გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/410-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.03.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შ------- ნ--------ი
წარმომადგენელი სოფიო ჩირგაძე
მოპასუხე ნ------ ს-----------ე
დავის საგანი ალიმენტის დაკისრება, განქორწინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შ------- ნ--------სა და ნ------ ს-----------ეს შორის 2006 წლის 1 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
1.2. ნ------ ს-----------ისათვის არასრულწლოვანი შვილების 2006 წლის 19 აგვისტოს დაბადებული ანერო ს-----------ის, 2009 წლის 7 თებერვალს დაბადებული დავით ს-----------ისა და 2011 წლის 21 იანვარს დაბადებული მარიამ ს-----------ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 150 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეებს ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი, მათ შორის ქორწინება რეგისტრირებულია 2006 წლიდან. მეუღლეებს შორის ურთიერთობა თანდათან დაიძაბა, რის მიზეზია ის ფაქტი, რომ მოპასუხე ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს. ბავშვებს უწევთ სტრესულ მდგომარობაში ცხოვრება, რაც ცუდადა აისახება მათ აღზდაზე. მოპასუხე არ ზრუნავს შვილებაზე. იგი მუშაობს სხვადასხვა სამშენებლო სამუშოაებზე, თითქმის სტაბილურად აქვს შემოსავალი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში ნაწილობრივ ცნო სარჩელი. ცნო განქორწინების მოთხოვნა და თანხმობა განაცხადა შვილების სასარგებლოდ გადაიხადოს ყოველთვიურად თითოეულისათვის 50 ლარი. იგი ისედაც ჩართულია ბავშვების გაზრდაში, ბავშვებს მასთან სისტემატიურად აქვთ ურთიერთობა და ყოველთვის ეხმარება, თუმცა არა აქვს იმდენი შემოსავალი, რომ ყოველთვიურად თითოეულისთვის 150 ლარი გადაიხადოს.
(29.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. შ------- ნ--------სა და ნ------ ს-----------ეს შორის ქორწინება რეგისტრირებულია 2006 წლის 1 აგვისტოს სააქტო ჩანაწერი N0071179. რამდენიმე თვეა ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათი შვილები ცხოვრობენ დედასთან მოსარჩელე შ------- ნ--------თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 15. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-4. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 25-29. ტომი 1)
3.1.2. შ------- ნ--------ი ამჟამად დასაქმებული არ არის. მას ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-3. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 27-29. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (29.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.1.3. ნ------ ს-----------ეს ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს. იგი დასაქმებულია სამშენებლო სამუშაოებზე, ასრულებს კერძო შეკვეთებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 2-3. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 27-29. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (29.03.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. შ------- ნ--------სა და ნ------ ს-----------ეს ჰყავთ სამი არასრულწლოვანი შვილი ანერო ს-----------ე, მარიამ ს-----------ე და დავით ს-----------ე.
დაბადების მოწმობების თანახმად, 2006 წლის 19 აგვისტო დაბადებულია ანერო ს-----------ე, 2009 წლის 7 თებერვალს დაბადებულია დავით ს-----------ე და 2011 წლის 21 იანვარს დაბადებულია მარიამ ს-----------ე. მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა შ------- ნ--------ი, მამა – ნ------ ს-----------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 17-19. ტომი 1).
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობაა 100-100 ლარი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა დაკმაყფილდეს განქორწინების მოთხოვნა, რადგან მოპასუხემ ცნო ეს მოთხოვნა.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.
გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შ------- ნ--------სა და ნ------ ს-----------ეს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს შესარიგებელი ვადის განსაზღვრის გარეშე. რადგან მოპასუხემ ცნო განქორწინების შესახებ სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ამ ნორმით მინიჭებული უფლება გამოიყენა და სრულად ცნო სარჩელი, თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი განქორწინებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ალიმენტის შესახებ მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპიტარესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების პრიმატი აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თვაინთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 50 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა მისი მატერიალური და ოჯახური პირობების გათვალისწინებით არაგონივრულად მცირე ალიმენტის თანხაა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ მხარებს ჰყავთ სამი არსრულწოვანი შვილი. მას სწორი აღზრდა განვითარებისათვის ესაჭიროება მატერიალური უზრუნველყოფა, ბავშვებს ასაკის გამო აქვს განსაკუთრებული კვების რაციონი, რის გამოც სჭირდება განსაკუთრებული საკვები პროდუქტების შეძენა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივი ზრუნვა, ამის გამო სამედიცინო მეთვალყურეობა, სეზონური სამოსი და ბავშვის შემეცნების განვითარებისათვის აუცილებელი გასართობი საშუალებები, სასწავლო ნივთები. ამ საჭიროებების უზრუნველყოფა კი მხოლოდ დედის მიერ ვერ მოხდება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს სრულფასოვნად დასაქმების და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა არა აქვს. შესაბამისად, დედას დამოუკიდებლად სამი შვილის მატერიალური უზრუნველყოფა არ შეუძლია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა, მისი მატერიალური მდგომარეობა, რაც ასაბუთებს, რომ მოპასუხეს 50 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილის რჩენისათვის არ შეუძლია.
ალიმენტი არის ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხა, რომელიც აუცილებელია ბავშვის ნორმალური აღზრდის და მატერიალური მოთხოვნილებების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, მშობლების მატერიალური მდგომარეობა უნდა შეფასდეს ამ პრინციპის რეალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე და არა მშობლის უფლებების, მისი ქონებრივი ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
ამდენად, შვილების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა არის მშობლის ძირითადი ვალდებულება, რასაც არ ამცირებს მშობლების სხვა ფინანსური ვალდებულებების არსებობა და დროებით უმუშევრობა. მამუკა ჯალაბაძეს ჰყავს ახალი შექმნილი ოჯახი, ელოდება შვილის დაბადებას, თუმცა ეს გარემოება არსებითად არ ამცირებს შვილის რჩენის საკითხში მის ვალდებულებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მოსარჩელე დასაქმებული არ არის, ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არა აქვს, მას არა აქვს პროფესიული და უმაღლესი განათლება, იგი ზრუნავს სამ არასრულწლოვან შვილზე, რის გამოც უწევს მათ სარჩენად ყოველდღიურად ხარჯების გაღება და მათზე ზრუნვა. ეს გარემოებები მისი დასაქმების შესაძლებლობას ამცირებს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ალიმენტის მომთხოვნ მშობელს შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად შვილის რჩენა ან რა ფარგლებში შეუძლია მას მეორე მშობელთან ერთად მატერიალური სახსრების გაღება შვილის სარჩენად. ზემოთმითითებული გარემოებების გამო მოსარჩელეს დამოუკიდებლად ან მინიმალური დახმარებით (თვეში 50 ლარის ალიმენტის გადახდით) არ შეუძლია შვილის სათანადოდ მატერიალური უზრუნველყოფა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აქვს შესაძლებლობა შვილების სარჩელად ალიმენტის სახით გადაიხადოს ყოველთვიურად 50 ლარზე მეტი თანხა. მართალია იგი შრომით-სამართლერბივი ურთერთობის საფუძველზე სტაბილურად დასაქმებული არ არის, მაგრამ იგი თითქმის სისტემატიურად დასაქმებულია სამშენებლო სამუშაოებზე, აქვს სტაბილური შემოსავალი. იგი არ იღებს სოციალურ დახმარებას, არა აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც აქვს საკმარისი შესაძლებლობა, რომ შვილებისათვის გადაიხადოს ჯამურად 150 ლარზე მეტი თანხა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის მოთხოვნილი ალიმენტის თვეში 150-150 ლარის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. ალიმენტის გადახდა ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას. დადგენილი ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის, რადგან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია მისი შეცვლა მხარეთა მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში (სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი). კანონის თანახმად, ალიმენტის ოდენობა უნდა იყო გონივრული და სამართლიანი, შესაბამისად საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, რეალურად რა ოდენობის თანხის გადახდა შეუძლია მოპასუხეს. ალიმენტის მიმღების ინტერესია რეალურად მიიღოს თანხა და იგი რეალურად მოხმარდეს შვილის აღზრდას. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს სტაბილური შემოსავალი, ყოველთვიური ხელფასი არა აქვს, მისთვის ყოველთვიურად 150-150 ლარის დაკისრება მოპასუხის რეალურ მატერიალურ მდგომარეობასთან აშკარად შეუსაბამო ვალდებულების დაკისრება იქნება.
ამავდროულად სასამართლო არაგონივრულად მცირე თანხად მიიჩნევს საალიმენტო ვალდებულების 50 ლარით განსაზღვრას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამ ნორმის შესაბამისად, ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლება ან მისი შემცირება შესაძლებელია ალიმენტის გადამხდელის ავადმყოფობის ან სხვა საპატიო გარემოებების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ახდენს ისეთი განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც პირს არ შეუძლია შვილის რჩენისათვის სახსრების გაღება, რადგან თავად საჭიროებს მატერიალურ ან ფიზიკურ დახმარებას. ასეთი გარემოებებია მძიმე ავადმყოფობა, უკიდურესი სოციალური გაჭირვება. მოპასუხეს ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს, იგი შრომისუნარიანია და აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს, არჩინოს როგორც საკუთარი თავი და ოჯახის წევრები, ისე მისგან განცალკევებით მცხოვრები მცირეწლოვანი შვილი. მოპასუხის ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მას ამჟამად სტაბილური შემოსავალი არა აქვს, ყოველთვიურად ალიმენტის ჯამურად 300 ლარის გადახდა გონივრულია, რადგან მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა გამოიმუშავოს ყოველთვიურად ეს თანხა და მინიმალურად დაეხმაროს მეორე მშობელს ბავშვის აღზრდაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 5 თებერვლიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 3600 ლარს. სსსკ 39-ე პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა, საერთო ჯამში 150 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრბეული თანხის 50%, რის გამო მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში ამ საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის 50 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150;
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შ------- ნ--------ის სარჩელი;
1.1.შეწყდეს შ------- ნ--------სა პირადი N----------- და ნ------ ს-----------ეს პირადი N----------- შორის 2006 წლის 1 აგვისტოს რეგისტრირებული ქორწინება სააქო ჩანაწერი N0071179;
1.2. ნ------ ს-----------ეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების 2006 წლის 19 აგვისტოს დაბადებული ანერო ს-----------ის, 2009 წლის 7 თებერვალს დაბადებული დავით ს-----------ისა და 2011 წლის 21 იანვარს დაბადებული მარიამ ს-----------ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის თითოეულისათვის 100 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 05 თებერვლიდან;
2. ნ------ ს-----------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
3. შ------- ნ--------ს დაუბრუნდეს 2018 წლის 5 თებერვალს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, ანგარიშის სახაზინო კოდი №30063150 (საგადახდო დავალება N15764092);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი