გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210117001941086
საქმე №2/474 -17 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 მარტი 2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე: მ-------–-----–--ე;
წარმომადგენელი: ა-–------------–----------ე; ი-----–----------–--;
მოპასუხე: შპს „ ი---------–----- “ ს/კ: 2-------- ;
წარმომადგენელი: ო------------–---–ი (დირექტორი); ნ----–-------–---–ი;
დავის საგანი: შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება (ხელფასის გადახდა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სარჩელის მოთხოვნები:
მოპასუხე შპს „ ი---------–----ს “ მოსარჩელე მ-------–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარის გადახდა.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელე მ-------–-----–--ეს წარმომადგენლებმა სარჩელში და სასამართლო განხილვის დროს განმარტეს, რომ მ-------–-----–--ეს და მოპასუხე შპს „ ი---------–-----ს” შორის 2015 წლის 07 დეკემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით (2016 წლის 07 ივნისამდე) და მ-------–-----–--ე დაინიშნა გარემოს დაცვის მენეჯერის თანამდებობაზე. სახელფასო სარგოდ განესაზღვრა თვეში 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი და შესაბამისად საგადასახადო დაქვითვის შემდეგ ხელზე იღებდა 2 000 (ორი ათასი) ლარს. მოსარჩელის მოვალეობები განსაზღვრული იყო ამ შრომითი ხელშეკრულებით, რომელთა შესრულების საბოლოო სახეს წარმოადგენდა ინგლისურ ენაზე გარემოსდაცვითი ყოველკვირეული ანგარიშების, რომლის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა Environmental Weekly Report, მომზადება და გაგზავნა შპს „ ი---------–-----სათვის “ და საზედამხედველო კომპანიისათვის. მოსარჩელე შრომითი ურთიერთობების განმავლობაში თავის მოვალეობებს ასრულებდა კვალიფიციურად და კეთილსინდისიერად, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გარემოსდაცვითი ყოველკვირეული ანგარიშებით. შრომითი ხელშეკრულების პერიოდში მის მიმართ რაიმე დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა და მას სრულად აუნაზღაურდა ხელფასი. ამის შემდეგ, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მან გააგრძელა იგივე შრომითი საქმიანობა და უწყვეტად ასრულებდა თავის მოვალეობებს 2017 წლის 01 აპრილამდე. 2016 წლის 07 ივნისის შემდეგ მოსარჩელეს გადაუხადეს ხელფასის სახით კიდევ 6 000 ლარი.
2017 წლის 01 აპრილს მ-------–-----–--ის და მოპასუხე შპს „ ი---------–-----ს “ შორის ხელახლა წერილობით გაფორმდა ახალი შრომითი ხელშეკრულება 3 (სამი) თვის ვადით, 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით და იგი დაინიშნა იმავე ადგილზე, კერძოდ გარემოს დაცვის მენეჯერის თანამდებობაზე. მოსარჩელე 2017 წლის 08 მაისამდე თავის მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გარემოსდაცვითი ყოველკვირეული ანგარიშებით (რეპორტებით). 2017 წლის 08 მაისს პირადი განცხადების საფუძველზე მ-------–-----–--ე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელის წარმომადგენლებმა ასევე განმარტეს, რომ მ-------–-----–--ე 2015 წლის 07 დეკემბრიდან 2017 წლის 08 მაისამდე უწყვეტად ასრულებდა შპს „ ი---------–----ში “ გარემოს დაცვის მენეჯერის მოვალეობებს და საერთო ჯამში ხელფასის სახით 17 თვის პერიოდზე ხელზე უნდა მიეღო 34 000 ლარი, თუმცა მოსარჩელემ ამ თანხიდან არ გადაუხდია 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარი, რაც წარმოადგენს სახელფასო დავალიანებას. მათ განმარტეს, რომ პირველი შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში 2015 წლის 07 დეკემბრიდან 2016 წლის 07 ივნისამდე შპს „ ი---------–----ში “ ხელფასი მიღებული აქვს სრულად. ამ ხელშეკრულების ვადის (ექვსი თვის) გასვლის შემდეგ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობები ზეპირი შეთანხმების საფუძველზე გაგრძელდა და მ-------–-----–--ე ჩვეულებრივად აგრძელებდა გარემოსდაცვითი ყოველკვირეული ანგარიშების მომზადებას და გაგზავნას შპს „ ი---------–----ში “ და საზედამხედველო კომპანიაში. ეს დასტურდება იმით, რომ შპს „ ი---------–-----ს “ მიერ 2016 წლის 07 ივნის შემდეგ მ-------–-----–--ეს ჩაერიცხა სამი თვის ხელფასის თანხა, კერძოდ მიღებული აქვს 2016 წლის ივნისის, 2016 წლის ივლისის და 2016 წლის აგვისტოს ხელფასები, ყოველთვიურად 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საერთო ჯამში მოპასუხეს ჩარიცხული აქვს 9 (ცხრა) თვის ხელფასი 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარის ოდენობით. თანხის ბოლო ჩარიცხვა განხორციელდა 2016 წლის აგვისტოში და ამის შემდგომ მოპასუხის მხრიდან რაიმე თანხის ჩარიცხვას, მათ შორის 2017 წლის 01 აპრილს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პერიოდში, ადგილი არ ქონია.
მოსარჩელის წარმომადგენლებმა ასევე განმარტეს, რომ მ-------–-----–--ე ყოველდღე ცხადდებოდა სამსახურში და კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოვალეობებს. იგი ასევე მუშაობდა სხვა ორგანიზაციებშიც, სადაც თავის საქმიანობას ძირითადად ახორციელებდა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომაც იგი მიდიოდა სამშენებლო ობიექტზე, ამზადებდა და აგზავნიდა გარემოსდაცვითი ყოველკვირეულ ანგარიშებს საზედამხედველო კომპანიაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „ ი---------–-----ს “ წარმომადგენელმა სარჩელს არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ კომპანიაში მუშაობა დაიწყო 2015 წლის 07 დეკემბრიდან. იგი იქნა სამსახურში მიღებული საზედამხედველო კომპანიის ხელძღვანელის რეკომენდაციით და ჰქონდა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
2015 წლის 07 დეკემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით (2016 წლის 07 ივნისამდე) და მ-------–-----–--ე დაინიშნა გარემოს დაცვის მენეჯერის პოზიციაზე. სახელფასო სარგოდ განესაზღვრა თვეში 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი და შესაბამისად საგადასახადო დაქვითვის შემდეგ ხელზე უნდა მიეღო 2 000 (ორი ათასი) ლარი. მოსარჩელის მოვალეობები განსაზღვრული იყო ამ შრომითი ხელშეკრულებით და მის ერთ-ერთ მოვალეობას წარმოადგენდა გარემოსდაცვითი ყოველკვირეული ანგარიშების (რეპორტების) მომზადება და გაგზავნა საზედამხედველო კომპანიისათვის. მოსარჩელე შრომითი ურთიერთობების განმავლობაში თავის მოვალეობებს არ ასრულებდა, სამსახურში მხოლოდ კვირაში ერთხელ დადიოდა და დროულად არ აგზავნიდა გარემოსდაცვითი ყოველკვირეულ ანგარიშებს (რეპორტებს).
მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მ-------–-----–--ე ხელშეკრულების არსებობის პერიოდში 2015 წლის 07 დეკემბრიდან 2016 წლის 07 ივნისამდე, გარდა რეპორტების მომზადებისა საერთოდ არ ასრულებდა შპს „ ი---------–----ში “ გარემოს დაცვის მენეჯერის იმ მოვალეობებს, რაც ევალებოდა შრომითი ხელშეკრულებით და ანალოგიურ პოზიციებზე პარალელულად დასაქმებული იყო სხვა ორგანიზაციებში. მიუხედავად ამისა კომპანიის მიერ მისი სამსახურიდან განთავისუფლება არ განხორციელდა და ასევე მის მიმართ არ იქნა გამოყენებული დისციპლინარული სახის ღონისძიებები, რადგან მას ლობირებას უწევდნენ საზედამხედველო კომპანიიდან და მისი დასჯის შემთხვევაში დგებოდა სამშენებლო პროექტის ფინანსირების შეწყვეტის საფრთხე. ამ ვითარებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ გარდა ე. წ. რეპორტების საზედამხედველო კომპანიაში დაგვიანებით გაგზავნისა მ-------–-----–--ე არანაირ სხვა მოვალეობებს არ ასრულებდა შპს „ ი---------–----მა “ მას გადაუხადა 2016 წლის 07 ივნისამდე ექვსი თვის ხელფასი 12 000 ლარი და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კიდევ სამი თვის ხელფასი 6 000 ლარი, რათა მას შეესრულებინა ძველი ვალდებულებები და საზედამხედველო კომპანიისათვის გაეგზავნა რეპორტები.
2017 წლის 01 აპრილს მ-------–-----–--ის და მოპასუხე შპს „ ი---------–-----ს “ შორის ხელახლა გაფორმდა ახალი შრომითი ხელშეკრულება 3 (სამი) თვის ვადით, 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით და იგი დაინიშნა იმავე ადგილზე, კერძოდ გარემოს დაცვის მენეჯერის პოზიციაზე. მიუხედავად ამისა, რომ ხელშეკრულებით მოპასუხეს ევალებოდა ყოველდღიურად სამსახურში გამოცხადება, მოპასუხე 01 აპრილს შემდეგ მხოლოდ ორჯერ ჩამოვიდა ობიექტზე ქალაქ ახალციხეში. მოსარჩელე ამ დროის განმავლობაში თავის მოვალეობებს საერთოდ არ ასრულებდა და 2017 წლის 08 მაისს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებული იქნა გარემოს დაცვის მენეჯერის თანამდებობიდან. საერთო ჯამში მ-------–-----–--ეს კომპანიისაგან მიღებული აქვს 18 000 ლარი. მოპასუხის განმარტებით, მ-------–-----–--ე გაფრთხილებული იქნა, რომ მოხდებოდა მის ხელფასის დაქვითვა სამსახურის გაცდენების გამო. შრომითი ხელშეკრულება და შინაგანაწესი ითვალისწინებდა ხელფასის დაქვითვას გაცდენისათვის, რაც არ საჭიროებდა რაიმე დოკუმენტის შედგენას და ასეთი დოკუმენტი შედგენილი არ ყოფილა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შპს „ ი---------–----სა “ და სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს შორის 2015 წლის 19 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ ი---------–----- “ ახორციელებდა ა---––---- 1-ი სკოლის, ახალქალაქის რაიონის სოფელ კ---------ის და ნინოწმინდის რაიონის სოფელ გ----ს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
მოსარჩელე მ-------–-----–--ეს და მოპასუხე შპს „ ი---------–-----ს” შორის 2015 წლის 07 დეკემბერს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 6 (ექვსი) თვის ვადით (2016 წლის 07 ივნისამდე) და მ-------–-----–--ე დაინიშნა გარემოს დაცვის მენეჯერის თანამდებობაზე. სახელფასო სარგოდ განესაზღვრა თვეში 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი და შესაბამისად საგადასახადო დაქვითვის შემდეგ ხელზე იღებდა 2 000 (ორი ათასი) ლარს. მოსარჩელის მოვალეობები განსაზღვრული იყო ამ შრომითი ხელშეკრულებით, რომელთა შორის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობა იყო ენაზე გარემოსდაცვითი ყოველკვირეული ანგარიშების, რომლის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა Environmental Weekly Report, მომზადება და გაგზავნა შპს „ ი---------–-----სათვის “ და საზედამხედველო კომპანიისათვის. 2015 წლის 07 დეკემბრიდან 2016 წლის 07 ივნისამდე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მ-------–-----–--ეს სრულად აუნაზღაურდა ხელზე ასაღები ხელფასი 12 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომის ხელშეკრულება
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან
3.2. 2017 წლის 01 აპრილს მ-------–-----–--ის და მოპასუხე შპს „ ი---------–-----ს “ შორის ხელახლა წერილობით გაფორმდა ახალი შრომითი ხელშეკრულება 3 (სამი) თვის ვადით, 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით და იგი დაინიშნა იმავე ადგილზე, კერძოდ გარემოს დაცვის მენეჯერის თანამდებობაზე. 2017 წლის 08 მაისს პირადი განცხადების საფუძველზე მ-------–-----–--ე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. ამ პერიოდში მასზე ხელფასი არ გაცემულა. საერთო ჯამში მ-------–-----–--ეს კომპანიისაგან მიღებული აქვს 18 000 (თვრამეტი ათასი) ლარი. შპს „ ი---------–-----ს “ მიერ მ-------–-----–--ის ანგარიშზე ბოლო ჩარიცხვა (2000 ლარი) განხორციელდა 2016 წლის 30 აგვისტოს. შრომითი ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში მის მიმართ რაიმე დისციპლინური ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა, ხელფასის დაქვითვის თაობაზე შპს „ ი---------–-----ს “ ხელმძღვანელობის მიერ არანაირი დოკუმენტი არ შექმნილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შრომის ხელშეკრულება
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან
3.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ-------–-----–--ის მიერ შპს „ ი---------–----ში და საზედამხედველო კომპანიაში გაგზავნილი იქნა გარემოსდაცვითი ყოველკვირეული ანგარიშები (რეპორტები) 2016 წლის 14 იანვარს, 2016 წლის 01 სექტემბერს, 2016 წლის 29 სექტემბერს, 2017 წლის 12 იანვარს, 2017 წლის 02 თებერვალს, 2017 წლის 23 თებერვალს, 2017 წლის 02 მარტს, 2017 წლის 31 მარტს, 2017 წლის 06 აპრილს და 2017 წლის 27 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარემოსდაცვითი ყოველკვირეული ანგარიშები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 10 000 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი 6 000 ლარის დაკისრების მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრების საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ეს კოდექსი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა.
საქართველოს შრომის კოდექსის 1-ი მუხლის 1-ი ნაწილის თანახმად: ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის 1-ი პუნქტით შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. მე-2 პუნქტის თანახმად შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის 1-ი პუნქტით შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-7 მუხლით: შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-34-ე მუხლით: შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
6.2 მხარეები სადავოდ არ ხდიან, 2015 წლის 07 დეკემბერიდან 2016 წლის 07 ივნისამდე პერიოდს, რადგან შპს „ ი---------–-----ს “ მიერ ამ პერიოდზე სრულად მოხდა ხელფასის ანაზღაურება. ასევე სადავოდ არ არის გამხდარი მომდევნო სამი თვის ანაზღაურება, კერძოდ ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში ყოველთვიურად 2 000 ათასი ლარის გადახდა. მოპასუხე მხარე უარყოფს, რომ 2016 წლის 07 ივნისიდან მოხდა ხელშეკრულების ზეპირი ფორმით გაგრძელება და შპს „ ი---------–-----ს “ მიერ თანხების გადახდას ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეებში იმით ხსნის, რომ მ-------–-----–--ეს უნდა დაესრულებინა შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მის მიერ გასაკეთებელი რეპორტები და ამიტომ ჩაურიცხეს ეს თანხები.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის ამ პოზიციას და დადგენილად თვლის, რომ მხარეების მიერ განხორციელდა 2016 წლის 07 ივნისიდან ხელშეკრულების ზეპირი ფორმით გაგრძელება, რა დროსაც მოსარჩელე ასრულებდა თავის ძირითად მოვალეობას გარემოსდაცვითი ყოველკვირეული ანგარიშების მომზადებასთან დაკავშირებით, რაშიც იღებდა მხარეთა შორის შეთანხმებულ სახელფასო ანაზღაურებას. საქმეში წარმოდგენილი იქნა 2016 წლის 01 და 29 სექტემბერს მომზადებული გარემოსდაცვითი ყოველკვირეული ანგარიშები, რაც მიუთითებს, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობები გაგრძელებული იქნა 2016 წლის სექტემბერის თვის ჩათვლით. 29 სექტემბრის შემდგომ 2016 წლის დასრულებამდე არც რეპორტების მომზადება მომხდარა და არც ხელფასის ჩარიცხვა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ-------–-----–--ის მიერ 2017 წლის დასაწყისიდან შპს „ ი---------–----ში და საზედამხედველო კომპანიაში კვლავ გაგზავნილი იქნა გარემოსდაცვითი ყოველკვირეული ანგარიშები (რეპორტები) 2017 წლის 12 იანვარს, 2017 წლის 02 თებერვალს, 2017 წლის 23 თებერვალს, 2017 წლის 02 მარტს, 2017 წლის 31 მარტს, 2017 წლის 06 აპრილს და 2017 წლის 27 აპრილს. 2017 წლის 01 აპრილს მ-------–-----–--ის და მოპასუხე შპს „ ი---------–-----ს “ შორის ხელახლა წერილობით გაფორმდა ახალი შრომითი ხელშეკრულება 3 (სამი) თვის ვადით, 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით, იგი დაინიშნა იმავე ადგილზე ( გარემოს დაცვის მენეჯერის თანამდებობაზე) და ეს ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა 2017 წლის 08 მაისს.
ამრიგად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ-------–-----–--ეს მისაღები აქვს 2016 სლის სექტემბრის თვის ხელფასი 2 000 ლარი. გარდა ამისა, მხარეებმა განაახლეს შრომითი ურთიერთობები იმავე პირობებით 2017 წლის იანვრიდან და მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს 2017 წლის იანვრის, თებერვლის, მატრის და აპრილის ხელფასის გადახდა, სულ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეებს მიერ სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, რადგან საქართველოს კანონით ,, სახელმწიფო ბაჟის შესახებ ” მე-5 მუხლის I ნაწილის ,, ა ” პუნქტით თანახმად გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან, ფიზიკური პირები–სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან, ამიტომ, მართალია სარჩელი დაკმაყოფილდა, მაგრამ მოსარჩელეს სასამართლო ხარჯები არ დაეკისრა. ,,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან’’. ამავე კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, ,,სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს, ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია’’. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის; ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლისა და 39-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.
გამომდინარე აღიშნულიდან მოსარჩელის მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს სს ,,საქართველოს რკინიგზას უნდა დაეკისროს ადვოკატის ხარჯი 300 ლარის ოდენობით და დოკუმენტების თარგმანის ღირებულება 180 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ-------–-----–--ის სარჩელი მოპასუხე შპს „ ი---------–-----ს “ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შპს „ ი---------–----ს “ მოსარჩელე მ-------–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
დარჩენილი თანხის დაკისრების მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.
3. მოპასუხე შპს „ ი---------–----ს “ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
4. მოპასუხე შპს „ ი---------–----ს “ მოსარჩელე მ-------–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი ბაჟის 50 (ორმოც და ათი) ლარის ანაზღაურება, ადვოკატების მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის 300 (სამასი) ლარის, დოკუმენტების თარგმანის ღირებულება 180 (ას ოთხმოცი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე