გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001782184
№2-256/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - კ-----------------
წარმომადგენელი - შ---------------
მოპასუხე - ნ----------–---–--
წარმომადგენელი - ლ------–--–------------------
დავის საგანი - ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების გასხვისებით მიღებული შემოსავლიდან წილის მიკუთვნება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ----------–---–--ს დაეკისროს კ-----------------ს სასარგებლოდ 12 000 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელში მითითებულია, რომ 2016 წლის 27 აპრილს კ-----------------ს მეუღლემ ნ----------–---–--მ გაყიდა ქორწინების პერიოდში შეძენილი ბინა, მდებარე ქ. ბათუმი, ტ---–--------–--ის ქN42, ბინაN62ა-ში. მოსარჩელის მტიცებით ბინის გაყიდვის მომენტში მოპასუხესთან ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილი ქონდა, რითაც ბოროტად ისარგებლა ნ----------–---–--მ და მისგან მალულად 34000 შშ დოლარად მიყიდა ბინა მ--------------ეს.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ზ/აღმიშნული ბინა შეიძინა 2012 წლის 08 ოქტომბერს 27 747 აშშ დოლარად, საიდანაც 17 000 აშშ დოლარი აჩუქეს მშობლებმა, ხოლო 11000 აშშ დოლარი სესხის სახით გამოტანილი იქნა სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიადან“. ვინაიდან სესხის აღების მომანტში მას და მის მეუღლეს ქონდათ უარყოფითი საკრედიტო ისტორია, სესხი გამოტანილი იქნა ჟ--–--------–--ის სახელზე და ბინაც მის სახელზე იქნა შეძენილი. ამჟამად კი ჟ--–--------–--ემ და ნ----------–---–--მ მასთან შეთანხმების გარეშე გაყიდეს ბინა და არანაირი სარგებელი მას არ მისცეს.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე კ-----------------მ სარჩელი თავდაპირველად აღძრა ნ----------–---–--ს და ჟ--–--------–--ის მიმართ და მოითხოვა სოლიდარულად მათზე 12000 აშშ დოლარის დაკისრება. სასამართლოს მთავარ სხდომაზე კი ჟ--–--------–--ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში უარი თქვა სარჩელზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ----------–---–-- სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მართალია ქ. ბათუმი, ტ---–--------–--ის ქN42-ში მდებარე ბინა N62ა შეძენილი იქნა ქორწინების განმავლობაში და იგი აღრიცხული იქნა ჟ--–--------–--ის სახელზე, შესაბამისად სესხიც გამოტანილი იყო ჟ--–--------–--ის სახელზე, მაგრამ ვინაიდან ვეღარ ხდებოდა სესხის თანხების გადახდა და ოჯახს დამატებით კიდევ გააჩნდა სხვადასხვა ვალები, რაც გამოწვეული იყო სწორედ მოსარჩელის ბრალით, ამიტომ იძულებული გახდა გაეყიდა ბინა, რომლიდან მიღებული თანხითაც სრულად დაიფარა ამავე ბინით უზრუნველყოფილი ის სესხი, რომელიც გამოტანილი იყო ჟ--–--------–--ის სახელზე, ასევე დაიფარა კერძო მევახშეების და სხვა ოჯახში დაგროვილი ვალები, რომელიც დაგროვილი იყო სწორედ კ-----------------ს ოჯახში ცხოვრების პერიოდში და დაგროვდა კიდევ მისი წასვლის შემდეგ. ასევე დაიფარა შვილების უმაღლესში სწავლის გადასახადები, რომლის გადახდაშიც მოსარჩელე მონაწილეობას არ იღებდა, დაიფარა მაკლერის მომსახურების თანხები. მოპასუხე განმარტავს, რომ სწორედ მოსარჩელის მიერ დაგროვილი ვალების გამო მოუხდა ბინის გაყიდვა, მოსარჩელემ კი მიატოვა ოჯახი და წავიდა. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. კ----------------- და ნ----------–---–-- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1993 წლის 21 ოქტომბრიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: გ------------ა და ა------------, რომლებიც ამჟამად სრულწლოვნები არიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ქორწინების მოწმობა.
- მოწმეთა ჩვენება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, კ----------------- და ნ----------–---–-- დღემდე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა 2015 წლიდან და ისინი ამჟამად ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მოწმეთა ჩვენება.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2012 წლის 4 ოქტომბერს ჟ--–--------–--ესა და სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ შორის გაფორმებული იქნა სესხის ხელშეკრულება, ამავე დღეს სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიასა“ და შპს „ც--------–ს“ შორის გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჟ--–--------–--ის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „ც--------–ის“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, დებარე ქ. ბათუმი, ტ---–--------–--ის ქN42, ბინა N62ა-ში.
2012 წლის 08 ოქტომბერს კი შპს „ც--------–სა“ და ჟ--–--------–--ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ჟ--–--------–--ემ შპს „ც--------–ისაგან“ შეიძინა მისი სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმში, ტ---–--------–--ის ქN42, ბინა N62ა-ში 47 750 აშშ დოლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- საკრედიტო ხელშეკრულება, 04.10.2012წ.
- იპოთეკის ხელშეკრულება.04.10.2012წ
- ნასყიდობის ხელშეკრულება. 08.10.2012წ.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
3.2.3. სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ მართალია ქ. ბათუმში, ტ---–--------–--ის ქN42, ბინა N62ა-ში მდებარე უძრავი ქონება შეძენილი იქნა ჟ--–--------–--ის მიერ სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიადან“ გამოტანილი იპოთეკური კრედიტის თანხით და აღნიშნული ბინაც აღირიცხა ჟ--–--------–--ის საკუთრებაში, მაგრამ მისი შეძენის შემდეგ აღნიშნულ ბინაში ფაქტობრივად ცხოვრობდნენ კ----------------- და ნ----------–---–-- შვილებთან ერთად. ასევე დადგენილია, რომ ჟ--–--------–--ის სახელზე სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიადან“ გამოტანილი სესხის თანხის დაფარვას ახორციელებდა ნ----------–---–--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მოწმეთა ჩვენება.
- ამონაწერი ანგარიშიდან.
3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ჟ--–--------–--ის სახელზე 2012 წლის 08 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, ტ---–--------–--ის ქN42, ბინა 62ა-ს შეძება მოხდა მისი მშობლების მიერ ნაჩუქარი თანხით.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მოწმეთა ჩვენება.
- საკრედიტო ხელშეკრულება, 04.10.2012წ.
- იპოთეკის ხელშეკრულება.04.10.2012წ
- ნასყიდობის ხელშეკრულება. 08.10.2012წ.
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
3.2.5. სასამართლო იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ კ-----------------ს და ნ----------–---–--ს ოჯახს ერთად ცხოვრების პერიოდში დაუგროვდა დიდი ოდენობით ვალდებულებები, რაც ძირითადად გამოწვეული იყო მოსარჩელე კ-----------------ს მიერ აღებული სესხის თანხებით, ასევე მის მიერ განხორციელებული სამართალდარღვევების, ძირითადად ავტოავარიების შედეგად გამოწვეული ზიანით, რომელთა ანაზღაურებაც ოჯახს უწევდა შემდგომში სხვადასხვა პირებისაგან აღებული სესხის თანხებით. ასევე დადგენილია, რომ ძირითადად ოჯახში შემოსავალი ქონდა მოპასუხე ნ----------–---–--ს, რომლის ყოველთვიურ ხელფასს შეადგენდა 700 ლარი, საიდანაც ასევე უწევდათ ჟ--–--------–--ის სახელზე გამოტანილი სესხის თანხის დაფარვაც, რაც შეეხება კ-----------------ს, დადგენილია, რომ იგი ბოლო პერიოდში იყო უმუშევარი და გამოწვეული ვალების გამო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარებაში. მხარეები ასევე სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ოჯახს გაკვეულ დახმარებას უწევდნენ კ-----------------ს მშობლებიც, რომლებიც ცალკე ცხოვრობდნენ.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული ვალდებლებების გამო კ-----------------მ და ნ----------–---–--მ ვეღარ შეძლეს ჟ--–--------–--ის სახელზე გამოტანილი სესხის თანხის დაფარვა, რის გამოც დარღვეული იქნა ჟ--–--------–--ის სახელზე გამოტანილი სესხის დაფარვის გრაფიკი და შეიქმნა რეალური საფრთხე იმისა, რომ ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და რომელიც ირიცხებოდა ჟ--–--------–--ის სახელზე შესაძლოა გაყიდულიყო აუქციონზე. აღნიშნულს ადასტურებს ჟ--–--------–--ეც, რომელიც განმარტავს, რომ მას არაერთხელ მოუვიდა ბანკიდან წერილები ვალდებულების დაფარვის თაობაზე, რაზედაც ყოველთვის აფრთხილებდა ნ----------–---–--ს და კ-----------------ს, რომ დაეფარათ დავალიანებები.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ყოველივე ზ/აღიშნულის გამო ძალიან მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩავარდა ოჯახი, რაც ვერ აიტანა კ-----------------მ, ამას დაემატა მასა და ნ----------–---–--ს შორის ურთიერთობის დაძაბვა, რის გამოც კ----------------- წავიდა ოჯახიდან. როგორც მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი კ-----------------ს წერილით დგინდება, მისი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნა გამოწვეული იყო სწორედ მის მიერ აღებული ვალების გამო და აღნიშნული წერილით იგი ბოდიშს უხდიდა ოჯახს მის მიერ მათი ასე მძიმე მდომარეობაში ჩავარდნის გამო და სთხოვდა მოპასუხე ნ----------–---–--ს, რომ ყველა მევალეებისათვის გადაეხადა თანხა და „ერთი თეთრი“ არ მოეკლო.
დადგენლია, რომ კ----------------- ოჯახიდან წავიდა 2015 წელს და მას შემდეგ არანაირ მზრუნველობას აღარ იჩენდა ოჯახის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ჟ--–--------–--ის ახსნა-განმარტება.
- მოწმეთა ჩვენება.
- ნ----------–---–--ს ხელფასის შესახებ ცნობა.
- კ-----------------ს წერილი.
3.2.6. 2016 წლის 22 აპრილს ჟ--–--------–--ემ ნ----------–---–--სთან შეთანხმებით გაყიდა ქ. ბათუმში, ტ---–-----------ის ქN42, ბინა N62ა-ში მდებარე მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება და იგი მიყიდა მ--------------ეს 34 000 აშშ დოლარად.
დადგენილია, რომ ბინის ნასყიდობის თანხით სრულად დაიფარა ჟ--–--------–--ის სახელზე სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიადან“ გამოტანილი სესხის თანხა, მათ შორის როგორც ძირი დავალიანება, ისე საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო, ხოლო დარჩენილი თანხა აიღო ნ----------–---–--მ.
სასამართლო იზიარებს მოპასუხე ნ----------–---–--ს განმარტებებს იმის თაობაზე, რომ მის მიერ ბინის გაყიდვის შემდეგ სრულად დაიფარა ოჯახში არსებული საერთო ვალები, ასე დაიფარა კ-----------------ს ოჯახში ცხოვრების დროს მის მიერ დატოვებული ვალებიც და მისი წასვლის შემდეგ არსებული ვალდებულებებიც, მათ შორის როგორც კერძო მევალეების თანხები, ასევე დაიფარა მათი შვილის ა------------ს სწავლის დარჩენილი გადასახედები.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბინის გაყიდვის შემდეგ ნ----------–---–--ს და მის შვილებს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდათ, ხოლო ვალდებულებების დაფარვის შემდეგ საკმარისი თანხა აღარ დარჩათ, ამიტომ ნ----------–---–--მ დამატებით კიდევ ისესხა მისი მეგობრის თეა გოგიტიძისაგან თანხა 5000 აშშ დოლარი, მას დაამატა ბინის გაყიდვიდან დარჩენილი თანხაც და 2016 წლის 27 აპრილს გააფორმა მ------------ესთან 12 000 აშშ დოლარზე ორი წლის ვადით სესხის, ბინით სარებლობისა და იპოთეკის ხელშეკრულება და გადავიდა აღნიშნულ ბინაში საცხოვრებლად შვილებთან ერთად. ასევე დადგენილია, რომ შედგომში ზ/აღნიშნული ბინის დატოვებაც მოუხდა ნ----------–---–--ს და 2016 წლის ცამეტ ოქტომბერს დადო ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ს-----–----------–--ეთან, რომლითაც სესხის თანხა განისაზღვრა 11000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ჟ--–--------–--ის ახსნა-განმარტება.
- ამონაწერი სს „ვითიბი ბაკი ჯორჯიადან“ ჟ--–--------–--ის გადახდების ისტორიის შესახებ.
- მოწმეების ჩვენება.
- სესხის, ბინით სარგებლობის და იპოთეკის ხელშეკრულება. 27.04.2016წ.
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილები.
3.2.7. კ-----------------მ თავდაპირველად სარჩელი აღძრა ჟ--–--------–--ის და ნინო კირცხალიას მიმართა და მოითხოვა ქ. ბათუმი, ტ---–--------–--ის ქN42, ბინა 62ა-ში მდებარე უძრავი ქონების დაყიდვის და სასესხო ვალდებლების დაფარვის შემდეგ გარჩენილი თანხიდან მათზე სოლიდარულად 12 000 აშშ დოლარიდ დაკისრება. შემდგომში მოსარჩელემ ჟ--–--------–--ის ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ უარი თქვა ჟ--–--------–--ის მიმართ მოთხოვნაზე, რის გამოც ჟ--–--------–--ის მიმართ საქმის წარმოება სასამართლოს მთავარ სხდომაზე შეწყდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- დასარჩელო განცხადება
- საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (იხ. სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ კ-----------------ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე, 312-ე, 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1160, 1164-ე, 1169-ე და 1170-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის მიხედვით, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზით არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
აღნიშნული ნორმის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრებად აღიარებულია ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთ მეუღლეს საპატიო მიზეზის გამო არა აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, უვლის შვილებს, ეწევა საოჯახის საქმიანობას. ამდენად, ამ ნორმის მიხედვით ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნებისათვის. ამ ნორმის მიზანია ოჯახის ინტერესების დაცვა, ამიტომ დავის არსებობის დროს ქორწინების რეგისტრაციის განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი საკმარისია, რათა ეს ქონება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად.
გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ტ---–-----------ის ქN42-ში მდებარე ბინა N62ა მართალია შეძენილი იქნა კ-----------------სა და ნ----------–---–--ს შორის რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, თუმცა დადგენილია, რომ ბინა საჯარო რეესტრში აღირიცხა არა კ-----------------ს ან ნ----------–---–--ს საკუთრებაში, არამედ იგი საჯარო რეესტრში აღრიცხული იქნა ჟ--–--------–--ის საკუთრებაში. ასევე დადგენილია, რომ ზ/აღნიშნული ბინის ნასყიდობის საფასურის ნაწილის დაფარვა მოხდა სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიადან“ ჟ--–--------–--ის მიერ 2012 წლის 4 ოქტომბერს გამოტანილი სესხის თანხით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით, შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სამოქალაქო კოდექსის 1160–ე მუხლი მეუღლეთა საერთო ქონების განკარგვისათვის აუცილებლად მიიჩნევს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. ამდენად, ამგვარი შეთანხმების არარსებობის პირობებში, ერთ–ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვა წარმოადგენს კანონის დარღვევით დადებულ გარიგებას და იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. სამოქალაქო კოდექსის 1160–ე მუხლი მეუღლეთა შეთანხმების არარსებობის პირობებში ერთ–ერთი მეუღლის მიერ ქონების განკარგვისას იცავს შემძენის ინტერესებს და ადგენს, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ, ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლით დაცულია შემძენის ინტერესი იმ მეუღლის პრეტენზიისაგან, რომელიც საჯარო რეესტრში ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული არ იყო, თუმცა, მას, აღნიშნული უფლება გააჩნდა რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ქონების შეძენის საფუძვლით. ამგვარ სამართალურთიერთობაში, ნიშანდობლივია იმ საკითხის გარკვევა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლი იცავს ყველა შემძენს, მიუხედავად კეთილსინდისიერებისა, თუ მხოლოდ კეთილსინდისიერ შემძენს. მითითებული საკითხის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის განხილვა ამავე კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებთან ერთობლიობაში. სამოქალაქო კოდექსის 185–ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ სადაო ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრის მონაცემებით არც ერთი მეუღლე არ იყო რეგისტრირებული, თუმცა მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ქონება შეძენილი იქნა მათი თანხებით და ჟ--–--------–--ის მიერ სს „ვიბითი ბანკი ჯორჯიადან“ გამოტანილი სესხის თანხის დაფარვასაც ახორციელებდნენ ნ----------–---–-- და კ-----------------.
ასევე დადგენილია, რომ ზ/აღნიშნული უძრავი ქონების გაყიდვის და ჟ--–--------–--ის სახელზე გამოტანილი სასხის თანხების დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხები მიიღო ნ----------–---–--მ, რომელმაც აღებული თანხებით გადაიხადა როგორც მისი და კ-----------------ს ერთად ცხოვრების პერიოდში დაგროვილი საერთო ვალები, ასევე გადაიხადა ის ვალებიც, რომელიც დააგროვა თავად კ-----------------მ ერთად ცხოვრების პერიოდში, რაც გახდა ასევე მისი ოჯახიდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზიც და რომლის გადახდასაც სთხოვდა კ----------------- ნ----------–---–--ს წერილში. ასევე დადგენილია, რომ ზ/აღნიშნული თანხიდან მოხდა შვილის სწავლის გადასახადის დაფარვა და დარჩენილი თანხით ნ----------–---–--ს მიერ მოხდა ბინის სარგებლობისათვის ფართის აღება, რომელიც ნ----------–---–--ს და მის ოჯახს ესაჭიროება საცხოვრებლად და რომელშიც ასევე შედის ოჯახის საჭიროებისათვის კიდევ დამატებით აღებული ვალდებულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის თანახმად - მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. ამავე კოდექსის 1170-ე მუხლის თანახმად - ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული,გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. ერთ-ერთი მეუღლის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას მეუღლეთა თანასაკუთრებიდან გადახდევინება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუკი განაჩენით დადგინდება, რომ ეს ქონება შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად მიღებული სახსრებით.
ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მეუღლეთა საერთო ვალები იყოფა მეუღლეთა შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთი აღიარებითი მოთხოვნის იურიდიული ინტერესი აქვს იმ მეუღლეს, რომელმაც აიღო ვალი და მას აწევს ვალის გასტუმრების ვალდებულება. ასეთი მოთხოვნის პირობებში უნდა დადგინდეს ვალი აღებულია თუ არა ოჯახის ინტერესებისთვის და არის თუ არა სახეზე მეუღლეთა საერთო ვალის კვალიფიკაციის საფუძველი. ასევე მოთხოვნის უფლების მქონეა კრედიტორი, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს სესხის დაბრუნება მეუღლეებისაგან, ან ერთ-ერთი მათგანისაგან, რომელიც წარმოადგენს მის წინაშე პასუხისმგებელ პირს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ დავაში დადგენილია, რომ კ-----------------ს გარდა ოჯახის საერთო საჭიროებისათვის აღებული ვალდებულებისა გააჩნდა ასევე სხვა პირადი ვალებიც, რომლის გადახდაც მოხდა სწორედ ნ----------–---–--ს მიერ ბინის გაყიდვის შედეგად დარჩენილი თანხიდან, სასამართლო თვლის, რომ კ-----------------ს აღარ აქვს დარჩენილი თანხიდან წილის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებით ილახება მეორე მეუღლის ქონებრივი უფლებები, ვინაიდან მას უწევს არამარტო ვალების დაფარვა, არამედ დამატებით მეუღლისათვის თანხის გადახდაც. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-----------------ს სარჩელი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6.4. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთი პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, კ-----------------ს სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 969,20 ლარის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კ-----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შესაბამისად არ არსებობს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და სხვა საპროცესო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელე კ-----------------ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ ზ/აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე უნდა გაუქმდეს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, კერძოდ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის №2/ბ-483-2017 განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აეკრძალა ს-----–----------–--ეს 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის N161189471 ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის 11000 აშშ დოლარის მოპასუხე ნ----------–---–--სათვის გადაცემა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე და 1991-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. არ დაკმაყოფილდეს კ-----------------ს სასარჩელო მოთხოვნა.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის №2/ბ-483-2017 განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აეკრძალა ს-----–----------–--ეს 2016 წლის 13 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის N161189471 ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის 11000 აშშ დოლარის მოპასუხე ნ----------–---–--სათვის გადაცემა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე