გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/8357-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე: შპს ,,დუ-------------------ა“
წარმომადგენელი: სო------------------–---–ი
მოპასუხე: თა-----–------–---–ი
წარმომადგენელი: გი-------------–---–ი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. თა-----–------–---–ს შპს ,,დუ-------------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურების სახით 4000 ლარის გადახდა.
1.2. თა-----–------–---–ს შპს ,,დუ-------------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 4 400 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 01 თებერვლიდან 2017 წლის 14 ივნისამდე თა-----–------–---–ი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს ,,დუ-------------------ა“-სთან. აღნიშნული შრომითი ურთიერთობის პერიოდში თა-----–------–---–მა რამდენჯერმე უხეშად დაარღვია მასზე შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით და კომპანიის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულება და მიიღო წერილობითი გაფრთხილებები დამსაქმებლისგან. აღნიშნულმა უხეშმა დარღვევებმა გამოიწვია კომპანიის დაზარალება და საქმიანობის შეფერხება. ამასთანავე, თა-----–------–---–ი გაფრთხილებული იყო, რომ სამ გაფრთხილებაზე მეტის მიღების შემთხვევაში, იგი განთვისუფლდებოდა სამსახურიდან.
2017 წლის 07 ივნისს თა-----–------–---–ის მიერ შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობითა და კომპანიის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეშმა დარღვევამ გამოიწვია შპს ,,დუ-------------------ა“-ს დაჯარიმება 12 000 ლარით.
ვინაიდან თა-----–------–---–მა მიიღო მე-3 გაფრთხილება 2017 წლის 14 ივნისს შრომითი ხელშეკრულებისა და შრომითი კანონმდებლობის უხეში დარღვევის გამო, ასევე მის მიერ ამ დარღვევის შედეგად კომპანიისათვის მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, თა-----–------–---–სა და შპს ,,დუ-------------------ა“-ს შორის შეწყდა შრომითი ხელშეკრულება და მის საფუძველზე გაფორმებული ყველა შეთანხმება/დანართი.
თანხის დაკისრების შემდეგ, შპს ,,დუ-------------------ამ“ საკუთარი სახსრებით და რესურსებით უზრუნველყო საჩივრის დაწერა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რათა მაქსიმალურად შეემცირებინა მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანი. ზიანის შემცირება მოხდა მინიმუმამდე და განისაზღვრა 4000 ლარით. დაკისრებული თანხა წარმოადგენს სწორედ იმ პირდაპირ ზიანს, რაც განიცადა მოსარჩელემ მოპასუხის ქმედებების გამო.
გარდა ამისა, თა-----–------–---–ის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევის, მის მიერ კომპანიისათვის მიყენებული ზიანის შემცირების, მოპასუხის მიერ წარდგენილ სარჩელზე იურიდიული მომსახურების გაწევის და თა-----–------–---–ზე ზიანის ანაზღაურების დაკისრების მიზნით, კომპანია იძულებული გახდა მიემართა იურიდიული მომსახურებისათვის, იურიდიული კომპანია შპს ,,ე-–-----------ის“. ამ მომსახურების მიღების მიზნით, კომპანიამ დამატებით გასწია ხარჯი 4 400 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს იმ ზიანს, რომელიც დამატებითი ხარჯის გაწევის სახით მიადგა შპს ,,დუ-------------------ა“-ს და იგი ექვემდებარება ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსის მიერ ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ზოგადი ნორმების საფუძველზე.
(იხ. დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 47-52).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე თა-----–------–---–ის წარმომადგენელმა თ-------------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, თა-----–------–---–სა და შპს ,,დუ-------------------ას“ შორის წარმოებულ დავაზე, რომელიც ეხება სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობას, სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 18 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ თა-----–------–---–ის მხრიდან შრომითი ურთიერთობის უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად სამსახურიდან გათავისუფლება პროპორციულ ღონისძიებად არ მიიჩნია. რაც შეეხება სამართალდარღვევის ოქმს, მასში საუბარია ვარაუდზე, რომ არარსებული პასპორტის ნომერი იქნა მითითებული. შესაბამისად, ცალსახად არ არის დადგენილი, რომ არაუფლებამოსილ პირზე გაიყიდა პროდუქცია.
გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი არ არის შრომის ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა დასაქმებულ თა-----–------–---–ის უფლება-მოვალეობები.
(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 75-78).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,დუ-------------------ა“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების ოპერირებას საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, კერძოდ, წ-----–--------, ვალის, სადახლო და სარფის ტერიტორიაზე. კომპანია, ისევე როგორც მისი თანამშრომლები, საქმიანობის განხორციელებისას ექვემდებარიებიან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სპეციალურ წესებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 18-20);
- შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ბრძანებები თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (ს.ფ. 21-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 01/02/2014წ. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით, თა-----–------–---–ი მუშაობდა შპს ,,დუ-------------------ა“-ში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.
01/02/2015 წელს შპს ,,დუ-------------------ა“-სა და თა-----–------–---–ს შორის დადებული შეთანხმებით ცვლილებები შევიდა 01/02/2014 წლის შრომის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 01 მარტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (ს.ფ. 28-29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. შპს ,,დუ-------------------ა“-ს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანებით, მოპასუხესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების უხეში და არაერთჯერადი დარღვევის გამო, რაც გამოიხატა: ა) 2016 წლის 06 თებერვალს ინფორმაციის დამალვაში ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ სამუშაო ადგილის თვითნებურად დატოვების შესახებ, რამაც კომპანიის დაზარალება და საქმიანობის შეფერხება გამოიწვია; ბ) 2017 წლის 22 აპრილს, ორი საათის განმავლობაში სალარო აპარატის გარეშე მუშაობაში; გ) 2017 წლის 07 ივნისს, ს.გ.პ. ,,წ-----–-----ზე“ არაუფლებამოსილ პირზე (არარსებული საპასპორტო მონაცემებით) 3 ბლოკი სიგარეტის მიყიდვაში, რამაც გამოიწვია კომპანიის დაჯარიმება 12000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება (ს.ფ. 34-35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 07 ივნისს შედგა N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი ,,D----------------” დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 290-ე მუხლის მე-2 ნაწილით 12 000 ლარით.
სამართლადარღვევის ოქმის თანახმად, 2017 წლის 07 ივნისს ს.გ.პ ,,წ-----–-----ზე“ არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტ ,,D----------------” უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მოხდა 3 ბლოკი სიგარეტი ,,PARLAMENT SILVER BLUE”-ს გაყიდვა არაუფლებამოსილ პირზე და შესაბამისი ჩეკის N---------- ბეჭვდა, ჩეკში მითითებული ნომრის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ჩეკზე - Buyer Passport# - ადგილზე დატანილი პასპორტის ნომრით საქართველოში შემოსავლის ან გასვლის მიზნით პირის კვეთა არ ფიქსირდებოდა (სავარაუდოდ არარსებული პასპორტის ნომერი), რაც საქართველოს მთავრობის N471 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო საგადასახადო კოდექსი ჯარიმას ითვალისწინებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 32-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის N----- ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს ,,დუ-------------------ას“ საჩივარი და შეტანილი იქნა ცვლილება 2017 წლის 07 ივნისის N-------- საგადასახადო სამართალდარღევის ოქმში - შპს ,,დუ-------------------ას“ ქმედება ნაცვლად სსკ-ის 290-ე მუხლის მე-2 ნაწილისა დაკვალიფიცირდა სსკ-ის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხოლო დაკისრებული ჯარიმა 12 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 4000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის N----- ბრძანება (ს.ფ. 63-66);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება დამატებითი ხარჯის სახით 4400 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით უტყუარად არ არის დადასტურებული, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
როგორც აღინიშნა, საქმე ეხება შპს ,,დუ-------------------ა“-ს მხრიდან დამატებითი ხარჯის სახით 4400 ლარის გაწევას. მოსარჩელე განმარტავს, რომ თა-----–------–---–ის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევის, მის მიერ კომპანიისათვის მიყენებული ზიანის შემცირების, მოპასუხის მიერ წარდგენილ სარჩელზე იურიდიული მომსახურების გაწევის და თა-----–------–---–ზე ზიანის ანაზღაურების დაკისრების მიზნით, კომპანია იძულებული გახდა მიემართა იურიდიული მომსახურებისათვის, იურიდიული კომპანია შპს ,,ე-–-----------ის“. ამ მომსახურების მიღების მიზნით, კომპანიამ დამატებით გასწია ხარჯი 4 400 ლარის ოდენობით, რომელიც არ იქნებოდა გაწეული თა-----–------–---–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული ხარჯი წარმოადგენს იმ ზიანს, რომელიც დამატებითი ხარჯის გაწევის სახით მიადგა შპს ,,დუ-------------------ა“-ს და იგი ექვემდებარება ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსის მიერ ზიანის ანაზღაურების მარეგულირებელი ზოგადი ნორმების საფუძველზე.
მოსარჩელემ ხარჯის გაწევის დადასტურების მიზნით წარმოადგინა 2017 წლის 07 ივლისის საგადახდო დავალება, რომლის მიხედვითაც შპს ,,ე-–-------“-ს საბანკო ანგარიშზე შპს ,,დუ-------------------ა“-ს მიერ ჩაირიცხა 4400,60 ლარი. გადახდის დანიშნულებაში მითითებულია ინვოისი 17-17 30.06.2017;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავო არ ხდიან, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის N----- ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს ,,დუ-------------------ას“ საჩივარი და შეტანილი იქნა ცვლილება 2017 წლის 07 ივნისის N-------- საგადასახადო სამართალდარღევის ოქმში, კერძოდ შპს ,,დუ-------------------ას“ ქმედება ნაცვლად სსკ-ის 290-ე მუხლის მე-2 ნაწილისა დაკვალიფიცირდა სსკ-ის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხოლო დაკისრებული ჯარიმა 12 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 4000 ლარით.
თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ იურიდიული კომპანია შპს ,,ე-–-------“-სთან დავალების ხელშეკრულების გაფორმება ემსახურებოდა სსიპ შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარმოებას. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის ბრძანებით ვერ ხდება საჩივრის წარმდგენი პირის შპს ,,დუ-------------------ა“-ს წარმომადგენლის იდენტიფიცირება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ არც შესაბამისი მინდობილობა იქნა წარმოდგენილი, რომელიც სადავო პერიოდში, სსიპ შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის დროს, გაცემული იქნებოდა იურიდიული კომპანია შპს ,,ელ ფი ეს“-ის იურისტების სახელზე.
რაც შეეხება დამატებითი ხარჯის გაწევის დადასტურების მიზნით წარმოდგენილ საბანკო ქვითარს, სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდის დანიშნულებაში მითითებული ინვოისის შინაარსი გაურკვეველია და კონკრეტულად არ არის მითითებული თუ რომელი სამუშაოს შესრულებას ემსახურებოდა აღნიშნული თანხის გადახდა. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს და მით უფრო გადაწყვეტილების მიღებისას ვერ დაეყრდნობა წარმოდგენილ საბანკო ქვითარს, რომელიც არ არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც თავად მოსარჩელე მხარე აპირელებს სარჩელში სხვადასხვა სამუშაოს შესრულებაზე, კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ სარჩელზე იურიდიული მომსახურების გაწევის და თა-----–------–---–ზე ზიანის ანაზღაურების დაკისრების მიზნით, კომპანია იძულებული იქნა მიემართა იურიდიული მომსახურებისათვის, იურიდიული კომპანია შპს ,,ე-–-----------ის“. მოსარჩელე მოპასუხის მიერ წარდგენილ სარჩელში გულისხმობს თა-----–------–---–სა და შპს ,,დუ-------------------ას“ შორის წარმოებულ დავაზე, რომელიც ეხება სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობას. შესაბამისად, იმ პირობებშიც თუ წარმოდგენილ საბანკო ქვითარში მითითებულ თანხას იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯად მივიჩნევთ, სასამართლო შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მოკლებულია შესაძლებლობას თავად განსაზღვროს ზიანის ოდენობა, რადგან გაურკვეველია გადახდილი თანხიდან რა ნაწილი ემსახურებოდა სსიპ შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენისათვის მოქმედების შესრულებას და რა ნაწილი მოხმარდა სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე თა-----–------–---–თან წარმოებულ დავაში - შემსრულებლის ადვოკატების სამუშაოს შესრულებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შემსრულებლის შპს ,,ე-–-------“-ს ადვოკატების მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდა დავალების ხელშეკრულებაზე, თანხის გადახდის დანიშნულებაში კონკრეტული დავალების ფაქტზე, მინდობილობა რომელიც სადავო პერიოდში, სსიპ შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენის დროს, გაცემული იქნებოდა იურიდიული კომპანია შპს ,,ელ ფი ეს“-ის იურისტების სახელზე ან დავალების ხელშეკრულება სადაც განსაზღვრული იქნებოდა კონკრეტული მოქმედება და ხელშეკრულების ღირებულება.
მოსარჩელე, ერთი მხრივ, ვალდებულია დაადასტუროს მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა და მეორე მხრივ, მას აქვს მტკიცებულებათა წარდგენის აბსოლუტური თავისუფლება, რაც სადავო ფაქტებს დაადასტურებს. მნიშვნელოვანია იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოსარჩელეს მისი მოთხოვნა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად არ დაუსაბუთებია, მოსარჩელის მითითება სსიპ შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენისათვის 4400 ლარის დამატებითი ხარჯის სახით გაწევის შესახებ, სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილად მიჩნეული, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული დავალების ხელშეკრულებისათვის გაღებას. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ დავალების ხელშეკრულება შეიძლება სასყიდლიანიც იყოს. თუმცა მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება სსიპ შემოსავლების სამსახურში საჩივრის წარდგენისათვის 4400 ლარის გადახდის ფაქტთან დაკავშირებით. მით უფრო იმ გარემოებაში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებული თანხის ოდენობის გადახდის ფაქტს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ შემოთავაზებული მტკიცების დადასტურება იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი ხარჯის სახით ადმინისტრაციულ ორგანოში იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი იქნა 4400 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე და 409-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება.
ამავე კოდექსის 361.2 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,დუ-------------------ა“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე ახორციელებს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების ოპერირებას საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, კერძოდ, წ-----–--------, ვალის, სადახლო და სარფის ტერიტორიაზე. კომპანია, ისევე როგორც მისი თანამშრომლები, საქმიანობის განხორციელებისას ექვემდებარებიან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სპეციალურ წესებს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2012 წლის 11 მაისის N132/04 ბრძანების საფუძველზე შპს ,,დუ-------------------ა“-ზე გაიცა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა, კერძოდ, მიეცა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის განხორციელების უფლება ,,წ-----–--------“ ტერიტორიაზე მდებარე 250 მ2 მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია 235 მ2 სავაჭრო დარბაზი, ხოლო მეორე სართულზე 185 მ2 პუნქტის საწყობი და პუნქტის ფუნქციონირებისათვის საჭირო 34,5 მ2 დამხმარე სათავსები, დანართი N1-ის შესაბამისად.
ამავე ბრძანებით შპს ,,დუ-------------------ა“-ს დაევალა ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში 2011 წლის 05 იანვრის საქართველოს მთავრობის N9 დადგენილებით დამტკიცებული ,,საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ“ ინსტრუქციის მე-15-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.
მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 01/02/2014წ. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით, თა-----–------–---–ი მუშაობდა შპს ,,დუ-------------------ა“-ში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე.
შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 07 ივნისს შედგენილი იქნა N-------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი ,,D----------------” დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 290 მუხლის მე-2 ნაწილით 12 000 ლარით.
სამართლადარღვევის ოქმის თანახმად, 2017 წლის 07 ივნისს ს.გ.პ ,,წ-----–-----ზე“ არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტ ,,D----------------” უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მოხდა 3 ბლოკი სიგარეტი ,,PARLAMENT SILVER BLUE”-ს გაყიდვა არაუფლებამოსილ პირზე და შესაბამისი ჩეკის N---------- ბეჭვდა, ჩეკში მითითებული ნომრის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ჩეკზე - Buyer Passport# - ადგილზე დატანილი პასპორტის ნომრით საქართველოში შემოსავლის ან გასვლის მიზნით პირის კვეთა არ ფიქსირდებოდა (სავარაუდოდ არარსებული პასპორტის ნომერი), რაც საქართველოს მთავრობის N471 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო საგადასახადო კოდექსი ჯარიმას ითვალისწინებს.
მხარეები სადავოდ არ ხდიან ასევე, რომ ს.გ.პ ,,წ-----–-----ზე“ არსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტ ,,D----------------” უფლებამოსილი თანამშრომელს წარმოადგენდა მოპასუხე თა-----–------–---–ი, რომლის მიერაც მოხდა 3 ბლოკი სიგარეტი ,,PARLAMENT SILVER BLUE”-ს გაყიდვა და შესაბამისი ჩეკის N---------- ბეჭვდა.
როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა. მოპასუხე თა-----–------–---–ს მისი პოზიციის გათვალისწინებით, ასევე სამუშაო დროის ხანგრძლივობის გათვალისწინებით უნდა სცოდნოდა სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებზეც მოქმედებდა მათი მარეგულირებელი სპეციალური წესები. კერძოდ ის წესი, რომ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის გაყიდვა ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიას, ხორციელდება პირადობის მოწმობის, ან პასპორტის, ან მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ა.შ. წარდგენისას, ხოლო ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, რომ გამოიწვევდა ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე თა-----–------–---–მა ვერ უზრუნველყო მატერიალურ - სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული შესაბამისი ფაქტების მტკიცების ტვირთის სათანადოდ ზიდვა და სასამართლოს ვერ წარმოუდგინა სიგარეტი ,,PARLAMENT SILVER BLUE”-ს გაყიდვისას მისი ბრალეულობისა და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამომრიცხველი გარემოებების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლო არ იზიარებს, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას, რომ ვინაიდან თა-----–------–---–სა და შპს ,,დუ-------------------ას“ შორის წარმოებულ დავაზე, რომელიც ეხება სამუშაოდან დათხოვნის ბრძანების ბათილად ცნობას, სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 18 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით არ დაადგინა თა-----–------–---–ის მხრიდან შრომითი ურთიერთობის უხეში დარღვევა, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
საქმეში წარმოდგენილი თბილისის საააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოცემულ დავაში სადავო იყო გამხდარი მოპასუხის სამსახურიდან გათავისუფლების ადეკვატურობა, რაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდიდა. სასამართლომ შეაფასა თა-----–------–---–ის ქმედება და დადგინდა, რომ დასაქმებულის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულებების უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
შესაბამისად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოპასუხე მხარის მითითება აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებზე, როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებაზე, რადგან საქმეში წარმოდგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმადაც აღნიშნულ შემთხვევის დადგომაში, დამრღვევ მხარედ თა-----–------–---–ის ქმედების გამო მიჩნეულ იქნა შპს ,,დუ-------------------ა“, რომელიც საბოლოო ჯამში დაჯარიმდა 4000 ლარით. მოპასუხეს სამართალდარღვევის ოქმი არ გაუსაჩივრებია და ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ გამორიცხულა. ასევე დაუსაბუთებელია მოპასუხის განმარტება, რომ სამართალდარღვევის ოქმში საუბარია ვარაუდზე, რომ არარსებული პასპორტის ნომერი იქნა მითითებული, შესაბამისად ცალსახად არ არის დადგენილი, რომ არაუფლებამოსილ პირზე იქნა გაყიდული პროდუქცია.
ამდენად, თა-----–------–---–ი ვალდებული იყო შეესრულებინა შესაბამისი მოვალეობა, მოცემულ შემთხვევაში პროდუქციის - სიგარეტი ,,PARLAMENT SILVER BLUE”-ს გაყიდვა განეხორციელებინა უფლებამოსილ პირზე, რაც მის მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი, ხოლო მოვალეობის შეუსრულებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ შემოთავაზებული მტკიცების დადასტურება იმასთან დაკავშირებით, რომ დამატებითი ხარჯის სახით ადმინისტრაციულ ორგანოში იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი იქნა 4400 ლარი. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება დამატებითი ხარჯის სახით 4400 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით უტყუარად არ არის დადასტურებული, რაც სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
მხარეები სადავო არ ხდიან, რომ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 11 ივლისის N----- ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს ,,დუ-------------------ას“ საჩივარი და შეტანილი იქნა ცვლილება 2017 წლის 07 ივნისის N-------- საგადასახადო სამართალდარღევის ოქმში, კერძოდ შპს ,,დუ-------------------ას“ ქმედება ნაცვლად სსკ-ის 290-ე მუხლის მე-2 ნაწილისა დაკვალიფიცირდა სსკ-ის 290-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხოლო დაკისრებული ჯარიმა 12 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 4000 ლარის ოდენობით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თა-----–------–---–ი, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა პროდუქციის უფლებამოსილ პირზე გასხვისების მოვალეობა, ასევე იცოდა ერთი მხრივ, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ ქმედებას და მეორე მხრივ, რა შედეგი შეიძლებოდა მოყოლოდა სანებართვო პირობების დარღვევას. შესაბამისად, მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანი პირდაპირ და უშუალო კავშირშია მოპასუხის მიერ საკუთარი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებასთან.
მოპასუხე ვალდებულია შპს ,,დუ-------------------ა“-ს აუნაზღაუროს პროდუქციის არამართლზომიერი რეალიზაციის შედეგად მიყენებული ზიანი 4000 ლარის ოდენობით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. მოპასუხემ ზიანი მიაყენა მოსარჩელეს, შესაბამისად არსებობს მისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები 4000 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 360 ლარი (იხ. ს.ფ. 38);
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 3600 ლარით. შესაბამისად, შპს ,,დუ-------------------ა“-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შემცირებული მოთხოვნის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 108 ლარის ოდენობით (360*30/100);
ამდენად, მოთხოვნის შემცირების შემდეგ დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენს - 252 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე თა-----–------–---–ს უნდა გადახდეს მოსარჩელის სასარგებლოდ 120 ლარი, სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. დარჩენილი ნაწილი კი, სარჩელზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება.
მოსარჩელე ასევე, ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის 480 ლარის გადახდა (იხ. თავდაპირველი სარჩელი, ს.ფ. 8).
შპს ,,დუ-------------------ა“-ს მოთხოვნა საადვოკატო ხარჯების 480 ლარის შესახებ ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული. სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 53-ე და 47-ე მუხლის თანახმად, სადაც კანონმდებელი განმარტავს, რომ ხარჯები უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ს. ამავდროულად ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქმეზე „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, ”რომ პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების დაკისრება შეუძლია მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობიდაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული, იმ მიზნით რომ მიღებულიყო ანაზღაურება იმ საკითხთან დაკავშირებით რომელიც წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია რომ მოთხოვნილი გაწეული საადვოკატო ხარჯებიდან დავის სირთულის, მასზე გაწეული საქმიანობის დროისა და რესურსების, თავად საქმის განხილვის სირთულისა და ვადების თვალსაზრისით საადვოკატო ხარჯები უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით რაც სასამართლოს აზრით, უნდა შეადგენდეს მხოლოდ 100 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,დუ-------------------ა“-ს სარჩელი მოპასუხე თა-----–------–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე თა-----–------–---–ს მოსარჩელე შპს ,,დუ-------------------ა“-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს 4000 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე თა-----–------–---–ს მოსარჩელე შპს ,,დუ-------------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 100 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე თა-----–------–---–ს მოსარჩელე შპს ,,დუ-------------------ა“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 120 ლარის გადახდა.
5. შპს ,,დუ-------------------ა“-ს დაუბრუნდეს 05/07/2017 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 108.00 ლარი.
(გადახდის თარიღი - 05/07/2017; საგადახდო დავალება #1------; გადამხდელი - შპს ,,დუ-------------------ა“, გადამხდელის ბანკი - სს ,,ტ---------“; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
6. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი