იმავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.
დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმება (იპოთეკის ხელშეკრულების მე-7 მუხლი) მოიცავდა გარიგებას იმის შესახებ, რომ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებათა რეალიზაციის გზით იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დაუფარავობის შემთხვევაში, იპოთეკარი უფლებამოსილი იქნებოდა აღსრულების მიექცია მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.
დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა.
მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით. შესაბამისად, მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება. ასევე, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციით დავალიანების დაუფარავობის შემთხვევაში მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების მიმართ აღსრულების მიქცევის შესახებ.
6.5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები და დაადგინა, რომ მხარეები, საკრედიტო ხელშეკრულებით (მუხლი 16.14.) შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეთა მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება. სარჩელის საფუძველზე მიღებულია წინამდებარე გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან, თავისთავად ცხადია, რომ მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილება, კერძოდ, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯის - სახელმწიფო ბაჟის სახით, მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილდა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. ამასთან ვინაიდან მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ სასამართლოს მთავარ სხდომამდე, მოსარჩელეს შესატყვისი პროპორციული ოდენობით უნდა დაუბრუნდეს ბაჟის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, სსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 და მესამე ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად.
კერძოდ, მოპასუხე ნ-------------–--ეს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის - 45 ლარისა და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 826.39 ლარის ოდენობით. მოსარჩელე სს “თ----ი ბ---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უნდა დაუბრუნდეს 3463.77 ლარი, 2016 წლის 5 ოქტომბერს #6510 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300693150.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” მოთხოვნა, მოპასუხე ნ-------------–--ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
1.1. მოპასუხე ნ-------------–--ეს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, დაეკისროს 110 193. 20 აშშ დოლარის ანაზღაურება (საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 96 529.67 აშშ დოლარი, სარგებელი - 11 812.62 აშშ დოლარი, დაზღვევის თანხა - 628.01 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 222.90 აშშ დოლარი).
1.2. მოპასუხე ნ-------------–--ეს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროს 8 391.82 აშშ დოლარის ანაზღაურება.
1.3. მოპასუხე ნ-------------–--ეს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება სესხის ძირი თანხისა და სარგებლის - 108 342.29 აშშ დოლარის 0.01 %-ის ოდენობით, (რაც შეადგენს 10.83 აშშ დოლარს), ყოველდღიურად, 90 დღის განმავლობაში.
2. მოპასუხე ნ-------------–--ისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს ნ-------------–--ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - მდებარე:
ა) ქ. ბ------–ი, კ-----–--ის ქუჩა #--, ბინა #---ის (ს/კ 0------------------),ბ) ქ. ბ------–ი, თ----------ის დასახლება #--, ბინა 1---ის (ს/კ 0------------------) და
გ) ქ. ბ------–ი, კ-----–--ის ქუჩა #--, ბინა #---ის (ს/კ 0------------------)
იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით.
3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებათა რეალიზაციის გზით სრულად არ დაიფარება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა, გადაწყვეტილების სრულად აღსრულების მიზნით სააღსრულებო წარმოება მიექცეს მოპასუხე ნ-------------–--ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
4. მოპასუხე ნ-------------–--ეს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის - 45 ლარისა და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 826.39 ლარის ოდენობით.
5. მოსარჩელე სს “თ----ი ბ---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 3463.77 ლარი, 2016 წლის 5 ოქტომბერს #6510 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 ლარიდან, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300693150.
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი