განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ----------–-----–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ--------------------------–- - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----- აგვისტოს, პირადი N0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------–---------------ში.
ადვოკატი - დ----------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ნასამართლევი გ----------------–ი, 2018 წლის 2------------–ს, დაახლოებით 12:45 საათზე ქ.თბილისში, ად-----–------------ა N---ის მიმდებარედ განთავსებული რ---–-----------იძის კუთვნილი დახლიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ერთ თავ 13 ლარად ღირებულ ყველს. გ----------------–ი ქმედების ჩადენისთანავე შემთხვევის ადგილის მიმდებარედ დაკავებული იქნა სამართალდამცველთა მიერ.
სასამართლოს დასკვნა გ----------------–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის რ---–-----------იძის ჩვენებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, მ-–------------ა N---ში გახსნილი აქვს პატარა ხილ-ბოსტანის და რძის პროდუქტების მაღაზია. 2018 წლის 22 თებერვალს პირველის ნახევრიდან - პირველ საათამდე დროის შუალედში ბრალდებულმა მისგან შეიძინა ყველის ნაჭერი და წავიდა. ამ დროს მაღაზიაში შევიდა კლიენტი, რომელსაც ეხმარებოდა პროდუქციის შერჩევაში, რომელმაც ანიშნა, რომ ბრალდებულმა აიღო ყველი და თავადაც დაინახა ყველის აღების ფაქტი. ბრალდებული ყველთან ერთად გავიდა მაღაზიიდან, რომელსაც დაედევნა და მოუწოდებდა, რომ შეჩერებულიყო და დაებრუნებინა ყველი, თუმცა ბრალდებული არ გაჩერდა. ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოძრაობა უჭირდა, დაეცა და ვეღარ დაეწია ბრალდებულს. მათ სიახლოვეს იყო ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც ბრალდებულის მისამართით განახორციელეს დევნა, დაახლოებით 50 მეტრში შეაჩერეს, დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. გამომძიებლის მიერ მოხდა მასთან გასაუბრება, ხოლო შემდეგ დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც დაიკითხა და შედგა შესაბამისი ოქმი. ბრალდებულის მიერ გატაცებული იქნა 700 გრამამდე ყველი, ღირებული 13 ლარად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 2------------–ს მეწყვილესთან ფ----------–-------იასთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ქ.თბილისში, მ-–------------აზე, რა დროსაც მ-–------------ა N---თან დაინახეს როგორ გარბოდა მამაკაცი, რომელსაც ორივე ხელში ეჭირა პოლიეთილენის პაკეტი. აღნიშნულ პირს მისდევდა შუა ხნის მამაკაცი, რომელიც უყვიროდა მას, დაებრუნებინა მისი კუთვნილი ნივთი. მეწყვილესთან ერთად აღნიშნული პიროვნების მისამართით განახორციელა დევნა, რომელიც შეჩერებული იქნა მ-–------------აზე მდებარე სკვერში, რომელსაც ორივე ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ყველი. გ----------------–ს განუმარტეს უფლებები, დააკავეს ბრალდებულის სახით, დაუკავშირდნენ მათ ერთ-ერთ დანაყოფს და სთხოვეს დაკავების ოქმის ბლანკის მიწოდება. ფ----------–-------იას მიერ შევსებული იქნა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. ამოღებული ყველი დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელსაც მოაწერეს ხელი. ბრალდებული დაკავების შემდეგ გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელსაც გადაეცა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ოქმზე შენიშვნა არ დაუფიქსირებია.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ფ----------–-------იამ და დამატებით განმარტა, რომ დაზარალებული ყვიროდა ყველი გამტაცესო. მათ მიერ შეჩერებული იქნა ბრალდებული, რომელსაც აღმოაჩნდა ყველი. ბრალდებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებული იქნა ორი პოლიეთილენის პაკეტებში მოთავსებული ყველი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ-------–-------–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ განყოფილებაში პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება გ----------------–ის მიერ ძარცვის მცდელობის ფაქტზე. მის მიერ დაზარალებულის და ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული იქნა ქ.თბილისში, მ-–------------ა N---ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერება. დაზარალებულს განუმარტა უფლებები, რის შემდეგ, გამოკითხა მოწმის სახით. მის მიერ განხორციელდა ნივთიერი მტკიცებულების გახსნა-დათვალიერება, რის შემდეგ აწონეს ყველი, დაასურათეს და დაუბრუნეს მესაკუთრეს. მის მიერ შედგენილი იქნა ნივთიერი მტკიცებულების გახსნა-დათვალიერების ოქმი.
2018 წლის 21 თებერვლის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გ----------------–ი დაკავებულ იქნა 2018 წლის 2------------–ს 12:46 საათზე ქ.თბილისში, ა-------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. გ----------------–ის პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელიდან ნანახი და ამოღებული იქნა მწვანე ფერის პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული ყველის ნაჭრით, ხოლო მარცხენა ხელიდან ამოღებული იქნა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული ერთი თავი ყველით.
2018 წლის 21 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისი, ალ. მ-–------------ა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მდებარეობს მარკეტი. აღნიშნული მარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია ხილ-ბოსტანის დახლები, სადაც ასევე განთავსებულია ყველის დახლები. რ---–-----------იძის განმარტებით, აღნიშნული დახლი ეკუთვნის მას, სადაც განთავსებული ყველის სექციიდან მისთვის უცნობმა შუახნის მამაკაცმა აიღო სულგუნის ყველი და გაიქცა ად. მ-–------------აზე, რომლის მიმართ განახორციელა დევნა, თუმცა წაიქცა.
2018 წლის 21 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–-------------------–ების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ზ-------–-------–--ლის მიერ მოწმე რ---–--------------ის, უფროსი ექსპერტის გ------------ის და ექსპერტის ზ--------------–---–ის მონაწილეობით გახსნილი იქნა პაკეტი, რომელიც დალუქულია 27/12/9 ლუქით. აღნიშნულ ლუქზე გაკეთებულია ხელმოწერები და დასმულია თარიღი. არც პაკეტის და არც ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის. გახსნისას აღნიშნულ პაკეტში აღმოჩნდა ერთი თავი სულგუნის ყველი, რომელიც დაფასოებულია პოლიეთილენის პარკში. ყველი აწონილი იქნა სასწორის მეშვეობით, რომლის წონამ შეადგინა 700 (შვიდასი) გრამი. ყველი დათვალიერების დასრულების შემდეგ დაუბრუნდა მეპატრონეს რ---–-----------იძეს.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:
დაზარალებულის: რ---–-----------იძის ჩვენებით დადგინდა, რომ რეალიზაციას უკეთებს რძის პროდუქტებს. შემთხვევის დღეს მაღაზიაში შესული იყო ბრალდებული გ----------------–ი, რომელიც დაეუფლა მის კუთვნილ ერთ თავ სულგუნის ყველს და ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას. მის მიმართ განახორციელა დევნა, თუმცა დაეცა და ვერ შეძლო ბრალდებულის შეჩერება. იქვე მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა მოახერხეს მისი დაკავება.
დაზარალებულის ჩვენება დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის თანამშრომლებმა: ლ-–------------ემ და ფ----------–-------იამ, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ მიერ დაზარალებულის მითითებით დაკავებული იქნა გ----------------–ი, რომელსაც ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რომლისგანაც ამოღებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი სულგუნის ყველი. აღნიშნული გარემოება დასტურდება ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით.
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოგვიანებით გახსნილი და დათვალიერებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი ყველი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 13 ლარი. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქმეზე შეკრებილი უტყუარი, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებებით (დაზარალებულის მამხილებელი ჩვენებით, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით და ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით) უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ დაზარალებულის კუთვნილ ერთ თავ სულგუნის ყველს აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა სწორედ ბრალდებული - გ----------------–ი, თუმცა ქმედების ჩადენისთანავე შემთხვევის ადგილის მიმდებარედ დაკავებული იქნა სამართალდამცველთა მიერ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს არ იცნობს და აღნიშნული ოქმი შედგენილია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 121-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით ჩაატაროს პირადი ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე, რაც აღინიშნება დაკავების ოქმში. ამ შემთხვევაში ოქმი პირადი ჩხრეკის თაობაზე არ დგება. პირადი ჩხრეკის კანონიერებას ამოწმებს სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 175-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ დაკავებისას ჩატარდა პირის პირადი ჩხრეკა, ამ საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ცალკე ოქმი არ დგება. სასამართლოს შეფასებით, მიუხედავად იმისა, თუ როგორ არის დასათაურებული შესაბამისი ოქმი, აღნიშნულ მოქმედებებთან მიმართებაში ამოსავალი არის ის, რომ საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ადგილი არ ჰქონდეს საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას და მისი მიმდინარეობა და შედეგები სრულყოფილად აისახოს შესაბამის ოქმში. აღნიშნული მიზანი კი ერთი ოქმის შედგენითაც მიიღწევა. ამასთან, სხვა სავალდებულო რეკვიზიტებთან ერთად, მნიშვნელოვანია აღნიშნულ ოქმში ფაქტობრივი დაკავების, პირადი ჩხრეკის დაწყებისა და დამთავრების დროების მითითება, რაც მოცემულ შემთხვევაში ასახულია შესაბამის ოქმში. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ოქმის შედგენისა და საპროცესო დამაგრებისას საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ გ----------------–ის პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ: ჩხრეკის ოქმის შედგენისას არ დათვალიერდა და დეტალურად არ იქნა აღწერილი ამოღებული ნივთები. დალუქულ ნივთმტკიცებაზე არ არსებობს მონაწილე პირთა, მათ შორის ბრალდებულის ხელმოწერები, შესაბამისად მსგავსი ფორმით მოპოვებული ნივთმტკიცება დაუშვებელია და მას იურიდიული ძალა არ გააჩნია. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 21 თებერვლის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში აღწერილია, რომ გ----------------–ის პირადი ჩხრეკისას მისი მარჯვენა ხელიდან ნანახი და ამოღებული იქნა მწვანე ფერის პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული ყველის ნაჭრით, ხოლო მარცხენა ხელიდან ამოღებული იქნა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკი, მასში მოთავსებული ერთი თავი ყველით. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები მოთავსდა და დაილუქა ორ ფუთად 27/12/9 ლუქით, რომელზეც გაკეთდა ხელმოწერები და თარიღები. აღნიშნულ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე დაფიქსირებულია ბრალდებულის ხელისმოწერა, სადაც იგი აფიქსირებს, რომ გაეცნო ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმს. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის დაკავება და პირადი ჩხრეკა მოხდა ფაქტობრივად ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას და დაკავებისა და პირადი ოქმის შედგენისას გამომძიებელმა აღწერა, თუ რა იქნა ამოღებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას. ამის შემდგომ გამომძიებლის მიერ დაზარალებულისა და ექსპერტების მონაწილეობით უფრო დეტალურად იქნა დათვალიერებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ერთი თავი ყველი, გამომძიებელმა დათვალიერების ოქმში მიუთითა, თუ რა სახეობის ყველი იქნა ამოღებული, აღნიშნული აიწონა და აღიწერა შესაბამის ოქმში, კერძოდ: 2018 წლის 21 თებერვლის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ გახსნილი იქნა პაკეტი, რომელიც დალუქული იყო 27/12/9 ლუქით. აღნიშნულ ლუქზე გაკეთებულია ხელმოწერები და დასმულია თარიღი. არც პაკეტის და არც ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. გახსნისას ხსენებულ პაკეტში აღმოჩნდა ერთი თავი სულგუნის ყველი, რომელიც დაფასოებულია პოლიეთელენის პარკში. აღნიშნული ყველი დათვალიერების დროს აწონილი იქნა სასწორის მეშვეობით, რომლის წონამ შეადგინა 700 გრამი. აღნიშნულ ოქმს თან ახლავს ფოტოილუსტრაცია, საიდანაც ირკვევა, რომ თავდაპირველად ყველი მართლაც იყო დალუქულ მდგომარეობაში, ლუქზე აღბეჭდილია რამდენიმე გაურკვეველი ხელმოწერა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და ნივთიერი მტკიცებულება საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით არის შედგენილი, დამაგრებული და დალუქული, რის გამოც, იგი დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული. გამოძიების ეტაპზე განხორციელებული საპროცესო კანონდარღვევების ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, მაგრამ არა ეჭვის წარმოშობისთანავე, არამედ მას შემდეგ, რაც შესაბამისი საგამოძიებო, ან საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად ამოწურული იქნება ყველა სამართლებრივი შესაძლებლობა ამ ეჭვის დადგენილად მიჩნევის, ან უარყოფის თაობაზე. სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ამ ეტაპზევე და სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი თუნდაც ერთი მტკიცებულება), უტყუარად დადგენილად მიიჩნიოს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტს. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარემ საქმეზე წარმოდგენილი ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა სადავოდ და მიუთითა, რომ თითქმის ყველა მტკიცებულება მოპოვებული იქნა კანონით დადგენილი წესის დარღვევით, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ზოგადად მტკიცებულებათა შეფასება და მათი დასაშვებად ცნობა (მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით) ხორციელდება წინასასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, ამ ეტაპზევე ხდება იმ გარემოებების სამართლებრივი შეფასებაც, ჰქონდა თუ არა ადგილი კონკრეტული მტკიცებულების მოპოვებისას და მისი საპროცესო დამაგრებისას შესაძლო კანონდარღვევის ფაქტს და ასეთის არსებობის შემთხვევაში დგება საკითხი მათი დაუშვებლად ცნობის თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ სადავოდ მიჩვეული ყველა მტკიცებულება დაშვებული იქნა საქმის არსებით განხილვაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებით დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარეს ყველი უნდა შეენახა და წარმოედგინა სასამართლოში გამოკვლევისთვის. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს. ყველი შედის მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიაში, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტაცია საფუძველს მოკლებულია.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ყველი შესაძლოა დამზადებული ყოფილიყო რძის ფხვნილისგან და ასეთ შემთხვევაში მას არ ჰქონოდა ღირებულება. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ერთი თავი ყველის (სულგუნის) აშკარა დაუფლების მცდელობას, რომლის ღირებულებამ შეადგინა 13 ლარი. ის გარემოება, რომ სწორედ ამ ტიპის ყველი იქნა ამოღებული ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, დადასტურდა ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, აღნიშნული ყველი აიწონა და დაზარალებულმა განსაზღვრა ყველის ღირებულება და შესაძლო ზიანის ოდენობა, რამეთუ აღნიშნული ყველი დაზარალებულს სარეალიზაციოდ ჰქონდა განკუთვნილი და თავადვე ჰქონდა დადგენილი რეალიზაციის შემთხვევაში მისი ღირებულება.
რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამასთან, დაცვის მხარეს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რითაც ეჭვქვეშ დადგებოდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა უტყუარობა და ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა გ----------------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ყველის ნაჭერი, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას თავად მხარეთა გადასაწყვეტია, თუ რა თანმიმდევრობით და რა მოცულობით გამოიკვლევენ საკუთარ მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ განმარტა, რომ მითითებული ყველის ნაჭრის გამოკვლევა არ სურდათ. ამასთან, ბრალდების მხარე ყველის ნაჭრის შეძენის ნაწილში არ ედავება ბრალდებულს რაიმე მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენაში. შესაბამისად, აღნიშნული ვერავითარ გარდატეხას ვერ მოახდენს სადავო ფაქტის შეფასების კუთხით.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ----------------–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------- განაჩენით: გ----------------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 2(ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
გ----------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 31 ოქტომბრიდან.
2017 წლის 7-------- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N-------–------- გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ--------------------------–ს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1610 საათი. მსჯავრდებული გ--------------------------–- განთავისუფლდა პატიმრობიდან 2017 წლის 8 ივნისს.
2018 წლის 22 თებერვლის სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს ოფიცრის თ------------–--ის მომართვით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------- განაჩენით, გ----------------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 7-------- გადაწყვეტილებით, გ----------------–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 1610 საათის ვადით.
გ----------------–ი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის საათებს გადის თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე და მოხდილი აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 930 საათი. პირობითი მსჯავრის ათვლა იწყება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის საათების მოხდის შემდეგ.
შესაბამისად, ზემოთმითითებული ნასამართლობისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის მომენტში მას ნასამართლობა მოხსნილი და გაქარწყლებული არა აქვს. შესაბამისად, მას მსჯავრი უნდა დაედოს ძარცვის მცდელობისათვის, არაერთგზის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულ გ----------------–ის მიერ ჩადენილი იქნა ინკრიმინირებული დანაშაული. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით ნასამართლევი გ----------------–ი რ---–-----------იძის კუთვნილი დახლიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაეუფლა ერთ თავ 13 ლარად ღირებულ ყველს. გ----------------–ი ქმედების ჩადენისთანავე შემთხვევის ადგილის მიმდებარედ დაკავებული იქნა სამართალდამცველთა მიერ. აღნიშნული საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ძარცვის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების აშკარად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ გ----------------–ის მიერ სხვისი ყველის დაუფლების მცდელობა დაზარალებულ რ---–-----------იძის კუთვნილი დახლიდან ყველის აშკარა დაუფლების მცდელობაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაზარალებულის კუთვნილი ყველის მიმართ, რომელის დაუფლებასაც ცდილობდა და მისი საფასური არ გადაუხდია. ქმედების აშკარად განხორციელება დადასტურებულია საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამასთან, გ----------------–ი სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება იყო ხილვადი და ატარებდა აშკარა ხასიათს. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში გ----------------–ის მიერ სხვისი ყველის აშკარა დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.
საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძარცვის შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე,237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ----------------–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------- განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე 3 (სამი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით. გ----------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2014 წლის 31 ოქტომბრიდან.
2017 წლის 7-------- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს N-------–------- გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ--------------------------–ს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 1610 საათი. მსჯავრდებული გ--------------------------–- განთავისუფლდა პატიმრობიდან 2017 წლის 8 ივნისს. მითითებული განაჩენით ნასამართლობა მას მოხსნილი და გაქარწყლებული არა აქვს. შესაბამისად, მას მსჯავრი უნდა დაედოს ძარცვის მცდელობისათვის, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და გ----------------–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ----------------–ის მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ----------------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის გ----------------–ს წინა განაჩენით განსაზღვრული პირობითად ჩათვლილი სასჯელის მოხდა არ ჰქონდა დაწყებული და იგი იხდიდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნულ სასჯელს. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია აღნიშნული სასჯელის აღსრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ გაცემული წერილით, რომლითაც დგინდება, რომ გ----------------–ს მოხდილი აქვს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 930 საათი. პირობითი მსჯავრის ათვლა კი მას დაეწყება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის საათების მოხდის შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძველი და გ----------------–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ----------------–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ----------------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ყველის ნაჭერი, დღეის მდგომარეობით განადგურებულია.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-----------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------- განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 7-------- N0------–------- გადაწყვეტილებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ----------------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
3. გ-----------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 თებერვლიდან.
4. გ-----------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
5. ნივთიერი მტკიცებულება:
- ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ----------------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ყველის ნაჭერი, დღეის მდგომარეობით განადგურებულია.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი