გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210016001559862
№2/3268-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.02.2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ევგენიძე
მოსარჩელე - ვ------გ თ-------–---–ი, ნ---ი ქ-------ე
წარმომადგენელი - ა-----------ე, ნ---ი ქ-------ე
მოპასუხე - რ----ნ ქ-------ე
წარმომადგენელი - ო----------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოპასუხე რ----ნ ქ-------ისათვის, სესხისა და ვალდებულების შესახებ 21.11.2014 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის – 26 250.00 ლარის ანაზღაურების დაკისრება, მოსარჩელეების ვ------გ თ-------–---–ისა და ნ---ი ქ-------ის სასარგებლოდ.
1.2. მოპასუხე რ----ნ ქ-------ისათვის ფულის კურსის ცვლილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, 562.00 აშშ დოლარის ოდენობით, მოსარჩელეების ვ------გ თ-------–---–ისა და ნ---ი ქ-------ის სასარგებლოდ.
1.3. მოპასუხე რ----ნ ქ-------ისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრება, სესხის ძირი თანხის - 26250.00 ლარის წლიური 15%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 328.12 ლარს, 21.11.2015 წლიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე, მოსარჩელეების ვ------გ თ-------–---–ისა და ნ---ი ქ-------ის სასარგებლოდ.
მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
მოსარჩელეები ვ------გ თ-------–---–ი და ნ---ი ქ-------ე არიან დანიშნულები და აპირებენ შექმნან ოჯახი. მათ გადაწყვიტეს საცხოვრებელი ფართის დაქირავება, რომლითაც ისარგებლებდა ნ---ი ქ-------ე. 21.11.14 წელს მოსარჩელე ვ------გ თ-------–---–სა და მოპასუხე რ----ნ ქ-------ეს შორის შორის გაფორმდა სესხისა და ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოპასუხემ მიიღო სესხის თანხა 26 250 ლარი, რაც იმ დროისათვის შეადგენდა 15 000 აშშ დოლარს (15.000X1.75=26250). მოსარჩელეს კი სარგებლობის უფლებით გადაეცა საცხოვრებელი ფართი. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით. თუმცა სახელშეკრულებო ვადის ამოწურვის მიუხედავად, მოპასუხემ მოსარჩელეს სესხად გადაცემული თანხა არ დაუბრუნა. ვალდებულების დარღვევის პერიოდში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ფულის კურსის ცვლილების შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 562 ლარი (26250 ლარის წლიური 15%). გარდა ამისა, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების დაყოვნებით მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის სახით მიიღო ზიანი თვეში 328.12 ლარის ოდენობით, რაც 21.11.2014 წლიდან სარჩელის აღძვრამდე – 17.10.2017 წლამდე, შეადგენს 7875 ლარს. მოპასუხე დღემდე არიდებს თავს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რის გამოც მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი იზრდება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ 26 250 ლარის ანაზღაურების ნაწილში და განმარტა, რომ მოსარჩელე ნ---ი ქ-------ე არის არასათანადო მხარე, ის არ მონაწილეობდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში, შესაბამისად, მოპასუხეს მის მიმართ რაიმე ვალდებულება არ ეკისრება. მოპასუხემ არ სცნო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე რ----ნ ქ-------ე ქ. ბათუმში, ა-----ს ქ.№---ში საკუთრების უფლებით ფლობს 2670.00 კვმ სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული 270.80 კვმ საერთო ფართის მქონე შენობა-ნაგებობით, საკადასტრო კოდით – 0------------
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.2. ვ------გ თ-------–---–სა და რ----ნ ქ-------ეს შორის, 21.11.2014 წელს, გაფორმდა სესხისა და ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით - გამსესხებელმა ვ------გ თ-------–---–მა იკისრა ვალდებულება მსესხებელ რ----ნ ქ-------ისათვის სესხის სახით ერთი წლის ვადით (21.11.2015 წლამდე) გადაეცა 26 250 ლარი, ხოლო მსესხებელმა რ----ნ ქ-------ემ იკისრა ვალდებულება ვ------გ თ-------–---–ისათვის 21.11.2015 წლის ჩათვლით საცხოვრებლად დაეთმო მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ა-----ს ქუჩა #--–ში, ს/კ 0------------
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- სესხისა და ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება;
3.2.3. 21.11.2014 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, ვ------გ თ-------–---–მა რ----ნ ქ-------ეს სესხის სახით გადასცა 26250 ლარი, რის სანაცვლოდაც მას სარგებლობის უფლებით გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება, ს/კ 0------------ აღნიშნული უძრავი ქონებით 21.11.2014 წლიდან მხარეთა სიტყვიერი შეთანხმებით სარგებლობდა ნ---ი ქ-------ე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- სესხისა და ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება;
- რ----ნ ქ-------ისა და ვ------გ თ-------–---–ის წარმომადგენელის ნ---ი ქ-------ის წერილები;
- მოწმეთა ჩვენებები;
3.2.3. სესხისა და ვალდებულების შესახებ 21.11.2014 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის მიუხედავად, მოპასუხე რ----ნ ქ-------ემ სესხის თანხა - 26250 ლარი, მოსარჩელე ვ------გ თ-------–---–ს არ დაუბრუნა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- რ----ნ ქ-------ისა და ვ------გ თ-------–---–ის წარმომადგენელის ნ---ი ქ-------ის წერილები;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 623-624, 361-ე, 404-ე, 408-ე, 411-ე, 427-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად 8uiიცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა - მან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს გადასცა სესხის თანხა 26 250.00 ლარი. მოპასუხემ მიიღო სესხის თანხა, თუმცა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სესხის სახით მიღებული თანხა მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში 21.11.2015 წლის ჩათვლით არ დაუბრუნა. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, სარჩელი აღძრას და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან, ან უსაფუძვლო გამდიდრების, ან კიდევ, კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენ---ე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობაა. ამასთან, მხარეთა ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სასესხო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამავე კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით კი, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება სესხზე, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს გადაეცა 26 250 ლარი, კონკრეტულ ვადაში დაბრუნების პირობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნებია დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა. სკ-ის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, სესხის სახით 26 250 ლარი გადასცა მოპასუხეს, რაც მოპასუხემ მიიღო. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. მან დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სესხის დაფარვის ვადის დასრულების მიუხედავად, სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს არ დაუბრუნა. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის კანონიერი უფლება და თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა.
აქვე სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე, რომლის მიხედვით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ადასტურებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიმართ გააჩნია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება – 26 250.00 ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 131-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვითაც, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და სცნო სარჩელი 26 250.00 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მითითებული ნორმის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის – 26 250.00 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს ინფლაციის გამო განცდილი ზიანის ანაზღაურებას 562.00 აშშ დოლარის ოდენობით.
მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 21 ნოემბრის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ განიცადა ინფლაცია უცხოურ ვალუტასთან (აშშ დოლართან) მიმართებით. თანხის გადაცემის მომენტში 26 250 ლარი შეადგენდა 15000 აშშ დოლარს, მაგრამ აშშ დოლართან მიმართებით ლარის კურსის ცვლილების გამო 26 250 ლარი აღარ არის 15000 აშშ დოლარის ეკვივალენტი. კურსის ცვლილების გამო განცდილი ზიანი კი შეადგენს 562 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულადი ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს ამ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.
ამავე კოდექსის 383-ე მუხლის შესაბამისად, ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში. მხარეებს შეუძლიათ ფულადი ვალდებულება დაადგინონ უცხოურ ვალუტაშიც, თუ კანონით ეს აკრძალული არ არის.
მითითებული ნორმების განმარტებისას, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ფულის ერთეულის გაზრდა ან შემცირება თავისთავად გულისხმობს ფულის რეფორმას, რაც ფულის სისტემის განმტკიცებისათვის გატარებული სახელმწიფო საკანონმდებლო აქტია, რომლის შედეგად ქვეყანაში ფულის მოქმედი სისტემიდან სხვა სისტემაზე გადასვლა ხდება. ამ დროს მიმოქცევიდან ამოიღება გაუფასურებული ფული და მის ადგილს იკავებს ახალი ფული, იცვლება ფულის ერთეული, ან მისი ოქროს შემცველობა, რის შემდეგ დგინდება ფულადი ერთეულის, ფულის ნიშნის ფორმა და ეროვნული ვალუტის კურსი. ფულის კურსი ნიშნავს ერთი ქვეყნის ფულის ერთეულის ღირებულებას გამოხატულს სხვა ქვეყნის ფულის ერთეულით. ფულის კურსის დადგენა გაიგივებულია მის კოტირებასთან, რაც უცხოური ვალუტის საბირჟო ფასების დადგენას ნიშნავს. ვალუტის შეცვლა კი ნიშნავს ქვეყანაში ფულის ნიშნის შეცვლას. ფულადი ვალდებულების შესრულების დროს მოქმედებს ნომინალური პრონციპი. ე.ი. პრინციპი იმის შესახებ, რომ ვალი ნომინალურად იმ თანხაში უნდა დაიფაროს, რომლის შესაბამისადაც იყო დადებული ხელშეკრულება. ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სკ-ს 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას, ასევე, ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. დენომინაცია განიცადა საბჭოთა მანეთმა, როცა 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთით. ვალუტის შეცვლას ადგილი ჰქონდა, როცა რუბლი შეიცვალა კუპონით, კუპონი ლარით. ჰიპერინფლაცია კი ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომლიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუფასურებას, საგადასახადო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას. ამ დროს მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო უშვებს დიდი რაოდენობის ფულს, რომელიც რეალურ საქონელბრუნვის საჭიროებას აღემატება, რასაც მოსდევს ფულის კურსის მკვეთრი გაუარესება, ოქროს საბაზრო ფასების ზრდა.
ვინაიდან ქართულ ეროვნული ვალუტის - ლარის მიმართ ზემოთ მითითებულ პროცესებს ადგილი არ ჰქონია, ფულადი ვალდებულების შესრულების დროს დაუშვებელია სკ-ის 389-ე მუხლის გამოყენება. ამ მუხლის გამოყენება დაუშვებელია ასევე, ფულის კურსის ნორმალური გაუარესების დროს, რადგან აღნიშნული პროცესი ყველა ქვეყანაში აღინიშნება. ლარის კურსის დაცემის კრიტერიუმად არ შეიძლება აღებული იყოს მისი რომელიმე უცხოურ ვალუტასთან შეფარდება, რადგან ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან შეფარდებაში მერყეობს - ზოგი ქვეყნის ვალუტასთან შეფარდებაში მცირდება, მაგრამ ზოგიერთი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში -იზრდება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებით განცდილი ზიანის ანაზღაურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონით აკრძალული არ არის, მხარეებმა ფულადი ვალდებულება დაადგინონ აშშ დოლრით, მაგრამ ფულადი ვალდებულება აშშ დოლარით გადახდაში რომ გამოიხატოს, აუცილებელია ამ ვალდებულების შესახებ მხარეებს თავიანთი ნება დაფიქსირებული ჰქონდეთ ხელშეკრულებაში, ანუ ფულადი ვალდებულება განსაზღვრული უნდა იყოს უცხოური ვალუტით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ქონია. დადგენილია, რომ ფულადი ვალდებულება განისაზღვრა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში და ანაზღაურებაც ლარით უნდა განხორციელდეს. კურსის ცვლილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების წინაპირობა კი სახეზე არ არის.
6.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას, ვალდებულების დარღვევის მომენტიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე, 26 250.00 ლარის წლიური 15%-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 328.12 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408.1 მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი პრინციპულად ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც შეიძლება არსებობდეს მიუღებელი შემოსავლის სახითაც. მიუღებელია შემოსავალი, რომელსაც მხარე მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში და ვერ მიიღო კონტრაჰენტის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო. საკითხის განხილვა/გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ ყურადღება უნდა გამახვილდეს - რამდენად იყო მოსალოდენელი მისი მიღება. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია, სასამართლოს შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი და იკვეთებოდეს, რომ ამგვარი შემოსავლის მიღება რეალურად შესაძლებელი იყო.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ევალებოდა გარკვეული ოდენობით თანხის გადახდა მოსარჩელისათვის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფულის თვისობრიობის გათვალისწინებით, მას ყოველთვის შეუძლია მოგების მოტანა თანხის სწორად დაბანდებისა და სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. შესაბამისად, სასამართლო, გონივრული განსჯის ფარგლებში მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს რეალურად შეეძლო, მოპასუხისაგან მისაღები 26250.00 ლარის კომერციულ ბანკში ანაბარზე განთავსების გზით მიეღო შემოსავალი, ამ თანხაზე სარგებლის სახით დარიცხული წლიური 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2625.00 ლარს (ყოველთვიურად 218.75 ლარს). დადგენილია, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის თანხის გადახდის შესახებ უნდა შეესრულებინა 2015 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით, თუმცა ვალდებულება არ შეასრულა და ნასესხები თანხა მოსარჩელისათვის დღემდე დაბრუნებული არ აქვს. შესაბამისად, გამსესხებელი უფლებამოსილია ვალდებულების შესრულებასთან ერთად მოითხოვოს ვადაგადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც, რადგანაც მან ვერ მიიღო ის შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ჩვეულებრივ პირობებში ფულის გამოყენებით (სსკ-ის 404-ე და 411-412-ე მუხლები).
ამდენად, მოპასუხე რ----ნ ქ-------ეს ვ------გ თ-------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 26250.00 ლარის წლიური 10 %-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 218.75 ლარს, ვალდებულების დარღვევის მომენტიდან - 21.11.2015 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
6.4. დადგენილია, რომ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნა აღძრულია მოსარჩელეების ვ------გ თ-------–---–ისა და ნ---ი ქ-------ის მიერ. სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ---ი ქ-------ის მიმართ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ვ------გ თ-------–---–ისა და ნ---ი ქ-------ის მიერ აღძრული სარჩელის დავის საგანია სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება და ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო განცდილი ზიანის ანაზღაურება.
ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხე რ----ნ ქ-------ე სახელშეკრულებო ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელე ვ------გ თ-------–---–თან და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში პასუხისმგებლობას კისრულობდა კონტრაჰენტის ვ------გ თ-------–---–ის მიმართ. რაც შეეხება მოსარჩელე ნ---ი ქ-------ეს ის არ წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეს. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს პირს, ვისაც სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება გააჩნია. ამდენად, უდავოა, რომ ნ---ი ქ-------ესთან მიმართებით არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება, რაც მისი არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევის საფუძველია. დადგენილია, რომ არასათანადო მოსარჩელე ნ---ი ქ-------ემ უარი განაცხადა მხოლოდ სათანადო მოსარჩელის - ვ------გ თ-------–---–ის მონაწილეობით საქმის განხილვაზე. შესაბამისად, არასათანადო მოსარჩელეს ნ---ი ქ-------ეს გადაწყვეტილებით უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, მე-40 და 41-ე მუხლებით დადგენილი წესის თანახმად, სარჩელზე დავის საგნის ღირებულება შეადგენს სარჩელზე შეადგენს 39393,10 ლარს (26250+328.12X36+526X2.53 (სარჩელის დაზუსტების დროისათვის არსებული კურსის მიხედვით). შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 1181,79 ლარს. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1377.50 ლარი, რის გამოც მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 195.70 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსამზადებელი ეტაპიდან სცნო სარჩელის მოთხოვნა 26 250 ლარის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ამ მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 787.50 ლარს, რაც მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ლარის კურსის შეცვლის გამო განცდილი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილის პროპორციულად სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, რაც შეადგენს 39.93 ლარს. ასევე დადგენილია, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების ნაწილში ყოველთვიურად 218.75 ლარის დაკისრების შესახებ, (ნაცვლად 328.12 ლარისა), რის გამოც მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 236.25 ლარის ანაზღაურება, ხოლო 118.12 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის ღირებულების 2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 682,50 ლარს, სსკ-ის 53.1 მუხლის საფუძველზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სსკ-ის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.10.2016 წლის განჩინებით (N371-უზრ/2016), სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე რ----ნ ქ-------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში, ა-----ს ქუჩა #---ში მდებარე მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდით - 0-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ნ---ი ქ-------ის მოთხოვნა მოპასუხე რ----ნ ქ-------ის მიმართ.
2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ვ------გ თ-------–---–ის მოთხოვნა მოპასუხე რ----ნ ქ-------ის მიმართ.
2.1. მოპასუხე რ----ნ ქ-------ეს მოსარჩელე ვ------გ თ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხისა და ვალდებულების შესახებ 21.11.2014 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის – 26 250.00 ლარის ანაზღაურება.
2.2. მოპასუხე რ----ნ ქ-------ეს ვ------გ თ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 26 250.00 ლარის წლიური 10 %-ის ოდენობით, რაც ყოველთვიურად შეადგენს 218.75 ლარს, ვალდებულების დარღვევის მომენტიდან - 21.11.2015 წლიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ვ------გ თ-------–---–ის მოთხოვნა მოპასუხე რ----ნ ქ-------ის მიმართ 526.00 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
4. მოპასუხე რ----ნ ქ-------ეს მოსარჩელე ვ------გ თ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 286.25 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 682.50 ლარის ანაზღაურება.
5. მოსარჩელე ვ------გ თ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 17.10.2016 წელს სს „საქართველოს ბანკის“ #C_2 საგადახდო დავალებით, ნ---ი ქ-------ის მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 787.50 ლარი, რაც ჩარიცხულია ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე სახაზინო კოდით - 300693150. მოსარჩელე ვ------გ თ-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 27.12. 2016 წელს სს „საქართველოს ბანკის“ #C_2 საგადახდო დავალებით, ნ---ი ქ-------ის მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 590 ლარის ნაწილი - 195.70 ლარის ოდენობით, რაც ჩარიცხულია ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე სახაზინო კოდით - 300693150.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი