გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.10.2018
საქმის ნომერი
330210018002623959
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
04.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/26335 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე ტრ------ი გა----ე

წარმომადგენელი ნა---–---------–-–---–ი, სო-------–--ე

მოპასუხე ირ--ე გა----ე

წარმომადგენელი მა-------------ი

დავის საგანი ქორწინების შეწყვეტა, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით

1.1. ტრ------ი გა----ეს და ირ--ე გა----ეს შორის 1991 წლის 8----–--- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

 

1.2. უძრავი ქონების მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, I--------------------------------------------–---------------------------------------------------------, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ტრ------ი გა----ის აღიარება;

 

მოსარჩელე ტრ------ი გა----ე და მოპასუხე ირ--ე გა----ე 1991 წლის 0-----–------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 1----–-–-------------მბერს დაბადებული ნა---- გა----ე და 1----–-–---------–--- დაბადებული ვა---–- გა----ე. მხარეებს ერთად ცხოვრების პერიოდში ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა. მხარეთა ქორწინების პერიოდში, მათ მიერ ერთობლივი სახსრებით შეძენილი იქნა უძრავი ქონება, რომელიც იყო მოსარჩელის პაპის მიერ აშენებული. მთლიანი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე ირ--ე გა----ის სახელზე. ამჟამად, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათ შორის არის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა და მოპასუხე არ აძლევს უფლებას მოსარჩელეს იცხოვროს მათ საერთო საცხოვრებელ სახლში. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნება და ერთ ოჯახად ცხოვრება შეუძლებელია. ამასთან, მოსარჩელეს აქვს უფლება აღირიცხოს მეუღლეთა მიერ შეძენილი ქონების ერთ მეორედ ნაწილზე მესაკუთრედ, ვინაიდან აღნიშნული ქონება შეძენილია მხარეთა მიერ ერთობლივად, ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში.

(იხ. სარჩელი, 2018 წლის 04 ოქტომბრის სხდომის ოქმები).

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ირ--ე გა----ე ეთანხმება მოთხოვნას ტრ------ი გა----ესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ;

2.2. მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე მოსარჩელის თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული ქონება შეძენილია მხოლოდ ირ--ე გა----ის სახსრებით და ამ ქონების შეძენასა და შექმნაში, მოსარჩელე ტრ------ი გა----ეს მონაწილეობა არ მიუღია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ტრ------ი გა----ე და მოპასუხე ირ--ე გა----ე (ქორწინებამდელი გვარი ,,ხუ----ა“) დაქორწინდნენ 1991 წლის 8----–---. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ნა---- გა----ე (------------–-------------–--–-- და ვა---–- გა----ე (------------–-------------–--–--;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N3---------- (ტომი 1, ს.ფ. 44);

_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 2--- (ტომი 1, ს.ფ. 41);

_დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N81 (ტომი 1, ს.ფ. 42).

 

3.1.2. მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. მათ შორის უკიდურესად დამძიმებული ურთიერთობაა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 2016 წლის 21 აპრილს საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს ნაძალადევის მიმართულების I ოცეულის პატრულ-ინსპექტორის მიერ ტრ------ი გა----ის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 61-63).

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.3. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, I----------------------------------------–--------------------------------------------------------, საკუთრების უფლებით ირიცხება ირ--ე გა----ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 1--------- წელი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 24.02.2010 (ტომი 1, ს.ფ. 6-7).

 

3.1.4. მოსარჩელე ტრ------ი გა----ე და მოპასუხე ირ--ე გა----ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე. დღეის მდგომარეობით, სადავო საცხოვრებელ მისამართზე (მდებარე ქ. თბილისი, I----------------------------------------–---------------- ცხოვრობს მოპასუხე ირ--ე გა----ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.5. უძრავი ქონების შეფასების შესახებ აუდიტორული დასკვნის მიხედვით, შესაფასებლად წარმოდგენილი უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, I ს--------------------------------------–---------------, მთლიანი საბაზრო ფასი შეადგენს 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარს. საცხოვრებელი სახლი არის სარემონტო მდგომარეობაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_,,აუ-----------------------ს“ მიერ 21.06.2016 წლის შედგენილი აუდიტორული დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 40);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე მხარის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, I ს--------------------------------------–--------------- შეძენილია მხოლოდ მოპასუხე ირ--ე გა----ის ფულადი სახსრებით და მოსარჩელეს მის შეძენაში საერთოდ არ მიუღია არანაირი მონაწილეობა. მოპასუხე მიუთითებს, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი შეიძინა მან ნათესავების და თანამშრომლების დახმარებით. შეძენილი ქონება იყო საცხოვრებლად უვარგისი და მოპასუხემ ჩაატარა მცირედი სარემონტო სამუშაოები იმისათვის, რომ შეექმნა მინიმალურად დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობები. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის აღნიშნულ პოზიციას სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით, ვინაიდან ზეპირი განმარტების გარდა, მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მხოლოდ მის მიერ სადავო ქონების შეძენას და მხოლოდ მისი ფულადი სახსრებით სადავო სახლში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება აღნიშნულ გარემოებას და მიუთითებს, რომ ხსენებული უძრავი ნივთი შეძენილია მეუღლეთა საერთო სახსრებით, ერთობლივი საქმიანობის გაძღოლის შედეგად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 24.02.2010 (ტომი 1, ს.ფ. 6-7).

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.2. საცხოვრებელი სახლის შეძენის დროისათვის, მხარეები, ტრ------ი გა----ე და ირ--ე გა----ე ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. მათ შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობა არ შეიძლება წარმოადგენდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის წარმოშობის ხელისშემშლელ გარემოებას. მხარეები ცხოვრობნდნენ ერთ ოჯახად შვილებთან ერთად, რა დროსაც, შეძენილი და მოპასუხის სახელზე აღრიცხული იქნა სადავო ქონება. ამასთან, სამოქალაქო კანონმდებლობით, მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. მოცემულ საქმეზე მოწინააღმდეგე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სადავო გარემოებას უძრავი ნივთის მხოლოდ მოპასუხის კუთვნილი სახსრებით შეძენის თაობაზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი სადავო ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, I-------------------------------------, წარმოადგენს მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას, სადაც მეუღლეთა წილი თანაბარია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მოპასუხე ირ--ე გა----ემ ცნო სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;

 

4.2. სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხე ირ--ე გა----ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო მოსარჩელესთან საოჯახო სამართლებრივი ურთიერთობის, ქორწინების პერიოდში. შესაბამისად, მოსარჩელეს აქვს უძრავ ნივთზე თანასაკუთრების მოთხოვნის უფლება, რის გამოც ტრ------ი გა----ის სარჩელი სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 183-ე, 312-ე, 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1158-ე-1159-ე, 1164-ე, 1168-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

მოსარჩელე ტრ------ი გა----ეს და მოპასუხე ირ--ე გა----ეს შორის ქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 1991 წლის 8----–---. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი: ნა---- გა----ე (------------–-------------–--–-- და ვა---–- გა----ე (------------–-------------–--–--.

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მხარეებს, ტრ------ი გა----ეს და ირ--ე გა----ეს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. მათ შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობაა. მათი შვილები არიან სრულწლოვანები. ტრ------ი გა----ისა და ირ--ე გა----ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

მოპასუხე ირ--ე გა----ემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ საქმის მომზადების სტადიაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამდენად, სარჩელი ტრ------ი გა----ეს და ირ--ე გა----ეს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელემ მოითხოვა ირ--ე გა----ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, I-------------------------------------------–---------------------------------------------------------, 1/2 ნაწილის მესაკუთრედ აღიარება.

 

საერთო საკუთრების უფლების წარმოშობის ზოგადი დანაწესი მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლში, რომლის მიხედვით, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამავე კოდექსის 183-ე მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).

 

დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, I----------------------------------------–--------------------------------------------------------, საკუთრების უფლებით ირიცხება ირ--ე გა----ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 1--------- წელი. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლის შეძენის შემდეგ ჩატარდა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, სადავო სახლში ცხოვრობს მოპასუხე ირ--ე გა----ე. დაძაბული ურთიერთობის გამო, მოსარჩელე ტრ------ი გა----ეს არ ეძლევა საშუალება ფლობდეს და სარგებლობდეს აღნიშნული ქონებით.

საოჯახო სამართლებრივი ნორმები განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობათა წარმოშობას. განსახილველი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ამდენად, სამართლებრივი ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღებით ემსახურება სწორედ მეუღლეთა ურთიერთვალდებულებების სამართლიანი და ობიექტური ბალანსის უზრუნველყოფის მიზანს. უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ დავის არსებობის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისი საფუძველია ამ ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი, I-------------------------------------------–--------------- შეძენილია მხოლოდ მოპასუხის კუთვნილი სახსრებით და ამ ქონების შეძენაში მას დაეხმარნენ ნათესავები და თანამშრომლები. მოპასუხე განმარტავს, რომ მოსარჩელე ტრ------ი გა----ეს არ უმუშავია, არ ჰქონია შემოსავალი და მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია სადავო ქონების შეძენასა და შემდგომ სარემონტო სამუშაოების ჩატარებაში. დადგენილია, რომ მხარეებს შორის ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდშიც იყო დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობაა.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრ--ციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას სადავო უძრავ ქონებასთან მიმართებით, ვინაიდან ზეპირი განმარტების გარდა, მოპასუხე მხარეს არ აქვს წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მხოლოდ მის მიერ სადავო ქონების შეძენას და მხოლოდ მისი ფულადი სახსრებით სადავო სახლში სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება აღნიშნულ გარემოებას და მიუთითებს, რომ ხსენებული უძრავი ნივთი შეძენილია მეუღლეთა საერთო სახსრებით, ერთობლივი საქმიანობის გაძღოლის შედეგად. სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტება ვერ მიიჩნევა ამ მოცემულ საქმეზე სადავო გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად. სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების პერიოდში ქონების შეძენის ფაქტი ერთ-ერთი მეუღლის მიერ საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ აღნიშნულ ქონებაზე გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი. იმ გარემოების არსებობის დადასტურების შემთხვევაშიც კი, რომ სადავო ქონების შეძენისა და გაუმჯობესების ხარჯები მხოლოდ მოპასუხე ირ--ე გა----ის მიერ იქნა გაღებული, საფუძველს მოკლებულია. ვინაიდან სამოქალაქო კანანომდებლობით დადგენილია დანაწესი, რომლის მიხედვითაც, საერთო ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი (სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ამდენად, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების არსებობის პირობებშიც კი, სადავო უძრავ ქონებაზე უნდა გავრცელდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი, შეძენილია რა მეუღლეების, ტრ------ი გა----ის და ირ--ე გა----ის ერთ ოჯახად ცხოვრების და საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად.

 

დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობნდნენ ერთ ოჯახად შვილებთან ერთად, რა დროსაც, შეძენილი და მოპასუხის სახელზე აღრიცხული იქნა სადავო უძრავი ქონება. მათ შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობა არ შეიძლება წარმოადგენდეს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის წარმოშობის ხელისშემშლელ გარემოებას. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ირ--ე გა----ემ ვერ უზრუნველყო თავისი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია სადავო ქონებაზე განსხვავებულ საკუთრებითი რეჟიმის არსებობის თაობაზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი სადავო ქონება, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, I-------------------------------------, წარმოადგენს მეუღლეთა საერთო თანასაკუთრებას, სადაც მეუღლეთა წილი თანაბარია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. მართალია, ამ ეტაპზე მხარეები აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა, თუმცა სადავო ქონების შეძენის დროისათვის, მხარეები ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და ერთობლივად უძღვებოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას,ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებითა და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო უძრავი ქონება მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა მეუღლეების, ტრ------ გა----ის და ირ--ე გა----ის საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობის დროს, ქორწინების განმავლობაში. ამდენად, არსებობს უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, I----------------------------------------–--------------------------------------------------------, 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ მოსარჩელე ტრ------ი გა----ის აღიარების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხე ირ--ე გა----ემ ცნო სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ტრ------ი გა----ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 10 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და ასევე, უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე ზედმეტად გადახდილი თანხა - 60 (სამოცი) ლარი, ჯამში 110 (ას ათი) ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უძრავი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე ირ--ე გა----ეს ტრ------ი გა----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 240 (ორას ორმოცი) ლარის ანაზღაურება. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ირ--ე გა----ეს მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არ უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ პროცესის ხარჯი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც მისი სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას დაადასტურებდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 07 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა ტრ------ გა----ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოპასუხე ირ--ე გა----ეს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისი, პ------–--------------------------------------------------------------- – ½ ნაწილის გასხვისება, რაიმე სახის უფლებით დატვირთვა და განკარგვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ტრ------ი გა----ის სარჩელი ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების ½ ნაწილზე მესაკუთრედ აღიარების შესახებ დაკმაყოფილდა, სასამართლო არ აუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 ივლისის სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. დაკმაყოფილდეს ტრ------ი გა----ის (პირადი N0----------) სარჩელი:

 

1.1. შეწყდეს ქორწინება ტრ------ი გა----ესა (პირადი N0----------) და ირ--ე გა----ეს (პირადი N3----------) შორის რეგისტრირებული 1991 წლის 08----–---, გაუქმდეს ქორწინების სააქტო ჩანაწერი N38.

 

1.2. ცნობილ იქნეს ტრ------ი გა----ე (პირადი N0----------) უძრავი ქონების მდებარე თბილისში, I--------------------------------------------–-------------------------------------- – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

2. დაეკისროს ირ--ე გა----ეს (პირადი N3----------) ტრ------ი გა----ის (პირადი N0----------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის წარმომადგენლის ნა---–---------–-–---–ის (პირადი N5----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს ბ---------------–---", საგადახდო დავალება #1, მიმღები ანგარიში 3--------) 2016 წლის 10 ივნისს გადახდილის 350 (სამასორმოცდაათი) ლარიდან 240 (ორას ორმოცი) ლარის გადახდა.

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე ტრ------ი გა----ეს (პირადი N0----------) მისი წარმომადგენლის ნა---–---------–-–---–ის (პირადი N5----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს ბ---------------–---", საგადახდო დავალება #1, მიმღები ანგარიში 3--------) 2016 წლის 10 ივნისს გადახდილის 350 (სამასორმოცდაათი) ლარიდან 110 (ას ათი) ლარი;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე