გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.08.2018
საქმის ნომერი
190210017002235796
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
07.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3083-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.08.2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს ”ჯ--------–ი”

წარმომადგენლები დიმიტრი ხრიკაძე, გიორგი მაისურაძე

მოპასუხე შპს ”ს--------------------–-ნ”

წარმომადგენლები დავით მეცხოვრიშვილი

დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ”ს--------------------–-ნისათვის” პირგასამტეხლოს 62 403,75 ლარის დაკისრება;

1.2. შპს „ს--------------------–-ნისათვის” ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზიანის 107 707.60 ლარის დაკისრება;

(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ.21-22,. ტომი 3)

 

სარჩელის გარემოებები:

2013-2017 წლებში ახორციელებდა მოპასუხისათვის სამშენებლო არმატურის მიწოდებას. 2014 წლის 13 იანვარს წერილობით დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ ნასყიდობის საფასური მოპასუხეს უნდა გადაეხადა მასალების მიწოდებიდან 30 დღის ვადაში. ხელშეკულებით დადგენილია ნასყიდობის საფასურის გადახდის დაგვაინებისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ კვირაში გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია, რომ ანგარიშფაქტურის გამოწერის თარიღიდან გადახდის თარიღამდე ქართული ლარის აშშ დოლართან დევალვაციის რისკი უნდა დაიფაროს მყიდველის მიერ. ანგარიშფაქტურის გამოწერიდან გადახდის დღემდე როგ შემთხვევებში ლარის გაცვლით კურსი მოსარჩელის საუარესოდ შეიცვალა, ხოლო მოპასუხემ თანხა გადაიხადა ანგარიშფაქტურაში მითითებული თანხით და არა შეცვლილი კურსით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

შპს ”ს--------------------–-ნი” სარჩელს არ ცნობს შემდეგი გარემოებების გამო:

 

მოსარჩელისაგან პროდუქციას იღებდა 2013-2017 წლებში, სარჩელით პირგასამტეხლოს და ვალუტის კურსის ცვლილების გამო თანხის დაკისრებას მოთხოვნილია 2013-2014 წლებში მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაგვიანებით გადახდის გამო. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 27 დეკემბერს, რის გამოც სარჩელის ნაწილი ხანდაზმულია. კერძოდ, ხანდაზმული არ არის სარჩელის აღძვრამდე სამი წლის პერიოდში მიწოდებული პროდუქციის გადახდის გამო პირგასამტეხლოს და ვალუტის კურსის ცვლილებების გამო თანხის დაკისრების მოთხოვნა. მხარეებს შორის ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 13 იანვარს 2 წლის ვადით, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს შორის წერილობით ხელშეკრულება აღარ გაფორმებულა, რის გამოც 2016 წლის 13 იანვრის შემდეგი პერიოდში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება ფორმის დაცვით დადებული არ არის და პირგასმატეხლოს მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს არა აქვს. მოსარჩელის მიერ მითითებულ პირგასამტეხლოს კალკულაციას გააჩნია ხარვეზი, რადგან გათვალისწინებული არა აქვს, რომ 2014 წლის 8-15 იანვარს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება გადახდილია 2014 წლის 27 იანვარს, დადგენილ ვადაში 90 000 ლარის ოდენობით და არა დაგვიანებით 2014 წლის 26 თებერვალს. შესაბამისად. კალკულაციაში მომდევნო გადახდების თარიღებმაც შესაბამისი საფეხურით უნდა გადაიწიოს. კალკულაციაში ასევე არ არის გათვალისწინებული ანგარიშფაქტურების კორექტირების და არმატურის ნარჩენის გამყიდველის შპს „ჯ--------–ისათვის“ დაბრუნების ფაქტები, რის შემდეგ გაანგარიშების შედეგად ზიანის და პირგასამტეხლოს თანხის უფლება მოსარჩელეს აღარ რჩება. აუდიტის ან ექსპერტიზის დასკვნით გაანგარიშებული არ არის პირგასამტეხლოს და ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული დანაკლისი თანხა, ხოლო მოსარჩელის გაანგარიშებას მტკიცებულებითი მნიშვნელობა არა აქვს.

 

(წერილობითი შესაგებელი, ს.ფ. 74-80. ტომი 3; მოპასუხის განმარტება 31.07.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 13 იანვარს შპს „ჯ--------–სა” და შპს „ს--------------------–-ნს“ შორის წერილობით დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანია მოპასუხისათვის სამშენებლო არმატურის მიწოდება. ხელშეკრულება დაიდო 2 წლის ვადით. ხელშეკრულების 3.3.პუნქტის მიხედვით, თუ პროდუქცია მიეწოდება მყიდველს ავანსის გადახდის გარეშე, მაშინ ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის თარიღიდან გადახდის თარიღამდე ქართული ლარის ამერიკულ დოლართან მიმართებაში დევალვაციის რისკი უნდა დაიფაროს მყიდველის მიერ. ხელშეკრულების 5.10 პუნქტის მიხედვით, შესაბამისი სპეციფიკაციით განსაზღვრული გადასახდელი ვადის გადაცილების შემთხვევაში მყიდველმა უნდა გადახადოს დაგვიანებული გადასახდელი თანხის ჯარიმა, გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ კვირაზე. გადახდა უნდა განხორციელდეს მასალების მიწოდებიდან 30 დღეში. ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს გათვალისწიებული ვადიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს 30 დღის შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ.22-30. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 74-80. ტომი 3)

-

3.1.2. 2016 წლის 13 იანვრის შემდეგ მხარეებს შორის პროდუქციის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება წერილობით არ დადებულა, 2014 წლის 13 იანვრის ხელშეკრულება წერილობით არ გაგრძელებულა. 2016 წლის 13 იანვრის შემდეგ მოპასუხემ შპს „ჯ--------–ისგან“ მიიღო სამშენებლო არმატურა და გადაიხადა მისი ღირებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზედნადებების და ანგარიშფაქტურების ასლები (ს.ფ. 187-200. ტომი 3)

- სარჩელი (ს.ფ. 21-22; ტომი 3)

- შესაგებელი (ს.ფ. 74-80 ტომი 3)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014-2017 წლებში მიწოდებული სამშენებლო პროდუქციის ღირებულება შპს სინერჯი ქონსტაქშინმა გადაიხადა დაგვიანებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ. ავანსის სახით მოპასუხეს ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია. ნასყიდობის ურთიერთობის დასრულებამდე, 2014 წელის განხორცეილა ორი ანგარიშფაქტურის კორექტირება და არმატურის ნარჩენის ჯართის დაბრუნება.

 

განსახილველ სარჩელში დავის საგანია ნასყიდობის ფასის დაგვიანებით გადახდის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება და ეროვნული ვალუტის დევალვაციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რის გამო საქმეზე დასადგენი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებაა მყიდველის მიერ მიღებული პროდუქციის საფასური როდის არის გადახდილი.

 

მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ ნასყიდობის საფასური სრულად გადახდილია, ხოლო სადაო ნასყიდობის ფასის გადახდის თარიღი.

 

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პროდუქციის პერიოდულად, სხვადასხვა რაოდენობით და ვადაში მიწოდება, ხოლო ფასი მყიდველს უნდა გადაეხადა თითოეული მიწოდებიდან 30 დღის ვადაში. საქმეზე დასადგენი მთავარი ფაქტობრივი გარემოებაა, მოპასუხენ დაიცვა თუ არა გადახდის ეს ვადა.

 

მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ პირგასამტეხლოს კალკულაციას და განმარტავს, რომ კალკულაციაში არ არის გათვალისწინებული 2014 წლის 27 იანვარს გადახდილი 90 000 ლარი, რაც მოპასუხის განმარტებით არის კალკულაციაში მითითებული პირველი სამი მიწოდების ღირებულება. ამის გამო მოსარჩელის კალკულაციაში მითითებული 26 თებერვლის გადახდები შემდგომი მიწოდების გადახდებად უნდა ჩაითვალოს. მოპასუხის განმარტებით, თანხის ანაზღაურება ხდებოდა არა ზუსტად ანგარიშფაქტურის თანხის ოდენობით, არამედ ზოგჯერ წინსწრებით, რაც გათვალისწინებული არ არის მოსარჩელის კალკულაციაში. ასევე არ არის გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ხდებოდა გამოუყენებელი პროდუქციის დაბრუნება, ასევე ფასის კორექტირება. მოპასუხე 27 იანვარს თანხის გადახდას ფაქტს მიუთითებს მხოლოდ პირგასამტეხლოს კალკულაციის საწინააღმდეგო გარემოებად, ხოლო დევალვაციით გამოწვეული სხვაობის გაანგარიშების საწინააღმდეგოდ ეს გარემოება მითითებული არ არის.

 

მოსარჩელე პირგასამტეხლოს ანაზღაურებას მოითხოვს 2014 წლის 4 იანვრიდან 2016 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით მიწოდებული პროდუქციისათვის. კალკულაციაში მითითებულია შემდეგი პირველი სამი მიწოდება:

ზედნადები N0096493438, ზედნადების თარიღი 04.01.2014წ. პროდუქციის ჩაბარების თარიღი 08.01.2014წ, ზედნადების თანხა 31 689,30 ლარი. გადახდის ვადა 08.02.2014წ. გადახდის თარიღი 26.02.2014წ

ზედნადები N09683053. ზედნადების თარიღი 08.01.2014წ. პროდუქციის ჩაბარების თარიღი 13.01.2014წ. თანხა 32 137,52 ლარი, გადახდის ვადა 13.02.2014წ. გადახდის თარიღი 26.02.2014წ.

ზედნადები N097265871. ზედნადების თარიღი 11.01.2014წ. პროდუქციის ჩაბარების თარიღი 15.01.2014წ., თანხა 31830,63 ლარი. გადახდის ვადა 15.02.2014წ. გადახდის თარიღი 26.02.2014წ.

 

ამდენად, მოსარჩელის განმარტებით. 2014 წლის 8, 13 და 15 იანვარს მიღებული პროდუქციის ღირებულება მოპასუხემ მას გადაუხადა 2014 წლის 26 თებერვალს, 30 დღიანი ვადის გადაცილებით.

 

რადგან მოპასუხის მხრიდან სადაოა იანვარში მიწოდებული პროდუქციის საფასურის გადახდის თარიღი, რასაც უკავშირებს შემდგომი გადახდის თარიღების არასწორად განსაზღვრასაც, უნდა დადგინდეს იანვარში როდის მიიღო მყიდველმა პროდუქცია და როდის არის იანვარ-თებერვალში გადახდილი თანხები.

დევალვაციის კალკულაციაში მითითებულია 2014 წლის იანვარში განხორციელებული შემდეგი მიწოდების შესახებ:

09 იანვარი ანგარიშფაქტურა N02-3877334 თანხა 31699,30 ლარი;

15 იანვარი ანგარიშფაქტურა N02-4047889 თანხა 31830,63 ლარი;

15 იანვარი ანგარიშფაქტურა N02 4047884 თანხა 31830,72 ლარი;

18 იანვარი ანგარიშფაქტურა N02 4123481 თანხა 32 244. 66 ლარი;

20 იანვარი ანგარიშფაქტურა N02 4128258 თანხა 32 467.13 ლარი;

20 იანვარი ანგარიშფაქტურა N02 4128258 თანხა 25,21 ლარი.

მოსარჩელის კალკულაციის მიხედვით, იანვარში განხორციელებული ამ მიწოდებების საფასურის გადახდის თარიღია 2014 წლის 26 თებერვალი.

 

ამდენად, 2014 წლის იანვარში მოპასუხეს მიღებული აქვს პროდუქცია არა მარტო 8,13, და 15 იანვარს (პირგასამტეხლოს კალკულაციის მიხედვით), არამედ 9,15,18 და 20 იანვარსაც. მოსარჩელე ერთდროულად პირგასამტეხლოს და დევალვაციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს 15,18, და 20 იანვრის მიწოდებებისათვის. წარმოდგენილი კალკულაციების მიხედვით, მოსარჩელის იანვარში მიწოდებული პროდუქციის ღირებულებას გადახდილად მიიჩნევს 26 თებერვალს.

 

მოპასუხის განმარტებით, 8,13, და 15 იანვარს განხორციელებული მიწოდების გადახდის თარიღია 2014 წლის 27 იანვარი, რის შედეგად მიიჩნევს, რომ კალკულაციაში ყოველი მომდევნო მიწოდების გადახდის თარიღმა უნდა გადაიწიოს სამი საფეხურით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ეს მოსაზრება დაუსაბუთებელია და არ დასტურდება მტკიცებულებებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადახდო დავალებებით დასტურდება, რომ 2014 წლის იანვარში მოპასუხეს გადახდილი აქვს შემდეგი თანხები:

 

2014 წლის 13 იანვარს 75 100,60 ლარი - საგადახდო დავალება N22 (ს.ფ. 218. ტომი 2)

2014 წლის 27 იანვარს 175 093,34 ლარი- საგადახდო დავალება N17 (ს.ფ. 219. ტომი 2)

2014 წლის 27 იანვარს 90 000 ლარი - საგადახდო დავალება N24 (ს.ფ. 220 ტომი 2)

 

ამდენად, 2014 წლის იანვარში მოპასუხეს ჯამურად გადახდილი აქვს 340 193,94 ლარი, ხოლო მიწოდებულია სულ 223,934,46 ლარის ღირებულების პროდუქცია.

 

მოპასუხე 27 იანვარს გადახდილ 90 000 ლარს მიიჩნევს 2014 წლის 8,13 და 15 იანვრის მიწოდებების საფასურად, ხოლო იანვარში მიღებული სხვა პროდუქციის გადახდის თარიღები სადაოდ არ გაუხდია.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებით და ზედნადებებით დასტურდება, რომ 2014 წელს განხორციელდა რამდენიმე ანგარიშფაქტურის კორექტირება და მყიდველის მიერ მიღებული არმატურიდან მისი გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენის ჯართის დაბრუნება.

 

კორექტირებულია 2014 წლის 3 თებერვლის Nეს 02 4588961 ანგარიშფაქტურა, (პროდუქცია მიღებულია 7 თებერვალს). ანგარიშფაქტურა კორექტირებულია 2014 წლის 15 მარტს და საბოლოო ღირებულებაა 28 124,23 ლარი (ზედნადები N0100802806). 2014 წლის 3 თებერვლის ზედნადების საფუძველზე თანხა გადახდილია 2014 წლის 11 და 14 მარტს, კორექტირებამდე და თანხა გადახდილია ანგარიშფაქტურის თავდაპირველი ოდენობით. ეს გადახდა მითითებულია მხოლოდ დევალვაციის კალკულაციაში. (ს.ფ. 84. ტომი 3)

 

2014 წლის 3 იანვრის Nეა-02 4289224 ანგარიშფაქტურა (ზედნადები N0099306806 27 იანვარი) კორექტირებულია 2014 წლის 15 მარტს და საბოლოო თანხაა 15 383,31 ლარი. ანგარიშფაქტურის თანხა გადახდილია 2014 წლის 11 მარტს, კორექტირებამდე ანგარიშფაქტურის თავდაპირველი ოდენობით. ეს გადახდა მითითებულია პირგასამტეხლოს კალკულაციაში. (ს.ფ. 85. ტომი 3)

 

2014 წლის 10 ივნისის ელ 0119183325 ზედნადების თანახმად, შპს სინერჯი ქონსთრაქშინმა მოსარჩელეს დაუბრუნა 10 548,78 ლარის ღირებულების არმატურის ჯართი.

2014 წლის 26 აპრილის ელ -0111976975 ზედნადების თანახმად, მოპასუხის მიერ გამყიდველისათვის დაბრუნებულია 7602,63 ლარის ღირებულების არმატურის ნარჩენი.

2014 წლის 23 აპრილის Nელ-0111621049 ზედნადების თანახმად, დაბრუნებულია 6061,37 ლარის არმატურის ნარჩენი.

2014 წლის 22 აპრილის Nელ-0111404069 ზედნადების თანახმად, დაბრუნებულია 7117,01 ლარის არმატურის ნარჩენი.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ზედნადებებით დასტურდება, რომ მოპასუხეს დაბრუნებული აქვს 32 329,79 ლარის ღირებულების ჯართი, რომლის ღირებულება ან უნდა გადაეხადა ჯ--------–ს ან უნდა გაექვითა შემდგომ მიწოდებული არმატურის ღირებულებაში ან გადასახდელ დავალიანებაში.

 

კორექტირებული ანგარიშფაქტურების თანახმად 3 თებერვლის მიწოდებაზე მყიდველს უნდა გადაეხადა კორექტირებული თანხა 28 124,23 ლარი (თავდაპირველი თანხაა 32 108,16 ლარი, რაც შემცირდა 3983,93 ლარით). ხოლო 3 იანვრის მიწოდებიდან გადასახდელია კორექტირებული 15 383,31 ლარი, (თავდაპირველი 34 693,51 ლარი შემცირებულია 19 310,2 ლარით).

 

ამდენად, კორექტირების შედეგად მიწოდებული პროდუქციის ღირებულება შემცირდა ჯამურად 23 294,13 ლარით.

 

მიწოდებული პროდუქციის ღირებულების საფასური მოპასუხეს გადახდილი აქვს თავდაპირველი ოდენობით მათ კორექტირებამდე, შემდგომი მიწოდების თანხებიც სრულად ანუ ზედნადებებით გათვალისწინებული ოდენობით არის გადახდილი, რადგან ეს ფაქტი მხარეებს შორის სადაო არ არის. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დასრულებამდე მყიდველმა მოითხოვა დაბრუნებული ჯართის ღირებულების გათვალისწინება შემდგომ გადასახდელ თანხებში. ნასყიდობითი ურთიერთობის განმავლობაში მყიდველს არ მოუთხოვია და არც კონკლუდენტური მოქმედებით გამოუვლენია იმის ნება, რომ ჯართის ღირებულება გათვალისწინებული ყოფილიყო შემდგომი მიწოდებების დროს და გაქვითულიყო მოთხოვნები.

 

რაც შეეხება 2014 წლის 27 იანვრის გადახდის ფაქტის ასახვას პირგასამტეხლოს გაანგარიშებაში. ამ გარემოებას მოპასუხე მიუთითებს გადახდის ვადის დაცვის დასადასტურებლად. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2014 წლის იანვარში მოპასუხეს მიღებული აქვს ჯამურად 223 934,6 ლარის ღირებულების არმატურა, ხოლო 2014 წლის იანვარში გადახდილია ჯამურად 340 193,94 ლარი.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების წერილობით გაფორმებამდე განხორციელდა პირგასამტეხლოს კალკულაციაში მითითებული 3 მიწოდება - 4, 8 და 11 იანვრის ჯამურად 95 647,25 ლარის ოდენობით, ამ მიწოდების გადახდის თარიღად მყიდველი მიუთითებს 27 იანვარს 90 000 ლარის გადახდას, რაც არასრულად თანხის გადახდაზე მიუთითებს. გარდა ამისა, ამ მიწოდებების შემდგომი მიწოდების თარიღია 2014 წლის 15 იანვარი, რომლის ღირებულება მოსარჩელის განმარტებით ასევე 26 თებერვალსაა გადახდილი, რადგან კალკულაციის მიხედვით იანვარში განხორციელებული ყველა მიწოდების საფასური გადახდილია 26 თებერვალს. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, სადაო მიწოდებების შემდგომ იანვარში განხორციელებელი ყველა მიწოდების საფასური 26 თებერვალსაა გადახდილი. მოპასუხის განმარტებიდან კონკრეტულად და ცხადად არ ირკვევა, როგორ უნდა იქნას განსაზღვრული მიწოდებული პროდუქციის ღირებულების გადახდის კონკრეტული თარიღი. მოპასუხის ამ განმარტების გაზიარების პირობებში (თუკი გადახდის თარიღები გადაინაცვლებს) გაურკვეველი რჩება პირგასამტეხლოს კალკულაციაში მითითებული ბოლო მიწოდებების საფასურის გადახდის თარიღები. კერძოდ, მოსარჩელე პირგასამტეხლოს ანაზღაურებას მოითხოვს 2016 წლის 24 სექტემბერს პროდუქციის მიწოდების თარიღამდე. ეს მიწოდება მითითებულია ასევე დევალვაციის კალკულაციაში. ორივე შემთხვევაში თანხის გადახდის თარიღად მოსარჩელე მიუთითებს 2016 წლის 29 დეკემბერს. დევალვაციის კალკულაციაში ამის შემდგომი ასახულია ორი მიწოდება - 2017 წლის 19 მაისის და 27 მაისის, რომელთა საფასურის გადახდის თარიღია 2017 წლის 6 ივლისი. ამის შემდგომ თანხის გადახდა მოპასუხის მხრიდან არ დასტურდება. შესაბამისად, გადახდის თარიღების კორექტირება შეიძლება რიგ შემთხვევაში მოპასუხისათვის არახელსაყრელი აღმოჩნდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მოპასუხეს ეკისრება იმის გარემოების დამტკიცების ვალდებულება, რომ მან ნასყიდობის საფასური დროულად გადაიხადა.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმადაც, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა განაწილდეს, რომ მხარეს დაეკისროს იმ ფაქტის დამტკიცება, რომლის მტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, ვინც მითითებულ ფაქტებზე ამყარებს თავის მოთხოვნას ან შესაგებელს. ამ სტანდარტის შესაბამისად მტკიცების ტვირთი ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ნაწილდება: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადების ფაქტი და ვალდებულების არსებობა ანუ ვალდებულების შესრულების ვადის დადგომა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს - მის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი ან გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს მათივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებაში მყიდველის ვალდებულებაა ნასყიდობის საფასურის გადახდა, შესაბამისად მას ევალება წარმოადგინოს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები ან ის მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. მოსარჩელე მიუთითებს მიწოდებული პროდუქციის გადახდის კონკრეტულ თარიღებს, რომლის საფუძველზე გამოიანგარიშა პირგასამტეხლოს და ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული სხვაობის ოდენობა. მოპასუხე არ ეთანხმება ამ გაანგარიშებას და განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გაანგარიშებაში მითითებული პირველი სამი მიწოდების საფასური მან დროულად გადაიხადა, რის გამოც უნდ მოხდეს შემდგომი მიწოდებებისათვის გადახდის თარიღების კორექტირება.

 

მოპასუხე მართალია აკრიტიკებს მოსარჩელის გაანგარიშების სისწორეს, მაგრამ მას საპირისპიროდ არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, თუ გაანგარიშებაში მითითებული მიწოდებული პროდუქციის ღირებულება როდის გადაიხადა. მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა საკუთარი გაანგარიშება, სადაც პროდუქციის გადახდის თარიღები მოსარჩელის მიერ მითითებულის იდენტურია, ხოლო პირგასამტეხლო დათვლილია სხვა წესით (ყოველ ვადაგააცილებულ კვირაში იმის გათვალისწინებით, რომ კალკულაციაში არ არის შესული არასრული კვირის მანძილზე გადაცილების პერიოდი).

 

სასამართლო ამ საკითხზე არ იზიარებს მოპასუხის იმ მოსაზრებას რომ გაანგარიშების შესახებ მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა ექსპერტიზის ან აუდიტის დასკვნა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის განმარტებებს ნასყიდობის საფასურის გადახდის თარიღების შესახებ. ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მტკიცების ტვირთი კი მოპასუხეს აწევს. საქმეში წარმოდგენილ საგადახდო დავალებებში არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელი ანგარიშფაქტურების საფუძველზე ხდებოდა თანხის გადახდა. ამდენად, საქმეში სადაო გარემოებაა ის თუ როდის გადაიხადა მოპასუხემ მიღებული პროდუქციის ღირებულება, რაც მოპასუხის მტკიცების საგანში შედის, ამ გარემოების დადასტურება სრულად შესაძლებელია მოპასუხის ხელთ არსებული საბუღალტრო დუკუმენტებით. შესაბამისად, მოპასუხეს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, სადაც მითითებული იქნებოდა ბუღალტრული ანალიზით და გაანგარიშებით როგორ უნდა განისაზღვროს ყოველი მიწოდებისათვის გადახდის თარიღი, რაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მან ამ გარემოების დადასტურების მტკიცების ტვირთი გადაიტანა მოსარჩელეზე, რაც არ გამომდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპიდან. მოპასუხის განმარტებით 2014 წლის იანვარში მიწოდებული პროდუქციის საფასურის ვადაში გადახდილად უნდა ჩაითვალოს, კალკულაციაში არასწორადაა მითითებული ვადის დარღვევით გადახდის გარემოება, გადახდის თარიღი, რის გამოც შესაბამისად უნდა გადაიწოს კალკულაციაში მითითებული გადახდების თარიღებმა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი ზოგადი შედავება იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე, მექანიკურად უნდა მოხდეს გადახდის თარიღების კორექტირება. მოსარჩელე პირგასამტეხლოს კალკულაციაში მითითებულ პირველ სამ გადახდას მიიჩნევს სადაოდ, ხოლო მომდევნო პერიოდში, იანვარში მიწოდებული პროდუქციის გადახდის თარიღია 2014 წლის 26 თებერვალი, რაც როგორ უნდა შეიცვალოს მოსარჩელეს შესაბამისი ბუღალტრული გაანგარიშების წარმოდგენით არ დაუდასტურებია.

 

რაც შეეხება დევალვაციის კალკულაციას.

 

დევალვაცია მოთხოვნილია 2014 წლის 9 იანვრიდან 2017 წლის 27 მაისის ჩათვლით პერიოდში მიწოდებული პროდუქციისათვის. დევალვაციის კალკულაციაში სადაო გადახდების გარდა მითითებულია იანვარში - 9, 15, 18 და 20 იანვარს პროდუქციის მიწოდების შესახებ, რომლის გადახდის ვადად მითითებულია 2014 წლის 26 თებერვალი. ამდენად, 2014 წლის იანვარში მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა არ არის მითითებული არცერთ კალკულაციაში.

 

დევალვაციის კალკულაციაში 2014 წლის 15 მარტის EA -02513985 ანგარიშფაქტურის საფუძველზე პროდუქციის ღირებულებაა 15 383,31 ლარი, რაც კალკულაციის მიხედვით გადახდილია 2014 წლის 11 მარტს. ამდენად, 2014 წლის 15 მარტის ანგარიშფაქტურის საფუძველზე მყიდველმა თანხა გადაიხადა 2014 წლის 11 მარტს, რაც ნიშნავს, რომ თანხა ანგარიშფაქტურის გამოწერამდე გადაიხადა. ეს გარემოება კი ვალუტის კურსთა შორის სხვაობის დაკისრების უფლებას არ წარმოშობს, რადგან კურსთა შორის სხვაობა გამყიდველს ქონებრივ დანაკლისს წარმოშობს ანგარიშფაქტურს გამოწერის შემდგომ კურსის ცვლილების გათვალისწინების გარეშე გადახდის შედეგად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი ხანდაზმულია, რაზეც სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელებს, კერძოდ, ხანდაზმული არ არის სარჩელის აღძვრამდე - 2017 წლის 27 დეკემბრამდე სამი წლის პერიოდში მიწოდებული პროდუქციის გადახდის გამო კურსთა შორის სხვაობის დაკისრების მოთხოვნა. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, მოპასუხემ 2014 წლის 27 დეკემბერის შემდეგ რომელი პროდუქციის ღირებულება გადაიხადა, რათა შედარდეს ანგარიშფაქტურაში მითითებული თანხის მიხედვით ლარის კურსი ანგარიშფაქტურის გამოწერის დღეს და გადახდის დღეს.

 

მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კალკულაცია ამ პერიოდში თანხის გადახდის თარიღების მიხედვით განხვავდება მოსარჩელის კალკულაციაში მითითებული მიწოდების და გადახდის თარიღებისაგან. კერძოდ, მოსარჩელის კალკულაციის მიხედვით, 2014 წლის 7 დეკემბრის შემდეგ 2015 წლის 26 იანვარს გადახდილია 2014 წლის 15 EA 03-1102243 ანგარიშფაქტურების გათვალისწინებული 28 959,15 და 2632,65 ლარი, ხოლო მოპასუხის კალკულაციის მიხედვით, ამ ანგარიშფაქტურის საფუძველზე თანხა გადახდილია 2014 წლის 18 დეკემბერს. მოპასუხის კალკულაციის მიხედვით, ასევე 18 დეკემბერსაა გადახდილი 2014 წლის 18 ოქტომბრის EA 03-1177927 ანგარიშფაქტურის საფუძველზე თანხა 185,92 ლარი, ხოლო ამავე ანგარიშფაქტურის საფუძველზე 31 488,71 ლარი გადახდილია 2015 წლის 26 იანვარს. მოსარჩელის კალკულაციაში ამ ანგარიშფაქტურის საფუძველზე თანხის გადახდის თარიღია 26 იანვარი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ანგარიშფატურის საფუძველზე მიწოდებული პროდუქციის საფასურის გადახდის გამო მოსარჩელე მოითხოვს პირგასმატეხლოსაც, სადაც მოსარჩელე მიუთითებს გადახდის თარიღს 2015 წლის 26 იანვარი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ პირგასამტეხლოს კალკულაციაშიც გადახდის ეს თარიღია მითითებული, ხოლო დევალვაციის კალკულაციაში თანხის გადახდის სხვა თარიღს მიუთითებს. ამდენად, ამ კონკრეტული მიწოდების გადახდის თარიღის შესახებ მოპასუხე კალკულაციებში განსხვავებულ თაღიღებს უთითებს, რის გამოც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დევალვაციის კალკულაციაში მითითებული მონაცემები ვერ იქნება გაზიარებული.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- მოსარჩელის კალკულაცია (ს.ფ. 23-26. ტომი 3)

- ზედნადებების ასლები (ს.ფ. 35-36 ტომი 2)

- საგადახდო დავალებების ასლები (ს.ფ. 44-45 ტომი 2)

- საგადასახადო ანგარშფაქტურების ასლები (ს.ფ.42-43 ტომი 2)

- კორექტირებული ანგარიშფაქტურების ასლები (ს.ფ. 77. ტომი 3)

- მოპასუხის კალკულაცია (ს.ფ. 94-107. ტომი 3)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიღებული პროდუქციის ღირებულების დაგვიანებით გადახდის გამო პირგასამტეხლოს ანაზღაურება სარჩელის აღძვრამდე სამი წლის პერიოდში გადახდის ვადის დაგვიანებისათვის, ასევე ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სარჩელის აღძვრამდე სამი წლის პერიოდში გადახდილი თანხების გამო, რადგან ამის წინა პერიოდის გამო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 477-ე, 129-ე, 130-ე, 327-ე, 59-ე მუხლები, 418-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 328-ე, 62-ე, 317–ე, 419-ე, 123-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 394-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 389-ე, 442-ე, 443-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მხარეებს შორის სადაო ურთიერთობა თავისი არსით არის ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან ითვალისწინებს სამშენებლო პროდუქციის – არმატურის მოპასუხის საკუთრებაში გადაცემას შესაბამისი საფასურის მიღების სანაცვლოდ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულების არსია გამყიდველისათვის ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, ქონების და მასთან დაკავშირებული საბუთების მიწოდება. შპს ”ჯ--------–მა” ეს ვალდებულება შეასრულა, იგი 2013-2017 წლებში პერიოდულად აწვიდა, ხოლო მოპასუხე იღებდა არმატურას. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველის ვალდებულებაა ნასყიდობის საფასურის, მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება, რაც უნდა განხორციელებულიყო პროდუქციის მიღებიდან 30 დღის ვადაში.

 

მოპასუხე ნასყიდობის საფასურს იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით, რაც ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობს პირგასმატეხლოს მოთხოვნის უფლებას. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია ნასყიდობის ფასის გადახდა ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული სხვაობის ანაზღაურების პირობით, ხოლო ნასყიდობის საფასური განსაზღვრულია აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნული ვალუტაში. შესაბამისად ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველს აქვს პირგასამტეხლოს და ვალუტის კურსის შეცვლით გამოწვეული საფასურის სხვაობის ანაზღაურების უფლება, თუმცა ამ უფლებების რეალურად განხორციელება ხანდაზმულობის ვადის დაცვაზეა დამოკიდებული. სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ხანდაზმულობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

განსახილველ სარჩელში დავის საგანია ნასყიდობის საფასურის გადახდის დაგვიანების გამო პირგასმატეხლოს დაკისრება და ზიანის ანაზღაურება, დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რის გამო მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა. ამასთან, ხელშეკრულებით საფუძველზე ნასყიდობის საგნის მიწოდება ხდებოდა პერიოდულად, სხვადასხვა რაოდენობით, ხოლო ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადა შეადგენდა პროდუქციის ყოველი მიწოდებიდან 30 დღეს. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ნასყიდობის საფასურის გადახდა თითოეული მიწოდებისათვის ცალ-ცალკე - მიწოდებიდან 30 დღის ვადაში. მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელია, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისთვის დადგენილი ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლიდან გამომდინარე ხანდაზმულობის საკითხის დასადგენად უმნიშვნელოვანესია იმის დადგენა, თუ როდის წარმოიშვა მოთხოვნა, რაც ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის შინაარსის გათვალიწინებით უნდა დადგინდეს. ამ შემთხვევაში მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რის გამოც კრედიტორის უფლების დარღვევას იწვევს მოვალის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, კრედიტორს სარჩელის აღძვრის გზით ვალდებულების შესრულების მოთხოვნა წარმოეშვება იმ დროიდან, როცა მოვალე დაარღვევს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადას.

 

ვინაიდან მოპასუხეს პროდუქცია მიღებული აქვს სხვადასხვა რაოდენობით და პერიოდულობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია თითოეული მიწოდებიდან 30 დღეში ნასყიდობის თანხის გადახდა. შესაბამისად მხარეთა შეთანხმებიდან არ გამომდინარეობს, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა მხარეებს შორის ნასყიდობითი ურთიერთობის დასრულების შემდეგ. ამდენად, თითოეულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, რაზეც ასევე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება.

 

პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება ისაა, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თითოეულისთვის ცალ-ცალკე იწყება. სარჩელში სადაოა 2013-2017 წლებში სხვადასხვა დროს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება, რის გამოც ხანდაზმულობის ვადა აითვლება ყოველი პერიოდისათვის დამოუკიდებლად.

 

ნასყიდობის საფასურის გადახდის დაგვიანება არის ისეთი გარემოება, რომელიც ვალდებულების დარღვევისთანავე იმთავითვე ცნობილი ხდება გამყიდველისათვის, რის გამო ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დაიწყო ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულების დარღვევის დროიდან – იმ დღიდან, როცა მოპასუხემ არ შეასრულდა ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება და არა საფასურის ფაქტობრივად გადახდის დღიდან, რადგან კრედიტორის უფლების დარღვევას და პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობას იწვევს ნასყიდობის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა. ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს ნასყიდობის ფასი უნდა გადაეხადა პროდუქციის მიღებიდან 30 დღის ვადაში, ამ ვადაში თანხის გადაუხდელობა მოვალის მიერ ვადის გადაცილებაა, რის შედეგად წარმოიშობა პირგასამტეხლოს მოთხოვნა.

 

ამდენად, განსახილველ სარჩელში ხანდაზმული არ არის პირგასამტეხლოს მოთხოვნა იმ პროდუქციის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშვა 2014 წლის 27 დეკემბრის შემდეგ. ასეთია 2014 წლის 11 დეკემბერს და შემდგომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაგვიანებით გადახდისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა, რადგან ამ პერიოდში განხორციელებული თითოეული მიწოდებიდან 30 დღის ვადაში მოპასუხეს უნდა გადაეხადა საფასური. მოსარჩელის მოთხოვნიდან ხანდაზმულია 2014 წლის 11 დეკემბრამდე მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაგვიანებით გადახდის გამო პირგასამტეხლოს მოთხოვნა, რადგან მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა სარჩელის აღძვრიდან 3 წლის ვადაზე ადრე – 2014 წლის 27 დეკემბრამდე.

 

რაც შეეხება ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას. ამ მოთხოვნაზეც ვრცელდება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების შესრულების სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა. სარჩელის ამ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა აითვლება თანხის გადახდის თარიღიდან, რადგან ეს მხარეთა შეთანხმებით ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული სხვაობა ანაზღაურდება ანგარიშფაქტურის გამოწერის დღესა და ფაქტობრივი გადახდის დღეს ვალუტის არსებული კურსით. ამდენად, კრედიტორი ვალუტის კურსის დაცემით გამო ზიანს განიცდის იმ დღიდან, როცა მოვალემ ფაქტობრივად გადაიხადა თანხა.

 

ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნიდან ხანდაზმულია იმ პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებული მოთხოვნა, რომლის ღირებულება გადახდილია 2014 წლის 27 დეკემბრამდე, რადგან ამ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია გადახდის თარიღებიდან 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ - 2017 წლის 27 დეკემბერს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოვალის ნება-სურვილზე. ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა 2016 წლის 13 იანვრის შემდგომ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების საფასურის გადახდის დაგვიანების გამო, რადგან დაცული არ არის პირგასამტეხლოზე შეთანხმების წერილობითი ფორმა.

 

2014 წლის 13 იანვარს ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო წერილობით და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2 წლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ვადის გაგრძელების წესი, რომლის მე-9 მუხლის მიხედვით კონტრაქტი ძალაში შედის მასზე ხელმოწერის მომეტიდან და ძალაშია 2 წლის განმავლობაში, ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ორივე მხარის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ორივე მხარის მიერ სათანადოდ ხელმოწერილი და დამოწმებული ხელშეკრულების ასლი მისაღებია და ჩაითვლება კანონიერ ხელშეკრულებად. მხარეები არ თავისუფლდებიან სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებისაგან გამომდინარე იმ ოპერაციებიდან, რომლებიც ნაწილობრივ შესრულდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და გადახდა უკვე განხორციელებულია. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის მიხედვით, ნებისმიერი ცვლილება და დამატება ამ კონტრაქტზე ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ცვლილება და დამატება გაფორმდება წერილობითი ფორმით და ხელი მოეწერება ორივე მხარის მიერ. 10.3 პუნქტის თანახმად, თუ მიმდინარე შეთანხმების რომელიმე დებულება აკრძალულია და ძალაში არ შედის, იგი არ შეუშლის კონტაქტის დანარჩენ დებულებების ხელს, რომ შევიდნენ კანონიერ ძალაში. 10.4 პუნქტის მიხედვით, ყველა კორესპონდენცია მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს წერილობით (ფაქსით, ელექტრონული ფოსტით და საერთაშორისო კურიერით საძიებო ნორმით).

 

2016 წლის 13 იანვრის შემდეგ მხარეებს შორის წერილობით ხელშეკრულება არ გაგრძელებულა, რომელიმე მხარეს წერილობით არ გამოუვლენია ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ნება იმავე პირობების დაცვით. მოსარჩელის წარმომადგენლების განმარტებით, მოსარჩელის უფლებამოსილ პირს ეს ფორმალობა მხედველობიდან გამორჩა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, 1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამ ნორმის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხბმება მიღწეულია შესაბამისი ფორმით. ხელშეკრულების დადების მსგავსი წესი გათვალისწინებულია საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების პრინციპების (უნიდროას პრინციპები) 2.1.1.3 მუხლით, ამ მუხლით გათვალისწინებულია ხელშეკრულების ფორმის საკითხები. ამ პრინციპების თანახმად, თუ მოლაპარაკების დროს რომელიმე მხარე აცხადებს, რომ ხელშეკრულება არ დაიდება, ვიდრე არ შედგება შეთანხმება კონკრეტულ საკითხებზე ან დაცული იქნება ხელშეკრულების ფორმა, ხელშეკრულება დადებულად არ ითვლება, ვიდრე არ იქნება მიღწეული შეთანხმება ამ საკითხზე და არ იქნება დაცული ხელშეკრულების ფორმა.

 

ხელშეკრულების ფორმა მხარეთა მიერ შეთანხმებული ნების გარეგნული გამოხატვის საშუალებაა, ხოლო ზოგიერთი სახის გარიგება მხოლოდ მაშინ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, როცა დადებულია განსაზღვრული ფორმით. გარიგების წერილობითი ფორმა რიგ შემთხვევებში დადგენილია კანონით, ხოლო კანონით დადგენილი ფორმის არარსებობის დროს მხარეთა მოთხოვნით შესაძლებელია დადგინდეს ხელშეკრულების წერილობითი ფორმა. კანონით დადგენილ შემთხვევაში ხელშეკრულების ფორმა გარიგების ნამდვილობის წინაპირობაა და ფორმის დაუცველობა იწვევს გარიგების ბათილობას (სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლი).

 

მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია წერილობით და ითვალისწინებს თანხის გადახდის დაგვიანების ან ნასყიდობის საგნის მიწოდების დაგვიანებისათვის პირგასამტეხლოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირგასამტეხლოზე შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით. ამდენად, ამგვარი პირობით დადებული ხელშეკრულებისათვის კანონით დაწესებულია წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადების ვალდებულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან პროდუქციის მიღების გაგრძელებით ანუ მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებით ხელშეკრულების ვადა თავდაპირველი პირობებით გაგრძელებულად არ ითვლება, რადგან ეს არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლიდან. ამ ნორმის მიხედვით, 1. თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. 2. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.

 

სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლიდან გამომდინარე, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმება უნდა გაფორმდეს იმავე ფორმის დაცვით, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებაა დადებული, რადგან კანონით დადგენილია პირგასამტეხლოს შესახებ ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება. სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის თანახმად, შეთანხმებაში ცვლილების განსახორციელებლად, ხელშეკრულების პირობის შესაცვლელად აუცილებელია იგივე ფორმის დაცვა. ამდენად, კანონით დადგენილი სავალდებულო ფორმის არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულებაში ცვლილება მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებით არ დაიშვება და აუცილებელია კანონით დადგენილი ფორმის დაცვით ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელება. (კონლუდენტური მოქმედებით ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე განმარტება მოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმე Nას-712-682-2016).

 

წერილობით დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების ფორმის დაცვის საკითხზე სასამართლო მოიხმობს უნიდროას პრინციპების 2.1.18 მუხლს, რომელიც შეეხება წერილობით დადებული ხელშეკრულების შეცვლის საკითხს. ამ პრინციპების თანახმად, წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომლის ხელშეკრულების პირობების შეცვლა ან ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა გაფორმდეს ასევე წერილობით, არ შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს სხვა ფორმით. თუმცა, მხარეს შეუძლია არ დაეყრდნოს ამ დათქმას იმდენად, რამდენადაც მეორე მხარის ასეთ ქცევას გონივრულად ეყრდნობოდა. წერილობით დადებული ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე მსგავს რეგულაციას შეიცავს საერთაშორის ნასყიდობის შესახებ ვენის კონვენცია, რომლის 29-ე მუხლის მიხედვით, 1. ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან მისი მოქმედება შეწყდეს მხარეთა უბრალო შეთანხმებით. 2. წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს დებულებას, რომ მისი ნებისმიერი შეცვლა ან შეწყვეტა მხარეებმა უნდა განახორციელონ წერილობითი ფორმით, არ შეიძლება სხვაგვარად შეიცვალოს ან შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით. თუმცა ერთი მხარის ქმედებამ შეიძლება გამორიცხოს მისთვის იმის შესაძლებლობა, რომ იხელმძღვანელოს აღნიშნული დებულებით იმდენად, რამდენადაც მეორე მხარე ეყრდნობოდა და ითვალისწინებდა ასეთ მოქმედებას.

 

ამ შემთხვევაში წერილობით დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მისი გაგრძელება წერილობითი შეთანხმებით. ვადის ამოწურვის შემდეგ მხარეებს შორის ნასყიდობითი ურთიერთობა ფაქტობრივად გაგრძელდა, მოსარჩელემ განაგრძო პროდუქციის მიწოდება, ხოლო მოპასუხემ მიიღო მიწოდებული პროდუქცია და გადაიხადა ნასყიდობის საფასური. თუმცა მხარეთა ეს ქცევა ხელშეკრულების თავდაპირველი პირობების ავტომატურად გაგრძელებაზე და პირგასამტეხლოზე შეთანხმების გაგრძელებაზე არ მიუთითებს, რადგან პირგასამტეხლოს შეთანხმება კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით უნდა დაიდოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ რადგან ხელშეკრულება შეიცავს ისეთ პირობას, რომელიც კანონის დადგენილი სავალდებული წერილობით ფორმას მოითხოვს, ამ პირობაზე შეთანხმების ვადის გაგრძელებისათვის ასევე აუცილებელია სავალდებულო ფორმის დაცვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წერილობითი ფორმით ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე შეთანხმების არარსებობა მხოლოდ პირგასამატეხლოს საკითხზე შეთანხმების ბათილობას იწვევს, ხოლო ხელშეკრულების სხვა პირობების მოქმედებაზე გავლენას არ ახდენს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც. სამშენებლო პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის წერილობითი ფორმა კანონით დადგენილი არ არის, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულების სხვა პირობების მოქმედება მხარეთა მიერ გაგრძელდა პროდუქციის მიწოდების გაგრძელებით.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამატეხლოს მოთხოვნა საფუძვლიანია 2014 წლის 11 დეკემბრიდან 2015 წლის 16 თებერვლის ჩათვლით პერიოდში მიწოდებული პროდუქციის გადახდის დაგვიანებისათვის, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა საფუძვლიანია 2014 წლის 27 დეკემბრის შემდგომი გადახდებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დარიცხვის წესის შესახებ. მოპასუხის განმარტებით, ყოველკვირეულად პირასატეხლოს დარიცხვა გულისხმობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობას სრული კვირის განმავლობაში ვადის გადაცილების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის თანახმად, 1. დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. 2. ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, –მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. 3. თუ თვეების მიხედვით განსაზღვრულ ვადას აკლია ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე, მაშინ ვადა მთავრდება ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისას.

 

კვირა ზოგადად, შვიდდღიანი დროის მონაკვეთისაგან შედგება. შესაბამისად, ვადის ერთი ან რამდენიმე კვირით განსაზღვრისას, კვირა 7 დღით უნდა გამოითვალოს. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ყოველკვირეულად დარიცხვა იმას ნიშნავს, რომ პირგასამტეხლო ირიცხება არა ყოველდღიურად, არამედ კვირაში ერთხელ. მოპასუხის განმარტებით მიხედვით, პირგასამტეხლო ირიცხება მხოლოდ კვირის 7 დღიანი ვადის სრულად დასრულების შემთხვევაში, რაც წარმოშობს ვითარებას, როცა მოვალე რეალურად ვადის გადამცილებელია, მაგრამ მას პირსაგასამტელო არ ერიცხება, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს არსს, რომლის მიზანია ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოვალისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესსაც, რომლის მიხედვით, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, –მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. ამ ნორმის მიხედვით კვირეებით განსზღვრული ვადის დინება სრულდება ბოლო კვირის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. კვირეებით განსაზღვრული დრო გულისხმობს ვადის განსაზღვრას 7 დღიანი ციკლების მიმდევრობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ კვირაში პირგასამტეხლოს დარიცხვა გულისხმობს იმას, რომ პირგასამტეხლო ირიცხება ყოველკვირეულად, ხოლო თუკი ვადის გადაცილების დრო სრულად კვირის 7 დღეს არ მოიცავს, პირგასამტეხლო ირიცხება კვირის ვადაგადაცილებული დღეების პროპორციულად და არა სრულად ვადაგადაცილებული კვირისათვის.

 

მოპასუხეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს შემდეგი გაანგარიშებით:

 

2014 წლის 11 დეკემბერს მიწოდებულია 33 220,01 ლარის ღირებულების არმატურა, რაც მყიდველს მიღებული აქვს 13 დეკემბერს, გადახდის თარიღია 13.01.2014წ , ხოლო თანხა გადახდილია 2014 წლის 26 თებერვალს. გადახდა დაგვიანებულია 46 დღით, რაც არის 6 კვირა და 4 დღე. კვირაში დარიცხული პირგასამტეხლოა 166,10 ლარი (დღეში 23,72 ლარი). 6 კვირაში 996,60 ლარი. 4 დღეში გადასახდელია 94,91 ლარი. ჯამურად 1091,51 ლარი.

 

2014 წლის 15 დეკემბერს მიწოდებულია 32 087,88 ლარის არმატურა, მყიდველს მიღებული აქვს 17 დეკემბერს, გადახდის ვადაა 17 იანვარი. გადახდილია 31 მარტს, გადაცილებულია 73 დღე - 10 კვირა და 3 დღე. კვირაში გადასახდელია 160,43 ლარი (დღეში 22,92 ლარი.) ჯამურად გადასახდელია 1673,03 ლარი.

 

2014 წლის 17 დეკემბერს მიწოდებულია 32 463,39 ლარის და 185,92 ლარის ღირებულების არმატურა, მყიდველს მიღებული აქვს 20 დეკემბერს, გადახდის თარიღია 20 იანვარი, გადახდილია 73 დღით გვიან, რაც არის 10 კვირა და 3 დღე. კვირაში გადასახდელია პირგასამტეხლო 163,18 ლარი (დღეში 23,31 ლარი). ჯამურად 1701,73 ლარი.

 

2014 წლის 20 დეკემბერს მიწოდებულია 185,95 ლარის და 33 451,09 ლარის ღირებულების არმატურა. გადახდის ვადაა 22 იანვარი, გადახდილია 10 ივნისს. დაგვიანებული 73 დღე -10 კვირა და 3 დღე. კვირაში გადახდელია პირგასმატეხლო 168,18 ლარი (დღეში 24,02 ლარი). ჯამურად 3339,54 ლარი.

 

2014 წლის 26 დეკემბერს მიწოდებულია 33 188,44 ლარის არმატურა, გადახდის ვადაა 27 იანვარი, გადახდილია 10 ივნისს, დაგვიაინებულია 134 დღე - 19 კვირა და 1 დღე. კვირაში გადასახდელია პირგასამტეხლო 165,94 ლარი (დღეში 23,7 ლარი). ჯამურად 3176,56 ლარი.

 

2015 წლის 6 იანვარს მიწოდებულია 32 977,68 ლარის არმატურა. გადახდის ვადაა 8 თებერვალი, გადახდილია 10 ივლისს. დაგვაინებულია 152 დღით -21 კვირა და 5 დღე. კვირაში დარიცხულია პირგასამტეხლო 164,88 ლარი (დღეში 23,55 ლარი). ჯამურად 3580,23 ლარი.

 

2015 წლის 19 იანვარს მიწოდებულია 34 126,10 ლარის არმატურა, გადახდის ვადა 20 თებერვალი, გადახდილია 10 ივლისს, დაგვიანებულია 140 დღე - 20 კვირა. კვირაში დარიცხულია პირგასამტეხლო 170,63 ლარი, ჯამურად 3412,61 ლარი.

 

2015 წლის 13 თებერვალს მიწოდებულია 34 014,96 ლარის არმატურა, გადახდის ვადა 19 მარტი, გადახდილია 10 ივლისს, დაგვიანება 113 დღე -16 კვირა და 1 დღე. კვირაში დარიცხულია პირგასამტეხლო 170,07 ლარი (დღეში 24,29 ლარი). ჯამურად 2745,41 ლარი.

 

მოპასუხის მიერ გადასახდელია პირგასამტეხლო 20 674.75 ლარი, რადგან კალკულაციის მიხედვით ამ პერიოდისათვის ამ თანხის პირგასამტეხლოა ჯამურად მოთხოვნილი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ეს ნორმა ადგენს ვალდებულებითი სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს იმის შესახებ, რომ აუცილებელია მოვალემ ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და რისი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა. კანონმდებლობა განასხვავებს ვალდებულების ჯეროვან (სათანადო) და არაჯეროვან (არასათანადო) შესრულებას. არაჯეროვანია შესრულება, როდესაც ვალდებულება მოვალის მიერ მართალია, სრულდება, თუმცა შესრულებას ხარვეზი გააჩნია, რომ იგი არ შეესაბამება ვალდებულების საფუძვლად არსებული გარიგების შინაარსსა და შესრულებით დაინტერესებული პირების მოლოდინს. არაჯეროვანი შესრულების შედეგად წარმოიშობა როგორც ვალდებულების ჯეროვნად შესრულების, ისე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ზიანში როგორც წესი იგულისხმება ფაქტობრივი ზიანი – პირის მიერ განცდილი ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისი ან ვალდებულებების გაზრდა. ფაქტობრივი ზიანის გარდა შესაძლებელია ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის, რომელიც არის ის შემოსავალი, რომელსაც პირი მიიღებდა ვალდებულების შესრულების შემთხვევაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია პირობაა ზიანის გამომწვევ ქმედებასა და ზიანს შორის უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ამასთან, ანაზღაურდება ის ზიანი, რაც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო იყო თუ არა ზიანი სამართლებრივი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

მხარეებს შორის ნასყიდობის სამართლებრივ ურთიერთობაში ნასყიდობის საგანია სამშენებლო მასალები, ხოლო მისი ფასი განსაზღვრულია აშშ დოლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის მიხედვით, თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის.

 

ეს ნორმა ადგენს ნომინალიზმის პრინციპს, რაც გულისხმობს გადახდის ვადის დადგომამდე ფულის ერთეულის კურსის ან ვალუტის შეცვლას, რა დროსაც მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს ვალდებულების წარმოშობის დროს არსებული კურსით.

 

ნომინალიზმის პრინციპი მოქმედებს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სახელშეკრულებო ვადის დარღვევის შემთხვევაში ნომინალიზმის პრინციპი არ გამოიყენება, რადგან მოვალემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა და ამით კრედიტორი ფულის ღირებულების დანაკარგის წინაშე დაუცველი დატოვა.

 

ამდენად, ფულის ერთეულის (ვალუტის) ცვლილება ფულადი ვალდებულების შესრულებაზე დასაბრუნებელი ფულადი ერთეულის (ნომინალის) მხრივ ზეგავლენას არ ახდენს. ნომინალიზმის პრინციპის საწინააღმდეგოდ გადაანგარიშების ვალდებულება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას, თუ ვადამოსული ვალდებულების წარმოშობის დღე და ვალდებულების ფაქტობრივად შესრულების დღე ერთმანეთს არ ემთხვევა ანუ როდესაც ადგილი აქვს ვადაგადაცილებას. ასეთ შემთხვევაში კონტრაგენტს კურსთა შორის სხვაობის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს, რაც მხარეებმა გაითვალისწინეს კიდეც ხელშეკრულებაში. კონტრაგენტისათვის მიყენებული ზიანი იმ დანაკლისში გამოიხატება, რაც მან ვალდებულების წარმოშობის დროიდან ანუ თანხის გადახდის შეთანხმებული თარიღიდან ფაქტობრივ შესრულებამდე ფულის ერთეულის (კურსის) მისთვის საუარესო ცვლილებით განიცადა. ასეთ შემთხვევაში კურსთა შორის სხვაობა, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის საფუძველზე. (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი http://www.gccc.ge/)

 

მხარეებს შორის ნასყიდობითი ურთიერთობის არსებობისას ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ რიგ შემთხვევებში შეიცვალა კრედიტორის მოსარჩელე შპს „ჯ--------–ის“ საუარესოდ. იმის გათვალისწინებით, რომ პროდუქციის ღირებულება განსაზღვრულია აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, ლარის კურსის ამგვარი ცვლილებით მოსარჩელემ განიცადა ზიანი, დაკარგა ის შემოსავალი, რასაც ვალდებულების დროულად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა - მიღებული თანხის აშშ დოლარში გაანგარიშების შედეგად, რასაც კვლავ სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოიყენებდა.

 

ხელშეკრულებით პროდუქციის ფასი განისაზღვრებოდა აშშ დოლარში, მოპასუხისათვის ასევე ცნობილი იყო ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ლარის კურსის ცვლილების შესახებ, შესაბამისად ხელშეკრულებით გაითვალისწინეს ეს გარემოება და განსაზღვრეს, რომ ლარის კურსის დაცემის შემთხვევაში გამყიდველმა უნდა აანაზღაუროს ანგარიშფაქტურის გამოწერის და გადახდის დღეს არსებულ კურსთა შორის სხვაობა. შესაბამისად, მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა გადახდის დღეს არსებული ლარის გაცვლითი კურსით.

 

მოსარჩელის მოთხოვნიდან ხანდაზმული არ არის 2014 წლის 27 დეკემბრის შემდგომ გადახდებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. კერძოდ,2014 წლის 15 ოქტომბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 1102243) 28959,15 ლარი გადახდილია 2015 წლის 26 იანვარს.

 

2014 წლის 15 ოქტომბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 1102243) 2632,35 ლარი გადახდილია 2015 წლის 26 იანვარს.

 

2014 წლის 18 ოქტომბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 1177927) 31674,63 ლარი გადახდილია 2015 წლის 26 იანვარს.

 

2014 წლის 18 ოქტომბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 1177905) 310741,25 ლარი გადახდილია 2015 წლის 26 იანვარს.

 

2014 წლის 23 ოქტომბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 1276276) 31 681,58,25 ლარი გადახდილია 2015 წლის 30 იანვარს.

 

2014 წლის 28 ოქტომბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 1385369) 31 545 ლარი გადახდილია 2015 წლის 30 იანვარს.

 

2014 წლის 6 ნოემბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 1669723) 31645,77 ლარი გადახდილია 2015 წლის 26 თებერვალს.

 

2014 წლის 18 ნოემბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 2000982) ღირებულება 31 762,80 ლარი გადახდილია 2015 წლის 26 თებერვალს.

 

2014 წლის 13 დეკემბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA-03 2711792) ღირებულება 33 220,01 ლარი გადახდილია 2015 წლის 26 თებერვალს.

2014 წლის 17 დეკემბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 2789057) ღირებულება 32087,88 ლარი გადახდილია 2015 წლის 31 მარტს.

 

2014 წლის 20 დეკემბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 2847707) ღირებულება 32 649,34 ლარი გადახდილია 2015 წლის 3 აპრილს.

 

2014 წლის 22 დეკემბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 2889919) ღირებულება 33637,94 ლარი გადახდილია 2015 წლის 10 ივნისს.

 

2014 წლის 27 დეკემბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 30174400) ღირებულება 33188,45 ლარი გადახდილია 2015 წლის 10 ივნისს.

 

2015 წლის 8 იანვარს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 3244830) ღირებულება 32 977,68 ლარი გადახდილია 2015 წლის 10 ივლისს.

 

2015 წლის 20 იანვარს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 3538412) ღირებულება 34 126,10 ლარი გადახდილია 2015 წლის 10 ივლისს.

 

2015 წლის 16 თებერვალს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA03 4211260) ღირებულება 34014,96 ლარი გადახდილია 2015 წლის 10 ივლისს.

 

2015 წლის 10 ოქტომბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA07 0247572) ღირებულება 34 652,81 ლარი გადახდილია 2015 წლის 19 ოქტომბერს.

 

2015წლის 10 ოქტომბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA07 0247572) ღირებულება 34 652,81 ლარი გადახდილია 2015 წლის 26 ოქტომბერს.

 

2015 წლის 10 ოქტომბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA07 0244414) ღირებულება 12 867,04 ლარი გადახდილია 2015 წლის 9 ნოემბერს.

 

2015 წლის 17 ოქტომბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA07 0395950) ღირებულება 21209,90 ლარი გადახდილია 2015 წლის 9 ნოემბერს.

 

2015 წლის 6 ნოემბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA07 0930780) ღირებულება 27 614,69 ლარი გადახდილია 2015 წლის 1 დეკემბერს.

 

2015 წლის 4 მაისს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA07 5260283) ღირებულება 10 713,61 ლარი გადახდილია 2015 წლის 8 ივნისს.

 

2015 წლის 19 მაისს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA07 5735135) ღირებულება 4159,38 ლარი გადახდილია 2015 წლის 8 ნოემბერს.

 

2015 წლის 30 მაისს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA07 5920242) ღირებულება 3903,36 ლარი გადახდილია 2015 წლის 8 ნოემბერს.

 

2015 წლის 23 აგვისტოს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA07 8333476) ღირებულება 29 134,17 ლარი გადახდილია 2015 წლის 8 ნოემბერს.

 

2015 წლის 24 სექტემბერს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA07 9180384) ღირებულება 21 356,16 ლარი გადახდილია 2015 წლის 28 დეკემბერს.

 

2015 წლის 19 მაისს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA07 5217742) ღირებულება 2596,80 ლარი გადახდილია 2016 წლის 6 ივლისს.

 

2015 წლის 27 მაისს მიწოდებული არმატურის (ზედნადები EA07 5384747) ღირებულება 31 418,58 ლარი გადახდილია 2016 წლის 6 ივლისს.

 

ლარის კურსის დაცემით გამოწვეული ზიანის თანხა არის ჯამურად 97 635,19 ლარი.

 

მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგო ერთერთ გარემოებად მიუთითებს იმ ფაქტს, რომ განხორციელებულია რამდენიმე ანგარიშფაქტურის თანხის კორექტირება, ასევე მყიდველმა გამყიდველს დაუბრუნა არმატურის ნარჩენი, რაც არ არის გათვალისწინებული მოსარჩელის კალკულაციებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული ამ ფაქტობრივი გარემოების მითითებით მოპასუხემ თავისი არსით ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ განაცხადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის თანახმად, 1. ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. 2. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 443-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის ხანდაზმულობა არ გამორიცხავს ვალდებულებათა გაქვითვას,თუ მოთხოვნა იმ დროისათვის არ იყო ხანდაზმული, როცა მისი გაქვითვა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

 

443-ე მუხლი საგამონაკლისო წესს ადგენს და მიუთითებს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობა არ გამორიცხავს ვალდებულებათა გაქვითვას თუ ურთიერთგასაქვითი მოთხოვნების შესრულების ვადები მაშინ დადგა, როდესაც არცერთი მათგანის ხანდაზმულობის ვადა არ იყოს გასული. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს გასაქვით მოთხოვნათა ხანდაზმულობის საკითხი იმ დროისთვის, როდესაც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესაძლებლობა ობიექტურად დადგა. თუ გასაქვითი მოთხოვნა ამ დროისთვის ჯერ კიდევ განხორციელებადი არის, ანუ ხანდაზმული არ არის, მაშინ მოვალეს უფლება აქვს, რომ ამავე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც გამოიყენოს მან ეს მოთხოვნა გასაქვით საშუალებად

 

ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებს შორის განხორციელდა მიწოდებული პროდუქციის რაოდენობის და შესაბამისად ღირებულების კორექტირება. კერძოდ, კორექტირებული ანგარიშფაქტურების საფუძველზე პროდუქციის ღირებულება შემცირდა ჯამურად 23 294,13 ლარით. ამასთან, რამდენჯერმე მყიდველმა გამყიდველს დაუბრუნა მიღებული არმატურის ნარჩენი ჯამურად 31329,79 ლარის ღირებულებით. მიწოდებული პროდუქციის ღირებულების კორექტირებამდე მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა მიღებული პროდუქციის ღირებულება თავდაპირველი ზედნადებით განსაზღვრული ფასით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 443-ე მუხლის შესაძლებლად მიიჩნევს ხანდაზმული მოთხოვნის გაქვითვას იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო იმ დროს, როცა მოთხოვნათა გაქვითვა ობიექტურად იყო შესაძლებელი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ნორმა შესაძლებლად მიიჩნევს ისეთი ხანდაზმული მოთხოვნის გაქვითვას, რომელიც მხარეთა მიერ სადავოდ გამხდარი არ არის ან სადავოდ იყო გამხდარი, თუმცა გაქვითვა მხარეთა ნებას შეესაბამება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის თანახმად, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის განცხადებისათვის არ არის გათვალისწინებული განსაკუთრებული ფორმა. ის შეიძლება იყოს ზეპირი, წერილობითი ან კონკლუდენტური მოქმედებით გამოხატული, რომელიც ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის განცხადების მიმღებისთვის შეცნობადია. ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რა დროსაც სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის, სავალდებულოა, ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა, ხოლო მეორე მხარის მიერ მისი მიღება. სხვებთან ერთად, ეს წინაპირობაც წაეყენება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ განცხადების სისრულეში მოყვანას. მისი ქმედითობა დამოკიდებულია მეორე პირის მიერ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის ნების მიღებასა და გასაქვითი ვალდებულების არასადავოობაზე. ეს იმას ნიშნავს, გარიგების დადება შესაძლებელია მაშინ, როდესაც მხარეების მიერ აღიარებულია და სადავოდ არ არის გამხდარი ვალდებულება და მისი მოცულობა.

 

ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მხარეებს შორის კომუნიკაციის ფორმად წერილობითი ფორმაა განსაზღვრული. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებაში (საქმე №ას-814-765-2015) მსგავს საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მხარეთა მიერ კომუნიკაციის ფორმად წერილობითი შეტყობინების ფორმის არჩევის გამო, სწორედ წერილობითი დოკუმენტით უნდა დადასტურებულიყო მოთხოვნის გაქვითვის ფაქტი, უფრო მეტიც, თუ მხარისათვის უცნობი იყო მოთხოვნის არსებობა (ვალდებულების დარღვევა), ის ვერც მის გაქვითვას შეძლებდა, თუნდაც კონკლუდენტურად“.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ანგარიშფაქტურების კორექტირებით და კორექტირებული ანგარიშფაქტურის დადასტურებით გამყიდველმა (შპს ჯ--------–ი) გამოავლინა ნება მიწოდებული პროდუქციის ფასის შეცვლის შესახებ, რაც არის გავქითვისკენ მიმართული ნების გამოვლენა, რადგან გამყიდველი დაეთანხმა უკვე გადაცემული პროდუქციის ფასის ღირებულების შემცირებას მას შემდეგ, რაც მისი ღირებულება მიღებული ჰქონდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ კორექტირებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის წერილობითი დოკუმენტი, რაც მხარების მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კომუნიკაციის წერილობით ფორმას შეესაბამება, რადგან ამით მყიდველმა და გამყიდველმა კანონით (საგადასახადო კოდექსით) გათვალისწინებული ფორმით გამოავლინეს ნება უკვე მიღებული პროდუქციის ფასის კორექტირებაზე, ხოლო ანგრიშფაქტურის კორექტირების დადასტურებით გამყიდველმა გამოვლინა ნება უკვე გადაცემული პროდუქციის ფასის შემცირებაზე, რის გამოც ეს თანხა უნდა გაიქვითოს მოპასუხისათვის დაკისრებული თანხიდან. ამდენად, მოპასუხის დავალიანება უნდა შემცირდეს 23 294,13 ლარით.

 

რაც შეეხება დაბრუნებული ჯართის ღირებულების გაქვითვას. სასამართლოს მიაჩნია, რომ არმატურის ნარჩენის დაბრუნების დროს მყიდველს არ გამოუვლენია ნება, რომ დაბრუნებული ჯართის ღირებულება გაქვითულიყო შემდგომ მიღებული პროდუქციის ფასში. ჯართის დაბრუნებას არ გამოუწვევია საგადასახადო ანგარისფაქტურის კორექტირება, მხარეებს შორის გაფორმდა პროდუქციის გადაცემის დასტურად სასაქონლო ზედნადენები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები, ეს უკანასკნელი კი თანხის გადახდის მოთხოვნის საფუძველია. ნასყიდობის ხელშეკრულების დასრულებამდე მოპასუხეს ამგვარი ნება არც წერილობით არც კონკლუდენტური მოქმედებით არ გამოუვლენია, იგი შემდგომი პერიოდის ნასყიდობის საფასურს იხდიდა ზედნადებებში მითითებული ღირებულებით და არ მოუთხოვია ჯართის სახით დაბრუნებული პროდუქციის ღირებულების გაქვითვა შემდგომ მიწოდებული პროდუქციის საფასურში. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს და დევალვაციით მიყენებული ზიანის ანაზღაურებიდან დაბრუნებული არმატურის ჯართის ღირებულების გაქვითვის საფუძველი არ არსებობს.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისათვის 170 11,35 ლარის დაკისრება, საიდანაც დაკისრებული თანხა არის სასარჩელო მოთხოვნის 60%. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟს ჯამურად 5000 ლარის ოდენობით, რომლის 60% არის 3000 ლარი, რომლის მოსარჩელისთვის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს ”ჯ--------–ის” სარჩელი;

1.1. შპს ”ს--------------------–-ნს“ დაეკისროს შპს ”ჯ--------–ისათვის” პირგასამტეხლოს 14 562,6 ლარის გადახდა;

1.2. შპს ”ს--------------------–-ნს“ დაეკისროს შპს ”ჯ--------–ისათვის” ზიანის ასანაზღაურებლად 88 482,03 ლარის გადახდა;

 

2. შპს ”ს--------------------–-ნს“ დაეკისროს შპს ”ჯ--------–ისათვის” სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 3000 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი