გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/10367-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - სს "თ-----------";
წარმომადგენელი - ნ--------------, ნ----------------ა;
მოპასუხეები - ნ---------------ა, ი-----–------------ა;
დავის საგანი - დავალიანების გადახდის დაკისრება, უძრავის ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - ნ---------------ას და ი-----–------------ას სს "თ-----------ს" სასარგებლოდ 2013 წლის 29 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 772.73 ლარის და პროცენტის - 403.52 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხეებს ნ---------------ას და ი-----–------------ას სს "თ-----------ს" სასარგებლოდ 2014 წლის 22 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 3567.15 ლარის, პროცენტის - 672.33 ლარის და დაზღვევის თანხის - 31.14 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხეებს ნ---------------ას და ი-----–------------ას სს "თ-----------ს" სასარგებლოდ 2013 წლის 19 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 1066.83 ლარის და პროცენტის - 346.81 ლარის გადახდა.
1.4. მოპასუხეები ნ---------------ა და ი-----–------------ა ცნობილ იქნენ მსესხებლის რ------------------ას უფლებამონაცვლეებად და გარდაცვლილ რ------------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: გარდაბანი, ს------–-----–-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8----------- თანაბარწილად აღირიცხოს მოპასუხეების ნ---------------ას და ი-----–------------ას სახელზე.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ სს ''თ----------ს'' და რ------------------ას შორის 2013 წლის 29 მაისს დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა განვადების ბარათი 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. კრედიტის ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი. წლიური საპროცენტო განაკვეთი - 42 %-ით კრედიტის ერთი თვის ვადაში მანძილზე დაფარვის შემთხვევაში. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში, წინა თვის ბოლო კალენდარული რიცხვის ჩათვლით ათვისებული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჯამის ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. დადგენილია, რომ 2013 წლის 29 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დარღვეულია და 2015 წლის 28 დეკემბრის შემდეგ აღარ მომხდარა სესხის დაფარვა. 2017 წლის 29 მარტის მდგომარეობით 2013 წლის 29 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 2939.86 ლარს, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 772.73 ლარი, პროცენტი - 403.52 ლარი და პირგასამტეხლო - 1763.61 ლარი.
3.1.3. დადგენილია, რომ სს ''თ----------ს'' და რ------------------ას შორის 2014 წლის 22 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 4800 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 14,5%-ით, კრედიტის ვადა - 1449 დღე, 2018 წლის 10 სექტემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 10 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.
3.1.4. დადგენილია, რომ 2014 წლის 22 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა და 2015 წლის 10 დეკემბრის შემდეგ აღარ მომხდარა სესხის დაფარვა. 2017 წლის 29 მარტის მდგომარეობით 2014 წლის 22 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 6849.27 ლარს, საიდანაც, დავალიანების ძირითადი თანხაა - 3567.15 ლარი, პროცენტი - 672.33 ლარი, პირგასამტეხლო - 2578.65 ლარი, ხოლო დაზღვევა - 31.14 ლარი.
3.1.5. დადგენილია, რომ სს ''თ----------ს'' და რ------------------ას შორის 2013 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. 2014 წლის 15 აგვისტოს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და მსესხებლის მიერ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა - 1066.83 ლარი. ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების მე-18 მუხლის 18.7.2. პუნქტიდან გამომდინარე ბანკს აქვს უფლება საკუთარი ინიციატივით, ბარათის მფლობელისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშზე დაუშვას საკრედიტო ლიმიტი, გაზარდოს საბარათე ანგარიშზე უკვე დაშვებული ლიმიტი ან საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა, რაზეც ბარათის მფლობელი თანხმობას აცხადებს საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ განცხადების ხელმოწერით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სს ,,თ-----------ს“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ''თ-----------ს'' ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.6. დადგენილია, რომ 2013 წლის 19 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა და 2015 წლის 9 დეკემბრის შემდეგ აღარ მომხდარა სესხის დაფარვა. 2017 წლის 29 მარტის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 1441.08 ლარს, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 1066.83 ლარი, პროცენტი - 346.81 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 27.44 ლარი.
3.1.7. დადგენილია, რომ მსესხებელი რ------------------ა გარდაიცვალა 2015 წლის 27 დეკემბერს.
3.1.8. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად, გარდაცვალებამდე რ------------------ას საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება მდებარე: გარდაბანი, ს------–-----–-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N8-----------.
3.1.9. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე: გარდაბანი, ს------–-----–-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N8----------- ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვთ მოპასუხეებს - ნ---------------ას და ი-----–------------ას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 29 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 25-27);
- N2313886-2691391 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, დანართი (ს.ფ. 32-39);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 40-41);
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 42-43);
- 2013 წლის 19 დეკემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 45-47);
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 48-64);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 65-70);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 71);
- გარდაცვალების მოწმობის ასლი (ს.ფ. 72);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 73-74);
- ინფორმაცია ერთიანი სამემკვიდრეო რეესტრიდან (75);
- ნოტარიუსის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 76);
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 118-124);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სს ''თ-----------ს'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 405-ე, 873-ე, 891-ე, 1421-ე, 1328-ე, 1439-ე, 1484-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხებმა ცნეს სარჩელი სრულად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
გარდა ამისა, სასამართლო ასევე განმარტავს:
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1439-ე მუხლის დანაწესით მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან. არ დაიშვება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც ცნობილი არიან უღირს მემკვიდრეებად ან რომელთაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება. ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სხვა მემკვიდრეების მიერ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ------------------ას სამკვიდრო ქონება მიღებული აქვთ მოპასუხეებს - ნ---------------ას და ი-----–------------ას, შესაბამისად ისინი წარმოადგენენ მსესხებლის მემკვიდრეებსა და უფლებამონაცვლეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.
ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად ნ---------------ა და ი-----–------------ას როგორც რ------------------ას მემკვიდრეები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, კერძოდ, სს ''თ-----------ს'' მოთხოვნა, რომელიც მოსარჩელეს წარმოეშვა რ------------------ასთან დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''თ-----------'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტების ძირითადი თანხების - 772.73 ლარის, 3567.15 ლარის და 1066.83 ლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულებაც. შესაბამისად მოპასუხეებს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უნდა დაეკისროთ საპროცენტო სარგებლის სახით - 403.52 ლარის, 672.33 ლარის და 346.81 ლარის, ასევე სადაზღვევო პრემიის - 31.14 ლარის ოდენობით გადახდა.
ამდენად, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 622.23 ლარი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვს - 500 ლარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ოდენობით გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 268-ე, 269-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს "თ-----------ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს - ნ---------------ას და ი-----–------------ას სს "თ-----------ს" სასარგებლოდ 2013 წლის 29 მაისის განვადების ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 772.73 ლარის და პროცენტის - 403.52 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს ნ---------------ას და ი-----–------------ას სს "თ-----------ს" სასარგებლოდ 2014 წლის 22 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 3567.15 ლარის, პროცენტის - 672.33 ლარის და დაზღვევის თანხის - 31.14 ლარის გადახდა.
4. მოპასუხეებს ნ---------------ას და ი-----–------------ას სს "თ-----------ს" სასარგებლოდ 2013 წლის 19 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 1066.83 ლარის და პროცენტის - 346.81 ლარის გადახდა.
5. მოპასუხეები - ნ---------------ა და ი-----–------------ა ცნობილ იქნენ მსესხებლის რ------------------ას უფლებამონაცვლეებად და გარდაცვლილ რ------------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: გარდაბანი, ს------–-----–-----, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 8----------- თანაბარწილად აღირიცხოს მოპასუხეების - ნ---------------ას და ი-----–------------ას სახელზე.
6. მოპასუხეებს ნ---------------ას და ი-----–------------ას მოსარჩელე სს "თ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის -100 ლარის გადახდა.
7. მოსარჩელე სს "თ----------ს" (ს/კოდი 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 19 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 522.23 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება №16. ასევე, მოსარჩელე სს "თ----------ს" (ს/კოდი 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 19 აპრილს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება №14.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი