გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2018
საქმის ნომერი
160210018002419075
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210018002419075

№ 2/436-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.07.2018 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე, თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე – ნა------------------ა

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნა----------–---–ი

მოპასუხე – ზა--------–-----ი

მოპასუხის წარმომადგენელი - სუ-–------------–---ი

მცირეწლოვან სა--------–-----ის წარმომადგენელი - სსიპ ს--–---–-------------------------------------------–-------------–------------–--ა

წარმომადგენელი - მა------–--------ე, მა---------------–--ე

დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მცირეწლოვანი სა--------–-----ის (დაბადებული 2016 წლის 13 იანვარს, პირადი № 0----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ნა------------------ას საცხოვრებელი ადგილი: მარნეულის რაიონი, ს------–--------–----–--------------------–------------------

 

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

 

2015 წლის 8 მარტს მხარეები დაქორწინდნენ, ქორწინება გაგრძელდა 2017 წლის მარტის თვის ბოლომდე. მხარეებს ერთობლივი თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: სა--------–-----ი, დაბადებული 2016 წლის 13 იანვარს და ნა---------–-----ი, დაბადებული 2----–-–---------–---. ნა---------–-----ი თავდაპირველად იყო დედის გვარზე, ვინაიდან მოპასუხე უარს აცხადებდა მამობის დადგენაზე. სასამართლოში სარჩელის წარდგენის და საქმის განხილვის შემდეგ ბავშვს მიენიჭა მამის გვარი. მხარეთა ერთად თანაცხოვრების პერიოდში მოპასუხის ოჯახის წევრები ავიწროვებდნენ მოსარჩელეს. 2017 წლის მარტის თვის ბოლოს მოპასუხემ ურჩია ცოტა ხნით გადასულიყო მშობლებთან, ვინაიდან მოსარჩელე იმ პერიოდში იყო ორსულად მეორე შვილზე და მისი მშობლები მიაქცევდნენ სათანადო ყურადღებას. მოსარჩელე გადავიდა მშობლებთან საცხოვრებლად, შვილთან - სა--------–-----თან ერთად. რამდენიმე დღის შემდეგ მოპასუხემ წაიყვანა სა--------–-----ი, რომელიც დღემდე იმყოფება მასთან. მოსარჩელე კი ცხოვრობს მშობლებთან, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, ჰ---------------–------------------–-- მეორე შვილის დაბადების შემდეგ მოსარჩელე დაუკავშირდა მოპასუხეს, რათა მისულიყო სამოქალაქო რეესტრში მამობის დასადგენად, რაზეც მოპასუხემ უთხრა უარი იმ მოტივით, რომ მან სხვა ცოლი შეირთო და აღარ აინტერესებდა ბავშვის ბედი. უმცროსი შვილი იზრდება მოსარჩელესთან, ხოლო უფროსი კი მოპასუხესთან. მოპასუხე არ აძლევს მოსარჩელეს უფროს შვილთან - სა--------–-----თან ურთიერთობის უფლებას. მოპასუხეს უმცროს შვილთან არ აქვს ურთიერთობა, არ ინტერესდება მისი ბედით და არასდროს არ უნახავს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ზა--------–-----მა არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მოსარჩელესთან მართლაც ჰქონდა ცოლ-ქმრული ურთიერთობა და შეეძინათ შვილი სა--------–-----ი, რომელიც მოსარჩელემ მიატოვა ნებაყოფლობით და წავიდა სახლიდან. მოსარჩელეს არავინ ავიწროვებდა და წასვლა იყო მისი სურვილი. მოსარჩელემ 9 თვის ბავშვის აღზრდაზე განაცხადა უარი და არ იმსახურებს ბავშვთან ურთიერთობის უფლებას. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას აქვს ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის უკეთესი პირობები, ვიდრე მოსარჩელეს. მოსარჩელე არ მუშაობს, იმყოფება მშობლების კმაყოფაზე. ამასთანავე განმარტა, რომ მან შეირთო ცოლი, რომელსაც სა--------–-----ი აღიქვამს დედად. თავად მუშაობს, როცა არ იმყოფება სახლში, ბავშვზე ზრუნავენ მისი მეუღლე და მისი მშობლები - ბავშვის პაპა და ბებია. უმცროს შვილთან ურთიერთობა არ აქვს, თუმცა აქვს სურვილი რომ ნახოს და იზრუნოს მასზე.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ თანახმაა ბავშვი დედამ წაიყვანოს შაბათ-კვირას თავის საცხოვრებელ ადგილზე.

 

2.2. მესამე პირის - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისა და მისი კეთილდღეობის დაცვის მიზნით, ბავშვს უნდა ჰქონდეს ურთიერთობა ორივე მშობელთან. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ხელი არ შეეშალოს რომელიმე მშობელთან ურთიერთობის პროცესში.

 

მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას.

 

მხარეების დაშორების მიზეზს წარმოადგენდა უთანხმოება და კონფლიქტური სიტუაციები. უფროსი შვილი ცხოვრობს მამასთან, ხოლო უმცროსი დედასთან და მასზე არანაირი პრეტენზია არ გააჩნია მამას. ზა--------–-----ს ჰყავს მეორე მეუღლე და შვილი მეორე ქორწინებიდან.

ნა------------------ას ოჯახის შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ ოჯახს აქვს საკუთარი ორსართულიანი ბელეტაჟის ტიპის სახლი, ოჯახის სარგებლობაშია სამი ოთახი. საცხოვრებელში დამაკმაყოფილებელი პირობებია, ოთახები აღჭურვილია ავეჯით, სახლი სუფთად და მოწესრიგებულად გამოიყურება. უსაფრთხოების ნორმები დაცულია. სა--------–-----ს ზრდის დედინაცვალი, ზა--------–-----ი წინააღმდეგია რომ ნა------------------ამ წაიყვანოს ბავშვი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 8 მარტიდან 2017 წლის მარტის თვის ბოლომდე ნა------------------ა და ზა--------–-----ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 17.07.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.2 ნა------------------ას და ზა--------–-----ს ჰყავთ საერთო შვილები - 2016 წლის 13 იანვარს დაბადებული სა--------–-----ი და 2----–-–---------–--- დაბადებული ნა---------–-----ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 19-20)

- მამობის დადგენის მოწმობა (ს.ფ. 130 )

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 17.07.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი )

 

3.1.3. 2017 წლის მარტის თვიდან უთანხმოების გამო მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 17.07.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი)

-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა (ს.ფ. 44-67)

3.1.4. 2----–-–---------–--- მხარეებს შეეძინათ მეორე შვილი, რომელსაც თავდაპირველად მიენიჭა დედის გვარი პი-----------ი, ხოლო შემდეგ დადგენილი იქნა მამობა და ბავშვს მიენიჭა მამის გვარი ასლანოვი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 17.07.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი )

- მამობის დადგენის მოწმობა, დაბადების მოწმობა (ს.ფ. 20, 130)

 

3.1.5. მშობლების საცხოვრებელ სახლში მოსარჩელის გადასვლიდან რამდენიმე ხანში მოპასუხემ წაიყვანა ბავშვი - სა--------–-----ი თავის საცხოვრებელ ადგილზე, რომელიც დღემდე ცხოვრობს მოპასუხესთან, მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 17.07.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი)

-სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა (ს.ფ. 44-67)

3.1.6. მოპასუხე ზა--------–-----ს შექმნილი აქვს სხვა ოჯახი, ჰყავს მეუღლე. სა--------–-----ი იზრდება მოპასუხესთან, დედინაცვალთან და პაპა-ბებიასთან. მას არ აქვს ურთიერთობა დედასთან - ნა------------------ასთან და ძმასთან - ნა---------–-----თან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 17.07.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი)

-სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა(ს.ფ. 44-67)

3.1.7. მოპასუხე ზა--------–-----ს არ აქვს ურთიერთობა შვილთან- ნა---------–-----თან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 17.07.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი)

3.1.8. მოსარჩელე ნა------------------ა ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, მშობლებთან და შვილთან ნა---------–-----თან ერთად, სახლი არის ორსართულიანი ბელეტაჟის ტიპის, ოჯახის საკუთრებაშია სამი ოთახი. საცხოვრებელში არის დამაკმაყოფილებელი პირობები, ოთახები აღჭურვილია ავეჯით, სახლი სუფთად და მოწესრიგებულად გამოიყურება, სახლში დაცულია უსაფრთხოების ზომები.

მოპასუხე ზა--------–-----ის ოჯახს აქვს ორსართულიანი ტიპის სახლი, სახლში არის რვა ოთახი, სახლში დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობებია, მოწესრიგებულია სველი წერტილები, დაცულის უსაფრთხოების ნორმები. სა--------–-----ი არის 2 წლის, ჯანმრთელი ბიჭი, არ დადის საბავშვო ბაღში. არის პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ.ჩატარებული აქვს ყველა პროფილაქტიკური აცრა. ბავშვის ზოგადი განვითარება ასაკს შეესაბამება. მისი ფსიქიკური და ფსიქომოტორული განვიტარება ასაკის შესაბამისია. ბავშვს აქვს თავისი კუთხე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნა (ს.ფ. 44-67)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დასადგენ სადავო გარემოებას წარმოადგენს, მოსარჩელე ნა------------------ასთან ურთიერთობა და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა შეესაბამება თუ არა ბავშვის - სა--------–-----ის საუკეთესო ინტერესს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ მოსარჩელე ნა------------------ამ თავისი სურვილით მიატოვა შვილი - სა--------–-----ი, დატოვა იგი მოპასუხესთან და არ დაინტერესებულა მისი ბედით. ამდენად მოსარჩელის ურთიერთობა დადებითად არ აისახება ბავშვზე, ბავშვი ცხოვრობს მამასთან და დედინაცვალთან, რომელსაც მიიჩნევს დედად და მისი მოსარჩელესთან დაბრუნება არ შეესაბამება ბავშვის ინტერესებს. მოსარჩელე ნა------------------ამ შს მარნეულის რაიონული სამმართველოდან წარმოადგინა მასალები, რომლითაც დგინდება, რომ ნა------------------ამ 2017 წლის 4 იანვარს მიმართა შს მარნეულის რაიონულ სამმართველოს, ოჯახური კონფლიქტის შესახებ. ნა------------------ა იქნა გამოკითხული 2017 წლის 12 იანვარს, სადაც განმარტავს, რომ მხარეებს მოუხდათ კონფლიქტი ოჯახური პირობების გამო, იგი წავიდა ზა--------–-----ის სახლიდან. ბავშვს-სა--------–-----ს არ უბრუნებს მოპასუხე ზა--------–-----ი.

 

საყურადღებო გარემოებაა ის, რომ მხარეებს ასევე ჰყავთ მეორე შვილი - ნა---------–-----ი, რომელიც ცხოვრობს დედასთან და მასთან მამას - მოპასუხე ზა--------–-----ს არანაირი ურთიერთობა არ აქვს, მოპასუხე არასდროს არ გამოუჩენია ზრუნვა ბავშვზე. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს თავად მოპასუხე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103–ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოპასუხე ზა--------–-----ს საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი. გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის მხოლოდ ზეპირი განმარტება საკმარისი არ არის და იგი გამყარებული უნდა იყოს სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სარწმუნოდ დაადასტურებს მხარის მიერ მითითებული ფაქტის არსებობას. როდესაც მხარეები დავობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მხარის ვალდებულებაა წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

ამდენად, მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ბავშვის ინტერესებს ეწინააღმდეგება მისი ურთიერთობა დედასთან - მოსარჩელე ნა------------------ასთან, ასევე ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები რომლებიც დაადასტურებდა მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის უპირატესობას მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილთან მიმართებით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მტკიცებულებების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნა------------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლები; ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიიჩნია თავისი შრომის უფლება დარღვეულად და აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.3. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

 

მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის წესი. შესაბამისად, შვილებთან ურთიერთობა არა მარტო მშობლის უფლებაა, არამედ კანონი მას ავალდებულებს ჰქონდეს ურთიერთობა შვილთან, იზრუნოს მასზე. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. საკასაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში განმარტავს, რომ არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესის დაცვისას დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები, არამედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სახელმწიფოს სახელით გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი. ამასთან, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, საოჯახო- სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას (სუსგ №ას-53-51-2016, 2016 წლის 6 ივლისი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად 1.შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. 2. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილების თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს, უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.

 

აღნიშნული ნორმებით აღიარებულია მშობლების თანაბარი უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ, თუმცა მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები. ბავშვის ინტერესში კი იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა, მისთვის ჰუმანური და კეთილშობილური პრინციპების შთაგონება. ბავშვის უპირატესი ინტერესია, ჰქონდეს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ.

 

გაეროს მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე - დაბადების შემდეგ.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, დამკვიდრებულია ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, რაც გულისხმობს ბავშვისათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას ურთიერთობა ჰქონდეს მშობლებთან, როგორც დედასთან, ისე - მამასთან. მშობლებისა და შვილების ურთიერთობის აუცილებლობის საკანონმდებლო რეგულირება გამომდინარეობს თავად ამ ურთიერთობის ხასიათის თავისებურებიდან; კერძოდ, მშობელსა და შვილს შორის, მითუმეტეს არასრულწლოვან შვილსა და მშობელს შორის, განსაკუთრებული ბუნებრივი სიახლოვეა. ისინი ბუნებრივად ერთმანეთთან ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანები არიან, რაც თავის მხრივ, გენეტიკური კავშირით არის განპირობებული.

 

,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ,,ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას’’.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლებისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებით დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasiki v. Poland, no 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე გადაწონოს მშობლების ინტერესი Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).

 

მოცემული დავის განხილვისას, კვლევის საგანს წარმოადგენს არის თუ არა 2016 წლის 13 იანვარს დაბადებული სა--------–-----ის საუკეთესო ინტერესებში მის საცხოვრებელ ადგილად დედის - ნა------------------ას საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შვილის საცხოვრებელ ადგილად თავისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. სარჩელის თანახმად დედა არ ითხოვს მამის რაიმე უფლების შეზღუდვას, გამოთქვამს მზაობას, მამამ იქონიოს კავშირი შვილთან, თუმცა მიზანშეწონილად მიიჩნევს მის აღზრდას დედის და ძმის სოციალურ გარემოში.

 

შესაგებლით მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ თავად მიატოვა ბავშვი, შეუქმნა საფრთხე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ბავშვს მამის ოჯახში აქვს განვითარებისათვის საჭირო ყველა წინაპირობა, ხოლო დედას არ გააჩნია შესაბამისი პირობები, საკუთრებაშიც კი არ აქვს საცხოვრებელი სახლი, ცხოვრობს მშობლებთან, იმყოფება მათ კმაყოფაზე, არ მუშაობს. შესაბამისად მასთან ბავშვს ვერ ექნება ნორმალური აღზრდისათვის საჭირო გარემო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ თავისი პოზიციის დასადასტურებლად ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, ვერ დაადასტურა, რომ სწორედ მოსარჩელემ რაიმე ქმედებით საფრთხე შეუქმნა ბავშვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. რაც შეეხება ქონებრივ მდგომარეობას, მხოლოდ ქონებრივი მაჩვენებელი არ შეიძლება იყოს დედის და შვილის დაშორების წინაპირობა. ამასთანავე საყურადღებოა, რომ მხარეების მეორე შვილი- ნა---------–-----ი ცხოვრობს მოსარჩელესთან დაბადებიდან და ბავშვის მამას - მოპასუხე ზა--------–-----ს არასდროს არ გამოუხატავს მშობლიური ზრუნვა მასზე, არ დაინტერესებულა მისით და არცერთხელ არ ჰქონია მისი ნახვის მცდელობაც კი. აღნიშნული გარემოება თავის მხრივ უპირისპირდება მოპასუხის პოზიციას, რომ მის ძირითად ინტერესს წარმოადგენს შვილზე- სა--------–-----ზე ზრუნვა. აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც მოპასუხის განმარტებიდან ირკვევა, იგი მუშაობს და დღის უმეტესი ნაწილი სახლში არ იმყოფება. ბავშვი ძირითად დროს ატარებს არა დედის და მამის გარემოცვაში, არამედ დედინაცვალთან და პაპა ბებიასთან. მაშინ როდესაც მას ურთიერთობა არ აქვს დედასთან. აღნიშნული კი არსებითად შეუსაბამოა ბავშვის საუკეთესო ინტერესთან.

 

მოსარჩელე ნა------------------ა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მან გაუწიოს შვილს სა--------–-----ს დედობრივი მზრუნველობა და აღზარდოს იგი, რომ მას ურთიერთობა ჰქონდეს, როგორც მშობლებთან, ასევე ძმასთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საცხოვრებელი პირობები, თუ ის არ ეწინააღმდეგება ბავშვის ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ და სოციალურ განვითარებას არ შეიძლება ზღუდავდეს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის აუცილებლობას, მით უფრო დედა- შვილის ერთად ყოფნას. სსიპ სოციალური მომსახურების დასკვნის თანახმად, ნა------------------ას საცხოვრებელი პირობები არის დამაკმაყოფილებელი.

 

სასამართლოს აღნიშნავს, რომ არ არსებობს დედის - ნა------------------ას და შვილის - სა--------–-----ის ურთიერთობის შემაფერხებელი ობიექტური მიზეზები და ამ შემთხვევაში ბავშვის დედისგან და ძმისგან განრიდება არ შეიძლება ბავშვის ინტერესების შესაბამისად იქნეს მიჩნეული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის მამის ოჯახში დარჩენის შემთხვევაში, სადაც ბავშვი მამის მეორე მეუღლეს აღიქვამს როგორც დედას, რასაც ასევე ხელს უწყობს ის გარემოება, რომ როგორც საქმის სასამართლო განხილვისას გამოიკვეთა ბავშვის მამა არ აძლევს უფლებას მოსარჩელეს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, კიდევ უფრო გაღრმავდება ბიოლოგიური დედის მიმართ და ძმის მიმართ ბავშვის გაუცხოების პროცესი. აღნიშნული კი არ წარმოადგენს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს. ხოლო რაც შეეხება დედის ოჯახში ბავშვის საცხოვრებლად გადასვლას, ეს გამოიწვევს ბავშვსა და დედას შორის დედა-შვილური ურთიერთობის აღდგენა-განმტკიცებას, ასევე ძმებს შორის ურთიერთობის აღდგენას, მამის მშობლის უფლების რაიმე შეზღუდვის გარეშე. შესაბამისად ბავშვს ექნება შესაძლებლობა ჰქონდეს ურთიერთობა ორივე მშობელთან.

 

ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე. ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway, Judgment of 7 August 1996. Reports.1996-III.) სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, დედის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციის და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად ბავშვი იმყოფება ბიოლოგიური მამისა და მამის მეუღლის ოჯახში და 2017 წლის დასაწყისიდან ბიოლოგიურ დედასთან რეგულარული ურთიერთობა არ ჰქონია (სასამართლოს დროებითი განკარგულების საფუძველზე ნა------------------ას გარკვეული პერიოდულობით აქვს ურთიერთობა შვილთან - სა--------–-----თან), სასამართლოს მიაჩნია, რომ აუცილებელია დაწესდეს შესაჩვევი პერიოდი. აღნიშნული დრო საკმარისი იქნება, რომ ბავშვი შეეჩვიოს დედას და ძმას, მათ შორის აღდგეს სრულფასოვანი ურთიერთობა, ასევე შეეჩვიოს მისთვის ახალ გარემოს. აღნიშნული დროის შემდეგ ბავშვის-სა--------–-----ის საცხოვრებელ ადგილად უნა განისაზღვროს დედის - ნა------------------ას საცხოვრებელი ადგილი. თუმცა აქვე სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არ ართმევს უფლებას დაინტერესებულ მხარეს გარემოებების შეცვლის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული წესით დააყენოს საკითხი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს ხელი შეუშალოს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟი ოდენობა ნახევრდება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ზა--------–-----ს მოსარჩელე ნა------------------ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნახევრის 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენი 50 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე ნა------------------ას.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით დადგენილი იქნა დროებითი განკარგულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს განესაზღვრა შვილთან - სა--------–-----თან ურთიერთობის წესი. აღნიშნული დროებითი განკარგულება ძალაში უნდა დარჩეს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნა------------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე ნა------------------ას განესაზღვროს მცირეწლოვან შვილთან 2016 წლის 13 იანვარს დაბადებულ სა--------–-----თან (პ/ნ 0----------) ურთიერთობისათვის: პირველი სამი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან 17:00 საათამდე და კვირა დღის 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შემდეგი სამი თვის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე, ბავშვის სახლში წაყვანის უფლებით და მოპასუხესთან დაბრუნების ვალდებულებით, შემდეგი 6 თვის განმავლობაში - ყოველი კვირის ხუთშაბათი დღის 12:00 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე, ბავშვის სახლში წაყვანის უფლებით და მოპასუხესთან დაბრუნების ვალდებულებით. ერთი წლის შემდეგ მწირეწლოვანი სა--------–-----ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ნა------------------ას საცხოვრებელი ადგილი - მარნეული, სოფელი ყიზილაჯლო, ჰიდრის ზეინალოვის ქუჩა N 18., ბავშვის სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.

 

3. მოპასუხე ზა--------–-----ს მოსარჩელე ნა------------------ას სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 50 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოსარჩელე ნა------------------ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილი 50 ლარის ოდენობით.

 

5.გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით დადგენილი დროებითი განკარგულება;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე