გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.07.2018
საქმის ნომერი
330210116001462019
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22272-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - ლ-–--------–----

წარმომადგენელი - ქ---------------–---, მ-------–----ე

მოპასუხე - თ----------–---–ი, ნ---------------ე, ლ----------ე

წარმომადგენელი - გ----------------–---–ი

დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ დამოწმებული 2014 წლის 07 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №1--------;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ 2016 წლის 11 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №1--------;

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ 2017 წლის 18 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №1-------- (იხ. სასარჩელო განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ ს.ფ. 220-221).

სარჩელის საფუძვლები (ს.ფ. 1-16):

1.1.1. მოსარჩელე ლ-–--------–---- (ჯ---–--) დაავადებულია ფსიქიკური ავადმყოფობით. 1996 წლიდან დღემდე მკურნალობს და აღრიცხვაზეა მოსკოვის მხარის ქ. პოდოლსკის ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ საქალაქო საავადმყოფოში/დისპანსერში;

1.1.2. იგი დაავადებულია დემენციით და ქრონიკული ალკოგოლიზმით, მას რამდენჯერმე ჰქონდა სუიციდის მცდელობა;

1.1.3. მისმა ნაცნობმა, ჰ---–-------------მა ისარგებლა ლ-–--------–----ს ფსიქიკური მდგომარეობით, არაფხიზელ მდგომარეობაში 2014 წლის 07 ოქტომბერს წაიყვანა სანოტარო ბიუროში და ხელი მოაწერინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას №1-------- ნოტარიუს ი----------–---–---ს სანოტარო ბიუროში მდებარე: თბილისი, მეტრო „ა-------–ის’’ ტერიტორია და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ-–--------–----ს სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ვ---------–---, I------, კ-----------, ბ------, რომელიც არის მისი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი სახლი;

1.1.4. ლ-–--------–----ს აქვს მყარი გონებრივი აშლილობა და დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური დაავადებით, არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, საჭიროებს მუდმივ ყურადღებას, მისი სოციალური ადაპტაციის ხარისხი უკიდურესად დაქვეითებულია;

1.1.5. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით სადავო სესხისა და იპოთეკის №1-------- ხელშეკრულების დადების მომენტში ნოტარიუს ი----------–---–---ს სანოტარო ბიუროში, მას არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და განეგო იგი;

1.1.6. სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის თანხა 35 200 (ოცდათხუთმეტი ათასი) აშშ დოლარი მოპასუხეებს არ გადაუციათ მისთვის. ეს თანხა მოპასუხე/იპოთეკარებისგან მიიღო და გამოიყენა ჰ---–-------------მა;

1.1.7. ლ-–--------–---- არ იცნობდა მოპასუხეებს და ვერც ექნებოდა მათთან რაიმე შეხება;

1.1.8. ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ 2016 წლის 11 მაისს და 2017 წლის 18 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე ლ-–--------–----ს (ჯ---–--) დაეკისრა თ----------–---–ის და ნ---------------ის სასარგებლოდ თანხის გადახდა;

1.1.9. მოპასუხეები აპირებენ მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–---, I-------ნი, კ-----------, ბ------, საკადასტრო კოდი: №0----------------------, რომელიც სადაო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკის საგანია, აუქციონზე გაყიდვას;

1.1.10. მის ოჯახს აღნიშნული უძრავი ქონების გარდა, სადაც ცხოვრობენ მისი მცირეწლოვანი შვილები - 2008 წლის 13 სექტემბერს დაბადებული ა------- და 2010 წლის 19 იანვარს დაბადებული ქ-------ი, სხვა საცხოვრებელი არ აქვს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა დადგენილი წესით წარმოადგინეს შესაგებელი, რომელშიც ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე არ ცნეს სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 83-89):

2.1.1. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა, რადგან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს ნოტარიუსს ევალება, რომ შეამოწმოს მხარის ქმედუნარიანობა, რაც განსახილველ შემთხვევაში მოხდა კიდეც;

2.1.2. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ნათლად არის მითითებული, რომ ნოტარიუსმა დაადგინა მოსარჩელის ნების გამოხატვის ნამდვილობა და შეამოწმა მხარეთა ქმედუნარიანობა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 12 აგვისტოს ლ-–- ჯ---–--ს და ლ----------ეს შორის დაიდო ნოტარიუს ე-----------–-----–--ს მიერ სანოტარო წესით დამოწმებული სესხის და იპოთეკის №1-------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლ-–- ჯ---–--მ ლ----------ისგან ისესხა 20 000 ლარი. 2014 წლის 07 ოქტომბერს ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ დამოწმებული №1-------- სესხის და იპოთეკის გაუქმების შესახებ სანოტარო აქტის თანახმად, ლ----------ემ ყოველგვარი ფიზიკური, ფსიქიკური და სხვა ნებისმიერი სახის იძულების გარეზე უარი განაცხადა 2014 წლის 12 აგვისტოს მის სასარგებლოდ დადებულ იპოთეკაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 307-312)

- სესხის და იპოთეკის გაუქმება (ს.ფ. 342-343)

 

3.1.2. 2014 წლის 07 ოქტომბერს ლ-–- ჯ---–--ს, ლ----------ეს, თ----------–---–ს და ნ---------------ეს შორის დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ----------–---–მა ლ-–- ჯ---–--ს ასესხა 9 500 აშშ დოლარი, ნ---------------ემ - 5 500 აშშ დოლარი, ხოლო ლ----------ემ - 20 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლის, 3%-ის გადახდის პირობით.

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს სესხი დაუბრუნოს 6 (ექვსი) თვის ვადაში 2015 წლის 7 აპრილამდე მსესხებლის მიერ გაცემულ ფულად ერთეულში.

ამავე ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, სესხის ან სარგებლის (პროცენტის) დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს გამსესხებელს დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.1%. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ-–--------–----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, დასახლება ვ---------–---, მ--- მ/რ-ნი, კ-----------, ბ------. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა (მათ შორის ვადაზე ადრე) და მესაკუთრე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-27)

 

3.1.3. 2015 წლის 28 აპრილს ნოტარიუს ო----------–---ის მიერ დამოწმებული მოთხოვნის დათმობის №1-------- ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნის დამთმობმა - ლ----------ემ ახალ მფლობელს - იგივე იპოთეკარს რ-----------–---–ს გადასცა მოთხოვნა 20 000 აშშ დოლარიდან 5 000 აშშ დოლარზე და მასთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომელიც გააჩნდა ლ----------ეს მესაკუთრის, ლ-–- ჯ---–--ს მიმართ, თანახმად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა (რეესტრის ნომერი №1--------, დამოწმების თარიღი 07.10.2014 წელს ნოტარიუს ი. ფ---–---–---ს მიერ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (ს.ფ. 313-316)

 

3.1.4. 2015 წლის 16 ივლისს ნოტარიუს რ----------------ის მიერ დამოწმებული მოთხოვნის დათმობის №1-------- ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნის დამთმობმა - რ-----------–---–მა ახალ მფლობელს - იგივე იპოთეკარს, თ----–---------–---–ს, გადასცა მოთხოვნა, რომელიც გააჩნდა ლ-–- ჯ---–--ს მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან (რეესტრის ნომერი №1--------, დამოწმების თარიღი 07.10.2014 წელს ნოტარიუს ი. ფ---–---–---ს მიერ) გამომდინარე. დათმობის პირობების თანახმად, მოთხოვნის დამთმობი - ახალ მფლობელს, თ----–---------–---–ს გადასცემს საკუთრების უფლებას 5 000 აშშ დოლარიდან 3 000 აშშ დოლარზე და მასზე დარიცხულ სარგებელსა და შესაძლო პირგასამტეხლოზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება (ს.ფ. 317-320)

 

3.1.5. 2016 წლის 11 მაისს ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ გაცემულია №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორად მითითებულია თ----------–---–ი, ხოლო მოვალედ - ლ-–- ჯ---–--.

აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2014 წლის 07 ოქტომბერს ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ რეგისტრირებული სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის შესახებ.

სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2015 წლის 07 აპრილის მდგომარეობით შეადგენს შემდეგს: სესხის ძირითადი თანხა 9 500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 0.1% ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 08 აპრილიდან ყოველთვიურად 9.50 აშშ დოლარი აღსრულებამდე; ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 120 ლარი და 4.36 ლარი, სულ 124.36 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 28-29)

 

3.1.6. 2016 წლის 11 მაისის №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2016 წლის 27 მაისს კერძო აღმასრულებელ მ--------–----–---–ის მიერ მოვალე ლ-–- ჯ---–--ს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წინადადება (ს.ფ. 30-32)

 

3.1.7. 2017 წლის 18 მაისს ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ გაცემულია №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორად მითითებულია ნ---------------ე, ხოლო მოვალედ - ლ-–- ჯ---–--.

აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2014 წლის 07 ოქტომბერს ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ რეგისტრირებული სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის შესახებ.

სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2015 წლის 07 აპრილის მდგომარეობით შეადგენს შემდეგს: სესხის ძირითადი თანხა 5 500 აშშ დოლარი, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 120 ლარი და 4.36 ლარი, სულ 124.36 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 112-115)

 

3.1.8. 2017 წლის 18 მაისს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2017 წლის 04 ივნისს კერძო აღმასრულებელ მ--------–----–---–ის მიერ მოვალე ლ-–- ჯ---–--ს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წინადადება (ს.ფ. 116-117)

3.1.9. ლ-–- ჯ---–--მ 2016 წლის 22 იანვარს შეიცვალა გვარი და ამის შემდგომ მისი გვარია ღ----–----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გვარის შეცვლის მოწმობა, დაბადების მოწმობა (ს.ფ. 33-34)

 

3.1.10. მოსარჩელე ლ-–--------–---- 2008 წლის 30 მარტიდან 2012 წლის 13 ნოემბრამდე ქორწინებაში იმყოფებოდა ჟ----------–---–--სთან, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი 2008 წლის 13 სექტემბერს დაბადებული ა------- ღ----–---- და 2010 წლის 19 იანვარს დაბადებული ქ------- ღ----–----.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების, განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 57-58)

- დაბადების მოწმობები (ს.ფ. 59-60)

 

3.1.11. მოსარჩელის სახელზე 2002 წლის 8 ნოემბერს გაცემულია ,,B’’ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა EA№0021848 (პირველადი).

სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით მოსარჩელეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116.4 მუხლით აეკრძალა მართვის უფლება 2011 წლის 14 აგვისტოდან 1 წლის ვადით; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116.1 მუხლით აეკრძალა მართვის უფლება 2014 წლის 30 ნოემბრიდან 6 თვის ვადით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, ლ-–--------–----ს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116.1 მუხლით 2017 წლის 18 აპრილიდან აეკრძალა მართვის უფლება 6 თვის ვადით.

2018 წლის 26 აპრილის მდგომარეობით, ლ-–--------–----ს სახელზე მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია აღრიცხული არ არის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციის თანახმად, ლ-–--------–----ს ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ. 267-268)

 

3.1.12. 2011 წლის 24 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლ-–--------–----ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, დასახლება ვ---------–---, მ--- მ/რ-ნი, კ-----------, ბ------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 155-156)

 

3.1.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ---------------–---ს განცხადება და ლ-–--------–---- ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად, შემდეგ სფეროებში: სახელმწიფო გასაცემლის (პენსია და სხვ.) დანიშვნის, აღდგენის, მიღებისა და განკარგვის სფეროში, ამავე მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში; 2. მედიკამენტების (მათ შორის _ რეცეპტით გასაცემის) უსასყიდლოდ მიღებისა და შეძენის სფეროში; 3. მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; 4. საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან (მათ შორის - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან და სხვ.), კერძო აღმასრულებელთან და ნოტარიუსთან ურთიერთობისას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროში; 5. უძრავი ქონების მართვის სფეროში; 6. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სფეროში.

ამავე გადაწყვეტილებით ქ---------------–--- დაინიშნა ოჯახის წევრის, შვილის – ლ-–--------–----ს მხარდამჭერად ზემოაღნიშნულ სფეროებში და მას, როგორც მხარდამჭერს, მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს მისთვის, როგორც მხარდამჭერისთვის მინიჭებული უფლებები, მხარდასაჭერი პირის - ლ-–--------–----სთვის შესაბამისი ნების გამოხატვაში დახმარების გზით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 177-181)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 მაისის დასკვნის თანახმად, ლ-–--------–----ს მოტორული და კოგნიტური მდგომარეობის პრობლემების გამო, შეზღუდული აქვს შრომითი საქმიანობის უნარი, ასევე ცნობიერად არ შეუძლია წვრილმანი გარიგების დადება, სამეწარმეო საქმიანობა, უძრავი ქონების მართვა/განკარგვა. ასევე პიროვნული ცნობიერების პრობლემების გამო საკუთარი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა. მას არ შეუძლია ფულად-საკრედიტო სისტემით სარგებლობა, სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის პაკეტის, კერძოდ, პენსიის აღების საკითხში. მას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში ესაჭიროება მხარდამჭერი პირის დახმარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 140-148)

 

3.2.2. მოსარჩელე ლ-–--------–---- 1996 წლიდან აყვანილია მოსკოვის მხარის ქ. პოდოლსკის ნარკოლოგიური დისპანსერის აღრიცხვაზე და მისი დიაგნოზია: ალკოჰოლიზმი, რეაქტიული ფსიქოზი, მკვეთრად გამოხატული დემენცია, აზროვნების დარღვევა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლების ბათილობის თაობაზე ემყარება იმ საფუძველს, რომ მოსარჩელე ლ-–--------–----ს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეეძლო ნამდვილი ნების გამოვლენა გარიგების დადებისას. შესაბამისად, მხარეთა შორის ძირითად სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს სწორედ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოსარჩელეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებლად წარმოდგენილი აქვს სხვადასხვა პერიოდში მოსკოვის მხარის ქ. პოდოლსკის ნარკოლოგიური დისპანსერის მიერ გაცემული ამონაწერები ავადმყოფობის ისტორიიდან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ფაქტის დადგენის მიზნით ყურადღება გაამახვილოს თითოეულ ამონაწერში მითითებულ ინფორმაციაზე მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კერძოდ:

აღნიშნული დაწესებულების 2012 წლის 12 აპრილის, ცნობის თანახმად: ,,პაციენტი მოყვანილ იქნა კლინიკაში მყარი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობით. ოჯახის წევრების გადმოცემით ის იყო აგრესიული, ჰქონდა გაზის მილის გადაჭრის მცდელობა. ასევე შეიჭრა ავტომობილების მოძრაობის მაგისტრალზე, იქცევა ძალზე აგრესიულად მისი ოჯახის წევრების და მეზობლების მიმართ. პაციენტს გარეგნობა აქვს მოუწესრიგებელი, თავს არიდებს დასმულ კითხვებზე პასუხს, არ არის კონტაქტური, მხოლოდ იღებს ჯიბიდან საბავშვო სათამაშოს/საყვირს’’.

ავადმყოფობის ისტორიიდან 2013 წლის 3 ივლისის ამონაწერის თანახმად: ,,პაციენტის მამა და ბიძა იყვნენ ფსიქიკურად დაავადებულები. პაციენტი მოყვანილ იქნა კლინიკაში მყარი ფსიქიკური აშლილობით. ოჯახის წევრების გადმოცემით იგი იყო აგრესიული, სახლში ცეცხლი წაუკიდა ფარდას და ამბობდა, რომ ის არის მეფე. მაგრამ დასმულ კითხვაზე, თუ რომელი მეფე იყო, ის არ პასუხობდა. მხოლოდ ამბობდა, რომ ახლა მას სხვადასხვა ეროვნების ხალხები უსმენდნენ. პაციენტი ზის ერთ მდგომარეობაში და პასუხობს კითხვებზე ძალიან რთულად, მხოლოდ ჟესტებით’’.

ავადმყოფობის ისტორიიდან 2013 წლის 17 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად: ,,პაციენტი მოყვანილ იქნა კლინიკაში მყარი ფსიქიკური და ქცევითი აშლილობით, სუიციდის მცდელობით. ოჯახის წევრების გადმოცემით, მან გაიჭრა მარჯვენა ხელი. გარეგნულად პაციენტი არის მოუწესრიგებელი, იყურება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ძალიან რთულად წარმოსთქვამს სიტყვებს იმ შინაარსით, რომ ,,მიეცეს მას სიკვდილის საშუალება’’. ასევე ის რთულად და ფრაგმენტულად ყვება საშინელებების შესახებ, რომ ღამით შეიარაღებული ადამიანები თავს ესხმიან და მას აწამებენ’’.

ამასთანავე, თითოეული ზემოაღნიშნული ამონაწერი ავადმყოფობის ისტორიიდან შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ პაციენტს აქვს სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციები და ის საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს.

ამავე დაწესებულების 2016 წლის 20 აპრილის ცნობის თანახმად, რომელიც ფაქტობრივად პაციენტის მთელი ავადმყოფობის ისტორიის შეჯამებას ასახვას, 2000 წლის ბოლოს ლ-–--------–----ს მდგომარეობა გაუარესდა. მან მიმართა კლინიკას ჩივილებით: სუიციდის მცდელობა, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, ჰალუცინაციები სიბნელეში, ბინდში, თავბრუსხვევა, სისუსტე, ღებინება, ძლიერი ტკივილები თავის არეში. მას ჩაუტარდა გამოკვლევები, რომლის საფუძველზე დასმულ იქნა დიაგნოზი: ალკოჰოლიზმი, რეაქტიული ფსიქოზი, მკვეთრად გამოხატული დემენცია, აზროვნების დარღვევა.

სასამართლო მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის კუთხით, ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების - მოსარჩელის მეზობლების - მ------------–---–ის, ლ--–------–---–ის და ხ---------------ის/გ-------ის ერთგვაროვან ჩვენებებზე მოსარჩელის არაჯანსაღ ფსიქიკურ მდგომარეობასთან და მის ალკოჰოლისადმი სისტემატიურად მიდრეკილებასთან მიმართებით. თუმცა აქვე, მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო ფაქტის დადგენის მიზნით არაა უფლებამოსილი დაეყრდნოს მხოლოდ დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებს. სასამართლო მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით უპირატესად ეყრდნობა მოსარჩელის ავადმყოფობის შესახებ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს და აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად დადგენილი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური კრიტერიუმებით ერთობლიობაში შეფასების შედეგად დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ლ-–--------–---- 1996 წლიდან აყვანილია მოსკოვის მხარის ქ. პოდოლსკის ნარკოლოგიური დისპანსერის აღრიცხვაზე და მისი დიაგნოზია: ალკოჰოლიზმი, რეაქტიული ფსიქოზი, მკვეთრად გამოხატული დემენცია, აზროვნების დარღვევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 54-56)

-ამონაწერები ავადმყოფობის ისტორიიდან (ს.ფ.136-139; 182-190; 233-235)

 

3.2.3. 2014 წლის 07 ოქტომბერს, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს, ლ-–--------–----ს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და განეგო იგი.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა, თუმცა საბოლოოდ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის’’ 2016 წლის 05 ივლისის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 124-132), რომელშიც მითითებულია, რომ ,,ლ-–--------–---- დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით: ორგანული პიროვნული აშლილობა (F 07.0) ფსიქოზური ჩართვებით და კოგნიტურ მნესტიური ფუნქციების მკვეთრი დაქვეითებით (დემენცია), რასაც მოწმობს ანამნეზური მონაცემები, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, მრავალჯერადი თავის ქალის ტრავმები, მათ შორის გონების დაკარგვით, ხანგრძლივი ალკოჰოლიზაცია, მყარი პიროვნული აშლილობით, ხასიათის დისჰარმონიით, აფექტური და რიგიდული აზროვნებით, სწორხაზოვნებით, აზროვნებასა და ქმედებაში აწეული მომთხოვნელობით, სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობით, თანაგრძნობის უნარის არ ქონით, ექსპლაზიური რეაქციებით და კონფლიქტურობით, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სოციალურ ადაპტაციას, ემოციური დაძაბულობა-სისატიკით, იმპულსური ქმედებებით, თვითკონტროლისა და თავდაჭერის უნარის სისუსტე ჰეტერო და აუტო აგრესიით, რასაც თან ახლავს ცნობიერების შევიწროვება, მოტორული აგზნებები (დეკომპენსაცია), ეპიზოდური სმენითი ჰალუცინაციები, იჭვნეულობა, უნდობლობა ირგვლივმყოფების მიმართ. კოგნიტური და მნესტიური ფუნქციების მკვეთრი დაქვეითება საკუთარი მდგომარეობისა და შექმნილი სიტუაციის მიმართ კრიტიკის-უქონლობა’’.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი დასკვნის სახით მითითებულია, რომ: ,,2014 წლის 12 აგვისტოს და 2014 წლის 07 ოქტომბერს ლ-–--------–----ს (ჯ---–--ს) თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და განეგო იგი. ამჟამად ლ-–--------–----ს (ჯ---–--ს) თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი’’.

სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს, თავდაპირველად, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებათან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).

ზოგადად ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს კატეგორიული - როცა ექსპერტი, ერთმნიშვნელოვნად (ცალსახად) პასუხობს მის წინაშე დასმულ საკითხებზე, სავარაუდო - როცა ექსპერტი არ გამორიცხავს საკითხის სხვანაირად გადაწყვეტის შესაძლებლობას და ბოლოს - საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის შესახებ. წარმოდგენილი ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი, სასამართლოს შეფასებით, კატეგორიული და ერთმნიშვნელოვანია, ვინაიდან პირდაპირ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს სადავო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს არ შეეძლო გაეგო მის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობა, შესაბამისად, გაეცნობიერებინა მისგან გამომდინარე შედეგები. ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას არ იკვეთება მისი ე.წ. კვლევითი ნაწილის ნაკლოვანება, ასევე საეჭვო არაა დასკვნის შემდგენთა კვალიფიკაცია, რასაც შეიძლებოდა საეჭვო გაეხადა წარმოდგენილი შეფასება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნის საწინააღმდეგოდ უსაფუძვლოა მოპასუხის მითითებები ისეთ გარემოებებზე, როგორებიცაა ლ-–--------–----ს მიერ ოჯახის შექმნა, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, ასევე, რომ მის მიერ ჯერ კიდევ 2002 წელს მართვის მოწმობის აღება გამორიცხავს წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენენ ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობისთვის სათანადო საპირწონე მტკიცებულებას. სასამართლო, ფაქტის დადგენისას, ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას ნოტარიუს ი----------–---–---ს ჩვენებაზე. მართალია, სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნოტარიუსმა განმარტა, რომ მას არ ჰქონდა მოსარჩელის ქმედუნარიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, მაგრამ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საპირისპიროდ სასამართლო ვერ მიანიჭებს ნოტარიუსის მეტნაკლებად ზედაპირულ აღქმას მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით.

შესაბამისად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მტკიცებულებათა შეფასების დადგენილი სტანდარტით შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს მას სარწმუნოდ და ერთმნიშვნელოვნად და იზიარებს მასში მითითებულ დასკვნას მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით.

ამასთან, გასათვალისწინებელია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 მაისის დასკვნაც, რომელშიც მითითებულია, რომ ლ-–--------–----ს მოტორული და კოგნიტური მდგომარეობის პრობლემების გამო შეზღუდული აქვს შრომითი საქმიანობის უნარი, ასევე ცნობიერად არ შეუძლია წვრილმანი გარიგების დადება.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებაზე, რომლებიც მიუთითებენ 2014 წლის 7 ოქტომბერს (სადავო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დღეს) მოსარჩელის ალკოჰოლური თრობის ფაქტზეც. მხოლოდ მოწმეთა ჩვენება, ცხადია, არასაკმარისი საფუძველია ხელშეკრულების დადების დროს მოსარჩელის ჯანმრთელობის, მისი შერაცხადობის მდგომარეობასთან მიმართებით ფაქტის დასადგენად და აღნიშნულ მოწმეთა ჩვენება ფასდება სხვა წერილობით მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რის გამოც სასამართლო უპირატესად ემყარება სწორედ წარმოდგენილ ამბულატორიულ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას და იზიარებს მასში მითითებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ 2014 წლის 07 ოქტომბერს, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს, ლ-–--------–----ს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და განეგო იგი.

 

3.2.4. 2014 წლის 07 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება და მის საფუძველზე 2016 წლის 11 მაისს გაცემული №1-------- და 2017 წლის 18 მაისს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლები ბათილია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ.

აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, ძილში, ჰიპნოზურ მდგომარეობაში გამოხატული ნება და ა.შ. (იხ. საქმე №2ბ/3789-15).

სასამართლო მიუთითებს, რომ ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება’’, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტვითი მნიშვნელობიდან.

,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით ნოტარიუსი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს პირებს და მათი თხოვნით ადგენს დოკუმენტების პროექტებს. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სამართალში მოქმედ ე.წ პრეზუმფციაზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ და განმარტავს, რომ გარიგების დადებაზე ნების ნოტარიუსთან გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა, უფლებამოსილება და ნების ნამდვილობა. ნების გამომვლენს ნოტარიუსი უმარტავს გარიგების შინაარსს და მის თანამდევ შედეგებს.

განსახილველ შემთხვევაში, თავად სადავო აქტში, სანოტარო წესით დამოწმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში, მითითებულია, რომ ნოტარიუსს მოსარჩელე ლ-–--------–----ს ქმედუნარიანობაში შეტანის საფუძველი არ ჰქონდა. ამავე სანოტარო აქტში მითითებულია, რომ სადავო ხელშეკრულების დამმოწმებელმა ნოტარიუსმა დაადგინა მოსარჩელე ლ-–--------–----ს ნების გამოვლენის ნამდვილობა, გარიგების შინაარსი და განუმარტა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგები. თუმცა, აღნიშნული მითითება სხვაგვარი გარემოების დადგენის, კერძოდ სადავო ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების მართვის შეუძლებლობის ფაქტის დადგენის ფონზე, არ ქმნის ხელშეკრულების ბათილობაზე უარის თქმის საფუძველს. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ სადავო ხელშეკრულების დადების დროს ლ-–--------–----ს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდამჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.

სასამართლოს მიერ გაზიარებული ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა შეიცავს პირდაპირ მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო ხელშეკრულების დადების დროს - 2014 წლის 07 ოქტომბერს ლ-–--------–----ს (ჯ---–--ს) თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და განეგო იგი. შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულია მოსარჩელის ფსიქიკური აშლილობის დროს, რა დროსაც მისი აღქმა არ შეესაბამებოდა რეალურ ვითარებას სწორად. შესაბამისად, არსებობს აღნიშნული საფუძვლით სესხის და იპოთეკის, ისევე როგორც მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის საფუძველი.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე ლ-–--------–---- 1996 წლიდან აყვანილია მოსკოვის მხარის ქ. პოდოლსკის ნარკოლოგიური დისპანსერის აღრიცხვაზე და მისი დიაგნოზია: ალკოჰოლიზმი, რეაქტიული ფსიქოზი, მკვეთრად გამოხატული დემენცია, აზროვნების დარღვევა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.

წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებობს 2014 წლის 07 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების, მის საფუძველზე 2016 წლის 11 მაისს გაცემული №1-------- და 2017 წლის 18 მაისს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის საფუძველი.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 316-ე, 317-ე, 50-ე, 54-ე, მე-12, 58-ე, 61-ე მუხლები

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2014 წლის 07 ოქტომბერს სანოტარო წესით დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. თავის მხრივ, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 11 მაისს და 2017 წლის 18 მაისს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცლები;

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 07 ოქტომბერს მხარეებს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ----------–---–მა ლ-–- ჯ---–--ს ასესხა 9 500 აშშ დოლარი, ნ---------------ემ - 5 500 აშშ დოლარი, ხოლო ლ----------ემ - 20 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლის - 3%-ის გადახდის პირობით.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გვარის შეცვლის ფაქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის გვარი ამჟამად არის ,,ღ----–----’’.

ამასთანავე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 11 მაისს და 2017 წლის 18 მაისს გაცემულია სააღსრულებო ფურცლები, რომლებშიც მოვალედ მითითებულია მოსარჩელე ლ-–--------–----.

სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევამდე. ამავე კოდექსის მე-4 ნაწილის თანახმად, ქმედუუნაროდ ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ - მხარდამჭერის მიმღები) ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვენთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მ--- ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში.

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ-–--------–----ს შემდეგ სფეროებში: სახელმწიფო გასაცემლის (პენსია და სხვ.) დანიშვნის, აღდგენის, მიღებისა და განკარგვის სფეროში, ამავე მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში; 2. მედიკამენტების (მათ შორის რეცეპტით გასაცემის) უსასყიდლოდ მიღებისა და შეძენის სფეროში; 3. მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; 4. საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან (მათ შორის - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან და სხვ.), კერძო აღმასრულებელთან და ნოტარიუსთან ურთიერთობისას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროში; 5. უძრავი ქონების მართვის სფეროში; 6. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სფეროში დაენიშნა მხარდამჭერი.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ-–--------–---- 1996 წლიდან აყვანილია მოსკოვის მხარის ქ. პოდოლსკის ნარკოლოგიური დისპანსერის აღრიცხვაზე და მისი დიაგნოზია: ალკოჰოლიზმი, რეაქტიული ფსიქოზი, მკვეთრად გამოხატული დემენცია, აზროვნების დარღვევა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტვითი მნიშვნელობიდან.

სასამართლო მიუთითებს, რომ რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს. კერძო სამართლის სუბიექტების ავტონომია თავისუფლად დადონ გარიგებები ყოველთვის შეზღუდულია. შეზღუდვა გამომდინარეობს უპირველეს ყოვლისა კანონის მოთხოვნებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად კი, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მუხლი შეიცავს გარიგების შინაარსის კონტროლის გამსაზღვრელ ცენტრალურ ნორმას და განამტკიცებს კერძო ავტონომიის შეზღუდვის რამდენიმე შემთხვევას. ამასთანავე, მუხლის ფორმულირება ზოგადია და ის არ აკონკრეტებს, თუ რომელი კანონის, საჯარო წესრიგის ან ზნეობის რომელი ნორმების დარღვევა იწვევს გარიგების ბათილობას, ამ გაგებით ითვლება, რომ ნორმა შეიცავს განმარტების წესს კანონის ნორმის დაკონკრეტების გარეშე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდამჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.

ზოგადად აღნიშნული ნორმის ამ ნაწილის მიზანი არის ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის დაცვა იმ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებისგან, რომლებიც შეიძლება მის მიერ ნების გამოვლენას მოჰყვეს. ამას აღნიშნული ნორმა აღწევს დასახელებულ პირთა მიერ განხორციელებული ნების გამოვლინებების ბათილად გამოცხადებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან.

დადგენილია, რომ 2014 წლის 07 ოქტომბერს, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს, ლ-–--------–----ს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედებების მნიშვნელობა და განეგო იგი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გარიგება დაიდო იმ დროს, როდესაც მოსარჩელეს ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეეძლო განეგო თავისი ნება რაც წარმოადგენს სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამ გარიგების დადებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის საფუძველს. შესაბამისად, აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს 2014 წლის 07 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულები, მის საფუძველზე 2016 წლის 11 მაისს გაცემული №1-------- და 2017 წლის 18 მაისს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლების ბათილობის სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე ჯამში გადახდილია 2 741 (ს.ფ. 20-21; 62-63), სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებებზე კი გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ჯამში - 100 ლარი (ს.ფ.18-19; 105-106). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2 741 ლარის ოდენობით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. ამასთან, მოპასუხე თ----------–---–ს და ნ---------------ეს თითოეულს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50-50 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველი (ს.ფ. 66-68; 158-161).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ლ-–--------–----ს სარჩელი თ----------–---–ის, ნ---------------ის და ლ----------ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ დამოწმებული 2014 წლის 07 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №1--------;

3. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ 2016 წლის 11 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №1--------;

4. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ი----------–---–---ს მიერ 2017 წლის 18 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №1--------;

5. მოპასუხეებს - თ----------–---–ს, ნ---------------ეს და ლ----------ეს მოსარჩელე ლ-–--------–----ს სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2 741 ლარის ოდენობით;

6. მოპასუხე თ----------–---–ს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

7. მოპასუხე ნ---------------ეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი