გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.10.2018
საქმის ნომერი
330210017001853848
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
01.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/7786-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი ილია ვაშაკიძე

მოსარჩელე – სს ,,თი---------ი”

წარმომადგენელი – ლე-–--------–---–ი

მოპასუხეები – ნი------------------–---------ე, რე-------–---------ე, ტა-----–------------ი

წარმომადგენელი - გი-------------ე, ლა–------–--–--ე, ბე--------------ი, ნი-------–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ნი------------------–---------ესა და რე-------–---------ეს მოსარჩელე სს ,,თი---------ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2011 წლის 28 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებისა და 2011 წლის 31 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 120 713,82 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 97 506,34 აშშ დოლარი, პროცენტი 14 574,97 აშშ დოლარი, ჯარიმა 7500 აშშ დოლარი, დაზღვევა 1 132,51 აშშ დოლარი.

 

1.2. მოპასუხეებს ნი------------------–---------ესა და რე-------–---------ეს მოსარჩელე სს ,,თი---------ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 16/03/2017 წლიდან კრედიტის ძირ თანხაზე 97 506,34 აშშ დოლარზე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტის გადახდა, მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 881.56 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 578.72 აშშ დოლარისა.

1.3. დავალიანების თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხე ტა-----–------------ის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების რეალიზაციით:

 

ქონების მახასიათებლებია:

 

ა) ქ-------–-----------------------–---–-------, (ნაკვეთი 022/002), ფართი 222.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------;

 

1.4. იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავს სს ,,თი---------ის“ მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების ნი------------------–---------ისა და რე-------–---------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2011 წლის 28 მაისს სს ,,თი---------სა“ და რე-------–---------ეს შორის დაიდო N------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, ხოლო 2014 წლის 24 თებერვალს მოხდა შეთანხმება N------- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის საფუძველზეც ბანკი კლიენტს მოემსახურებოდა შემდეგი საკრედიტო პროდუქტებით: საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით, საკრედიტო ლიმიტით, საბანკო გარანტიით, აკრედიტივით, ფაქტორინგით და სხვა საკრედიტო პროდუქტებით. N------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და მხარეებს ,,გამყიდველს“ - ტა-----–------------სა და ,,მყიდველს“ - რე-------–---------ეს შორის 2011 წლის 28 მაისს გაფორმდა N--------1 უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ერთობლივი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ტა-----–------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--–---------–-----------------------–---–------, ს/კ 0----------------------. აღნიშნული ქონების მესაკუთრე შემდგომ გახდა რე-------–---------ე, ხოლო დღეის მდგომარეობით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და ძველ მესაკუთრედ აღდგენის საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე კვლავ ტა-----–------------ია.

 

N------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და ნი------------------–---------ეს შორის 2011 წლის 28 მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე ნი------------------–---------ემ სოლიდარულად მთელი მოცულობით ივალდებულა მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა შეადგენს 500 000 აშშ დოლარს.

 

სს ,,თი---------სა“ და რე-------–---------ეს შორის გაფორმებული N------- საკრეიდიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2011 წლის 31 მაისს სს ,,თი---------სა“ და რე-------–---------ეს შორის გაფორმდა N--------1351458 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 140 000 აშშ დოლარის ოდენობით, კრედიტის ვადა 6/7/2026-მდე, სარგებლის წლიურად 11%-ის დარიცხვით.

 

მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტები, რაც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული გადახდის გრაფიკით, თუმცა მოპასუხე არ ასრულებს ბანკის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, რაც გამოიხატება გადახდის გრაფიკის დარღვევაში, ძირი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების გადაუხდელობაში. 2015 წლის 19 ნოემბრიდან ხდება გადახდის გრაფიკის დარღვევა და ამჟამად სესხი არის ვადაგადაცილებაში, რაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს. მოპასუხე მხარეებს გამაფრთხილებელი წერილები გაეგზავნათ ფოსტის მეშვეობით, რომელთა მოთხოვნებიც კიდევ არ შესრულდა, ბანკის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 16/03/2017 წელს ცალმხრივად შეწყდა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა რე-------–---------ემ და ნი------------------–---------ემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, ძირი თანხის - 97 506,34 აშშ დოლარის, პროცენტის - 3996 აშშ დოლარისა და ჯარიმის - 10 აშშ დოლარის ნაწილში.

 

მოპასუხეთა განმარტებით, საკრედიტო ხელშეკრულება შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს 2016 წლის 02 აპრილს, ვინაიდან საქმეშია პირველი გაფრთხილების წერილი, რომელიც მსესხებელს 2016 წლის 19 მარტს ჩაბარდა. შესაბამისად ბანკს შეუძლია პროცენტის მოთხოვნა ვადაგადაცილების დაწყებიდან 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2016 წლის 02 აპრილის ჩათვლით (ხელშეკრულების შეწყვეტამდე), რაც შეადგენს 136 დღეს, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით 3996 აშშ დოლარი (97506 აშშ დოლარის 11%=10725/365*136) არის მაქსიმუმი თანხა, რის დაკისრებაც შესაძლებელია პროცენტის სახით.

 

მოპასუხეები თვლიან, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება შესაძლებელია მაქსიმუმ 10 აშშ დოლარის ოდენობით, ვინაიდან ხელშეკრულებით მხოლოდ აღნიშნული ფიქსირებული პირგასამტეხლო იქნა გათვალისწინებული ვადაგადაცილებისათვის. რაც შეეხება პირგასამტეხლოს მეორე კატეგორიას (0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), იმისათვის რომ მოცემული პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდეს, აუცილებელია ხელშეკრულებიდან იკითხებოდეს, რა თანხის 0,5% დაეკისრება მსესხებელს ვადაგადაცილებისათვის. საკრედიტო ხელშეკრულებაში ასეთი თანხა მითითებული არ არის, რაც მოპასუხეთა განმარტებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

გარდა ამისა, მოპასუხეები უთითებენ რომ ბანკი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს სადაზღვევო თანხის დაკისრება, რადგან სულ მცირე წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს. ამასთან, სრულიად გაურკვეველია რა დაანგარიშებით ითხოვს მოსარჩელე 1132 აშშ დოლარის გადახდას.

 

მოპასუხეები დაუსაბუთებლად თვლიან აგრეთვე სარჩელს მიუღებელი შემოსავლის ნაწილში და უთითებენ, რომ პროცენტი ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, ხოლო მოპასუხეებს პროცენტის სახით გადახდილი აქვთ 64 088 აშშ დოლარი.

 

რაც შეეხება მსესხებლისა და თავდების ქონებებზე სააღსრულებო წარმოების მიქცევას, მოპასუხეები განმარტავენ, რომ არც ერთი ხელშეკრულება არ აკეთებს დათქმას მსესხებლის ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის შესაძლებლობაზე, შესაბამისად ბანკის მოთხოვნა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია. ხოლო რაც შეეხება თავდებს, მოცემული საკრედიტო ურთიერთობის ფარგლებში, მან უკვე აგო პასუხი საკუთარი ქონებით, როდესაც 2015 წლის ნოემბერში იძულებული გახდა გაეყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და რელიზაციიდან მიღებული თანხა 30 000 აშშ დოლარი შეტანილ იქნა კრედიტის დასაფარად.

 

2.2. მოპასუხე ტა-----–------------მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო. (იხ. წერილობითი საპაექრო სიტყვა, ს.ფ. 252-260);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 28 მაისს სს ,,თი---------სა“ და რ-------–---------ეს შორის გაფორმდა N------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 05/28/2051, ხოლო კრედიტის მოცულობად 500 000 აშშ დოლარი.

 

მითითებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2011 წლის 31 მაისს გაფორმდა საბანკო კრედიტის N--------1351458 ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 140 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2026 წლის 07 ივნისამდე, საპროცენტო სარგებელი წლიური 11%-ის დარიცხვით.

 

ამავე ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.4. პუნქტში მითითებული ვადით სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სადაზღვევო კომპანია ,,ჯიპიაიში“.

 

მსესხებელმა იკისრა დაზღვევის პრემიის გადახდის ვალდებულება სესხის მოქმედების განმავლობაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, გადახდის მომენტში მოქმედი, შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი, სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად.

 

2011 წლის 28 მაისის N------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში 2014 წლის 24 თებერვალს შეტანილი იქნა ცვლილება შეთახმების სახით, რომლის თანახმად შეიცვალა ძირითადი ხელშეკრულება და ჩამოყალიბდა ამ შეთანხმებისათვის თანდართული რედაქციით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 28 მაისის N------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24);

- შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 46-48);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 49-53).

- შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ. 25-33);

- დანართი N1/პოლისი N--------1351458 (ს.ფ. 66);

 

3.1.2. 2011 წლის 28 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N------- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,თი---------სა“ და ნი------------------–---------ეს შორის 2011 წლის 28 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად თავდები იღებს ვალდებულებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარულად აგოს პასუხი წინამდებარე ხელშეკრულების 1.1. პუნქტში აღნიშნული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებისა და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებებით ,,კლიენტის“ მიერ ბანკის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 42-45);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2011 წლის 28 მაისს სს ,,თი---------ს“, ტა-----–------------სა და რე-------–---------ეს შორის გაფორმდა იპოთეკა ნასყიდობის ერთობლივი ხელშეკრულება N--------1;

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი იქნა 2011 წლის 28 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N------- ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა რ-------–---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - ქ-------–-----------------------–---–-------, (ნაკვეთი 022/002), ფართი 222.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------;

 

იპოთეკის ხელშეკრულებების 8.4. პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის ნებისმიერი ფორმით რელიზაციიდან ამონაგები თანხა იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ტოლი ოდენობით.

 

დღეის მდგომარეობით იპოთეკის საგნის მესაკუთრეს წარმოადგენს ტა-----–------------ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და ძველ მესაკუთრეზე აღდგენის შესახებ, დამოწმების თარიღი: 29/08/2011, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 28 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ერთობლივი ხელშეკრულება (ს.ფ. 34-41);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 59-60).

 

3.1.4. მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად, სს ,,თი---------ი“-ს მიმართ, 2011 წლის 28 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რე-------–---------ეს ერიცხება დავალიანება - 188 210,28 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია - 97 506,34 აშშ დოლარი, პროცენტი - 14 574,97 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 74 996,46 აშშ დოლარი, დაზღვევა - 1 132,51 აშშ დოლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 57).

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. ბანკის მხრიდან მსესხებელს, თავდებს და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს გაეგზავნა გაფრთხილება დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინება (ს.ფ. 61-65).

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების დარღვევა, რასაც ადგილი ჰქონდა არაერთხელ.

 

მოპასუხემ შეწყვიტა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაფარვა. ამ გარემოების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.

 

მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილია.

 

მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები და არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელეს წარმოეშვა მათ მიმართ მოთხოვნის უფლება.

 

3.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება); საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით - 7500 აშშ დოლარის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულად არ არის შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 7500 აშშ დოლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის მაღალი, რის გამოც უნდა შემცირდეს. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 750 აშშ დოლარით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხეების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხისა და სარგებლის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანი და კანონიერია. პირგასამტეხლო არის მაღალი და უნდა შემცირდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 403-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 465-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3,მე-4, 102-ე, 208-ე, 2681-ე, 269-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხეებმა - რ-------–---------ემ და ნი------------------–---------ემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, ძირი თანხის 97 506,34 აშშ დოლარის, პროცენტის 3996 აშშ დოლარისა და ჯარიმის 10 აშშ დოლარის ნაწილში, რაც მათ მიმართ მოცემული ოდენობით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2011 წლის 28 მაისს სს ,,თი---------სა“ და რე-------–---------ეს შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს კრედიტის სახით ასათვისებლად გამოეყო ფინანსური რესურსები.

 

მითითებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2011 წლის 31 მაისს გაფორმდა საბანკო კრედიტის N--------1351458 ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 140 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2026 წლის 07 ივნისამდე, საპროცენტო სარგებელი წლიური 11%-ის დარიცხვით.

 

ამავე ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.4. პუნქტში მითითებული ვადით სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სადაზღვევო კომპანია ,,ჯიპიაიში“.

 

მსესხებელმა იკისრა დაზღვევის პრემიის გადახდის ვალდებულება სესხის მოქმედების განმავლობაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, გადახდის მომენტში მოქმედი, შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი, სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად.

 

2011 წლის 28 მაისის N------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში 2014 წლის 24 თებერვალს შეტანილი იქნა ცვლილება შეთახმების სახით, რომლის თანახმად შეიცვალა ძირითადი ხელშეკრულება და ჩამოყალიბდა ამ შეთანხმებისათვის თანდართული რედაქციით.

 

ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სადავო არ არის, რომ 2011 წლის 31 მაისს, მხარეთა შორის გაფორმებული შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 140 000 აშშ დოლარი, კრედიტის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 07 ივნისის ჩათვლით, წლიური განაკვეთი - 11% სარგებლით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 0,5%. მხარეთა შორის განისაზღვრა, რომ მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა დაეფარა დარიცხული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოპასუხე, რე-------–---------ის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

 

6.4. სოლიდარული მოვალეების მიერ მითითებული გარემოებები, არ წარმოადგენს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის საფუძველს. კერძოდ, მოპასუხეების განმარტებით, საკრედიტო ხელშეკრულება შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს 2016 წლის 02 აპრილს, ვინაიდან საქმეშია პირველი გაფრთხილების წერილი, რომელიც მსესხებელს 2016 წლის 19 მარტს ჩაბარდა. ბანკს შეუძლია პროცენტის მოთხოვნა ვადაგადაცილების დაწყებიდან 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2016 წლის 02 აპრილის ჩათვლით (ხელშეკრულების შეწყვეტამდე), რაც შეადგენს 136 დღეს, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით 3996 აშშ დოლარი (97506 აშშ დოლარის 11%=10725/365*136) არის მაქსიმუმი თანხა, რის დაკისრებაც შესაძლებელია პროცენტის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2026 წლის 07 ივნისამდე. მართალია, მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2015 წელს, მაგრამ ბანკს არ გამოუყენებია სსკ-ის 873-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება 2017 წლის 16 მარტამდე. მითითებული ნორმა ითვალისწინებს კრედიტის გამცემის მიერ საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის შესაძლებლობას, თუკი კრედიტის მიმღები გადააცილებს ზედიზედ სულ ცოტა ორ ვადას, მაგრამ ეს კრედიტის გამცემის უფლებაა და არა ვალდებულება.

 

6.5. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - რე-------–---------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილება ზედიზედ, სულ ცოტა, ორი ვადის. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები თვლიან, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება შესაძლებელია მაქსიმუმ 10 აშშ დოლარის ოდენობით, ვინაიდან ხელშეკრულებით მხოლოდ აღნიშნული ფიქსირებული პირგასამტეხლო იქნა გათვალისწინებული ვადაგადაცილებისათვის. რაც შეეხება პირგასამტეხლოს მეორე კატეგორიას (0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), იმისათვის რომ მოცემული პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდეს, აუცილებელია ხელშეკრულებიდან იკითხებოდეს, რა თანხის 0,5% დაეკისრება მსესხებელს ვადაგადაცილებისათვის. საკრედიტო ხელშეკრულებაში ასეთი თანხა მითითებული არ არის, რაც მოპასუხეთა განმარტებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას და განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

 

როგორც უკვე აღინიშნა, 2011 წლის 28 მაისის N------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში 2014 წლის 24 თებერვალს შეტანილი იქნა ცვლილება შეთახმების სახით, რომლის თანახმად შეიცვალა ძირითადი ხელშეკრულება და ჩამოყალიბდა ამ შეთანხმებისათვის თანდართული რედაქციით.

 

2014 წლის 24 თებერვლის შეთანხმების 6.7. პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისა და ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო კლიენტის მიერ ვალდებულების დარღვევის მომენტისათვის მიღებული საკრედიტო პროდუქტების საერთო მოცულობის 0,1%-ის ოდენობით ვალდებულების შესრულების ვადისთვის გადაცილებული ყოველი დღისთვის.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა დაიწყო 2015 წლის 19 ნოემბრიდან, რაც მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

 

ამ შემთხვევაში, მსესხებელს წარმოეშვა ვალდებულება, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ვალდებულება. მხარეებმა სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე გაითვალისწინეს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში (ცვლილება) 6.7. ქვეპუნქტი, რაც მოპასუხეთა პრეტენზიას საფუძველს აცლის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 28 მაისის N------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა როგორც ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დავალიანების გადახდა, ისე სარჩელის შემოტანიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს 10 578,72 აშშ დოლარისა.

 

მითითებული ოდენობით საპროცენტო სარგებლის და მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების გზით განხორციელდა მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2011 წლის 31 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და 2014 წლის 24 თებერვლის შეთანხმებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 7500 აშშ დოლარი უნდა შემცირდეს 10-ჯერ -750 აშშ დოლარამდე.

 

6.6. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხეებისთვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო. ამასთან, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც განსაზღვრული იყო კრედიტით სარგებლობისათვის.

 

მოპასუხეები დაუსაბუთებლად თვლიან სარჩელს მიუღებელი შემოსავლის ნაწილში და უთითებენ, რომ პროცენტი ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, ხოლო მოპასუხეებს პროცენტის სახით გადახდილი აქვთ 64 088 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1. მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა 11%. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. გარდა ამისა, მოპასუხეები უთითებენ რომ ბანკი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს სადაზღვევო თანხის დაკისრება, რადგან სულ მცირე წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს. ამასთან, სრულიად გაურკვეველია რა დაანგარიშებით ითხოვს მოსარჩელე 1132 აშშ დოლარის გადახდას.

 

სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას, კერძოდ, ხელშეკრულების 2.18 პუნქტი შეიცავდა შემდეგ დათქმას: მსესხებელი დაიზღვეს სიცოცხლეზე, სესხის მიმნდინარე თანხის ოდენობით, ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში სესხის მოქმედების პერიოდზე. უზრუნველყოფის ობიექტი დაიზღვეს GPIH-ში მინიმუმ სესხის საწყისი თანხის ოდენობით, ბანკის სასარგებლოდ სესხის მოქმედების პერიოდზე.

 

2011 წლის 28 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებითა და მასში შეტანილი ცვლილებების თაობაზე 2014 წლის 24 თებერვლის შეთანხმებით ბანკს უფლება აქვს ნებისმიერ დროს თავად უზრუნველყოს კლიენტის ან/და მისი ქონების დაზღვევა ბანკისათვის მისაღები პირობების შესაბამისად და ამ შემთხვევაში კლინეტი ვალდებული იქნება გადაიხადოს სადაზღვევო პრემია ბანკის მიერ შერჩეული სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი ოდენობით. (პუნქტი 10.3.);

 

ამავე შეთანხმების 10.4. პუნქტის თანახმად, კლიენტი თანხმაა და ბანკს უფლებას აძლევს, კლიენტის ანგარიშიდან ყოველთვიურად უაქცეპტო წესით ჩამოაჭრას სადაზღვევო პრემიის თანხა და განახორციელოს ანგარიშსწორება სადაზღვევო კომპანიასთან.

 

მსესხებელი ვალდებულია, დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახადის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად. მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო დაზღვევის პირობებს. ასევე ადასტურებს, რომ გადაეცა სიცოცხლის დაზღვევის პირობების შესახებ პოლისი N--------1351458. (იხ. ს.ფ. 66); დანართი N1/პოლისზე N--------1351458 ხელმოწერით მსესხებელი რ-------–---------ე დაეთანხმა, რომ პოლისის ვადის გასვლის შემდეგ მოხდეს ამ პოლისის ავტომატური განახლება ყოველწლიურად, საბანკო კრედიტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, და ამისათვის დამატებით რაიმე შეთანხმების გაფორმება არ არის საჭირო.

 

ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, სესხი გადახდილი უნდა ყოფილიყო თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები მოიცავდა სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას.

 

2017 წლის 16 მარტის ცნობის თანახმად, ცნობის გაცემის დღის მონაცემებით მოპასუხეთა დავალიანება შეადგენდა 188 210,28 – აშშ დოლარს, საიდანაც 97 506,34 აშშ დოლარი იყო სესხის ძირითადი თანხა, 14 574,97 აშშ დოლარი – პროცენტი, 1 132,51 აშშ დოლარი – სიცოცხლის დაზღვევა, 74 996,46 აშშ დოლარი – ჯარიმა. სწორედ აღნიშნული თანხა მოითხოვა მოსარჩელემ სარჩელით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, თუმცა მოტყუებისა და შეცდომის ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით და სათანადო გარემოებებზე მითითებით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიძებნება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მოპასუხეთათვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების პირობები და ისინი ხელშეკრულების დადებისას მოატყუეს ან შეცდომაში შეიყვანეს. ასეთზე ვერც მხარეები უთითებენ. პირიქით, მსესხებელი თვეების განმავლობაში სწორედაც რომ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით იხდიდა სასესხო დავალიანებას. გრაფიკში კი, ცალ-ცალკე პუნქტად არის ჩამოთვლილი, რისგან შედგებოდა ყოველთვიური გადასახადი (ძირითადი თანხა, პროცენტი, სადაზღვევო თანხა, ყოველთვიური საკომისიო) და რა ოდენობით. შესაბამისად, უსაფუძვლოა ასევე მითითება, რომ ბანკი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს სადაზღვევო თანხის დაკისრება, რადგან სულ მცირე წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელეს.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები არ დავობენ, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის და სადაზღვევო პრემიის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რომლის ძალითაც მოდავე მხარეებს აქვს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები, განკარგონ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, წარმოადგინონ მტკიცებულებები მითითებული ფაქტების დასადასტურებლად. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამრიგად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამასთან, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას უმეტესწილად სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა აწესრიგებს. ზოგადი ანალიზით, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის მტკიცებას კანონმდებელი იმ მხარეს ავალებს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მოთხოვნისას, ხელშეკრულების დადებისა და შეთანხმების საგნის გადაცემის ფაქტი მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, ხოლო მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს დავალიანების ცნობაში დაანგარიშებული თანხის შეუსაბამობაზე. ასევე საქმის მასალებიდან არ ჩანს, რომ მოპასუხემ რაიმე ღონისძიებებს მიმართა ამ გარემოების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებათა მოსაპოვებლად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ რე-------–---------ის დავალიანების ოდენობა შეესაბამება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დავალიანების ცნობაში მითითებულ თანხებს. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე ნი------------------–---------ემ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა რ-------–---------ისა და ნი------------------–---------ისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, შემცირებული პირგასამტეხლოს და სადაზღვევო თანხის სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, 2011 წლის 28 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია ტა-----–------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქ-------–-----------------------–---–-------, (ნაკვეთი 022/002), ფართი 222.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------;. 2011 წლის 28 მაისის უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ერთობლივი ხელშეკრულება და 2011 წლის 31 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მხარეთა შორის დადებულია 2011 წლის 28 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2011 წლის 31 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ტა-----–------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები განმარტავენ, რომ არც ერთი ხელშეკრულება არ აკეთებს დათქმას მსესხებლის ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის შესაძლებლობაზე, შესაბამისად ბანკის მოთხოვნა ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია. ხოლო რაც შეეხება თავდებს, მოცემული საკრედიტო ურთიერთობის ფარგლებში, მან უკვე აგო პასუხი საკუთარი ქონებით, როდესაც 2015 წლის ნოემბერში იძულებული გახდა გაეყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და რეალიზაციიდან მიღებული თანხა 30 000 აშშ დოლარი შეტანილ იქნა კრედიტის დასაფარად.

 

როგორ უკვე აღინიშნა, ამა თუ იმ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა.

 

2011 წლის 28 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 16.6. პუნქტისა და იპოთეკის ხელშეკრულების ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციიდან ამონაგები თანხა იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ტოლი ოდენობით. იგივე დანაწეს შეიცავს მხარეთა შორის დადებული 2014 წლის 24 თებერვლის შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2011 წლის 28 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში. (იხ. ხელშეკრულების მე-9 პუნქტი);

 

ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე და 301-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, თავდაპირველად აღსრულება უნდა მიექცეს იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, ხოლო ამონაგები თანხის არასაკმარისობისას მოვალის სხვა ქონებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, 2011 წლის 31 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აღსრულება უნდა მიექცეს რ-------–---------ისა და ნი------------------–---------ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე ნი------------------–---------ის წარმომადგენლის პოზიციას, რომ ვინაიდან მოცემული საკრედიტო ურთიერთობის ფარგლებში, მან უკვე აგო პასუხი საკუთარი ქონებით, როდესაც 2015 წლის ნოემბერში იძულებული გახდა გაეყიდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და რელიზაციიდან მიღებული თანხა 30 000 აშშ დოლარი შეტანილ იქნა კრედიტის დასაფარად, აღარ არსებობს ნი------------------–---------ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე იძულებით აღსრულების მიქცევის საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

გარდა იმისა, რომ ნი------------------–---------ე წარმოადგენდა იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, იგი ამავდროულად წარმოადგენს თავდებს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე ნი------------------–---------ემ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

 

თავდებობა, იპოთეკის მსგავსად, არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. თავდები ის პირია, რომელიც სხვა პირის კრედიტორის წინაშე კისრულობს პასუხისმგებლობას მოვალესთან ერთად შეასრულოს ის ვალდებულება, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს გააჩნია.

 

შესაბამისად, იპოთეკის საგნის რეალიზაცია ზეგავლენას ვერ მოახდენს მოცემულ შემთხვევაში ნი------------------–---------ის, როგორც თავდების უფლება-მოვალეობებზე, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით ვალდებულება მთლიანად არ შესრულებულა.

 

6.10. სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოპასუხე ტა-----–------------ის პრეტენზია, რომელიც ეხება მოცემული ურთიერთობის სამომხმარებლო კრედიტის ჭრილში განხილვას, რადგან სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა. ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ-ები # ას-1224-1149-2015, 20.05.2016წ.; #ას-920-870-2015, 09.06.2016წ.; #ას-101-97-2016, 15.07.2016წ.; #ას-195-183-2014, 21.10.2016წ.).

 

იპოთეკის საგნის რეალიზაციის წინაპირობა, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიდან - სსკ-ის 286-ე, 301-ე მუხლებიდან გამომდინარეობს, დასახელებული ნორმის წინაპირობები სახეზეა (იხ. ამ გადაწყვეტილების 6.1.-6.9. პუნქტები);

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამომხმარებლო კრედიტის დროს კრედიტის მიმღებს შეუძლია უარი თქვას კრედიტის დაბრუნებაზე, თუ ამ კრედიტთან დაკავშირებული სასყიდლიანი ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაგებელი გამყიდველის მიმართ მას მიანიჭებდა თავისი ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას.

 

სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება განიხილება როგორც დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულება იმ ძირითადი ხელშეკრულების მიმართ, რომელშიც მონაწილე მომხმარებლისათვის ფინანსური დახმარების მიზნით იდება სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება. დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულება ნიშნავს საკრედიტო ხელშეკრულებას, სადაც კრედიტი ემსახურება მხოლოდ კონკრეტული საქონლის მიწოდების ან კონკრეტული მომსახურების გაწევის ხელშეკრულების დაფინანსებას და მოცემული ორი ხელშეკრულება, ობიექტური თვალსაზრისით, ქმნის კომერციულ ერთიანობას. ქართულ სამართალში ძირითად ხელშეკრულებად მიჩნეულია მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულება. კომერციული ერთიანობა არსებობს, სადაც მიმწოდებელი ან მომსახურების გამწევი თავად აფინანსებს მომხმარებელს, ან თუ მომხმარებელი ფინანსდება მესამე პირის მიერ, სადაც კრედიტორი იყენებს მიმწოდებლის ან მომსახურების გამწევის მომსახურებას საკრედიტი ხელშეკრულების მომზადებასთან ან დადებასთან დაკავშირებით, ან სადაც კონკრეტული საქონელი ან კონკრეტული მომსახურების პირობები დეტალურად განსაზღვრულია საკრედიტო ხელშეკრულებაში.

 

სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულების სუბიექტური შემადგენლობა სამომხმარებლო კრედიტის განმსაზღვრელ ნიშანია, ამიტომ ამ ხელშეკრულების მხარეების განხილვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 

მითითებული მუხლი აწესრიგებს ისეთ სამართალურთიერთობას, როდესაც სახეზეა, ორი დამოუკიდებელი ხელშეკრულება, რომლებიც, ეკონომიკური თვალსაზრისით, მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ხელშეკრულებათა მჭიდრო ეკონომიკური კავშირი აღნიშნული სამართალურთიერთობის ერთიან ხელშეკრულებად აღქმის შესაძლებლობას იძლევა, რაც საერთო ჯამში, კანონმდებლის მიერ სამომხმარებლო კრედიტად არის წოდებული.

 

ხელშეკრულებათა ეკონომიკური ერთიანობა სხვადასხვა ფორმით შეიძლება არსებობდეს. იგი ერთიანი, სამმხრივი ხელშეკრულების სახით შეიძლება დაიდოს, რომელსაც ორივე ხელშეკრულების მხარეები მოაწერენ ხელს. ამგვარად გაფორმებულ სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულებაში მოცემულია, როგორც საბანკო კრედიტის (სესხის), ასევე-ნასყიდობის ხელშეკრულების (საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის სხვა ხელშეკრულებების) არსებითი პირობები. ხელშეკრულებას კი ხელს აწერენ როგორც კრედიტის გამცემი (გამსესხებელი), ასევე კრედიტის მიმღები (მსესხებელი) და გამყიდველი(მენარდე, ტურისტული საწარმო და ა.შ).

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ ვინაიდან უძრავი ქონების ნასყიდობისა და იპოთეკის ერთობლივი ხელშეკრულება გაფორმდა, სწორედ აღნიშნული გარემოება აქცევს მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებულ რეგულირების სფეროში.

 

საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებები დადებულია სს ,,თი---------სა“ და რ-------–---------ეს შორის და არცერთი მათგანი არ შეიცავს ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ელემენტს, რაც მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამომხმარებლო კრედიტის ჭრილში განხილვის საფუძველი იქნებოდა.

 

აღნიშნულ გარემოებას აქარწყლებს თავად მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებები, სადაც იგი უთითებს, რომ სს ,,თი---------ის“ კრედიტ ოფიცერმა განუმარტა რ-------–---------ეს და ტა-----–------------ს, რომ სესხის გაცემა ბანკის პოლიტიკიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ სესხის მიზნობრიობად დაფიქსირდებოდა უძრავი ქონების შეძენა, ამიტომ შესთავაზა ფორმალურად განხორციელებულიყო ნასყიდობისა და იპოთეკის ერთობლივი ხელშეკრულება, იმისათვის რომ მომხდარიყო კრედიტის გაცემა.

 

აღნიშნული მოსაზრებას ამყარებს აგრეთვე, შემდგომში მხარეთა მიერ განხორციელებული ქმედება, რომლითაც მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და ძველ მესაკუთრეზე ტა-----–------------ზე აღდგენა.

 

აღნიშნული გარემოება კი მოპასუხეს არ აძლევს უფლებას უარი განაცხადოს შესრულებაზე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 370-ე მუხლისა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

გარდა ამისა, მოპასუხე განმარტავს, რომ თუ სასამართლო არ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით და გამყიდველს მიიჩნევს იპოთეკის სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეს მაშინ მნიშვნელოვანია ამავე დროს გათვალისწინებული იქნას შემდეგი გარემოება: 2011 წლის 28 მაისს დადებული გენერალური ხელშეკრულება და რომელზეც იყო მიბმული იპოთეკის ხელშეკრულება, 2014 წლის 24 თებერვალს ბანკისა და მისი კლინეტის მიერ შეიცვალა, იპოთეკის საგნის მესაკუთრის თანხმობის, ასევე იპოთეკის ხელშეკრულების განახლების გარეშე.

 

შესაბამისად მოპასუხე თვლის, რომ არ არსებობს იპოთეკის საგნის რეალიზაციის საფუძველი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2011 წლის 28 მაისს სს ,,თი---------სა“ და რ-------–---------ეს შორის გაფორმდა N------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 05/28/2051, ხოლო კრედიტის მოცულობად 500 000 აშშ დოლარი.

 

2011 წლის 28 მაისს სს ,,თი---------ს“, ტა-----–------------სა და რე-------–---------ეს შორის გაფორმდა იპოთეკა ნასყიდობის ერთობლივი ხელშეკრულება N--------1;

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი იქნა 2011 წლის 28 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ N------- ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა რ-------–---------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე - ქ-------–-----------------------–---–-------, (ნაკვეთი 022/002), ფართი 222.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------;

 

დღეის მდგომარეობით იპოთეკის საგნის მესაკუთრეს წარმოადგენს ტა-----–------------ი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: შეთანხმება ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და ძველ მესაკუთრეზე აღდგენის შესახებ, დამოწმების თარიღი: 29/08/2011, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური.

 

2011 წლის 28 მაისის N------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში 2014 წლის 24 თებერვალს შეტანილი იქნა ცვლილება შეთახმების სახით, რომლის თანახმად შეიცვალა ძირითადი ხელშეკრულება და ჩამოყალიბდა ამ შეთანხმებისათვის თანდართული რედაქციით.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უნდა ვიმსჯელოთ 2014 წლის 24 თებერვლის შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ შედეგებზე ტა-----–------------ის მიმართ.

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში.

 

იმის გამო, რომ ამ დროს პრაქტიკულად საფრთხე შეიძლება შეექმნას კრედიტორის ინტერესებს, კანონი ითვალისწინებს კრედიტორის სავალდებულო თანხმობას. იმ შემთხვევაში, როცა მოთხოვნის პირადი მოვალე და მესაკუთრე განსხვავებული პირები არიან, მოთხოვნის შეცვლით შეიძლება საფრთხე დაემუქროს მესაკუთრეს: მან ქონება ერთი კონკრეტული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ჩადო და არა სხვა მოთხოვნის. ამიტომ კანონი მის თანხმობასაც ითვალისწინებს. უფრო ზუსტად, მოთხოვნის შეცვლის შესახებ უნდა შეთანხმდნენ მესაკუთრე და კრედიტორი. ეს შეთანხმება შეცვლილ მოთხოვნასთან რეგისტრაციაში ერთად უნდა გატარდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 24 თებერვლის შეთანხმებით არ შეცვლილა მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც არის დატვირთული იპოთეკით ტა-----–------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ არ იყო აუცილებელი მესაკუთრის ტა-----–------------ისა და იპოთეკარის სს ,,თი---------ი“-ს შეთანხმება, იმიტომ რომ მოპასუხის (მესაკუთრის) უძრავი ნივთი სხვა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად არ გამოყენებულა, 2014 წლის 24 თებერვლის შეთანხმებით შეიცვალა ძირითადი ხელშეკრულების პირობები, გარდა მოთხოვნის ოდენობისა და ჩამოყალიბდა ამ შეთანხმებისათვის თანდართული რედაქციით.

 

აღნიშნული გარემოება, აქარწყლებს მოპასუხის პოზიციას, რომ რე-------–---------ის ვალდებულების უზრუნველსაყოფად არ უნდა იქნეს გამოყენებული ტა-----–------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

სასამართლო არ იზიარებს აგრეთვე მოპასუხე ტა-----–------------ის წარმომადგენლის პოზიციას, იპოთეკის საგნით განსაზღვრული პასუხისმგებლობის შემცირებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრულია უზრუნველყოფილი ვალდებულების მოცულობა, ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხა, რაც შეადგენს 500 000 აშშ დოლარს. შესაბამისად დაუსაბუთებელია მოპასუხის პოზიცია, რადგან მის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს იპოთეკის საგნით განსაზღვრული პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველს.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლს, ასევე მოპასუხე მხარის პოზიციას, მის ქონებრივ მდგომარეობას და მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს უარი უნდა ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი (ს.ფ. 71). მოსარჩელე ითხოვს აგრეთვე სასამართლოს გარეშე ხარჯის - უძრავი ქონების ამონაწერის განახლების საფასურის 15 ლარის დაკისრებას. (ს.ფ. 58);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნეს ძირითადი თანხის დავალიანების 97 506,34 აშშ დოლარის, პროცენტის 3996 აშშ დოლარის და ჯარიმის 10 აშშ დოლარის (სულ 101512,34 აშშ დოლარი) გადახდევინების ნაწილში, რაც საერთო სასარჩელო მოთხოვნის (131 292,54 აშშ დოლარი) 77,31%-ს შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5 000 ლარის 77,31%, 3865,5 ლარი.

 

ამდენად, სარჩელის ცნობის შედეგად დარჩენილი მოთხოვნის 29 780,2 აშშ დოლარის პროპორციული ბაჟი შეადგენს 1134,5 ლარს.

 

სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სოლიდარულ მოვალეებს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად დაეკისრათ 750 აშშ დოლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 7500 აშშ დოლარისა. დავის საგნის ღირებულება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც მოპასუხეებს არ უცვნიათ და რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა, შეადგენს 23030,2 აშშ დოლარს (დაკმაყოფილდა 77,33%).

 

შესაბამისად, მოპასუხეებს რე-------–---------ეს და ნი------------------–---------ეს სს ,,თი---------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დარჩენილი მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 1134,5 ლარის 77,33%-ის, 877,31 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოპასუხეებს რე-------–---------ეს და ნი------------------–---------ეს სს ,,თი---------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ აგრეთვე სასამართლოს გარეშე ხარჯის - უძრავი ქონების ამონაწერის განახლების საფასურის - 15 ლარის გადახდა.

 

ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 257,19 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა :

 

1. სს ,,თი---------ის“ სარჩელი მოპასუხეების ნი------------------–---------ის, რე-------–---------ისა და ტა-----–------------ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. სს ,,თი---------ს“ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

 

3. მოპასუხეებს ნი------------------–---------ესა და რე-------–---------ეს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2011 წლის 28 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებისა და 2011 წლის 31 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 113 963.82 აშშ დოლარის გადახდა:

 

ა) ძირითადი თანხა - 97 506,34 აშშ დოლარი

ბ) პროცენტი - 14 574,97 აშშ დოლარი

გ) პირგასამტეხლო - 750.00 აშშ დოლარი

დ) დაზღვევა - 1132.51 აშშ დოლარი

 

4. მოპასუხეებს ნი------------------–---------ესა და რე-------–---------ეს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან 16/03/2017 წლიდან კრედიტის ძირ თანხაზე 97 506,34 აშშ დოლარზე გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტი მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 881.56 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 578.72 აშშ დოლარისა.

 

5. მოპასუხეებს ნი------------------–---------ესა და რე-------–---------ეს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 877,31 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

6. მოპასუხეებს ნი------------------–---------ესა და რე-------–---------ეს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სასამართლოს გარეშე ხარჯის - უძრავი ქონების ამონაწერის განახლების საფასურის 15 ლარის გადახდა.

 

7. დავალიანების თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხე ტა-----–------------ის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების რეალიზაციით:

 

ქონების მახასიათებლებია:

 

ა) ქ-------–-----------------------–---–-------, (ნაკვეთი 022/002), ფართი 222.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #0----------------------;

 

8. იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად ვერ დაფარავს სს ,,თი---------ის“ მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების ნი------------------–---------ისა და რე-------–---------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

9. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

10. სს ,,თი---------ს“ უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

 

11. სს ,,თი---------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 17/03/2017 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 3,865.50 ლარი.

 

(გადახდის თარიღი - 17/03/2017 წელი; საგადასახადო დავალება #6510; გადამხდელი - სს ,,თი---------ი“; გადამხდელის ბანკი - სს ,,თი---------ი“, სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).

 

12. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი