გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35652-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - ე-----------------ე
მოპასუხე - ნ-------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 05 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10 018.02 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 6 643.64 ლარი, პროცენტი -1 321.22 ლარი და პირგასამტეხლო - 2 0563.16 ლარი;
1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 08 ნოემბრიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 05 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 6 643.64 ლარზე ხელშეკრულების სრულ შესრულებამდე წლიური 33% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 182.70 ლარს;
1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15 239.06 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 12 337.07 ლარი, პროცენტი - 1 263.78 ლარი, პირგასამტეხლო - 1 611.25 ლარი და დაზღვევის საფასური - 26.96 ლარი;
1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 08 ნოემბრიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 12 337.07 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 174.77 ლარს.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-16):
1.1.1. 2016 წლის 05 აპრილს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა საკრედიტო ბარათი - TBC Prime Card 5 000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. ხელშეკრულების თანახმად წლიური სარგებელი განისაზღვრა 33%-ით, ხოლო ფიქსირებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.1.2. ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების 18.7.2 პუნქტიდან გამომდინარე, მას უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით, ბარათის მფლობელისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე ბარათის მფლობელის საბარათე ანგარიშზე დაუშვას საკრედიტო ლიმიტი, გაზარდოს საბარათე ანგარიშზე უკვე დაშვებული ლიმიტი ან საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა, რაზეც ბარათის მფლობელი თანხმობას აცხადებს საკრედიტო ლიმიტის დაშვების შესახებ განცხადების ხელმოწერით;
1.1.3. 2017 წლის 11 თებერვალს მოხდა საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და საბოლოო ჯამში ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 6 643.64 ლარი. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 33%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 33%-ით კრედიტის სს "თ----------ის" ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში;
1.1.4. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების დღედ განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 4 რიცხვი;
1.1.5. მოპასუხის მიერ გადახდილმა თანხამ ჯამში შეადგინა 11 430 ლარი;
1.1.6. მოპასუხემ 2017 წლის მაისში დაარღვია საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;
1.1.7. 2017 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2016 წლის 05 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 10 018.12 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 6 643.64 ლარი, პროცენტი - 1 321. 22 ლარი და ჯარიმა 2 053.16 ლარი;
1.1.8. 2016 წლის 13 მაისს მასსა და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის №1-------------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გაიცა სესხი 15 000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, კრედიტის ვადა - 2020 წლის 02 მაისამდე. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 02 რიცხვში ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად;
1.1.9. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.1.10. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მის სასარგებლოდ GPIH-ში მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით;
1.1.11. მოპასუხის მიერ 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი თანხების ოდენობამ ჯამში შეადგინა 4 802.46 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა- 2 662.93 ლარი, პროცენტი - 2 080.75 ლარი და პირგასამტეხლო - 58.78 ლარი;
1.1.12. 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მოპასუხის მიერ დაირღვა 2017 წლის 02 მაისს;
1.1.13. 2017 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 15 239.06 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 12 337.07 ლარი, პროცენტი - 1 263.78 ლარი, პირგასამტეხლო - 1 611.25 ლარი და დაზღვევის საფასური - 26.96 ლარი;
1.1.14. ორივე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა მის მიერ მისაღები წლიური სარგებელი. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში იგი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს და ვერც სარგებელს იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ იგი მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც იგი ასვე უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, მან სარჩელი ცნო 2016 წლის 05 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 6 643.64 ლარის და პროცენტის - 1 321.22 ლარის, ასევე 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 12 337.07 ლარის, პროცენტის - 1 263.78 ლარის და დაზღვევის საფასურის - 26.96 ლარის გადახდის ნაწილში. შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ.92-103, 2018 წლის 02 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.1.1. მასსა და მოსარჩელეს შორის ნამდვილად დაიდო 2016 წლის 05 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის, ხოლო 2016 წლის 13 მაისს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებები;
2.1.2. მას ნაწილობრივ აქვს მოსარჩელის მიმართ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები შესრულებული;
2.1.3. მოსარჩელის მიერ თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პირსაგამტეხლო არაგონივრული და შეუსაბამოა, შესაბამისა იგი უნდა შემცირდეს;
2.1.4. არ არსებობს მოსარჩელისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 05 აპრილს მოსარჩელეს და მოპასუხეს შრის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: ბარათის ტიპი - საკრედიტო ბარათი TBC Prime Card, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 02.12.2047-მდე, საკრედიტო ლიმიტის მოცულობა - 5 000 ლარი, საპროცენტო სარგებლის განაკვეთი - 33% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 33% კრედიტის სს ,,თ----------ის’’ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში და 0% ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში. დაანგარიშების თარიღი - ყოველი კალენდარული თვის 4 რიცხვი, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა - აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, ბილინგის (დაანგარიშების) დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 32-35)
3.1.2. 2017 წლის 11 თებერვალს განხორციელდა 2016 წლის 05 აპრილის საკრედიტო ლიმიტის ავტომატური გაზრდა და საბოლოო ჯამში მოპასუხის მიერ ათვისებული და დაბრუნებული თანხების ნაშთმა შეადგინა 6 643.64 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება, მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 42-58)
3.1.3. მოპასუხემ 2017 წლის მაისში დაარღვია 2016 წლის 05 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის დადგენილი გრაფიკით გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს გადახდილი აქვს 11 430 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო ამონაწერი, მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 36-41)
3.1.4. 2017 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2016 წლის 05 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 10 018.12 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 6 643.64 ლარი, პროცენტი - 1 321. 22 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 2 053.16 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 59)
3.1.5. 2016 წლის 13 მაისს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1-------------- შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა -15 000 ლარი, კრედიტის ვადა - 1 450 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 17%, ხელშეკრულებით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის 20 ლარის ოდენობით გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა სესხის წინასწარი დაფარვისა), ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
ხელშეკრულების 2.16 პუნქტის თანახმად, დამატებით პირობად განისაზღვრა, რომ მსესხებელი ვალდებულია კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ვადით განახორციელოს სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში. მსესხებელი ვალდებულია სესხის მოქმედების განმავლობაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს დაზღვევის პრემია გადახდის მომენტში მოქმედი შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი, სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, ხელშეკრულება, ხელშეკრულების დანართი, გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 17-29 )
3.1.6. მოპასუხის მიერ 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის №1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადახდილი თანხების ოდენობამ ჯამში შეადგინა 4 802.46 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა- 2 662.93 ლარი, პროცენტი - 2 080.75 ლარი და პირგასამტეხლო - 58.78 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა-ახსნა განმარტება, საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 30-31)
3.1.7. მოპასუხემ 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის №1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება დაარღვია 2017 წლის 02 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა-ახსნა განმარტება, საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 30-31)
3.1.8. 2017 წლის 08 ნოემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის №1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 15 239.06 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 12 337.07 ლარი, პროცენტი - 1 263.78 ლარი, პირგასამტეხლო - 1 611.25 ლარი და დაზღვევის საფასური - 26.96 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 59)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხის მიერ თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს თითოეულ შემთხვევაში მისი 100 ლარამდე შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი ვადაგადაცილებისათვის განისაზღვრა ფიქსირებული 20 ლარი და ამას დამატებული ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის და შესაბამისად დადგენილია სასამართლოს მიერ მოპასუხის მხრიდან, როგორც 2016 წლის 05 აპრილის, ასევე 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხე ითხოვს მის შემცირებას და მიუთითებს, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს თითოეულ შემთხვევაში მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda"-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, 2016 წლის 05 აპრილის ხელშეკრულებით, ისევე როგორც 2016 წლის 13 მაისის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ№ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).
პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ბანკი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 05 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 2 053.16 ლარი, ისევე როგორც 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 1 611.25 ლარი შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს თითოეულ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით.
3.2.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2017 წლის 08 ნოემბრიდან 2016 წლის 05 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 6 643.64 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 33% სარგებლის (რაც ყოველთვიურად შეადგენს 182.70 ლარს) გადახდა და ამავე თარიღიდან 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 12 337.07 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის (რაც ყოველთვიურად შეადგენს 174.77 ლარს) გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული.
მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).
განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურებას ითხოვს საბანკო დაწესებულება, რომლის საქმიანობაც მიმართულია საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარგებლის მიღებაზე. სასამართლო უდავოდ მიიჩნევს პრეზუმფციის არსებობას, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით და აღნიშნული ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ მსესხებელზე ორივე შემთხვევაში გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად მოსარჩელის, როგორც საბანკო დაწესებულების ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება.
ამასთან, სასამართლო უდავოდ მიიჩნევს პრეზუმფციის არსებობას, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც ცხადია ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით მოსარჩელემ განიცხადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. ამასთან, საბანკო დაწესებულების შემთხვევაში განსაკუთრებულ მტკიცებას არ საჭიროებს ის გარემოება, რომ ბანკს შეეძლო ამ ოდენობით საპროცენტო სარგებელი მიეღო კრედიტის კვლავ გაცემით და რომ ვერ მიიღო, განიცადა ზიანი, ეკონომიკური დანაკარგი.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს დადგენილად, რომ მოპასუხის მიერ სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებების დარღვევებით მისთვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს. ამასთან, მოსარჩელეს, როგორც საბანკო დაწესებულებას, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისას შეეძლო მითითებული ოდენობით სარგებლის მიღება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2017 წლის 08 ნოემბრიდან 2016 წლის 05 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 6 643.64 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 33% სარგებლის (რაც ყოველთვიურად შეადგენს 182.70 ლარს) გადახდა და ამავე თარიღიდან 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 12 337.07 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის (რაც ყოველთვიურად შეადგენს 174.77 ლარს) გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 52-ე, 115-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება, აგრეთვე თუ განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორი კვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, ჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, მან სარჩელი ცნო 2016 წლის 05 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 6 643.64 ლარის და პროცენტის - 1 321.22 ლარის, ასევე 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 12 337.07 ლარის, პროცენტის - 1 263.78 ლარის და დაზღვევის საფასურის - 26.96 ლარის გადახდის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეამციროს არაგონივრული პირგასამტეხლო.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულად მიიჩნია, თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებით დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირება 100 ლარამდე, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
6.4. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე არის საბანკო დაწესებულება, რომელიც გასცემს სესხის სახით ფულად თანხას გარკვეული სარგებლის (პროცენტის) სანაცვლოდ. ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, საქმე №ას-307-291-2011). სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით დგინდებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა, რის გამოც გაზიარებულია მოსარჩელის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. შესაბამისად, არსებობს მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 1 143.79 ლარი (ს.ფ. 68). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე იგი ცნო ნაწილობრივ (ცნო სასარჩელო მოთხოვნიდან 21 592.67 ლარი), შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 647.78 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 392.6 ლარის, ასევე წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 100 ლარის ოდენობით, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თ----------ის’’ სარჩელი მოპასუხე ნ-------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ნ-------------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 05 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 6 643.64 ლარის, პროცენტის - 1 321.22 ლარის და პირგასამტეხლოს - 100 ლარის ოდენობით გადახდა;
3. მოპასუხე ნ-------------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 08 ნოემბრიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 05 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 6 643.64 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 33% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 182.70 ლარს;
4. მოპასუხე ნ-------------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 12 337.07 ლარის, პროცენტის - 1 263.78 ლარის, პირგასამტეხლოს - 100 ლარის და დაზღვევის საფასურის - 26.96 ლარის ოდენობით გადახდა;
5. მოპასუხე ნ-------------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 08 ნოემბრიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 13 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 12 337.07 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 174.77 ლარს;
6. მოპასუხე ნ-------------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 392.6 ლარის ოდენობით და წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;
7. მოსარჩელე სს ,,თ----------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 29 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 647.78 ლარი, რომელიც გადახდილია №101 საგადახდო დავალებით შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი