გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2018
საქმის ნომერი
340210017002196596
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210017002196596

საქმე #2/845-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.06.2018 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - ცი----------–---–ი

წარმომადგენელი - ნო------------–---–ი

მოპასუხე - ზუ-----------ძე, ჯი-–---------–---–ი

მესამე პირი - სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო“

წარმომადგენელი - თი-------------–---–ი

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 02 აპრილის №143316 აქტით დაყადაღებული ქონება - სამეული (დივანი ორი სავარძლით), ტელევიზორი ,,ORION”, ,,SAMSUNG”-ის ფირმის სარეცხი მანქანა, მაცივარი ,,DAEWOO“. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ გარემოებებზე: მოპასუხე ჯი-–---------–---–ი მოსარჩელის შვილია, რომელსაც მოპასუხე ზუ-----------ძის სასარგებლოდ თანხა აქვს გადასახდელი. 2017 წლის 02 ნოემბერს მოსარჩელის სახლში კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი გამოცხადდა, რომელმაც სახლში არსებული მოძრავი ნივთები - სამეული (დივანი ორი სავარძლით), ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და მაცივარი დააყადაღა. ნივთები, რომლებიც აღმასრულებელმა აღწერა, წარმოადგენს მოსარჩელის კუთვნილებას და მისი ვალდებულების გამო მოსარჩელის კუთვნილი ნივთების რეალიზაცია არ უნდა მოხდეს. მოსარჩელემ ყადაღის აქტში მითითებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება მოითხოვა. 2. მოპასუხეების და მესამე პირის პოზიცია: 2.1. მოპასუხე ზუ-----------ძემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის შვილს ჯი-–---------–---–ს აქვს მისი ვალი და იგი ყველაფერს ცდილობს რათა დაიცავს თავისი შვილი და მისი ვალის გამო არ დაკარგოს საოჯახო ნივთები. აღმასრულებელმა ნამდვილად დააყადაღა ჯი-–---------–---–ის ნივთები, ხოლო მოსარჩელე ცდილობს ნივთები თავის საკუთრებად გამოაცხადოს და გადაარჩინოს გაყიდვას. რეალურად აღნიშნული მოძრავი ნივთები ჯი-–---------–---–ის მიერ არის შეძენილი, მოსარჩელე და მოპასუხე ჯი-–---------–---–ი ერთ ოჯახად ცხოვრობენ და ფინანსური შესაძლებლობები ჯი-–---------–---–ს უფრო მეტი ჰქონდა. სასამართლო სხდომაზე ზუ-----------ძემ განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც მოხდა ნივთების აღწერა, იყო აღრიცხული ჯიმშერ სიბაშვილის სახელზე. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლს დაყადაღებული იყო, ჯიმშერ სიბაშვილმა სთხოვა მას ყადაღის მოხსნა რათა უნდა დაეტვირთა იპოთეკით. ყადაღის მოხსნის შემდეგ ჯიმშერ სიბაშვილმა მას თანხა არ დაუბრუნა, ხოლო საცხოვრებელი სახლი კი სხვა პირზე გადააფორმა. ამ გარემოებებზე მითითებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. 2.2. მოპასუხე ჯი-–---------–---–ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მან სცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოპასუხე ზუ-----------ძის ვალი აქვს, თუმცა გუ------------------ს სოფე-–-------ის საცხოვრებელ სახლში მას არაფერი არ გააჩნია, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს მისი დედა, და, და დისშვილები. შესაბამისად, სახლში არსებული ნივთები მათ ეკუთვნით. 2.3. მესამე პირმა სსიპ ,,აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ შესაგებელი არ წარმოადგინა. სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა განმარტა, რომ კრედიტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომლის ფარგლებში განხორციელდა ნივთების დაყადაღება. ჩატარებული ღონისძიებები არის კანონიერი და გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მოთხოვნიდან. თავდაპირველად ყადაღა ედო უძრავი ქონების წილს, ხოლო 2017 წელს კრედიტორის განცხადების საფუძველზე უძრავ ქონებას მოეხსნა ყადაღა, ხოლო შემდგომ უძრავი ქონების მესაკუთრე სხვა პირი აღმოჩნდა. შესაბამისად, მოვალეს არ დარჩა რაიმე ქონება, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება. აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთები ეკუთვნის მოვალეს, ვინაიდან უძრავი ქონება იმ პერიოდში იყო მასზე რიცხული, როდესაც შეძენილია დაყადაღებული მოძრავი ნივთები. ამდენად, აღმასრულებელმა კანონის სრული დაცვით იმოქმედა და დაყადაღებული ნივთების ყადაღისგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს. 3. ფაქტობრივი გარემოებები: 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.1.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია №A17------ სააღსრულებო საქმე, სადაც კრედიტორს ზუ-----------ძე, ხოლო მოვალეს ჯი-–---------–---–ი წარმოადგენს. სააღსრულებო საქმის წარმოების ფარგლებში, კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, 2017 წლის 02 ნოემბერს, გუ------------------ს სოფე-–-------ში გამოცხადდა, სადაც აღწერა და დააყადაღა შემდეგი მოძრავი ნივთები: სამეული (დივანი ორი სავარძლით), ტელევიზორი ,,ORION”, ,,SAMSUNG”-ის ფირმის სარეცხი მანქანა, მაცივარი ,,DAEWOO“. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 17-18); - 3.2.2. გუ------------------ს სოფე-–-------ში მდებარე უძრავი ქონება, სადაც ნივთების აღწერა და დაყადაღება მოხდა, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ამონაწერის მიხედვით ომ---------–---–ის, ცი----------–---–ის და ზუ---------–---–ის თანასაკუთრებას წარმოადგენს. აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონებაც ამ საცხოვრებელ სახლშია განთავსებული. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: - - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 17-18); - საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 20). 3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 02 ნოემბრის №143316 აქტში მითითებული ნივთები - სამეული (დივანი ორი სავარძლით), ტელევიზორი ,,ORION”, სარეცხი მანქანა ,,SAMSUNG” და მაცივარი ,,DAEWOO“ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ გუ---------------–----–------ის სოფ--–--------ი მოპასუხე ჯი-–---------–---–ის რეგისტრაციის მისამართია, თუმცა დიდი ხანია იგი ამ მისამართზე არ ცხოვრობს. იგი ცხოვრობს ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირზე. საცხოვრებელ სახლში არსებული ნივთები ჯი-–---------–---–ს არ ეკუთვნის და მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი გარემოებები მოპასუხე ჯი-–---------–---–მაც დაადასტურა. სადავო ნივთის კუთვნილების დადასტურების ნაწილში მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით სასამართლო სხდომაზე მოწმედ ნა----–-----------იძე დაიკითხა, რომელმაც განმარტა, რომ ჯი-–---------–---–ი არ ცხოვრობს სოფე-–-------ში. თავად ნამყოფი არის ცი----------–---–ის საცხოვრებელი სახლის შესასვლელ ოთახში, სადაც განთავსებულია ტელევიზორი, დივანი სავარძლებით და მაგიდა. ამ ოთახიდან ჩანს სამზარეულო ოთახიც, სადაც მაცივარი და სარეცხი მანქანაა განთავსებული და იცის რომ ეს ნივთები მოსარჩელეს ეკუთვნის (იხ. სასამართლოს 07.06.2018 წლის სხდომის ოქმი 12:09:23 - 12:10:16 სთ). სასამართლო მხარეებს მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ. ასევე, სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ნივთები განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთები მდებარეობს მოსარჩელის თანასაკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში. შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ აღნიშნული ნივთები მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების საკუთვნებელს წარმოადგენს. სადავო საკითხის ამგვარი განმარტება კი სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საქმე №ას-204-197-2013). გამომდინარე აქედან ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ მიუხედავად რეგისტრაციისა, მოპასუხე ჯი-–---------–---–ი არ ცხოვრობს გუ------------------ს სოფე-–-------ში და ამ მისამართზე ცი----------–---–ი ცხოვრობს. მოპასუხე მხარეს ამ გარემოების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს. - - სასარჩელო განცხადება, შესაგებლები (1-14; 37-45); - - ნივთის აღწერის და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 17-18); - - განცხადება (ს.ფ. 111); - - სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 17) - - მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება (იხ. სასამართლოს 12.04.2018 წლის, 07.06.2018 წლის სხდომის ოქმები); სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა: საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, სხვა სახის ნორმატიული აქტები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ: 5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; 5.2. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი. 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. ამავე კანონის 44-ე უხლის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომელიც მოვალეს ეკუთვნის. ამასთან, კანონის 44-ე მუხლი აწესებს ვარაუდს, რომლის მიხედვით მოვალეს ეკუთვნის ის ნივთები, რომლებსაც მასთან პოულობენ. საქმის განხილვის ეტაპზე მოპასუხე ზუ-----------ძემ და მესამე პირის წარმომადგენელმა განმარტეს, რომ მოძრავი ნივთები ეკუთვნის მოვალეს, ვინაიდან მათი აღწერა და დაყადაღება მოხდა მოვალის რეგისტრაციის მისამართზე, რასაც სასამართლო ვერ დაეთანხმება შემდეგი საფუძვლიდან გამომდინარე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, პირი თვითონ განსაზღვრავს და ირჩევს მისთვის სასურველ საცხოვრებელ ადგილს, მას აქვს სრული თავისუფლება, თვითონ გადაწყვიტოს, სად იცხოვროს. ამავე დროს, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ჰქონდეს. ცხადია, რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, პირი არ არის შეზღუდული, რომ საკუთარი სურვილით, რეგისტრაცია ერთ-ერთი მისამართის მიხედვით გაიაროს. სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს ენიჭება. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურდეს გარკვეული მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მოპასუხე ჯი-–---------–---–ის რეგისტრაციის ადგილია გუ---------------–----–------ის სოფ--–--------ი, თუმცა სასამართლო მიუთითებს რა სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლზე, განმარტავს, რომ რეგისტრაციის ადგილი შეიძლება არ წარმოადგენდეს პირის საცხოვრებელ ადგილს და იგი სრულიად სხვა მისამართზე ცხოვრობდეს. ამდენად, ის გარემოება, რომ ჯი-–---------–---–ის რეგისტრაციის ადგილი არის გუ---------------–----–------ის სოფ--–--------ი, არ ნიშნავს იმას, რომ იგი ამ მისამართზე ცხოვრობს და ამ მისამართზე განთავსებული ყველა ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს. სასამართლო აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილი მხოლოდ რეგისტრაციით არ განისაზღვრება, არამედ აუცილებელია, რომ პირი ფაქტობრივად ცხოვრობდეს რეგისტრაციის მისამართზე. განსახილველ შემთხვევაში კი ვერ იქნა დადასტურებული, რომ ჯი-–---------–---–ი რეგისტრაციის მისამართზე ცხოვრობს. შესაბამისად, არ არსებობს ყადაღის აქტში მითითებული მოძრავი ნივთების მის საკუთრებად მიჩნევის ფაქტობრივი საფუძველი. 6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რომელიც არ არის მოვალ და არც ის პირი, რომელმაც სოლიდარულად შეიძლება აგოს პასუხი ჯი-–---------–---–ის ფულად ვალდებულებებზე და რაც ნიშნავს იმას, რომ სადავო ნივთებზე ყადაღის დადება არღვევს მოსარჩელის საკუთრების უფლებას და ამდენად, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ სადავო ნივთებს მოეხსნას ყადაღა. 7. საპროცესო ხარჯები: 7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ჯი-–---------–---–მა სარჩელი სცნო მოსამზადებელ ეტაპზე. მოპასუხე ზუ-----------ძემ სარჩელი არ სცნო. განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის ფასი 1 750 ლარით განისაზღვრა და მოსარჩელე მხარეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხე ჯიმშერ სიბაშვილს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელე ცი----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები: 8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37- 39-ე, 41-ე, 46-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 264-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. მოსარჩელე ცი----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. გათავისუფლდეს ყადაღისგან კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2017 წლის 02 აპრილის №143316 აქტით დაყადაღებული ქონება - სამეული (დივანი ორი სავარძლით), ტელევიზორი ,,ORION”, ,,SAMSUNG”-ის ფირმის სარეცხი მანქანა, მაცივარი ,,DAEWOO”; 3. მოპასუხე ზუ-----------ძეს მოსარჩელე ცი----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება; 4. მოსარჩელე ცი----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დავალება 150----1; ბანკი - სს,,ლიბერთი ბანკი“; გადამხდელი ცი----------–---–ი; გადახდილი თანხა 100 ლარი; გადახდის თარიღი 100 ლარი); 5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 364-ე და 365-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მოსამართლე რომან კუპატაძე