გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2122-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე - შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“
წარმომადგენელი - ს--–---- ჭ--–--ე, თ------- მ-----------–ი;
მოპასუხე - ო------ ლ---–--ე;
მოპასუხე - გ------- მ–------ე;
წარმომადგენელი - ზ----- ფ------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. მოპასუხეებს ო------ ლ---–--ესა და გ------- მ–------ეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 14152,37 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-სა და მოპასუხეებს შორის 2015 წლის 18 თებერვალს გაფორმდა კრედიტისა და თავდებობის N6-38 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ო------ ლ---–--ემ მიიღო სესხი 23 800 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის დღიური პროცენტი - 0.2%, 23 800 აშშ დოლარის დღიური 0.2% არის 47.6 აშშ დოლარი; 47.6 აშშ დოლარი 30 დღეზე არის (თვეში) 1428 აშშ დოლარი; კრედიტის დაფარვის ვადა - 18.02.16 წელი. 18.02.2015 წლიდან 18.02.2016 წლამდე არის 12 თვე, 12 თვე გამრავლებული 1428 აშშ დოლარზე არის 17 136 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად ყოველი თვის 28 რიცხვამდე დაფარული უნდა ყოფილიყო თვის განმავლობაში დაგროვილი პროცენტი. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე გ------- მ–------ემ როგორც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-ის წინაშე სოლიდარულად იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. მოვალის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2016 წლის 18 თებერვალს, როდესაც არ გადაიხადა სესხის ძირი და დარჩენილი სარგებელი. მოვალის მიერ გადახდილია ჯამში 18 883,19 აშშ დოლარი.
ვინაიდან მოპასუხის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბერს გადახდილი იქნა 5000 აშშ დოლარი, მოსარჩელის მიერ დაფარული იქნა მოვალის მიერ გადაუხდელი სარგებელი ანუ 2026,9 აშშ დოლარი, დანარჩენი გამოკლებულ იქნა ძირ თანხაზე და ითხოვს 14 152,37 აშშ დოლარს, რომელიც არის მხოლოდ ძირი თანხა.
2. მოპასუხის პოზიცია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი თანხა 14 152,37 აშშ დოლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და დაუსაბუთებელია მოთხოვნილი თანხის ოდენობის ადეკვატურობა. მოპასუხის მიერ თანხა სრულად არის დაფარული და გადახდილია იმაზე მეტი ვიდრე მიიღო მოსარჩელისაგან.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-სა და მოპასუხეებს შორის 2015 წლის 18 თებერვალს გაფორმდა კრედიტისა და თავდებობის N6-38 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ო------ ლ---–--ემ მიიღო სესხი 23 800 აშშ დოლარის ოდენობით. კრედიტის დღიური პროცენტი - 0.2%, 23 800 აშშ დოლარის დღიური 0.2%; კრედიტის დაფარვის ვადა - 18.02.16 წელი. ხელშეკრულების თანახმად ყოველი თვის 28 რიცხვამდე დაფარული უნდა ყოფილიყო თვის განმავლობაში დაგროვილი პროცენტი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2015 წლის 18 თებერვლის №6-38 კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 16).
3.1.2. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-სა და მოპასუხეებს შორის 2015 წლის 18 თებერვალს გაფორმებულ კრედიტისა და თავდებობის N6-38 ხელშეკრულებაში მე-11 მუხლის თანახმად, თავდები კისრულობს ვალდებულებას კლიენტთან ერთად სოლიდარულად გაინაწილოს პასუხისმგებლობა წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ 2015 წლის 18 თებერვლის №6-38 კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 16).
3.1.3. მოპასუხის მიერ 2015 წლის 18 თებერვლის №6-38 კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე სულ გადახდილია 18 883,19 აშშ დოლარი. 2016 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 5000 აშშ დოლარი,სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ 17-19).
- შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-ის წარმომადგენლის განცხადება (ს.ფ. 45).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის სადავოა სარგებლის კანონშესაბამისობა, დავალიანების არსებობა და სხვა მსგავსი საკითხები. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხები, არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ო------ ლ---–--ის მიმართ სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი გ------- მ–------ის მიმართ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს კონსტიტუცია.
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ო------ ლ---–--ემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სესხი არ დაფარა თავდებმა პირმაც. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ამავე კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამეწარმეო სუბიექტია და ახორციელებს ფულად ოპერაციებს. ო------ ლ---–--ეს სურვილი ჰქონდა თანხის მიღებისა. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ორივე მხარემ გამოავლინა სესხთან დაკავშირებული ნამდვილი ნება, რაც უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა სესხის გაცემაზე და გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ნების გამოვლენის საფუძველზე 2015 წლის 18 თებერვალს, შპს ,,კრედიტ სერვის +“-ს და ო------ ლ---–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ო------ ლ---–--ეზე სესხად გაიცა 23 8000 აშშ დოლარი 12 თვის ვადით, დღეში 47,6 აშშ დოლარის სარგებლის დარიცხვის პირობით. ო------ ლ---–--ემ იკისრა ვალდებულება სესხად მიღებული თანხა, 12 თვის ვადაში დაეფარა. მხარები ასევე შეთანხმდენ სესხის სხვა არსებით საკითხებზე. პირობების შეთანხმების შემდეგ შედგა ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადგინეს ურთიერთვალდებულებათა მოცულობა. მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, შესაბამისად მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების მეშვეობით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ ო------ ლ---–--ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა გადახდის გრაფიკში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ო------ ლ---–--ემ დაარღვია ვალდებულება და შეწყვიტა სესხის დაფარვა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ ო------ ლ---–--ეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, ანუ გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ვალდებულება არ შეასრულა და სესხის დასაფარად თანხა არ შეიტანა. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 18 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხე ო------ ლ---–--ეს შორის დადებული კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო. კერძოდ, ყოველდღიური სარგებელი განისაზღვრა 0.2%-ით.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (საქმე №ას-1701-1685-2011, 22.10.2012), რომელიც პროცენტის გადახდის ვალდებულებას შეეხება განმარტა, რომ „სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში“.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, სესხი გაიცა 12 თვის ვადით, ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საპროცენტო სარგებლად და ის უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტის ყოველდღიური პროცენტი შეადგენს 0.2%-ს, რაც ნიშნავს, რომ სესხის ყოველწლიური სარგებელი სესხის თანხის 72%-ს შეადგენდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველდღიური 0.2%. მართალია, ამ შეთავაზებას ო------ ლ---–--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც ის მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“
ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“ მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულების დებულება (მე-4 პუნქტი), რომლითაც შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-მ სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სარგებლის ოდენობა უნდა შემცირდეს წლიურ 36%-მდე და ანუ მოპასუხეს უნდა გადაეხადა 8568 აშშ დოლარი (დღეში 23.8 აშშ დოლარი, რაც ერთ თვეში შეადგენს 714 აშშ დოლარს, ხოლო 12 თვეში 8568 აშშ დოლარს).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე დარიცხულმა სარგებელმა შეადგინა 17 136 აშშ დოლარი.
დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოპასუხემ გადაიხადა 18 883,19 აშშ დოლარი (სადაც პროცენტი არის 17 136 აშშ დოლარი, ხოლო 1747,19 აშშ დოლარი ძირი თანხა). ასევე მან გადაიხადა 5000 აშშ დოლარი ანუ სულ 23 883, 19 აშშ დოლარი.
ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ პროცენტი იყო შეუსაბამოდ მაღალი და სესხის წლიურ პროცენტად გონივრულად მიიჩნია 36%, დაადგინა, რომ მოპასუხე ო------ ლ---–--ეს პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 8568 აშშ დოლარი. შესაბამისად 17 125.47 (ძირ თანხას) უნდა გამოაკლდეს 5000 აშშ დოლარი და 1747,19 აშშ დოლარი, რაც შეადგენს 10 378.28 აშშ დოლარს. ვინაიდან მოპასუხის მიერ გადახდილი პროცენტი ძალიან მაღალია, 10 378.28 აშშ დოლარს უნდა გამოვაკლოთ 8568 (წლიური 36%) აშშ დოლარი და მოპასუხეს გადასახდელი აქვს 1810.28 აშშ დოლარი.
ამდენად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ო------ ლ---–--ის დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 1810.28 აშშ დოლარი.
6.6. სოლიდარული ვალდებულება პრაქტიკაში პირთა სიმრავლის ყველაზე გავრცელებული სახეა. სოლიდარულ მოვალეთა ცნებას კანონმდებელი სსკ-ის 463-ე მუხლში აყალიბებს. მუხლის დანაწესით, თუკი რამდენიმე მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ისე, რომ თითოეულმა მონაწილეობა უნდა მიიღოს მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, ხოლო კრედიტორს ვალდებულების მხოლოდ ერთჯერადი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მათ სოლიდარული მოვალეები ეწოდებათ. 463-ე მუხლი რამდენიმე წინაპირობას შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა არსებობდეს რამდენიმე მოვალე, რომლებიც კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე არიან პასუხისმგებელი. გარდა ამისა, აუცილებელია, ისინი ერთი და იმავე კრედიტორის წინაშე იყვნენ ვალდებულნი. ამასთან, მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება თითოეულის ვალდებულება კრედიტორის წინაშე. შესაბამისად, არ არის აუცილებელი, კრედიტორის მოთხოვნები სოლიდარულ მოვალეთა მიმართ ერთიანი სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობდეს.
მოვალეთა სოლიდარულ მოვალეებად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ ისინი კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულებაზე იყვნენ პასუხისმგებელი. აღნიშნული ურთიერთობიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული მოვალე კრედიტორის ერთი და იმავე შესრულების ინტერესის მთლიან დაკმაყოფილებაზე უნდა იყოს ვალდებული.
ის ფაქტი, რომ სოლიდარულ ვალდებულებაში მონაწილე რამდენიმე პირთაგან თითოეულს მთლიანი ვალდებულების შესრულება ეკისრება, ანდა თითოეული მთლიანი ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზეა უფლებამოსილი, განასხვავებს სოლიდარულ ვალდებულებას წილადი ვალდებულებისაგან. ვალდებულებაში წილობრივად მონაწილე ნებისმიერ პირს ვალდებულების შესრულება მხოლოდ კუთვნილი წილის ფარგლებში შეუძლია მოითხოვოს და შესაბამისად, მას მხოლოდ ამ წილის ოდენობით ეკისრება შესრულების ვალდებულებაც. როგორც წილადი, ასევე სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში ვალდებულების არსიდან ნათლად გამომდინარეობს წილობრივად, ანდა სოლიდარულად მონაწილე თითოეული სუბიექტის უფლება-მოვალეობათა ოდენობა „გარე“ ურთიერთობაში. განსხვავებულ სურათთან გვაქვს საქმე ვალდებულებაში მონაწილე ამ რამდენიმე სუბიექტის „შიდა“ ურთიერთობასთან დაკავშირებით. „გარე“ ურთიერთობაში წილობრივი ან სოლიდარული უფლებამოსილება თუ ვალდებულება იმისგან დამოუკიდებლად არსებობს, თუ როგორ აქვთ მოწესრიგებული „შიდა“ ურთიერთობები ვალდებულების ერთ-ერთ მხარეზე მონაწილე რამდენიმე პირს. შესაბამისად, შესაძლებელია ვალდებულებაში სოლიდარულად, ანდა წილობრივად მონაწილე პირებს „შიდა“ ურთიერთობა სრულიად განსხვებულად ჰქონდეთ დარეგულირებული. „შიდა“ ურთიერთობა მხოლოდ „გარე“ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ ხდება აქტუალური. სწორედ „შიდა“ ურთიერთობებით დადგენილი წილი განსაზღვრავს იმას, თუ საბოლოოდ ვინ რა ოდენობითაა ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული ანდა მის მიღებაზე უფლებამოსილი.
წილადი მონაწილეობისაგან განსხვავებით, ვალდებულებაში სოლიდარული მონაწილეობის დროს კანონი იძლევა პასუხს სოლიდარულ მონაწილე პირთა წილების თაობაზე. სსკ-ის 462-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულებაში მონაწილე სოლიდარულ უფლებამოსილ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობაში აქვთ თანაბარი წილი, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სსკ-ის 463-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ბოლო კრიტერიუმი იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტორს ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხოლოდ ერთხელ შეუძლია. სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულება, კანონი და ვალდებულების საგნის განუყოფლობა. (საქმე №ას-1158-1104-2014; 06 მაისი, 2015 წელი).
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება”. ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილით ,, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე”.
სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობა აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა იქნეს გამოხატული. ამისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი თანახმაა იკისროს პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე და იმ პირის ვალდებულებისათვის, რომელიც კრედიტორთან მოვალედ გამოდის. გარდა ამისა, თავდებობის დოკუმენტში ანუ ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ის კონკრეტული მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც კისრულობს გარანტი პასუხისმგებლობას. აღნიშნული ფორმის დაუცველობა იწვევს თავდებობის თაობაზე მიღწეული ყველა ფორმის ბათილობას და შესაბამისად, თავდების ვალდებულების გაუქმებას.
თავდებობის შინაარსში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თავდების პასუხისმგებლობის ფარგლების ზუსტად განსაზღვრას. თავდების ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული იმ ზღვრული თანხის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც თავდები კისრულობს პასუხიმგებლობას, ანუ რა თანხის ფარგლებში აგებს პასუხს თავდები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თავდების ვალდებულება ვრცელდება მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული თავდების ზღვრული ოდენობა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“ სასარჩელო მოთხოვნა გ------- მ–------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლომ შეამოწმა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძვლები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ყველა წინაპირობა. სასამართლო ამ მოსაზრებამდე მივიდა შემდეგი საკითხების ანალიზით:
სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება და დაადგინა, რომ ხელშეკრულების მე-15 პუნქტით მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადავო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეთა მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მისი სარჩელის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 15 პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 345 ლარი, ვინაიდან დაზუსტებული სარჩელით მოხდა სასარჩელო მოთხოვნის შემცირება.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად მოპასუხე ო------ ლ---–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შესაბამისი ოდენობის სახელმწიფო ბაჟი 124,91 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ნაწილი 851,60 ლარი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით გაუქმებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ო------ ლ---–--ეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1810,28 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოსარჩელე შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-ის მოთხოვნა მოპასუხე გ------- მ–------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
1.3. მოსარჩელე შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-ის მოთხოვნა 12342,09 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
1.4. ო------ ლ---–--ეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 124,91 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის 150 ლარის გადახდა.
1.5. მოსარჩელე შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-ს დაუბრუნდეს 2016 წლის 07 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1322,00 ლარიდან - ნაწილი 345 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150.
1.6. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ნაწილი 851,60 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
1.7. გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა