გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2125-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09.10.2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი: თამარ კობაიძე
მოსარჩელე ნ----- ხ-----–---–ი
წამომადგენელი ლაზარე კაკუშაძე
მოპასუხე ვ------------------------უ
არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგნეტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი პაატა ცნობილაძე
დავის საგანი - განქორწინება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
II აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ნ----- ხ-----–---–სა და ვ------------------------უს შორის 2012 წლის 10 მაისს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
1.2. არასრულწლოვანის ემანოელ ჩ----------------უს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს ნ----- ხ-----–---–ის საცხოვრებელი ადგილი
1.3. ვ------------------------უსათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღდვა შვილის ემანოელ ჩ----------------უსათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის დამზადებისა და საზღვარგარეთ წაყვანზე თანხმობის განცხადების უფლებაში.
მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 10 მაისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ვ------------------------უსთან. ჰყავთ ერთი შვილი 2012 წლის 30 ნოემბერს დაბადებული ემანოელ ჩ----------------უ. მოპასუხე სასჯელს იხდის რუსთავს 17-ე დაწესებულებაში. იგი არ აძლევს თანხმობას ბავშვის აღზრდის დროს წარმოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებზე. ზაფხულში ჰქონდა სურვილი ბავშვთან ერთად დასასვენებლად წასულიყო თურქეთში, თუმცა მამამ გაურკვეველი მიზეზით ამაზე თანხმობა არ განაცხადა. რამდენიმე წელია ფაქტობრივად განქორწინებულები არიან, ოჯახური ურთიერთობა მათ შორის აღარ არის და მასთან შერიგება არ სურს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ვ------------------------უმ წერილობით შესაგებელში და მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მოითხოვა შესარიგებელი ვადის განსაზღვრა. მოპასუხის განმარტებით, მშობლების განქორწინება უარყოფითად აისახება ბავშვის აღზრდის პროცესზე, რადგან პატიმრობის გამო იშვიათად ნახულობს შვილს. ბავშვი ისედაც დედასთან ცხოვრობს, მამა პატიმრობაშია, რის გამოც ბავშვის საცხოვრებელი ადგილი ბუნებრივად დედის საცხოვრებელი ადგილია. მშობლის უფლების შეზღუდვის მოთხოვნაზე მოპასუხემ განმარტა, რომ იგი არ იყო წინააღმდეგოი ბავშვი დასავენებლად უცხოეთში წაეყვანა მოსარჩელეს, მაგრამ მის პასპორტს ვადა გაუვიდა და ამის გამო თანხობა წერილობით ვერ შეადგინა. პასპორტის აღებაზე და უცხოეთში წაყვანაზე იმ შემთხვევაშია თანახმა, თუ ბავშვს სახელს და გვარს არ შეუცვლიან.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სოციალური მომსახურების სააგენტო დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ. ბავშვი ამჟამად ცხოვრობს დედის ოჯახში დედასთან და ბაბუასთან ერთად. ბავშვზე მოსარჩელის ოჯახში სატანადოდ ზრუნავენ , ბავშვის მამა ამჟამად პატიმრობაში, არის გამოც მამასთან ბავშვი ვერ იცხოვრებს. მშობელთან ერთად საზღავარგარეთ წასვლა ბავშვის აღზრდის პროცესს ზიანს არ მიაყენებს, მშობელთან ერთად დასასვებელად უცხოეთში წასვლა ბავშვისათვის საზიანო არ არის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდაო გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დადგინდეს მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე.
3.2. დადგენილი სადაო გარემოებები
3.2.1. ნ----- ხ-----–---–ი და ვ------------------------უ დაქორწინდნენ 2012 წლის 10 მაისს.
ქორწინების მოწმობის თანახმად, 2012 წლის 10 მაისს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისის სამსახურში რეგისტრირებულია ქორწინება 1990 წლის 7სექტემბერს დაბადებულ ნ----- ხ-----–---–სა და 19---–-–------------ს დაბადებულ ვ------------------------უს შორის (სააქტო ჩანაწერის №01201230595). ქორწინების შედეგად მეუღლეებს გვარი არ შეუცვლიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 17. ტომი 1)
3.2.2. ვ------------------------უს და ნ----- ხ-----–---–ს ჰყავთ ერთი არასრულწოვანი შვილი.
დაბადების მოწმობის თანახმად, 1012 წლის 30 ნოემბერს დადებულია ემანოელ ჩ----------------უ. მისი მშობლები არიან დედა ნ----- ხ-----–---–ი, მამა ვ------------------------უ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
დაბადების მოწმობა (ს.ფ.18. ტომი 1 )
3.2.3. ვ------------------------უს და ნ----- ხ-----–---–ს შორის ოჯახური ურთიერთობა შეწყვეტილია, მათ შორის ოჯახური ურთიეთობის აღდგენა შეუძლებელია. ვ------------------------უ საპატიმრო სასჯელს იხდის რუსთავის 17-ე დაწესებულებაში. მოსარჩელეს მასთან პირადი ურთიერთობა შეწყვეტილი აქვს რამდენი თვეა.
სასამართლო მხარეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ----- ხ-----–---–სა და ვ------------------------უს შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა, ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
ვ------------------------უ საპატიმრო სასჯელს იხდის და ამჟამად იმყოფება რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. პატიმრობის პერიოდში ნ----- ხ-----–---–ს ჰქონდა მეუღლესთან ოჯახური ურთიერთობა, მიჰყავდა ბავშვის მამასთან შეხვედრაზე, ეხმარებოდა მატერიალურად. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის ნათესავებს ბავშვთან ურთიერთობა არა აქვს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მეუღლისადმი დამოკიდებულება, მისი მხრიდან გამოვლენილი უნდობლობა წარმოადგენს მხარეთა უთანხმოების საფუძველს. ამასთან მათ შორის კონფლიქტი და უთანხმოება არ არის ერთჯერადი და დროებითი ხასიათის, მოსარჩელეს ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვს ოჯახური ურთიერთობა მეუღლესთან. მხარეებს შორის ოჯახის აღდგენის ერთობლივი მცდელობა არ ყოფილ, ოჯახის შენარჩუნება არ სურს მოსარჩელეს. აღნიშნული გარემოებების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- მხარეთა განმარტებები (9.102018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2.3. არასრულწლოვანი ემანოელ ჩ----------------უ ცხოვრობს და იზრდება ნ----- ხ-----–---–ის ოჯახში, სადაც მასზე სათანადოდ ზრუნავენ და შექმნილია ბავშვის აღზრდისათვის ხელსაყრელი გარემო.
სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური ცენტრის სოციალურ მუშაკის ნათელა გვენეტაძის დასკვნის თანახმად, ემანოელ ჩ----------------უ ცხოვრობს თბილისი, ჰუგო ჰუბერტის N119-ში დედის ნ----- ხ-----–---–ის ოჯახში. სოციალური მუშაკი დასკვნაში ნ----- ხ-----–---–ის გადმოცემის საფუძველზე მიუთითებს, რომ მხარეები დაქორწინდნენ სიყვარულით, თავიდანვე ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში. მოპასუხე გვიან ბრუნდებოდა სახლში, ხშირად იყო ნასვამი, მოპასუხე ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი იყო. ამის გამო მათ შორის ხშირი იყო კონფლიქტები, რასაც მოსარჩელე არ უმხელდა მშობლებს, მეუღლე არ ყიდულობდა ბავშისათვის საჭირო აუცილებელ ნივთებს. ნ-----ს ძირითადად ახლობლები ეხმარებოდნენ. უფულობის გამო 7 დღის ბავშვი ექიმთან მარშუტკით წაიყვანა. თანაცხოვრების ორი წლის მანძილზე ეს ხშირად მეორდებოდა, ცდილობდა ოჯახის შენარჩუნებას, მაგრამ მუღლე უმეტესად გვიან ბრუნდებოდა სახლში, დადიოდა კლუბებში, მის დაპატიმრების შემდეგ შეიტყო, რომ თაღლითური გზით შოულობდა ფულს, ოჯახში კი ამბობდა, რომ და ნიგერიიდან უგზავნიდა. ვიქტორი ხშირად ტოტალიზატორშიც თამაშობდა. მას მისჯილი აქვს 7 წლით პატიმრობა. მის დაპატიმრების დროს ბავშვი 8 თვის იყო, მეუღლის დაპატიმრების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან. დედა მუშაობს საზღვარგარეთ, ხოლო მამა ეხმარება როგორც ფინანსურად, ისე ბავშვის მოვლაში. ნ-----ს გადმოცემით ბავშვი ხშირად დაყავდა ციხეში მამასთან , ხელს უწყობდა მათი კავშირს განმტკიცებას. შემდე ბავშვს გაუჩნდა კითვები, რატომ კეტავდნენ გალიაში და რატომ ხდიდნენ ტანსაცმელს. ამის გამო ცდილობს ბავშვმა სტრესი არ განიცადოს და აღარ დაყავს საპატიმროში მამასთან შესახვედრად. ნ-----ს დედამ გამოუგზავნა თანხა დასასვენებლად თურქეთში გასამგზავრებლად, მაგრამ ბავშვის წაყვანის უფლება მოპასუხემ არ მისცა.
ნ----- ხ-----–---–ი მუშაობს კომპანიაში „ჯიდიემი“ და მისი ხელფასია თვეში 600 ლარი. ბავშვს სახლში აქვს ცალკე ოთახი, ბინა არის კომფორტული, კარგად მოწყობილი, რამდენიმე ოთახში მიმდინარეობს რემონტი. ბავშვი დადის საბავშვო ბაღში. ჩატარებული აქვს პროფილაქტიკური აცრები. დედა დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის აღზრდასა და განვითარებას. ცალკე ჩატარდა ბავშვის გამოკითხვა. ბავშვს უყვარს მამა, ენატრება, ელოდება როდის დაბრუნდება. ასევე უყვარს დედა და ბაბუა, აქვს ბევრი სათამაშო. არის მხიარული.
დასკვნაში მითითებულია, რომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მამის მხრიდან ბავშვის ნახვის დღეები განისაზღვროს მშბლების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასკვნის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ემანოელ ჩ----------------უსათვის მოსარჩელის ოჯახში შექმნილია ბავშვის აღზრდისათვის სათანადო - მზრუნველი გარემო. ბავშვი ცხოვრობს დედასთან და ბაბუასთან ერთად, დადის საბავშვო ბაღში, აღრიცხვაზეა სამედიცინო დაწესებულებაში და უტარდება ბავშვის განვითარებისათვის აუცილებელი პირველადი ჯანდაცვის ღონისძიებები - პრევენციული აცრები.
ბავშვის ირგვლივ შექმნილია აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი მშვიდი და მოსიყვარულე გარემო. ოჯახის წევრები მატერიალურად უზრუნველყოფენ ბავშვის ასაკის შესაბამის საჭიროებებს. ბავშვის ემოციურ მდგომარეობა სტაბილურია. მიუხედავად იმისა, რომ მამა არ ცხოვრობს მასთან ერთად, ბავშვი მამის მიმართ სითბოს და სიყვარულს გამოხატავს, ისევე როგორც მასთან მცხოვრები დედის და ბაბუის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 83. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (09.10.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მხარეებს შორის ოჯახური ურთიერთობის აღდგენა შეუძლებელია. ბავშვის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი, ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე , 1200-ე, 1202-ე, 1199-ე, 1201-ე, 20-ე, 1205-ე, 1198-ე, 1196-ე მუხლის მუხლები
- საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი
- ბავშვის უფლებების კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა განქორწინების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ – სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). მხარეთა ქორწინება რეგისტრირებულია ამ ნორმის მოთხოვნათა შესაბანისად.
”ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვეციის მე-12 მუხლის მიხედვით, საქორწინო ასაკის მამაკაცსა და ქალს აქვთ ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფელა, ეროვნული კანონების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებს ამ უფლების განხორციელებას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-16 მუხლით აღიარებულია ქორწინების უფლება. ამ მუხლის თანახმად, სრუწლოვანებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნის რაიმე შეზღუდვის გარეშე დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ. ისინი სარგებლობენ თანაბარი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას. 2. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავიუფალი და სრული თანხმობისას. 3. ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესაბამისად ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას და ნებაყოფლობას.
ამდენად, საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია ქორწინების უფლება, ხოლო ხსენებული ნორმის მიზნები და შინაარსი არ შეეხება მხოლოდ დაქორწინებისას დასაქორწინებელ პირთა ნების გამოვლების ნებაყოფლობითობას. ამ ნორმებით დაცული სფერო მოიცავს საოჯახო ცხოვრებას, ადგენს როგორც დაქორწინების, ისე ოჯახური ცხოვრების და განქორწინებისას მეუღლეთა თანასწორობისა და ნებაყოფლობის პრინციპს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე N2/2/425 საქართველოს მოქალაქე სალომე წერეთელი-სტივენსი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შესახებ განმარტა შემდეგი: „დემოკრატიული საზოგადოება თავისუფალი ინდივიდებისაგან შედგება. ამ საზოგადოებაში კონსტიტუციურსამართლებრივი წესრიგის უპირველესი ამოცანაა პიროვნების თავისუფლების, მისი თავისუფალი განვითარების უზრუნველყოფა. თავისუფალი ინდივიდების საზოგადოება არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ხერხემალი, მისი წარმატებული განვითარების აუცილებელი წინაპირობა და გარანტია. საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის თავისუფლებაზე, მის თავისუფალ განვითარებაზე ყურადღებას ამახვილებს როგორც ზოგადად, ასევე, კონკრეტულად, საზოგადოებრივი ცხროვრების ცალკეულ სფეროებში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“.
ამავე გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ ქორწინება და ოჯახი ადამიანის პირადი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ სფეროში ინდივიდის თავისუფლების ხარისხი განსაკუთრებით მაღალია. სწორედ, პიროვნული თავისუფლებისა და თავისუფალი განვითარების უფლების გამოხატულება და ნაწილია ქორწინების თავისუფლება. ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, გარდა ინსტიტუციური გარანტიისა, ძირითადი უფლების დამდგენი ნორმაცაა. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიზნები და შინაარსი გაცილებით ფართოა, ვიდრე ეს მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. ამ მუხლით დაცული სფერო საკმაოდ ვრცელია და მოიცავს როგორც დაქორწინებას, ასევე, საოჯახო თანაცხოვრებასა და განქორწინებას. პირის თავისუფალი განვითარების უფლება, რომლის ერთერთ გამოხატულებასაც ქორწინების თავისუფლება წარმოადგენს, მოიცავს როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური ქცევის თავისუფლებას. ამდენად, დაცულია ქორწინების როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური თავისუფლება“.
სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად, ხოლო განქორწინება მოხდება თუ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ქორწინება ემყარება ქორწინების მსურველთა ნების გამოვლენის თავისუფლებას, მათ ნებაყოფლობითობას. ისევე როგორც დაქორწინებისას, ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მეუღლეთა ნება, მათი სურვილი იცხოვრონ ერთ ოჯახად. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქორწინება გულისხმობს მეუღლეთა ერთობლივ სურვილს, მათ ერთობლივ გადაწყვეტილებას ერთმანეთთან ჰქონდეთ ოჯახური ურთიერთობა, ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას, საერთო ძალებით განახორციელონ ერთობლივი მიზნები და ინტერესები.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ოჯახური ურთიერთობა ემყარება ურთიერთპატივისცემასა და ნდობას, შესაბამისად ოჯახის არსებობის საფუძველია მხარეთა ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესების და მიზნების განსახორციელებლად ერთობლივი ძალისხმევა. მეუღლეებს შორის ნდობის არარსებობა შეიძლება გახდეს ქორწინების შეწყვეტის საფუძველი. ოჯახი არის მეუღლეთა ნებაყოფლობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, ხოლო მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აღარ არსებობს. სასამართლო განმარტავს, რომ გადამწყვეტი არ არის ამგვარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება განპირობებულია თუ არა ობიექტური გარემოებებით, დადასტურებული ფაქტებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ოჯახური ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია, მოსარჩელის დამოკიდებულების გამო მათი ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, რის გამოც განქორწინების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
გაეროს მიერ მიღებული ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ოქმი №7-ის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
ამდენად, ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები, რადგან მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების საზიანოდ. მშობლის უფლება უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად, მის სასიკეთოდ.
ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვის ინტერესში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა, მისი აღზრდა ჰუმანური და კეთილშობილური პრინციპებით. ოჯახური გარემოს შექმნა გულისხმობს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ.
”ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-7 მუხლის მიხედვით, ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.
”ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინაღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შესაძლებლობა არის არა მარტო მშობლის უფლება, არამედ ბავშვის უფლება, რადგან კონვენცია სახელწიფოს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის უფლების განხორციელება, ჰქონდეს მშობელთან პირადი რეგულარული ურთიერთობები. შესაბამისად, ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელია მშობელთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა.
ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია შესაძლებელია სრულფასოვნად ვერ განხორციელდეს თუ ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს. ამდენად, კონვენციითვე განსაზღვრულია რა შემთხვევაში ვერ განხორციელდება ბავშვის მშობელთან ურთიერთობის უფლება - თუ ეს ეწინააღმდეგება მის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის აღზრდისათვის ყველაზე ხელსაყრელი და ჰარმონიული გარემოა ოჯახი - ორივე მშობლის მზრუნველობის და ყურადღების ქვეშ ყოფნა. კონვენციის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინაღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
მშობლების განქორწინება არის ისეთი ფაქტობრივი გარემოება, როცა აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ერთერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ეს ნიშნავს მშობლისათვის ბავშვის აღზრდის საკითხში მთავარი პასუხისმგებლობის დაკისრებას, რადგან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა გულისხმობს ბავშვის ერთერთ მშობელთან ცხოვრებას. შესაბამისად, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხზე წამოჭრილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, მოსარჩელეს აქვს თუ არა უნარი და შესაძლებლობა სათანადოდ იზრუნოს შვილის აღზრდაზე, მასთან ბავშვის გაზრდა შეესაბამება თუ არა ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსისა და ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, სასამართლოს მიერ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესად გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვების ინტერესები, უნდა გამოირკვეს თუ რომელ მშობელს შეუძლია უკეთ იზრუნოს შვილებზე და რომელ მშობელთან უკეთესი იქნება შვილების აღზრდა როგორც მორალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლის თანახმად, 1. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. 2. არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა –მეურვის საცხოვრებელი ადგილი.
”ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის” მე-16 მუხლის თანახმად, 1. არც ერთი ბავშვი არ შეიძლება იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების უფლებათა მის მიერ განხორციელებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევის, ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფის ობიექტი. ამ ნორმის მიხედვით, დაუშვებელია ბავშვი იყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების უკანონო ხელყოფის ობიექტი.
ამ შემთხვევაში ბავშვის მამა მსჯავრდებულია სისხლის სამართლის წესით და იხდის ხანგრძლივ ვადიან საპატიმრო სასჯელს, იგი ამჯამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება, რის გამოც არ არის შესაძლებელი მასთან იცხოვრობს მცირეწლოვანმა ბავშვმა. მოპასუხე არის ნიგერიის მოქალაქე, მამის ნათესავები საქართველოში არ ცხოვრობენ და ბავშვთან მათ ურთიერთობა არა აქვთ. ამ გარემოების გამო ამჟამად ბავშვი ცხოვრობს დედის ნ----- ხ-----–---–ის ოჯახში, სადაც ბავშვი იზრდება მისდამი კეთილგანწყობილ მზრუნველ გარემოში. მოსარჩელის ოჯახის წევრები სათანადო ყურადღებას იჩენენ შვილების აღზრდის საკითხებისადმი. შესაბამისად, ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდის ინტერესებიდან გამომდინარე ბავშვების საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მოსარჩელე ნ----- ხ-----–---–ის საცხოვრებელი ადგილი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. 3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად. 4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.
ამ ნორმით გათვალისწინებულია მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა, რაც მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებითაა შესაძლებელია. კანონით გათვალისწინებულია მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლებისა და მოვალეობის შეზღუდვა, თუმცა ეს ნორმა არ განსაზღვრავს მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მშობლებსა და არასრულწლოვან შვილებს შორის ურთიერთობის იმ ზოგადი პრინციპის საფუძველზე, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით, რომლის თანახმად მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამ ნორმის მიხედვით, 3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. 4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. 5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. 6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებაა განკარგოს არასრულწლოვანი შვილის ქონება, შეიძინოს შვილის სასარგებლოდ ქონება, მიიღოს გადაწყვეტილება შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, განათლების მიღების საკითხზე და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი დასათაურებულია, როგორც: „მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ“, ამ ნორმით პუნქტობრივად ცალ-ცალკეა მითითებული მშობლის უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ (პირველი-მე-5 ნაწილები) და მშობლის, როგორც შვილის წარმომადგენლის უფლებამოსილება (მე-6 ნაწილი).
ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისაგან მშობლის უფლება-მოვალეობებს, რომელიც გულისხმობს ურთიერთობებს მშობელსა და შვილს შორის და მშობლის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებას, რომლის ფუნქციაა, უზრუნველყოს არასრულწლოვანი პირის ინტერესები მესამე პირებთან ურთიერთობაში.
"ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას.
”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
სამოქალაქო კოდექსი არასრულწლოვნის სამართლებრივ სტატუსს იურიდიული შინაარსის მიხედვით ორ კატეგორიად განიხილავს. კერძოდ, 0-7 წლამდე (მცირეწლოვანი), რომელსაც ტოტალური ქმედუუნაროს სტატუსი გააჩნია და 7-18 წლამდე - (არასრულწლოვანი), რომელიც სარგებლობს ქმედუნარიანობის შეზღუდული ფარგლებით.
არასრულწლოვანს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ან ნებისმიერ სხვა სფეროში და თვითონ გამოავლინოს ნება გარიგების დადების შესახებ, საცხოვრებელი ადგილის დამოუკიდებლად არჩევის, საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევის და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.
მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშვებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს მშობელი შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს არა მარტო შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას, არამედ მისი აღზრდის ყველა ასპექტს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სამართლებრივი შინაარსით განსხვავდება მშობლის უფლება შვილის მიმართ და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირების მიმართ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მშობელი იმავდროულად ატარებს საკუთრივ მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილის მიმართ.
ამ შემთხვევაში ბავშვის აღზრდაზე ზრუნავენ მოსარჩელე და მისი ნათესავები, მოპასუხის თანხმობის გარეშე ვერ წყდება ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილი ისეთი საკითხები, როგორიცაა საზღვარგარეთ ბავშვის წაყვანა. სასამართლოს მიაჩნია, რომ საზღვარგარეთ ბავშვის დროებით დასასვენებლად წაყვანა არ მიაყენებს ზიანს ბავშვის აღზრდის პროცესს. საქმეზე დადგენილი ფაქტებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე ხანგრძლივი ვადით საზღვარგარეთ საცხოვრებლად მიემგზავრება და ამის შედეგად ბავშვს მოესპობა მამასთან ურთიერთობის შესაძლებლობა.
ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი, რომელიც ამჟამად არის საქართველოში ქალაქ თბილისში. საქმის განხილვის დროს არ წამოჭრილა ბავშვის სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წაყვანის საკითხი, რადგან მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილია საქართველოში, შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილიც დავის განხილვის დროს მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილს გულისხმობს.
ამდენად, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წამომადგენლობითი უფლებამოსილება, რათა ბავშვმა შეძლოს მშობელთან ერთად უცხოეთში გამგზავრება.
მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ ბავშისთვის პასპორტის აღებაზე თანახმა იქნება, თუ ბავშვს არ შეეცვლება სახელი და გვარი. ამ საკითხზე სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას. 2. მშობლებს, რომლებთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვთ, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართონ სასამართლოს შვილისათვის თავიანთი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც. ამ ნორმით გათვალისწინებულია მშობლის უფლებამოსილება, სასამართლოსათვის მიმართვის გზით მოითხოვოს მასთან მცხოვრები არასრულწლოვანი შვილის გვარის შეცვლა და ბავშვისათვის მისი გვარის მიკუთვნება. კანონი ითვალისწინებს 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის აუცილებელ თანხმობას, სხვა საფუძვლებს კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს, თუმცა რადგან დავა შეეხება ბავშვის უფლებებს, საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვის საუკეთესო პრინციპის საფუძველზე, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის გათვალისწინებული პრინციპებით.
ამდენად, მშობლების განქორწინების შემთხვევაში ერთერთ მშობელთან მცხოვრები ბავშვის გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებით. განსახილველ საქმეში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელე ნ----- ხ-----–---–ს არ აქვს. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღინიშნება ბავშვის ის ვინაობა, რაც მითითებულია მის დაბადების მოწმობაში - ემანოელ ჩ----------------უ.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხემ სასამართლო მთავარ სხდომაზე ცნო სასარჩელო მოთხოვნები ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრის და წარმომდგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, რის გამოც ამ მოთხოვნებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, რის გამოც გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 50 ლარი, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე,248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს ნ----- ხ-----–---–ის სარჩელი;
1.1. შეწყდეს 2012 წლის 10 მაისს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება 19---–-–----------------ს დაბადებულ ნ----- ხ-----–---–სა (პირადი N3----------) და 19---–-–------------ს დაბადებულ ვ------------------------უს შორის (დაბადების ადგილი ნიგერია, მოქალაქეობა ნიგერია) - სააქტო ჩანაწერის №01201230595;
1.2. 2012 წლის 22 ნოემბერს დაბადებული ემანოელ ჩ----------------უს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მოსარჩელე ნ----- ხ-----–---–ის საცხოვრებელი ადგილი, თბილისი, ჰ------------------------;
1.3. მოპასუხე ვ------------------------უს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის 2012 წლის 22 ნოემბერს დაბადებული ემანოელ ჩ----------------უს მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის და საზღვარგარეთ წაყვანაზე თანხმობის უფლებაში;
2. ვ------------------------უს დაეკისროს ნ----- ხ-----–---–ისათვის 50 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
3. ნ----- ხ-----–---–ს დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარი. სახელმწიფო ბაჟის გადახდილია 2018 წლის 2 ივლისს შემდეგ ანგარიშზე: ხაზინის ერთაინი ანგარიში, სხვა შემოსულობებიე, სახაზინო კოდი 300063150 (სალაროს შემოსავლის ორდერი N2117285610);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი