გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/179-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7.03.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე ქ------- ტ-------ე
წარმომადგენელი თინათინ მურჯიკნელი
მოპასუხე ა---------– ტ-------ე
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა---------– ტ-------ისათვის არასრულწლოვანი შვილის 2015 წლის 1-----–--ს დაბადებული ა----- ტ-------ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 450 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეებს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი ა----- ტ-------ე, რომელიც ცხოვრობს და იზრდება მოსარჩელის ოჯახში. მოპასუხე არ ზრუნავს ბავშვზე, მატერიალურად არ ეხმარება შვილის გაზრდაში. დაშორების შემდეგ მას ერთხელაც არ შეუძენია შვილისათვის ტანსაცმელი, არ დაინტერესებულა ბავშვის აღძრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორებით - კვების რაციონით, დასვენებით, ჰიგიენური საშუალებებით, რაც თავის მხრივ თანხებთან არის დაკავშირებული. მოპასუხემ საბავშვო ანაბარი გახსნა სარჩელის აღძვრის შემდეგ, თუმცა ანაბარი თავისი არსით ბავშვის ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფის საშუალება არ არის, რადგან ანაბარზე არსებული თანხის განკარგვა შესაძლებელია ბავშვის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ამასთან, ანაბაზე შენატანი ყოველთვიური თანხა არის მინიმალური 20 ლარი. მართალია მოპასუხე ოჯახური კორპორატიული დაზღვევის ფარგლებში უზრუნველყოს ბავშვის სამედიცინო მომსახურების დაზღვევის დაფინანსებას, მაგრამ ეს დაზღვევა ერთწლიანია, ამასთან მოსარჩელეც სს საქართველოს ბანკში მუშაობს და დაზღვევის ასეთი პირობები მისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება სამომავლოდ, შესაბამასად ეს გარემოებები ალიმენტის შემცირების საფუძველს არ წამოადგენს. მოპასუხე მუშაობს სს საქართველოს ბანკში, აქვს ხელფასი 900 ლარი, რის გამოც აქვს მოთხოვნილი ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში ნაწილობრივ არ ცნო. სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა 100 ლარის გადახდაზე. მისი განმარტებით, მუშაობს საქართველოს ბანკში, სადაც აქვს ხელფასი 900 ლარი. აღებული აქვს კრედიტი 30000 ლარის ოდენობით, რომლის გადასახდელად იხდის თვეში 450 ლარს. დედა წასულია საზღვარგარეთ და სწორედ ამ მიზნითაა აღებული სესხი. მასთან ერთად ცხოვრობს ძმა და მამა. მამას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, რის გამოც მას სჭირდება მატერიალური დახმარება.
(07.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1.ა---------– ტ-------ესა და ქ------- გ--------ე 2017 წლის ივლისიდან ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მათი არასრულწლოვანი შვილი ა----- ტ-------ე ცხოვრობს დედასთან მოსარჩელე ქ------- გ--------ესთან, მის საცხოვრებელ ადგილზე ქალაქ რუსთავში, მ----–---–-----------2.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-4. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 22-28. ტომი 1)
3.1.2. ქ------- ტ-------ე დასაქმებულია სს საქართველოს ბანკში მოლარე ოპერატორად. მისი ყოველთვიური ხელფასია 640 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მოსარჩელის განმარტება (07.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- მოპასუხის განმარტება (07.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- შესაგებელი (ს.ფ. 22-28. ტომი 1)
3.1.3. ა---------– ტ-------ის მიერ 2018 წლის 9 თებერვალს გახსნილია ვადიანი ანაბრის დეპოზოტი, საბავშვო ანაბარი შვილის ა----- ტ-------ის სახელზე. ანაბრის ანგარიშია G---------------------. პირველადი შენატანია 402.32 ლარი, წლიური სარგებლის მოცულობაა 10.20%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ანაბრის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 37-70. ტომი 1 )
3.1.4. ა---------– ტ-------ე სს „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული დაზღვევის ფარგლებში ანაზღაურებს შვილის ა----- ტ-------ის სამედიცინო მომსახურების დაზღვევის ხარჯებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-4. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 22-28. ტომი 1)
- სადაზღვევო პოლისის ასლი (ს.ფ. 68. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ქ------- გ--------ესა და ა---------– ტ-------ეს ჰყავთ ერთი არასრულწლოვანი შვილი – ა----- ტ-------ე.
დაბადების მოწმობის თანახმად, 2015 წლის 1-----–--ს დაბადებულია ა----- ტ-------ე. მის მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა ქ------- გ--------ე, მამა – ა---------– ტ-------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 14. ტომი 1).
3.2.2. ა---------– ტ-------ე დასაქმებულია, მისი დარიცხული ხელფასია თვეში 1125 ლარი. მოპასუხე არ განიცდის ფინანსურ გაჭირვებას, მას ხელფასის გარდა აქვს სხვა შემოსავალიც.
ა---------– ტ-------ე მისი მატერიალური მდგომაროების გათვალისწინებით ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიიჩნევს 100 ლარს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება ა---------– ტ-------ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომლის გამოც მას შვილის რჩენისათვის მხოლოდ 100 ლარის გადახდა შეუძლია.
ა---------– ტ-------ე დასაქმებულია სს „საქართველოს ბანკში“ ლოჯისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასია 1125 ლარი. საშემოსავლო გადასახადის 20%-ის დაქვითვის შემდეგ იგი ფაქტობრივად იღებს ხელფასს 900 ლარს.
მოპასუხე დასახელებული ალიმენტს გონივრულად მიიჩნევს მისი საკრედიტო ვალდებულებების გათვალისწინებით. კერძოდ, სს „ვითიბი ბანკის“ მიერ გაცემული საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით დასტურდება, რომ ა---------– ტ-------ეს 2017 წლის 8 ნოემბერს აღებული აქვს სესხი 30 231 ლარის ოდენობით წლიური 12.5% სარგებლის დარიცხვით. სესხი გაცემულია 10 წლის ვადით 2027 წლის 15 ნოემბრამდე. თანხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიური შენატანია 450 ლარი.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილია სს „საქართველოს ბანკის“ მიერ გაცემული ანგარიშიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ ა---------– ტ-------ეს სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე "მასტერ ქარდი პლუს სილვერ" ფიქსირდება შემდეგი ტრანზაქციები: ელექტრონულ ყულაბაზე დაგროვილი თანხის ანაბარზე გადატანა, გადადის აპარატის საშუალებით ანგარიშზე თანხის შეტანა. ამავე ანგარიშზე ჩარიცხულია ხელფასი. ასევე ანგარიშზე სხვადასხვა პირებს მიერ ჩარიცხულია თანხა. კერძოდ, ელექტრონულ ყულაბაზე დაგროვილი თანხის ანაბარზე შეტანის მიზნით თანხა შეტანილია ანაბარზე G---------------------. ეს ანგარიში არ არის მხარეების აარსრუწლოვანი შვილის საბავშვო ანაბრის ანგარიში.
ანგარიშზე ხელფასის ჩარიცხვის გარდა, თანხა ჩარიცხულია ასევე გადახდის აპარატიდან. თანხა 450 ლარი ჩარიცხული აქვს ასევე ფიზიკურ პირს მადონა ჯავახაძეს დანიშნულებით: ღვინის საფასური.
ამონაწერი შეიცავს ინფორმაციას 2017 წლის 02 ნოემბრიდან 2018 წლის 5 თებერვლის ჩათვლით, 3 თვის პერიოდის ინფორმაციას. ამონაწერის თანახმად, მითითებულ პერიოდში ანგარიშზე შემოსული თანხების ჯამია 10 639 ლარი, ხოლო გასული თანხაა სულ 10 434,24 ლარი.
სს "საქართველოს ბანკში" მოპასუხის ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასია 900 ლარი. მითითებულ სამ თვეში ხელფასის სახით მიღებული თანხაა 2700 ლარი, ამ პერიოდში 2018 წლის 30 იანვარს მიღებული აქვს ასევე საშვებულებო ანაზღაურება 540 ლარი. ამდენად, შრომის ანაზღაურების სახით მიღებული შემოსავალია 3240 ლარი. მითითებულ სამთვიან პერიოდში მოპასუხეს ამ ანგარიშზე მიღებული აქვს თანხა ჯამურად 10 639 ლარის ოდენობით, რაც მის სახელფასო შემოსავალს მნიშვნელოვნად აღემატება.
აღნიშნული გარემოებების გამო სამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ მოპასუხეს ხელფასის გარდა აქვს სხვა შემოსავალი, რადგან მითითებულ პერიოდში მას მიღებული აქვს ხელფასის გარდა სხვა თანხა, რომელიც მის ხელფასზე ორჯერ მეტია. ამდენად, საბანკო კრედიტის ვალდებულების არსებობა არ არის საკმარისი საფუძველი იმის მტკიცებისათვის, რომ იგი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაშია და არ შეუძლია შვილის სათანადოდ რჩენა.
ა---------– ტ-------ე ცხოვრობს ძმასთან და მამასთან ერთად. სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის თანახმად, მოპასუხის მამას დავით ტ-------ეს მინიჭებული აქვს მკვეთრი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, შეზღუდვის მიზეზია საერთო დაავადება. სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ. დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტი საჭიროებს მომვლელს, მუდმივ მეთვალყურეობას, საჭიროებს სამედიცინო ეტლს. დავით ტ-------ის დიაგნოზია ჰიპერტონული დაავადება, მას აღენიშნება მოძრაობის კოორდინაციის მკვეთრად გამოხატული მოშლა, ნათხემისებური მკვეთრი ატაქსია, დგომა, გადაადგილების შუეძლებლობით, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა იშემიური ტიპის, თავის ტვინის ინფარქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 48-58. ტომი 1)
- სამედიცინო ცნობის ასლი (ს.ფ. 47. ტომი 1 )
- სასესხო ანგარიში ამონაწერი (ს.ფ. 41-46. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 280 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
· საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.
· გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
· ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თვაინთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა მისი მატერიალური და ოჯახური პირობების გათვალისწინებით არაგონივრულად მცირე ალიმენტის თანხაა და ამ ოდენობით ალიმენტის დაკისრება შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაში სიმბოლური მონაწილეობა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ა----- ტ-------ე არის მცირეწლოვანი. მას სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროება მატერიალური უზრუნველყოფა, ბავშვს მცირეწლოვანი ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი გასართობი საშუალებები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა კი მხოლოდ დედის მიერ ვერ მოხდება.
მოსარჩელე დასაქმებულია და მისი ხელფასია თვეში 640 ლარი. ასევე დასაქმებულია მოპასუხე და მისი ხელფასია თვესი 900 ლარი. ხელფასის გარდა მას აქვს სხვა შემოსავლის მიღების საშუალება, რის შედეგად დამატებით ხელფასზე ორჯერ მეტი შემოსავალი აქვს.
სასამართლო მიაჩნია, რომ ბავშვის რჩენისათვის 100 ლარის გადახდა არის მინიმალური თანხა, რომლის დაკისრება შესაძლებელია ისეთ ვითარებაში, როცა მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა მეტად არასახარბიელოა და მოპასუხეს გააჩნია ფინანსური პრობლემები, აქვს მცირე, ასევე არასტაბილური შემოსავალი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს მოპასუხის ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რაც მის ფინანსურ სიძნელეებზე მიუთითებს და ასაბუთებს, რომ მოპასუხეს 100 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილის რჩენისათვის არ შეუძლია.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
ამდენად, შვილების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა არის მშობლის ძირითადი ვალდებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მოსარჩელე დასაქმებულია, თუმცა მას აქვს მოპასუხეზე ნაკლები შემოსავალი. ამასთან, მასთან იზრდება არასრულწლოვანი შვილი, რის გამოც ყოველდღიურად იგი ზრუნავს ბავშვზე, მას უწევს ბავშვის რჩენისათვის ყოველდღიური საჭიროებების უზრუნველყოფა.
სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის რჩენის ვალდებულების მოცულობა არ იცვლება მშობლების განქორწინების შედეგად. ოჯახის შექმნით და შემდგომ ბავშვის დაბადებით მეუღლეებს დაეკისრათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა შვილის მიმართ. განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. შვილების აღზრდა არის მშობლის მთავარი ვალდებულება.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ალიმენტის მომთხოვნ მშობელს შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად შვილის რჩენა ან რა ფარგლებში შეუძლია მას მეორე მშობელთან ერთად მატერიალური სახსრების გაღება შვილის სარჩენად.
მოპასუხის განმარტებით, რადგან მოსარჩელე მოითხოვს ალიმენტს 450 ლარს, ნაგულისხმებია, რომ ბავშვისთვის ყოველთვიურად საჭიროა 900 ლარის ფინანსური დანახარჯის გაწევა, რაც მშობლებს შორის თანაბრად ნაწილდება. სასამართლო ამ საკითხზე განმარტავს, რომ შვილის რჩენის საკითხში მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობეის აქვთ, რაც მათ თანაბარ უფლებრივ მდგომარეობას ნიშნავს და არა შვილის რჩენის საკითხში მატერიალური სახსრების არითმეტიკულად თანაბრად განაწილებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების მიმართ მშობლების ვალდებულებების თანასწორობა მხოლოდ მატერიალურ დახმარებაში არ ვლინდება და შვილზე ზრუნვა მხოლოდ ფინანსური სახსრების ხარჯვა არ არის. ამ შემთხვევაში მოსარჩელესთან ცხოვრობს მცირეწლოვანი შვილი, რის გამოც იგი ბავშვზე ყოველდღიურად ზრუნავს, რაშიც მოპასუხე არ მონაწილეობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას-1011-931-2017 განმარტებულია, რომ „კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში“.
განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. განქორწინების გამო არ უნდა შეილახოს ბავშვის უფლებები, მისი მატერიალური მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს იმის გამო, რომ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლების დაშორების შემდეგ უნდა შენარჩუნდეს ბავშვის ის მატერიალური უზრუნველყოფა, რაც მშობლების ერთად ყოფნის დროს ექნებოდა. ამ შემთხვევაში მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის შეუსაბამო ალიმენტის თანხაა 100 ლარი, რადგან მოპასუხეს გარდა ხელფასისა (თვეში 900 ლარი), აქვს სხვა შემოსავალიც, რაც აშკარად დასტურდება მისი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით. სასამართლოს ასევე აღნიშნავს იმას, რომ მოპასუხის საკრედიტო ვალდებულების არსებობა შვილის რჩენის ვალდებულების შემცირების საფუძველი არ არის, რადგან საბანკო კრედიტო აღებულია არა განსაკუთრებული საჭიროების გამო (მაგ: ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო მკურნალობის მიზნით), არამედ ოჯახის წევრის საზღვარგარეთ გამგზვარების მიზნისათვის. სასამართლო განმარტავს, კომუნალური ხარჯების ანაზღაურება, ასევე საკრედიტო ვალდებულების არსებობა ადამიანის ყოფა-ცხოვრებისათვის ჩვეულებრივი ვალდებულებებია და მათი არსებობა მეუღლეთა ერთად ცხოვრების პირობებშიც შვილის რჩენის ვალდებულებას არ ამცირებს. შესაბამისად, განქორწინების შემდეგაც მშობლის ფინანსური ვალდებულებები შვილის რჩენის საკითხში მინიმალური ვალდებულების დაკისრებას არ იწვევს. განქორწინების შემდეგადაც მშობელს ევალება შვილის სათანადოდ რჩენა მისი უნარების და მატერიალური შესაძლებლობის მიხედვით.
მოპასუხეს აქვს მოსარჩელეზე მეტი შემოსავალი, მას აქვს სტაბილური შემოსავალი. მართალია მასთან ცხოვრობს შრომისუუნარო მამა, მაგრამ მისი მატერიალური დახმარება მხოლოდ მოპასუხე ა---------– ტ-------ეს არ ეკისრება. მოპასუხეს ჰყავს ძმა, დედა, რომლებსაც ასევე ევალებათ მათი შრომისუუნარო ოჯახის წევრისათვის მატერიალური დახმარება. შესაბამისად, არც ეს გარემოებაა 100 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებისათვის საკმარისი არგუმენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი შემცირება შესაძლებელია ალიმენტის გადამხდელის ავადმყოფობის ან სხვა საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც პირს არ შეუძლია შვილის რჩენისათვის სახსრების გაღება, რადგან თავად საჭიროებს მატერიალურ ან ფიზიკურ დახმარებას. ასეთი გარემოებებია მძიმე ავადმყოფობა, უკიდურესი სოციალური გაჭირვება. ასეთი მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მოპასუხეს არა აქვს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 280 ლარის ოდენობით ალიმენტი, რადგან არ დასტურდება ყოველთვიურად 450 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების აუცილებლობა ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის ეს ოდენობა გონივრულია იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე დასაქმებულია და აქვს მაღალი სტაბილური შემოსავალი, ყოველთვიური ხელფასი აქვს მოსარჩელესაც, რის გამოც მას შეუძლია გაიღოს შვილის რჩენისათვის მატერიალური სახსრები. ამასთან, მოპასუხეს ჰყავს შრომისუუნარო ოჯახის წევრი, რომელიც მართალია სრულად მის კმაყოფაზე არ არის, მაგრამ მასაც გააჩნია შრომისუუნარო მამის დახმარების ვალდებულება, რის გამოც ამ შემთხვევაში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 280 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 22 იანვრიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 3360 ლარს. სსსკ 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 100,80 ლარი (დავის საგნის ღირებულების 3%).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ. გადაწყვეტილებით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი 280 ლარიდან მოპასუხემ ცნო 100 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 36%. საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 36% არის 36 ლარი. რადგან მოპასუხემ სარჩელის ნაწილი მტავარ სხდომაზე ცო, სახელმწიფო ბაჟის ოდნეოაბ ნახევრდება და გი თავიუსფლდება სახელმწიფო ბიუჯეტში 18 ლარის გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელია 72,80 ლარი. სახელმწიფო ბაჟი მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ქ------- გ--------ის სარჩელი;
1.1. ა---------– ტ-------ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2015 წლის 1-----–--ს დაბადებული ა----- ტ-------ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 280 ლარის ოდენობით. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 22 იანვრიდან;
2. ა---------– ტ-------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 72 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი