გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210016001563098
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.03.2018წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - შპს ”ე-----------------”
წარმომადგენელი - ნ-------–------–ი
მოპასუხეები - ბ-----ი ბ---–----ე, დ---თ ზ----ე, მ------ნ ნ--------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბ-----ი ბ---–----ეს, დ---თ ზ----ეს, მ------ნ ნ--------ეს შპს ე----------------“–ის სასარგებლოდ დაეკისროთ სესხის ძირი თანხის - 3500 აშშ დოლარის, სარგებლის - 1045 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 100 აშშ დოლარის ანაზღაურება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს, მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ერიცხებათ დავალიანება 4645 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 3500 აშშ დოლარი, სარგებელი - 1045 აშშ დოლარი, ჯარიმა - 100 აშშ დოლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ, სესხის ძირი 3500 აშშ დოლარის თანხის დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 20 აპრილს შპს „ე-----------------ს“, პ--------------ა და ბ-----ი ბ---–----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #134636/B და შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზე მსესხებელ ბ-----ი ბ---–----ეს დაუმტკიცდა სესხის ლიმიტი 8 000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის სახით გადაეცა 3500 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა პ-------------- საკუთრებაში არსებული ავტომანქანა მერსედეს ბენც, სახელმწიფო ნომრით E--------- მოპასუხე ბ-----ი ბ---–----ემ იკისრა ვალდებულება სესხის დაბრუნება უზრუნველეყო სესხის ხელშეკრულებითა და სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობებით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხდნენ პირგასამტეხლოზე, 1-დან 10 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში - 10 აშშ დოლარი, 11-დან 20 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში - 20 აშშ დოლარი, 21-დან 30 კალენდარული დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში - 30 აშშ დოლარი, ხოლო 30 დღეზე მეტი ვადით ვადაგადაცილების შემთვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ვადაგადაცილებული სესხის თანხის 0.5%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება ს.ფ. 18-23;
- სატრანსპორტო საშუალების საკუთრებისა და სარეგისტრაციო მოწმობები - ს. ფ. 24;
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ - ს. ფ. 27;
- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს.ფ. 28-29;
- საბანკო რეკვიზიტები თანხის გადახდის წესის - ს. ფ. 30;
3.2.2. 2016 წლის 20 აპრილს, შპს „ე-----------------“-ს, სოლიდარული თავდებობის შესახებ წერილობითი განცხადებებით მიმართეს მ------ნ ნ--------ემ და დ---თ ზ----ემ და განაცხადეს თანხმობა, ასევე იკისრეს პასუხისმგებლობა ბ-----ი ბ---–----ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. იმავე დღეს, 2016 წლის 20 აპრილს, შპს „ე----------------“-ს, მ------ნ ნ--------ესა და დ---თ ზ----ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის საფუძველზე მურვან ნ--------ემ და დ---თ ზ----ემ იკისრეს სოლიდარული ვალდებულება მურად ვანაძესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სესხის ძირი თანხის, სარგებლისა და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. მხარეთა შეთანხმებით თავდებ პირტა პაასუხისმგებლობა განისაზღვრა ზღვრული თანხით - 24 000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილობითი განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ - ს. ფ. 31; 35;
- ხელშეკრულებები სოლიდარული თავდებობის შესახებ - ს.ფ. 32-33; 36-37;
3.2.4. მოპასუხეები პირადად იყვნენ ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა. შპს „ე-----------------მა“ გაფრთხილების წერილები გაუგზავნა მსესხებელსა და თავდებ პირს, თუმცა წერილობითი გზავნილების მხარეებს ვერ ჩაბარდათ, რის გამოც გაფრთხილება გამოქვეყნდა საჯაროდ, პერიოდულ გამოცემა „სიტყვა და საქმეში“. მიუხედავად ამისა, გაფრთხილებას, მოპასუხეთა მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიმართვები დავალიანების დაფარვის თაობაზე, საფოსტო გზავნილები და ამონარიდები პერიოდული გამოცემა- „სიტყვა და საქმიდან“ - ს. ფ. 40-51;
3.2.5. სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებს ბ-----ი ბ---–----ეს, დ---თ ზ----ეს და მ------ნ ნ--------ეს დაერიცხათ დავალიანება სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 3500 აშშ დოლარი, სარგებელი - 1045 აშშ დოლარი, (სესხის ძირი თანხის 5%, სარჩელის აღძვრამდე), პირგასამტეხლო - 2113 აშშ დოლარი, რასაც მოსარჩელე ამცირებს ნაბაყოფლობით და პირგასამტეხლოს სახით ითხოვს მხოლოდ 100 აშშ დოლარის დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 32
3.2.6 მოსარჩელე შეეცადა მოთხოვნის დაკმაყოფილებას გირავნობის საგნის გამოყენებით და დაიწყო სათანადო პროცედურა. კომპანიამ განცხადებით მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით. 27.07.2016 წელს გაიცა გირავნობის მოწმობა, რაც 29.07.2016 წელს გადაეცა კერძო აღმასრულებელს, თუმცა აღმოჩნდა, რომ გირავნობის საგანი საქართველოში არ იძებნება, ვინაიდან ავტომანქანა გაყვანილია საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოსარჩელემ გირავნობის მოწმობის მისაღებად გადაიხადა საფასური - 50 ლარის ოდენობით, ასევე, გადაიხადა სააღსრულებო წარმოების საფასური 200 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გირავნობის მოწმობა - ს. ფ. 52;
- აღმასრულებლის მიერ განცხადების მიღების ბარათი - ს. ფ. 56;
- სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება - ს. ფ. 53-55;
- შსს-ს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების შესახებ - ს. ფ. 57-58;
3.2.6. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ დავალიანების თანხა დაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისატვის, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შეადგენს 3704 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 3500 აშშ დოლარი, სარგებელი - 1045 აშშ დოლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 100 აშშ დოლარი. მართალია, მოპასუხე მხარემ სარჩელის მოთხოვნა ცნო მხოლოდ სესხის ძირი თანხდის ნაწილშ, მაგრამ მას მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების, (მათ შორის დავალიანების ოდენობის), საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, , 623-625-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 873-ე, 411-ე, 361-ე 408-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის სესხისა და სოლიდარული ვალდებულების კისრების საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ხოლო იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე ბ-----ი ბ---–----ეზე გასცა სესხი, შესაბამისი სარგებლის დარიცხვის პირობით. ბ-----ი ბ---–----ემ კი იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო სესხის დაბრუნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდებთა პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა მ------ნ ნ--------ემ და დ---თ ზ----ემ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს სრული პასუხისმგებლობა ბ-----ი ბ---–----ის მიერ შპს „ე-----------------ის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბ-----ი ბ---–----ესთან ერთად მ------ნ ნ--------ისა და დ---თ ზ----ის სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოშობილია მასთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) გარიგებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
განსახილველ შემთხვევაში, თავდებთა პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის და პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლით. ამდენად, თავდებმა პირებმა სრულად უნდა აგონ პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის. ამასთან დადგენილია, რომ თავდებთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი, თავდებობის ხელშეკრულებების მიხედვით, განსაზღვრულია 24 000 აშშ დოლარით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა თავდებ პირთა მიმართ არ აღემატება მათი პასუხისმგბლობის ფარგლებს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მითითებული ნორმების მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. იმავდროულად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხარისხისა და ხანგრძლივობის, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობისა და იმ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობის გათვალისწინებით, რომლის ფარგლებშიც დაერიცხა პირგასამტეხლო მოპასუხე მხარეს, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განახევრდეს და განისაზღვროს 50 აშშ დოლარით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, მოსარჩელის წინაშე თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებიათ. მოპასუხე მხარეს ვალდებულების დარღვევის საკითხი სადავოდ არ გაუხდია, ასევე არ გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ დარიცხული დავალიანება დააგარიშებულია მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად. შესაბამისად, მათ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 4595 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 3500 აშშ დოლარი, სარგებელი - 1045 აშშ დოლარი, ჯარიმა - 50 აშშ დოლარი.
6.5. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯები 250 ლარის ოდენობით, რაც გამოიხატა გირავნობის მოწმობის მისაღებად და სააღსრულებო წარმოების დასაწყებად გადახდილ საფასურში.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავდები პირების - მ------ნ ნ--------ისა და დ---თ ზ----ის ვალდებულება/პასუხისმგებლობა, სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, განსაზღვრულია მხოლოდ სესხის ძირი თანხის, მასზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოცულობით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის - 250 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მხოლოდ ძირითად მსესხებელს ბ-----ი ბ---–----ეს
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ დავის საგნის ღირებულება შეფსებულია 11283 ლარით და სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილია 339 ლარი. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ. შესაბამისად, ისინი უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მათ მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად, რაც შეადგენს 3500 აშშ დოლარის შესატყვის თანხას - 249.78 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, (249.78 ლარი), რომლის გადახდისაგან მოპასუხეები გათავისუფლდნენ სსკ-ის 49.2-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მათ მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 78.14 ლარს. მოპასუხე ბ-----ი ბ---–----ეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება (ზიანის ნაწილში) 7,51 ლარის ოდენობით, ხოლო ბიუჯეტში უნდა დარჩეს 3.57 ლარი, მოსარჩელის დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ემუხლებით,გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მოსარჩელე შპს ”ე----------------“-ის მოთხოვნა, მოპასუხეების ბ-----ი ბ---–----ის, მ------ნ ნ--------ის და დ---თ ზ----ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეებს ბ-----ი ბ---–----ეს, მ------ნ ნ--------ეს და დ---თ ზ----ეს მოსარჩელე შპს ”ე-----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 3500 აშშ დოლარის, სარგებლის - 1045 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 50 აშშ დოლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე ბ-----ი ბ---–----ეს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით.
4. აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების ბ-----ი ბ---–----ის, მ------ნ ნ--------ის და დ---თ ზ----ის საკუთრებაში არსებული მოძრავ-უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.
5. შპს „ე-----------------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2016 წლის 19 ოქტომბერს სს „თ-----------ს“ #1476859584 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 339 ლარის ნაწილი - 249.78 ლარის ოდენობით.
6. მოპასუხეებს ბ-----ი ბ---–----ეს, მ------ნ ნ--------ეს და დ---თ ზ----ეს მოსარჩელე შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 78.14 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოპასუხე ბ-----ი ბ---–----ეს მოსარჩელე შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 7.51 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი