გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2018
საქმის ნომერი
031210017001836284
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №031210017001836284

№2/87-2017 წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 მაისი, 2018 წელი ქ. ქობულეთი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში

 

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ზინაიდა აბაშიძე

 

მოსარჩელე - მა-------------ძე

 

მოპასუხე - ნა----–----–---–ი

წარმომადგენელი - კო---------–-----ძე

 

მესამე პირი- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონულ განყოფილება და ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი - თა-----------–-ძე

 

დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე მა-------------ძე მოითხოვს განესაზღვროს მის შვილებთან ნი------------ესა (დაბადებული 2014 წლის 14 ოქტომბერს) და ამ---------------ესთან (დაბადებული 2016 წლის 25 ივნისს) ნახვის დღეები პარასკევი დღის საღამოდან კვირა დღის საღამომდე. ასევე მიეცეს ნი------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობისთვის დღის თავისუფალ მონაკვეთში მისი ნახვის საშუალება.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - ნა----–----–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და აღნიშნა, რომ ნი------------ესთან მიმართებით ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, რაც შეეხება მეორე შვილს ამ---------------ეს, განმარტავს, რომ ბავშვი არის ძალიან პატარა, დედაზე მიჯაჭვული და ამ ეტაპისთვის თანახმაა, რომ მამამ შვილი ნახოს მისი თანდასწრებით, წაყვანისა და ღამისთევის გარეშე, შესაბამისად თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

2.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მამას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს შვილებთან. მას სახლში ყველა პირობა აქვს ბავშვის ნორმალური აღზრდა განვითარებისათვის, აქვს სათანადო უნარ-ჩვევები, რომ თავის საცხოვრებელ სახლში სათანადოდ მოუაროს არასრულწლოვან შვილებს.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მა-------------ძეს და ნა----–----–---–ს 2014 წლის 14 ოქტომბერს შეეძინათ შვილი ნი------------ე და 2016 წლის 25 ივნისს - ამ---------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნი------------ის დაბადების მოწმობა №7---------- და ამ---------------ის დაბადების მოწმობა №7----------;

 

3.1.2. ნა----–----–---–ი და მა-------------ძე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო მათი არასრულწლოვანი შვილები ნი------------ე და ამ---------------ე ცხოვრობენ დედასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.3. მა-------------ძე ყოველთვიურად იხდის ალიმენტის სახით 300 ლარს, ასევე იღებს ხარჯებს შვილისთვის წამლის შესაძენად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ 2017 წლის 29 ნოემბრის სოციალური მუშაკის #1030 დასკვნა;

 

3.1.4. ბავშვები გარკვეული დროით ცხოვრობდნენ მამის ოჯახში, მათთან ყოფნის პერიოდში მა-------------ძე სათანადოდ ზრუნავდა ბავშვებზე. ზედმიწევნით ასრულებდა ექიმის რეკომენდაციებს ნი------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამოდინარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

_ მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები (სასამართლო სხდომის ოქმი);

_ 2017 წლის 29 ნოემბრის სოციალური მუშაკის #1030 დასკვნა;

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვით ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება რაც ხელს შეუშლის მა-------------ძეს შვილთანამირან დუმბაძესთან ურთიერთობაში; არ გამოკვეთილა გარემოებები, რომ ის მიუხედავად ბავშვის ასაკისა, ვერ შეძლებს მის სათანადო მოვლას;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში ნა----–----–---–ს მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

საქმეზე წარმოდგენილი 2018 წლის 14 მარტს სოციალური მუშაკის #1030 დასკვნის მიხედვით კი მა-------------ძის საცხოვრებელი საყოფაცხოვრებო, ჰიგიენური და უსაფრთხო პირობები დამაკმაყოფილებელია. ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით და აუცილებელი ტექნიკური მოწყობილობით.

 

3.2.2. მოპასუხე მხარე არ ეთანხმება ბავშვის (ამ---------------ის) ნახვას სახლში წაყვანით მოახდინოს მამამ და ის თანახმაა მხოლოდ დღის საათებში მოხდეს ამირან დუმბაძის მონახულება და მასტან ურთიერთობა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში ნა----–----–---–ის მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელეს უნდა მიეცეს საშუალება შვილის აღზრდაში მიიღოს მონაწილეობა. ამ მიზნით მას უნდა დაუდგინდეს შვილების ნახვის დღეები; მოპასუხე მხარეს კი უნდა დაევალოს ხელი არ შეუშალოს მამას შვილებთან ურთიერთობაში;

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

- საქართველოს კონსტიტუცია.

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ბავშვის უფლებათა კონვენცია.

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ 1994 წლის 21 აპრილიდან საქართველო მიერთებულია ბავშვის უფლებათა კონვენციაზე, რომლის პრეამბულაშიც ნათქვამია, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებაა განუხრელად ზრუნავდნენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე და ქმნიდეს გარანტიებს მათი ინტერესების დასაცავად. მასზე ზრუნვამ უნდა განაპირობოს ის, რომ ბავშვი სრულყოფილად იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და ზოგადსაკაცობრიო იდეალების, განსაკუთრებით კი მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით. ბავშვის ასეთი განსაკუთრებული დაცვის აუცილებლობა გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა ჟენევის 1924 წლის დეკლარაციით, 1959 წლის 20 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა დეკლარაციით და აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მისი 23-ე და 24-ე მუხლებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტით (კერძოდ, მე-10 მუხლით), აგრეთვე ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე სპეციალიზებული დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი დოკუმენტებით. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით. საქართველო აღიარებს ბავშვის უფლებათა კონვენციას და ქმნის ყველა პირობას ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში.

 

6.2. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლიტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

 

6.3. გარდა საერთაშორის აქტებისა, მშობელისა და შვილების ურთიერთობები, დარეგულირებულია შიდა კანონმდებლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის /მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

6.4. ”ბავშვთა უფლებათა კონვენციის” მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინაამღდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ”ჭეშმარიტი ინტერესი” მოცემულ შემთხვევაში არის ის, რომ ამ---------------ეს ორივე მშობელთან ჰქონდეს ერთნაირი ურთიერთობა და ამასთან მათთან ურთიერთობის დროს არ უნდა იქნეს დარღვეული მისი, როგორც ბავშვის უფლებები. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ორივე მშობელი თანაბარწილად არის ვალდებული შვილის აღზრდა-განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რაც ბავშვს საშუალებას მისცემს იყოს ორივე მშობელთან მჭიდრო ურთიერთობაში. სწორედ აღნიშნულით მოხდება ბავშვის სათანადო აღზრდა და ჩამოყალიბება. ბავშვს, რაც უფრო მეტი ურთიერთობა ექნება ორივე მშობელთან, მით უფრო მეტად მოხდება მისი პიროვნების სრულფასოვანი ჩამოყალიბება და განვითარება.

 

ერთი მშობლის მიერ მეორისათვის, შვილთან ურთიერთობის აკრძალვა, არა მარტო მშობლის უფლების დარღვევაა, არამედ იგი ლახავს თვით შვილის უფლებებს ცალკე მცხოვრებ მშობელთან ურთიერთობის სფეროში, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის აღზრდის ინტერესებს. შვილს უფლება აქვს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს იმ მშობელთან ვისთანაც არ ცხოვრობს და არ იზრდება (ამ შემთხვევაში თავის მამასთან). თავის მხრივ მამაც უნდა მონაწილეობდეს მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში და ასევე რჩენაში. ეს უფლება მამას მინიჭებული აქვს არამარტო კანონით, არამედ ზნეობის ნორმებით, ადათებითა და ჩვეულებებით.

 

შიდა კანონმდებლობით ზ/ხსენებული სამართლებრივი ნორმები უკრძალავს იმ მშობელს შეზღუდოს მეორე მშობლის ურთიერთობა ბავშვთან, რომელიც მასთან ცხოვრობს.

 

6.6. მშობლის უფლების შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურის კვლევით არ დასტურდება, გარდა ამისა, გასათვალისწინებელ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ კვირის დღეებში მამას ნება უნდა დაერთოს ინახულოს ბავშვი, რაც, ბუნებრივია, მშობლების უალტერნატივო ვალდებულებაა და მან საკუთარი უფლება-მოვალეობები უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ ამით არ შეილახოს ბავშვის ინტერესი, მისი ცხოვრების ჩვეული რეჟიმი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება უნდა მიეცეს ურთიერთობა იქონიოს არასრულწლოვან ამ---------------ესთან. ასეთი ურთიერთობის არ ქონა, ან ხელშეშლა პირველ რიგში დააზარალებს არასრულწლოვანის ინტერესებს, რაც დაუშვებელია და უნდა აღმოიფხვრას სასწრაფოდ. თუ გამოვლინდება შემთხვევა, რა დროსაც ერთერთი მშობელი მართლსაწინააღმდეგოდ შეეცდება მეორე მშობელმა არ ინახულოს ბავშვი, დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს ერთ-ერთი მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ ბავშვის ნახვით და წაყვანით მოსარჩელე მა-------------ძე მიაყენებს ზიანს ბავშვის კეთილდღეობას. სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, ბავშვების უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ნინო და ამირანი აღიზარდოს ოჯახურ გარემოში, მშობლებმა თანაბრად გადაინაწილონ პასუხისმგებლობა ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებისა და სრულფასოვანი ზრდა-განვითარების ხელშეწყობისთვის.

 

6.7. ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ამ---------------ე არის მცირეწლოვანი და მას ბოლო პერიოდში მამასთან მჭიდრო ურთიერთობა არა აქვს, შესაბამისად საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს მისი ასაკი, ოჯახის წევრებზე მიჩვევის, თანატოლებთან ურთიერთობის, დედის გარეშე სხვაგან დარჩენისას ფსიქოლოგიური განცდები და სხვა აუცილებელი გარემოებები. ამდენად სასამართლო მიიჩნევს ბავშვის ამირან დუმბაძესთან ურთიერთობისათვის მოსარჩელეს განუსაზღვროს კვირაში ერთი დღე ღამე; კვირის დღე კი შერჩეული უნდა იქნეს იმ სახით, რომ ამ პერიოდშიი ბავშვებს ერთდროულად და ერთად მოუწიოთ მამასთან ურთიერთობა; აღნიშნული სახით დასკვნის მიღების საფუძველს წარმოადგენს ასევე საქმის განხილვისას სოციალური მუშაკის განმარტებები, რა დროსაც ის მიუთითებს, რომ ბავშვის ასაკიდან და დაშორებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნით დროის განსაზღვრა გამოიწვევს ბავშვის შესაძლო დაძაბვას;

 

სასამართლო თვლის, რომ ნახვის დღეების ამდაგვარი განსაზღვრა მაქსიმალურად შესაბამისია, როგორც მშობლის ისე შვილის უფლებების რეალიზებისათვის. ბუნებრივია ყოველდღიური ურთიერთობა უკეთესია, მაგრამ ცალკე მცხოვრები შვილისა და მშობლისათვის ყოველდღიური ურთიერთობის დაწესება შეუძლებელია, ამიტომ პირველ რიგში შვილის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე შერჩეული უნდა იქნას ოპტიმალური დრო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული დრო კი დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით ოპტიმალური დროა.

 

6.8. შესაბამისად კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა დაუდგინდეს ბავშვებთან ურთიერთობის პერიოდი (ვინაიდან მხარეთა შეთანხმება ვერ მოხდა) მათ შორის წაყვანის უფლებით, ღამისთევით, კერძოდ, რომ მამას არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს ნი------------ესთან შეუზღუდავი ურთიერთობის უფლება ყოველდღიურად მონახულებით დღის საათებში. გარდა ამისა, მიეცეს უფლება: ყოველი კვირის განმავლობაში 2 დღით წაყვანის უფლებით - პარასკევს საღამოს 17 საათიდან კვირა საღამოს 17 საათამდე და ამ---------------ესთან, ყოველი კვირის განმავლობაში 1 დღით წაყვანის უფლებით - შაბათს საღამოს 17 საათიდან კვირა საღამოს 17 საათამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში ძირითად სარჩელზე წინასწარ გადახდილია 50 ლარი შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნაზე (მაგისტრატ მოსამართლის განსჯადობის გამო). მა-------------ძეს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ამასთან დავა არაქონებრივია და შეუძლებელია დასაკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილის პროპორციის ზუსტად განსაზღვრა, ამიტომ სასამართლო თვლის, რომ დასაკმაყოფილებელი მოთხოვნის ნაწილი შეადგენს სასარჩელო მოთხოვნის 50%. აქედან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ნა----–----–---–ს მა-------------ძის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 25 ლარი, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მა-------------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მა-------------ძეს მიეცეს შვილებთან ნი------------ესთან და ამირან დუმბაძესთან ურთიერთობის უფლება შემდეგი სახით:

 

2.1. ნი------------ესთან (დაბადებული 2014 წლის 14 ოქტომბერს) შეუზღუდავი ურთიერთობის უფლება ყოველდღიურად მონახულებით დღის საათებში. გარდა ამისა, მიეცეს უფლება: ყოველი კვირის განმავლობაში 2 დღით წაყვანის უფლებით - პარასკევს საღამოს 17 საათიდან კვირა დღის საღამოს 17 საათამდე.

 

2.2. ამ---------------ესთან (დაბადებული 2016 წლის 25 ივნისს) ურთიერთობის უფლება ყოველი კვირის განმავლობაში 1 დღით წაყვანის უფლებით - შაბათს საღამოს 17 საათიდან კვირა დღის საღამოს 17 საათამდე.

 

3. ნა----–----–---–ს მა-------------ძის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის სანაცვლოდ 25 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მეშვეობით (ქ. ქობულეთი, თავისუფლების ქ. №21) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე