გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2079-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.03.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ს--–---- მ------–--ე
წარმომადგენელი გიორგი სიბაშვილი
მოპასუხე ნ--- ჭ-------–ი
წარმომადგენელი გოჩა ძიმისტარიშვილი
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ--- ჭ-------–ისათვის არასრულწლოვანი შვილის 2015 წლის 1------------ დაბადებული ტატო ჭ-------–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 250 ლარის დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი ტატო ჭ-------–ი დაბადებული 2015 წლსი 1------------. მშობლების დაშორების გამო ბავშვი ცხოვრობს მოსარჩელესთან., ს--–---- მ------–--ის ყოველთვიური ხელფასია 300 ლარი, რაც ბავშვის დამოუკიდებლად რჩენისათვის საკმარისი არ არის. საშუალო მომხარებლისათვის საარსებო მინიმუმის ოდენობა 2018 წლის იანვრის თვისათვის შეადგენს 175 ლარს. მოპასუხე არის ფეხბურთელი, თამაშობს სხვადასხვა გუნდებში, აქვს საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ ბავშვის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი თვეში 250 ლარი.
(02.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა და თანხმობა განაცხადა შვილის სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველთვიურად 150 ლარი. მისი განმარტებით, მას სტაბილური შემოსავალი არა აქვს, ფეხბურთის ჩემპიონატი სეზონურად ტარდება, რის გამოც ყოველთვიური ხელფასი არა აქვს. მშობლების ვალდებულება შვილის რჩენაში თანაბარია. მოსარჩელე ალიმენტს 250 ლარს მოითხოვს, რის გამოც მეორე მშობლის ვალდებულებაც ამ თანხას შეადგენს, რაც მცირეწლოვანი შვილის რჩენისათვის შეუსაბამოდ მაღალი თანხაა. ორივე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ალიმენტის გონივრული თანხაა 150 ლარი.
(02.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. ნ--- ჭ-------–ი და ს--–---- მეგრელიზე ერთად არარ ცხოვრობენ. მათი შვილი ტატო ჭ-------–ი ცხოვრობს დედასთან მოსარჩელე ს--–---- მ------–--ესთან, ქალაქ რუსთავში ნაქირავებ ბინაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-4. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 27-29. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (02.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2.2. ს--–---- მ------–--ე მუშაობს ქალაქ რუსთავში, კომპანია მადაგონში და აქვს ხელფასი თვეში 350 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა განმარტებები (02.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- მოსარჩელის წერილობითი ახსნა-განმარტება (ს.ფ. 150-152. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ნ--- ჭ-------–სა და ს--–---- მ------–--ეს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი – ტატო ჭ-------–ი.
დაბადების მოწმობის თანახმად, 2015 წლის 1------------ დაბადებულია ტატო ჭ-------–ი. მის მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა ს--–---- მ------–--ე, მამა – ნ--- ჭ-------–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 14-15. ტომი 1).
3.2.2. ნ--- ჭ-------–ი არის ფეხბურთელი, თამაშობს საქრთელსო ჩმპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდებში და აქვს სტაბილური შემოსავალი. ნ--- ჭ-------–ი არ განიცდის ფინანსურ გაჭირვებას.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 26 თებერვლის წერილის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ნ--- ჭ-------–ის მეირ მიღებული შემოსავალია ხელფასი: 2016 წლის თებერვალში 2500 ლარი, 2016 წლის მარტში 2500 ლარი, 2016 წლის აპრილში 1500 ლარი, 2016 წლის აგვისტოში 3000 ლარი, 2016 წლის სექტემბერში 1500 ლარი, 2016 წლის ნოემბერში 550 ლარი, 2017 წლის თებერვალში 712,9 ლარი, 2017 წლის მარტში 1625 ლარი, 2017 წლის აპრილში 1625 ლარი, 2017 წლის მაისში 2525 ლარი, 2017 წლის ივნისში 625 ლარი, 2017 წლის ივლისში 2500 ლარი, 2017 წლის აგვისტოში 1250 ლარი, 2017 წლის სექტემბერში 2500 ლარი, 2017 წლის ნოემბერში 1250 ლარი, 2017 წლის დეკემბერში 955 ლარი.
მხარეთა განმარტებით დასტურდება, რომ მოპასუხე არის ფეხბურთელი, თამაშობს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე საფეხბურთო გუნდებში და ამ საქმიანობის შედეგად იღებს შემოსავალს.
მოსარჩელის განმარტებით, საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონური ხასიათის გამო ყოველთვიური ხელფასი არა აქვს, ხელფასს იღებს სეზონურად, ამასთან მისი ხელფასი ბოლო პერიოდში შემცირებულია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 2017 წლის დეკემბერის თვეში წინა თვეებისგან განსხვავებით ხელფასის სახით მიღებული აქვს 955 ლარი, თუმცა სასამართლოს აზრით ეს არ ამტკიცებს მოპასუხის შემოსავლების შემცირებას. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით 2016 წლის განმავლობაშიც წლის ბოლო თვეებში მას მიღებული აქვს წინა პერიოდში მიღებულ ხელფასზე ნაკლები თანხა, რის შემდეგ მას ხელფასის სახით მიღებული აქვს ისეთივე თანხა, როგორც იღებდა წინა პერიოდში. ამდენად, 2017 წლის დეკემბერში წინა პერიოდზე ნაკლები თანხის ხელფასის მიღება არ ადასტურებს მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის გაუარესებას და ეს გარემოება გამოწვეულია საფეხბურთო ჩემპიონატის სპეციფიკით, რადგან ზამთრის განმავლობაში ჩემპიონატის თამაშები არ იმართება.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის 2017 წლის 27 დეკემბერის დასკვნის თანახმად, ნ--- ჭ-------–ი მუშაობს ბორჯომის საფეხბურთო კლუბში და აქვს ხელფასი 1000-1500 ლარი. ნ--- ჭ-------–ი ცხოვრობს ოზურგეთში ძმასთან და დედასთან ერთად. ნ---ს ძმა მუშაობს ოზურგეთში კრედო ბანკში, დედას წლების მანძილზე აქვს აფთიაქი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, საიდანაც ოჯახის წევრების გადმოცემით ნორმალური შემოსავალი აქვს. ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
დასკვნის თანახმად, ნ--- ჭ-------–ის ოჯახი არის ძლიერი, ფინანსურად მყარი ოჯახი, ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობები მოწესრიგებული და მზრუნველია, იციან თანადგომის ფასი, ყველა პრობლემას ერთად უმკლავდებიან.
მოპასუხე მოთხოვნილი ალიმენტის დაკისრების საწინააღმდეგო გარემოებად მიუთითებს საკრედიტო ვალდებულების არსებობას. სს „ვითიბი ბანკის“ მიერ 2017 წლის 1 დეკემბერს გაცემული ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, ნ--- ჭ-------–ის მიერ 2015 წლის 13 ოქტომბერს აღებულია სესხის 6300 ლარი, საიდანაც გადახდილი ძირი 1479,42 ლარი, პროცენტი 959,43 ლარი, ჯარიმა 347,73 ლარი. გადასახდელია ძირი 4820,58 ლარი, პროცენტი 1084,84 ლარი, ჯარიმა 3306,01 ლარი. ამდენად, ნ--- ჭ-------–ის მიერ დარღვეულია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რადგან მას სესხის დარბუნების ვადის გადაცილებისათვის დარიცხული აქვს პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სოციალური მუშაკის დასკვნით დასტურდება ის გარემოება, მოპასუხესთან ერთად მცხოვრებ ძმას და დედას აქვთ დამოუკიდებელი შემოსავალი. შესაბამისად, ნ--- ჭ-------–ის კმაყოფაზე არასრულწლოვანი შვილის გარდა სხვა პიროვნება არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- შემოსავლების სამსახურის წერილი (ს.ფ. 131-134. ტომი 1)
- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება (02.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის ასლი (ს.ფ. 86- 87. ტომი 1)
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 97-98. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობა გონივრული და სამართლიანია, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.
· გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
· ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 150 ლარის დაკისრების ნაწილში, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მატერიალური და ოჯახირი მდგომარეობის გათვალისწინებით სარჩელით მოთხოვნილი ალიმენტი გონივრულია და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 250 ლარის გადახდა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ტატო ჭ-------–ი არის მცირეწლოვანი 2 წლის და სამი თვის ასაკში. მას სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროება მატერიალური უზრუნველყოფა, ბავშვს მცირეწლოვანი ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი გასართობი საშუალებები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა კი მხოლოდ დედის მიერ ვერ მოხდება.
მოსარჩელე დასაქმებულია, მისი შემოსავლის არის თვეში 350 ლარი, რის გამოც მცირე შემოსავლის გამო დედას დამოუკიდებლად შვილის მატერიალური უზრუნველყოფა ან მეორე მშობლისგან მცირე დახმარებით არ შეუძლია.
ალიმენტი არის ბავშვის რჩენისათვის აუცილებელი თანხა, რომლის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლების უნარების და ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რადგან ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით მშობლებს ევალებათ შვილების ცხოვრების ისეთი დონით უზრუნველყოფა, რაც მათი უნარების და ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. თუმცა სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიზანი არ არის მშობლების ქონებრივი უფლებების დაცვა. ეს დებულება არის იმ ფაქტის აღიარება, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა განსხვავებულია და მშობლებს ამის მიხედვით ეკისრებათ შვილების სათანადო რჩენის, ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულება. ამავე ნორმით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენციაში მითითებული დებულებები ბავშვის უფლებებია, შესაბამისად ბავშვის უფლებაა იგი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის სათანადო ცხოვრების დონით უზრუნველყონ, შესაბამისად, მშობლებმა უნდა იზრუნონ ბავშვის ამ უფლების რეალიზაციისათვის, თავიანთი უნარების შესაბამისად გააუმჯობესონ ბავშვების ცხოვრების დონე.
კონვენციის ეს ნორმა არ აწესებს შეღავათს მშობლის ქონებრივი უფლებების საკითხში, ნორმის მიზანი მშობლის ქონებაზე, მათ ქონებრივ უფლებებზე ზრუნვა არ არის, კონვენციის მიზანია ბავშვის უფლების დაცვა, მისი მატერიალური უზრუნველყოფის უფლების დაცვა, რა დროსაც გასათვალისწინებულია მშობლების პატივსადები ინტერესები - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური პირობები, შემოსავლების ოდენობა, შემოსავლის მიღების წყაროები.
ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. შვილების აღზრდა არის მშობლის მთავარი ვალდებულება. განქორწინების გამო არ უნდა შეილახოს ბავშვის უფლებები, მისი მატერიალური მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს იმის გამო, რომ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლების დაშორების შემდეგ უნდა შენარჩუნდეს ბავშვის ის მატერიალური უზრუნველყოფა, რაც მშობლების ერთად ყოფნის დროს ჰქონდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წის 16 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას-1011-931-2017 განმარტებულია, რომ „კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში“.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მცირეა მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა 150 ლარი, რომლის გადახდაზე თანახმაა. მოსარჩელე მართალია დასაქმებულია, მაგრამ მას მცირე შემოსავალი აქვს, ამასთან, ალიმენტის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოპასუხე ყოველდღიურად მისი მცირეწლოვანი შვილის აღზრდის პროცესში არ მონაწილეობს, ყოველდღიურად ხარჯების გაწევა და ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა არ უწევს, ეს საკითხები მთლიანად მოსარჩელის გადასაწყვეტია. მოპასუხეს აქვს მოსარჩელეზე მეტი შემოსავალი, მას კმაყოფაზე არ ჰყავს სხვა არასრულწლოვანი შვილი ან შრომისუუნარო პირები, მას აქვს სტაბილური შემოსავალი, რის გამოც 250 ლარის ოდენობით ალიმენტი სამართლიანი ოდენობაა და შეესაბამება მოპასუხის მატერიალურ მდგომარეობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული ალიმენტის ოდენობა გონივრული იმის გათვალისწინებითაც, რომ მოპასუხეს გააჩნია გადასახდელი საკრედიტო ვალდებულება. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკრედიტო ვალდებულების არსებობა შვილის რჩენის ვალდებულებას არ ამცირებს, რადგან მცირეწლოვანი შვილის რჩენა მშობლის მთავარი ვალდებულებაა. საკრედიტო ვალდებულება მოპასუხის მიერ მისი ინტერესებისათვის აღებული ფულადი რესურსია, გამოყენებულია მისი მატერიალური ინტერესესის დასაკმაყოფილებლად, რადგან არ დასტურდება რა გადაუდებელი საჭიროებისათვის (მაგ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამედიცნო ხარჯის ასანაზღაურებლდა) აიღო კრედიტი. ამდენად, საკრედიტო, საგადასახადო ან კომუნალური მომსახურების ხარჯების ანაზღაურება არ არის ისეთი ვალდებულება, რის გამოც შვილის რჩენისათვის გადასახდელი ალიმენტი შეიძლება შემცირდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ შვილის რჩენის საკითხში მშობლებს თანაბარი უფლებები აქვთ, რაც მათ თანაბარ უფლებრივ მდგომარეობას ნიშნავს და არა შვილის რჩენის საკითხში მატერიალური სახსრების არითმეტიკულად თანაბრად განაწილებას. მოპასუხის განმარტებით, საერთო ჯამში მცირეწლოვანი ბავშვის რჩენისათვის 500 ლარის დახარჯვის საჭიროება არ არსებობს, რადგან მოსარჩელის ვალდებულებაც მოპასუხის ვალდებულების თანასწორია. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების მიმართ მშობლების თანასწორუფლებიანობა მხოლოდ მატერიალურ დახმარებაში არ ვლინდება და შვილზე ზრუნვა მხოლოდ ფინანსური სახსრების ხარჯვა არ არის. ამ შემთხვევაში მოსარჩელესთან ცხოვრობს მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც ბავშვზე ყოველდღიურად ზრუნავს, რაშიც მოპასუხე არ მონაწილეობს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი გონივრული და სამართლიანია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2017 წლის 25 ოქტომბრიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 3000 ლარს. სსსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ. გადაწყვეტილებით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი 250 ლარიდან მოპასუხემ ცნო 150 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 60%. საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 60% არის 60 ლარი, რომლის გადახდისაგან მოპასუხე თავისუფლდება, რის გამოც გადასახდელი სახელწიფო ბაჟის ოდენობაა 40 ლარი. სახელმწიფო ბაჟი მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. დავის საგნის ღირებულების 3000 ლარის 4%-ია 120 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული დახმარების ხარჯების ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 600 ლარის დაკისრებას, რაც აღემატება დავის საგნის ღირებულების 4%-ს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად მოსარჩელისათვის 120 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ს--–---- მ------–--ის სარჩელი;
2. 1.1. ნ--- ჭ-------–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2015 წლის 1------------ დაბადებული ტატო ჭ-------–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 250 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2017 წლის 25 ოქტომბრიდან;
3. ნ--- ჭ-------–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა;
4. ნ--- ჭ-------–ს დაეკისროს ს--–---- მ------–--ისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად 120 ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი