გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2018
საქმის ნომერი
010210017002102462
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002102462

საქმე №2-3621/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე შპს „-----

წარმომადგენელი ს---–--------–-------–---–---------–------–--ე

მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი ვ----------------ე

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შპს “----“-ს სასარგებლოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება 630 608,17 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მოითხოვს, რომ უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 20 ოქტომბერს, თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის მერიის მიერ ჩატარებული SPA110021890- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, შპს „----“-სა და თვითმმართველი ქალაქი - ბათუმის მერიას შორის გაფორმდა №309 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. N309 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „----“-მ აიღო ვალდებულება ქ. ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 13499999,94 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N309.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2011 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად სამუშაოებისა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2012 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდით. ხელშეკრულების 4.7. პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელებაზე, სამუშაოს მიღება-ჩაბარებაზე, შემსყიდველის მხრიდან ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებდა შპს ,,გ----–-----------ი", თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიასა და შპს ,,გ----–-----------ს" შორის 2011 წლის 21 სექტემბერს დადებული N273 ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე ხელშეკრულების 5.1. პუნქტის შესაბამისად მიმწოდებელი ვალდებული იყო შეესრულებინა სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, საქართველოში მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტებისა და წესების მოთხოვნების დაცვით, ამასთან, 5.3. პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი ვალდებულია აანაზღაუროს ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდებოდა ეტაპობრივად, 2 თვეში ერთხელ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის შემდეგ 15 სამუშაო დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 9.3. პუნქტის შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ შემსყიდველი განახორციელებდა წინასწარ ანგარიშსწორებას ხელშეკრულების ღირებულების 40%-ის, 5 399 999,97 (ხუთი მილონ სამასოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაასოთხმოცდაცხრამმეტი ლარი და 97 თეთრი) ლარის ოდენობით, ,,საქართველოს ბანკის" მიერ გაცემული საბანკო გარანტია NADV 25631-1 საფუძველზე. ხელშეკრულების 13.4. პუნქტის შესაბამისად დადგინდა, რომ სს ,,საქართველოს ბანკის" მიერ მიმწოდებელზე გაცემული საბანკო გარანტია NPE25630-11, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფაზე ძალაში იყო მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების საბოლოო დამთავრებამდე არაუგვიანეს 2013 წლის 01 თებერვლის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N309.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ სამუშაოს პირობებზე და ასევე ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესზეც. კერძოდ ხელშეკრულების 5.2. პუნქტში მითითებული იქნა, რომ „მხარეები ყოველთვიურად განიხილავენ გრაფიკის შესრულების მიმდინარეობის საკითხებს და საჭიროების შემთხვევაში შეაქვთ გრაფიკში სათანადო ცვლილებები“, ხოლო ხელშეკრულების მე-14 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვებოდა, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა, ამასთან თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობოდა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებული იყო წერილობით შეეტყობინებინა მეორე მხარისათვის შესაბამისი ინფორმაცია. ხელშეკრულების 14.4. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლებოდა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ასევე ამავე ხელშეკრულების 16.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებოდნენ რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამოც ფერხდებოდა ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებოდნენ ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N309.

 

3.2.3. შპს ,-----მ'', ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან N309 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან დაუყოვნებლივ განახორციელა სამუშაოების დაწყებისათვის აუცილებელი ღონისძიებები (სამუშაო ტექნიკის, სამშენებლო დანადგარების, დამხმარე ნაგებობების, მუშა-მოსამსახურეებისა და ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მობილიზება/მოგვარება) და დადგენილ ვადაში დაიწყო სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული პროცესის დაწყებიდან რამდენიმე თვეში თავი იჩინა სამუშაოების განხორცილებისათვის არაერთმა ხელისშემშლელმა გარემოებამ. შეიქმნა მუშა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა სამუშაოების დამპროექტებელი ორგანიზაციის - შპს ,,არქპროს“, ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურისა და ობიექტზე საზედამხედველო ორგანიზაციის - შპს ,,გ----–-----------ის“ წარმომადგენლები. ამ ჯგუფის მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ აუცილებელი იყო ქ. ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტში ცვლილებების შეტანა, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა დასახელებული პროექტის განხორციელება, და რის შესახებაც შპს ,,არქპროს'' მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი ნახაზები და დამატებითი საპროექტო ხარჯთაღრიცხვა.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და მხარეებიც არ ხდიან სადაოდ, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გამოვლინდა ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების შესრულების შემაფერხებელი არაერთი გარემოება, რის გამოც შპს „----“ სისტემატურად მიმართავდა მოპასუხე მხარესა და ობიექტზე საზედამხედველო ორგანიზაციას შპს „გ----–-----------ს“, რასაც მოწმობს საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები (მიმართვები). ესენი იყო: ხელშეკრულებაზე თანდართულ ხარჯთაღრიცხვასა და პროექტში შესატანი არაერთი ცვლილება; მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების გადატანის საკითხი; სალიანდაგო ხაზის აღების/დემონტაჟის საკითხი; ელექტრო ქვესადგურებისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გადატანის საკითხი; სხვა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შპს ,,ქეთურინას" მიერ მიწისქვეშა სამუშაობის შესრულების გაჭიანურება; ბაგრატიონის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ქუჩაზე (მთისიძირის ქუჩა) წყლის სისტემის რამდენიმე ადგილზე დაზიანების საკითხი; ერისთავის ქუჩაზე მდგარი ხუთ სართულიანი საცხოვრებელი სახლის მოსახლეობის წინააღმდეგობა სამუშაოების გაგრძელებაზე იმ მოტივით, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსი ავარიული იყო და გზის გაყვანა მიმდებარე ტერიტორიაზე დააზიანებდა საცხოვრებელ სახლს; ქ. ბათუმში წყლისა და საკანალიზაციო სისტემის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფაზა 3-ის ფარგლებში ამავე მისამათზე კანალიზაციის სისტემის მოწყობა, რომლის პარალელურადაც შეუძლებელი იყო სამუშაობის წარმოება; მოსახლეობის ექსპროპრიაციის საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- შპს „----“-ს მიმართვები: მიმართვა N01/10-25; მიმართვა N01/10-26; მიმართვა N01/10-11; მიმართვა N01/10-224; მიმართვა N01/10-372; მიმართვა N01/10-398; მიმართვა N01/10/-399; მიმართვა N01/10-406; მიმართვა N01/10-379; მიმართვა N01/10-8; მიმართვა N01/10-15; მიმართვა N01/10-47; მიმართვა N01/10-110; მიმართვა N01/10-242; მიმართვა N01/10-204; მიმართვა N01/10-260; მიმართვა N01/10-257; მიმართვა N01/10-325; მიმართვა N01/10-93; მიმართვა N01/10-118; მიმართვა N01/10-239; მიმართვა N01/10-290; მიმართვა N01/10-101; მიმართვა N01/10-365; მიმართვა N01/10-99; მიმართვა N01/10-117; მიმართვა N01/10-154; მიმართვა N01/10-165; მიმართვა N01/10-202; მიმართვა N01-226; მიმართვა N01/10-244; მიმართვა N01/10-257;) მიმართვა N01/366; მიმართვა N01/673; მიმართვა N01/321; მიმართვა N01/399; მიმართვა N01/584; მიმართვა N01/709; მიმართვა N01/760; მიმართვა N01/808; მიმართვა N01/825.

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული გარემოებების გამო მხარეთა შეთანხმებით N309 ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული იქნა სულ რვაჯერ. კერძოდ: 1) 2012 წლის 06 სექტემბრის N2 შეთანხმებით - 2013 წლის 01 ივნისამდე; 2) 2013 წლის 31 მაისის N6 შეთანხმებით - 2013 წლის 31 დეკემბრამდე; 3) 2013 წლის 27 დეკემბრის N7 შეთანხმებით - 2014 წლის 01 დეკემბრამდე; 4) 2014 წლის 27 ნოემბრის N9 შეთანხმებით - 2015 წლის 15 დეკემბრამდე; 5) 2015 წლის 15 დეკემბრის N11 შეთანხმებით - 2016 წლის 15 მაისამდე; 6) 2016 წლის 13 მაისის N12 შეთანხმებით - 2017 წლის 01 თებერვლამდე; 7) 2016 წლის 21 დეკემბრის N15 შეთანხმებით - 2017 წლის 01 მარტამდე; 8) 2017 წლის 28 თებერვლის N16 შეთანხმებით - 2017 წლის 01 აპრილამდე.

 

თითოეულ შეთანხმებაში მითითებულია, რომ სამუშაოების წარმოება ვერ ხერხდებოდა მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამასთან შეთანხმებების გაფორმებას წინ უსწრებდა შპს „----“-ს წერილობითი მიმართვები ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე. კერძოდ: 2013 წლის 23 მაისის N01/10-110 მიმართვა; 2013 წლის 12 დეკემბრის N01/10-325 მიმართვა; 2014 წლის 17 ნოემბრის N01/10-311 მიმართვა; 2015 წლის 18 ნოემბრის N01/10-272 მომართვა; 2016 წლის 27 თებერვლის N01/10-99 მიმართვა; 2016 წლის 7 დეკემბრის N01/10-244 მიმართვა; 2017 წლის 24 თებერვლის N01/10-42 მიმართვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- N309 ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელების შესახებ მხარეთა შეთანხმებები.

- შპს „----“-ს მიმართვები.

 

3.2.5. სასამართლო შპს ,-----ს" მიერ სს ,,საქართველოს ბანკიდან“ და სს ,,ბანკი ქართუდან" გამოთხოვილი საბანკო გარანტიებზე გადახდილი საკომისიოების შესახებ ინფორმაციიდან დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,-----მ" საბანკო გარანტიების საკომისიოს სახით სულ გადაიხადა 934 665,07 ლარი, მათ შორის 304 056, 90 ლარი გადაიხადა 2011 წლის 20 ოქტომბრის „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N309 ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების ვადის გაგრძელების პერიოდში გადახდილმა თანხამ შეადგენა - 630 608,17 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- სს „საქართველოს ბანკის“ 2017 წლის 11 მაისის N33/1070 ცნობა დანართთან ერთად.

- სს „ბანკი ქართუს“ 2017 წლის 17 მაისის N6/178 ცნობა დანართთან ერთად.

- შპს „----“-ს მთავარი ბუღალტრის მიერ გაცემული ცნობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „----“-ს სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 394-ე, 495-ე, 498-ე, 412-ე, 415-ე, 629-ე მუხლებით. ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 და 105-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგებათა დადების წესს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. სწორედ ამ პრინციპის შესაბამისია მხარეთა შორის დადებული გარიგება.

 

სადაო არაა ის გარემოება, რომ 2011 წლის 20 ოქტომბერს შპს „----“-ს და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №309, რომლის საფუძველზე, შპს „----“-მ აიღო ვალდებულება ქ. ბათუმში, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 13499999,94 ლარით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად - 2012 წლის 01 ნოემბრამდე პერიოდი. ამავე ხელშეკრულების შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ საბანკო გარანტიაზე, რომლის თანახმადაც დადგენილ იქნა, რომ შემსყიდველი განახორციელებდა წინასწარ ანგარიშსწორებას ხელშეკრულების ღირებულების 40%-ის, 5 399 999,97 ლარის ოდენობით, სს ,,საქართველოს ბანკის" მიერ გაცემული საბანკო გარანტიის საფუძველზე. საბანკო გარანტია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფაზე ძალაში იყო მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების საბოლოო დამთავრებამდე არაუგვიანეს 2013 წლის 01 თებერვლის ჩათვლით.

 

თავისი შინაარსით ზ/აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას და შესაბამისად მხარეებს შორის აღნიშნული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი იქნა უფლება-მოვალეობები.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გამოვლინდა ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების შეთანხმებულ ვადაში შესრულების შემაფერხებელი გარემოებები, რის გამოც მხარეთა შეთანხმებით N309 ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელებული იქნა რამოდენიმეჯერ წერილობითი ფორმით. საბოლოოდ მხარეთა მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2017 წლის 1 მაისამდე. შესაბამისად გაგრძელდა საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაც.

 

დადგენილია, რომ შპს ,-----მ" საბანკო გარანტიების საკომისიოს სახით სულ გადაიხადა 934 665,07 ლარი, მათ შორის 304 056, 90 ლარი გადაიხადა 2011 წლის 20 ოქტომბრის „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ N309 ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების ვადის გაგრძელების პერიოდში გადახდილმა თანხამ შეადგენა - 630 608,17 ლარი.

 

6.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ ხელშეკრულების ვადის გაგრძელების პერიოდში საბანკო გარანტიების საკომისიოს სახით გადახდილი 630 608,17 ლარი წარმოადგენს იმ ზიანს, რომელიც მას მიადგა მოპასუხე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით. კერძოდ იმით, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისთვის ე.წ. „სამუშაო ფრონტის“ გადაცემა იმ მდგომარეობაში, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სამუშაოების წარმოება, რამაც გამოიწვია ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება და პროექტი ნაცვლად 2012 წლისა დამთავრდა 2017 წლის მაისში.

 

სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394 მუხლის თანახმად მხარემ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ დარღვეული იქნა მოვალის მიერ რაიმე ვალდებულება, ამავე კოდექსის 395-ე მუხლი კი ადგენს, რომ მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს. სამოქალაქო კოდექსის 412 მუხლის თანახმად კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.

 

ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ზიანის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს ზიანის არსებობა. შესაბამისად, თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი კი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია, ანუ ისეთი მართლსაწინააღმდეგო მოქმედების, როდესაც ხდება ვალდებულების დარღვევა. იმისათვის, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის მხარეს დაეკისროს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მხარეთა ნამდვილი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე; სახეზე უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება ხელშეკრულების დებულებების დარღვევის გზით; სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი; დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან; ვალდებულების დარღვევა უნდა იყოს ბრალეული და არ უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობის გამომრიცხავი წინაპირობები.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც შპს „----“-მ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შეესრულებინა ქუჩების სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ხოლო ქ. ბათუმის მერიამ აიღო ვალდებულება აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და ფორმით. ამასთან მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით ასევე აიღო ვალდებულება წარმოედგინა საავანსო ანგარიშსწორებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიები, რომელთა მოქმედების ვადა უნდა ყოფილიყო 90 კალენდარული დღით მეტი ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე (სატენდერო დოკუმენტაციის 2.5 პუნქტი).

 

დადგენილი და უდავოა ასევე, რომ სხვადასხვა დროს მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე გაფორმდა შეთანხმებები, რომლებითაც ცვლილებები იქნა შეტანილი ხელშეკრულებაში და გაგრძელდა სამუშაოების შესრულების ვადა და შესაბამისად გაგრძელდა საბანკო გარანტიების მოქმედების ვადაც.

 

იმისათვის, რათა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომად მოპასუხეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, აუცილებელია, რომ სახეზე იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი. ფაქტობრივად დამდგარი ზიანი კი თავის მხრივ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულების მართლსაწინააღმდეგო დარღვევის შედეგია. სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ფაქტობრივად დამდგარ ზიანს უწოდებს იმ საფასურს, რომელიც მან გადაუხადა ბანკს საბანკო გარანტიების მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის. თუკი მოსარჩელე მხარის განმარტებას გავაანალიზებთ, მივიღებთ, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი არის არა მერიის მიერ რომელიმე სახელშეკრულებო პირობის (ვალდებულების) მართლსაწინააღმდეგო დარღვევა, არამედ მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე იმ გარიგების დადება, რომლითაც შეიცვალა სახელშეკრულებო პირობები და აღნიშნული ცვლილებით მან აიღო ვალდებულება გაეგრძელებინა საბანკო გარანტიების მოქმედების ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ განმარტებული ზიანი, გამოწვეულია მერიისა და შპს „----“-ს ერთობლივი, თავისუფალი და მართლზომიერი ნების გამოხატვით, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნდამენტური ელემენტის „ზიანის“ არსებობას.

 

6.5. სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის დანაწესზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმადაც დადგენილია, რომ „მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე“.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შპს „----“ ვერ ახორციელებდა სახელშეკრულებო ვალდებულებების განხორციელებას, ზ/აღნიშნული ნორმის საფუძველზე მხარეებს ჯერ უნდა ეცადათ ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, რაც განხორციელდა კიდეც შეთანხმებების გაფორმებითა და სახელშეკრულებო ვადის გაგრძელებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელი იქნებოდა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მოსარჩელე არ იქნებოდა აღნიშნულის თანახმა, მხოლოდ ამის შემდგომ წარმოეშვებოდა სამართლებრივი საფუძველი მოსარჩელე მხარეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ შპს „----“-ს არ უთქვამს უარი ხელშეკრულებაზე, იგი თანახმა იყო ხელშეკრულება მიესადაგებინათ შეცვლილ გარემოებებზე და თავისი მიმართვებით იგი თავად მოითხოვდა ხელშეკრულებო ვადის გაგრძელებას, რის საფუძველზეც გაგრძელდა კიდეც ხელშეკრულება. თუკი ჩავთვლით, რომ მხარეთა შეთანხმებების გაფორმებამ შპს „----“-ს მიაყენა ზიანი, აღნიშნულში ბრალი მაშინ თავად მოსარჩელეს მიუძღვის, ვინაიდან მისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ შეთანხმების გაფორმებით ვალდებული იქნებოდა გაეგრძელებინა საბანკო გარანტიების მოქმედების ვადა, რისთვისაც მას მოუწევდა საფასურის გადახდა, ამასთან რომც ჩავთვალოთ რომ შპს „----მ“ აღნიშნული მას შემდეგ გაიგო, რაც შეთანხმება დადო, როგორც მინიმუმ მეორე შეთანხმების გაფორმებისას მისთვის უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო აღნიშნული და განეცხადებინა პრეტენზია მერიისათვის. დადგენილია, რომ ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმება გაფორმდა 8-ჯერ და შპს „----ს“ არასოდეს განუცხადებია პრეტენზია მერიისათვის.

 

სამოქალაქო კანონმდებლობით კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის ანუ მისი პასუხისმგებლობა უნდა შემოიფარგლოს მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის პირველი ნაწილიდანაც, რომლის თანახმად, თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული.

 

6.6. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხეზე ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც შპს „----“-ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37 მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს კი წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები და სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შპს „----“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „----“-ს სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე