გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1049-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
5.07.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თ----- კობაიძე
მოსარჩელე თ----- კ------ე
წარმომადგენელი გიორგი კ------ე
მოპასუხე კ------- ხ------–---–ი
წარმომადგენელი ნ---- თ---------ე
დავის საგანი განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2006 წლის 3 ოქტომბერს კ------- ხ------–---–ს და თ----- კ------ეს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
1.2. კ------- ხ------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილების 20---–-–---------------ს დაბადებული ი------– ხ------–---–ის და 20---–-–------------------ს დაბადებული ლ-–- ხ------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის 150-150 ლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2006 წლიდან და ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ რვა წელია. თ----- კ------ის განმარტებით ამჟამად საქართველოში არ ცხოვრობს, ხოლო ბავშვები ცხოვრობენ საქართველოში, მათზე ზრუნავენ მისი ნათესავები დედა და ძმა. მამა არ ზრუნვას ბავშვებზე და არ მონაწილეობს მათ აღზრდაში, მატერიალურად არ ეხმარება ბავშვებს იგი დასაქმებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და მისი შემოსავალი 1000 ლარს აღემატება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლოს მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა 100-100 ლარის გადახდაზე. ცნო გაქორწინების შესახებ მოთხოვნა. მოპასუხის განმარტებით, მუშაობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სადაც იღებს ხელფასს 950 ლარს. აქვს კრედიტი, რომლის გადასახდელად იხდის თვეში 1300 ლარს. ჰყავს მეუღლე, მასთან ცხოვრობენ მშობლები. ამდენად, მან უნდა არჩინოს თავისი ოჯახის წევრები. ბავშვების დახმარებაზე უარი არასდროს უთქვამს, ბავშბეი არდადეგებზე მასთან ცხოვრობდნენ, თუმცა მოსარჩელის ოჯახის ბავშვებს მასთან აღარ უშვებენ. ხელფასის გათვალისწინებით შეუძლია ყოველთვიურად ბავშვებისათვის გადაიხადოს ჯამში 200 ლარი.
(05.07.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
3.1.1. კ------- ხ------–---–ი და თ----- კ------ე 8 წელია ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მათი არასრულწლოვანი შვილები ი------– ხ------–---–ი და ლ-–- ხ------–---–ი ცხოვრობენ დედის თ----- კ------ის ოჯახში. თ----- კ------ე მუშაობს საზღვარგარეთ, ხოლო ბავშვები ცხოვრობენ მის მშობლებთან და ძმასთან გიორგი კ------ესთან ქალაქ რუსთავში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-6. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ.28-31. ტომი 1)
3.1.2. კ------- ხ------–---–ი დასაქმებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საკონტაქტო სამხედრო მოსამსახურედ და ყოველთვიურად იღებს ხელფასს 950 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-6. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტება (05.07.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 116-117. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. 2006 წლის 3 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინებ თ----- კ------ესა და კ------- ხ------–---–ს შორის. ქორწინება რეგიისტრირებულია სსსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში აქტის ჩანაწერი N0081519.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობის დედანი (ს.ფ. 16. ტომი 1).
3.2.2. თ----- კ------ესა და კ------- ხ------–---–ს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი – ი------– ხ------–---–ი და ლ-–- ხ------–---–ი.
დაბადების მოწმობების თანახმად, 20---–-–------------------ს დაბადებულია ლ-–- ხ------–---–ი, ხოლო 20---–-–---------------ს დაბადებულია იზაბერ ხ------–---–ი. მათ მშობლებად რეგისტრირებულები არიან: დედა თ----- კ------ე, მამა – კ------- ხ------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 15, 17. ტომი 1).
3.2.3. კ------- ხ------–---–ი დასაქმებულია, მისი ხელფასია თვეში 950 ლარი. მოპასუხე არ განიცდის ფინანსურ გაჭირვებას, მას ხელფასის გარდა აქვს სხვა შემოსავალიც საოჯახო სასოფლო მეურნეობიდან.
კ------- ხ------–---–ი მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით ალიმენტის გონივრულ ოდენობად მიიჩნევს 100-100 ლარს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება კახაბარ ხ------–---–ის მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რომლის გამოც მას შვილის რჩენისათვის მხოლოდ 100 ლარის, საერთო ჯამში ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა შეუძლია.
კახაბაერ ხ------–---–ი დასაქმებულია, მისი ყოველთვიური ხელფასია 950 ლარი.
მოპასუხე ალიმენტის თვეში 100-100 ლარს გონივრულად მიიჩნევს მისი საკრედიტო ვალდებულებების გათვალისწინებით. მოპასუხის განმარტებით, კრედიტის დასაბრუნებლად მისი ყოველთვიური ფინანსური ხარჯია 1300 ლარი.
სამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის განმარტებიდან გამომდინარე დასტურდება, რომ მას ხელფასის გარდა აქვს სხვა შემოსავალიც, რადგან მისივე განმარტებით, იგი კრედიტის დასაბრუნებლად იხდის 1300 ლარს, რაც აღემატება მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობას. კ------- ხ------–---–ი ცხოვრობს გორის რაიონის სოფელ ტირძნისში მშობლებთან და მეუღლესთან ერთად. ოჯახს აქვს მიწის ნაკვეთი დაახლოებით 1 ჰექტარი ფართობის, სადაც მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული, ჰყავთ შინაური ფრინველი და ცხოველი. კ------- ხ------–---–ის მეუღლე თეა კვარაცხელია დასაქმებულია და აქვს ხელფასი 500 ლარი. ოჯახი ახორციელებს საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად მოწეული მოსავლის რეალიზაციას, რაც ხელფასთან ერთად ოჯახის წევრებისათვის შემოსავლის დამატებითი წყაროა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 116-117. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტებები (05.07.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი )
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. განქორწინების მოთხოვნა მოპასუხემ ცნო, ხოლო მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე გონივრული და სამართლიანი ოდენობაა.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
• საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1127-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1199-ე, 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 1234-ე, 1245-ე მუხლები.
• გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“
• ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური).
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- კ------ესა და კ------- ხ------–---–ს შორის ქორწინება უნდა შეწყდეს შესარიგებელი ვადის განსაზღვრის გარეშე. რადგან მოპასუხემ ცნო განქორწინების შესახებ სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ამ ნორმით მინიჭებული უფლება გამოიყენა და სრულად ცნო სარჩელი, თანხმობა განაცხადა განქორწინებაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით განსაზღვრულია მშობლების მოვალეობა არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, ასევე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მათ შორის დავას წყვეტს სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. შესაბამისად, მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში კანონმდებელი უპირატესად ბავშვის ინტერესს მიიჩნევს და აკეთებს დათქმას, რომ მშობლის უფლებები უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ამ ნორმებით დეკლარირებულია ბავშვებთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად, მშობლის უფლების განხორციელების საკითხში განმსაზღვრელია ბავშვის ინტერესი. ბავშვთა უფლებების უპირატესობა აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით. შესაბამისად, კონსტიტუციის ეს ნორმა აღიარებს ბავშვის უფლებათა უპირატესობას როგორც მშობლებთან ურთიერთობაში, ისე ბავშვთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი ეკისრებათ მის მშობლებს თვაინთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ბავშვის აღზრდისა და რჩენის ვალდებულება ძირითადად მშობელს ეკისრება, ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ოჯახის კეთილდღეობა, მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური ურთიერთობის შესაძლებლობის განმტკიცება.
მშობლის უფლება-მოვალეობები მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი შინაარსის მქონე უფლებამოსილებებს, თუმცა ორივე შემთხვევაში მათი რეალიზაცია უნდა ხორციელდებოდეს „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის დაცვა ალიმენტის განსაზღვრის საკითხში იმაზე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც ეკისრებათ მის მშობლებს თავიანთი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის საჭიროების, ისე ორივე მშობლის უნარისა და რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებას. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით მშობლებს მისი უნარებისა და ფინანსური შესაძლებლობის ფარგლებში ევალებათ ბავშვისათვის განვითარების ნორმალური პირობების შექმნა. შესაბამისად ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა, ფინანსური შესაძლებლობები და ქონებრივი მდგომარეობა.
მოპასუხემ ცნო სარჩელი მისთვის ალიმენტის სახით 100-100 ლარის დაკისრების ნაწილში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული თანხა მისი მატერიალური და ოჯახური პირობების გათვალისწინებით არ არის გონივრული ალიმენტის თანხა.
მოპასუხე დასაქმებულია და მისი ხელფასია თვეში 950 ლარი. ასევე დასაქმებულია მოსარჩელე, იგი მუშაობს საზღავრგარეთ და შვილებს უგზავნის თანხას სიტემატიურად. მოპასუხე კ------- ხ------–---–ს ხელფასის გარდა მას აქვს სხვა შემოსავლის მიღების საშუალება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს მოპასუხის ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რაც მის ფინანსურ სიძნელეებზე მიუთითებს და ასაბუთებს, რომ მოპასუხეს 100 ლარზე მეტი თანხის გადახდა შვილის რჩენისათვის არ შეუძლია.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ბავშვთან დაკავშირებულ დავებში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში (საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი N. 71776/12), განმარტებულია, რომ „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს (იხილეთ, სხვა მრავალთა შორის, ოლსონი (No.2), § 90, იგნაკოლო–ზენიდი, § 94; პლაზა პოლონეთის წინააღმდეგ, No. 18830/07, § 71). აღნიშნული დავა შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თუმცა ეს პრინციპი საერთოა ბავშვთან დაკავშირებულ ყველა სადაო სამართალურთიერთობაში, რაც გამომდინარეობს ბავშვთა უფლებების კონვენციიდან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 დამატებითი ოქმიდან.
ამდენად, შვილების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა არის მშობლის ძირითადი ვალდებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრუწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება ორივე მშობელს თანაბარწილად ეკისრება მათი მატერიალური შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხის მსგავსად, შვილის რჩენის ვალდებულება აქვს ასევე მოსარჩელეს. ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ორივე მშობლის მატერიალური, ოჯახური და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორივე მშობლის სოციალური პირობების ურთიერთჯერებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
ბავშვის რჩენის ვალდებულების მოცულობა არ იცვლება მშობლების განქორწინების შედეგად. ოჯახის შექმნით და შემდგომ ბავშვის დაბადებით მეუღლეებს დაეკისრათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა შვილის მიმართ. განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. შვილების აღზრდა არის მშობლის მთავარი ვალდებულება.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ალიმენტის მომთხოვნ მშობელს შეუძლია თუ არა დამოუკიდებლად შვილის რჩენა ან რა ფარგლებში შეუძლია მას მეორე მშობელთან ერთად მატერიალური სახსრების გაღება შვილის სარჩენად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების მიმართ მშობლების ვალდებულებების თანასწორობა მხოლოდ მატერიალურ დახმარებაში არ ვლინდება და შვილზე ზრუნვა მხოლოდ ფინანსური სახსრების ხარჯვა არ არის. ამ შემთხვევაში მხარეთა არასრულწლოვანი შვილები მოპასუხესთან არ ცხოვრობენ, ბავშვები ცხოვრობენ დედის ნათესავებთან, რის გამოც მოპასუხე ბავშვებზე ყოველდღიურად ზრუნვაში, ყოველდღიურად ბავშვების აღზდაში წამოჭრილი ყოფითი საკითხების გადაწყვეტაში არ მონაწილეობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებაში საქმეზე №ას-1011-931-2017 განმარტებულია, რომ „კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში“.
განქორწინების მიუხედავად მშობლები არიან ბავშვის აღზრდაზე მთავარი პასუხისმგებელი პირები. განქორწინების გამო არ უნდა შეილახოს ბავშვის უფლებები, მისი მატერიალური მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს იმის გამო, რომ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლების დაშორების შემდეგ უნდა შენარჩუნდეს ბავშვის ის მატერიალური უზრუნველყოფა, რაც მშობლების ერთად ყოფნის დროს ექნებოდა. ამ შემთხვევაში მოპასუხის მატერიალური მდგომარეობის შეუსაბამო ალიმენტის თანხაა 100 ლარი, რადგან მოპასუხეს გარდა ხელფასისა (თვეში 950 ლარი), აქვს სხვა შემოსავალიც. სასამართლო ასევე აღნიშნავს იმას, რომ მოპასუხის საკრედიტო ვალდებულების არსებობა შვილის რჩენის ვალდებულების შემცირების საფუძველი არ არის, რადგან საბანკო კრედიტი აღებულია არა განსაკუთრებული საჭიროების გამო (მაგ: ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო მკურნალობის მიზნით). სასამართლო განმარტავს, კომუნალური ხარჯების ანაზღაურება, ასევე საკრედიტო ვალდებულების არსებობა ადამიანის ყოფა-ცხოვრებისათვის ჩვეულებრივი ვალდებულებებია და მათი არსებობა მეუღლეთა ერთად ცხოვრების პირობებშიც შვილის რჩენის ვალდებულებას არ ამცირებს. შესაბამისად, განქორწინების შემდეგაც მშობლის ფინანსური ვალდებულებები შვილის რჩენის საკითხში მინიმალური ვალდებულების დაკისრებას არ იწვევს. განქორწინების შემდეგადაც მშობელს ევალება შვილის სათანადოდ რჩენა მისი უნარების და მატერიალური შესაძლებლობის მიხედვით.
მოპასუხეს აქვს სტაბილური შემოსავალი, მის კმაყოფაზე არ არიან ოჯახის სხვა წევრები. ლ-–- ხ------–---–ი დადის სპორტულ სკოლაში ფეხბურთზე, ბავშვები სასკოლო საგნებში მეცადინეობენ ინდივიდუალურად სასკოლო საათებზე დამატებით. ბავშვებს ამ სასწავლო და სპორტული აქტივობების გამო მათ ესაჭიროებათ სასკოლო ნივთების შეძენა, კვების რეჟიმის დაცვა, სპორტულ ინვენტარი, რაშიც მათი მატერიალური მხარდაჭერა აუცილებელია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა გონივრულია იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი, მის კმაყოფაზე ოჯახის წევრები არ არიან, ამ თანხის გადახდა აუცილებელი ბავშვების მოზარდი ასაკის, მათი სასწავლო პროცესის, სპორტული აქტიურობის გამო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ალიმენტის გადახდა უნდა დაიწყოს სარჩელის აღძვრის დღიდან - 2018 წლის 2 აპრილიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილს ”ა” ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე, შესაბამისად ამ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს მოპასუხემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის ”გ” პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელში დავის საგნის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხის ერთობლიობით, რაც ამ დავაში შეადგენს 3600 ლარს. ვინაიდნა დავის საგნის ღირებულბა არ არემატება 5000 ლარს, დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის ოდენობა (დავის საგნის ღირებულების 3% 108 ლარი) ნახევრდება და შეადგენს 54 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების დაკისრების დროს გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ. გადაწყვეტილებით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი 300 ლარიდან მოპასუხემ ცნო 200 ლარის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 67%. საქმეზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 67% არის 36,18 ლარი, რომლის გადახდისგან მოპასუხე თავისუფლდება. ამდენად, მოპასუხის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელია 17,82 ლარი. სახელმწიფო ბაჟი მოპასუხემ უნდა გადაიხადოს შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს თ----- კ------ის სარჩელი;
1.1. შეწყდეს 2006 წლის 3 ოქტომბერს კ------- ხ------–---–ს პირადი N59001091945 და თ----- კ------ეს პირადი N 07001009905 შორის რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი N0081519;
1.2. კ------- ხ------–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების 20---–-–---------------ს დაბადებული ი------– ხ------–---–ის და 20---–-–------------------ს დაბადებული ლ-–- ხ------–---–ის სარჩენად ყოველთვიურად თითოეულისათვის ალიმენტის 150 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყოს 2018 წლის 2 აპრილიდან;
2. კ------- ხ------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 17,82 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი