გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-2282-18
(საქმე №190210018002575763)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე: ე-–----- მ--------ა
წარმომადგენელი: ხ----- კ---------
მოპასუხე: ს----------–-----------–--------–---------------–------------------------------------ო
წარმომადგენელი: ნ--- გ---–---
თარჯიმანი: თ--–- ა-–----, ო----- რ-----------
დავის საგანი: ბრძანების და მოხსენებითი ბარათის ბათილად ცნობა,სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 03 ივლისის N76/კ ბრძანება ე-–----- მ--------ასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის 2018 წლის 28 ივნისის N824153 მოხსენებითი ბარათი.
1.3. აღდგენილ იქნეს ე-–----- მ--------ა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.
1.4. ე-–----- მ--------ას აუნაზღაურდეს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2018 წლის 03 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით ყოველ თვეზე 720 ლარის გათვალისწინებით.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 27 აპრილიდან სკოლის ყოფილი დირექტორის გათავისუფლების შემდეგ ასრულებდა დირექტორის დროებით მოვალეობას, ხოლო 2010 წლის 26 აპრილის N1/კ-374 ბრძანებით დაინიშნა სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
2018 წლის 03 ივლისს N76/კ ბრძანებით სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ე-–----- მ--------ასთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. გათავისუფლების საფუძველი გახდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის 2018 წლის 28 ივნისის N824153 მოხსენებითი ბარათი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ე-–----- მ--------ასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 03 ივლისის №76/კ ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებული საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის კოდექსის" 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად მოსარჩელის მიერ უხეშადაა დარღვეული შრომითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები, რაც დასტურდება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის # 2806181200 დასკვნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ, სადაც მითითებულია მთელი რიგი დარღვევები საჯარო სკოლის დირექტორის ე-–----- მ--------ას მხრიდან . აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შედგენილი შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის 2018 წლის 28 ივნისის N824153 მოხსენებითი ბარათია მითითებული სადავო ბრაძანების საფუძვლად.
ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ დარღვევები, რომელთაც ჰქონდა ადგილი არის სისტემატიური, განმეორებადი და მრავალჯერადი.
შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 03 ივლისის №76/კ ბრძანების ბათილად ცნობის არც ერთი საფუძველი. ამდენად სასარჩელო მოთხოვნა, როგორც ბრძანების ბათილად ცნობის, ისე სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2007 წლის 28 აპრილიდან სკოლის ყოფილი დირექტორის გათავისუფლების შემდეგ ე-–----- მ--------ა ასრულებდა დირექტორის მოვალეობას დროებით, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 აპრილს N1/კ-374 ბრძანებით დაინიშნა სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.
მტკიცებულება: მოსარჩელის ახსნა-განმარტება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 აპრილის ბრძანება N1/კ-374. (ტ.1.ს.ფ. 30).
3.1.2. მოსარჩელის საშტატო თანამდებობრივი ანაზღაურება შეადგენდა - 720 ლარს.
მტკიცებულება: სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობა - 30.07.18 წ. ( ტ. 1. ს.ფ.31).
3.1.3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში 2017 წლის 27 დეკემბერს შევიდა მოქალაქე ჯავანშირ მ--------ის განცხადება, სადაც მითითებული საკითხების შესწავლის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 14 თებერვლის N134 ბრძანებით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს სპეციალისტების კონსტანტინე რუსაძისა და ქეთევან მოდებაძის მიერ განხორციელდა სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის ინსპექტირება.
მტკიცებულება: ჯავანშირ მ--------ის განცხადება, (ტ.1. ს.ფ. 32), მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.1.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 03 ივლისის N76/კ ბრძანებით სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ე-–----- მ--------ასთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
მტკიცებულება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 03 ივლისის N76/კ ბრძანება.(ტ.1.ს.ფ.48).
3.1.5. ბრძანების თანახმად ე-–----- მ--------ას სამსახურიდან გათვისუფლების საფუძველი გახდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის 2018 წლის 28 ივნისის N824153 მოხსენებითი ბარათი.
მტკიცებულება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 03 ივლისის N76/კ ბრძანება; შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის 2018 წლის 28 ივნისის N824153 მოხსენებითი ბარათი. (ტ.1.ს.ფ.48, 33-43).
3.1.6. . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 03 ივლისის N75/კ ბრძანებით ცვლილება 2010 წლის 26 აპრილის N1/კ-374 ბრძანებაში და ე-–----- მ--------ა დაინიშნა სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო იმავე დღეს მინისტრის N75/კ ბრძანებით ე-–----- მ--------ა გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
მტკიცებულება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 03 ივლისის N75/კ ბრძანება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 03 ივლისის N76/კ ბრძანება; ( ტ.1.ს.ფ.46-48, 48-49)., მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის # 2806181200 დასკვნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ და შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის 2018 წლის 28 ივნისის N824153 მოხსენებითი ბარათის თანახმად: ჯავანშირ მ--------ის განცხადებაში აღნიშნული ატესტატების საკითხის , რომ ე-–----- მ--------ა თანხის სანაცვლოდ რუსეთში მყოფ პირებზე გასცემდა ძველი დროის ატესტატებს, ისე რომ ისინი საქართველოს საზღვრებს არც კი კვეთდნენ, შესწავლისას, სკოლაში ინახებოდა შეუვსებელი ატესტატი, რომელიც არ იყო განკუთვნილი რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეზე და აუდიტის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ საკითხის შესწავლისას დოკუმენტალურად შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ე-–----- მ--------ას მიერ თანხის სანაცვლოდ რუსეთში მყოფ პირებზე ძველი ატესტატის გაცემის ფაქტი, რaც აღნიშნულია მათ მოხსენებით ბარათში, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად მოხსენებით ბარათში დაფიქსირებულია, რომ სკოლაში ინახებოდა შეუვსებელი ატესტატი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეზე გადასაცემად, რაც იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ შეუვსებელი სრული ზოგადი განათლების ატესტატის ფორმა, იმავე ან შემდეგ სასწავლო წლებში შეუვსებელი სხვა ნებისმიერ პიროვნებაზე, მათ შორის ისეთ პირზე რომელიც არ იმყოფებოდა საქართველოში.
მტკიცებულება: საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის # 2806181200 დასკვნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის 2018 წლის 28 ივნისის N824153 მოხსენებითი ბარათი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება. ( ტ.1. ს.ფ.33-34, 211-225, ტ.2. ს.ფ.2-39).
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში 2017 წლის 27 დეკემბერს შესული მოქალაქე ჯავანშირ მ--------ის განცხადება, რომელიც არის ე-–----- მ--------ას თანასოფლელი და მისი ოჯახის მიმართ აქვს სხვა პირადი მოტივი, არის ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი.
მითითებულ ფაქტს მოსარჩელე სადავოდ ხდის, რადგან შიდა აუდიტის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ საკითხის შესწავლისას ჩატარებული იქნა შესაბამისი მოკვლევა, რის შედეგადაც ვერ დადასტურდა ე-–----- მ--------ას მიერ კანონდარღვევით ატესტატის გაცემის ფაქტი. მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 27 აპრილიდან (სკოლის ყოფილი დირექტორის გათავისუფლების შემდეგ) სკოლა მოუწესრიგებელი იყო როგორც ინფრასტრუქტურით, ასევე დოკუმენტაციით და საკმაოდ შრომატევადი და ამავდროულად საპასუხისმგებლო საქმე დაეკისრა მოსარჩელეს. ვინაიდან მას უწევდა დღე -და- ღამ სკოლაში ყოფნა და მუშაობა, რათა დაკისრებული ვალდებულებები კანონის შესაბამისად შეესრულებინა.
2008 წლის დასაწყისში (იმ დროს მოქმედი კანონის თანახმად) ქ. გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოითხოვეს 10 ცალი სრული ზოგადი განათლების ატესტატი და ცხრა ცალი საბაზო საფეხურის ზოგადი განათლების ატესტატი, რაც სკოლამ მიიღო N34 გასავლის ზედდებულით. 2007-2008 წლებში ერთ-ერთი მოსწავლის ელნურა იბრაგიმოვას მშობელმა ოლხან იბრაგიმოვმა მიმართა ე-–----- მ--------ას განცხადებით და მოითხოვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის ადრე მიღება, რადგან მისი შვილი აპირებდა სწავლის გაგრძელებას და აგვიანდებოდა სწავლის გაგრძელება. იმავე დღეს მოსარჩელე მშობელთან ერთდ მივიდა გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრში და მოითხოვა წინსწრებით ერთი სრული ზოგადი განათლების ატესტატი, რომელიც სკოლამ რესურსცენტრიდან მიიღო 2008 წლის 26 ივნისს. ვინაიდან უფრო ადრე სკოლის მიერ ქ. გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოთხოვნილი იყო ათი ცალი სრული ზოგადი განათლების ატესტატი, რაც სკოლამ მიიღო რესურსცენტრიდან, ხოლო მითითებულ მოსწავლეზე ატესტატი უკვე გაცემული იყო. შესაბამისად სკოლაში დარჩა ერთი შეუვსებელი ზოგადი განათლების ატესტატი,რაც გამოწვეული იყო შემთხვევით, ყოველგვარი ანგარებისა თუ სხვა გამორჩენის გარეშე, რაც დადასტურდა კიდეც.
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ შეუვსებელი ატესტატი სკოლაში ინახებოდა 2008 წლიდან, გასულია 10 წელი, ე-–----- მ--------ას განცხადებით, თუკი იგი გასცემდა ატესტატებს თანხების სანაცვლოდ ნებისმიერ პიროვნებაზე, მათ შორის ისეთ პირზე, რომელიც არ იმყოფებოდა საქართველოში, მას ჰქონდა სრული დრო და საშუალება აღნიშნული განეხორციელებინა, სწორედ გასული დრო მიუთითებს მოსარჩელის კეთილსინდისიერებაზე და შემთხვევით შეცდომაზე, სწორედ 10 წლიანი ვადა ადასტურებს მოსარჩელის განმარტებას, რომ ატესტატი შემთხვევით დარჩა სკოლაში, წინააღმდეგ შემთხვევში შეეძლო მისი განკარგვა თავისივე შეხედულებისამებრ. გარდა ამისა, ატესტატი მოსარჩელემ თავად წარუდგინა ინსპექტირების სამსახურს, თუმცა ინსპექტირების სამსახურმა აღნიშნული ფაქტი ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულების გარეშე ჩათვალა ანგარებად.
3.2.2. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის # 2806181200 დასკვნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ და შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის 2018 წლის 28 ივნისის N824153 მოხსენებითი ბარათში მითითებული ფაქტი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო შემდეგი გარემოებების გამო: სკოლის დირექტორის მოვალეობის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან მოსარჩელის უშუალო და აქტიური მონაწილეობით არაერთი სარემონტო თუ სხვადასხვა ტიპის სამუშაოები იქნა შესრულებული საჯარო სკოლაში, მოსარჩელემ მოაწესრიგა შესაბამისი დოკუმენტაცია, სკოლის მოსწავლეებს შეუქმნა სწავლისათვის შესაბამისი პირობები.
გარდა აღნიშნულისა, 2015 წლის 05 ივნისს და იმავე წლის 10 ივლისს ე-–----- მ--------ამ მიმართა წერილობით საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსს გრიგოლ გოგოშიძეს, რითაც იგი ითხოვდა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და ამავდროულად წარუდგინა შესაბამისი ლოკალური ხარჯთაღრიცხვა.
2016 წლის 09 მარტს მოსარჩელემ მიმართა წერილით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს უკვე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი შალუტაშვილს სკოლის გაზიფიცირების და ცენტრალური გათბობით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
2016 წლის 17 ივნისს ე-–----- მ--------ამ მიმართა წერილობით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის სააქტო დარბაზის და მესამე სართულის დერეფნის და კიბის უჯრედის სარემონტო სამუშაოების ჩატარების მოთხოვნით.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2016 წლის 07 ივლისის წერილით გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეცნობა, რომ სააგენტომ განიხილა მოსარჩელის წერილი სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით და მიეცა რეკომენდაცია საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოები განხორციელდეს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მოთხოვნათა გათვალისწინებით.
აღნიშნულის შემდეგ, სკოლის მიერ გათვალისწინებულ იქნა სააგენტოს მოთხოვნები და მათი მოთხოვნათა შესაბამისად სკოლის შიდა ფასადი მოწესრიგდა. ასევე სკოლის სახურვი შეიცვალა და შემდეგ კვლავ მიმართეს სააგენტოს საჯარო სკოლის გაზიფიცირების და გათბობის სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით.
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2017 წლის 05 მაისის წერილით /პასუხით/ ირკვევა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის /დირექტორის წერილი N410921/ გაზიფიცირებისა და გათბობის სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 01 მარტის N205 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის წინაფრის მოწყობის სამუშაოების განხორციელება, ასევე ავარიული სპორტული დარბაზების შესწავლა,ხოლო რაც შეეხება სკოლის გაზიფიცირებისა და გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებს, აღნიშნულ საკითხს სააგენტო განიხილავს მომავალში, სამოქმედო გეგმის ფორმირების პროცესში.
გარდა აღნიშნულისა, 2017 წლის 08 სექტემბერს ე-–----- მ--------ამ კვლავ მიმართა წერილით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და შეახსენა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის შენობის წინაფარის ავარიული მდგომარეობის შესახებ.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის თავის დროზე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ სკოლა იყო ავარიულ მდგომარეობაში და ჩასატარებელი იყო შესაბამისი სარემონტო სამუშაოები, ინფრასტრუქტურის სამსახურმა აცნობა რომ გათვალისწინებული იყო სკოლის გეგმიური რემონტი, ასევე არაერთხელ ითხოვა მოსარჩელემ სკოლის გაზიფიცირებისა და გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოების ჩატარება, თუმცა უშედეგოდ.
მტკიცებულება: მოსარჩელის ახსნა განმარტება; 2015 წლის 10 ივლისის N00674410 წერილი; 2016 წლის 09 მარტის წერილი N00233466; 2016 წლის 17 ივნისის N00711448 წერილი; 2016 წლის 07 ივლისის N00840138 წერილი; 2017 წლის 26 აპრილის N00410821 წერილი; 2017 წლის 05 მაისის N00469040 წერილი; 2017 წლის 08 სექტემბრის N01032146 წერილი; (ტ.1.ს.ფ. 50-63).
3.2.3. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსარჩელემ პირადად არაერთხელ მიმართა სააგენტოს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს. 2017 წლის 05 მაისის პასუხით მას ეცნობა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის გაზიფიცირების და გათბობის სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 01 მარტის N205 ბრძანებით დამტკიცებული სააგენტოს 2017 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულია გარდაბნის მუნიციპლიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის წინაფრის მოწყობის სამუშაოების განხორციელება, ასევე ავარიული სპორტული დარბაზის შესწავლა, ხოლო რაც შეეხება სკოლის გაზიფიცირებისა და გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოებს, აღნიშნულ საკითხს სააგენტო განიხილავს მომავალში, სამოქმედო გეგმის ფორმირების პროცესში.
აღნიშნულის შემდეგ კვლავ არაერთხელ მიმართა მოსარჩელემ სააგენტოს ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა სწორედ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც არსებობდა სკოლაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით და რაზეც არაერთხელ მიმართა მოსარჩელემ სააგენტოს. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტომ მოხსენებით ბარათში მიუთითა ე-–----- მ--------ას დაუდევრობის თაობაზე რომ იგი არღვევს ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
მტკიცებულება: 2017 წლის 05 მაისის წერილი, (ტ.1.ს.ფ.62).
3.2.4. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის # 2806181200 დასკვნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ და შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის 2018 წლის 28 ივნისის N824153 მოხსენებით ბარათში მითითებულია რომ ე-–----- მ--------ას მიერ დარღვეულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულების ინვენტარიზაციის ჩატარების წესი’’ და ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტერული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციის“ მოთხოვნები.
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელის განმარტებით: სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა საკმაოდ რთული სფეროა და თუ პიროვნებას არ აქვს შესაბამისი განათლება არ უტარდება ტრენინგები, არ მიეცემა რეკომენდაციები თითქმის შეუძლებელია შეცდომების გარეშე მუშობა. სწორედ აღნიშნული მოტივით შეიქმნა ცალკე საჯარო სამართლი იურიდიული პირი - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
მოხსენებით ბარათში მითითებულია დარღვევები, რომელსაც მოსარჩელე ნაწილობრივ ეთანხმება, გამოწვეულია მექანიკურად, სკოლის მიერ თანხები გამოყენებულია მიზნობრივად დანიშნულებისამებრ, თუკი რომელიმე ხელშეკრულებაში დრო არ არის მითითებული ან რეკვიზიტები, ინდივიდუალურად სკამები, მაგიდა არ არის მითითებული, ან საინვენტარიზაციო ნომერი არ არის ნივთზე მითითებული მოსარჩელის განმარტებით აღნიშნული არ უნდა იყოს მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.
მტკიცებულებები: მოსარჩელის ახსნა განმარტება, სკოლის ბუღალტერის ლელა მენაბდის 2018 წლის 4 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება ( იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5. მოსარჩელის განმარტებით, მოხსენებით ბარათში მითითებული 2015-2017 წლებში გაცემულ ცნობასთან დაკავშირებით, ასევე სკოლაში შესულ განცხადებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის დაგვიანებით პასუხის გაცემას, ასევე ბრძანებებში არ არის მითითებული თუ სად შეიძლება გასაჩივრდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, მოხსენებით ბარათში მითითებულია ზოგადად და არ არის კონკრეტულად .
მტკიცებულება: შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის 2018 წლის 28 ივნისის N824153 მოხსენებითი ბარათი. მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
3.2.6. სკოლას ჰყავს მხოლოდ ერთი ღამის დარაჯი - აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელე განმარტავს, რომ ვინაიდან მსურველი არ გამოჩნდა დღის დარაჯის თანამდებობაზე, სკოლში შემოღებული იქნა თავად მორიგე მასწავლებლის განრიგი: სკოლაში ყოველ სართულზე მორიგეობდა ორი მასწავლებელი, ასევე პირველ სართულზე, რომლებიც ასევე აკონტროლებდნენ სკოლის მოსწავლეთა გაადგილების უსაფრთხოებას სკოლის ტერიტორიზე.
სწორედ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ე-–----- მ--------ას განმარტებით, სკოლაში არანაირ ფაქტს დაკავშირებული მოსწავლის უსაფრთხოებასთან არასდროს ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად იგი უსაფუძვლოდ მიიჩნევს იმ ფაქტს რომ სკოლაში გადაადგილდებიან უცხო პირები, რითაც დაცული არ არის მოსწავლეთა უსაფრთხოება.
მტკიცებულება: საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის # 2806181200 დასკვნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ , შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის 2018 წლის 28 ივნისის N824153 მოხსენებითი ბარათი, მოსარჩელის ახსნა განმარტება, მოწმეების ზაროშან ალაზოვას, თაზიგიულ კურბანოვას, ელშან კულიევის და ჯეირან ჯაფაროვას ჩვენებები ( იხ. 2018 წლის 4 ოქტომბერს სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.7. ე-–----- მ--------ას განმარტებით მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მოგვარებული იქნა არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა, მისი არაერთი თხოვნისა და შეხსენების მიუხედავად, რომ სპორტული დარბაზი იმყოფებოდა ავარიულ მდგომარეობაში და საჭიროებდა შესაბამის სარემონტო სამუშაოებს არ შესრულებულა. ე-–----- მ--------ამ თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოაწყო სკოლის მოსწავლეებისათვის სპორტული დარბაზი.
მტკიცებულება: ფოტოსურათები, მოსარჩელის ახსნა განმარტება, მოწმეების ზაროშან ალაზოვას, თაზიგიულ კურბანოვას, ელშან კულიევის და ჯეირან ჯაფაროვას ჩვენებები ( იხ. 2018 წლის 4 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.8. თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მის დაქვემდებარებაში არსებულ საჯარო სკოლაში არ დაფიქსირებულა როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლის, ან მშობლის მხრიდან რაიმე სახის საჩივარი გადაცდომის ან კონფლიქტის თაობაზე, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე რომ იგი იცავდა და ახორციელებდა ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის და აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებას ,,სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის შესახებ’’-მოთხოვნებს.
მტკიცებულება: მოსარჩელის ახსნა განმარტება,მოწმეების ზაროშან ალაზოვას, თაზიგიულ კურბანოვას, ელშან კულიევის და ჯეირან ჯაფაროვას ჩვენებები ( იხ. 2018 წლის 4 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.9. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის # 2806181200 დასკვნა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ და ამ დასკვნის საფუძველზე მომზადებული საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის # 2806181200 დასკვნა აფიქსირებს იმ დარღვევებს , რაც შემოწმების პროცესში გამოვლინდა.
როგორც მოსარჩელის ახსნა-განმარტებიდან და მოპასუხის მიერ შემოწმების პროცესში მოძიებული დოკუმენტაციით დასტურდება, დარღვევებს მართლაც ჰქონდა ადგილი.
3.2.10. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის # 2806181200 დასკვნაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ - მითითებულია, რომ ვინაიდან დასკვნაში დაფიქსირებული ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნიშნებს, დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოს.
როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგინდა , დასკვნა გადაეგზავნა სამართალდაცავ ორგანოს, მაგრამ ე-–----- მ--------ას მხრიდან დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით დანაშაულის ნიშნები არ დადგინდა.
მტკიცებულება : მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.11. ე-–----- მ--------ასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
სასამართლოს შესაფასებელი და მსჯელობის საგანი იყო, რამდენად იყო ზემოაღნიშნული დარღვევები უხეში დარღვევები, რეალური და შეუქცევადი ზიანის მომტანი ან სასწავლო პროცესის დაზიანების ან მოსწავლეთა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით, იყო თუ არა გამოსწორებადი, იყო თუ არა მისი სამსახურიდან გათავისუფლება თანაზომიერი და პროპორციული ღონისძიება და შეიძლებოდა თუ არა სხვა ნაკლებად მკაცრი სანქციის გამოყენება.
ამდენად, დამსაქმებელს აქვს უფლება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის არა ყოველგვარი დარღვევისას, არამედ „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში, როცა უფრო მსუბუქი სანქცის გამოყენება აზრს მოკლებულია, მოცემულ შემთხვევაში ე-–----- მ--------ას მხრიდან, დავის სადავო ფაქტობრივ გარემოებებში დადგენილ დარღვევებს, ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმც არ იყო ისეთი ხასიათის უხეში დარღვევები, რაც არსებითად აზიანებდა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესს ან მოსწავლეთა ინტერესებს, საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას. ამ დარვევათა ნაწილი მოსარჩელე ე-–----- მ--------ამ გამოასწორა ჯერ კიდევ აუდიტის შემოწმების პროცესში, რაც სკოლის ძალებით იყო შესაძლებელი, რაც დადასტურდა სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმეების - საჯარო სკოლის ბუღალტრის ლელა მენაბდს, პედაგოგების ზაროვშან ალაზოვასა და თაზიგიულ კურბანოვას ჩვებებებით, სკოლის თანამშრომლების ელშან კულიევისა და ჯეირან ჯაფაროვას ჩვენებებით და წარმოდგენილი ფოტოსურათებით , ე.ი. დარღვევათა ნაწილი, რაც ეხებოდა სკოლის ინფრასტრუქტურულ საკითხებს, შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოებას, სკოლის ტერიტორიაზე საკვები პროდუქტების რეალიზაციას, მოგვარდა და გამოსწორდა, ხოლო ისეთი დაღვევები , რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული , მოსარჩელის შესაძლებლობას აღემატებოდა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობა გახდა სწორედ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის # 2806181200 დასკვნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ და მასში აღწერილი ზემოაღნიშნული გარემოებანი, რომელიც გამოვლინდა შემოწმების პროცესში. მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ დარღვევები, რომელთაც ჰქონდა ადგილი არის სისტემატიური, განმეორებადი და მრავალჯერადი და განმარტავდა, რომ აღნიშნული საკმარისი საფუძველია სამსახურიდან მოსარჩელის გათავისუფლებისთვის.
საგულისხმოა, რომ ჯანდარას საშუალო სკოლაში ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 14 თებერვლის #134 ბრძანების საფუძველზე - შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 15 თებერვლიდან 2018 წლის 23 თებერვლამდე, ხოლო შესამოწმებელი პერიოდი იყო 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის 23 თებერვლამდე, შესაბამისად, სკოლაში დასაქმებულია მრავალი პირი, სწავლობს ასეულობით მოსწავლე, შესამოწმებელი პერიოდი იყო ხანგრძლივი დროით , ამიტომ დარღვევები ლოგიკურია შესაძლოა იყო განმეორებადი და არაერთი, მაგრამ იყო თუ არა თითოეული დარღვევა უხეში დარღვევა ამის დადასტურება ვერ შეძლო მოპასუხემ, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. დასაქმებულის მიერ განხორციელებული ყოველი დარღვევა უნდა შეფასებულ იქნეს მისი სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია შედეგობრივი თვალსაზრისით.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ ჩადენილ უხეშ გადაცდომებს, რის საწინააღმდეგოდაც მოსარჩელემ, მისი ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა მტკიცებულებები წარმოადგინა, მოწმეთა ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების სახით,სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ე-–----- მ--------ას მხრიდან ჯანდარის საშუალოს სკოლის დირექტორის მოვალეობის შესრულებისას ადგილი ჰქონდა დარღვევებს, თუმც არ წარმოადგენდა ისეთ უხეშ დარღვევებს, რაც აუცილებლად მისი სამსახურიდან გათავისუფლებით უნდა დასრულებულიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.
ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადაო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში სადაოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რის გამოც გასათვალისწინებელია შრომითი ურთიერთობის თავისებურებები.
შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს (კონვენციის მე-9 მუხლი „ა“ ქვეპუნქტი), რომლის თანახმადაც, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე, სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე№ ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადვეა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014), 2015 წლის 23 მარტის ( საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში.
შესაბამისად, ნათელია, რომ სწორედ მოპასუხის - ს----------–-----------–--------–---------------–------------------------------------ოს - მტკიცების ტვირთს წარმოადგენს იმ მოცემულობის წარმოჩენა და დამტკიცება, რომ მოსარჩელე - ე-–----- მ--------ას მხრიდან მართლაც ადგილი ჰქონდა ისეთ უხეშ დარღვევებს, რაც საბოლოოდ მისი სამსახურიდან დათხოვნის წინაპირობა გახდა. სწორედ ს----------–-----------–--------–---------------–------------------------------------ო წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის მონაწილე იმ „ძლიერი მხარეს“, რომელსაც მიუწვდება ხელი ყველა საჭირო მტკიცებულებაზე; მას შეუძლია წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც დაასაბუთებდნენ 2018 წლის 3 ივლისის მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობას.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხემ - ს----------–-----------–--------–---------------–------------------------------------ოს - წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა ე-–----- მ--------ასთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება,სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ე-–----- მ--------ას სასარჩელო მოთხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმების, იმავე თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის მიღების მოთხოვნით, უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ დადასტურებულია, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
ევროპის სოციალური ქარტია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. როგორც საერთაშორისო, ასევ ეროვნული კანონმდებლობით განმტკიცებულია შრომის უფლება და დასაქმებულთა გარანტიები.
სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფონი (რომელსაც წარმოადგენს საქართველო), აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით. ამავე საერთაშორისო სამართლის წყაროს მე-7 მუხლი ადგენს, რომ მონაწილე სახელმწიფონი აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობები, მათ შორის ანაზღაურება სამართლიანი ხელფასის სახით და სხვა.
ევროპის სოციალურ ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სამართლის საერთაშორისო წყაროები (ისევე როგორც საქართველოს შიდა ეროვნული კანონმდებლობა), აშკარად შეიცავენ დამსაქმებლის შესაძლებლობას შეწყვიტოს შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, მხოლოდ გონივრული საფუძვლისა და საკმარისი, ადექვატური წინაპირობის არსებობის შემთხვევაში;
სასამართლომ განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა ემყარება ხელშემკვრელი მხარეების განსაკუთრებულ ნდობას და ურთიერთგაგებას. დასაქმებულისათვის ხელმისაწვდომი, ხშირად კონფიდენციალური ინფორმაციის გათვალისწინებით მხარეები შედიან ერთმანეთთან ნდობაში და იღებენ პასუხისმგებლობასაც. პასუხისმგებლობის ფარგლები დამოკიდებულია დასაქმებულის თანამდებობაზე.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მართალია, შრომითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ისეთ ურთიერთობას, რომელშიც დამსაქმებელი ყოველთვის წარმოადგენს ხელშეკრულების ე.წ. „ძლიერ“ მხარეს და შესაბამისად, ამ ურთიერთობათა მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული სამართლის წყაროები მნიშვნელოვანწილად უფრო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული; თუმცა აღნიშნული მიდგომები აბსოლუტურად გამოუსადეგარი და მცდარი იქნება, თუ გონივრულობის ფარგლებში არ მოვთხოვთ დამსაქმებელს დასაქმებულთა უფლებების დაცვას. ჩვენი მოთხოვნები დამსაქმებლების მიმართ არ უნდა იყოს გადამეტებულად მკაცრი, არაგონივრული და არაადეკვატური. გასაგებია, რომ დამსაქმებელი ნამდვილად უფლებამოსილია აკონტროლოს შრომის ნაყოფიერების ხარისხი, შრომით მოვალეობათა შესრულების თანმიმდევრულობა და ასეთის არარსებობის შემთხვევაში დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს მკაცრი სანქციები. თუ დამსაქმებელი ვერ იქნება უფლებამოსილი, რომ წაახალისოს დაქირავებული კარგი მუშაობისათვის, ხოლო ცუდი მუშაობისათვის დასაჯოს იგი, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი სივრცე გარკვეულწილად აღმოჩნდება არაბუნებრივ მდგომარეობაში.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით.
ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.
საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი);
შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების
ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა კონკრეტული დროის მითითების გარეშე .
სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით.
სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი).
სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს შემდეგში: ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.
ორგანული კანონის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის "ზ" პუნქტი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.
სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას, ადგილი ხომ არ ჰქონდა მის მიმართ რომელიმე ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას და სხვა. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. (იხ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.)
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძვლით, რომლის თანახმად, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. თუ რა მიიჩნევა ვალდებულების უხეშ დარღვევად, კანონი არ განსაზღვრავს. ქმედების შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების საფუძველზე, დარღვევის სიმძიმის, სიხშირის, შედეგის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით.
საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, მართალია, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი მუშაკის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევაცაა, თუმცა, ნიშანდობლივია დასაქმებულთა შრომის უფლებების კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში „Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. (იხ. სუსგ №ას-812 -779-201, 19.10.2016წ.)
ქმედებების სიმძიმის შეფასების და სამუშაოდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების მართლზომიერების საკითხის განსაზღვრისათვის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, დასაქმებულის შესაბამის პოზიციაზე უფლება-მოვალებობათა შესრულების უნარის, შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მოსარჩელემ არ იმსჯელა ნაკლებად მკაცრი სანქციის გამოყენების შესაძლებლობაზე, რამდენად გამოსწორებადი იყო ის დარღვევები , რაც საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის # 2806181200 დასკვნაშია მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის ინსპექტირების შედეგების შესახებ და გამოიყენა უკიდურესი ღონისძიება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფორმით.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შრომითი ურთიერთობის განმავლობაში მოსარჩელის მიერ ჩადენილი იქნა რაიმე სახის დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც მის მიმართ დამსაქმებელმა გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა. აღნიშნული, კი, თავის მხრივ მოწმობს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე სათანადოდ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და დამსაქმებელს მის მიერ შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით პრეტენზია არ ჰქონდა.
გათავისუფლების სახით დისციპლინური ღონისძიება დამსაქმებელმა გამოიყენა პირველივე შემთხვევაში, ყოველგვარი გამაფრთხილებელი ღონისძიების - მათ შორის, შედარებით უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენების გარეშე.
დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლების მართლზომიერების დამტკიცებას, შესაბამისად, თვითონვეა ვალდებული წარადგინოს მტკიცებულებები, რომელთა სამართლებრივი წონადობა და ვარგისიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს კვლევისა და შეფასების საგანი გახდება. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული იმგვარ გარემოებათა არსებობა, რომელთა გამოც სასამართლო დამსაქმებლის გადაწყვეტილებას დარღვევების ადეკვატურ და თანაზომიერ საშუალებად შეაფასებდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერება უნდა შეფასდეს ე.წ „პროპორციულობის ტესტით“, ვინაიდან შრომის უფლება პირის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის დაცვაც საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის რეგულაციაში ექცევა და ამგვარი ურთიერთობის დამსაქმებლის მხრიდან შეწყვეტა სწორედ კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ სფეროში ჩარევას წარმოადგენს, თუმცა, იმის გასარკვევად, ამ ჩარევის შედეგად დაირღვა თუ არა პირის გარანტირებული უფლება, შემოწმებას ექვემდებარება ასევე უფლების დაცულ სფეროში ჩარევას გააჩნია თუ არა ლეგიტიმური საფუძველი და წარმოადგენს თუ არა ჩარევა მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღების შედეგად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის პირობებში, მოპასუხის- საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 03 ივლისის №76/კ ბრძანება ე-–----- მ--------ასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.2. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი.
სამუშაოზე აღდგენა, ისევე როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, წარმოადგენს მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების (უკანონოდ გათავისუფლების) შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახეს - მუშაკის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის გზით.
მოცემულ შემთხვევაში, რომ არ მომხდარიყო შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლო შეწყვეტა, მისი მოქმედება გაგრძელდებოდა შესაბამისი თანამდებობის დაკავებისთვის კონკურსის გამოცხადებამდე ან დირექტორის არჩევამდე. როგორც სასამართლო პროცესზე მხარეებმა განმარტეს, სასამართლოში დავის განხილვის დროისთვის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშნული პირი არის მოვალეობის შემსრულებელი.
6.3. საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას, მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნული კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავლისთვისაც: მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და, რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით, დამსაქმებელმა მოუსპო შესაძლებლობა დასაქმებულს, განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობით.
საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. მოცდენად უნდა ჩაითვალოს იმგვარი ვითარებაც, როდესაც შრომის ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის შედეგად, დასაქმებულს ხელშეკრულებით თუ კანონით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების შესაძლებლობა ესპობა, ვინაიდან, ამავე დროს, არსებობს დასაქმებულის ნება, განახორციელოს ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებული ვალდებულება და მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა.
დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე მოსარჩელე ე-–----- მ--------ას შრომის ანაზღაურება (ხელფასი) შეადგენდა თვეში 720 ლარს (დარიცხული ოდენობა). სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, კერძოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მიზნით ე-–----- მ--------ას უნდა აუნაზღაურდეს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2018 წლის 03 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით ყოველ თვეზე 720 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება, მოსარჩელის მოთხოვნას - ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ქოჩიშვილის 2018 წლის 28 ივნისის N824153 მოხსენებითი ბარათი - სასამართლოს მოსაზრებით, მართალია ეს დოკუმენტი არის გათავისუფლების ბრძანებაში მითითებული, როგორც საფუძველი, თუმც სასამართლომ აღნიშნულის ბათილად ცნობის მითხოვნის იურიდიული ინტერესი ვერ დაინახა, რადგან თავად საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 03 ივლისის №76/კ ბრძანების ბათილად ცნობით მხარისთვის მიღწევადი ხდება სამუშაოზე აღდგენის მიზანი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ს----------–-----------–--------–---------------–------------------------------------ოს უნდა დაეკისროს ე-–----- მ--------ას სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯი 100 ლარის ოდენობით;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ე-–----- მ--------ას სარჩელი მოპასუხე ს----------–-----------–--------–---------------–------------------------------------ოს მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 03 ივლისის №76/კ ბრძანება ე-–----- მ--------ასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
3. ე-–----- მ--------ა აღდგენილ იქნეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე.
4. ე-–----- მ--------ას აუნაზღაურდეს სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2018 წლის 03 ივლისიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით ყოველ თვეზე 720 ლარის ოდენობით.
5. ს----------–-----------–--------–---------------–------------------------------------ოს დაეკისროს მოსარჩელე ე-–----- მ--------ას სასარგებლოდ მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის) გადახდა 100 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი