გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20368-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - სს ,,მ-----------------------------–---------------------------–ი’’
წარმომადგენელი - კ------------------------
მოპასუხე - გ------------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 9 521.14 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 6 909.53 ლარი, სარგებელი - 1 022.77 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1 588.84 ლარი. (იხ. დაზუსტებული სასაჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი, ს.ფ. 1-14):
1.1.1. 2018 წლის 02 თებერვალს მხარეებს შორის დაიდო სესხის და ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის №I--------------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეს განესაზღვრა კრედიტის მაქსიმალური თანხა 12 400 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი მარკა/მოდელი - BMW 3-----, გამოშვების წელი - 2005, სახელმწიფო ნომერი - Q------, ტიპი/ფერი - კუპე, ლურჯი, VIN კოდი - W----------------;
1.1.2. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ სესხის სახით მიიღო 7 000 ლარი, 36 თვის ვადით, წლიური საპროცენტო განაკვეთი 45%. ამავე ხელშეკრულების თანახმად, განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.25%-ის ოდენობით;
1.1.3. მოპასუხეს 2018 წლის 5 მარტიდან ყოველთვიურად, 36 თვის განმავლობაში მისთვის უნდა გადაეხადა გრაფიკით დადგენილი თანხა, რომელიც მას დღემდე არ შეუსრულებია;
1.1.4. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება დარღვეულია 2018 წლის 5 აპრილიდან;
1.1.5. მოპასუხეს მის მიმართ ერიცხება დავალიანება 9 521.14 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 6 909.53 ლარი, სარგებელი - 1 022.77 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1 588.84 ლარი;
1.1.6. მის მიერ სესხზე დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო დაანგარიშებულია 92 დღის გათვალისწინებით;
1.1.7. ვინაიდან მოპასუხის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლის თანახმად, მიმართვის საფუძველზე გაიცა გირავნობის მოწმობა, რომელიც 2018 წლის 8 ივნისს აღსასრულებლად გადაეცა კერძო აღმასრულებელს, თუმცა სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლებელი გახდა მის მიერ გირავნობის საგნიდან მოთხოვნის დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 40-48, 2018 წლის 23 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი):
2.1.1. მართალია მასსა და მოსარჩელეს შორის 2018 წლის 02 თებერვალს დაიდო სესხის და გირავნობის ხელშეკრულება, მაგრამ მოგვიანებით - 2018 წლის 02 მარტს მასსა და დ---------------ს შორის ასევე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება;
2.1.2. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მან კუთვნილი ავტომობილი მარკა/მოდელი - BMW 3-----, მიჰყიდა დ---------------ს 8 000 ლარად, საიდანაც 1 000 ლარი მიიღო ხელზე პირადად, ხოლო დანარჩენი თანხის ფარგლებში დ---------------ს უნდა შეესრულებინა მისი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ. მასსა და დ---------------ს შორის აღნიშნული შეთანხმება გაფორმდა ნოტარიულად;
2.1.3. ის და დ--------------- 2018 წლის 04 მარტს მივიდნენ მოსარჩელესთან იმ მიზნით, რომ გაეფორმებინათ შეთანხმება და მომხდარიყო მისი ჩანაცვლება დ---------------თი, მაგრამ მოსარჩელემ გაუგებარი მიზეზების გამო არ მოახდინა ჩანაცვლება;
2.1.4. დ---------------მ მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის გამოც გაუფასურდა ავტომობილის ღირებულება;
2.1.5. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიუხედავად მასსა და დ---------------ს შორის წერილობით გაფორმებული შეთანხმებისა, დ---------------ს არ შეუსრულებია მოსარჩელის წინაშე ვალდებულება. აღნიშნულის მიუხედავად, მას არ უნდა დაეკისროს მოსარჩელის წინაშე პასუხისმგებლობა მასსა და დ---------------ს შორის არსებული შეთანხმებიდან გამომდინარე;
2.1.6. მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია, შესაბამისად, იგი უნდა შემცირდეს სასამართლოს მიერ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 02 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გირავნობის გენერალური ხელშეკრულება №I---------------, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს განესაზღვრა კრედიტის მაქსიმალური თანხა 12 400 ლარის ოდენობით, სესხის მოქმედების მაქსიმალურ ვადად კი განისაზღვრა 10 წელი. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაგირავდა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი მარკა/მოდელი - BMW 3-----, გამოშვების წელი - 2005, სახელმწიფო ნომერი - Q------, ტიპი/ფერი - კუპე, ლურჯი 7/8, VIN კოდი - W----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 15-19)
3.1.2. აღნიშნული №I--------------- გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ამავე თარიღში მხარეებს შორის დაიდო ავტო სესხის საკრედიტო №I----------------001 ხელშეკრულება. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, სესხის მთლიანი თანხის ოდენობა განისაზღვრა 7 000 ლარით, სესხის ვადა - 36 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 45%, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 58.53%, სესხის გაცემის საკომისიო - 70 ლარი, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.25%. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა მოპასუხის ვალდებულება თანხის ყოველთვიურად, შეთანხმებული გრაფიკით გადახდასთან მიმართებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, ხელშეკრულება, გრაფიკი (ს.ფ. 20-23)
3.1.3. მოპასუხის მიერ დარღვეულია 2018 წლის 02 თებერვლის სესხის ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება. მას 2018 წლის 05 აპრილიდან აღარ განუხორციელებია გადახდა ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.4. 2018 წლის 14 აპრილს და 2018 წლის 21 აპრილს მოპასუხეს ჩაბარდა წერილობითი გაფრთხილებები და განესაზღვრა დამატებითი ვადა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე.
2018 წლის 08 მაისს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გაეგზავნა წერილობითი მოთხოვნა გირავნობის საგნის ნებაყოფლობით გადაცემის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილებები (ს.ფ. 24-25)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2018 წლის 02 თებერვლის სესხის №I----------------001 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 9 521.14 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 6 909.53 ლარი, სარგებელი - 1 022.77 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1 588.84 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სადავოდ არ ხდის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტს, თუმცა მიუთითებს, რომ მასსა და დ---------------ს შორის შედგენილი ხელწერილით დ---------------მ იკისრა მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, მას არ უნდა დაეკისროს თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია 2018 წლის 02 მარტის ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი, რომლის თანახმადაც დ---------------მ აიღო ვალდებულება შეესრულებინა მოსარჩელის წინაშე მოპასუხე გ------------------–---–ის ვალდებულება, რის სანაცვლოდაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება თანხის მოსარჩელისთვის სრულად გადახდის შემდეგ გადაეფორმებინა მისი ავტომობილი დ---------------სთვის (ს.ფ. 49).
აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს, რომ იმისდა მიხედვით, თუ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის რომელი მხარის მიერ იდება ვალის გადაკისრების ხელშეკრულება, განასხვავებენ: 1. ვალის გადაკისრების ხელშეკრულებას კრედიტორსა და ახალ მოვალეს შორის (სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის პირველი ნაწილი) და 2. ვალის გადაკისრების ხელშეკრულებას ძველ და ახალ მოვალეებს შორის (სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი. შესაბამისად, აღნიშნული მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როდესაც ვალის გადაკისრებას ადგილი აქვს კრედიტორსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, სადაც ცალსახაა კრედიტორის ნება მესამე პირის მიერ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების თაობაზე. აღნიშნული გარიგების სამართლებრივი შედეგია ის, რომ მესამე პირი იკავებს მოვალის ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული გარიგებით თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება და შესაბამისად, კრედიტორს თავდაპირველი მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლება არ გააჩნია. შესაბამისად, მესამე პირსა და კრედიტორს შორის ურთიერთობის ვალის გადაკისრებად კვალიფიკაციის მიზნებისათვის აუცილებელია ცალსახად და არაორაზროვნად დადგინდეს კრედიტორის ნება მასზედ, რომ მესამე პირმა მოვალის ადგილი დაიკავოს.
ამავე კოდექსის 204-ე მუხლის თანახმად კი, თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული. სასამართლო მიუთითებს, რომ თუ პრივატული ვალის გადაკისრების ხელშეკრულება იდება ძველ და ახალ მოვალეებს შორის, ასეთი გარიგების სამართლებრივი ძალა მერყევ მდგომარეობაშია, ვინაიდან დამოკიდებულია კრედიტორის თანხმობაზე (სამოქალაქო კოდექსის 204-ე მუხლი). კრედიტორის თანხმობა შეიძლება განხორციელდეს როგორც წინასწარ ისე, შემდგომში (მოწონება). ამასთან მისი განცხადება ნებისმიერი ფორმით შესაძლებელია როგორც ძველი ისე, ახალი მოვალისათვის (სამოქალაქო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილი).
განსახილველ შემთხვევაში ვალის გადაკისრების ხელწერილი გაფორმებულია სწორედ მოვალესა (მოპასუხეს) და მესამე პირს (დ---------------ს) შორის, შესაბამისად, მისი ნამდვილობა დამოკიდებული იყო სწორედ კრედიტორის - მოსარჩელის თანხმობაზე, მის მიერ აღნიშნული ხელშეკრულების მოწონებაზე. წარმოდგენილ შესაგებელში კი მოპასუხე თავადვე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა მოპასუხის დ---------------თი ჩანაცვლებაზე. შესაბამისად, მოსარჩელემ არ მოიწონა მოვალესა და მესამე პირს შორის დადებული გარიგება, რის შედეგადაც კვლავ მოპასუხეა პასუხისმგებელი მოსარჩელის მიმართ მასთან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და არა დ---------------. ამასთან, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება დავალიანების ოდენობასთან მიმართებით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 02 თებერვლის სესხის №I----------------001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ გადასახდელი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 9 521.14 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 6 909.53 ლარი, სარგებელი - 1 022.77 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1 588.84 ლარი.
3.2.2. 2018 წლის 02 თებერვლის სესხის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1 588.84 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული. მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 300 ლარით და მოპასუხეს იგი უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, სესხის მთლიანი თანხის ოდენობა განისაზღვრა 7 000 ლარით, სესხის ვადა - 36 თვე, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 58.53%, სესხის გაცემის საკომისიო - 70 ლარი, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირი თანხის 0.25%.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის და შესაბამისად დადგენილია სასამართლოს მიერ მოპასუხის მხრიდან 2018 წლის 02 თებერვლის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხე მხარე ითხოვს მის შემცირებას, რადგან მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული და არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ 2018 წლის 02 თებერვლის ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული, შესაბამისად, არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება ,,pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 06.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. ამასთამ, პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
როგორც უკვე აღინიშნა, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების ,,მნიშვნელოვანი’’, თუ ,,უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).
პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 1 588.84 არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა შესაბამისი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით, რაც შეადგენს 300 ლარს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 254-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად კი, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი/ან და არამოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია სესხის ხელშეკრულების და მის უზრუნველსაყოფად გაფორმებული გირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელმა გ------------------–---–მა დაარღვია 2018 წლის 02 თებერვლის სესხის ხელშეკრულების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხის ძირი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6 909.53 ლარს, შესაბამისად, მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 6 909.53 ლარის გადახდა.
6.3. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე დარიცხული სარგებელი შეადგენს 1 022.77 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო მიუთითებს, რომ პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი ,,დაკავებისათვის’’. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. ვინაიდან დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის ძირი თანხის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, ასევე საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის მოთხოვნილი სარგებლის - 1 022.77 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეამციროს არაგონივრული პირგასამტეხლო.
სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულად მიიჩნია, პირგასამტეხლოს შემცირება და მისი განსაზღვრა 300 ლარით.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ წარმოეშვა არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების, არამედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს - 300 ლარის დაკისრების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 291.64 ლარი (ს.ფ. 36). სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 285.63 ლარი, შესაბამისად მას უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას ზედმეტად გადახდილი 6 ლარი. ამასთან, ვინაიდან, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 86.46%, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 247 ლარის ანაზღაურება, სარჩელზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოთხოვნილი გირავნობის მოწმობის საფასურის - 50 ლარის და სააღსრულებო წარმოების საფასურის -125.40 ლარის გადახდა (ს.ფ. 30).
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,მ-----------------------------–---------------------------–ის’’ სარჩელი მოპასუხე გ------------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე გ------------------–---–ს მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–---------------------------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა - 6 909.53 ლარის, პროცენტი - 1 022.77 ლარის და პირგასამტეხლო 300 ლარის ოდენობით;
3. მოპასუხე გ------------------–---–ს მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–---------------------------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 247 ლარის ოდენობით.
4. მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–---------------------------–ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 6 ლარი, რომელიც გადახდილია 06/07/2018 წლის №0 საგადახდო დავალებით შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150; სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხე გ------------------–---–ს მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–---------------------------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს გირავნობის მოწმობის საფასურის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით;
6. მოპასუხე გ------------------–---–ს მოსარჩელე სს ,,მ-----------------------------–---------------------------–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სააღსრულებო წარმოების საფასურის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი