განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002414749
საქმე N1-377/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15.06.2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ალ---------–-–--ლი
დაცვის მხარე
ბრალდებული: რე------------ძე
მამის სახელი: სა-------
დაბადებული: 2--09.1977 წელს
პირადი ნომერი: 1---------0
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ნასამართლობა: მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრაციის/ფაქტობრივი მისამართი: დედოფლის წყაროს რაიონი სოფელი სა----–------
ბრალდებულის ადვოკატი - მე----–------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი (თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის)
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171090318017
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 09 მარტს, ქ. ბათუმში, გო----–---–ის ქუჩაზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე და 178-ე მუხლებით ნასამართლევი რე------------ძე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით არაერთგზის დაეუფლა და---------–--ის კუთვნილ ,,ჰ------ს’’ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო
მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით
2.1 ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა და---------–--ის კუთვნილ ,,ჰ------ს’’ ფირმის მობილურ ტელეფონს.
2.2 მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 04 მაისის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.4. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი უძრავი ან მოძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ობიექტური მხრივ, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რაც თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. ამიტომაცაა, რომ მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში და სწორედ ეს ზემოაღნიშნული ურთიერთდაკავშირებული აქტები შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს. თაღლითობის დროს გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თაღლითობა ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე აუცილებელია დადგინდეს ბრალდებულის მხრიდან მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა აღნიშნული ქმედების განხორციელებაში. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი – მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, ხოლო მისი შეცდომაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზეც, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის.
თაღლითობის დროს ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რაც დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. მოწმეების ჩვენებებით, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანს ,,სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით“ და ასევე თაღლითობის სუბიექტურ მხარეს - განზრახვას, რომ პირს გათვითცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა; კონკრეტულ შემთხვევაში რე------------ძეს გაააჩნდა განზრახვა, რომ მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა ტელეფონი და და---------–--ისათვის მისი გამორთმევა მოხდა მოტყუებით, თითქოსდა სასაუბროდ;
ქმედება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი
2.5. საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით #1----- 16.03.2018წ დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მობილური ტრელეფონის "H----- model:MYA-L22" საბაზრო ღირებულება მისი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 250 ლარს; (იხ.ს.ფ.40-45)
ზიანი მნიშვნელოვანია, თუ ის სცდება 150 ლარიან ნიშნულს 10 000 ლარამდე; შესაბამისად, ვინაიდან მობილური ტელეფონის ფაქტიური საბაზრო ღირებულება შეადგენს 250 ლარს, რე------------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორადაა დაკვალიფიცირებული სსკ-ის 18-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქ/პუნქტით;
ქმედების ჩადენა არაერთგზის
2.6 რე------------ძე გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 ივლისს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს პრეზიდენტის N01/03/01 2017 წლის 01 მარტის განკარგულებით რე------------ძე შეწყალებული იქნა და მოსახდელად დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 თებერვლის N02/18-ზ-006 გადაწყვეტილებით რე------------ძე გათავისუფლდა სასჯელისაგან პირობით ვადამდე 01 (ერთი) თვითა და 26 (ოცდაექვსი) დღით ადრე, რის საფუძველზეც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტში იმყოფებოდა აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში;
რე------------ძეს ნასამართლობა გაქარწყლებული, ან მოხსნილი არა აქვს;
2.7 საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად არაერთგზის დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი ითვალისწინებს თაღლითობის არაერთგზისობის დასჯადობას.
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 შენიშვნის თანახმად, 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
2.8. დადგენილია, რომ რე------------ძე წარსულში მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში; დღეის მდგომარეობით ნასამართლობა მოხსნილი, ან გაქარწყლებული არ არის, რადგან საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად პირობით მსჯავრდებულის მიმართ ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ; საქმეში არსებული პრობაციის ბიუროს მომართვის თანახმად კი ის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტისათვის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პერიოდში;
2.9. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით ( მოწმეების: გი--------------–---–-----------------–--ის, და---------–--ის, გო---------------------------------–-ას, რე------------ძის ჩვენებებით, პირის ამოცნობის ოქმი, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ამოღების ოქმი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განაჩენი და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობა) სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რე------------ძემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით - დამტკიცებულად მიიჩნია, რე------------ძის მიერ იკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული, მხარეთა მიერ სრულად შეთანხმებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ რე------------ძეს ჰქონდა განზრახვა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა და---------–--ის კუთვნილ მობილურ ტელეფონს;
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
3.3. მოცემულ საქმეში მტკიცებულებების ანალიზით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის; ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რე------------ძემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით და---------–--ის კუთვნილი ,,ჰ------ს’’ ფირმის მობილურ ტელეფონის დაუფლებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, ხოლო ამავე მუხლის ემსამე ნაწილი - ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით;
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
5.4. ბოლოს რე------------ძე გასამართლებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 24 ივლისს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს პრეზიდენტის N01/03/01 2017 წლის 01 მარტის განკარგულებით რე------------ძე შეწყალებული იქნა და მოსახდელად დარჩენილი სასჯელი გაუნახევრდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 09 თებერვლის N02/18-ზ-006 გადაწყვეტილებით რე------------ძე გათავისუფლდა სასჯელისაგან პირობით ვადამდე 01 (ერთი) თვითა და 26 (ოცდაექვსი) დღით ადრე, რის საფუძველზეც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მომენტში იმყოფებოდა აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში;
5.5. რე------------ძის მიმართ სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს: ის წარსულში არაერთხელაა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი და სასჯელის სახით არაერთხელ ჰქონდა დანიშნული თავისუფლების აღკვეთა, მის მიმართ არაერთხელაა კანონით გათვალისწინებული შეღავათები გამოყენებული, მიუხედავად აღნიშნულისა , მან კვლავ განზრახი დანაშაული ჩაიდინა, თან პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, შესაბამისად მის მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს მსუბუქი - მას სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა;
რე------------ძის მიმართ სასჯელის ზომის და სახის განსაზღვრისას კი სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ რე------------ძე საგამოძიებო ორგანოში დაბარებული იქნა რა უწყებით, ის ნებაყოფლობით გამოცხადდა, თან წარადგინა და---------–--ის კუთვნილი ტელეფონი აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედებებში, წინასასამართლო სხდომაზე სრული მოცულობით უდავოდ ცნო მტკიცებულებები და ხელი შეუწყო პროცესის ეკონომიურობას;
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას თვლის, რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
ზემოთმითითებული გარემოებები იძლევა შესაძლებლობას ბრალდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის ნაწილი გადავადებული იქნეს პირობით და გამოყენებული იქნეს საქართველოს სსკ-ის 50-ე მხულის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაწესი;
ამდენად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რე------------ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, რე------------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, რე------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტების სანქციით გათვალისწინებული სასჯელი მინიმალური ოდენობით 06 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით; ასევე გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 50-ე მუხლის მე-5 ნაწილი და თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელიდან, ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობით. უფრო მკაცრი სასჯელის ზომის დანიშვნა ჩადენილი დანაშაულის, მისი ხასიათის, საზოგადოებრივი საშიშროების, ბრალდებულის პიროვნების, ქმედებით მიყენებული ზიანის, დამდგარი შედეგის მხედველობაში მიღებით არ არის გამართლებული, ხოლო დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასამართლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
სასაბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განაჩენით რე------------ძე იმყოფებოდა აღრიცხვაზე აჭარის პრობაციის ბიუროში; სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი სრულად;
6. ნივთმტკიცების, ყადაღის, ან სხვა საკითხები
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: "H----- model:MYA-L22" ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 8----------------------------------, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად ზ/მითითებული ნივთმტკიცების განკარგვა უნდა მოხდეს კანონით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული რე------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - დანიშნული სასჯელის ნაწილი 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 02(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განაჩენით განსაზღვრული და 2018 წლის 09 თებერვლის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით.
საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 ივლისის განაჩენით დანიშნული და 2018 წლის 09 თებერვლის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ რე------------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საუდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე - დანიშნული სასჯელის ნაწილი 04 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 02 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ რე------------ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.
მსჯავრდებულ რე------------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ რე------------ძეს დაევალოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ 15 დღის ვადაში გამოცხადდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროში და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამავე ბიუროს;
ნივთიერი მტკიცებულება - "H----- model:MYA-L22" ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 8----------------------------------, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქ. ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ნივთიერი მტკიცებულება - ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს და საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე