გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2018
საქმის ნომერი
010210016001313413
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210016001313413

# 2-1079/2016

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ივნისი, 2017 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: გი------ ქ------ე

წარმომადგეენლი: კ----ე ნემსიწვერიძე, და---- კ-----ე

მოპასუხე: ზ---ა კვ--------

წარმომადგენელი: ნო-- დ------ე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

სასარჩელო მოთხოვნა: მიუღებელი შემოსავლის სახით 108 000 ლარის დაკისრება, ავტომანქანის ღირებულების 4000 აშშ დოლარის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ზ---ა კვ--------ს დაეკისროს 4000 აშშ დოლარის გადახდა გი------ ქ------ის სასარგებლოდ;

1.2. ზ---ა კვ--------ს დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით 108 000 ლარის ანაზღაურება გი------ ქ------ის სასარგებლოდ;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- 2009 წლის 13 ნოემბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მოპასუხე ზ---ა კვ--------ს მიაქირავებდა ავტომანქანას ,,დოჯის" მარკის და ავტომანქანის გადაცემიდან ყოველ მესამე დღეს გადაუხდიდა ქირის სახით 300 ლარს, სანამ მოპასუხე ისარგებლებდა და ამუშავებდა ავტომანქანას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუბრუნებდა ავტომანქანას მის მესაკუთრეს - მოსარჩელეს. მოსარჩელემ გადასცა ავტომანქანა მფლობელობაში მოპასუხეს, თუმცა მას დღემდე არც ქირა გადაუხდია და არც ავტომანქანა დაუბრუნებია. მოპასუხემ არც ავტომანქანის ღირებულება გადაუხადა, რომლის ღირებულებაც ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრულია 4000 აშშ დოლარით, რაც დასტურდება ხელწერილით. მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა, მოპასუხე დღემდე არ ასრულებს ვალდებულებას და 360-ჯერ (სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის) უნდა გადაეხადა 300 ლარი, რაც შეადგენს 108 000 ლარს.

- მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის ხელწერილი ფაქტიურად წარმოადგენს მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას. მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ განიცადა ზიანი, რაც მიუღებელი შემოსავლის სახით შეადგენს 108 000 ლარს, ასევე არ დააბრუნა რა ავტომანქანა, არც მისი გამოსასყიდი შეთანხმებული ფასი 4000 აშშ დოლარი გადაუხადა. გი------ ქ------ეს ზ---ა კვ--------სთან ერთად რაიმე ერთობლივი საქმიანობა არ ჰქონია, ხელწერიტ მოპასუხეს ვალდებულებები აღებული აქვს გი------ ქ------ის წინაშე და არა სხვა პირების წინაშე.

(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია

- მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხე მიუთითებს, რომ მას არანაირი დავალიანება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია და მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. მისმა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ავტომანქანა - ,,დოჯი ქარავანი" მოსარჩელის საკუთრება არ იყო, ეკუთვნოდა ბ----ა ქ------ეს (გი------ ქ------ის ძმისშვილი), რომელმაც მინდობილობით გადასცა მოპასუხეს.

- წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ არანაირ ქირავნობას ადგილი არ ჰქონია, ეს იყო ერთობლივი საქმიანობა და ხელწერილი ეხებოდა აღებული სესხის დაბრუნებას. ავტომანქანიდან და ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე, მოთხოვნის უფლება აქვთ ბ----ა ქ------ეს და ვ-–ა დ---–--ეს.

(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გი------ ქ------ემ 2012 წლის 13 ნოემბერს აღძრა სარჩელი სასამართლოში ზ---ა კვ-------ის მიმართ და მოითხოვა სესხის სახით გაცემული 5000 შშ დოლარის, სესხის დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანისათვის 5400 აშშ დოლარის, ავტომანქანის ღირებულების - 4000 აშშ დოლარის და ავტომანქანის დაუბრუნებლობიდან გამომდინარე, ზიანის -მიუღებელი შემოსავლის სახით 108 000 ლარის დაკისრება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

 

3.1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, გი------ ქ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

- ზ---ა კვ--------ს დაეკისრა სესხიდან გამომდინარე 5000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე სესხის დაუბრუნებლობის გამო ზიანის ანაზღაურება 5400 აშშ დოლარის ოდენობით და ავტომანქანის ღირებულების სახით 4000 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გი------ ქ------ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;

 

3.1.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე მოპასუხე ზ---ა კვ-------მ შეიტანა საჩივარი (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილში), ხოლო მოსარჩელემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის განჩინებით გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 04 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე საქმის განხილვა შეჩერდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის განჩინება;

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 04 ივლისის განჩინება;

 

3.1.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გი------ ქ------ის სარჩელი, რომლითაც ზ---ა კვ--------ს დაეკისრა 5000 აშშ დოლარის და ქირავნობით გადაცემული ავტომანქანის ღირებულების 4000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებები უცვლელად იქნა დატოვებული უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით და შესულია კანონიერ ძალაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 07 დეკემბრის განჩინება;

 

3.1.5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 07 დეკემბრის განჩინებით გი------ ქ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება გი------ ქ------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე სარჩელზე სესაგებლის წარდგენის ეტაპიდან ზხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 07 დეკემბრის განჩინება;

 

3.1.6. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა, უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2009 წლის 13 ნოემბერს, მხარეებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე ზ---ა კვ--------ს მიაქირავა ავტომანქანა ,,დოჯის" მარკის და მოპასუხემ აიღო ვალდებულება, ავტომანქანის გადაცემიდან ყოველ მესამე დღეს გადაუხდიდა ქირის სახით 300 ლარს, სანამ მოპასუხე ისარგებლებდა და ამუშავებდა ავტომანქანას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუბრუნებდა ავტომანქანას მის მესაკუთრეს - მოსარჩელეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- 13.11. 2009წ. ხელწერილი;

 

3.2.2. შეთანხმების თანახმად, მოსარჩელემ გადასცა ავტომანქანა მფლობელობაში მოპასუხეს, თუმცა მას დღემდე არც ქირა გადაუხდია და არც ავტომანქანა დაუბრუნებია. მოპასუხემ არც ავტომანქანის ღირებულება გადაუხადა, რომლის ღირებულებაც ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრულია 4000 აშშ დოლარით, რაც დასტურდება ხელწერილით და მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნისა, მოპასუხე დღემდე არ ასრულებს ვალდებულებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- 13.11. 2009წ. ხელწერილი;

 

3.2.3. მხარეებს შორის ასევე სადავოა შემდეგი:

 

მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის, 2009 წლის 13 ნოემბრიდან 2012 წლის 13 ნოემბრამდე, (თვეში 10-ჯერ 300 ლარი=30 000 ლარი, ხოლო 36 თვეში - შეადგენს 108 000 ლარს), მირებელი შემოსავლის სახით 108 000 ლარის დაკისრებას, ასევე ავტომანქანის დაუბრუნებლობით მიყენებულ ზიანს - ავტომანქანის ღირებულების დაკისრებას 4000 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხის ხელწერილი ფაქტიურად წარმოადგენს მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას. მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელემ განიცადა ზიანი, რაც მიუღებელი შემოსავლის სახით შეადგენს 108 000 ლარს, ასევე არ დააბრუნა რა ავტომანქანა, არც მისი გამოსასყიდი შეთანხმებული ფასი 4000 აშშ დოლარი გადაუხადა.

 

მოპასუხე კი სარჩელს არ ცნობს, 13.11. 2009წ. ხელწერილის ნამდვილობას სადავოდ არ ხდის, თუმცა სადავოდ ხდის მის სინაარსს, განმარტავს, რომ მოპასუხეს ვალდებულებები აღებული აქვს სხვა პირების წინაშე. ავტომანქანა - ,,დოჯი ქარავანი" მოსარჩელის საკუთრება არ იყო, ეკუთვნოდა ბ----ა ქ------ეს (გი------ ქ------ის ძმისშვილი), რომელმაც მინდობილობით გადასცა მოპასუხეს. ასევე, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით 108 000 ლარის დაკისრებაზე.

 

მხარეები სადავო გარემოებებთან დაკავშირებით აძლევენ ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.

 

3.2.4. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მან მიქარავების გზით ავტომანქანა გადასცა მოპასუხეს, ასევე ის გარემოებები, რომ ქირის გადაუხდელობისა და ავტომანქანაის დაუბრუნებლობით მან განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

 

მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ ავტომანქანა მოსარჩელისგან არ უქირავებია, არის მესამე პირის კუთვნილება და მინდობილობით მას გადასცა მესამე პირმა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე გი------ ქ------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერზოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ავტომანქანის ღირებულების დახდა, ხოლო სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2009 წლის 13 ნოემბერს, მხარეებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე ზ---ა კვ--------ს მიაქირავა ავტომანქანა ,,დოჯის" მარკის.

 

შეთანხმების თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელემ გადასცა ავტომანქანა.

ავტომანქანით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ავტომანქანის გადაცემიდან ყოველ მესამე დღეს გადაუხდიდა ქირის სახით 300 ლარს, სანამ მოპასუხე ისარგებლებდა და ამუშავებდა ავტომანქანას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუბრუნებდა ავტომანქანას მოსარჩელეს.

 

მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს თანხის მოპასუხისათვის დაკისრება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს ქირავნობის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ქირავნობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.

ამავე კოდექსის 531-ე მუხლით ,,ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა, დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით, დამქირავებელი მოვალე გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ზ---ა კვ--------ს სურვილი ჰქონდა ავტომანქანის ქირავნობისა. ორივე მხარემ გამოავლინა ქირავნობასთან დაკავშირებული ნამდვილი ნება, რაც უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.

 

წინამდებარე შემთხვევაში, მხარეებმა მანქანის გაქირავებასა და ქირის გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ კიდეც. თუმცა ასეთი შეთანხმება ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილი ვერ იქნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილ წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით, ბათილია. ასეთი გარიგებების შინაარსი და ხასიათი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-56-ე, 81-83-ე მუხლებში. დასახელებული ნორმების მიხედვით გაირგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს დადგენილ წესსა და აკრძალვებს.

 

სასარჩელო მოთხოვნა ქირის დაკისრების შესახებ ყოველ მესამე დღეს 300 ლარის ოდენობით, ვიდრე მოპასუხე დაუბრუნებდა ავტომანქანას მოსარჩელეს, ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. სარჩელზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ამ ნაწილში უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს”.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 36-ე თვეს, მაშინ როცა მოპასუხემ გარიგების დადებიდან მესამე დღეს დაარღვია ვალდებულების შესრულება და მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მიერ მნიშვნელოვანია. მოცემულ შემთხვევაში, მიუხედავად მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევისა, ეს არ ამართლებს მოსარჩელის მხრიდან შეთანხმებით განსაზღვრული უფლების მოპასუხის საზიანოდ გამოყენებას, ისარგებლოს ამ უფლებით ორმხრივი ინტერესის გაუთვალისწინებლად, მხოლოდ თავის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორცილდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ არ დაიცვა კეთილსინდისიერების პრინციპი, არ აღძრა სარჩელი დროულად და ამით მოპასუხეს დაუგროვა ქირის თანხა, გარდა იმისა, რომ მისი ოდენობის და გადახდის პირობებიც, რაზედაც შეთანხმდნენ მხარეები, აშკარად ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

მოსარჩელემ ქირავნობის ხელშეკრულების დადებისა და ავტომანქანის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და არ გადაიხადა თანხა, არც ავტომანქანა დაუბრუნა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

6.6. მოპასუხემ მოსარჩელეს არ დაუბრუნა ნივთი - ავტომანქანა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 573-ე მუხლის თანახმად, გაქირავებული ნივთის შეცვლის ან გაუარესების გამო გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს ხელშეკრულების მოშლისას, გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობით გაქწვეული ზიანის ანაზღაურებას. ვინაიდან დამქირავებელი უარს აცხადებს აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანი, რაც შეესაბამება პირვანდელი მდგომარეობის აღსადგენად გასაწევი ხარჯის ოდენობას. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის - ავტომანქანის ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებაც უნდა გადანაწილდეს მხარეებს შორის მოთხოვნათა დაკმაყოფილების პროპორციულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე არ არის გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე გი------ ქ------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. დაეკისროს მოპასუხე ზ---ა კვ--------ს მოსარჩელე გი------ ქ------ის სასარგებლოდ 4

000 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე გი------ ქ------ეს 108 000 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას.

 

4. დაეკისროს მოპასუხე ზ---ა კვ--------ს მოსარჩელე გი------ ქ------ის სასარგებლოდ

მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 495 ლარის გადახდა.

 

5. დაეკისროს მოპასუხე ზ---ა კვ--------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ

სახელმწიფო ბაჟის 214.2 ლარის გადახდა.

 

6. დაეკისროს მოსარჩელე გი------ ქ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ

სახელმწიფო ბაჟის 2 000 ლარის გადახდა.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული

გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის

მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს

მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების

გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი,ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა

უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო

სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში

გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: სალიხ შაინიძე