გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017002173786
საქმე №2-4437/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აგვისტო, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - ნ-----–----------–--ე
წარმომადგენელი - ლ--–-------------
მოპასუხე - გ-------------ე
მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეზე - ნ-------–-----------ე
დავის საგანი - ქმედების დავალდებულება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 გ-------------ეს დაევალოს აღკვეთოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინაზე ზემოქმედება.
1.2 გ-------------ეს დაეკისროს მოსარჩელე ნ-----–----------–--ის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 460 ლარის ოდენობით. მასვე დაეკისროს საქმეზე მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელს ცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ-----–----------–--ეს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ№25, ბინა 11-ში. აღნიშნული ბინა განთავსებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე, ხოლო ამავე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე განთავსებულია მოპასუხე გ-------------ის საკუთრებაში რიცხული ბინა N15, სადაც იგი ცხოვრობს მეუღლესთან, საქმეში მესამე პირად ჩართულ ნ-------–----------ესთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა -განმარტება.
- საჯარო რეესტრის ამონაწერები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ-----–----------–--ეს და მოპასუხე გ-------------ის მეუღლეს, საქმეში მესამე პირად ჩართულ ნ-------–----------ეს შორის არის დაძაბული მეზობლური ურთიერთობა. ასევე მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ გ-------------ის ბინიდან სისტემატურად ჩაედინება წყლის ჭავლი მოსარჩელის ნ-----–----------–--ის საკუთრებაში არსებულ ბინაში, რის გამოც მხარეებს შორის არაერთხელ ადგილი ქონდა კონფლიქტს და გამოძახებულიც კი იქნა პოლიციის თანამშრომლები. დადგენილია, რომ პოლიციის მიერ გაფრთხილა მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები, თუმცა წყლის ჭავლის ჩაშვება მას შემდეგ კვლავ განმეორდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ფართში, რაც გრძელდება წლების განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა -განმარტება.
3.2.2. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 19 ოქტომბრის დასკვით დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმში, შერიფ ხ--–--–---–-ს ქN25-ში, პირველ სადარბაზოში მე-3 სართულზე მდებარე ნ-----–----------–--ის საკუთრებაში არსებული N11 ბინის საშხაპე-ტუალეტის ფართში წყლის ზემოქმედებით დაზიანებული ჭერის, ნაწილობრივ კედლისა და ხის კარის ბლოკის აღსადგენად ჩატარებულმა სამუშაოების ღირებულებამ შედგენს 460,77 ლარი.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ზ/აღნიშნული დაზიანება გამოწვეულია მოპასუხის საცხოვრებელი ფართიდან ჩამოჟონილი წყლით. აღნიშნულ გარემოებას სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს როგორც მხარეთა განმარტებებით, ასევე საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა.
- მხარეთა ახსნა -განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–----------–--ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე გ-------------ეს დაევალოს აღკვეთოს მოსარჩელე ნ-----–----------–--ის საკუთრებაში არსებულ ბინაზე ზემოქმედება, ასევე გ-------------ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 460 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 316-ე, 317-ე, 992-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე მუხლებით. ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდა, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, შ. ხ--–--–---–-ს ქ№25, ბინა 11-ში წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. ასევე დადგენილია, რომ მხარეები არიან მეზობლები და მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები ხელს უშლიან მოსარჩელეს მისი ქონებით სარგებლობაში, რაც გამოხატება იმაში, რომ მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან სისტემატურად ჩამოედინება წყლის ჭავლი, რითაც ზიანდება მოსარჩელის საკუთრება. აღნიშნულის გამო კი მოსარჩელე სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოითხოვს მოპასუხისაგან მის ბინაზე ზემოქმედების აღკვეთას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაყენების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად აღნიშნული მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებობს ყველა ზ/აღნიშნული გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებობს ყველა ზ/აღნიშნული გარემოება მოპასუხეზე 460 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
6. 4. გარდა ზ/აღნიშნულისა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს- ცნოს სარჩელი.
დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომამდე, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ასევე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დავის საგანი არის 460 ლარი, ამიტომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. სააპელაციო წესით გასაჩივრებას კი სამოქალაქო საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365 მუხლის თანახმად ექვემდებარება მაშინ, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 75 ლარის ოდენობით. ასევე როგორც საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, მოსარჩელის მიერ საქმის განხილვისა და მომზადების მიზნით გაწეული იქნა შემდეგი ხარჯი: საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი იქნა 15 ლარი, ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გადახდილი იქნა 200,90 ლარი, ხოლო იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი იქნა 500 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ შესაგებლით ცნო სარჩელი, რაც გულისხმობს, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო მთავარ სხდომამდე. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 75 ლარის ოდენობით.
ამასთან სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ საქმის განხილვისა და მომზადების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი 15 ლარის, ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გადახდილი 200,90 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი ხარჯიდან 200 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე და 365-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს ნ-----–----------–--ის სასარჩელო მოთხოვნა;
1.1. გ-------------ეს დაევალოს აღკვეთოს მოსარჩელე ნ-----–----------–--ის საკუთრებაში არსებულ ბინაზე ზემოქმედება.
1.2. გ-------------ეს დაეკისროს მოსარჩელე ნ-----–----------–--ის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 460 ლარის ოდენობით.
1.3. დაეკისროს გ-------------ეს ნ-----–----------–--ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის გადახდილი 15 ლარის, ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გადახდილი 200,90 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი ხარჯიდან 200 ლარის ანაზღაურება.
2. ნ-----–----------–--ეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წლის 09 ნოემბერს სს „ლიბერთი ბანკში“ (ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 693 150, საგადასახადო დავალება №14658123) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ასევე დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 14 ნოემბერს ასევე სს „ლიბერთი ბანკში“ (ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 693 150, საგადასახადო დავალება №14681187) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით,.
3. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე