გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.05.2018
საქმის ნომერი
340210017002170648
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
24.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210017002170648

საქმე #2/803-17

ნაწილობრივი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

24.05.2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე -გო----------–-–---–ი

წარმომადგენელი - ნო--------------–---–ი

მოპასუხეები - ქა-----–-----–-------–---–ი, ან-------–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):

მოპასუხე ქა-----–-----–-------–---–ს მოსარჩელე გო----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 1 300 ლარის გადახდა.

(იხ. 24.05.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოსარჩელემ გო----------–-–---–ს 1500 ლარი ასესხა. თანხის გადაცემას მოპასუხის შვილი ესწრებოდა. მოპასუხეს თანხა ამ დრომდე არ დაუბრუნებია. მოსარჩელე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და 1 500 ლარისა ნაცვლად 1 300 ლარის დაკისრება მოითხოვა.

2. მოპასუხე მხარის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის მიმართ გააჩნია დავალიანება 1300 ლარის ოდენობით. მას შემდეგ რაც მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხემ ცნო სარჩელი სრულად.

(იხ. 24.05.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელემ მოპასუხე ქა-----–-----–-------–---–ს სესხად 1 300 ლარი გადასცა;

3.1.2. ქა-----–-----–-------–---–ს სესხად გადაცემული თანხა მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია და აქვს დავალიანება 1 300 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-11; 27-34)

- მხარეთა განმარტება (იხ. სასამართლოს 24.05.2008 წლის მოსამზადებელი სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება, სამართლებრივად შეაფასა უდავო ფაქტობრივი გარემოებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მიღებული უნდა იქნეს ნაწილობრივი გადაწყვეტილება და მოსარჩელე გო----------–-–---–ის სარჩელი მოპასუხე ქა-----–-----–-------–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მსესხებელი კისრულობს მიღებული სესხის ვადაში დაბრუნების ვალდებულებას. ამდენად, ფულის სესხი განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომლის საფუძველზეც გამსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული პირობებით. სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ სესხი რეალური ხელშეკრულებაა. ის დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთების საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. რეალური სესხის ხელშეკრულება გულისხმობს საგნის ფიზიკურ გადაცემას შემდგომში დაბრუნების პირობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

დადგენილია, რომ მოსარჩელე გო----------–-–---–სა და მოპასუხე ქა-----–-----–-------–---–ს შორის ზეპირი ფორმის სესხის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად 1 300 ლარი გადასცა. მოპასუხემ სესხად მიღებული თანხის დაბრუნების ვალდებულება იკისრა, თუმცა თანხა მოპასუხეს ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ქა-----–-----–-------–---–მა, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე წყდება არსებითად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილების ფორმით.

იმავე კოდექსის 245-ე მუხლის თანახმად, თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ. ნაწილობრივი გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის თხოვნით, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც აღძრული იყო შეგებებული სარჩელი, გარკვეულია და გადაწყვეტილების გამოსატანად მომზადებულია ერთ-ერთი – სარჩელი ან შეგებებული სარჩელი.

განსახილველ შემთხვევაში ერთ სარჩელში სხვადასხვა პირების მიმართ გაერთიანებულია ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნები, ვინაიდან მოსარჩელეს ცალკე სასესხო ურთიერთობა აქვს მოპასუხე ქა-----–-----–-------–---–თან და ცალკე ან-------–-–---–თან. ერთი სარჩელის აღძვრა ორი მოპასუხის მიმართ მოხდა დავის ერთგვაროვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია ამ შემთხვევაში ნაწილობრივი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, რომლის მიღებასაც მოსარჩელე მხარე მოითხოვს. მოპასუხე მხარე დაეთანხმა ნაწილობრივი გადაწყვეტილების გამოტანას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ნაწილობრივი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები და გო----------–-–---–ის სარჩელი მოპასუხე ქა-----–-----–-------–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შედგება სასამართლო ხარჯების და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. 53-ე მუხლის თანახმად, ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრება ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში, რაც დავის საგნის ღირებულების 4%-ს შედგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 50 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ფასი მოპასუხე ქა-----–-----–-------–---–ის მიმართ 1300 ლარით განისაზღვრა, ხოლო ან-------–-–---–ის მიმართ 700 ლარით. ამდენად, დავის საგნის ფასი 2000 ლარს არ აღემატება და იგი მაგისტრატი სასამართლოს განსჯად საქმეს განეკუთვნება. თითოეულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი 50 ლარს შეადგენს. ორივე მოთხოვნაზე მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარი. მოპასუხე ქა-----–-----–-------–---–მა სარჩელი ცნო და მის მიმართ გამოტანილია ნაწილობრივი გადაწყვეტილება. ამიტომ მისი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს.

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 208-ე, 243-245-ე, 245-ე, 249-ე, 257-ე, 2571, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მიღებული იქნეს ნაწილობრივი გადაწყვეტილება და მოსარჩელე გო----------–-–---–ის სარჩელი მოპასუხე ქა-----–-----–-------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე ქა-----–-----–-------–---–ს მოსარჩელე გო----------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 1 300 ლარის გადახდა;

3. მოსარჩელე გო----------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი (საგადახდო დავალება №14670037; გადახდის თარიღი 13.11.2017 წელი; გადახდილი თანხა 100 ლარი; სახაზინო კოდი 300503150; ბანკი - სს ,,ლიბერთი ბანკი);

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 364-ე და 365-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე