გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010210016001582659
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.04.2018წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - შპს ”ე-----------------”
წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი
მოპასუხეები - მ-------------ე, კა-----------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ-------------ისა და კა-----------ისათვის მოსარჩელე შპს ”ე-----------------”-ის სასარგებლოდ, სოლიდარულად სესხის ძირი თანხის 1406 აშშ დოლარი, სარგებლის 762 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 100 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.
1.2. მ-------------ისა და კა-----------ისათვის მოსარჩელე შპს ”ე-----------------”-ის სასარგებლოდ, გირავნობის მოწმობის საფასურის - 50 ლარისა და სააღსრულებო წარმოების ხარჯის - 200 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს, შპს "ე----------------"-ის მიმართ, მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ერიცხებათ დავალიანება 2268 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 1406 აშშ დოლარი, სარგებელი - 762 აშშ დოლარი, შემცირებული ჯარიმა - 100 აშშ დოლარი. მოსარჩელემ, მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მიიღო ზიანი 250 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს გირავნობის მოწმობის მიღებისა და სააღსრულებო წარმოებისათვის გაწეულ ხარჯს.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხე მ-------------ემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.
მოპასუხე კა-----------მა სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის ნაწილში და განმარტა, რომ მ-------------ე ექიმად მუშაობდა იმ სამედიცინო კლინიკაში, სადაც მისი შვილი, მძიმე ავადმყოფობის გამო, გადიოდა მკურნალობის კურსს. შპს „ე----------------“-ის წინაშე თავდებობა მან იკისრა მ-------------ის თხოვნით. მოგვიანებით, როცა შეიტყო, რომ მ-------------ე შპს "ე------------------ის" წინაშე ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებდა, შეეცადა მასთან დაკავშირებას, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის სამედიცინო კლინიკაში აღარ მსახურობდა და მისი ადგილსამყოფელიც ვერ დაადგინა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 09 ნოემბერს, შპს „ე-----------------ს“, გ-------–----ესა და მ-------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #126068/B, რომლის საფუძველზე გირავნობით დაიტვირთა გ-------–----ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით B------. იმავე დღეს, შპს „ე-----------------სა“და მ-------------ეს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზე მ-------------ეს გადაეცა სესხი 1500 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვით. მოპასუხე მ-------------ემ იკისრა ვალდებულება სესხის დაბრუნება უზრუნველეყო სესხის ხელშეკრულებითა და სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობებით. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევისათვის, მხარეები შეთანხდნენ პირგასამტეხლოზე, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადაუხდელი ძირი თანხის 0.3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების მე-8.11 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება - ს.ფ. 18-23;
- სატრანსპორტო საშუალების საკუთრებისა და სარეგისტრაციო მოწმობები - ს. ფ. 24;
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ - ს. ფ. 25;
- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს.ფ. 26;
- საბანკო რეკვიზიტები თანხის გადახდის წესის - ს. ფ. 26;
3.2.2. 2015 წლის 09 ნოემბერს, შპს „ე----------------"-სა და კა-----------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომლის საფუძველზე კა-----------მა იკისრა სოლიდარული ვალდებულება მ-------------ესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, სესხის ძირი თანხის, სარგებლისა და ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. მხარეთა შეთანხმებით თავდების პაასუხისმგებლობა განისაზღვრა ზღვრული თანხით - 4500 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილობითი განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ - ს. ფ. 28;
- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ - ს.ფ. 29-30;
3.2.4. მოპასუხეები პირადად იყვნენ ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა. შპს „ე-----------------მა“ გაფრთხილების წერილები გაუგზავნა მსესხებელსა და თავდებ პირს, თუმცა წერილობითი გზავნილების მხარეებს ვერ ჩაბარდათ, რის გამოც გაფრთხილება გამოქვეყნდა საჯაროდ, პერიოდულ გამოცემა „სიტყვა და საქმეში“. მიუხედავად ამისა, გაფრთხილებას, მოპასუხეთა მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიმართვები დავალიანების დაფარვის თაობაზე, საფოსტო გზავნილები და ამონარიდები პერიოდული გამოცემა „სიტყვა და საქმიდან“ - ს. ფ. 33-46;
3.2.5. სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებს მ-------------ეს და კა-----------ს დაერიცხათ დავალიანება 3496 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 1406 აშშ დოლარი, სარგებელი - 762 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1328 აშშ დოლარი, რასაც მოსარჩელე ამცირებს ნაბაყოფლობით და პირგასამტეხლოს სახით ითხოვს მხოლოდ 100 აშშ დოლარის დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 32
3.2.6 მოსარჩელე შეეცადა მოთხოვნის დაკმაყოფილებას გირავნობის საგნის გამოყენებით და დაიწყო სათანადო პროცედურა. კომპანიამ განცხადებით მიმართა შსს მომსახურების სააგენტოს გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით. 30.06.2016 წელს გირავნობის მოწმობა გადაეცა კერძო აღმასრულებელს. 06.07.2016 წელს ავტომანქანა (გირავნობის საგანი) დაისვა ძებნაზე. თუმცა აღმოჩნდა, რომ გირავნობის საგანი საქართველოში არ იძებნება, ვინაიდან ავტომანქანა სარფის საბაჟოს გავლით გაყვანილია საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოსარჩელემ გირავნობის მოწმობის მისაღებად გადაიხადა საფასური - 50 ლარის ოდენობით, ასევე, გადაიხადა სააღსრულებო წარმოების საფასური 200 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გირავნობის მოწმობა - ს. ფ. 47;
- აღმასრულებლის მიერ განცხადების მიღების ბარათი - ს. ფ. 48;
- სააღსრულებო მომსახურების ხელშეკრულება - ს. ფ. 49-51;
- შსს-ს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების შესახებ - ს. ფ. 52; 53;
3.2.6. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ დავალიანების თანხა დაანგარიშებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შეადგენს 2268 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 1406 აშშ დოლარი, სარგებელი - 762 აშშ დოლარი, შემცირებული პირგასამტეხლო 100 აშშ დოლარი. მოპასუხე მხარეს აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ არსებითი შედავება არ განუხორციელებია. შესაბამისად, არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს "ევრო კრედიტი+-ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, , 623-625-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 873-ე, 411-ე, 361-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის სესხისა და სოლიდარული ვალდებულების კისრების საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ხოლო იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე მ-------------ეზე გასცა სესხი, შესაბამისი სარგებლის დარიცხვის პირობით. მ-------------ემ კი იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო სესხის დაბრუნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებებში გარკვევითაა აღნიშნული თავდებთა პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ მოპასუხე კა-----------მა მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა სრული პასუხისმგებლობამ-------------ის მიერ საზოგადოების მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კა-----------ის სოლიდარული ვალდებულება საზოგადოების წინაშე წარმოშობილია მასთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) გარიგების საფუძველზე 4500 აშშ დოლარის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
განსახილველ შემთხვევაში, თავდებთა პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოსა და სადაზღვევო თანხის ჩათვლით. მოთხოვნა მსესხებლის მიმართ არ სცდება თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ფარგლებს 4500 აშშ დოლარს, ამდენად, თავდებმა პირმა სრულად უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მითითებული ნორმების მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია. იმავდროულად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხარისხისა და ხანგრძლივობის, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობისა და იმ ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობის გათვალისწინებით, რომლის ფარგლებშიც დაერიცხა პირგასამტეხლო მოპასუხე მხარეს, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განახევრდეს და განისაზღვროს 50 აშშ დოლარით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, მოსარჩელის წინაშე თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებიათ. მოპასუხე მხარეს ვალდებულების დარღვევის საკითხი სადავოდ არ გაუხდია, ასევე არ გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ დარიცხული დავალიანება დააგარიშებულია მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად. შესაბამისად, მათ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება.
6.5. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯები 250 ლარის ოდენობით, რაც გამოიხატა გირავნობის მოწმობის მისაღებად და სააღსრულებო წარმოების დასაწყებად გადახდილ საფასურში.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავდები პირის - კა-----------ის ვალდებულება/პასუხისმგებლობა, სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, განსაზღვრულია მხოლოდ სესხის ძირი თანხის, მასზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოცულობით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის - 250 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მხოლოდ ძირითად მსესხებელს მ-------------ეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილ დანაწილობრივ, ამასთან, ერთ-ერთმა მოპასუხემ კა-----------მა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნო იმ ფარგლებში, რაც სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. შესაბამისად, კა-----------ი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად. ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ოდენობით, რაც შეადგენს 168,69 ლარს, უნდა დაეკისროს მოპასუხე მ-------------ეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ემუხლებით,გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მოსარჩელე შპს ”ე----------------“-ის მოთხოვნა, მოპასუხეების მ-------------ისა და კა-----------ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეებს მ-------------ესა და კა-----------ს მოსარჩელე შპს ”ე----------------“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 1406 აშშ დოლარის, სარგებლის - 762 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 50 აშშ დოლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე მ-------------ეს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. აღსრულება განხორციელდეს მოპასუხეების მ-------------ისა და კა-----------ის საკუთრებაში არსებული მოძრავ-უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.
5. მოპასუხე მ-------------ეს შპს „ე-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 168.69 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი