გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/64-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6.03.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ნ----- ჭ----ე
წარმომადგენელი ლაშა ხუციშვილი, გიორგი ჯმუხაძე
მოპასუხე ზ------ ხ------–---–ი
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება, განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ----- ჭ----ესა და ზ------ ხ------–---–ს შორის 2015 წლის 24 აპრილს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
1.2. ზ------ ჭ----ისათვის არასრულწლოვანი შვილების 2016 წლის 2--------–- დაბადებული ნიკოლოზ ხ------–---–ის და 2017 წლის 1------- დაბადებული ნინო ხ------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის დაკისრება თითოეულისათვის 160 ლარის ოდენობით.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეებმა 2015 წლის 25 აპრილს იქორწინეს და ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. 4 თვეა ერთად ცხოვრობენ იმის გამო მოპასუხე ხშირად სვამს. ადგილი ჰქონდა მისგან ფიზიკურ ძალადობას, რაც გახადა მათი დაშორების მიზეზი. ბავშვების აღზრდაში თავდაირვე ეხმარებოდა ჰიგიენური საშუალებებით, თუმცა მოპასუხემ ეს დახმარებაც შეწყვიტა. იგი მუშაობს სს აზოტში ავტოამწის მემანქანედ და აქვს ხელფასი თვეში 500-600 ლარი. თავად მუშაობს შპს მისო ბონაკოში, თუმცა ამჟამად დეკრეტულ შვებულებაშია. ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, მას დაესვა ლიმფომას დიაგნოზი, სჭირდება მკურნალობა, რის გამოც შესაძლოა სამსახურში დაბრუნება ვეღარ შეძლოს.
(06.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი. თანხმობა განაცხადა განქორწინებაზე, ხოლო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველთვიურად ჯამურად 250 ლარი. მისი განმარტებით, იხდის ქორწინების პერიოდში აღებულ კრედიტს. მუშაობს სს აზოტში, ხელფასი აქვს გამომუშავებით, ხოლო ამჟამად დროებით არ მუშაობს, რის გამოც თვეში 250 ლარის გადახდა შეუძლია.
(06.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
1.1. ნ----- ჭ----ესა და ზ------ ხ------–---–ს შორის ქორწინება რეგისტრირებულია 2015 წლის 24 აპრილს. 4 თვეზე მეტია მეუღლეები ცხოვრობენ ცალცალკე. მათი არასრულწლოვანი შვილები ნინო ხ------–---–ი და ნიკოლოზ ხ------–---–ი ცხოვრობენ დედასთან მოსარჩელე ნ----- ჭ----ესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ქორწინების მოწმობის დედანი (ს.ფ.16. ტომი 1)
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 17-18. ტომი 1 )
- სარჩელი (ს.ფ. 2-4. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 24-26. ტომი 1)
3.1.2. ნ----- ჭ----ე დასაქმებულია შპს მისო ბონაკოში. იგი 2017 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით იმყოფება დეკრეტულ შვებულებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- შპს ბონაკოს ცნობა (ს.ფ. 53. ტომი 1 )
3.1.3. ზ------ ხ------–---–ი დასაქმებულია და მუშაობს სს „აზოტში“ ავტოამწის მემანქანედ და მისი ყოველთვიური შემოსავალია 500-600 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-4. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 24-26. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტება (06.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხემ ცნო ეს მოთხოვნა. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდა, რადგან ეს თანხა გონივრულია.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის1106-ე, 1122-ე, 1123-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.
· გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
· ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ხოლო 1123-ე მუხლის მიხედვით, 1. განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში. 2. ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია ??????????? ?????????? ????????? ????????? ????????. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
მოპასუხე ზ------ ხ------–---–მა ცნო განქორწინების მოთხოვნა, თანხმობა განაცხადა განქორწინებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.
განსახილველ საქმეში დავის საგანია მხარეებს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა. ამდენად, დავა შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს განქორწინების მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ სრულად უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თვაინთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რისი ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა ყოველთვიურად ორივე შვილისათვის 320 ლარი გონივრული თანხაა. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები არიან მცირეწლოვან ასაკში, უმცროსი შვილი არის ერთ წლამდე ასაკის. ბავშვებს მცირეწლოვანი ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდებათ განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი. ჰიგიენური საშუალებები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა კი მხოლოდ დედის მიერ ვერ მოხდება.
მართალია მოსარჩელე დასაქმებულია, მაგრამ იგი ამჟამად იმყოფება დეკრეტულ შვებულებაში. საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის მიხედვით, 1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. 2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. უმცროსი შვილი დაბადებულია 2017 წლის 2 ივნისს, ამჟამად მოსარჩელე დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის გამო შრომის ანაზღაურებას არ იღებს. ამდენად, მოსარჩელეს ამჟამად ხელფასის სახით შემოსავალი არა აქვს, რის გამოც დედას დამოუკიდებლად შვილების მატერიალური უზრუნველყოფა არ შეუძლია.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
ამდენად, შვილების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა არის მშობლის ძირითადი ვალდებულება, რასაც არ ამცირებს მშობლების სხვა ფინანსური ვალდებულებების არსებობა ან დროებით უმუშევრობა.
ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მოსარჩელე დამოუკიდებლად ზრუნავს შვილების აღზრდაზე, მეუღლის დაუხმარებლად, რის გამოც უწევს მათ სარჩენად ყოველდღიურად ხარჯების გაღება და მათზე ზრუნვა. გარდა იმისა, რომ მოსარჩელე ამჟამად დეკრეტულ შვებულებაშია, ეს გარემოებები მისი დასაქმების შესაძლებლობას ამცირებს, რადგან ორი მცირეწლოვან შვილზე ზრუნვას დიდი ძალისხმევა სჭირდება.
განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. შვილების აღზრდა არის მშობლის მთავარი ვალდებულება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ალიმენტის მომთხოვნ მშობელს შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად შვილის რჩენა ან რა ფარგლებში შეუძლია მას მეორე მშობელთან ერთად მატერიალური სახსრების გაღება შვილის სარჩენად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ალიმენტი მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით გონივრული თანხაა, რადგან იგი დასაქმებულია, აქვს ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით, ხოლო მოსარჩელეს ზემოთდასახელებული მიზეზების გამო ხელფასი არა აქვს. მოპასუხეს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს, იგი შრომისუნარიანია, დასაქმებულია და აქვს ყოველთვიურად ხელფასის მიღების შესაძლებლობა. იგი ყოველდღიურად მცირეწლოვანი შვილების აღზრდის პროცესში არ მონაწილეობს, ყოველდღიურად ხარჯების გაწევა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა არ უწევს, ეს საკითხები მთლიანად მოსარჩელის გადასაწყვეტია. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვების მშობლებიდან დასაქმებულია მხოლოდ მოპასუხე, მოსარჩელე საპატიო მიზეზის გამო ხელფასს ვერ იღებს, მოთხოვნილი ალიმენტი გონივრული ოდენობისაა და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 160-160 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 10 იანვრიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე 1-ლი ნაწილის მუხლის თანახმად, 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განქორწინების შესახებ მოთხოვნაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან მოპასუხემ ცნო ეს მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 3840 ლარს. სსსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 115.2 ლარი. მოპასუხემ ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა 250 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 79%, სახელმწიფო ბაჟიდან ამ პროპორციით თანხის 91 ლარის გადახისგან თავისუფლდება, რის გამოც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს 24.2 ლარი. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ნ----- ჭ----ის სარჩელი;
1.1. შეწყდეს ნ----- ჭ----ესა (პირადი N-----------) და ზ------ ხ------–---–ს (პირადი N-----------) შორის 2015 წლის 24 აპრილს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერი N0----------;
1.2. ზ------ ხ------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების 2016 წლის 2--------–- დაბადებული ნიკოლოზ ხ------–---–ის და 2017 წლის 1------- დაბადებული ნინო ხ------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის 160 ლარის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2017 წლის 10 იანვრიდან;
2. ზ------ ხ------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 24.2 ლარის გადახდა;
3. ნ----- ჭ----ეს დაუბრუნდეს 2018 წლის 10 იანვარს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (სალაროს შემოსავლის ორდერი N13/9576) თანდა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე: სახელწმიფო ხაზინა, სახაზინო კოდი 300063150. ბანკის კოდი TRESGE22
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი