გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2359-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
მოსარჩელეები - მ----- ჭ--------–--ე, ნ--- ჭ--------–--ე
წარმომადგენელი - გ------ი გ---–--ე
მოპასუხეები - ზ---- ლ-------ე, ქ------- ლ-------ე
წარმომადგენლები - რ---- ზ----–---–ი, ი----- ა----–---–ი
დავის საგანი: დანაშაულით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს ზ---- ლ-------ეს და ქ------- ლ-------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეების სასარგებლოდ დელიქტით (დანაშაულით) გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 26 992.20 ლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით (დაზუსტებული მოთხოვნით).
სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები არიან მეუღლეები. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი ზ------ ჭ--------–--ე, დაბადებული 02.07.1990წ. იგი იყო ექიმი და მუშაობდა ააიპ ქუთაისის რ---ის კლუბ ,,---’’-ს ექიმ-მასაჟისტად. 2017 წლის 17 აპრილს მომხდარი ავტოავარიის შედეგად ზ------ ჭ--------–--ე გარდაიცვალა. ქ.ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ზ---- ლ-------ე მართავდა ქ------- ლ-------ის საკუთრებად რიცხულ ავტომანქანას ,,სანგ იონგ კორანდოს’’ მოდელის, სახნომრით B------, მოძრაობდა 80 კმ/სთ სიჩქარით, მისი ავტომანქანისათვის სხვა მანქანას საფრთხე არ შეუქმნია, ხოლო ქვეითი ზ------ ჭ--------–--ე მოძრაობდა გვერდულზე და ავტომანქანის მოძრაობას ხელს არ უშლიდა. მძღოლმა ზ---- ლ-------ემ დაარღვია მოძრაობის წესები, მანქანა გადავიდა სავალი ნაწილიდან უკიდურეს მარჯვენა მხარეს არსებულ მოხრეშილ გვერდულზე და შეეჯახა ქვეითად მომავალ ზ------ ჭ--------–--ეს, რომელიც ჩავარდა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში და არ ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ზომები თავის დასაცავად, ზ---- ლ-------ეს კი შეეძლო მისი დახმარება და წარმოეშვა მასზე ზრუნვის სპეციალური ვალდებულება, მან განსაცდელში დაუხმარებლად მიატოვა იგი და ადგილიდან მიიმალა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.07.2017წ. განაჩენით ზ---- ლ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დანაშულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სასჯელის მოხდის შემდეგ. ზ---- ლ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან, 2017 წლის 03 ივნისიდან.
მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, ოჯახის მიერ ზ------ ჭ--------–--ის საფლავის პასპორტის აღების და სარიტუალო მომსახურების ხარჯის სახით გადახდილი იქნა 200 ლარი. ქელეხის სუფრის მოსაწყობად 100 კაცზე- 1600 ლარი, ხოლო ე.წ. ,,გ----------ს’’ სასაფლაოზე მისი საფლავის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოთა ღირებულებამ, სამშენებლო მასალების შეძენის და ხელოსნების შრომის ანაზღაურების სახით შეადგინა 26906 ლარი.
ახალგაზრდა, ერთადერთი შვილის ნაადრევად და ძალადობრივად გარდაცვალების გამო ცოლ-ქმარი მ----- და ნ--- ჭ--------–--ეები აღმოჩნდნენ რთულ მდგომარეობაში, მათ მიიღეს ძლიერი სულიერი ტანჯვა და სტრესი, რამაც მკვეთრად შეარყია მათი ჯანმრთელობა და რაც დრო გადის ტკივილი უფრო მწვავე და აუტანელი ხდება.
ავტომანქანა, რომლითაც მოხდა ავარია, წარმოადგენს მოპასუხე ქ------- ლ-------ის საკუთრებას, რომელიც მან ნებაყოფლობით გადასცა ექსპლოატაციისათვის ზ---- ლ-------ეს.
მოპასუხეებს არავითარი თანადგომა არ გამოუხატავთ მოსარჩელეებისათვის არც მატერიალურად და არც მორალურად, არც არანაირი ზიანის ანაზღაურებაზე მომხდარა შეთავაზება მათი მხრიდან.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------ გ---–--ე დააზუსტა (შეამცირა) სასარჩელო მოთხოვნა, მხარი დაუჭირა ამ მოთხოვნას და ითხოვა მისი სრულად დაკმაყოფილება. მანვე განმარტა, რომ გაწეული ხარჯები ექვემდებარება ანაზღაურებას, ამასთან საფუძვლიანია მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რადგან მოსარჩელეებს და მათ ჯანმრთელობას მიადგა გამოუსწორებელი ზიანი, რომლის ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ ისინი მუდმივად არიან.
(იხ. 2018 წლის სასამ. სხდომის ოქმი)
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს შესაგებლები, რომლის მიხედვით ისინი სასარჩელო მოთხოვნებს ცნობენ ნაწილობრივ, კერძოდ სადავოდ ხდიან ზიანის ოდენობას.
მოპასუხე ქ------- ლ-------ის მითითებით, მას არანაირი წვლილი არ მიუძღვის მოსარჩელეთა მიმართ ზიანის მიყენებაში. იგი გულწრფელად განიცდის მათი შვილის გარდაცვალებას. გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის კი სასჯელს იხდის მისი შვილი ზ---- ლ-------ე.
2.2. ზ---- ლ-------ე ეთანხმება იმ გარემოებას, რომ ზ------ ჭ--------–--ის გარდაცვალების გამო მისი ოჯახი გაიღებდა ფინანსურ ხარჯებს დაკრძალვისათვის, თუმცა მოთხოვნილ თანხას არ ეთანხმება და თანახმაა აანაზღაუროს სტანდარტული საფლავის მოწყობისათვის გაწეული ხარჯი, რასაც დაადგენს ექსპერტიზა. იგი მომხდარი გაუფრთხილებელი დანაშაულის გამო განიცდის მძიმე სულიერ ტკივილს. ამიტომ მორალური ზიანის ანაზღაურებას მხარს არ უჭერს.
საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას მოპასუხეებმა კვლავ ნაწილობრივ ცნეს სარჩელი. კერძოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში - ერთი მიცვალებულის საფლავის მოწყობისათვის - 6920.36 ლარის, საფლავის პასპორტის ხარჯის 200 ლარის და მორალური ზიანის 1000 ლარის ანაზღაურების ნაწილში. ქელეხის ხარჯის გაწევის ნაწილში არ ცნეს, რადგან როგორც მათთვისაა ცნობილი, ქელეხი არ ყოფილა.
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ზ---- ლ-------ე 2017 წლის 17 აპრილს მართავდა რა სატრანსპორტო საშუალებას, ვერ უზრუნველყო უსაფრთხო მართვა და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ზ------ ჭ--------–--ეს, რომელიც მიატოვა ადგილზე, ხოლო ეს უკანასკნელი მიღებული დაზიანებების გამო, გარდაიცვალა.
3.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 12.07.2017წ. განაჩენით ზ---- ლ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დანაშულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სასჯელის მოხდის შემდეგ. ზ---- ლ-------ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 03 ივნისიდან.
3.3. ავტომანქანა ,,სანგ იონგ კორანდოს’’ მოდელის, სახნომრით B------, რომელსაც მართავდა ზ---- ლ-------ე ავტოავარიის დროს, ირიცხება მოპასუხე ქ------- ლ-------ის საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის განაჩენი (ტომი 1, ს/ფ - 34-38 );
-შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა (ტომი 1, ს/ფ-63).
3.4. მ----- ჭ--------–--ე და ნ--- ჭ--------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1987 წლის 22 დეკემბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ზ------ი ჭ--------–--ე, დაბადებული 1990 წლის 02 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-პირადობის და ქორწინების მოწმობები (ტომი 1, ს/ფ - 28 ),-დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს/ფ - 29).
3.5. ზ------ ჭ--------–--ე 2016 წლის 01 აგვისტოდან 2017 წლის 17 აპრილის ჩათვლით მუშაობდა ქუთაისის რ---ის კლუბ ,,---’’-ს ექიმ-მასაჟისტად, მისი თვიური ხელფასი შეადგენდა 400 ლარს. ხასიათდებოდა როგორც თავისი საქმის პროფესიონალი, რ---ის დიდი მოყვარული, ასევე ძალიან თბილი და უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ყველა თანამშრომელთან.
ზ------ ჭ--------–--ე ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა 2017 წლის 17 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ცნობები (ტომი 1, ს/ფ -31-32),-გარდაცვალების მოწმობა (ტომი 1, ს/ფ -33).
3.6. ვინაიდან ზ---- ლ-------ის მიერ ჩადენილმა საგზაო-სატრანსპორტო დანაშაულმა გამოიწვია ზ------ ჭ--------–--ის გარდაცვალება, მისი მამა მ----- ჭ--------–--ე სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ (ტომი 1, ს/ფ - 39 )
3.7. შპს ,,ქართული ტრადიციები 2011’’-ის მიერ ,,გ----------ს’’ სასაფლაოზე გაცემულ იქნა საოჯახო საფლავის პასპორტი ზ------ ჭ--------–--ის დაკრძალვისათვის, რომლის ღირებულებამ სარიტუალო მომსახურების ჩათვლით შეადგინა 200 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქვითარი #501 (ტომი 1, ს/ფ - 41),-შემოსავლის ორდერი #6522628 (ტომი 1, ს/ფ -42),-ნ.ჩხეტიანის განცხადება (ტომი 1, ს/ფ - 43).
3.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 09.08.2017წ. გაცემული #3----- ცნობის თანახმად, ქ------- ლ-------ის საკუთრების უფლება მიმდინარე პერიოდზე რეგისტრირებული არ არის. ხოლო 04.08.2017 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ზ---- ლ-------ე წარმოადგენს ქ.ქუთაისი, ქ. ვ-–----–----–-, #128 (ყოფილი #116)-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეს ლ----ი ლ-------ესთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ცნობა (ტომი 1, ს/ფ- 64 ),-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი1, ს/ფ -65-66)
3.9. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, მ----- ჭ--------–--ის დიაგნოზია: ძილის დარღვევები (G47), დაძაბულობის თავის ტკივილი (G44.2), ხოლო ნ--- ჭ--------–--ის დიაგნოზია: დაძაბულობის თავის ტკივილი (G44.2), ძილის დარღვევები (G47), სხვა შერეული შფოთვითი აშლილობები F41.3. ესაჭიროებათ ამბულატორიული მეთვალყურეობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ტომი 3, ს/ფ 12-14 )
3.10. მცირე მეწარმე ერმილე ბარაბაძის მიერ ე.წ. ,,გ----------ს’’ სასაფლაოზე მ----- ჭ--------–--ის დაკვეთით შესრულებულია საფლავის ლითონის სახურავი და მისი დამზადება, შეღებვა-მონტაჟისათვის მიღებული აქვს 800 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელშეკრულება (ტომი 1, ს/ფ -47-48),-ზედნადებები (ტომი 1. ს/ფ -49-55).
3.11. მოწმე ერმილე ბარაბაძის ჩვენების თანახმად, მ----- ჭ--------–--ის შეკვეთით ჩაატარა მისი შვილის საფლავის შემოღობვის, გადახურვის, სამონტაჟო სამუშაოები და გადაუხადეს 800 ლარი. შემდეგ დაუმატეს 500 ლარი, რადგან დასჭირდა სახურავის შეცვლა. საფლავი დაახლოებით 4X6 მეტრზე იყო, ალბათ ერთ ადამიანზე, მეტი ადგილი იქ არ იყო.
3.12. მოწმე თ---------- უ--–---ს ჩვენების თანახმად, მ----- ჭ--------–--ის დაკვეთით შეასრულა მისი შვილის საფლავის კეთილმოწყობის სამუშაოები, ბეტონიდან დაწყებული სურათების დახატვა-დამონტაჟებით. დაახლოებით 2მ სიღრმის ბეტონის კედელი დაჭირდა, ადგილმდებარეობის გამო, რამაც შესაბამისად გაზარდა ღირებულება. გამოიყენა ყაზბეგის დიაბაზი, რომელიც თავად ჰქონდა, დაამუშავა და ყველაფერში ეტაპობრივად გადაუხადეს 25000 ლარი, თუმცა მსგავსი საფლავის გაკეთება უფრო ძვირი ღირს და სხვა ამ ფასში არ გააკეთებდა. საფლავი არასტანდარტულია, არც 3 ადგილიანი, არც 2 ადგილიანი. ქუთაისის ქვით საფლავის მოწყობა დაჯდებოდა დაახლოებით 10000 ლარამდე. ნორმალური, საშუალო ღირებულების საფლავი ჯდება დაახლოებით 7000 ლარიდან 10000 ლარამდე, თუმცა არსებობს უფრო იაფიანი საფლავებიც და უფრო ძვირიანებიც.
3.13. მოწმე ნ---- გ-----ემ აჩვენა, რომ მოსარჩელეები არიან მისი ახლობლები. ორივე ძალიან რთულ და სტრესულ მდგომარეობაში არიან, განადგურებულნი ერთადერთი შვილის გარდაცვალებით. მანამდე ისინი არ უჩიოდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობას. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია ნ---, რაც იმაში გამოიხატება, რომ არის არაადეკვატური, უკანკალებს ყბა, ვერ საუბრობს ნორმალურად, სვამს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. მ-----ი ცდილობს იყოს უფრო მობილიზებული, რადგან ნ---ს მოვლა სჭირდება. მანვე აჩვენა, რომ ოჯახს ქელეხის სუფრა რომ ჰქონდა, იცის, თუმცა ტერიტორიულად სად, არ იცის, რადგან ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო თავადაც, არ წასულა. როგორც ახსოვს, ავტოქარხნის ტერიტორიაზე იყო.
3.14. ექსპერტმა გ----- ა-----ემ განმარტა, რომ დასკვნის შედგენის მიზნით იმყოფებოდა ზ------ ჭ--------–--ის სასაფლაოზე. შეფასება გააკეთა საბაზო ღირებულებით, სამშენებლო ნორმების დაცვით. ძირითადად გამოყენებულია ძვირადღირებული დიაბაზის მარმარილო, ასევე გრანიტიც. დიაბაზი 1 კვ.მ 220 ლარი ღირს, ხოლო გრანიტი 1კვ.მ -45 ლარი. მოახდინა როგორც გარე, ისე შიდა აზომვები. სიგრძე-სიგანე დაახლოებით 3 მეტრი - 3მ-ზე ან 3მ =5მ-ზე იქნებოდა. დაკრძალული იყო ერთი ადამიანი და ერთ საფლავად აღიქმებოდა, შეიძლება მეტისიც იყო, არ ახსოვს.
მანვე განმარტა, რომ ექსპერტიზის მე-2 დასკვნაც მის მიერაა შედგენილი, იმ მასალებზე და პარამეტრებზე დაყრდნობით, რაც იქნა მხარის მიერ წარმოდგენილი ზოგადად. საფლავი შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის და ვის რა შესაძლებლობა აქვს და როგორც თვლის საჭიროდ, ისე შეიძლება მოაპირკეთოს. ჭ--------–--ის საფლავზე გამოყენებულია უფრო ძვირადღირებული რთულად დასამუშავებელი მასალა, თუმცა არსებობს უფრო ძვირადღირებული საფლავებიც. ხოლო მხარის მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით გაანგარიშებული საფლავის ღირებულება არის საშუალო ან საშუალოზე ოდნავ დაბალი ღირებულების, რადგან გრანიტი არ შედის ძვირადღირებულ ქვებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოწმეთა ჩვენებები (ტომი 3, 2018 წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.15. მოპასუხეებს მოსარჩელეებისათვის ხარჯი არ აუნაზღაურებიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.16. ქ------- ლ-------ე ქორწინებაში იმყოფებოდა თ----- ლ-------ესთან. თ-----ი ლ-------ე გარდაიცვალა 1980 წლის 16 ივნისს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი ზ---- ლ-------ე, დაბადებული 1980 წლის 26 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს/ფ - 28 ),- გარდაცვალების მოწმობა (ტომი 1, ს/ფ -33 ),- დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს/ფ - 29 ).
3.17. იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 29.08.2017წ. გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ქ------- ლ-------ე არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, უვადოდ. მისი სოციალური პაკეტი/ფულადი კომპონენტი თვეში შეადგენს 100 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ცნობა (ტომი1, ს/ფ -122),-მხარის განმარტება.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. ი/მ ლ----ი ლ---–---–ის მიერ 11.08.2017წ. გაცემული #08 ცნობის თანახმად, მას დაქვემდებარებულ სარიტუალო დარბაზში, მდებარე ქ.ქუთაისი, ავტომშენებლის #43-ში 2017 წლის 22 აპრილს გაიმართა ა/გარდაცვლილი ზ------ი ჭ--------–--ის დაკრძალვის სუფრა 130 კაცზე. მომსახურების თანხა 1600 (ათასექვსასი) ლარი გადახდილ იქნა ზ------ ჭ--------–--ის მამის მ----- ჭ--------–--ის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ტომი 3, ს/ფ -11 )
4.2. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით (ექსპერტი ი-–-- ა-----ე), ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ.ქუთაისში ,,გ----------ს’’ სასაფლაოზე მდებარე ზ------ ჭ--------–--ის საფლავის მოწყობაზე გამოყენებული მასალების საბაზრო ღირებულება მოცემულია დანართ #1-ში და საორიენტაციოდ შეადგენს 16260.75 ლარს, ხოლო ამ სამუშაოების სახელფასო საბაზრო ღირებულება მოცემულია დანართ #1-ში და საორიენტაციოდ შეადგენს 8831.45 ლარს.
4.3. სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით (ექსპერტი ი-–-- ა-----ე), ერთი გარდაცვლილის საფლავის მოწყობასა და ქვის მასალით მოპირკეთებაზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მონაცემებისა და მასალის გათვალისწინებით, მოცემულია #1 დანართში და საორიენტაციოდ შეადგენს 6920.36 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ექსპერტიზის დასკვნა, ფოტოსურათები (ტომი 3, ს/ფ- 21-22),- ექსპერტიზის დასკვნა (ტომი 3, ს/ფ -69-74)
4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეები ნაწილობრივ ცნობენ სარჩელს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოთხოვნა ქელეხის ხარჯის გაწევის ნაწილში უსაფუძვლოა, რადგან მათ მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის კვალიფიციური შედავება (საწინააღმდეგო მტკიცებულება). ხოლო იზიარებს პოზიციას საფლავის მოწყობისათვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ოდენობით. რადგან მოცემულ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის აუცილებელი და სავალდებულო სარიტუალო პროცედურები და მათი საშუალო ანაზღაურება, რომელიც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით არის აუცილებელი. შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება მოსარჩელეთა წარმომადგენლის პოზიცია, რომ მოპასუხეებმა უნდა აანაზღაურონ სოლიდარულად მისი მარწმუნებლების მიერ შვილის გარდაცვალების გამო გაწეული ხარჯი სრულად.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- ევროპული კონვენცია მე-6, მე-13 მუხლები,- საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი, 42-ე მუხლი,- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი,- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 992-ე, 408-ე, 412-ე, 413-ე, 973-ე, 998-ე, 999-ე, მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ’’ ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უფლებამოსილია მიიღოს სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, იმისდა მიუხედავად, ეს დარღვევა ჩადენილია თუ არა ოფიციალური უფლებამოსილების მქონე პირების მიერ. სიცოცხლის უფლების დარღვევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა დამრღვევს შესაბამისი განზრახვა, დაზარალებულის ოჯახი უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია. ეს პრინციპი განმტკიცებულია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებში (,,Leonidas v. Greece=ლეონიდასი საბერძნეთის წინააღმდეგ’’; ,,Mastro Matteo v. Italy=მასტრო მატეო იტალიის წინააღმდეგ’’), რომელთაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ კონვენციის დებულებების ინტერპრეტაციისათვის. ამასთან ევროსასამართლოს არაერთი გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, სიცოცხლის უფლების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებში უზრუნველყოს არამხოლოდ საქმის ობიექტური გამოძიება, არამედ დაზარალებულისათვის კომპენსაციის მინიჭება (,,Kaya v. Turkey=კაია თურქეთის წინააღმდეგ’’; ,, Velikova v. Bulgaria=ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ’’).
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავისი კანონიერი ინტერესის დასაცავად მიმართა სასამართლოს.
7.2. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ---- ლ-------ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია ზ------ ჭ--------–--ის სიცოცხლის გაუფრთხილებელი ხელყოფა, რისთვისაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ივნისის განაჩენით მოპასუხე ზ---- ლ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დანაშულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 6 თვის ვადით, მასვე 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სასჯელის მოხდის შემდეგ. ზ---- ლ-------ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 03 ივნისიდან.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. მოცემული მუხლით პირის პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა. ბრალი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით. განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ყველა პირობა, ვინაიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ივნისის განაჩენით დადგენილია, რომ მოპასუხე ზ---- ლ-------ის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით გარდაიცვალა მოსარჩელეთა შვილი ზ------ ჭ--------–--ე. მისი დაკრძალვის, ქელეხის და სასაფლაოს მოწყობისათვის მშობლების მიერ გაღებული იქნა ფულადი სახსრები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები. ხოლო ამავე კოდექსის 999-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი... ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
დადგენილია, რომ ზ---- ლ-------ე მართავდა რა დედის, ქ------- ლ-------ის საკუთრებაში აღრიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ჩაიდინა დანაშაული, რასაც მოსარჩელეთა შვილის გარდაცვალება მოჰყვა და რითაც მატერიალური და მორალური ზიანი მიადგათ ზ------ ჭ--------–--ის მშობლებს მ----- და ნ--- ჭ--------–--ეებს. შესაბამისად, ზ---- ლ-------ეს უნდა სცოდნოდა, რომ გარდაცვლილის დაკრძალვისათვის საჭირო იქნებოდა აუცილებელი ხარჯის გაწევა, ამასთან არსებობს რა მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებელთა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ამიტომ მოსარჩელეთა მოთხოვნა სოლიდარულად ზიანის ანაზღაურებაზე საფუძვლიანია და მოპასუხეებმა სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი ზიანის ანაზღაურებაზე.
7.3. დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მოაწყვეს შვილის საფლავი და გაიღეს ქელეხის ხარჯები. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელეების წარმომადგენლის პოზიციას გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით. კერძოდ, მოპასუხეებისათვის საფლავის მოწყობის ხარჯების დაკისრება 25092.20 ლარის ოდენობით არ მიაჩნია მიზანშეწონილად. რადგან მიცვალებულისათვის აუცილებელი საშუალო ღირებულების საფლავის მოწყობა ექსპერტის დასკვნით შეფასებულია 6920.36 ლარად. ამ გარემოებას ადასტურებს მოწმის სახით დაკითხული თ---------- უ--–---ც, რომელმაც მოაწყო ზ------ ჭ--------–--ის საფლავი და ძირითადად ეწევა ამ საქმიანობას.
მოწმის და ექსპერტის განმარტებით, ზ------ ჭ--------–--ის საფლავი წარმოადგენს საკმაოდ ძვირადღირებული მასალით გამზადებულ სასაფლაოს. მოსარჩელეებს რა თქმა უნდა ჰქონდათ უფლება, თავიანთი გარდაცვლილი შვილის სასაფლაო მოეწყოთ ძვირადღირებული მასალით და დაექირავებინათ ძვირადღირებული ხელოსნები, მაგრამ მოპასუხეებს მოსარჩელეთა მიერ მასზე გაწეული ხარჯის სრულად ანაზღაურების ვალდებულება არ აქვთ.
იმ კონრეტული გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც რთულია ზუსტად განისაზღვროს იმ ხარჯის ოდენობა, რაც შეიძლება იქნეს აუცილებელი მიცვალებულის გაპატიოსნებისა და დაკრძალვისათვის, საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებებიდან გამომდინარე და გათვალისწინებით, მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში საფლავის მოწყობისათვის მითითებული საორიენტაციო თანხის ოდენობა სავსებით გონივრული და სამართლიანია.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საფლავის მოწყობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 6920.36 ლარის ოდენობით.
7.4. ვინაიდან ასევე დადგენილია, რომ საფლავის პასპორტისა და სარიტუალო მომსახურებისათვის მოსარჩელე მხარემ გადაიხადა 200 ლარი, ხოლო ქელეხისათვის 130 ადამიანზე 1600 ლარი, ამის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად, სულ მთლიანობაში 8720.36 ლარი მოსარჩელეთა სასარგებლოდ.
8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. აღნიშნული ნორმა ადგენს ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში დაზარალებულისათვის ქონებრივი ზარალის გარდა, არაქონებრივი ზარალის ანაზღაურების შესაძლებლობას და საფუძვლებს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე და განმარტა, რომ ,,კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს პირმა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი.
მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგადაც პირმა ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი. ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია შვილის გარდაცვალებით გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო და არა ქონებრივი ზიანის გამო სულიერი ტანჯვით გამოწვეული ჯანმრთელობის მოშლის შემთხვევაში’’.
წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეები ითხოვენ მორალური ზიანის სახით მოპასუხეთათვის სოლიდარულად 3 000 ლარის გადახდის დაკისრებას.
სასამართლოს განმარტებით, მორალური ზიანის შინაარსში იგულისხმება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც მატერიალურად არაფერი შეესაბამება (სულიერი ან ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა, სტრესი, განცდა და სხვა). პირს ზიანი დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება იმ შემთხვევაში, როცა ზიანი სამართლებრივად მნიშვნელოვანია და ამდენად, ანგარიშგასაწევი. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს დაზარალებულის სულიერი და ფიზიკური ტანჯვა, რომელიც გამოწვეულია მოქმედებით (უმოქმედობით) და რომელიც ხელყოფს მოქალაქის კანონით გათვალისწინებულ არამატერიალურ სიკეთეს. მორალური ზიანი ანაზღაურდება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად, ანუ როგორც ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას, ისე მისგან დამოუკიდებლად. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება ფულადი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხს. ამასთან ანაზღაურება უნდა იყოს გონივრული, სამართლიანი და რეალური.
9. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ზ---- ლ-------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის გარდაცვალება. მოპასუხის მიერ საერთოდ არ მომხდარა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის რაიმევ სახით ანაზღაურება. შვილის გარდაცვალების დღიდან მშობლები მკურნალობენ და ახლაც საჭიროებენ მკურნალობას. ნ--- ჭ--------–--ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, აქვს არაადეკვატური ქცევები, უკანკალებს ორგანიზმი, უჭირს ლაპარაკი, გადაადგილება, მის მოვლას ძირითადად ახორციელებს მეუღლე, მ----- ჭ--------–--ე. არსებული მდგომარეობის სიმძიმიდან და შედეგებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მშობლებმა ერთადერთი შვილის გარდაცვალებით, განიცადეს მძიმე ფიზიკური და მორალური ტანჯვა, რასაც დღესაც განიცდიან და ასე იქნება მომავალშიც, რადგან მათ დასჭირდებათ ხანგრძლივი რეაბილიტაცია, რომ დაუბრუნდნენ პირვანდელ მდგომარეობას.
სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებიდან გამომდინარე ერთადერთი შვილის გარდაცვალებით გამოწვეული მოსარჩელეების მდგომარეობა ნამდვილადაა დაკავშირებული ძლიერ ფიზიკურ და სულიერ ტკივილებთან. ამ ნეგატიური ფსიქოლოგიური, სულიერი განცდების და ტკივილის ფულად ეკვივალენტში კომპენსაცია რთულია, მაგრამ, სწორედ მორალური ზიანის ანაზღაურებით უნდა მოხდეს პირის მდგომარეობის გარკვეული რესტიტუცია. რათა მოხდეს მოსარჩელეთათვის მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება და უარყოფითი ემოციების გაქარწყლება.
(უზენაესი სასამ.ერთგვაროვანი პრაქტიკა, საქმე # ას-868-817-2010; საქმე # ას-1115-1062-2014წ.).
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ თუ პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფა ხორციელდება ბრალეული მოქმედებით, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო, რაც მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე გადახდისუნარიანია, რადგან დგინდება, რომ ზ---- ლ-------ეს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, ქ------- ლ-------ის საკუთრებაში კი არის ავტომობილი.
ზემოაღნიშნული ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და მათ მიერ მოთხოვნილი 3000 (სამი ათასი) ლარი, მოპასუხეების მიერ ასანაზღაურებელი მორალური ზიანის სახით, სასამართლოს მიაჩნია სამართლიან და გონივრულ ოდენობად.
10. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-სა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ 7120.36 ლარის დაკისრების ნაწილში, რის გამოც ისინი ამ ნაწილში უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს სოლიდარულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მათ მიერ სარჩელის ცნობის გათვალისწინებით, რაც მთლიანობაში შეადგენს 108 ლარს, ასევე ყადაღის რეგისტრაციისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილი - 21 ლარის ანაზღაურება. მათვე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელეთა მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 468.8 ლარის ოდენობით. ვინაიდან სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა, მის ჩატარებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება არ უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს, რადგან თავად მოპასუხეებმაც გაიღეს ხარჯი ექსპერტიზის დასკვნისათვის, მოსარჩელეთა პოზიციის გასაქარწყლებლად.
11. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო მოპასუხე ზ---- ლ-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ქ. ქუთაისი, ვ-–----–----–-ს ქ# 128-ში მდებარე დაზუსტებული ფართობის 515.40 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას (საერთო ფართი 267.10 კვ.მ, დამხმარე ნაგებობები, ფართით 14.06 კვ.მ და 1.8 კვ.მ) ½ იდეალურ წილს, უძრავი ქონების ს/კ # 0-----------; ასევე ყადაღა დაედო მოპასუხე ქ------- ლ-------ის საკუთრებაში აღრიცხულ სარტანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი: სანომრე ნიშანი - B------, მარკა, მოდელი სანგ იანგ კორანდო, ფერი-მწვანე 3/8, გამოშვების წელი 1997, საიდენტიფიკაციო ნომერი - K----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - D--------, გაცემული-10/06/2015 წელი - უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ----- და ნ--- ჭ--------–--ეების (წარმომადგენელი გ------ი გ---–--ე) სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეებს ზ---- ლ-------ეს და ქ------- ლ-------ეს (წარმომადგენლები რ---- ზ----–---–ი, ი----- ა----–---–ი) მოსარჩელეების მ----- ჭ--------–--ის და ნ--- ჭ--------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მატერიალური ზიანის 8720 (რვაათასშვიდასოცი) ლარის ანაზღაურება (საფლავის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოთა ღირებულება-6920 ლარი, საფლავის პასპორტის აღების და სარიტუალო მომსახურების ხარჯი-200 ლარი; ქელეხის სუფრის -1600 ლარი);
2. მ----- და ნ--- ჭ--------–--ეების (წარმომადგენელი გ------ი გ---–--ე) სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
1.2. მოპასუხეებს ზ---- ლ-------ეს და ქ------- ლ-------ეს მოსარჩელეების მ----- ჭ--------–--ის და ნ--- ჭ--------–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 (სამიათასი) ლარის ოდენობით;
3. მოპასუხეებს ზ---- ლ-------ეს და ქ------- ლ-------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელეთა სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 468.8 ლარის ოდენობით;
4. მოპასუხეებს ზ---- ლ-------ეს და ქ------- ლ-------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი 108 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო მოპასუხე ზ---- ლ-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ქ. ქუთაისი, ვ-–----–----–-ს ქ# 128-ში მდებარე დაზუსტებული ფართობის 515.40 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას (საერთო ფართი 267.10 კვ.მ, დამხმარე ნაგებობები, ფართით 14.06 კვ.მ და 1.8 კვ.მ) ½ იდეალურ წილს, უძრავი ქონების ს/კ # 0-----------; ასევე ყადაღა დაედო მოპასუხე ქ------- ლ-------ის საკუთრებაში აღრიცხულ სარტანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი: სანომრე ნიშანი - B------, მარკა, მოდელი სანგ იანგ კორანდო, ფერი-მწვანე 3/8, გამოშვების წელი 1997, საიდენტიფიკაციო ნომერი - K----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - D--------, გაცემული-10/06/2015 წელი - დარჩეს უცვლელად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის.: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ.#11);
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე