გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2018
საქმის ნომერი
190210018002294943
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/428-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22.05.2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს ”ვ-----ი”

წარმომადგენელი ქეთევან ინასარიძე

მოპასუხე ხ------- ჩ----–---–ი

წარმომადგენლები კობა კობიაშვილი

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1. ხ------- ჩ----–---–ისათვის 20 000 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის გარემოებები:

 

ხ------- ჩ----–---–ი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს “ვ-----ში” მოლარედ თამბაქოს სექციაში 2015 წლის 15 აგვისტოდან 2018 წლის 25 იანვრამდე. 2018 წლის იანვარში ჩატარდა საკონტროლო აღწერა, რის შედეგად სექციაში გამოვლინდა დანაკლისი 25 664.33 ლარის ოდენობით. სექციაში ნაშთი უნდა ყოფილიყო 40 316.04 ლარი, ხოლო ნაშთი აღმოჩნდა 14 651.71 ლარი. დანაკლისის შესახებ ხ------- ჩ----–---–მა განაცხადა, რომ მას მხოლოდ 20 000 ლარი ჰქონდა აღებული, რომელიც მას ებარა როგორც სექციაში ნავაჭრი თანხა და გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის. მოპასუხე 2018 წლის 25 იანვარს გათავისუფლდა თანამდებობიდან. 2018 წლის 24 იანვრის სანოტარო ფორმით დამოწმებული ხელწერილით მოპასუხემ აღიარა 20 000 ლარის ვალდებულება და იკისრა მისი 1 წლის ვადაში გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

ხ------- ჩ----–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები:

 

სექციაში გამოვლენილი დანაკლისიდან მის მიერ აღებული ნავაჭრი თანხაა 10 000 ლარი, რომლის გადახდის ვალდებულებაც გააჩნია. სექციაში ორი გამყიდველი მუშაობდა, მან ჯამურად მხოლოდ 10 000 ლარი აიღო. სანოტარო ფორმით ხელწერილის შედგენისას არ გაუცნობიერებია, რომ მას ხელწერილში მითითებული თანხის გადახდა დაეკისრებოდა. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე ბუღალტრული დოკუმენტაცია მის სექციაში გამოვლენილი დანაკლისის აღწერის შესახებ, რომელმა გამყიდველმა რა ოდენობით გამოიწვია დანაკლისი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხ------- ჩ----–---–ი 2015 წლის 15 აგვისტოდან დასაქმებული იყო შპს „ვ-----ში“ გამყიდველის თანამდებობაზე. იგი დასაქმებული იყო თამბაქოს სექციაში, სადაც თამბაქოს გარდა იყიდებოდა საკვები ზეთი. მოსარჩელესთან შპს "ვ-----ის" 2018 წლის 25 იანვრის ბრძანებით შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შრომითი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ბრძანებების ასლები (ს.ფ. 20-21. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 3-6. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 31-34. ტომი 1)

 

3.1.2. 2018 წლის 24 იანვარს შედგენილია დანაკლისის შესახებ ოქმი N1, რომლის თანახმად, ჩაუტარდა აღწერა გამყიდველ კონსულტანტ ქეთევან კიკნაძეს, რა დროსაც გამოვლინდა დანაკლისი 25 664.33 ლარის ოდენობით. აღწერის შედეგად ნაშთი უნდა ყოფილიყო 14651.71 ლარი. აღწერა ჩატარდა რუსთავში, მესხიშვილის N5-ში მდებარე სავაჭრო ქსელში, N1 სექციაში გამოვლინდა დანაკლისი. რეალური ნათში უნდა ყოფილიყო 40 316.04 ლარი. ოქმში მითითებულია, რომ დანაკლისის თანხაზე პასუხისმგებლები არიან ქეთევან კიკნაძე და ხ------- ჩ----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- დანაკლისის ოქმის ასლი (ს.ფ. 22. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 3-6. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 31-34. ტომი 1)

- მხარეთა განმარტებები (03.04.2018, 03.05.2018წ სხდომის ოქმები, CD დისკები)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 24 იანვარს სანოტარო ფორმით დამოწმებულია ხ------- ჩ----–---–ის აღიარებითი ხელწერილი, რომელშიც ხ------- ჩ----–---–ი ადასტურებს შპს "ვ-----ში" გამყიდველად მუშაობის დროს პროდუქციის გაყიდვის მიღებული თანხის მისაკუთრებას და ვალდებულება იკისრა აღწერის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 20 000 ლარი გადაიხადოს 12 თვეში.

 

2018 წლის 24 იანვარს სანოტარო წესით დამოწმებულია ხ------- ჩ----–---–ის აღიარებითი ხელწერილი, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: "მე ხ------- ჩ----–---–ი ვმუშაობ 2015 წლის 1 აგვისტოდან შპს „ვ-----ში“ გამყიდველის პოზიციაზე. 2018 წლის 23 იანვარს ჩატარებული საკონტროლო აღწერის შედეგად გამოვლინა სექციაში დანაკლისი (სიგარეტი და ზეთები). N1 სექციაში 20 000 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მაღაზიის კუთვნილი საქონელი (სიგარეტები, ზეთები) იმყოფებოდა ჩემს მართლზომიერ მფლობელობაში, რაზეც პასუხიმგებლობა მეკისრებოდა, ვინაიდან ჩემს სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა საქონლის მიღება და რაოდენობრივად მისი დათვლა, შენახვა, გაფრთხილება და თანხის ჩაბარება სალაროში. აღწერის შედეგად გამოვლენილი დანაკლისი 20 000 ლარი აღებულია ჩემს მიერ პირადი აუცილებლობისათვის, რის შესახებ არ იცოდა მენეჯერმა. იქიდან გამომდინარე, რომ ზემოაღნიშნული ქმედება ჩემს მიერ იქნა განხორციელებული ჩემი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავფარო აღებული თანხა 12 თვეში“.

 

მოპასუხე შორენა ჩ----–---–ის მხრიდან სადაო არ არის, რომ ხელწერილი ხელმოწერილია მოპასუხის მიერ.

 

მოპასუხის მხრიდან ასევე სადაო არ არის, რომ შრომითი მოვალეობის დროს პროდუქციის გაყიდვით მიღებული თანხა მას არ შეუტანია მისი დამსაქმებლის სალაროში. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მან მიისაკუთრა მხოლოდ 10 000 ლარი და არა ვალის აღიარების ხელწერილში მითითებული 20 000 ლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მოპასუხის მტკიცების საგანშია იმ გარემოებების დამტკიცება, რაც ადასტურებს ვალის აღიარების ხელწერილის შედგენის დროს ნების ნაკლს. მოპასუხე უარყოფს ხელწერილში მითითებული შესასრულებელი ვალდებულების მოცულობას, ამ გარემოების გამო არ ეთანხმება სარჩელს, რის გამოც მან უნდა დაადასტუროს სარჩელის საწინააღმდეგო გარემოებები.

 

საქმეში სადაო არ არის, რომ ხ------- ჩ----–---–მა ჯეროვნად არ შეასრულა შრომითი მოვალეობა, მიისაკუთრა საზოგადოების კუთვნილი თანხა. საქმეზე დასადგენი მნიშვნელოვანი გარემოებაა მოსარჩელის არამართლზომიერი ქმედებით, შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობით დამსაქმებლისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება სექციის შემოწმების ოქმს და მოპასუხის მიერ შედგენილი ვალის აღიარების ხელწერილს, რომელთაგან სექციის შემოწმების ოქმს მოპასუხე ეთანხმება, ხოლო ვალის აღიარების ხელწერილში მითითებული თანხის ოდენობას არ ეთანხმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 360- ე ?????? ????????, 1. ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ. 2. დაურწმუნებლობას უთანაბრდება, როცა რაიმე მოთხოვნის განხორციელება საეჭვოა.

 

მართალია, ხელწერილი ამ ნორმის პირდაპირი მნიშვნელობით მორიგების ხელშეკრულება არ არის, რადგან ორმხრივ ურთიერთდათმობას არ ითვალისწინებს, თუმცა განსახილველ საქმეში ამ ნორმით დადგენილი გარიგების ბათილობის საფუძვლების არსებობა უნდა დადგინდეს, რადგან მოპასუხე ვალის აღიარების ხელწერილის შინაარს არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება მასში მითითებული მისაკუთრებული თანხის ოდენობა. სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლი კი ითვალისწინებს გარიგების ბათილობას, თუ მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა მხარეებს რომ საქმის ნამდვილი ვითარება სცოდნოდათ.

 

ამ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველია ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე მოპასუხისათვის თანხის დაკისრება. ვინაიდან მოპასუხის არ ეთანხმება ამ ხელწერილში მითითებულ თანხის ოდენობას, მას ეკისრება საპროცესო მოვალეობა, რომ დაამტკიცოს ის გარემოებები, რაც ადასტურებს რომ ვალის აღიარების ხელწერილში შეცდომით მიუთითა თანხის ოდენობა. აღნიშნული საპროცესო ვალდებულება ეკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექის 360-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რადგან თუკი მორიგების შეთანხმება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, ასეთი გარიგება ბათილია. ვალის აღიარების ხელწერილის შედგენის დროს ნების ნაკლის შესახებ გარემოებები უნდა დაადასტუროს იმ მხარემ, ვინც ნების ნაკლს მიუთითებს.

 

ამდენად, ამ შემთხვევაში ვალის აღიარების ხელწერილის არსებობის გამო მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს, რომ ვალის აღიარების ხელწერილში მითითებული თანხა მას არ მიუსაკუთრებია. ამ დავაში მოსარჩელის მტკიცების საგანში არ არის ვალის აღიარების ხელწერილის გარდა კიდევ სხვა მტკიცებულებებით დაადასტუროს, რომ ხ------- ჩ----–---–მა შრომითი მოვალეობის შესრულების დროს დამსაქმებელს მიაყენა 20 000 ლარის მატერიალური ზიანი.

 

ვალის აღიარების ხელწერილში მოპასუხე გარკვევით და კონკრეტულად მიუთითებს მისი შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტებზე, რომელთა შედეგად მიითვისა დამსაქმებლის კუთვნილი ფულადი თანხა 20 000 ლარი, ამ ოდენობის თანხა მიიღო პროდუქციის რეალიზაციის შედეგად და არ შეიტანა საზოგადოების სალაროში.

 

მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებს მატერიალურ ფასეულობათა შემოწმების აქტს და ხ------- ჩ----–---–ის მიერ წერილობით გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულებას. 2018 წლის 24 იანვარს შედგენილია მატერიალურ ფასეულობათა აღწერის ოქმი, რომლის თანახმად, იმ სექციაში, სადაც გამყიდველად მუშაობდა მოსარჩელე, გამოვლინდა მატერიალური დანაკლისი 25 664,33 ლარი.

მოპასუხე არ უარყოფს, რომ აღწერის დროს მის სექციაში გამოვლინდა ამ ოდენობის დანაკლისი. მოპასუხე ადასტურებს, რომ ესწრებოდა აღწერას და ოქმს მან მოაწერა ხელი. მოპასუხის მხრიდან სადაო არ არის ამ ოქმში მითითებული გარემოებები.

ვალის აღიარების ხელწერილში დეტალურად და კონკრეტულად არის მითითებული დანაკლისის გამოწვევი გარემოებები და მოპასუხის წილი სექციაში გამოვლენილი დანაკლისის მოცულობაში. ამდენად, ვალის აღიარების ხელწერილში მოპასუხის მიერ ნების გამოვლენით დადასტურებულია სექციაში დანაკლისის გამომწვევი გარემოებები და მოპასუხის მიერ მისაკუთრებული თანხის ოდენობა. მოპასუხე ვერ მიუთითებს, რამ გამოიწვია ვალის აღიარების ხელწერილის შედგენის დროს მისი შეცდომა, რატომ მიუთითა არასწორად მის მიერ მისაკუთრებული თანხის იმაზე მეტი ოდენობა, ვიდრე სინამდვილეში მიისაკუთრა. მოპასუხემ ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მის მიმართ განხორციელდა რაიმე ზეგავლენა სადაო თანხის გადახდის ვალდებულების აღიარების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ვალის აღიარების ხელწერილი (ს.ფ. 15-16. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 31-34. ტომი 1)

- მოპასუხის განმარტებები (03.04.2018, 03.05.2018წ სხდომის ოქმები, CD დისკები)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელით მოთხოვნილი თანხა, რადგან მის მიერ შედგენილი ვალის აღიარების ხელწერილით დასტურდება ამ ოდენობით ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე, 395-ე, 341-ე, 51-ე, 360-ე, 316-ე, 361-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მხარეებს შორის სადაო ურთიერთობა შრომით-სამართლებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რადგან მოსარჩელე მოითხოვს შრომითი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, 1. წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან. 2. წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება დაიდოს სრულწლოვან დასაქმებულთან, რომელიც ახორციელებს მისთვის გადაცემული ფასეულობების შენახვას, დამუშავებას, გაყიდვას (გადაცემას), გადაზიდვას ან წარმოების პროცესში გამოყენებას.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 2. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. შრომის კოდექსის ამ ნორმის და 44-ე მუხლის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურდება კანონმდებლობთ დადგენილი წესით. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების საფუძველია ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 395-ე მუხლის თანახმად, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ამ შემთხვევაში დავა შეეხება შრომითი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეულ ზიანს, რაც ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანია და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლით დადგენილი ზიანის ანაზღაურების ისეთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რაც არის ზიანის მიყენება პირის ბრალეული ქმედებით - განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით.

 

მხარეებს შორის შრომის ხელშეკრულება დადებული არ არის. შრომით ურთიერთობა წარმოშობილის დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანებით. მოპასუხე სამსახურში მიღებულია შპს „ვ-----ის“ დირექტორის ბრძანებით გამყიდველის თანამდებობაზე. მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ გამყიდველის მოვალეობაში შედის სექციაში გასაყიდი პროდუქციის მიღება, მისი რაოდენობის აღწერა, პროდუქციის გაყიდვით მიღებული თანხის შეტანა საზოგადოების სალაროში.

 

შპს „ვ-----ის“ შრომის შინაგანაწესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია მოუფრთხილდეს შეზღუდული პასუხისმგებლოის საზოგადოება „ვ-----ის“ ქონებას, წესრიგში ჰქონდეთ სამუშაო ადგილი და ტექნიკური მოწყობილობები, მკაცრად დაიცვას მატერიალურ ფასეულობათა და დოკუმენტაციის შენახვის დადგენილი წესები.

 

შრომის შინაგანაწესის 23-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხრის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, შრომის შინაგანაწესი შპს „ვ-----ში“ დასაქმებულების მიერ ზიანის ანაზღაურების განსაკუთრებულ წესებს არ ითვალისწინებს, რის გამოც ზიანი ანაზღაურდება ზოგადი საფუძვლებით.

 

მოპასუხემ შრომითი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა, რაც მხარეებს შორის სადაო არ არის. მხარეებს შორის სადაოა მოთხოვნილი თანხის მოცულობა, რადგან მოპასუხე ცნობს სარჩელს 10 000 ლარის დაკისრების შესახებ და განმარტავს, რომ სექციაში გამოვლენილი დანაკლისის თანხიდან მან ეს თანხა მიისაკუთრა.

 

მოპასუხის მიერ სარჩელის უარმყოფელი გარემოებაა, რომ მან პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან მიისაკუთრა 10 000 ლარი და არა ვალის აღიარების ხელწერილში მითითებული 20 000 ლარი. მოპასუხის განმარტებით, სექციაში მის გარდა მუშაობდა გამყიდველი ქეთევან კიკნაძე, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაედგინა თითოეული მოლარის მიერ მიყენებული ზიანი ინდივიდუალურად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომის ხელშეკრულების დადების ან დამსაქმებლის ბრძანების საფუძველზე პირის სამსახურში მიღების შედეგად წარმოიშობა შრომის სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც მხარებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობას წარმოშობს. დასაქმებულს ევალება კეთილსინდისიერად შეასრულოს შრომითი მოვალეობა. მოპასუხე დასაქმებული იყო გამყიდველის თანამდებობაზე და მის მოვალეობაში შედიოდა პროდუქციის რეალიზაცია და ამის შედეგად მიღებული თანხის შეტანა საზოგადოების სალაროში. 2018 წლის იანვარში ჩატარებული აღწერით გამოვლინდა დანაკლისი იმ სექციაში, სადაც დასაქმებული იყო მოპასუხე. მასთან ერთად დასაქმებული იყო კიდევ ერთი გამყიდველი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის გადასაწყვეტად უნდა შეფასდეს 2018 წლის 24 იანვარს შედგენილი ხელწერილი არის თუ არა ვალის აღიარება და წარმოშობს თუ არა თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, 1. იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. 2. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ვალის არსებობის აღიარებას განმარტავს როგორც ხელშეკრულებას, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა. თუმცა, რა მოიაზრება კონკრეტულად ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის აღიარებაში საკანონმდებლო დეფინიციიდან არ ჩანს. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადაო ურთიერთობის გარემოებებიდან გამომდინარე განმარტების გზით უნდა დადგინდეს, აღიარება კაუზალურია თუ აბსტრაქტული.

 

341-ე მუხლიდან გამომდინარე ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტულ ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. თავის მხრივ ცალმხრივია ხელშეკრულება, რომელშიც ერთ მხარეს აქვს მხოლოდ უფლება, ხოლო მეორე მხარეს ეკისრება მხოლოდ ვალდებულების შესრულება. ვალის აღიარების ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება.

 

ვალის აღიარების აბსტრაქტული ხასიათი ნიშნავს იმას, რომ ვალის არსებობის აღიარება დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობა მხარეებისთვის შეიძლება სადავოც კი იყოს. ვალის არსებობის აღიარება ქმნის ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომლის მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა.

 

ვალის არსებობის აღიარება აბსტრაქტული ხელშეკრულებაა, რამდენადაც ამ ხელშეკრულებით წარმოიშობა ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის იურიდიული მნიშვნელობა და ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსზე.

 

მოპასუხის მიერ ვალის აღიარების ხელწერილში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე მასში მითითებული თანხის გადახდის ვალდებულების არსებობის დადასტურება არის კაუზალური აღიარება, რადგან უკვე არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების აღიარების ხელშეკრულება არ არის.

 

კაუზალურია ისეთი აღიარება, როცა ურთიერთობის ერთ-ერთი მონაწილე ადასტურებს თავისი ვალდებულების დეტალებს (მაგალითად, გადასახდელი თანხის ოდენობას, ვადებს, ადგილს და ა.შ.). ამგვარი აღიარებით მხარე დეკლარაციულად აღიარებს ვალდებულების არსებობას. ამგვარი აღიარება არ წარმოშობს ახალ ვალდებულებას, არამედ – უბრალოდ ადასტურებს უკვე არსებულ ვალს და, ამდენად, იგი თავისი არსით ვალის დადასტურების ხელშეკრულებას წარმოადგენს.

 

ამგვარი დეკლარაციური აღიარების საჭიროება გამოწვეულია მხარეებს შორის არსებული შეუთანხმებლობით. აღიარებით მხარეები აღწევენ გარკვეულ თანხმობას სადაო საკითხზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ერთი მხარე ცალმხრივად აცხადებს ვალდებულების არსებობის შესახებ და თანახმაა შეასრულოს ვალდებულება. ამ შემთხვევაში, მოპასუხემ აღიარა დავალიანების არსებობა და წერილობით გამოხატა თანხმობა, მიმდინარე დავალიანებასთან ერთად გადაიხადოს წინა პერიოდის ვალი.

 

ვალის არსებობის აღიარებაზე და ვალის არსებობის დადასტურებაზე როგორც ცალმხრივ გარიგებაზე და ცალმხრივი ნების გამოვლენაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის დებულება, რომლის მიხედვით ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მერე მხარეს მიუვა.

 

ამ შემთხვევაში ხ------- ჩ----–---–მა კრედიტორის შპს "ვ-----ის" მიმართ გამოავლინა ნება იმის შესახებ, რომ ადასტურებს გამყიდველის თანამდებობაზე მუშაობის დროს დამსაქმებლისათვის ზიანის მიყენებას და კისრულობს ზიანის 20 000 ლარის გადახდის ვალდებულებას დროის კონკრეტულ მონაკვეთში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვალის არსებობის დადასტურება ბათილი არ არის და არ არის გამოწვეული მოპასუხის მიერ სინამდვილის შეუსაბამოდ აღქმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლის თანახმად, 1. ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც მხარეთა შორის დავა ან დაურწმუნებლობა აღმოიფხვრება ურთიერთდათმობის (მორიგების) გზით, თუ, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, ეს მორიგება ემყარება სინამდვილის შეუსაბამო გარემოებებს, და დავა ან დაურწმუნებლობა არ წარმოიშობოდა, მხარეებს რომ საქმის ნამდვილი მდგომარეობა სცოდნოდათ. 2. დაურწმუნებლობას უთანაბრდება, როცა რაიმე მოთხოვნის განხორციელება საეჭვოა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოპასუხე შპს „ვ-----ში“ დასაქმებული იყო 2015 წლის აგვისტოდან გამყიდველის თანამდებობაზე, სადაო არ არის, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა შრომითი მოვალეობა, რადგან მოპასუხე ცნობს 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელს. ვალის აღიარების ხელწერილში კი აღწერილია შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტები და მითითებულია მისაკუთრებული თანხის კონკრეტული ოდენობა. ხელწერილში კონკრეტულად არის მითითებული დანაკლისის გამოწვევი გარემოებები და მოპასუხის წილი სექციაში გამოვლენილი დანაკლისის მოცულობაში. ვალის აღიარების ხელწერილში მოპასუხის მიერ ნების გამოვლენით დადასტურებულია სექციაში დანაკლისის გამომწვევი გარემოებები და მოპასუხის მიერ მისაკუთრებული თანხის ოდენობა.

 

ამდენად, ზემოთმითითებული ნორმით გათვალისწინებული ბათილობის საფუძვლები არ არსებობს. მოპასუხე ვერ მიუთითებს, რამ გამოიწვია ვალის აღიარების ხელწერილის შედგენის დროს მისი შეცდომა, რატომ მიუთითა მის მიერ მისაკუთრებული თანხის იმაზე მეტი ოდენობა, ვიდრე სინამდვილეში მიისაკუთრა. მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ ვალის აღიარების ხელწერილში მითითებული გარემოებები არ წარმოშობილა და მან მხოლოდ 10 000 ლარი მიისაკუთრა. მოპასუხემ ვალის აღიარების ხელწერილის საწინააღმდეგო მტკიცებულებად მისივე ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება ვერ წარმადგინა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალის აღიარების ხელწერილის საწინააღმდეგო მოპასუხის განმარტებები და არგუმენტები არათანმიმდევრულია, რადგან ერთის მხრივ მოპასუხე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ, 10000 ლარის მისაკუთრების ფაქტს აღიარებს, ხოლო დანარჩენი თანხის დაკისრების საწინაღმდეგო კონკრეტულ გარემოებებს ვერ მიუთითებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია აანაზღაუროს შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი. მართალია მხარეებს შორის შრომის ხელშეკრულება წერილობითი ფორმით დადებული არ არის და უშუალოდ მხარეების მიერ შეთანხმებული არ არის ზიანის ანაზღაურების წესები, თუმცა ეს გარემოება დასაქმებულს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს. მოპასუხის ბრალეული, არამართლზომიერი ქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა 20 000 ლარის ზიანი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის სადაო თანხის ნახევარი, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის ნახევრის გადახდისგან მხარეები თავისუფლდებიან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 300 ლარი, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 300 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს ”ვ-----ის” სარჩელი;

1.1. ხ------- ჩ----–---–ს დაეკისროს შპს ”ვ-----ისათვის” 20 000 ლარის გადახდა;

 

2. ხ------- ჩ----–---–ს დაეკისროს შპს ”ვ-----ისათვის” 300 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3. შპს „ვ-----ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის 9 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 300 ლარი (საგადასახადო დავალება N1). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე : ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300063150;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი