გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
841210018002344976
საქმე N 2/23-2018 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 ივლისი 2018 წ ქ. ტყიბული
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო ტყიბულის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი ფატმან მინდიაშვილი
მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში - ეთ---- ბ----აძე;
წარმომადგენელი - რო-–---- ჭ--–იძე;
მოპასუხე, იგივე მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში –თ--ურ ბ------აძე;
წარმომადგენელი - ავ------ილ ბ------იკიძე;
მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში – გ--ი ბ------აძე, ი- ბ------აძე;
წარმომადგენელი - ავ------ილ ბ------იკიძე;
დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის
რაიონული განყოფილება;
წარმომადგენელი - მ--ა დ--–--–ი–ვ--–-;
დავის საგანი თავდაპირველ სარჩელში –განქორწინება, ალიმენტის დაკისრება;
დავის საგანი შეგებებულ სარჩელში– შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. შეწყდეს ე----- ბ----აძის და თ--ურ ბ------აძის ქორწინების რეგისტრაცია;
1.2. თ--ურ ბ------აძეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის თვეში 150 ლარის გადახდა;
1.3 სასარჩელო მოთხოვნა შეგებებულ სარჩელში:
1.4. ე----- ბ----აძის და თ--ურ ბ------აძის შვილს მიენიჭოს მამის გვარი – ბ------აძე;
1.5.თ--ურ ბ------აძეს, გ--ი ბ------აძეს და ი- ბ------აძეს არასრლწლოვან ალ-------რე ბ----აძესთან ურთიერთობისათვის განესაზღვროთ დრო ბავშვის 1.5. წლამდე ყოველ შაბათს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, 1.5 წლის შემდეგ ყოველი შაბათს 11:00 საათიდან კვირის 18:00 საათამდე, დასვენების დღეებში ყოველწლიურად 02–05 იანვარი, 01–15 ივლისი, 01–15 აგვისტო.
1.6. მოსარჩელე ე----- ბ----აძის განმარტებით, 2016 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე თ--ურ ბ------აძესთან. დაფეხმძიმებიდან სამი თვის შემდეგ მეუღლის მშობლებს გაუჩნდათ პრეტენზიები მის მიმართ, რის გამოც საცხოვრებლად გადავიდნენ ქალაქ ქუთაისში. იმის გამო, რომ საერთო ენა ვერ გამონახეს, მეუღლემ მასთან საერთოდ გაწყვიტა ურთიერთობა. 2017 წლის 21 ი--–--- შეეძინათ შვილი ალ-------რე, რომელიც მამას დღემდე არ უნახავს. ბავშვის აღზრდაში ეხმარება მშობლები და ნათესავები, მამა კი არ ზრუნავს მასზე. მიაჩნია, რომ თ--ურ ბ------აძესთან მისმა ქორწინებამ აზრი დაკარგა და არანაირი პერსპექტივა ამ ურთიერთობას აღარ აქვს.
1.7. შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეების თ--ურ ბ------აძის, გ--ი ბ------აძის და ი- ბ------აძის განმარტებით, თ--ურ ბ------აძეს ეთ---- ბ----აძესთან შეეძინა შვილი ალ-------რე, რომელსაც მამის თანხმობის გარეშე მიენიჭა დედის გვარი, რაც მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. ამასთან, მოპასუხე ბავშვის მამას, ბებიას და ბაბუას არ აძლევს საშუალებას ურთიერთობა ჰქონდეთ მცირეწლოვან ალ-------რესთან.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე თ--ურ ბ------აძემ სარჩელი ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტის ნაწილში ცნო, ხოლო ალიმენტის ნაწილში თანხმობა განაცხადა არასრულწლოვანი შვილისათვის 75 ლარის გადახდაზე, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არის უმუშევარი და რაიმე შემოსავალი არ გააჩნია.
2.2. მოპასუხე ეთ---- ბ----აძემ სარჩელი არასრულწლოვანი შვილი გვარის შეცვლის ნაწილში ცნო, ხოლო ბავშვთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრასთან დაკავშირებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, თანხმობა განაცხადა, რომ მამამ შვილი ნახოს თვეში ერთხელ მის სახლში 15-17 საათამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ ეთ---- ბ----აძე და თ--ური ბ------აძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 19 ს--------------. მათი შვილი ალ-------რე ბ----აძე დაიბადა 2017 წლის 21 ი--–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (იხ.ს.ფ. 16);
- ქორწინების მოწმობა (იხ.ს.ფ. 14);
3.1.2. დადგენილია და მხარებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ მცირეწლოვანი ალ-------რე ბ----აძე დაბადებიდან ცხოვრობს დედასთან ერთად ტყიბულში, თ------–ვ--–-ს ქ. 5, ხოლო მამა თ--ურ ბ------აძე თერჯოლის რაიონის სოფელ ძ----–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონულმა განყოფილებამ შეისწავლა თ--ურ ბ------აძის ოჯახური გარემო. მისი 2018 წლის 28 მაისი დასკვნით, ვიზიტის დროს თ--ურ ბ------აძის ოჯახში იმყოფებოდა დედა ი- ბ------აძე, რომლის გადმოცემითაც თ--ურ ბ------აძე მამასთან ერთად იმყოფება ქ. თბილისში სამუშაოდ, დროებით. მისივე ინფორმაციით, რა გახდა თ--ურ ბ------აძის და ე----- ბ----აძის ოჯახის დანგრევის მიზეზი, არ იცის, ამასთან, ბავშვის გაჩენის შემდეგ არ ეძლევათ მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ოჯახი, სადაც ცხოვრობენ ბ------აძეები, მოწესრიგებული და უსაფრთხოა, ბავშვისთვის გამოყოფილია ცალკე ოთახი, მოწესრიგებულია ელექტროგაყვანილობა, სველი წერტილები. ოჯახი ეწევა სოფლის მეურნეობას, ჰყავთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ფრინველი, რომელსაც მოიხმარენ დანიშნულებისამებრ. ოჯახს აქვს სტაბილური შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის სახით. ოჯახში არის მშვიდი გარემო, ბავშვის მამას შესწევს უნარი, შექმნას ბავშვის საჭიროებაზე ორიენტირებული უსაფრთხო და მზრუნველი გარემო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების დასკვნა (ს.ფ. 107);
3.2.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულმა განყოფილებამ შეისწავლა ეთ---- ბ----აძის ოჯახური გარემო. სააგენტოს 2018 წლის 25 მაისი დასკვნით, არასრულწლოვანი ალ-------რე ბ----აძე და მისი ბიოლოგიური დედა ეთ---- ბ----აძე ცხოვრობს შვილთან ერთად ტყიბული, თ------–ვ--–-ს ქ. N5-ში. ბავშვის დედა ამჟამად არსად არ მუშაობს. მას შვილზე ზრუნვასა და აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დახმარებას უწევს მშობლები. თანადგომის ქსელის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებს შორის არ შეინიშნება კონფლიქტური ურთიერთობა. ისინი პატივს სცემენ და ითვალისწინებენ ერთმანეთის აზრს. საცხოვრებელი გარემო -პირობების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანი ბავშვისათვის ოჯახში შექმნილია აუცილებელი პირობები. ალ-------რეს აქვს საკუთარი ოთახი, თავად მცირეწლოვანი ბავშვი არის სუფთა და მოწესრიგებული. აქვს მშვიდი გამომეტყველება. შეფასების შედეგად დადასტურდა, რომ ბავშვის კვებაზე, გარეგნობასა და ჰიგიენაზე ადეკვატურად ზრუნავენ დედა და მისი ოჯახის წევრები. დედას ეთ---- ბ----აძეს შვილისათვის განსაზღვრული აქვს სამომავლო გეგმები, ის მობილიზებულია ბავშვი უზრუნველყოს ყველა აუცილებელი საჭიროებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასკვნა (ს.ფ. 99);
3.2.3. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დედის გარეშე მამა-შვილის შეხვედრა, ანუ ბავშვის ურთიერთობა მამის მშობლებთან რაიმე ზიანს მიაყენებს არასრულწლოვანის ინტერესებს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არაა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ--ურ ბ------აძეს და ეთ---- ბ----აძის შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სურს განქორწინება შერიგების ვადის გარეშე, რაზეც მოპასუხე მხარე თანახმაა, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია შესარიგებელი ვადის დანიშვნა. ამდენად, არსებობს სარჩელის (განქორწინება) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ალიმენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ ცნობს სარჩელს და განმარტავს, რომ მას მხოლოდ 75 ლარის გადახდა შეუძლია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე არსებობს ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
თ--ურ, ი- და გ--ი ბ------აძეების სარჩელი არასრულწლოვანის გვარის შეცვლის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხე ცნობა სარჩელს.
თ--ურ, ი- და გ--ი ბ------აძეების სარჩელი არასრულწლოვან შვილთან და შვილიშვილთან ურთიერთობის დროის განსაზღვრის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბავშვის ინტერესების და ასაკის გათვალისწინებით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1198-ე, 1202-ე.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. იმავე კოდექსის 1122-ე მუხლის „გ” პუნქტის შესაბამისად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს შესარიგებელი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
ამდენად, ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას, მათ ნებაყოფლობითობას, ისევე, როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ--ურ ბ------აძის და ეთ---- ბ----აძის შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. დადგენილია, რომ მოსარჩელეს სურს განქორწინება შესარიგებელი ვადის დანიშვნის გარეშე, რაზეც მოპასუხე მხარე თანახმაა, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია შესარიგებელი ვადის დანიშვნა. შესაბამისად, არსებობს სარჩელის (განქორწინება) დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას თავისი არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა, არამედ ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთის მხრივ შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მოცემულ შემთხვევაში ალიმენტის თანხის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: სოციალური მომსახურების სააგენტოს თერჯოლის რაიონული განყოფილების დასკვნით, ვიზიტის დროს თ--ურ ბ------აძის ოჯახში იმყოფებოდა დედა ი- ბ------აძე, რომლის გადმოცემითაც თ--ურ ბ------აძე მამასთან ერთად იმყოფება ქ. თბილისში სამუშაოდ, დროებით. ამავე დასკვნით, ბ------აძეების ოჯახი ეწევა სოფლის მეურნეობას, ჰყავთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ფრინველი, რომელსაც მოიხმარენ დანიშნულებისამებრ. ოჯახს აქვს სტაბილური შემოსავალი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის სახით. აღნიშნული დასკვნა ასაბუთებს, რომ თ--ურ ბ------აძეს ძალუძს საკუთარი შრომით მოიპოვოს შვილის რჩენა- აღზრდისათვის აუცილებელი სახსრები, აღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია მას ალიმენტის სახით გადასახდელად განესაზღვროს თვეში 130 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია 2018 წლის 12 მარტს, შესაბამისად, სწორედ ამ პერიოდიდან უნდა დაეკისროს თ--ურ ბ------აძეს ალიმენტის გადახდა შვილის სასარგებლოდ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლით, შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით.
განსახილველ შემთხვევაში ე----- ბ----აძის და თ--ურ ბ------აძის შვილს მიკუთვნებული აქვს დედის გვარი, მამა ითხოვს ბავშვის გვარი შეიცვალოს და მიეთითოს მამის გვარი, რასაც ეთანხმება მოპასუხე, აღნიშნული კი ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო, შესაბამისად, 2017 წლის 21 ი--–--- დაბადებულ ალ-------რე ბ----აძის (პ/ნ 60---------) დაბადების სააქტო ჩანაწერში უნდა შევიდეს ცვლილება და მისი გვარი ნაცვლად ბ----აძისა მითითებული იქნას ბ------აძე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
ამავე კოდექსის 1201-ე მუხლით, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ამავე კოდექსის 1203-ე მუხლით, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობაა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.
განსახილველ შემთხვევაში, ეთ---- ბ----აძე და თ--ური ბ------აძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2016 წლის 19 ს--------------, მათი შვილი ალ-------რე ბ----აძე დაიბადა 2017 წლის 21 ი--–---. ბავშვი დაბადებიდან ცხოვრობს დედასთან ერთად ტყიბულში თ------–ვილის ქ. 5-ში, ხოლო მამა თ--ურ ბ------აძე თერჯოლის რაიონის სოფელ ძ----–ი მშობლებთან ერთად. მამას, ბებიას და ბაბუას სურთ ჰქონდეთ არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობა, მათ მიერ მითითებულ პერიოდში, რასაც არ ეთანხმება დედა და მიაჩნია, რომ მხოლოდ მამას უნდა მიეცეს უფლება თვეში ერთხელ, მისი თანდასაწრებით და მის სახლში იქონიოს შვილთან ურთიერთობა, რადგან მიაჩნია, რომ ბავშვი არის პატარა, მისთვის უცხო არიან მოსარჩელეები და სარჩელის დაკმაყოფილება უარყოფითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.”
როგორც საქართველოს კანონმდებლობა, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით.
სასამართლო იზიარებს მცირეწლოვანი ალ-------რე ბ----აძის წარმომადგენლის (სოც. სააგენტოს წარმომადგენლის) პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მშობლებს უნდა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილებთან თანაბარი ურთიერთობა, ბავშვების სრულფასოვან აღზრდა-განვითარებისათვის და მათი ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია რეგულარული ურთიერთობა ორივე ბიოლოგიურ მშობელთან. ამასთან მიაჩნია, რომ პირველ ეტაპზე, რაც უნდა განისაზღვროს ერთი წლის ვადით, არაა მიზანშეწონილი ბავშვის ოთხ საათზე მეტი დროით წაყვანა მამის, ბებიის და ბაბუას მიერ, ისიც ქალაქის (ტყიბული) ტერიტორიიდან გაყვანით, რადგან მცირეწლოვანი არ არის შეჩვეული მამის ოჯახთან ურთიერთობას და გაუცხოების პროცესი ნელ-ნელა უნდა იქნას დაძლეული. ერთი წლის გასვლის შემდეგ კი მოსარჩელეებს უნდა მიეცეთ უფლება ჰქონდეთ ურთიერთობა არასრულწლოვანთან კვირაში ორი დღე, ყოველი კვირის შაბათ დღეს 11 საათიდან კვირა დღის 18 საათამდე, ასევე დასვენების დღეებში ყოველწლიურად 02–05 იანვარი, 01–10 ივლისი, 01–10 აგვისტო.
მშობლების შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო იცავს რა მშობლის უფლებას, ჰქონდეს რეგულარული პირადი ურთიერთობა შვილთან და მონაწილეობდეს მის აღზრდაში, პირველ რიგში ხელმძღვანელობს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს ბავშვის ასაკს, მის დამოკიდებულებას მშობლებისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი ცხოვრების წესს. მოცემულ შემთხვევაში, შვილსა და მამას შორის არსებული ურთიერთობის წესის განსაზღვრისათვის, ბავშვის ასაკის და მისი ინტერესების, ბავშვის წარმომადგენლის რეკომენდაციის და იმის გათვალისწინებით, რომ მამის, ბებიის და ბაბუას კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა არა სრულად. სადავო საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (საქმე ას-260-248-2016), რომლის მიხედვითაც “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ჩარევის სატანდარტად გამოყენებული უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.
მოხმობილი საერთაშორისო სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სატანდარტს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირებულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დასაცავად. (იხ. სუსგ N ას -458-440-2016, 15.072016წ)“.
სსკ-ის 1202-ე მუხლი მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. ასეთი შეზღუდვის წინაპირობები საქმეში წარმოდგენილი სოციალური სამსახურისა და ფსიქოლოგის დასკვნით არ დასტურდება. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობის დაცვას. სასმართლოსათვის ამომავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72) ,ასევე სუგს N ას -967-916-2915, 25.02.2016წ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ უნდა აღდგეს მამა-შვილის შორის ურთიერთობა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრებ ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინაღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ისეთი შემთხვევა, როდესაც ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს ქმედითი ღონისძიებების განხორციელება. რათა მომხდარიყო მომჩივნის, კონკრეტულ შემთხვევაში - მამის უფლების უზრუნველყოფა, რომ ენახა საკუთარი ვაჟი, იძულებითი აღსრულების გზით. რადგან დედამ უარი განაცხადა მანამდე მშობლებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე (Zawadka v. Poland, No.48542/99, 23.06.05). ერთ-ერთ საქმეზე მე-8-ე მუხლის დარღვევა დადგინდა იმის გამო, რომ ადგილობრივმა ორგანოებმა ვერ შეძლეს მომჩივნის (მამის) უფლების აღსრულება. (Eberhard v. Slovenia, No.8673/05 and 9733/05, 01.12.09.)“.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბავშვის მხრიდან მამის და მისი მშობლების მიმართ გაჩენილი დამოკიდებულების დასაძლევად მიზანშეწონილია მამისა და შვილის, ასევე ბებია-ბაბუას და შვილიშვილის ურთიერთობა განისაზღვროს ეტაპობრივად.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ეთ---- ბ----აძეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი, ვინაიდან მოპასუხემ ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტის ნაწილში სარჩელი ცნო, აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ე----- ბ----აძეს. ამასთან მოსარჩელე ალიმენტის დაკისრების ნაწილში გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხემ სარჩელი ცნო 75 ლარის ნაწილში, სარჩელი დაკმაყოფილდა 130 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოპასუხე თ--ურ ბ------აძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 19 ლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელის აძღვრისათვის თ--ურ, ი- და გ--ი ბ------აძეებს გადახდილი აქვთ სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ვინაიდან ეთ---- ბ----აძემ სასარჩელო მოთხოვნა ბავშვის გვარის შეცვლის ნაწილში ცნო, მოსარჩელეებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 50 ლარი, ხოლო ბავშვთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 25 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს ეთ---- ბ----აძეს თ--ურ ბ------აძის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244, 248-249-ე, 250- ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე----- ბ----აძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. შეწყდეს ეთ---- ბ----აძეს და თ--ური ბ------აძეს შორის სსგს ტყიბულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 19 ს----------- რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი 50----------
1.2. თ--ურ ბ------აძეს არასრულწლოვანი შვილის 2017 წლის 21 ი--–--- დაბადებულ ალ-------რე ბ----აძის (პ.ნ.60---------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის, თვეში 130 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 12 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
2. თ--ურ ბ------აძის, გ--ი ბ------აძის და ი- ბ------აძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.1. 2017 წლის 21 ი--–--- დაბადებულ ალ-------რე ბ----აძის (პ/ნ 60---------) დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდეს ცვლილება და გვარის გრაფაში ნაცვლად ბ----აძისა მითითებული იქნას ბ------აძე.
2.2. თ--ურ ბ------აძეს, გ--ი ბ------აძეს და ი- ბ------აძეს არასრულწლოვან ალ-------რე ბ----აძესთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს დრო, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში ყოველი კვირის შაბათ და კვირა დღეს, დილის 11 საათიდან 15 საათამდე, მისი ქალაქიდან (ტყიბული) წაყვანის უფლების გარეშე, ერთი წლის გასვლის შემდეგ თ--ურ ბ------აძეს, გ--ი ბ------აძეს და ი- ბ------აძეს ალ-------რე ბ----აძესთან ურთიერთობისათვის განესაზღვოთ დრო – კვირაში ორი დღე, ყოველი კვირის შაბათ დღეს 11 საათიდან კვირა დღის 18 საათამდე, ასევე დასვენების დღეებში ყოველწლიურად 02–05 იანვარი, 01–10 ივლისი, 01–10 აგვისტო.
3. ე----- ბ----აძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 09 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. (საგადასახადო დავალება N3; გადამხდელის დასახელება ეთ---- გუ-----; გადამხდელის ბანკი სს ,,საქართველოს ბანკი’’; მიმღები სახელმწიფო ხაზინა; TRESGE 22).
4. თ--ურ ბ------აძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 02/04. 2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი. (საგადასახადო დავალება N1; გადამხდელი ავ------ილ ბ------იკიძე, გადამხდელის ბანკი სს ,,თიბისი ბანკი’’ ; მიმღები ბანკი/ ხაზინა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური TRESGE 22).
5. ე----- ბ----აძეს თ--ურ ბ------აძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 25 ლარის გადახდა.
6. თ--ურ ბ------აძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 19 ლარის გადახდა. რაც ჩარიცხულ იქნეს ცენტრალურ ბიუჯეტში ბანკის კოდი 220101222, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში 200122900, ხაზინის კოდი 3 00 27 31 50.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო კიკვაძე