გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017001995589
N2/616-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 აპრილი 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ მგალობლიშვილი
მოსარჩელე შპს „ქ------------------------“
წარმომადგენელი ე----------------–---–ი
მოპასუხე ი-----–-------ა
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 2000 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეს დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 100 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2015 წლის 13 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ელექტრონული სესხის №P----- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 295 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით, 30 დღეზე სარგებელი განისაზღვრა - 21,02%-ით,ჯარიმის განაკვეთი: ერთჯერადი (საურავი) – 188 ლარი, ყოველდღიური (პირგასამტეხლო) - 2% ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შედაგენს 2000 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 295 ლარი, სარგებელი - 60,19 ლარი, პირგასამტეხლო - 1644,81 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სესხის ძირი 295 ლარის, სარგებლის 60,19 ლარის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 300 ლარის ნაწილში, ხოლო იურიდიული მომსახურების საფასურის ნაწილში სარჩელი არ ცნო, ასევე იშუამდგომლა სასასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 13 მაისს მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 295 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 30 დღის ვადით, რომლის პროცენტი შეადგენდა 60,19 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
-საგადასახადო დავალება.
3.1.2. მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა განმარტებები;
-ცნობა დავალიანების შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 13 მაისის ელექტრონული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეზე დარიცხული პირგასამტეხლო -1644,81 ლარი შეუსაბამოდ მაღალია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-გენერალური ხელშეკრულება;
- სესხის აპლიკაციის ფორმა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-საგადახდო დავალება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
შპს „ქ------------------------ს“ სარჩელი ი-----–-------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოპასუხე ი-----–-------ას შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 655,19 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 295 ლარი, სარგებელი - 60,19 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი) გადახდა.
საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა დადგინდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება. სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს ეტაპობრივად, 2018 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ჯამში 655,19 ლარის გადახდით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 325-ე, 327-ე, 361-ე, 417-420-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ გ------ ბ------------მ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა, რის გამოც დარღვეული უფლების დაცვის მიზნით მომართა სასამართლოს.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხად მიღებული თანხის გამსესხებლისათვის დაუბრუნებლობა, უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით, ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის უკან დაბრუნება.
საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია და მხარეებიც არ თვლიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 13 მაისს , შპს „ქ------------------------სა“ და ი-----–-------ას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა სესხის თანხა 295 ლარის ოდენობით. სესხი გაცემულ იქნა 30 დღის ვადით, რომლის პროცენტიც შეადგენდა 60,19 ლარს. ამასთან, სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 17 ივნისამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება.
მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოცემულ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ, რომ ი-----–-------ას 2015 წლის 13 მაისის სესხის ხელშეკრულებით აკისრია 295 ლარი სესხის ძირი თანხის გადახდის ვალდებულება, რაც სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელზე შეთანხმება მსესხებელს აკისრებს იმგვარ ვალდებულებას, როგორიც მას გააჩნია ძირითადი თანხის გადახდის მიმართ. ამიტომ მოპასუხეს სარგებლის გადახდის ვალდებულება უნდა შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. სასამართლომ შეამოწმა სარგებლის ოდენობა, ასევე მასზე შეთანხმების საკითხი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებელი შესაბამისობაშია სახელშეკრულებო პირობებთან და ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს რაიმე არგუმენტზე არ მიუთითებია. ამდენად, ი-----–-------ა ვალდებულია სარგებელი, რომელიც შეადგენს 60,19 ლარს მოსარჩელეს გადაუხადოს სრულად და ამ ნაწილშიც სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ხელშეკრულება მოიცავდა მითითებას პირგასამტეხლოს თაობაზე, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილებული დღისათვის ძირითადი თანხის 2 პროცენტის ოდენობით, რაც ვერ იქნა გაბათილებული მოპასუხის მიერ. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო 1644,81 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. მხარეები მოქმედებენ რა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო რაოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მართლზომიერად, კანონისა და ზნეობის ნორმების დაცვით განახორციელონ თავიანთი უფლებები.
მხარეთა მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 300 ლარი ნაცვლად 1644,81 ლარისა.
6.4. საქართველო საპროცესო სამოქალაქო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სსამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით, გადადოს, ან 1 წლამდე ვადით გაანწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, შეცვალოს მისი ღსრულების საშუალება და წესი. აღნიშნული ნორმა, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე და მათი ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგად, ერთჯერადად, სამი თვემდე ვადით გადადოს, ან ერთ წლამდე ვადით განაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე, შეცვალოს აღსრულების საშუალება და წესი, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტურ გარემოებას, ან მიუთითებს თავის მძიმე ფინანასურ მდგომარეობაზე, რაც სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ ღონისძიებათა გამოყენებას.
საგულისხმოა, რომ მითითებული ღონისძიებების დაშვებით, კანონდებელი ხელს უწყობს მხარეს, ნებაყოფლობით აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის მოთხოვნას, თუ ეს უკანასკვნელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადავადება, განწილვადება, საშუალების თუ წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას, რეალურად დაეხმარება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ი-----–-------ამ განმარტა, რომ საჭიროებდა დროს, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად. მან სასამართლოს დაუდასტურა, რომ 12 თვის ვადაში, შეძლებდა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების სრულად შესრულებას და იშუამდგომლა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების 2018 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 30 აპრილამდე განაწილვადება.
სასამართლო საზოგადოებაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით, მხედველობაში იღებს მხარის მიერ შესასრულებელ სხვა ვალდებულებებს, ასევე მოპასუხის მზაობას, გადაიხადოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება სასაამრთლოს გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადების პირობებში და მიიჩნევს რომ მოპასუხე ი-----–-------ას შუამდგომლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა დადგინდეს გადაწყვეტილების ეტაპობრივი აღსრულება 12 თვემდე ვადით, 2018 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ჯამში 655,19 ლარის გადახდით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში ძირითად სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.
ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ მთავარ სხდომამდე, ის უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელეს მის მიერ 2017 წლის 23 ივნისს №-NB-2 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 16,38 ლარი და 33,62 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7.2. ი-----–-------ას შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 26,20 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ქ------------------------ს“ სარჩელი ი-----–-------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ი-----–-------ას შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 655,19 ლარის (საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 295 ლარი, სარგებელი - 60,19 ლარი, პირგასამტეხლო - 300 ლარი) გადახდა.
3. საქართველოს სსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დადგინდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება. სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს ეტაპობრივად, 2018 წლის 30 მაისიდან 2019 წლის 30 აპრილის ჩათვლით, ჯამში 655,19 ლარის გადახდით.
4. შპს „ქ------------------------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარიდან (გადახდის თარიღი: 23.06.2017 წ. საგადასახადო დავალება NB-2) 16,38 ლარი, ხოლო 33,62 ლარი დარჩეს სახ. ბაჟის სახით გადახდილად.
5. ი-----–-------ას შპს „ქ------------------------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 26,20 ლარის გადახდა.
6.გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების შესახებ გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით
7. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე