გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2018
საქმის ნომერი
010210017001674461
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001674461

2-72/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29/05/2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - ზ------ ი-------ე

წარმომადგენელი - რ------------------

მოპასუხეები - თ------ და ნ------- ი------ეები

წარმომადგენელი - ო-------------–---–-

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა

ზ------ ი-------ემ სარჩელი აღძრა თ------ ი------ის და ნ------- ი------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეებს მის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 11 300 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2013 წლის 27 მაისს ნ------- ი------ემ და თ------ ი------ემ ზ------ ი-------ის წინაშე წერილობით აღიარეს 8907 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება და აღნიშნულთან დაკავშირებით გააფორმეს შეთანხმების აქტი, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება 2013 წლის 30 მაისამდე ზ------ ი-------ეს პირად ანგარიშზე ჩაურიცხონ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა 8907 აშშ დოლარი. მოპასუხეები ასევე შეპირდნენ, რომ ზ------ ი-------ეს 2013 წლის 02 სექტემბრამდე გაათავისუფლებდნენ სს ,,ბ---------კში“ დარჩენილი სესხის ვალდებულებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეები ზ------ ი-------ეს გადაუხდიდნენ პირგასამტეხლოს ყოველ ვააგადაცილებულ დღეზე 50 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ვალდებულებისაგან გათავისუფლების დროს, 2013 წლის 02 სექტემბრამდე გადაუხდიან დარჩენილ პირგასამტეხლოს თანხას 4800 აშშ დოლარს. მოპასუხეებმა დაარღვიეს შეთანხმების პირობები ბანკის ვალდებულებებისაგან ნაცვლად 2013 წლის 30 მაისისა, გაათავისუფლეს 2014 წლის 10 იანვარს. ანუ ვალდებულების შესრულებას გადააცილეს 130 დღე. აღნიშნული 130 დღის ვადაგადაცილების გამო მოპასუხეებმა უნდა გადაუხადონ ყოველდღიური 50 აშშ დოლარი, ჯამში 6500 აშშ დოლარი. მათ ასევე გადასახდელი აქვთ ვალის აღიარების შეთანხმებაში აღიარებული პირგასამტეხლოს თანხა 4800 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ. მათი წარმომადგენელი განმარტავს, რომ სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2013 წლის 27 მაისს მხარეებმა გააფორმეს შეთანხმების აქტი, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება:

- 2013 წლის 30 მაისამდე ზ------ ი-------ეს პირად ანგარიშზე ჩაურიცხონ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა 8907 აშშ დოლარი;

- 2013 წლის 02 სექტემბრამდე ზ------ ი-------ეს გაათავისუფლებდნენ სს ,,ბ---------კში“ დარჩენილი სესხის ვალდებულებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ზ------ ი-------ეს გადაუხდიან პირგასამტეხლოს ყოველ ვააგადაცილებულ დღეზე 50 აშშ დოლარის ოდენობით;

- 2013 წლის 02 სექტემბრამდე გადაუხდიან დარჩენილ პირგასამტეხლოს თანხას - 4800 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შეთანხმების აქტი ს. ფ 14

 

3.1.2. თ------ ი------ემ და ნ------- ი------ემ, შეთანხმების აქტის პირველ პუნქტში მითითებული 8907 აშშ დოლარი, ზ------ ი-------ეს გადაუხადეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. ზ------ ი-------ე, სს ,,ბ---------კში“ დარჩენილი სესხის ვალდებულებისაგან უნდა გათავისუფლებულიყო 2013 წლის 02 სექტემბრამდე. ის სს ,,ბ---------კში“ დარჩენილი სესხის ვალდებულებისაგან გათავისუფლდა 2014 წლის 10 იანვარს. 2013 წლის 2 სექტემბრიდან 2014 წლის 10 იანვრამდე გავიდა 130 დღე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

სს ,,ბ---------კის“ ცნობა.ს.ფ.16

 

3.1.4. თ------ ი------ეს და ნ------- ი------ეს 4800 აშშ დოლარი ზ------ ი-------ისათვის უნდა გადაეხადათ 2013 წლის 2 სექტემბრამდე. მათ დასახელებული თანხა არ გადაუხდიათ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა ხანდაზმულობის საკითხი. მოპასუხე ამტკიცებს, რომ მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან, სარჩელის აღძვრამდე გასულია 3 წელზე მეტი დრო.

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. ფაქტობრივად, ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს ხანდაზმულობასთან დაკავშირებით მითითებული ფაქტების არსებობას ან არასებობას.

3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. ასეთი პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძვლებიდან, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში სარჩელის, ხანდაზმულობის ვადაში აღძვრა მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს. ხანდაზმულობის დასადგენად უნდა დადგინდეს მოთხოვნის უფლების წარმოშობისა და სარჩელის აღძვრის თარიღები. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწყვეტის მტკიცებულება.

 

3.2.5. უდაოა, რომ 2013 წლის 27 მაისს ნ------- ი------ე და თ------ ი------ე, ზ------ ი-------ეს შეპირდნენ, რომ სს ,,ბ---------კში“ დარჩენილი სესხის ვალდებულებისაგან გაათავისუფლებდნენ 2013 წლის 02 სექტემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ზ------ ი-------ეს გადაუხდიან პირგასამტეხლოს ყოველ ვააგადაცილებულ დღეზე 50 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე უდაოა, რომ მათ ამ ვადაში ვალდებულება ვერ შეასრულეს. ზ------ ი-------ეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება გაუჩნდა 2013 წლის 3 სექტემბერს. ამ დღის შემდეგ ზ------ ი-------ეს მოპასუხეებისაგან პირგასამტეხლოს სახით ერგებოდა ყოველდღიურად 50 აშშ დოლარი. ის ვალდებულებისაგან გათავისუფლდა 2014 წლის 10 იანვარს. ანუ ამ დღემდე მოსარჩელეს ერგება ყოველდღიურად 50-50 აშშ დოლარი. ფაქტიურად 2013 წლის 3 სექტემბრიდან 2014 წლის 9 იანვრამდე პერიოდი არის ის პერიოდი, როცა მოსარჩელეს უფლება აქვს თითოეული დღის პირგასამტეხლო მოითხოვოს. ეს უფლება დასრულდა 2014 წლის 10 იანვარს. მოთხოვნის უფლების ბოლო დღე არის 2014 წლის 9 იანვარი. ამ დღიდან წყდება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. მოსარჩელეს სარჩელი აღძრული აქვს 2017 წლის 10 იანვარს. 2014 წლის 9 იანვრიდან 2017 წლის 10 იანვრამდე გასულია სამი წელი.

 

3.2.6. ნ------- ი------ეს და თ------ ი------ეს, ზ------ ი-------ისათვის 4800 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ 2013 წლის 02 სექტემბრამდე. მან დასახელული თანხა არც ამ ვადაში და არც სხვა დროს არ გადაიხადა. მოსარჩელეს 4800 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 3 სექტემბერს. ამ ვადიდან სარჩელის აღძვრამდე, ანუ 2017 წლის 10 იანვრამდე გასულია სამ წელზე მეტი ვადა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს კონსტიტუცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს გადასახდელი აქვთ 4800 აშშ დოლარი, ასევე 2013 წლის 3 სექტემბრიდან 2014 წლის 10 იანვრამდე პერიოდის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 აშშ დოლარი. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეებმა აღიარეს ვალი და მოსარჩელეს შეთანხმებულ ვადაში არ გადაუხადეს, მაშინ მოპასუხეთა ქმედება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა და იგი უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს მოპასუხეებზე თანხების დაკისრება.

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი (მაგალითად თანხის ოდენობა, გადახდის ვალდებულება და ა.შ.), მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა თანხის დაკისრების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოთხოვნა არის თუ არა ხანდაზმული და ამის მიხედვით დადგეს საქმეზე შესაბამისი შედეგი. თუ სარჩელი ხანდაზმულია, მაშინ სხვა საკითხების დადგენას ეკარგება მნიშვნელობა.

 

6.3. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეებმა გადაუხადონ თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს ვალის აღიარების ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში ნასყიდობაზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილიზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეთა მიერ შედგენილი შეთანხმების აქტი თავისი შინაარსით ვალის აღიარების ხელშეკრულებაა. მისი დადების შემდეგ მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ მოპასუხეებისაგან მოეთხოვა:

- 2013 წლის 30 მაისამდე 8907 აშშ დოლარის გადახდა;

- 2013 წლის 02 სექტემბრამდე სს ,,ბ---------კში“ დარჩენილი სესხის ვალდებულებისაგან გაათავისუფლება;

- 2013 წლის 02 სექტემბრამდე 4800 აშშ დოლარის გადახდა.

 

ვალის აღიარების ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, რომლის დადებასაც უნდა მოჰყვეს შესრულება. მოპასუხე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხები მოსარჩელისათვის გადაეხადა დათქმულ ვადაში და ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით, ასევე ბანკს ვალდებულებისაგან გაენთავისუფლებინა შეთანხმებულ ვადებში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ ვალის აღიარებას უნდა მოჰყვეს მოპასუხეების მიერ აუცილებელი გადახდა, ასევე ბანკის ვალდებულებისაგან დროული გათავისუფლება. მოპასუხემ 4800 აშშ დოლარი არ გადაიხადა. ბანკის ვალდებულებისაგან გათავისუფლების ვადაც გადააცილა 130 დღით. შესაბამისად დაარღვია მოსარჩელის უფლებები.

 

6.5. მოპასუხეები ამტკიცებენ, რომ სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლომ შეისწავლა ხანდაზმულობის საკითხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის არგუმენტები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია. კერძოდ:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავს სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”.

მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ვალის აღიარების ხელშეკრულებაა და მასზე ვრცელდება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.

დადგენილია, რომ მოპასუხეებს 4800 აშშ დოლარი უნდა გადაეხადათ 2013 წლის 2 სექტემბრამდე. შესაბამისად მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს წარმოეშვა მოცემული პერიოდებიდან ანუ 2013 წლის 3 სექტემბრიდან. თუ მოპასუხე ამ ვადაში 4800 აშშ დოლარს არ გადაიხდიდა, მაშინ მოსარჩელეს გაუჩნდებოდა მოთხოვნის უფლება და მას თანხების მიღებისათვის დავის უფლება ექნებოდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

 

6.8. ასევე დადგენილია, რომ ბანკის ვალდებულებისაგან მოსარჩელე მოპასუხეებს უნდა გაეთავისუფლებინათ 2013 წლის 2 სექტემბრამდე. ამ ნაწილშიც მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 3 სექტემბერს. ამ დღის შემდეგ 2014 წლის 9 იანვრის ჩათვლით მას შეეძლო გასული დღეების პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნა.

6.9. სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლით: ,,ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:

ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);

ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;

გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;

დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში”.

გარდა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ქორწინების განმავლობაში, მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე (საქ. სკ-ის 133-ე მუხლი), ასევე თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს (სკ-ის 134-ე მუხლი). დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელის უფლების დარღვევიდან სარჩელის წარმოდგენამდე ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსებობის საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არასებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების რომელიმე საფუძველი.

 

6.10. სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის ვადის შეჩერების გარდა, ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლებსაც. კერძოდ: სკ-ის 137-ე მუხლით ,,ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას”.

სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე პროცენტის ან ძირითადი თანხის ნაწილის გადაცემა, წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს. მტკიცებულებათა ანალიზით დადგინდა, რომ სახეზე არ არის ნების გამოვლენით მოვალის მიერ ვალის აღიარებისა და ამ აღიარებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი. ის, რომ მოპასუხეებმა ბანკის წინაშე არსებული ვალდებულება შეასრულეს 2014 წლის 10 იანვარს, აღნიშნული არ წარმოადგენს 4800 აშშ დოლარის ნაწილში, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილში ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველს. მოპასუხეებს 4800 აშშ დოლარის, ასევე ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს ნაწილის გადახდა ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარი აღიარებით არ განუხორციელებიათ. ბანკის წინაშე ვალდებულების შესრულება ცალკე აღებული ვალდებულებაა და იგი არ წარმოშობს 4800 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს ნაწილში ხანდაზმულობის დენის შეწყვეტისა და ხანდაზმულობის ამ თარიღიდან ათვლის საფუძველს.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს 4800 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 3 სექტემბერს. ყოველდღიურად 50 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 3 სექტემბრიდან 2014 წლის 9 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად. სარჩელი აღძრა 2017 წლის 10 იანვარს. შესაბამისად მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გავიდა 3 წელზე მეტი დრო. ანუ სარჩელი ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას თანხის გადახდაზე. შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 915 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. სახ. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი.

 

7.2. მოპასუხის წარმომადგენელი მოითხოვს მოსარჩელემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 5000 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, რაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოს გარეშე ხარჯების გაწევას. დასახელებული ხარჯი პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯებია. ამ კატეგორიის ხარჯების ანაზღაურება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის ბოლო წინადადებით, მაგრამ ამ ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის II ნაწილის პირველი წინადადებით თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

 

სარჩელის განხილვის ვადების, პროცესების ოდენობის, ასევე საქმის სირთულის მიხედვით სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯების მოთხოვნა ნაწილობრივად საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ზ------ ი-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

3. ზ------ ი-------ეს, თ------ და ნ------- ი------ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო ხარჯის 1000 ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე