გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.09.2018
საქმის ნომერი
330210016001344090
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10893-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - რ--------------–---–ი

მოპასუხე - ე-------------–----–---–ი

წარმომადგენელი - ქ-----------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხა - 28 317.89 ლარი, პროცენტი - 4 570.48 ლარი, პირგასამტეხლო - 3 000 ლარი და საკომისიო - 82.17 ლარი;

1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ე-------------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: თბილისი, ს---–--------------–---–ის ქუჩა №-- ,,ა’’, (ს/კ 0---------------), ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით სრულად არ დაიფარება მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება, აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების მიმართ (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 25 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-14):

1.1.1. 2012 წლის 13 დეკემბერს მასსა და ე-------------–----–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაიცა კრედიტი - 37 300 ლარის ოდენობით 2018 წლის 20 აგვისტომდე, წლიური 18%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.1.2. საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა ა--------------–--ის თავდებობით, კერძოდ, 2013 წლის 29 იანვრის ხელშეკრულებით თავდებმა აიღო ვალდებულებები ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი მოვალის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებებისათვის და იკისრა ვალდებულება მის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში სრულად დაფაროს კრედიტის თანხა, საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო იმ მოცულობით, რასაც ბანკი მოითხოვს ამ თავდებობის ფარგლებში;

1.1.3. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 100 000 აშშ დოლარის ორმაგი ოდენობით;

1.1.4. საბანკო მომსახურების ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაფორმებული კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა 2012 წლის 13 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულებით, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ს---–--------------–---–ის ქუჩა №--ა (საკადასტრო კოდი: 0---------------);

1.1.5. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მოპასუხის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატებოდა როგორც კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ისე ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში;

1.1.6. 2016 წლის 22 აპრილის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მის წინაშე შეადგენს 40 704.40 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 28 317.89 ლარი, პროცენტი - 4 570.48 ლარი, ჯარიმა - 7 733.86 ლარი, ხოლო საკომისიო - 82.17 ლარი;

1.1.7. ხელშეკრულების 3.1.8 პუნქტის თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლოს დარიცხვა ათვისებული კრედიტის თანხების ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვა ხდებოდა როგორც ძირითადი დავალიანების თანხაზე, ასევე პროცენტის დავალიანებაზე;

1.1.8. ბოლო ვადის გადაცილება, რომლის შემდეგაც მოპასუხე აღარ დასწევია გრაფიკს, ფიქსირდება 2015 წლის 08 ივნისიდან. შესაბამისად, ამ დროიდან იწყება პირგასამტეხლოს თანხების დარიცხვა ძირითად თანხასა და პროცენტზე და იგი გრძელდებოდა წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით მან სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირითადი თანხიდან 22 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში (იხ. 2018 წლის 25 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ.59-81).

2.1.1. 2015 წლის 08 ივნისს, როცა მან მოსარჩელესთან მოახდინა სრული ანგარიშსწორება და დაეწია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გრაფიკს, მისი დავალიანება შეადგენდა 28 500 ლარს. მოსარჩელემ შეგნებულად არ მიმართა სასამართლოს ან უკიდურეს შემთხვევაში არ გააჩერა პირგასამტეხლოს დინება 10 თვის განმავლობაში;

2.1.2. მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის არაგონივრული, არალოგიკური და უკანონო;

2.1.3. მის მიერ ჯამში გადახდილია 22 945.85 ლარი, საიდანაც სესხის დავალიანების ძირითადი თანხაა - 8 982.11 ლარი, პროცენტი - 11 214.72 ლარი, ხოლო ჯარიმა 2 749.04 ლარი;

2.1.4. მან მოსარჩელის წინაშე აღებული ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო სესხის აღების შემდგომ გაუარესებული მატერიალური მდგომარეობის გამო;

2.1.5. 2015 წლის მარტიდან იგი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს ყოველთვიურ დახმარებას - 200 ლარს;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2012 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ე-------------–----–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ №G-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ე-------------–----–---–ის სახელზე 2019 წლის 20 თებერვლამდე გაიხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 100 000 აშშ დოლარის ფარგლებში.

ამავე თარიღში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ე-------------–----–---–ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, ს---–--------------–---–ის ქუჩა №-- ,,ა’’, (ს/კ 0---------------).

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, იპოთეკით სრულად უზრუნველყოფილია 2012 წლის 13 დეკემბრის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან და მის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებებიდან, მათ შორის და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე: საკრედიტო ხაზის, ხაზის ფარგლებში მოქმედი ცალკეული კრედიტების, სადებეტო და საკრედიტო ბარათებიდან წარმოშობილი ვალდებულებების, საბანკო გარანტიებისა და სამომხმარებლო კრედიტების ხელშეკრულებებიდან და სრულად უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ ათვისებული ძირითადი თანხების, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოების, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების, ასევე სასამართლოს, აღსრულების, იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

 

ხელშეკრულების 14.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებელს სხვა ქონებაზე სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულებები, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია(ს.ფ. 15-20; 25-27; 31-35)

 

3.1.2. 2012 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ეკატერინე ელკანიშვილს შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ №G-------- ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 07 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ №G-------- ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის №S-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ე-------------–----–---–ის სახელზე 60.4 თვის ვადით გაიცა სესხი 37 300 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თვიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18%-ს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ხელშეკრულების თანახმად, განსაკუთრებულ პირობად განისაზღვრა, რომ სესხის თანხიდან სრულად უნდა დაფარულიყო სესხები L---------, L---------, L--------- და მომხდარიყო 50%-ის მოცულობით პირგასამტეხლოს კორექტირება და აღებულ უნდა ყოფილიყო რესტრუქტურიზაციის საკომისიო - 0.5%.

ხელშეკრულების თანახმად, კლიენტი ვალდებულია სესხი დაფაროს დანართი №1-ში მითითებული გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება, კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 21-24)

 

3.1.3. 2012 წლის 13 დეკემბერს სს ,,ს----------–--------სა’’ და მოპასუხეს შორის დადებული საბანკო მომსახურების შესახებ №G-------- ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა ა--------------–--ის სოლიდარული თავდებობით 2013 წლის 29 იანვრის ხელშეკრულებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება (ს.ფ. 28-29)

 

3.1.4. მოპასუხე ე-------------–----–---–მა დაარღვია მასაა და სს ,,ს----------–--------ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის თაობაზე.

მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2015 წლის 08 ივნისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი ანგარიშიდან, სესხის დაფარვები, ცნობა (ს.ფ. 38-46)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 40 704.4 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 28 317.89 ლარი, პროცენტი - 4 570.48 ლარი, პირგასამტეხლო - 7 733.86 ლარი, ხოლო საკომისიო - 82.17 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მტკიცების ტვირთის მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ, რომლის თანახმადაც, მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 40 704.4 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 28 317.89 ლარი, პროცენტი - 4 570.48 ლარი, პირგასამტეხლო - 7 733.86 ლარი, ხოლო საკომისიო - 82.17 ლარი. ვალდებულების მოცულობასთან მიმართებით აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება მოპასუხეს არ განუხორციელებია

შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას დავალიანების ოდენობასთან მიმართებით და დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 40 704.4 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 28 317.89 ლარი, პროცენტი - 4 570.48 ლარი, პირგასამტეხლო - 7 733.86 ლარი, ხოლო საკომისიო - 82.17 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 46)

 

3.2.2. საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ შემცირებული ოდენობით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 3 000 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული, შესაბამისად, არსებობს მისი 300 ლარამდე შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

დადგენილია, რომ 2012 წლის 13 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე ეკატერინე ელკანიშვილს შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ №G-------- ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 07 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხე ე-------------–----–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ №G-------- ხელშეკრულების საკრედიტო ხაზის შემადგენელი იპოთეკური კრედიტის №S-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის მოპასუხის მხრიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება პირგასამტეხლო 7 733.86 ლარის ოდენობით. ამასთან მოსარჩელემ დაზუსტებული პოზიციით მოითხოვა მისი შემცირებული ოდენობის - 3 000 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის.

მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხე დარიცხულ პირგასამტეხლოს მიიჩნევს არაგონივრულად და ითხოვს მის შემცირებას.

სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda"-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, 2013 წლის 07 აგვისტოს ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ№ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ბანკი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც თავად მოსარჩელისვე შემცირებული ოდენობით შეადგენს 3 000 ლარს, შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 300 ლარის ოდენობით.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 873-ე, 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 52-ე, 115-ე, 420-ე, 286-ე, 301-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, მოთხოვნილი დავალიანების ძირითადი თანხიდან - 28 317.89 ლარიდან 22 000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დავალიანების ძირითადი თანხიდან 22 000 ლარის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება, აგრეთვე თუ განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორი კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, ჯეროვნად.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიმართ მოპასუხის არსებული დავალიანებიდან ძირითადი თანხის ოდენობაა - 28 317.89 ლარი.

ასევე დადგენილია, რომ ხელშეკრულების თანახმად, განსაკუთრებულ პირობად განისაზღვრა, რომ სესხის თანხიდან სრულად უნდა დაფარულიყო სესხები L---------, L---------, L--------- და მომხდარიყო 50%-ის მოცულობით პირგასამტეხლოს კორექტირება და აღებულ უნდა ყოფილიყო რესტრუქტურიზაციის საკომისიო - 0.5%. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიოს 82.17 ლარის დაკისრება.

მოთხოვნილი დავალიანების ძირითადი თანხიდან მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა 22 000 ლარის დაკისრების ნაწილში, რამაც განაპირობა ამ ფარგლებში მოთხოვნის უპირობო დაკმაყოფილება. ვინაიდან მხარეთა შორის სადავო არაა ხელშეკრულების დარღვევის და მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, ასევე საფუძვლიანია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოთხოვნილი ძირითადი თანხიდან მის მიერ არ ცნობილი ნაწილი - 6 317.89 ლარი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის გაცემის საკომისიო - 82.17 ლარი.

6.4. მოპასუხის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე არის საბანკო დაწესებულება, რომელიც გასცემს სესხის სახით ფულად თანხას გარკვეული სარგებლის (პროცენტის) სანაცვლოდ. ამასთან დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა საპროცენტო განაკვეთი და მოვალეს ეკისრება დავალიანება პროცენტის სახით - 4 570.48 ლარი. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეამციროს არაგონივრული პირგასამტეხლო. სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულად მიიჩნია, პირგასამტეხლოს შემცირება და მისი განსაზღვრა 300 ლარით. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ წარმოეშვა არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების, არამედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხისთვის პროცენტის - 4 570.48 ლარის და სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს - 300 ლარის დაკისრების თაობაზე. 6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ს----------–--------ის’’ მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია ე-------------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, ს---–--------------–---–ის ქუჩა №-- ,,ა’’, (ს/კ 0---------------). ამასთანავე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგნის ღირებულება ან მისი რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად დასაფარად, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო ის გარემოება, რომ მოვალემ ვერ შეძლო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ს----------–--------ის’’ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს ე-------------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: თბილისი, ს---–--------------–---–ის ქუჩა №-- ,,ა’’, (ს/კ 0---------------), ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით სრულად არ დაიფარება მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება, აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების მიმართ.

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 1 221.15 ლარი (ს.ფ. 53). მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 4 733.86 ლარით, შესაბამისად მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 71.01 ლარი.

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოპასუხემ მთავარ სხდომაზე იგი ცნო ნაწილობრივ (61.16%) და არ ცნო პროცენტის, პირგასამტეხლოს და საკომისიოს დაკისრების ნაწილში, საიდანაც სასამართლოს მიერ პროცენტის და საკომისიოს ნაწილში მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში დაკმაყოფილდა მოთხოვნა ნაწილობრივ. პროპორციული ოდენობით სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლისა, 330 ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობა განხორციელდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 165 ლარის გადახდა.

ამასთან, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული და მის მიერ არ ცნობილი მოთხოვნის პროპორციულად, 338.1 ლარის ოდენობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხოლო მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი მოპასუხე ე-------------–----–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე ე-------------–----–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 28 317.89 ლარის, პროცენტის - 4 570.48 ლარის, პირგასამტეხლოს - 300 ლარის და საკომისიოს - 82.17 ლარის ოდენობით გადახდა;

3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ე-------------–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, ს---–--------------–---–ის ქუჩა №-- ,,ა’’ (ს/კ 0---------------). იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, დავალიანების დაფარვა განხორციელდეს მოპასუხე ე-------------–----–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან;

4. მოპასუხე ე-------------–----–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 503.1 ლარის ოდენობით;

5. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ დაუბრუნდეს მის მიერ 04/27/2016 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 401.01 ლარი, რომელიც გადახდილია №780 საგადახდო დავალებით შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი