გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210117001868035
№2/1019-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.09.2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - უცხოური საწარმოს ფილიალი "შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--"
წარმომადგენლები - ი-–-----------ა (დირექტორი), თ-------------ა
მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ-----------ე
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და უცხოური საწარმოს ფილიალს -“შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს” შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 3 თებერვლის #33 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებისა და მის საფუძველზე, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 40 300.00 ლარის, გამოთხოვის თაობაზე 21.03.2017 წელს გაცემული N01/1854 მოთხოვნის ბათილად ცნობა.
1.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, უცხოური საწარმოს ფილიალის -“შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს” სასარგებლოდ, 40 300.00 ლარის ანაზღაურების დაკისრება. (რაც წარმოადგენს სს „საქართველოს ბანკის“ მიერ 02.02.2017 წელს გაცემული NPE39766-17 საბანკო გარანტიის თანხას, რომელიც მოსარჩელის მიერ ვალდებულების ვითომდა დარღვევის გამო გამოთხოვილი იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ).
1.3. უცხოური საწარმოს ფილიალის - “ შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს” გათავისუფლება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული, 9670.90 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდისაგან.
1.4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N33 ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, 44 073.00 ლარის ოდენობით, უცხოური საწარმოს ფილიალის -“შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს” სასარგებლოდ.
1.5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, საბანკო გარანტიის თანხის - 40 300 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით - 2017 წლის 31 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოსარჩელემ მოთხოვნა დაასაბუთა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
03.02.2017წ. მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #33 ხელშეკრულება, 805 908 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების შესახებ, რომლის ფარგლებში მოსარჩელემ იკისრა ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მოასფალტების და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების შესრულების ვალდებულება, მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან 150 დღის ვადაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები კომპანიას უნდა დაეწყო მოპასუხის მიერ ნებართვის გაცემიდან 5 დღის განმავლობაში.
ვინაიდან ნებართვის გაცემის კონკრეტული ვადა ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა, კომპანიამ 14.03.2017 წელს წერილობით მიმართა გამგეობას, აცნობა, რომ მზად იყო სამუშაოების დაუყოვნებლივ დასაწყებად და სთხოვა ნებართვასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდება.
16.03.17 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში მოსარჩელეს ერთდროულად ჩაბარდა სამუშაოს დაწყების შესახებ ნებართვა, გაფრთხილების წერილი (N01/1425, 02.03.2017) და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ 15.03.17 წლის N01-06-257 ბრძანება. სწორედ 2017 წლის 16 მარტს, ანუ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გახდა ცნობილი მოსარჩელისათვის, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ნებართვა სამუშაოს დაწყების შესახებ გაცემული ყოფილა 2017 წლის 21 თებერვალს.
ნებართვის გაცემიდან 5 დღის ვადაში კომპანიის მიერ სამუშაოების დაწყების ვალდებულების ვითომდა შეუსრულებლობის გამო, გამგეობამ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და კომპანიას დააკისრა 9670,90 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო. გარდა ამისა, 22.03.2017 წელს, მოპასუხემ მიმართა სს „საქართველოს ბანკს“, კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 02.02.2017წ. წარდგენილი #პე39766-17 საბანკო გარანტიის თანხის - 40 300.00 ლარის გამგეობის ანგარიშზე გადარიცხვის მოთხოვნით, რაც შესრულდა კიდეც, სს "საქართველოს ბანკის" 31.03.2017წ. N01 საგადასახადო დავალებით.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა არამრთლზომიერად - მან არ უზრუნველყო სათანადო წესით კომპანიის ინფორმირება სამუშაოს დაწყების შესახებ. კომპანია კი, არ იყო უფლებამოსილი ნებართვის მიღებამდე დაეწყო სამუშაოები. შესაბამისად, ნებართვის მიღებამდე სამუშაოს შეუსრულებლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო გამგეობის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი. ხელშეკრულების არამართლზომიერი შეწყვეტით მოპასუხემ მიიღო ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით, მათ შორის - ხელშეკრულებით მისაღები მოგების თანხის 44 073.00 ლარისა და საბანკო გარანტიის თანხის - 40 300 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით - 2017 წლის 31 მარტიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს სამუშაოთა დაწყების შესახებ ნებართვა გაეგზავნა წერილობით, თუმცა ვერ ჩაბარდა, რის შემდეგაც, მოპასუხე კომპანიის ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ზეპირსიტყვიერად მიეწოდა ინფორმაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დაწყების შესახებ. თუმცა მან ნებართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში არ უზრუნველყო სამუშაოების დაწყება, რის გამოც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოცემულ საქმეზე, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 17 აგვისტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული იქნა უხოური საწარმოს ფილიალი „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--", საიდენტიფიკაციო ნომრით - ს/ნ 4-------- (დირექტორი ი-–-----------ა)
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან - ს. ფ. 32-33;
3.2.2. 2016 წლის 5 დეკემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოაცხადა #AT1-------- ელექტრონული ტენდერი ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე წყალსადენის მშენებლობის და მოკირწყვლა-მოასფალტების სამუშაოების შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 11.01.2017 წლის საოქმო გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა უცხოური საწარმოს ფილიალი - შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--.
2017 წლის 3 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას (შემსყიდველი) და უცხოური საწარმოს ფილიალ „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს" (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N33 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კომპანიამ იკისრა ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის მოასფალტებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების შესრულების ვალდებულება. სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 805 908.00 ლარით.
ამავე ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 150 დღე, მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.02.2017 წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N33 ხელშეკრულება - ს. ფ. 34-39;
- ხარჯთაღრიცხვა - ს. ფ. 40-45;
3.2.3. 03.02.2017 წლის ხელშეკრულების დადებამდე, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის, "სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, წარდგენილ იქნა სს „საქართველოს ბანკის“ მიერ 2017 წლის 02 თებერვალს გაცემული, 40 300.00 ლარის ოდენობის საბანკო გარანტია - Nპე39766-17.
ხელშეკრულების 12.1. პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სს „საქართველოს ბანკის“ მიერ 2017 წლის 02 თებერვალს გაცემული, 40 300.00 ლარის ოდენობის Nპე39766-17 საბანკო გარანტია გამოყენებული იქნებოდა 03.02.2017 წლის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით.
ამავე ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში და ა. შ. შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა გარანტიის გამცემი ორგანოსათვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „საქართველოს ბანკის“ 02.02.2017 წლის #pe39766-17 საბანკო გარანტია - ს. ფ. 46;
3.2.4. 2017 წლის 3 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N33 ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--" კისრულობდა ვალდებულებას სამუშაოები დაეწყო ნებართვის მოპოვების შემდეგ 5 დღის განმავლობაში.
ამავე ხელშეკრულების 11.3.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სამუშაოს არ დაიწყებდა მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული დღეების გასვლის შემდეგ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ არდაწყებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით.
ამავე ხელშეკრულების 11.3.4. პუნქტის მიხედვით კი, თუ პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევდა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 03.02.2017 წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N33 ხელშეკრულება - ს. ფ. 34-39;
3.2.5. 2017 წლის 21 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გასცა 03.02.2017 წლის #33 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ნებართვა.
სამუშაოთა დაწყების ნებართვის/თანხმობის თაობაზე მიმწოდებლის ინფორმირების მიზნით წერილობითი შეტყობინება კომპანიას გაეგზავნა ერთხელ, ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, ვ---–--–-ს ქუჩა 33-ში, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა.
2017 წლის 10 მარტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ იმავე მისამართზე 02.03.2017 წლის #01/145 გაფრთხილების წერილი გაუგზავნა მოსარჩელე კომპანიას და აცნობა სამუშაოთა დაუწყებლობის გამო ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის შესახებ. თუმცა წერილობითი კორესპოდენცია ადრესატას ამჯერადაც ვერ ჩაბარდა.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის 21.02.2017 წ. #01/1177 წერილი - ს. ფ. 60;
- ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის 02.03.2017 წ. #01/14257 წერილი - ს. ფ. 62;
- საფოსტო გზავნილი - ს. ფ. 61; 140-141; 143-145;
3.2.6. 2017 წლის 14 მარტს მოსარჩელე კომპანიამ მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ მან, როგორც კეთილსინდისიერმა მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესასრულებლად განახორციელა გარკვეული ღონისძიებები. მათ შორის, აწარმოა მოლაპარაკებები და გააფორმა ხელშეკრულებები კონტრაჰენტ კომპანიებთან ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სამშენებლო მასალისა და შესაბამისი ტექნიკის მობილიზების მიზნით; შეისყიდა და სამუშაოების დაწყების ადგილზე განათავსა 504 გრძივი მეტრი გოფრირებული მილი, დიამეტრით 200მმ S-8; მოახდინა მძიმე ტექნიკის, ასფალტის საჭრელი დანადგარის და სხვა საჭირო ტექნიკის მობილიზება. გარდა ამისა, 2017 წლის 14 მარტის წერილით მოსარჩელე კომპანიამ ითხოვა მომხდარიყო მისი ინფორმირება სამუშაოების დაწყების ნებართვის/თანხმობის გაცემის შესახებ, ვინაიდან აღნიშნული ნებართვის მიღებამდე, მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეწყო სამუშაოები.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 მარტის წერილის ასლი - ს. ფ. 64-65;
- შპს „ქართულ მილთან“ (ს/ნ 40613097) 2017 წლის 20 თებერვალს დადებული ხელშეკრულების ასლი - ს. ფ. 51-52;
- კომპანიის მიერ შპს „ალისასთან“ 2016 წლის 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულების ასლი - ს. ფ. 53-54;
- კომპანიის მიერ შპს „იჯიესისთან" 2017 წლის 14 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ასლი - ს. ფ. 49-50;
3.2.7. 2017 წლის 15 მარტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გამოსცა #01-06-257 ბრძანება, „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შ-- მ–-----–----------------------------------–ოს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2007 წლის 3 თებერვლის #33 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს - 9670.90 ლარის დაკისრების თაობაზე“.
ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტასა და პირგასამტეხლოს დაკისრებას საფუძვლად დაედო მოსარჩელე კომპანიის მხრიდან 03.02.2017 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაუწყებლობა, ნებართვის გაცემიდან 5 დღის ვადაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინსპექტირების ჯგუფის მოხსენებითი ბარათი - ს. ფ. 71;
- ტეწნიკური ზედამხედველის წერილი - ს. ფ. 72;
- 15.03.2017 წლის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის #01-06-257 ბრძანება- ს. ფ. 66-67;
3.2.8. 2017 წლის 21 მარტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (ბენეფიციარი) #01/1854 წერილით მიმართა სს „საქართველოს ბანკს“ (გარანტი) ამ უკანასკნელის მიერ 2017 წლის 2 თებერვალს გაცემული, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველმყოფი საბანკო გარანტიით Nპე39766-17 გათვალისწინებული თანხის - 40 300 (ორმოცი ათას სამასი) ლარის გამგეობის ანგარიშზე გადარიცხვის მოთხოვნით.
გამგეობის 21.03.2017წ. #01/1854 მოთხოვნის საფუძველზე, სს „საქართველოს ბანკის“ 31.03.2017წ. N01 საგადასახადო დავალებით, საბანკო გარანტიის თანხა - 40300 (ორმოცი ათას სამასი) ლარი სრულად გადაირიცხა გამგეობის საბანკო ანგარიშზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 21.03.2017 წლის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის #01/1854 მოთხოვნა Nპე39766-17 საბანკო გარანტიის თანხის გამგეობის ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე - ს. ფ. 74-75;
- სს „საქართველოს ბანკის“ 22.03.2017წ. #04/3794 შეტყობინების ასლი - ს. ფ. 79;
3.2.9. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 17 მარტის N01/1766 წერილით მიმართა სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ნებართვის გაცემიდან 5 დღის განმავლობაში კომპანიის მიერ სამუშაოების დაწყების ვალდებულების დარღვევის გამო, კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით.
2017 წლის 02 მაისს სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოიცა N1340 განკარგულება უცხოური საწარმოს ფილიალის „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს“ შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ" იმ მოტივით, რომ „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს“ სამუშაოთა დაწყების შესახებ ნებართვის გაცემისა თაობაზე ინფორმაცია არ გადასცემია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.03.2017 წლის ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის N01/1766 შეტყობინების ასლი - ს. ფ. 80;
- შ-- მ–-----–-----------------------------------–--ს მიმართვა სააგენტოსადმი - ს. ფ. 81-88;
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 02.05.2017 წლის N1340 განკარგულება - ს. ფ. 79;
3.2.10. სასამართლო, გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნევს, რომ „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს“, 03.02.2017 წლის #33 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დაწყების შესახებ 21.02.2017 წლის ნებართვა/თანხმობა არ ჩაბარებია, რის გამოც ის ბრალეული არ არის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან 5 დღის ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დაუწყებლობაში.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 21 თებერვლის N01/1177 წერილი მშენებლობის ნებართვის/თანხმობის შესახებ და გამგეობის 2017 წლის 2 მარტის N01/1425 გაფრთხილების წერილი მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენელ ი-–-----------ას პირადად ჩაბარდა ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებასთან ერთად 2017 წლის 16 მარტს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი), ხოლო მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან, შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.
ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხემ, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოთა დაუწყებლობის მოტივით, 03.20.2017 წლის ხელშეკრულება მასთან შეწყვიტა არამართლზომიერად, ვინაიდან სამუშაოთა წარმოება უნდა დაეწყო მშენებლობის ნებართვის/თანხმობის მიღების შემდეგ. მშენებლობის ნებართვა/თანხმობა კი, რომლის მიღების გარეშეც უფლებამოსილი არ იყო დაეწყო სამუშაოთა წარმოება - არ მიუღია.
მოპასუხე მხარის მტკიცებით - მან გამოიყენა ყველა ღონისძიება სამუშაოთა დაწყების შესახებ მოსარჩელე კომპანიის ინფორმირების მიზნით, მართალია მისთვის წერილობითი ფორმით ნებართვის/თანხმობის ჩაბარება ვერ მოხერხდა, მაგრამ მოპასუხე კომპანიას, მისივე ნდობით აღჭურვილი პირის - ი--------------------ს მეშვეობით, ზეპირსიტყვიერად ეცნობა მშენებლობის დაწყვების ნებართვის შესახებ.
ამდენად, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს - იყო თუ არა შ-- მ–-----–-----------------------------------–-- ინფორმირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების ნებართვის/თანხმობის შესახებ.
მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი კორესპოდენციით დასტურდება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქ. ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე სანიაღვრე არხებისა მოწყობისა და მოასფალტების სამუშაოთა წარმოებაზე თანხმობა გასცა 21.02.2017 წელს, რის შესახებ #01/1177 წერილი გაეგზავნა შ-- მ–-----–-----------------------------------–--ს დირექტორის მინდობილ პირს ზ---------------ს, მისამართზე - ქ. თბილისი, ვ---–--–-ს ქუჩა #33. (ს. ფ. 60)
მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი საფოსტო გზავნილით დასტურდება, რომ 21.02.2017 წლის #01/1177 წერილი ადრესატს ვერ ჩაბარდა (ს. ფ. 61)
მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი კორესპოდენციით ასევე დგინდება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 02.03.2017 წელს მოამზადა #01/145 წერილი მოსარჩელე კომპანიის დირექტორისადმი მშენებლობის ნებართვისა და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესახებ, თუმცა მისი ჩაბარებაც ადრესატისათვის უზრუნველყოფილი ვერ იქნა და ის მოსარჩელეს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 16 მარტს. (ს. ფ. 62-63).
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელე კომპანიის ინფორმირება მშენებლობის დაწყების თაობაზე წერილობითი ფორმით არ მომხდარა. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხის მტკიცებით ამ ნებართვის თაობაზე მოსარჩელე ინფორმირებული იქნა ზეპირსიტყვიერად, კომპანიის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი პირის მეშვეობით.
საყურადღებოა, რომ ეს გარემოება გარდა თავად მოპასუხის ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, რაიმე სხვა მტკიცებულებით დადასტურებული არ არის. დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანია კატეგორიულად უარყოფს სამუშაოთა დაწყებაზე ნებართვის მიღების ფაქტს, ი--------------------ს მეშვეობით, ის ასევე კატეგორიულად უარყოფს იმ გარემოებას, რომ ი-------------------- იყო მისი ნდობით აღჭურვილი პირი. პირიქით, მოსარჩელის განმარტებით ი-------------------- იყო რიგითი დასაქმებული პირი და ის კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი არასოდეს ყოფილა, მას კომპანიისათვის სამუშაოთა დაწყების შესახებ ნებართვის შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. ეს გარემოება მოწმის სახით დაკითხვისას სრულად დაადასტურა სახელშეკრულებო ურთიერთობაში კომპანიის ნდობით აღჭურვილი პირის სტატუსით მონაწილე პირმა - ზ---------------მ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ მხარის ახსნა-განმარტება წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს, მაგრამ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
ის გარემოება, რომ „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს“ #33 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების შესახებ 21.02.2017 წლის ნებართვა/თანხმობის შესახებ ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით არ მიწოდებია დადგენილად მიიჩნია სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, მის მიერ წარმოებული ადმინისტრაციული კვლევის ფარგლებშიც. აღსანიშნავია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მშენებლობის ნებართვის თაობაზე მიმწოდებლის ინფორმირების მიზნით არ უცდია მისთვის ცნობილ კომპანიის იურიდიულ, (მ--------–ი, დ----------ი), ან ელექტრონულ მისამართზე (s----------------------) კორესპოდენციის მიწოდება. ასევე არ გამოუყენებია საჯარო გამოცხადების გზით მოსარჩელე კომპანიის ინფორმირება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელე კომპანიის სათანადო ინფორმირება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყების ნებართვა/თანხმობის შესახებ არ მოუხდენია. სამუშაოს შესრულების დაწყების შესახებ თანხმობის არსებობის შესახებ მოსარჩელეს ეცნობა მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51, 54-ე, 115-ე, 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 361-ე, 385-ე, 427-ე, 417-ე, 408-ე, 411-412-ე, 991-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ უფლების დაცვის მიზნით მომართა რა სასამართლოს, მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ არამართლზომიერად, სათანადო წინაპირობების არარსებობის გარეშე შეწყვიტა მასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რითაც მოსარჩელე კომპანიას მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი.
6.2. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ სახეზე გვაქვს ნარდობის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ასევე უდავოა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო კონტრაჰენტის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, განსახილველი დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია შესწავლილი იქნეს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას (შემსყიდველი) და უცხოური საწარმოს ფილიალ „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს" (მიმწოდებელი) შორის 2017 წლის 3 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N33 ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენდა სამუშაოს შესრულების ვადა და მისი ათვლის დაწყების წინაპირობები. კერძოდ: ხელშეკრულების 3.2. პუნქტით მხარეები იმპერატიული პირობის სახით შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელი (მოსარჩელე კომპანია) სამუშაოთა შესრულებას დაიწყებდა შემსყიდველის მხრიდან მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან 5 დღის განმავლობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულების მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნებია დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ზოგადად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მის დარღვევას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მოთხოვნები და ნებართვის/თანხმობის მიღებიდან 5 დღეში არ დაიწყო სამუშაოთა წარმოება, შეწყვიტა ხელშეკრულება და მოპასუხეს დააკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. მოსარჩელის მტკიცებით, მას ნებართვა/თანხმობა სამუშაოს დაწყებაზე, რომლის გარეშეც ის არ იყო უფლებამოსილი დაეწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, არ მიუღია, რის გამოც დაუშვებელია ის მიჩნეულ იქნეს ბრალეულად სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავო სწორედ ეს ფაქტობრივი გარემოებაა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე.
სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და აღნიშნავს, რომ ნებართვის/თანხმობის გაცემა სამუშაოთა წარმოებაზე წარმოადგენს ცალმხრივ მიღებასავალდებულო ნების გამოვლენას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ 2017 წლის 21 თებერვალს, მართალია, გასცა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ნებართვა/თანხმობა, მაგრამ ნებართვის/თანხმობის თაობაზე, მოსარჩელე კომპანიის ინფორმირება სათანადო წესით არ მოუხდენია. (გადაწყვეტილების 3.2.10 პუნქტი).
დადგენილია, რომ მოსარჩელე კომპანიას სამუშაოები უნდა დაეწყო ნებართვის შინაარსის შესაბამისად. (მაგ. გამგეობის მიერ გაცემული ნებართვა მიმწოდებელს ავალდებულებდა უზრუნველეყო სამუშაოების დაწყების პროცესში ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეთა დასწრება). მხარეები არ დავობენ, რომ ნებართვის მიღებამდე მოსარჩელე უფლებამოსილი არ იყო დაეწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება. შესაბამისად, სამუშაოების დაწყებამდე შემსყიდველი ვალდებული იყო უზრუნველეყო მიმწოდებელი ნებართვის/თანხმობის გაცნობის შესაძლებლობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 8.2-ე მუხლის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია კერძოსამართლებრივ გარიგებაში განიხილება კერძო სამართლის სუბიექტად და მას, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის, ასევე, სკ-ის 115-ე მუხლით განსაზღვრული კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა ევალება. საპირისპირო ვითარებაშიც კი, ადმინისტრაციული ორგანო საჯაროსამართლებრივ ფუნქციას ასრულებს თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით და მისი მხრიდან კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის დაცვა საჯარო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობიდანაც იმპერატიულად გამომდინარეობს.
ამდენად, როდესაც სახეზე გვაქვს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძოსამართლებრივი ურთიერთობა, რაც კანონისა და სასამართლოს წინაშე ამ პირთა თანასწორობას მოიაზრებს, მოპასუხეს უდავოდ ეკისრება მეორე მხარის უფლებებისადმი, მისი ქონებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულების გამოჩენა.
მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სათანადო ინფორმირება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაწყებაზე, არ მოუხდენია და კანონით გათვალისწინებული ყველა საშუალება მიმწოდებლის ინფორმირებისათვის არ ამოუწურავს. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე კომპანია ვალდებული იყო სამუშაო დაეწყო ნებართვის მოპოვებიდან 5 დღის ვადაში, ის კი სამუშაოთა დაწყებაზე თანხმობის/ნებართვის შესახებ ინფორმირებული არ იყო, უნდა მივიჩნიოთ, რომ მას სამუშაოთა დაწყების ვალდებულება არ წარმოშობია და აქედან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული არცერთი ვალდებულების დარღვევა, რაც შეიძლებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობად განხილულიყო სახეზე არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.
ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად კი, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სსკ-ის 54-ე მუხლის დანაწესი ბუნებრივია გამოიყენება ყველა გარიგების, მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის, როგორც ცამხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანების, როგორც ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენის კანონთან წინააღმდეგობა, ამგვარი ნების გამოვლენის ბათილობის საფუძველია.
განსახილველ შემთვევაში, ვინაიდან მოსარჩელე კომპანიის მხრიდან სახელშეკრულებო მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი არ დადასტურდა, სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს, მათ შორის მოსარჩელე კომპანიისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--" კისრულობდა ვალდებულებას სამუშაოები დაეწყო ნებართვის მოპოვების შემდეგ 5 დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების 11.3.3. პუნქტის მიხედვით კი, თუ მიმწოდებელი სამუშაოს არ დაიწყებდა მშენებლობის ნებართვის/თანხმობის გაცემიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული დღეების გასვლის შემდეგ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ არდაწყებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით. თუ პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევდა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ მოპასუხემ 2017 წლის 15 მარტს გამოსცა რა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ #01-06-257 ბრძანება, ამავე ბრძანებით მოსარჩელე კომპანიას ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 9670,90 ლარის ოდენობით. თუმცა ვინაიდან მოსარჩელე კომპანიის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტი არ დადასტურდა, ამასთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 15.03.2017 წლის #01-06-257 ბრძანება სასამართლომ მიიჩნია ბათილ გარიგებად, მოსარჩელე, ბუნებრივია, უნდა გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.
6.3. მოსარჩელე ასევე მოითხოვს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 40 300 (ორმოცი ათას სამასი) ლარის გამოთხოვის თაობაზე 21.03.2017 წელს გაცემული N01/1854 მოთხოვნის ბათილად ცნობას და 40 300 (ორმოცი ათას სამასი) ლარის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკის თავიდან აცილების მიზნით, ტენდერში გამოყენებული იქნა გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - საბანკო გარანტია, გაცემული 2017 წლის 02 თებერვალს, სს „საქართველოს ბანკის“ მიერ (Nპე39766-17) 40 300.00 ლარის ოდენობით.
ამავე ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა გარანტიის გამცემი ორგანოსათვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.
დადგენილია, რომ 2017 წლის 21 მარტს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (ბენეფიციარი) #01/1854 წერილით მიმართა სს „საქართველოს ბანკს“ (გარანტი) ამ უკანასკნელის მიერ 2017 წლის 2 თებერვალს გაცემული, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველმყოფი საბანკო გარანტიით Nპე39766-17 გათვალისწინებული თანხის - 40 300 (ორმოცი ათას სამასი) ლარის გამგეობის ანგარიშზე გადარიცხვის მოთხოვნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ გამოვლენილი ორმხრივი ნების თანახმად, საბანკო გარანტია შემსყიდველის სასარგებლოდ სრულად ჩამორთმევას დაექვემდებარებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებათა განხორციელების ვადის დარღვევის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში კი, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე კომპანიას სახელშეკრულებო ვალდებულება არ დაურღვევია, რაც თავისთავად გამორიცხავდა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის შესაძლებლობას.
საქმის მასალებთ დადგენილია, რომ გამგეობის 21.03.2017წ. #01/1854 მოთხოვნის საფუძველზე, სს „საქართველოს ბანკის“ 31.03.2017წ. N01 საგადასახადო დავალებით, საბანკო გარანტიის თანხა - 40300 (ორმოცი ათას სამასი) ლარი სრულად გადაირიცხა გამგეობის საბანკო ანგარიშზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიის მიღება მოხდა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამდიდრდა უსაფუძვლოდ;
სსკ-ის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. სასამართლო აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხე უნდა გამდიდრდეს; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, - ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ამიტომ, მას შემდეგ რაც მივიჩნევთ, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, თითოეული მათგანის არსებობა ერთობლივად უნდა დადგინდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული. ამდენად კანონი ადგენს კონდიქციური ვალდებულების არსებობას ყველა იმ შემთხვევაში, როცა ერთი პირი მდიდრდება მეორის ხარჯზე. ამდენად აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში მოსარჩელე კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების შესრულების დაწყების ვადა არ დაურღვევია, არ წარმოშობილა საბანკო გარანტიის გამოთხოვის კანონით გათვალისწინებული პირობები და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აღნიშნული თანხის მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხვით, უდავოდ იკვეთება მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი.
სასამართლო მიუთითებს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხის - 40300 ლარის დაბრუნების ვალდებულება, რათა აღდგენილ იქნას პირთა თავდაპირველი ქონებრივ–სამართლებრივი მდგომარეობა.
6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას, რაც მისივე მტკიცებით მიიღო მიუღებელი შემოსავლის სახით, მათ შორის ერთის მხრივ იმ მოგების სახით, რაც მას უნდა მიეღო ნარდობის ხელშეკრულებისა და მის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით - 44 073 ლარის ოდენობით და მეორე მხრივ, იმ სარგებლის სახით, რასაც ის მიიღებდა (და რაც ვერ მიიღო) საბანკო გარანტიის თანხის უსაფუძვლო დაკავებით, 40 300 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით - 2017 წლის 31 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების თანახმად, მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება ექვემდებარება ანაზღაურებას. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. შესაბამისად, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, რომ არ ამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალებელი გარემოებები. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით არსებული ზიანის ოდენობის გაანგარიშებისას მნიშვნელოვანია, რომ ზიანის ფაქტი (მოცულობა) გამომდინარეობდეს მხოლოდ კონტრჰაგენტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისაგან და ის არ იყოს დამოკიდებული სამომავლოდ თავად მოსარჩელის მიერ განსახორციელებელ გარკვეული სახის ქმედებებზე ან/და სავარაუდო მოვლენებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ ის ნამდვილად შეასრულებდა იმ მოქმედებას, რომელიც უზრუნველყოფდა შემოსავლის მიღებას ან/და ნამდვილად დადგებოდა გარკვეული მოვლენა/ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადოდ ვერ დაასაბუთა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში ხარჯთღრიცხვით განსაზღვრული შემოსავლების მიღების გარდაუვალობა ან/და საბანკო გარანტიის თანხის წლიური 10 %-ის ოდენობით შემოსავლის მიღების საფუძვლიანობა და გარდაუვალობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარწმუნო მტკიცებულებების წარმოდგენით დასაბუთებული არ არის მოპასუხის არამართლზომიერი მოქმედებით 44 073 ლარისა და 40 300 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით დაკარგვის ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს.
სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ საქმეზე, სასარჩელო მოთხოვნათა გათვალისწინებით, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 106113.9 ლარს (40300+9670.90+44073+40.300-ის10%X3). შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის შესატყვისი ოდენობაა 3184.01 ლარი. დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნა კმაყოფილდება ნაწილობრივ - 49 970 ლარის ფარგლებში (47.09 %). მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 ლარი, რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს. ამასთან, მოპასუხე, როგორც საბიუჯეტო დაწესებულება, უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული თანხის შესატყვისი ოდენობით, რაც 100 ლარის გამოკლებით შეადგენს 1499.10 ლარს. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ არ დაკმაყოფილდა მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1584.91 ლარის ანაზღაურება (უკვე გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით).
გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელემ საადვოკატო მომსახურებისათვის გაიღო ხარჯი 3000 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურება დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის 4 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1998,8 ლარს, უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 256-257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. უცხოური საწარმოს ფილიალის - „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს“ სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი "ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და უცხოური საწარმოს ფილიალს შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 3 თებერვლის #33 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანება და მის საფუძველზე, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის - 40 300.00 ლარის გამოთხოვის თაობაზე 21.03.2017 წელს გაცემული N01/1854 მოთხოვნა.
1.2. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას უცხოური საწარმოს ფილიალის შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო გარანტიის თანხის - 40 300.00 ლარის ანაზღაურება.
1.3. უცხოური საწარმოს ფილიალი შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–-- გათავისუფლდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 15 მარტის #01-06-257 ბრძანებით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 9670.90 ლარის გადახდისაგან.
1.4. არ დაკმაყოფილდეს უცხოური საწარმოს ფილიალის - „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს“ მოთხოვნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის 44 073.00 ლარის ოდენობით, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
1.5. არ დაკმაყოფილდეს უცხოური საწარმოს ფილიალის - „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს“ მოთხოვნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საბანკო გარანტიის თანხის - 40 300 ლარის წლიური 10%-ის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში.
2. მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე უცხოური საწარმოს ფილიალის - „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1998.8 ლარის ოდენობით.
3. მოსარჩელე უცხოური საწარმოს ფილიალს - „შ------------–---------------–-------------------–-----–-----------------------------------–--ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ - 1584.91 ლარის ოდენობით, სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციულად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი