გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.04.2018
საქმის ნომერი
010210116001274891
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამე N010210116001274891

N2/630-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 აპრილი 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე

მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით)- შპს ’’ინფ-------------------–---–-----------–ი’’

წარმომადგენელი - მი---ლ სუ-–-----–--ე

მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) - შპს „გლ-----–---------ი“

წარმომადგენელი - ზვ--დ შა--–---–ი, მი---ლ უს-----–---–ი

დავის საგანი სარჩელით - თანხის დაკისრება

დავის საგანი შეგებებული სარჩელით - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა: შპს „გლ-----–---------ს“ შპს ’’ინფ-------------------–---–-----------–ი’’ სასარგებლოდ დაეკისროს ავანსად მიღებული თანხის გადახდა 97000 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელის პოზიცია 2015 წლის 25 ნოემბერს, გამყიდველს - შპს „გლ-----–---------სა“ და მყიდველს - შპს ’’ ინფ-------------------–---–-----------–ი’’ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება Nგ-138/2015-2016 დაჭრილი და მოხალული თხილის გულის 2-4 მმ, 20კგ. ვაკუუმიან შეფუთვაში 7000კგ. და თხილის გულის ფქვილის 0-2მმ, 20 კგ. ვაკუუმიან შეფუთვაში 15000კგ. შესყიდვასთან დაკავშირებით (ლოტი N15384 და N15385). ხელშეკრულების პირობების თანახმად გათვალისწინებული იყო ღირებულების 50%-ის გადახდა ავანსის სახით, რაც შესრულებული იქნა მყიდველის მიერ. ლაბორატორიული შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა ნივთობრივად ნაკლის მქონე პროდუქცია, ვინაიდან ნასყიდობის საგანში მავნე ნივთიერების (აფლატოქსინი) შემცველობა აჭარბებდა დასაშვებ ოდენობას, ასევე, ლაბორატორიული შემოწმებით, მასში დადგენილი იქნა არადამაკმაყოფილებებლი მიკრობიოლოგიური სტატუსი. ნაკლის შესახებ ეცნობა გამყიდველს, რის შემდეგაც პროდუქცია დაბრუნებული იქნა და შესაბამისად, მყიდველმა მოითხოვა ავანსად ჩარიცხული თანხის დაბრუნება, რაც გამყიდველის მიერ შესრულებული არ იქნა. მოსარჩელე ითხოვს მის მიერ ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნებას.

მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ პროდუქციის უკან დაბრუნების რეალურ მიზეზს წარმოადგენდა არა პროდუქციის ხარისხი, არამედ თხილის საერთაშორისო ბაზარზე ფასების მკვეთრი დაცემა იმ პერიოდისთვის, როცა გაფორმდა ხელშეკრულება. მისივე განმარტებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის ქვეშ მოახდინეს უკან დაბრუნებული თხილის პარტიის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება, საიდანაც დადგინდა, რომ პროდუქციაში აფლატოქსინის დონე, არათუ აღემატება დასაშვებ ნორმას, არამედ მინიმალურადაც არ იქნა აღმოჩენილი. მოპასუხის აზრით, მათ შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მოსარჩელემ შეგნებულად დაარღვ-- ხელშეკრულება, რითაც მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებული სარჩელით)

 

შპს ’’ინ---------------------–---–-----------–ი’’ შპს „გლ-----–---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 25 ნოემბრის Nგ-138/2015-2016 კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობის შედეგად მიყენებული ზიანი 89242 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ოდენობით.

 

მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) პოზიცია

 

შპს „გლ-----–---------მა“ სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის ქვეშ მოახდინა უკან დაბრუნებული თხილის პარტიის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება, საიდანაც დადგინდა, რომ პროდუქციაში „აფლატოქსინის“ დონე, არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. გამყიდველი მიიჩნევს, რომ მყიდველის ხელშეკრულებიდან გასვლის რეალური მიზეზი იყო თხილის ბაზარზე ფასების ვარდნა. 2016 წლის 23 მაისის ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგენილი იქნა თხილის საბაზრო-სარეალიზაციო ფასები პროდუქციის მიწოდების და უკან დაბრუნების პერიოდში. აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 194000 აშშ დოლარს, ხოლო ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 113500 აშშ დოლარს. სარეალიზაციო ფასებს შორის სხვაობა შეადგენს 80500 აშშ დოლარს. აღნიშნულს ემარტება ტრანსპორტირების ხარჯი საქართველო-გერმანია -8272,65 ლარი (3498 აშშ დოლარი) და გერმანიია საქართველო 12273,21 ლარი (5078 აშშ დოლარი). სულ კონტრაქტის შეუსრულებლობის გამო გამყიდველმა მიიღო ზარალი 89242 აშშ დოლარის ოდენობით, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) პოზიცია

 

მოპასუხე თვლის, რომ შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და აღნიშნულის საფუძვლად უთითებს ძირითად სარჩელში აღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 25 ნოემბერს, ერთის მხრივ გამყიდველს შპს „გლ-----–---------სა“ (ს/კ 446960405) და მეორეს მხრივ მყიდველს -შპს „ინფორმსერვისს“ (საფირმო სახელწოდება - შპს „ინფ-------------------–---–-----------–ი“, რეგისტრირებული ჰამბურგის საოლქო სასამართლოს სავაჭრო რეესტრში, ფირმის #HRB10031) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 1. დაჭრილი და მოხალული თხილის გული 2-4მმ, 20 კგ-იან ვაკუუმიან შეფუთვაში, 7000 კგ, 2. თხილის გულის ფქვილი 0-2მმ, 20 კგ-იან ვაკუუმიან შეფუთვაში, 15000კგ. ხელშეკრულების ფასი შეადგენდა: 950 აშშ დოლარს-100კგ-ზე და 850 აშშ დოლარს 100 კგ-ზე. ჯამში -194 000 აშშ დოლარი. გადახდა უნდა განხორციელებულიყო შემდეგი პირობებით: 50% ავანსი, დანარჩენი მყიდველი მიერ ჩამოტვირთვიდან და ხარისხის შემოწმებიდან 14 საბანკო დღეში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მიწოდების სხვა პირობებიც. კერძოდ: წარმომავლობისა და შესაბამისობის სერტიფიკატი, ლაბორატორიული შემოწმების შედეგები (აფლატოქსინის ჩათვლით), ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი, ფორმა „ა“, ეტიკეტები: შეთანხმებისამებრ, კლიენტის დიზაინის მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 18-19)

-პროდუქციის შეფუთვის ფურცელი (ს.ფ. 20-21)

-გადაადგილების სერთიფიკატი N A015279(ს.ფ. 24-30)

-ინვოისი N005 26.11.2015წ. (ს.ფ.28-30)

 

3.1.2. მყიდველმა ჩაურიცხა გამყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ღირებულების 50% ავანსის სახით-97000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი 05.04.18)

 

3.1.3. 2015 წლის 22 დეკემბერს, მყიდველმა წერილობით მიმართა (შეატყობინა) გამყიდველს ხელშეკრულებიდან გასვლის, შესყიდული პროდუქციის უკან დაბრუნების და ავანსად გადარიცხული თანხის დაბრუნებების შესახებ. გამყიდველმა მიიღო შეტყობინება, დაეთანხმა ხელშეკრულების შეწყვეტას, დაიბრუნა პროდუქცია, მაგრამ ავანსად მიღებული თანხა არ დაუბრუნებია მყიდველისათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-საერთაშორისო სატრანსპორტო ზედდებული 17.12.15. (ს.ფ. 41-44)

-საბაჟო დეკლარაცია 17.12.15 (ს.ფ. 45-50)

-შპს „ინ---------------ს“ წერილი შპს „გლ-----–---------ს“ 22.12.15წ. (ს.ფ 51)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე ხელშეკრულებიდან გასვლისა და შესყიდული პროდუქციის უკან დაბრუნების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ლაბორატორიული შემოწმების შედეგად შესყიდული პროდუქცია შეიცავდა დასაშვებ ზომაზე მეტ მავნე ნივთიერება აფლატოქსინს, ასევე, ის დაბინძურებული იყო მიკრობიოლოგიურად, შესაბამისად შესყიდული საქონელი იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე.

 

აღნიშნულის დასადასტურებლად, მოსარჩელემ წარმოადგინა გერმანიის აკრედიტაციის სამსახურის მიერ აკრედიტირებული შპს „BLS -ანალიტიკ & კო.“ სურსათის საკვლევი ლაბორატორიის 2015 წლის 10 დეკემბრის დასკვნა, რომლის თანახმად საკვლევი ნიმუშის: თხილის გული, დაფქვილი, მოხ. 0-2მმ, 2015 წლის მოსავალი, პარტიის N15385, ჩატარებული კვლევის საფუძველზე „წარმოდგენილი ნიმუში დასაბრაკია. მასში აფლატოქსინების შემცველობა დასაშვებ მაქსიმალურ ოდენობას აჭარბებს“. ასევე, მოსარჩელემ წარმოადგინა შპს SGS ინსტიტუტის 2015 წლის 14 დეკემბრის დასკვნა, ნიმუში თხილის გული, დაფქვილი, მოხ. 0-2მმ, 2015 წლის მოსავალი, პარტიის N15385, შემაჯამებელი შეფასების მიხედვით „დადგენილი მიკრობიუოლოგიური სტატუსი არადამაკმაყოფილებელია, ვინაიდან ენტერობაქტერიები გერმანიის ჰიგიენისა და მიკრობიოლოგიის საზოგადოების სასიგნალო სიდიდეს მცირეოდენ აღემატება“. ლაბორატორიული გასინჯვის შედეგების საფუძველზე, მყიდველმა მიმართა გამყიდველს ნივთობრივად ნაკლიანი პროდუქციის უკან დაბრუნების მოთხოვნით. შპს „გლ-----–---------ი“ დაეთანხმა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაწყვეტას, გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნებას და ავანსად მიღებული თანხის გადარიცხვას, თუმცა არ დაეთანხმა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლად მითითებულ არგუმენტს პროდუქციის ნივთობრივი ნაკლის შესახებ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივი ნაკლი სახეზე არ იყო და შესაბამისად, ვერ გაიზიარებს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობას, სადავო საკითხთან მიმართებაში. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ლაბორატორიული შემოწმების აქტებიდან, რომლებიც პროდუქციის ხარისხს განსაზღვრავენ, სადავო საკითხს ეხება მხოლოდ აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საგამოცდო ლაბორატორია „TestLAB”-ის მიერ 2016 წლის 29 იანვარს გაცემული გამოცდის ოქმი, რომელშიც გამოცდის ობიექტად მითითებულია თხილის ფქვილი მოხალული 2. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა ლაბორატორიული დასკვნები შეეხება დაჩეხილ და შემწვარ თხილს, თხილის გრანულებს, რომლის ხარისხიც მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლისას შედავებული არ ყოფილა.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობას შესყიდული თხილის ფქვილის ხარისხთან მიმართებაში და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ლაბორატორიული დასკვნა ეფუძნება თხილის მიწოდებიდან რამოდენიმე დღეში გერმანიის ორ სხვადასხვა აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ჩატარებულ გამოკვლევას. სასამართლო უთითებს ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელშეკრულებო ღირებულება სრულად დაიფარებოდა მყიდველის მიერ პროდუქციის ჩამოტვირთვის და ხარისხის შემოწმებიდან 14 საბანკო დღის ვადაში. ხელშეკრულების „სხვა პირობების“ თანახმად ხელშეკრულების შესრულება დაკავშირებული იყო ლაბორატორიული შემოწმების შედეგებთან (აფლატოქსინის ჩათვლით). აქედან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის და სადავო არ შეიძლება გახდეს ის გარემოება, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა პროდუქციის ნივთობრივი ვარგისიანობის დადგენას, სწორედ, პროდუქციის მიმღები ქვეყნის ლაბორატორიული შემოწმების შედეგების მიხედვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ 18-19)

-შპს „BLS -ანალიტიკ & კო.“ სურსათის საკვლევი ლაბორატორიის დასკვნა (ს.ფ. 33-35)

-შპს SGS ინსტიტუტის 2015 წლის 14 დეკემბრის დასკვნა (ს.ფ. 36-40)

-აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საგამოცდო ლაბორატორიის „TestLAB”-ის გამოცდის ოქმი (ს.ფ. 131)

-შპს „გლ-----–---------ის“ წერილი

 

3.2.2. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) განმარტავს, რომ პროდუქციის დაბრუნების გამო, მას მიადგა ზიანი, რომლის გამოთვლას უკავშირებს თხილის სარეალიზაციო ფასების სხვაობას პროდუქციის მიწოდება-დაბრუნების თარიღსა და 2016 წლის 31 მაისის პერიოდებს შორის. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელით) წარმოადგინა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 31 მაისს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად 27.11.15-29.12.15 წლის პერიოდის შუალედში თხილის ფქვილისა და დაჭრილი თხილის გულის საბაზრო ღირებულება შემცირდა.

 

იმის მიუხედავად, ჩათვლის თუ არა სასამართლო შპს „ინ---------------ს“ გასვლას ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მართლზომიერად, მითითებული ექსპერტიზის დასკვნა მაინც ვერ გახდება შპს „გლ-----–---------ისათვის“ მიყენებული ზიანის დაანგარიშების საფუძველი. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნით ფასთა სხვაობა არ ფიქსირდება პროდუქციის მიწოდებისა და უკან მობრუნების პერიოდში, ექსპერტიზით დადგენილია, რომ აღნიშნული პერიოდისთვის ფასები იყო იდენტური. რაც შეეხება 2016 წლის 31 მაისის პერიოდს, რა დროსაც, დასკვნის თანახმად, მოხდა ფასის ვარდნა, სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) მიერ პროდუქციის უკან დაბრუნება განხორციელდა გამყიდველის მიმართ შეტყობინებით და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, გონივრულ ვადაში.

 

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) არაერთ კორესპონდენციაში აფიქსირებს, რომ პროდუქციის დალუქვის და მისი რეალიზების შეჩერების მიზეზი გახდა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTEO)DG SANTEO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიღებული შეტყობინება. ამასვე ადასტურებს სურსათის ეროვნული სააგენტო თავის მიმოწერებშიც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა 31.05.16 (ს.ფ. 260-264)

-სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილები (ს.ფ. 252, 253)

-შპს „გლ-----–---------ის“ წერილები (ს.ფ. 249-251, 255-256)

 

3.2.3 მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) მიერ წარმოდგენილი, სურსათის ეროვნული სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება, მოცემულ დავის საგანთან მიმართებაში ვერ იქნება პრეზუმირებული ფაქტების შემცველი, ვინაიდან არც ადმინისტრაციულ წარმოებაში და არც სასამართლოში შპს „ინ---------------“ მხარედ არ მონაწილეობდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთ შემთხვევაში დავა ეხება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უკან დაბრუნებული პროდუქციის დალუქვის მართლზომიერების საკითხს, ხოლო მეორე შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას. ამდენად, მოცემულ დავასთან მათ შემხებლობა არ აქვთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 270-280)

-სურსათის ეროვნული სააგენტოს ბრძანება (ს.ფ. 281-286)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა ნივთობრივად ნაკლიანი ნივთი, რის გამოც ეს უკანასკნელი მართლზომიერად გავიდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან და მოითხოვა რესტიტუცია. სახეზე არ არის მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰამბურგის საოლქო სასამართლოს სავაჭრო რეესტრში რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი ნაწილით სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, კერძოდ, ხელშეკრულებათა განმარტება, შესრულება, შეწყვეტა, აგრეთვე ბათილობის შედეგები, ვალდებულებათა დარღვევა, წინასახელშეკრულებო და ხელშეკრულების შემდგომი ვალდებულებების დარღვევის ჩათვლით, წესრიგდება მხარეების მიერ არჩეული ქვეყნის სამართლით. დადგენილია, რომ მხარეებს საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია მოცემული დავის განხილვისას არ გაუსაჩივრებიათ.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გამყიდველმა აიღო ვალდებულება მყიდველისათვის მიეწოდებინა პროდუქცია, ხოლო მყიდველმა აიღო შეთანხმებული ფასის გადახდის ვალდებულება. დადგენილია, რომ გამყიდველს მიწოდებული საქონლის ღირებულება უნდა გადაეხადა 50% ავანსის სახით, ხოლო დანარჩენი მყიდველის მიერ საქონლის ჩამოტვირთვიდან და ხარისხის შემოწმებიდან 14 საბანკო დღეში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელშეკრულების შესრულება მხარეებმა დაუკავშირეს მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივ ხარისხს. სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველის მიერ პროდუქციის ხარისხის თაობაზე მოპოვებული დასკვნა გახდებოდა ორმხრივი ვალდებულების შესრულების საფუძველი. აღნიშნული შეთანხმება, ბუნებრივია, გულისხმობდა იმას, რომ პროდუქციის ხარისხი უნდა შემოწმებულიყო მიმღები ქვეყნის ლაბორატორიული კონტროლის მეშვეობით, რასაც დაუკავშირეს მხარეებმა შესყიდვის ღირებულების მეორე ნაწილის გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილით ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ამავე კოდექსის 495-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება.

 

დადგენილია, რომ მყიდველის მიერ პროდუქციის შემოწმება ჩატარდა გონივრულ ვადაში. ასევე, დადგენილია, რომ ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმების შედეგად ნასყიდობის საგანი, კერძოდ, პარტია N15385 არ აღმოჩნდა შეთანხმებული ხარისხის.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხელშეკრულებიდან გასვლის კანონიერი უფლება წარმოიშვება მხარის მიერ ვალდებულების დარღვევის საფუძველზე და უფლებას აძლევს კრედიტორს გავიდეს ხელშეკრულებიდან აღნიშნულზე ნების გამოხატვის და ამ ნების მეორე მხარისათვის შეტყობინების შემდეგ. სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის კანონიერი საფუძველი. დადგენილია, რომ მყიდველმა, ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე, შეატყობინა გამყიდველს შესყიდული პროდუქციის ნაწილის ნივთობრივი ნაკლის შესახებ და აცნობა ხელშეკრულებიდან გასვლის ნება. ასევე, დადგენილია, რომ გამყიდველმა მიიღო მყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის ნების გამოვლენა და თავადაც უარი თქვა ხელშეკრულებაზე. დადგენილია, რომ გამყიდველის მხრიდან არ მომხდარა ნაკლის აღმოფხვრისათვის ან ნასყიდობის საგნის შეცვლისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის შეთავაზება. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ შპს „ინ---------------ს“ გასვლა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან განხორციელდა მართზომიერი საფუძვლით.

 

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). "ხელშეკრულების გასვლის მომენტიდან (ex nunc) თავდაპირველი ვალდებულებითი ურთიერთობის ადგილს იკავებს უკუქცევის შედეგად წარმოშობილი შესრულებათა უკან დაბრუნების ურთიერთობა" (გერმანიის სამოქალაქო კოდექსში ანალოგიური 346-ე მუხლის სასწავლო კომენტარი - ი. კროპჰოლერი გვ.243). სამოქალაქო კოდექსის 354-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა უნდა შეასრულონ ერთდროულად. სასამართლო განმარტავს, რომ გასვლის შესახებ განცხადების გაკეთების და ამ განცხადების გამყიდველის მიერ მიღების შემდეგ, ნასყიდობის ხელშეკრულება გარდაიქმნება „მიღებულის უკუქცევის ურთიერთობად, რომელიც მხარეებმა ერთდროულად უნდა შეასრულონ“ (ლ. ჭანტურია სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III გვ. 231). ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ მხარეთა მოვალეობას წარმოადგენს ორმხრივი რესტიტუცია, რომელიც ხელშეკრულების უკვე შესრულებული ნაწილის უკან დაბრუნების ვალდებულებაში გამოიხატება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაუბრუნა ნასყიდობის საგანი მოპასუხეს, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეს ავანსის სახით მიღებული თანხა 97000 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად ორმხრივი რესტიტუციის განხორციელების მოვალეობა, რის გამოც, სასამართლო თვლის, რომ შპს „ინ---------------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) განმარტავს, რომ პროდუქციის დაბრუნების გამო, მას მიადგა ზიანი, რომლის რაოდენობას უკავშირებს თხილის სარეალიზაციო ფასებს შორის სხვაობას, პროდუქციის მიწოდება-დაბრუნების თარიღსა და 2016 წლის 31 მაისის პერიოდებს შორის. აღნიშნულის დასადასტურებლად, მოსარჩელემ (შეგებებული სარჩელით) წარმოადგინა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 31 მაისს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლომ ძირითად სარჩელთან მიმართებაში დაადგინა, რომ მყიდველი ხელშეკრულებიდან გავიდა მართლზომიერი საფუძვლებით, რაც გამორიცხავს მოსარჩელისათვის (შეგებებული სარჩელით) მოპასუხის მხრიდან ზიანი მიყენების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

 

ამასთან, იმის მიუხედავად, ჩათვლის თუ არა სასამართლო შპს „ინ---------------ს“ გასვლას ნასყიდობის ხელშეკრულებიდან მართლზომიერად, მითითებული ექსპერტიზის დასკვნა მაინც ვერ გახდება შპს „გლ-----–---------ისათვის“ მიყენებული ზიანის დადგენის საფუძველი.

 

სასამართლო უთითებს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე, რომლის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ხოლო 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ექსპერტიზის დასკვნით ფასთა სხვაობა არ ფიქსირდება პროდუქციის მიწოდებისა და უკან მობრუნების პერიოდში. ექსპერტიზით დადგენილია, რომ აღნიშნული პერიოდისთვის ფასები იყო იდენტური. ფასთა სავარაუდო ვარდნა, რომელსაც დასკვნა აფიქსირებს, განხორციელდა 2016 წლის 31 მაისის პერიოდისათვის. დადგენილია, რომ მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) მიერ პროდუქციის უკან დაბრუნება განხორციელდა გამყიდველის მიმართ შეტყობინებით და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, ხოლო ის გარემოება, რომ მოხდა მითითებული პროდუქციის დალუქვა და მისი რეალიზაციის შეფერხება, არ შეიძლება შეერაცხოს შპს „ინფორმსერვისს“. სასამართლომ დაადგინა, რომ პროდუქციის დალუქვის საფუძველი გახდა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTEO)DG SANTEO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მიმდინარე ადმინისტრაციული დავა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა სარჩელზე და შეგებებულ სარჩელზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის, მეორე ნაწილის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 5000 ლარს, რომლის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199 1 -ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამ სარჩელის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მარტის განჩინებით მიღებული ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,,ინფ-------------------–---–-----------–ი“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „გლ-----–---------ს“ შპს ,,ინფ-------------------–---–-----------–ი“ სასარგებლოდ დაეკისროს 97 000 აშშ დოლარის გადახდა;

 

3. შპს „გლ-----–---------ს“ შპს ,,ინფ-------------------–---–-----------–ი“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის გადახდა;

 

4. შპს „გლ-----–---------ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე