გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210017001846117
საქმე #2/186-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.03.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი – სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე (ძირითადი სარჩელით) - ფა--------------ვა
წარმომადგენელი - ირ----------–---–ი
მოპასუხეები (ძირითადი სარჩელით) - ელ–------------ვ, ელ------------–--ვა, გუ-–----------–-----ვა
წარმომადგენლები - მა----–----------–---–-------–-ძე, ზუ--------------–--ლი
შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები - ელ–------------ვ, გუ-–----------–-----ვა
წარმომადგენლები - მა----–----------–---–-------–-ძე, ზუ--------------–--ლი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) - ფა--------------ვა
წარმომადგენელი - ირ----------–---–ი
დავის საგანი (ძირითადი სარჩელით) - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
დავის საგანი (შეგებებული სარჩელით) - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა; თანაამშენებლად და თანამესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი სარჩელით:
მოპასუხეების ელ–------------ვის, ელ------------–--ვას და გუ-–----------–-----ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ლა-----------------ის სო----–------–ში მდებარე, საჯარო რეესტრში №54---------1 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება და მოსარჩელე ფა--------------ვას გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში დაუბრუნდეს.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს ლა-----------------ის სო----–------–ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №54---------1. მოსარჩელემ საცხოვრებელი სახლი მოპასუხეებს დროებით სარგებლობაში გადასცა. მოპასუხეები უძრავი ქონება 2016 წლის 15 ნოემბერს უნდა გაეთავისუფლებინათ მაგრამ პირობა დაარღვიეს და ამ დრომდე უკანონოდ ცხოვრობენ მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში.
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით:
1.2.1. აღიარებული იქნას გუ-–----------–-----ვას და ელ–------------ვის საკუთრების უფლება ნო-----------------ვის კომლის ქონებაზე 1 200 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და 61.5 კვ.მ. საცხოვრებელ ფართზე, მდებარე ლა-----------------ის სო----–-------–ი, ს.კ. №54---------1;
1.2.2. ელ–------------ვი და გუ-–----------–-----ვა ცნობილი იქნენ თანაამშენებლებად და თანამესაკუთრეებად ამჟამად ფა--------------ვას სახელზე რეგისტრირებული, ლა-----------------ის სო----–-------–ში მდებარე საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის 2/3 წილში, საკადასტრო კოდით №54---------1;
1.2.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 09 ივნისს ნო-----------------ვსა და ფა--------------ვას შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე ლა-----------------ი, სო----–-------–ი, ს.კ. №54---------1 და შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს საჯარო რეესტრში.
შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებმა შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს: ნოვრუზ უმბათვს 1996 წელს გარდაეცვალა მეუღლე ჰა----------ვა. მისი გარდაცვალებიდან ორმოცის გასვლისთანავე ცოლად გუ-–----------–-----ვა შეირთო, რომელიც იმ დროს ქმარს გაცილებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. აწ გარდაცვლილმა ნო-----------------ვმა გუ-–----------–-----ვი თავისი შვილებით იმ სახლში მიიყვანა, სადაც დღეს ფა--------------ვა ცხოვრობს. ოჯახის წევრები ახალი ქორწინებით უკმაყოფილოები იყვნენ და ამიტომ, ნო-----------------ვმა მთელი ქონება პირველ ცოლთან შეძენილ შვილებს დაუტოვა და გუ-–----------–-----ვასთან და ამ უკანასკნელის შვილებთან ერთად საცხოვრებლად ბაისუბნის ფერმაში გადავიდა, სადაც 2003 წლამდე იცხოვრა. გუ-–----------–-----ვამ და ნო-----------------ვმა 2003 წელს სოფ. კაბალში საცხოვრებლად დაბრუნება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, მაშინდელი სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს ჯე---–--------ვს სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გამოყოფა სთხოვეს, რაზედაც მას უარი არ უთქვამს და მართლაც, 2003 წელს 1 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი გამოუყვეს, სადაც თავდაპირველად ჯერ ხის ქოხი (ე.წ. ფიცრული) დადგეს, ხოლო შემდგომ ელ–------------ვმა კაპიტალური სახლის აშენება მოახერხა. ელ–------------ვმა ცოლი ამ სახლში მოიყვანა და ორი შვილიც შეეძინა. აწ გარდაცვლილი ნო-----------------ვი ასაკიანი იყო და სახლის აშენების თანხები ძირითადათ ელ–------------ვის და გუ-–----------–-----ვას მიერ იქნა მოძიებული.
1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი ნო-----------------ვს 2003 წელში რომ გამოეყო დასტურდება საარქივო ცნობით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობა-დახასიათებით 1994 წლამდე ნო-----------------ვს საცხოვრებელი სახლი 80 კვ.მ და 2000 კვ. მ მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა. ეს სწორედ ის სახლი და ის მიწის ნაკვეთია, რომელიც მან თავის შვილებს დაუტოვა და ამ ქონებაზე პრეტენზია ნო-----------------ვს თავის სიცოცხლეში არ განუცხადებია.
ნო-----------------ვთან ელ–------------ვს ჰქონდა კარგი მამა-შვილური დამოკიდებულება. სწორედ ამის გამო ელ–------------ვის დაბადების მოწმობაში მამად ნო-----------------ვია მითითებული და ელშანი დღესაც მის გვარს ატარებს. მისივე თხოვნით იქნა 2014 წელს შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ–------------ვზე, რათა სახლი მას უნდა დაერეგისტრირებინა, მაგრამ ფა--------------ვამ მოახერხა უფლების რეგისტრაცია ჯერ ნო-----------------ვზე და შემდეგ ჩუქების ხელშეკრულებით თავის თავზე გაიფორმა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ნო-----------------ვმა და გუ-–----------–-----ვამ ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობა მოგვიანებით რეგისტრირებულ ქორწინებად აქციეს, რაც ვერ აიტანა ფა--------------ვამ და მათი შრომით და წვალებით აშენებული ორი ოთახის მისათვისებლად და ქუჩაში დასატოვებლად ყველაფერი გააკეთა.
მოსარჩელეები ნო-----------------ვის კომლის წევრები იყვნენ, ეწეოდნენ ერთ საოჯახო მეურნეობას და ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ ჯერ ბაისუბნის ფერმაში, შემდეგ სო----–------–ში, რაც დადასტურებულია სადავო სახლში მათი რეგისტრაციით, ელ–------------ვის შვილად აღიარებით და გუ-–----------–-----ვასთან ფაქტობრივი და რეგისტრირებული ქორწინებით. ამიტომ ნო-----------------ვის კომლის ქონების 2/3 წილზე უნდა მოხდეს მათი სამართლებრივი ურთიერთობისა და უფლების აღიარება.
რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულებას იგი სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ამ გარიგების დადებით დარღვეულია მოსარჩელეების თანასაკუთრების უფლება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეების ელ–------------ვის ელ------------–--ვას და გუ-–----------–-----ვას შესაგებელი ძირითად სარჩელზე:
მოპასუხეებმა ელ–------------ვმა, ელ------------–--ვამ და გუ-–----------–-----ვამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ უძრავ ქონებაზე მათ თანასაკუთრების უფლება გააჩნიათ.
2.1. მოპასუხე ფა--------------ვას შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე:
მოპასუხე ფა--------------ვამ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო უძრავი ქონება მამამ ნო-----------------ვმა აჩუქა. ნო-----------------ვი კომლის ერთადერთი წევრი იყო და მოსარჩელეები მისი კომლის წევრები არასდროს ყოფილან. მიწის ნაკვეთზე სახლის აშენებაშიც მოსარჩელეებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ნო-----------------ვმა 2009-2010 წლებში გაყიდა ინვიდიდუალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და მიღებული თანხით, აგრეთვე შვილების მიერ ყაზახეთიდან გამოგზავნილი თანხებით სადავო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლი 2012 წელს ააშენა, რომელიც შემდგომ მოპასუხეს აჩუქა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ნო-----------------ვი პირველ ქორწინებაში იყო ჰა----------ვასთან. ეს უკანასკნელი 1996 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა. მოსარჩელე ფა--------------ვა არის ნო-----------------ვის შვილი პირველი ქორწინებიდან. ნო-----------------ვი 2017 წლის 07 აპრილს გარდაიცვალა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შეგებებული სარჩელი (ს.ფ. 1-12; 128-148);
- გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ. 74; 300).
3.1.2. კახეთის რეგიონალურ არქივში დაცული ლა-----------------ის სო----–------–ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ნო-----------------ვი. აღნიშნულ წლებში საცხოვრებელი სახლის და მიწის ნაკვეთის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდება. ამავე სოფლის 1997-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის ერთადერთ წევრად ნო-----------------ვია მითითებული. კომლს ერიცხება 0.15 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლის შესახებ მონაცემი არ ფიქსირდება. 2003-2007 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით კომლის უფროსი და ერთადერთი წევრი ნო-----------------ვია. კომლს ერიცხება 0.16, 0.12 და 0.37 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები. საცხოვრებელი სახლის შესახებ მონაცემი არ ფიქსირდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საარქივო ცნობა (ს.ფ. 157).
3.1.3. მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით ნო-----------------ვის სახელზე ირიცხებოდა შემდეგი უძრავი ქონება:
√ 21.11.1999 წლიდან ირიცხებოდა 3 723 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №54---------8, მდებარე ლა-----------------ის სო----–------–ში, რომელიც 07.07.2009 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა. ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საგნის ღირებულება 200 ლარით განისაზღვრა;
√ 21.02.2002 წლიდან ირიცხებოდა 1 582 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით №54---------9, მდებარე ლა-----------------ის სო----–------–ში, რომელიც 21.10.2010 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა. ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საგნის ღირებულება 350 ლარით განისაზღვრა;
√ 02.06.2016 წლიდან ირიცხებოდა ლა-----------------ის სო----–------–ში მდებარე 1 200 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 61.55 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობით, საკადასტრო კოდით №54---------1. საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად (უფლების დამდგენი დოკუმენტი) ამონაწერში მითითებულია საარქივო ცნობა №AA2014028233-03 გაცემული 09.06.2014 წელს ეროვნული არქივის აღმოსავლეთ რეგიონალური არქივის მიერ. აღნიშნული უძრავი ქონება 09.06.2016 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აჩუქა შვილს პირველი ქორწინებიდან ფა--------------ვას.
√ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 02.06.2017 წელს გაცემული ცნობით ნო-----------------ვის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში ირიცხება 2 000 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე 80 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შესაგებელი (ს.ფ. 204-215);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 148-151; 218-219; 221-222; 223-224; 227-228;
- ნასყიდობის ხელშეკრულება; ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 220; 226; 133);
- ცნობა დახასიათება (ს.ფ. 179).
3.1.4. ლა-----------------ის სო----–------–ში მდებარე 1 200 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 61.55 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობით, საკადასტრო კოდით №54---------1 (სადავო ქონება), ამჟამად ფა--------------ვას საკუთრებას წარმოადგენს. უძრავ ქონებაზე ფა--------------ვას საკუთრების უფლება 14.06.2016 წლიდან აღრიცხულია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციის საფუძველს ნო-----------------ვთან 09.06.2016 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულებაა მითითებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 148-149).
3.1.5. ელ–------------ვი, ელ------------–--ვა და გუ-–----------–-----ვა ცხოვრობენ ამჟამად ფა--------------ვას საკუთრებად რეგისტრირებულ სადავო უძრავ ქონებაში, მდებარე ლა-----------------ის სო----–------–ი, საკადასტრო კოდით №54---------1.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შეგებებული სარჩელი (ს.ფ. 1-12; 128-148);
3.1.6. ნო-----------------ვი და გუ-–----------–-----ვა 2014 წლის 14 ნოემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 156);
3.1.7. ელ–------------ვმა 2014 წლის 12 ივნისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სადავო უძრავ ქონებაზე, როგორც კომლის წევრებზე, მისი და ელ------------–--ვას (მეუღლე) თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.06.2014 წლის გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ საარქივო ცნობაში კომლის წევრად ნორუზ უ-------ვია მითითებული და ელ–------------ვი და ელ------------–--ვა კომლის წევრებს არ წარმოადგენდნენ. რეესტრის 25.02.2015 წლის გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რადგან დაინტერესებულმა პირმა შეჩერების ვადაში არ წარადგინა შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილებები (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები) სადავო არ გამხდარა და არ გასაჩივრებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.06.14 წლის და 25.02.15 წლის გადაწყვეტილებები (ს.ფ. 229-230);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გუ-–----------–-----ვა და ამჟამად გარდაცვლილი ნო-----------------ვი, 1996 წლიდან ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და მათ შორის ფაქტობრივი ცოლ-ქმრულ ურთიერთობა არსებობდა.
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს ფა--------------ვას განმარტებას, რომლის მიხედვით საცხოვრებელი სახლი ნო-----------------ვმა კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით და პირველი ქორწინებიდან შეძენილი შვილების მიერ გამოგზავნილი თანხით 2012 წელს ააშენა. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი 2009-2010 წლებში აშენდა. სახლის მშენებლობაში მონაწილეობა მიღებული აქვს როგორც ნო-----------------ვს, აგრეთვე გუ-–----------–-----ვას და ელ–------------ვს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მტკიცების ტვირთი, მხარეებს შორის, თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლმა დაადგინა, რომ თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარის მიერ მითითებული გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ძირითადი სარჩელით მოსარჩელემ სადავო გახადა როგორც გუ-–----------–-----ვას და ნო-----------------ვს შორის ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობის არსებობის ფაქტი, აგრეთვე საცხოვრებელი სახლის აშენების დრო და მშენებლობაზე გუ-–----------–-----ვას და ელ–------------ვას მხრიდან ხარჯის გაწევასთან დაკავშირებით შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების მიერ მითითებული გარემოებები.
საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პერიოდის დადგენის მიზნით მხარეებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ადგილის ორთოფოტოს წარმოდგენა დაევალათ, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, 2009-2012 წლების მდგომარეობით ორთოფოტოს ქაღალდის ვერსია სააგენტოში დაცული არ არის და მითითებულ ტერიტორიაზე აეროფოტოგადაღება მხოლო 2000 წელს იყო განხორციელებული. მხარეებს სახლის მშენებლობის ნებართვაც არ გააჩნიათ. შესაბამისად, სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული პირდაპირი მტკიცებულების მოპოვება შეუძლებელი გახდა და ამიტომ, სასამართლო ეყრდნობა სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებსა და მხარეთა ახსნა-განმარტებებს. საქმეში მონაწილე ორივე მხარემ კი სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები მისცეს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ კი გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს და სასამართლოსთვის უფრო სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.
სასამართლო სხდომაზე ადვოკატის მიერ დასმულ კითხვებზე ფა--------------ვამ განმარტა: დედის გარდაცვალების შემდეგ ნო-----------------ვი ფერმაში ცხოვრობდა. იგი მხოლოდ შაბათ-კვირას მოდიოდა სახლში; ნო-----------------ვი ფერმაში როგორ და ვისთან ერთად ცხოვრობდა არ იცის; როდესაც ნო-----------------ვმა ურთიერთობა დაამყარა გუ-–----------–-----ვასთან, მაშინ ელ–------------ვი პატარა იყო (იხ. სასამართლოს 28.12.17 წლის სხდომის ოქმი 12:32:37-12:34:00 სთ); მამის მიერ ორი მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ცოლ-ქმარმა დახარჯა და მიწის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით სახლი არ აშენებულა (იხ. სასამართლოს 28.12.17 წლის სხდომის ოქმი 12:35:54-12:36:04 სთ; 12:47:59-12:48:52); ამის შემდეგ მამამ თავის შვილს დაურეკა და ფულის გამოგზავნა სთხოვა; 2003 წლიდან 2012 წლამდე ნო-----------------ვს სადავო მიწის ნაკვეთზე ჯერ პატარა ქოხი ჰქონდა აშენებული, სადაც მოპასუხეებთან ერთად ცხოვრობდა (იხ. სასამართლოს 28.12.17 წლის სხდომის ოქმი 12:37:50-12:39:37 სთ); შემდეგ, იმავე მიწის ნაკვეთზე აშენდა სადავო საცხოვრებელი სახლი და ფიცრული სახლიდან ახალაშენებულ სახლში გადავიდნენ (იხ. სასამართლოს 28.12.17 წლის სხდომის ოქმი 12:40:32-12:41:08 სთ); ერთ დღეს მამამ დაურეკა და სადავო სახლში დაიბარა. როდესაც მივიდა სახლში ციოდა და მამამ თავისთან წაყვანა სთხოვა (იხ. სასამართლოს 28.12.17 წლის სხდომის ოქმი 12:42:18- 12:42:46 სთ); მშენებლობაში ფაქტმა უ-------ვას მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მისი ერთ-ერთი ძმა ეხმარებოდა მამას მშენებლობაში. (იხ. სასამართლოს 28.12.17 წლის სხდომის ოქმი 12:32:37-12:58:21 სთ)
ელ–------------ვმა და გუ-–----------–-----ვამ განმარტეს, რომ 1996 წლიდან ნო-----------------ვთან ერთად, ერთ ოჯახად, ბაისუბნის ფერმის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. 2003 წელს კი სოფელში დაბრუნდნენ, სადაც ჯერ ფიცრული სახლი ააშენეს და იქ შესახლდნენ, ხოლო 2009-2010 წლებში კაპიტალური სახლი ააშენეს და საცხოვრებლად გადავიდნენ. 2014 წელს ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ ერთობლივად რაიმე ქონების შეძენა არ მომხდარა (იხ. სასამართლოს 28.12.17 წლის სხდომის ოქმი 13:12:23-13:13:08 სთ). ელ–------------ვმა განმარტა, რომ ნო-----------------ვს სთხოვა უძრავი ქონება მის სახელზე გაეფორმებინა და ამისთვის დოკუმენტებიც მოამზადა, მაგრამ მამამ უარი უთხრა და მთელი ქონება ფა--------------ვას გაუფორმა (იხ. სასამართლოს 28.12.17 წლის სხდომის ოქმი 13:15:16-13:17:34 სთ). ქონება ფატმას რომ გაუფორმა ამის შესახებ იცოდა, თუმცა მის სიცოცხლეში თანამესაკუთრედ ცნობაზე პრეტენზია არ დაუყენებია. (იხ. სასამართლოს 28.12.17 წლის სხდომის ოქმი 13:02:35-13:19:36 სთ)
ფა--------------ვამ სადავო გარემოებების დადასტურების მიზნით აჰ--------------ვას, ზა------------------ვას, აჯ-------------------ვას და ვი-–--------------ვას მოწმედ დაკითხვა მოითხოვა. თავის მხრივ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებმა ჯა---–--------ვის, მა---------–-------ვის, რა--------------–--ვის და ჯა---–----–----ვის დაკითხვა მოითხოვეს.
მოწმე ვი-–--------------ვმა განმარტა, რომ ფა--------------ვას მეზობელია და იცის, რომ ნო-----------------ვს შვილები ფულს უგზავნიდნენ. თავად ეს ფაქტი არ უნახავს, თუმცა თანასოფლელებისგან იცის ამის შესახებ. აგრეთვე განმარტა, რომ ნო-----------------ვი გარკვეული პერიოდი ბაისუბნის ფერმაზე ცხოვრობდა. გუ-–----------–-----ვა კი მისი ცოლი იყო და ერთად ცხოვრობდნენ. მოწმემ განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლი 2010 წელს აშენებული არ იყო.
მოწმე აჯ-------------------ვამ განმარტა, რომ არის ფა--------------ვას მეზობელი. ნო-----------------ვი ჯერ ბაისუბნის ფერმაზე, ხოლო შემდეგ კაბალში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებულ პატარა ქოხში ცხოვრობდა. ვისთან ერთად ცხოვრობდა არ იცის. მოწმემ განმარტა, რომ სადავო სახლი 2009 წელს აშენდა. მანვე განმარტა, რომ როდესაც ფა--------------ვასთან ერთად მივიდა სახლში ნო-----------------ვის წამოსაყვანად, იქ მისი ცოლიც დახვდათ.
მოწმე აჰ--------------ვამ (ფა--------------ვას და) თავდაპირველად განმარტა, რომ გუ-–----------–-----ვას არ იცნობდა, შემდგომ კი განაცხადა, რომ მამამისმა გულაფატი ცოლად მოიყვანა. მანვე განმარტა, რომ როდესაც მამა ცუდად გახდა, ფა--------------ვამ იგი თავის სახლში წაიყვანა. ნო-----------------ვს ქუდი რომ მოხადა თავზე სისხლის ლაქა შეამჩნია და ჰკითხა რა მოუვიდა. მამამ განუმარტა, რომ ელ–------------ვმა აწამა რათა უძრავი ქონება მასზე გაეფორმა, თუმცა ფატმას ამის შესახებ არ უნდა გაეგო. სადავო სახლის მშენებლობისთვის ფულს ძმები აძლევდნენ. მანვე განმარტა, რომ სახლი რომელ წელს აშენდა და ვინ იღებდა მონაწილეობას არ იცის. არც ის იცის მამა ფერმაზე მარტო ცხოვრობდა თუ ვინმესთან ერთად.
მოწმე ზა------------------ვამ (ფა--------------ვა არის მოწმის დის მული) განმარტა, რომ ნო-----------------ვი სოფელ ბაისუბნის ფერმაში ცხოვრობდა. სოფელში ამბობდნენ, რომ ურთიერთობა სხვადასხვა ქალთან ჰქონდა. სო----–------–ში რომ დაბრუნდა თავიდან ფიცრულ სახლში ცხოვრობდა. ნ. უ-------ვს სო----–------–ში მიწის ნაკვეთები ჰქონდა, რომლებიც გაყიდა. შვილებმაც გამოუგზავნეს ფული და 2012 წელს სახლი ააშენა. კითხვაზე განმარტა, რომ სახლის მშენებლობის პროცესი არ უნახავს და მხოლოდ აშენებულ ნახა. მშენებლობისთვის ფულს შვილი უგზავნიდა. გამოგზავნილი ფული რამოდენიმეჯერ თავად გადასცა ნო-----------------ვს. მოწმემ განმარტა, რომ ერთ დღეს გუ-–----------–-----ვას ბაზარში შეხვდა და უთხრა, რომ ,,როცა ნოვრუზი კარგად იყო გინდოდა და ეხლა აღარ გინდა, წაიყვანე და მიხედე“.
მოწმე მა---------–-------ვმა (შეგებებულით მოსარჩელეების სიძე) განმარტა, რომ ელ–------------ვს და მის ოჯახს ბავშვობიდან იცნობს. ელ–------------ვი მისი მეგობარი იყო, ხოლო შემდგომ მისი და ცოლად შეირთო და ამჟამად მისი სიძეა. 2009 წელს ელაშან უ-------ვს სახლის აშენებაში ეხმარებოდა. მშენებლობის დროს ელ–------------ვს ცოლი არ ჰყავდა. მოწმემ განმარტა, რომ სახლის ელ–------------ვის, დედამისი გუაფატ სალმანოვის, მამა ნო-----------------ვის და ელშანის დის მიერ გაწეული ხარჯით აშენდა. ეს ოჯახი სახლის აშენებამდე იმავე ნაკვეთზე მდგომ ფიცრულ სახლში ცხოვრობდა და შემდგომ ახლად აშენებულ სახლში გადავიდნენ.
მოწმე რა--------------–--ვმა (შეგებებულით მოსარჩელეების მეზობელი) განმარტა, რომ ნო-----------------ვი და გუ-–----------–-----ვა ცოლ-ქმარი იყვნენ. ნო-----------------ვი ზრდიდა გუ-–----------–-----ვას შვილებსაც. მთელი ოჯახი ბაისუბნის ფერმაზე ცხოვრობდა. შემდგომ დაბრუნდნენ სო----–------–ში და ფიცრულ სახლში ცხოვრობდნენ. 2009 წელს კი სახლი ააშენეს. მოწმემ განმარტა, რომ სახლის მშენებლობაში ნო-----------------ვი, ელ–------------ვი და გუ-–----------–-----ვა მონაწილეობდნენ. სიცოცხლის ბოლოს ნო-----------------ვი ფაქტმა უ-------ვასთან ერთად ცხოვრობდა და სწორეს მის სახლში გარდაიცვალა.
მოწმე ჯა---–----–----ვმა (ფა--------------ვას ნათესავი) განმარტა, რომ ნო-----------------ვს პირველი ცოლი გარდაეცვალა. გუ-–----------–-----ვა ნო-----------------ვის მეორე ცოლია. მეორედ რომ დაოჯახდა ოჯახთან უთანხმოება ჰქონდა, რის გამოც მეორე ოჯახთან ერთად სოფელ ბაისუბნს ფერმაზე გადავიდა საცხოვრებლად. ნო-----------------ვს ერთი მიწის ნაკვეთი ჰქონდა, რომელზეც პატარა სახლი ააშენა. შემდეგ მცირეოდენი თანხა მოაგროვა და სახლის მშენებლობა დაიწყო, რომელშიც მოწმეც მიეხმარა. სახლის მშენებლობას ნო-----------------ვი და ელ–------------ვი აწარმოებდნენ. სახლის აშენება მოხდა მანამ, სანამ ელშანი ცოლს მოიყვანდა. მოწმემ განმარტა, რომ ნო-----------------ვი ბოლოს გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე ნახა და ამ დროს ფა--------------ვასთან ცხოვრობდა.
მოწმე ჯა---–--------ვმა (მხარეთა თანასოფლელი) განმარტა, რომ გუ-–----------–-----ვი და ნო-----------------ვი ერთად რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობდნენ; სახლის ასაშენებლად ნო-----------------ვს მიწის ნაკვეთი გამოეყო, სადაც გუ-–----------–-----ვასთან ერთად ცხოვრობდა; სახლი რომელ წელს აშენდა არ იცის, თუმცა მოწმემ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის გამოყოფის დროს გუ-–----------–-----ვა და ნო-----------------ვი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ; მიწის ნაკვეთის გამოყოფა ნო-----------------ვზე იმიტომ მოხდა, რომ გუ-–----------–-----ვა და ელ–------------ვი საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ და მათთვის მიწის გადაცემა ვერ მოხდებოდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ნო-----------------ვს და გუ-–----------–-----ვას შორის, 2014 წლამდე არსებობდა არარეგისტირებული ცოლ-ქმრული ურთიერთობა, ვინაიდან სხდომაზე დაკითხულმა მოწმეების უმეტესობამ ეს გარემოება ცალსახად დაადასტურა. თავად ფა--------------ვამაც დაადასტურა ასეთი ურთიერთობის არსებობა, რადგან სხდომაზე განმარტა, რომ ნო-----------------ვს და გუ-–----------–-----ვას შორის ურთიერთობის დაწყების დროს ელ–------------ვი ასაკით პატარა იყო. მანვე მიუთითა, რომ უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთების) რეალიზაციის შედეგად აღებული თანხა ცოლ-ქმარმა დახარჯა და ნო-----------------ვი მოპასუხეებთან ერთად ჯერ ფიცრულ სახლში, ხოლო შემდეგ ახლად აშენებულ სახლში ცხოვრობდა (იხ. 28.12.17 წლის სხდომის ოქმი 12:32:37-12:34:00 სთ; 12:35:54-12:36:04 სთ; 12:37:50-12:39:37 სთ). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ფაქტობრივად ფა--------------ვამ თავისი განმარტებით დაადასტურა, რომ ნო-----------------ვს პირველი ცოლის გარდაცვალების შემდგომ გუ-–----------–-----ვასთან ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდა.
რაც შეეხება სახლის აშენების პერიოდსა და მშენებლობისთვის საჭირო ხარჯის გაღების საკითხს, ამ ნაწილში სასამართლოს შეგებებულით მოსარჩელეების მიერ მითითებული გარემოებები უფრო სარწმუნოდ მიაჩნია, რადგან მოწმეთა უმეტესობამ დაადასტურა მშენებლობაში ელ–------------ვის და გუ-–----------–-----ვას მონაწილეობა. ამასთან მიუთითეს, რომ სახლის მშენებლობის დროს ელ–------------ვი დაოჯახებული არ იყო. ამ ნაწილში ელ–------------ვმა კი განმარტა, რომ ცოლი 2011 წელს მოიყვანა და ამ პერიოდში სახლი უკვე აშენებული ჰქონდა. ქორწინების დროს სახლი აშენებული რომ იყო მოპასუხე ელ------------–--ვამაც დაადასტურა და განმარტა, რომ ელ–------------ვის მეუღლე 2011 წელს გახდა. ამ დროისთვის სახლი უკვე აშენებული იყო და ქორწინების პირველივე დღიდან ამ სახლში ცხოვრობენ. ძირითადი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნით დაკითხული მოწმეებიდან აჯ-------------------ვამაც დაადასტურა, რომ სახლი 2009 წელს აშენდა; მოწმე აჰ--------------ვამ კი განმარტა, რომ არ იცის როდის აშენდა სახლი; მოწმე ზა------------------ვამ განმარტა, რომ სახლი 2012 წელს აშენდა, თუმცა სახლის მშენებლობის პროცესი არ უნახავს და როცა ნახა უკვე აშენებული იყო. შესაბამისად, ამ უკანასკნელის ჩვენებით ვერ დადასტურდება, რომ სახლი 2009-2010 წლებში არ აშენებულა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამასთან, როგორც წესი მტკიცების ტვირთი იმ მხარეს ეკისრება, რომელიც ფაქტის არსებობაზე მიუთითებს და არა მას, ვინც უარყოფს. ფა--------------ვამ მიუთითა, რომ სახლი 2012 წელს აშენდა და ამისთვის საჭირო თანხა ძმებმა გამოუგზავნეს. შესაბამისად, როგორც სამართალწარმოების მონაწილე მხარე, ვალდებული იყო დაედასტურებინა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცებულება, რომლითაც იგი ამ გარემოების დადასტურებას შეეცადა, მოწმეთა ჩვენებებია. მოწმეებმა კი სარწმუნოდ ვერ დაადასტურეს ფა--------------ვას მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა.
ამდენად, ფა--------------ვამ ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ სახლი 2009-2010 წლებში კი არა არამედ 2012 წელს აშენდა. ხარჯის გაღების ნაწილში კი ფა--------------ვამ განმარტა, რომ მიწის რეალიზაციით მიღებული თანხით სახლის აშენება არ მომხდარა, რადგან თანხა ცოლ-ქმარმა დახარჯა. შესაბამისად, ამ ნაწილში შესაგებელში მითითებული გარემოება და სხდომაზე მიცემული განმარტება ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ამიტომ, შეგებებულით მოსარჩელეების განმარტება უფრო სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება; მოწმეთა ჩვენება (სასამართლოს 28.12.2017 და სხდომის ოქმი);
- შეგებებული სარჩელი; შესაგებელი (ს.ფ. 128-144; 204-215).
3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებულით მოსარჩელეების განმარტებას, რომ ისინი ნო-----------------ვის კომლის წევრები იყვნენ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის და ზეპირი განმარტება გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია საარქივო ცნობა, რომლის მიხედვით, კახეთის რეგიონალურ არქივში დაცული ლა-----------------ის სო----–------–ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია ნო-----------------ვი. ანალოგიურად, ამავე სოფლის 1997-2000 და 2003-2007 წლების საკომლო წიგნებში კომლის ერთადერთ წევრად ნო-----------------ვია მითითებული.
დამატებით სასამართლო მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 18.06.14 წლის გადაწყვეტილებაზე სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის მიხედვით, საჯარო რეესტრს ელ–------------ვმა განცხადებით მიმართა და სადავო ქონებაზე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. გადაწყვეტილების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და განმცხადებელს, მიეთითა, რომ ელ–------------ვი არ არის ნო-----------------ვის კომლის წევრი. საჯარო რეესტრის აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც არ გასაჩივრებულა და ამდენად, მისი კანონიერება ელ–------------ვს სადავო არ გაუხდია.
შესაბამისად, შეგებებულით მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ისინი ნო-----------------ვის კომლის წევრები იყვნენ. უფრო მეტიც, მათ მიერ წარმოდგენილი საარქივო ცნობით დასტურდება, რომ ნო-----------------ვი კომლის ერთადერთი წევრი იყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 28.12.2017 წლის და წლის სხდომის ოქმები);
- პასპორტის ასლი, ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ. 64; 73)
- საარქივო ცნობა (ს.ფ. 75-81; 82);
- რეესტრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 229).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქართველოს კონსტიტუცია; სასამართლომ გაანალიზა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ფა--------------ვას სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ელ–------------ვის და გუ-–----------–-----ვას შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი; ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილება;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სამართლებრივი შეფასება შეგებებული სარჩელის ნაწილში:
6.1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის თანახმად მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. ამავე კოდექსის 189-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეგებებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ: ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; და გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება.
სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული სარჩელი არის მოპასუხის დამოუკიდებელი მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოსარჩელისადმი, რომელსაც მოპასუხე განაცხადებს იმავე პროცესში, ამ მოთხოვნის თავდაპირველ სარჩელთან ერთად განსახილველად, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგებებული სარჩელი მიმართულია მოსარჩელის მოთხოვნების წინააღმდეგ.
განსახილველ შემთხვევაში თავდაპირველი (ძირითადი) სარჩელით მოსარჩელე ფა--------------ვამ მოითხოვა მოპასუხეების ელ–------------ვის, ელ------------–--ვას და გუ-–----------–-----ვას უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა. თავის მხრივ ელ–------------ვმა და გუ-–----------–-----ვამ შეგებებული სარჩელი აღძრეს ფა--------------ვას მიმართ და იმავე უძრავი ქონების 2/3 წილზე თანასაკუთრების დადგენა და ფა--------------ვას და ნო-----------------ვს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შეესაბამება სსსკ-ის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის პირობას, რადგან მისი დაკმაყოფილება მთლიანად გამორიცხავს ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შესწავლა ძირითადი სარჩელის საფუძვლიანობის შესწავლაზე უპირატესად უნდა მოხდეს.
6.1.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შესაბამისად, მხარე თავად მიუთითებს იმ ფაქტობრივ საფუძვლებს, რომლებიც მისი შეხედულებით სარჩელის პერსპექტიულობას განსაზღვრავს.
თანასაკუთრების უფლების დადგენის ნაწილში შეგებებულის სარჩელით მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ: 1) რადგან მიწის ნაკვეთზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის აშენებაში მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული, ამიტომ ისინი ამ უძრავი ქონების თანამესაკუთრეები არიან; 2) მოსარჩელეები ნო-----------------ვის კომლის წევრები იყვნენ, ამიტომ მათ, როგორც კომლის წევრებს გააჩნიათ თანასაკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე; 3) ნო-----------------ვი და გუ-–----------–-----ვა 1996 წლიდან ფაქტობრივ ქორწინებაში, ხოლო 2014 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ვინაიდან მიწის ნაკვეთის შეძენა და მასზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა თანაცხოვრების პერიოდში მოხდა, ამიტომ გუ-–----------–-----ვა უძრავი ქონების თანამესაკუთრეა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში მონაწილეობა ვერ გახდება უძრავი ქონების 2/3 წილზე შეგებებულით მოსარჩელეების თანამესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივი საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობიდან გამომდინარე უფლების დაცვა ან უკვე დარღვეული უფლების აღდგენა. იმისათვის, რომ მოხდეს სარჩელის დაკმაყოფილება, აუცილებელია არსებობდეს მატერიალური სამართლის ნორმებით დადგენილი წინაპირობები და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის დადგენისთვის სასამართლოს იძიებს იმ დამფუძნებელ ნორმებს, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.
სასამართლო მიუთითებს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების (მათ შორის თანასაკუთრების) უფლების შეძენა შესაძლებელია 1) სამოქალაქო სამართლის სუბიექტებს შორის გარიგების დადებით და 2) იგი შეიძლება მომდინარეობდეს კანონის საფუძველზე. გარიგებით საკუთრების უფლების შეძენისთვის მხარეთა შორის უნდა არსებობდეს წერილობითი შეთანხმება, ვინაიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სამოქალაქო კოდექსი ადგენს გარიგების ფორმასავალდებულობას და მიუთითებს, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (სსკ 183-ე მუხლი). გარიგების წერილობით დადების სავალდებულოობაზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლიც, რომლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს შეძენა სასყიდლიანია თუ უსასყიდლო, მთავარია, რომ არსებობდეს შესაბამისი ნება და მისი გამოხატვა წერილობითი ფორმით მოხდეს.
განსახილველ შემთხვევაში აწ გარდაცვლილ ნო-----------------ვსა და შეგებებულით მოსარჩელეებს შორის წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადება არ მომხდარა. მხარეთა შორის ზეპირი შეთანხმება, რომ უძრავი ქონება მათი საერთო საკუთრება იქნება, ვერ გახდება მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან არ არსებობს ფორმის დაცვით დადებული გარიგება, რაც სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელეების თანასაკუთრების უფლების აღიარების საფუძველი გახდებოდა. უფრო მეტიც, ელ–------------ვმა სასამართლოსთვის მიცემულ განმარტებაში აღნიშნა, რომ მან სთხოვა მამას უძრავი ქონების მის სახელზე გაფორმება და ამ მიზნით დოკუმენტებიც მოამზადა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. (იხ. სასამართლოს 28.12.17 წლის სხდომის ოქმი 13:15:16-13:17:34 სთ). ანალოგიურად, გუ-–----------–-----ვას მოთხოვნის ნაწილშიც არ არის წარმოდგენილი წერილობითი შეთანხმება, რომელიც მშენებლობაში მონაწილეობის მიღების გამო სასამართლოს სადავო უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას მისცემდა.
შესაბამისად, არ არსებობს წერილობითი შეთანხმება, რაც უძრავ ქონებაზე შეგებებულით მოსარჩელეების თანამესაკუთრეებად ცნობის საფუძველი გახდებოდა. მოსარჩელეების მონაწილეობა უძრავი ქონების მშენებლობაში კი (მათ შორის ხარჯის გაღება) არ შეიძლება თანასაკუთრების უფლების აღიარების საფუძველი გახდეს, ვინაიდან, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენი მატერიალური სამართლის ნორმები ასეთ შესაძლებლობას არ იცნობს.
6.1.3. თანასაკუთრების უფლება შესაძლებელია კანონის მოთხოვნიდან გამომდინარეობდეს. ერთ-ერთი ასეთ საფუძველად განიხილება საოჯახო სამართლის ნორმებით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ: სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1) მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2) ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი; სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით; ამავე კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული.
განსახილველ შემთხვევაში ცალსახად დადასტურებულია, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც 2009-2010 წლებში საცხოვრებელი სახლი აშენდა, წარმოადგენდა ნო-----------------ვის ინდივიდუალურ საკუთრებას, რადგან მისი გამოყოფა 2003 წელს მოხდა და ეს ის პერიოდია, როდესაც გუ-–----------–-----ვა და ნო-----------------ვი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნო-----------------ვზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში 2016 წელს მოხდა, აღნიშნულის გამო ქონება ვერ ჩაითვლება ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებად, ვინაიდან რეგისტრაციით ხდება საკურების უფლების დაფიქსირება. ანუ, თავად რეგისტრაცია კი არ არის უფლების დამდგენი, არამედ ის დოკუმენტი, რომელიც ამგვარი რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო ქონებაზე უფლების რეგისტრაციის საფუძვლად ამონაწერში მითითებულია საარქივო ცნობა №AA2014028233-03, რომლის მიხედვით ნო-----------------ვი კომლის ერთადერთი წევრია. აგრეთვე დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთის შეძენის დროს და მასზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პერიოდში ნო-----------------ვი და გუ-–----------–-----ვა რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ და მათ შორის ქორწინების რეგისტრაცია მხოლოდ 2014 წელს მოხდა. ანუ, მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებიდან მეოთხე წელს.
სასამართლო განმარტავს, რომ საოჯახო სამართლით ქორწინებამდე მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონება თანასაკუთრებად გადაიქცევა, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა. სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლი განსაზღვრავს ქორწინების ცნებას და სამოქალაქო კოდექსის მიზნებისთვის ადგენს, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
სასამართლო განმარტავს, რომ ქალს და მამაკაცს შეუძლიათ ქორწინების რეგისტრაციის გარეშეც იცხოვრონ ერთად, თუმცა კანონმდებლობით ქალისა დამამაკაცის ,,ქორწინება“ ,,ოჯახური ცხოვრება“, ,,ოჯახის შექმნა“ დაკავშირებულია მის რეგისტრაციასთან. ანუ, მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურში რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი და მამაკაცი მოიაზრება ცოლ-ქმრად და წარმოშობს საოჯახო სამართლის ნორმებით დადგენილ უფლებებსა და მოვალეობებს. ამგვარი განმარტება გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის პირობიდან რომელიც ადგენს, რომ მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. იურიდიული მნიშვნელობით ქორწინებით ოჯახის შექმნა ქორწინების რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრაციასთან არის დაკავშირებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალი და მამაკაცი, რომლებიც სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ქორწინების რეგისტრაციის გარეშე შეიძლება თანაცხოვრობდნენ, არ მიიჩნევიან ,,ოჯახად“ საქართველოს კანონმდებლობის მნიშვნელობით.
განსახილველ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის შეძენა და მასზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდა იმ დროს, როდესაც ნო-----------------ვი და გუ-–----------–-----ვა ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იყვნენ და როგორც უკვე აღინიშნა ქალის და მამაკაცის თანაცხოვრება რეგისტრაციის გარეშე არ წარმოშობს იმ უფლებებს, რაც რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლეების მიმართ წარმოიშობა. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთზე სახლის მშენებლობა განხორციელდა გუ-–----------–-----ვას და ნო-----------------ვის თანაცხოვრების პერიოდში, ვინაიდან მათ შორის ქორწინება რეგისტრირებული არ იყო, ამიტომ, ეს გარემოება ვერ იქნება სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლით უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველი.
ამ ნაწილში სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზეც. უზ. სასამართლომ 16.03.2016 წლის განჩინებაში (საქმე №ას-7-7-2016) განმარტა [...] საოჯახო კანონმდებლობით მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ ანუ განცალკევებულ და საერთო თანაზიარ საკუთრებად. ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. აღნიშნული დანაწესი რეგულირდება სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლებით. თანაზიარ ქონებად ჩაითვლება მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ყოველგვარი ქონება (უძრავი და მოძრავი), რომელიც შეძენილია (ან შექმნილია) ორივე მეუღლის ერთობლივი შრომითა და სახსრებით, ასევე ის ქონება, რომელიც შეძენილია ერთ-ერთი მეუღლის მიერ იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. საპატიო მიზეზი შეიძლება უკავშირდებოდეს მხოლოდ პირის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ჯანმრთელობის ან სხვა მიზეზის გამო, დამოუკიდებელი შემოსავლის მიუღებლობას. ამ დროს მნიშვნელობა არა აქვს იმას, ქონება შეძენილია ერთ-ერთი მათგანისა, თუ ორივე მეუღლის მიერ. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში ... [...] საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სამართლებრივი დასკვნა სადავო უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების წარმოშობის შესახებ (საფუძველი სსკ-ის 1163-ე მუხლი) იურიდიულად სწორია, თუმცა უმართებულოა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული დასკვნა, რომ სსკ-ის 1163-ემუხლით გათვალისწინებული წანამძღვრების არარსებობის პირობებშიც, იარსებებდა სადავო უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველი, რადგან მიუხედავად ქორწინების რეგისტრაციის ფაქტის არარსებობისა, მხარეებს შორის საქორწინო ურთიერთობის (და შესაბამისად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობების) წარმოშობის მომენტი უკავშირდება მათი ფაქტობრივი ქორწინების თარიღს - 2005 წლის იანვარი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი სსკ-ის 1151-ე მუხლი მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას და მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში, მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მის ნორმატიულ შინაარსს. ამ მოსაზრების გასამყარებლად არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე: Kroon v. the Netherlands გამოყენებული განმარტებაა სამართლებრივად ვარგისი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საერთაშორისო პრეცედენტული სამართლის მოხმობა შიდაეროვნულ გადაწყვეტილებებში, უფრო მეტ დასაბუთებულობას მატებს გადაწყვეტილებას და ამდენად, მიზანშეწონილია, თუმცა მისი სწორად გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობას კონკრეტულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების დეტალური შესწავლა წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ პრეცედენტული სამართლის არასწორ გამოყენებას. შესაბამისად, ამ ნაწილში, სრულადაა გასაზიარებელი კასატორის პოზიცია. იხ. უზ. სასამართლოს 16.03.2016 წლის განჩინებაში (საქმე №ას-7-7-2016 §32 § 33).
ამდენად, უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განმარტებით მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ, აგრეთვე ქორწინებამდე ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული და თანაცხოვრების პერიოდში გაუმჯობესებულ ქონებაზე წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის არსებობს რეგისტრირებული ქორწინება. არარეგისტრირებული ქორწინების პირობებში შეძენილ ქონებაზე, აგრეთვე გაუმჯობესებულ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების წარმოშობა სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლების მიზნებიდან გამომდინარე დაუშვებელია.
6.1.4. ,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული (სარგებლობაში არსებული) საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადაეცათ კერძო საკუთრებაში.
მინისტრთა კაბინეტის აღნიშნული დადგენილებების საფუძველზე, 1992 წელს საქართველოში დაიწყო მიწის რეფორმა, რომლის შედეგად ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული და დამატებით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი. ამავე დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, მიწების გადაცემას ახდენდნენ სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.
,,საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების პრაქტიკული განხორციელების დამატებითი ღონისძიებათა თაობაზე საქართველოს რესპუბლიკაში მინისტრთა კაბინეტის №128 დადგენილების პირველი პუნქტით დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები ადგილობრივი ბუნებრივი პირობებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. მეორე პუნქტით კი განისაზღვრა, რომ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა განხორციელდებოდა 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად: 1. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. 2. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების მიხედვით საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას (,,მ“ პუნქტი); მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
შეგებებულით მოსარჩელეებმა თანამესაკუთრეებად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად კომლის წევრობაზე მიუთითეს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტებით საკომლო წიგნიდან ამონაწერი, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი საკომლო წიგნში კომლის წევრად არის დაფიქსირებული. საქმის განხილვის შედეგად კი დადგინდა, რომ ნო-----------------ვის კომლის წევრებად შეგებებულით მოსარჩელეები არასდროს ყოფილან რეგისტრირებულები. შესაბამისად, კომლის წევრად ყოფნის გამო უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს და ამდენად, ამ საფუძვლით სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა გამორიცხულია.
6.1.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების ბათილობაზე შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს.
შეგებებულით მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ნო-----------------ვსა და ფაქტმა უ-------ვას შორის 2016 წლის 05 ივნისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებით დაირღვა მათი საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე და ამიტომ მისი ბათილად ცნობა მოითხოვეს.
სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში, მთელი თავისი შინაარსით, წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, რომელიც შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღნიშნული განმარტების მიხედვით, აღიარებითი სარჩელის აღსაძრავად აუცილებელია აღიარების ნამდვილი იურიდიული ინტერესის ქონა. იურიდიული ინტერესი კი აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების დამატებითი პირობაა, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარემ სარწმუნოდ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგებზე, რისი მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მიმართავს სასამართლოს. სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად და გახდეს აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, თუ მისი დაკმაყოფილება მხარისათვის სასურველი შედეგის დადგომას გამოიწვევს. ანუ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე უნდა იკვეთებოდეს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მხარე იმ შედეგს მიაღწევს, რასაც იურიდიული შედეგი ჰქვია. აღიარებითი მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას უნდა არსებობდეს სწორედ ამგვარი ინტერესი და არა ის, რასაც სუბიექტური დამოკიდებულების შედეგად მხარე საკუთარ იურიდიულ ინტერესად მოიაზრებს. ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს მხარის მიერ მითითებული ინტერესის დაკმაყოფილების წინაპირობა, საფუძველი ეცლება აღიარებით მოთხოვნას. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებაზე მსჯელობისას უნდა იქნას შეფასებული მისი იურიდიული ინტერესის მართებულობა და ამ ინტერესის მართებულობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარის პროცესუალური ვალდებულებაა.
განსახილველ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულების ბათილობის იურიდიული ინტერესი უძრავ ქონებაზე მოსარჩელეების თანასაკუთრების უფლების დადგენიდან გამომდინარეობდა. თუმცა საქმის განხილვის შედეგად, თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული. ანუ, ვერ დადგინდა, რომ შეგებებულით მოსარჩელეებს უძრავ ქონებაზე შეიძლება გააჩნდეთ თანასაკუთრების უფლება. ამდენად, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში ვერ მოხდება მათ მიერ იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილება. ეს გარემოება კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხე ფა--------------ვას მიმართ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6.2. სამართლებრივი შეფასება ძირითადი სარჩელის ნაწილში:
6.2.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ლა-----------------ის სო----–------–ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №54---------1, მოსარჩელე ფა--------------ვას საკუთრებას წარმოადგენს. შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხეებს არ გააჩნიათ თანასაკუთრების უფლება. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი ჩანაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპცია.
საქმის განხილვის შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ მოპასუხეები ცხოვრობენ მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში. მათ მფლობელობაშია მთლიანი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი და მოსარჩელისთვის დაბრუნებაზე უარს აცხადებენ.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობა: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი სარჩელი საფუძვლიანია, ვინაიდან მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები და არ არსებობს მხარეებს შორის შეთანხმება უძრავი ქონების ფლობასთან დაკავშირებით. ის გარემოება კი, რომ მოპასუხეებს წინა მესაკუთრის - ნო-----------------ვისგან ჰქონდათ უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება მინიჭებული ვერ გახდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ნივთის მესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეუძლია ისარგებლოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლებით და ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ნივთის მფლობელს, ნივთის ფლობის უფლება, წინა მესაკუთრის კეთილი ნების საფუძველზე ჰქონდა თუ არა მიღებული. დავის განხილვისას მნიშვნელოვანია ის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელშიც ახალი მესაკუთრე იმყოფება. თუ არ არსებობს წინა მესაკუთრესთან რაიმე სამოქალაქოსამართლებრივი შეთანხმება (მაგ. იჯარა, ქირავნობა, აღნაგობა და ა.შ), რომელშიც ახალი მესაკუთრე კანონისმიერი უფლებამონაცვლეობით წინა მესაკუთრეს ჩაანაცვლებს, და მფლობელობა წინა მესაკუთრის მხოლოდ კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, მაშინ ახალი მესაკუთრის მხრიდან ნივთის გამოთხოვის უფლების შეზღუდვა დაუშვებელია და მესაკუთრის კანონით დაცული საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
გამომდინარე აქედან, მოპასუხის მოქმედებით, მოსარჩელეს, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ფლობის უფლება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აქვს ჩამორთმეული. აღნიშნული გარემოება კი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების ელ–------------ვის, ელ------------–--ვას და გუ-–----------–-----ვას მიმართ მოსარჩელის პრეტენზია დასაბუთებულია და ამდენად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულადი გადახდევინების სარჩელებზე გადასახდელი თანხის ოდენობით განისაზღვრება. ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით, დავის საგანი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა), სადაც შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი 4000 ლარს შეადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ფასი ძირითად სარჩელზე 4000 ლარით, ხოლო შეგებებულ სარჩელზე 6666 ლარით განისაზღვრა. ძირითადი სარჩელით მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი აქვს 1000 ლარი.
ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ. შესაბამისად, ფა--------------ვას მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ. ძირითადი სარჩელის ნაწილში მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 160 ლარის ანაზღაურება, ხოლო შეგებებული სარჩელით დავის საგნის ფასიდან გამომდინარე უნდა დაეკისროთ იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან დავის საგნის (6666 ლარი) 4% რაც შეადგენს 266.64 ლარს. მთლიანობაში, იურიდიული მომსახურებისთვის მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 426.64 ლარის ანაზღაურება, ამასთან, ვინაიდან ელ------------–--ვა მხოლოდ ძირითადი სარჩელით მოპასუხე მხარეა, ამიტომ მისი პასუხისმგებლობის ოდენობა 160 ლარით უნდა განისაზღვროს.
შეგებებულით მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში შეგებებულ სარჩელზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 27.06.2017 წლის განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ფა--------------ვას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ლა-----------------ი სო----–-------–ი, საკადასტრო კოდით №54---------1 რეალიზაცია და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;
შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 27.06.2017 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი და იგი უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 188-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 251-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ფა--------------ვას სარჩელი მოპასუხეების ელ–------------ვის, ელ------------–--ვას და გუ-–----------–-----ვას მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეები ელ–------------ვის, ელ------------–--ვას და გუ-–----------–-----ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ლა-----------------ის სო----–------–ში მდებარე, საჯარო რეესტრში №54---------1 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება და მოსარჩელე ფა--------------ვას გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს;
3. მოპასუხეებს ელ–------------ვს, ელ------------–--ვას და გუ-–----------–-----ვას მოსარჩელე ფა--------------ვას სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება;
4. მოპასუხეებს ელ–------------ვს, ელ------------–--ვას და გუ-–----------–-----ვას მოსარჩელე ფა--------------ვას სასარგებლოდ დაეკისროთ იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 426.64 ლარის ანაზღაურება;
5. მოპასუხე ელ------------–--ვას პასუხისმგებლობის ოდენობა გადაწყვეტილების მე-4 ნაწილით დაკისრებულ თანხასთან მიმართებით 160 ლარით განისაზღვროს;
6. მოსარჩელეების ელ–------------ვის და გუ-–----------–-----ვას შეგებებული სარჩელი მოპასუხე ფა--------------ვას მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
7. მოსარჩელეების ელ–------------ვის და გუ-–----------–-----ვას შეგებებული სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
8. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ფა--------------ვას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ლა-----------------ი სო----–-------–ი, საკადასტრო კოდით №54---------1 რეალიზაცია და იპოთეკის უფლებით დატვირთვა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე