გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.10.2018
საქმის ნომერი
330210118002439766
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
19.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13585-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

მოსარჩელე - ა----------–--–--ლი

წარმომადგენელი - გ-------------აძე

მოპასუხე - ს------------------–-–--ლი

წარმომადგენელი - ნ-----–--------აძე

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. გამოთხოვილი იქნას მოპასუხე ს------------------–-–--ლის უკანონო მფლობელობიდან ა----------–--–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ქუჩა ნი--------ი (ყოფ--–-------სი) №4- (ს/კ 0---------------), შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით - 63.26 კვ.მ, შენობა №2, საერთო ფართით 205.02 კვ.მ, შენობა-ნაგებობა №3 საერთო ფართით - 21.63;

1.2. მოპასუხე ს------------------–-–--ლს ა----------–--–--ლის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით, 2018 წლის 01 იანვრიდან - ქონების გამოთავისუფლებამდე ყოველთვიურად - 1200 ლარი.

(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-16, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება - 2018 წლის 07 სექტემბრის სხდომის ოქმი 15:11:20, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 07 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი 15:44:46).

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

ს------------------–-–--ლი იყო მოსარჩელე ა----------–--–--ლის ძმის, ლ-------–--–--ლის მეუღლე. მეუღლეებს შორის ქორწინება შეწყდა 2018 წლის 5 მარტს. განქორწინებამდე ს------------------–-–--ლი და ლ-------–--–--ლი ცხოვრობდნენ ა----------–--–--ლის კუთვნილ ბინაში, განქორწინების შემდგომ ლ-------–--–--ლი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, ს------------------–-–--ლი კი დღესაც აგრძელებს სადავო ბინაში ცხოვრებას და მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა არ ათავისუფლებს სადავო უძრავ ქონებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ს------------------–-–--ლმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი შემდეგ გარემოებათა გამო: ლ-------–--–--ლთან თანაცხოვრების პერიოდში არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობდა ქ. თბილისში, ნი--------ის ქუჩა №4--ში. ოჯახთან ერთად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა მის მამამთილს, ი--------–--–--ლს. ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებით ლ-------–--–--ლი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად დარჩა სადავო უძრავ ქონებაში, ხოლო ა----------–--–--ლისთვის უნდა შეეძინათ ახალი ბინა. წლების განმავლობაში უძრავ ქონებას ჩაუტარეს კაპიტალური და ძვირადღირებული სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები. სრულად მოხდა სახლის გადაგეგმარება, საცხოვრებელი სადგომი, რომელშიც ს------------------–-–--ლი შვილებთან ერთად ცხოვრობს, მისი სახსრებით არის აშენებული.

 

2017 წლის 21 ნოემბერს, ი--------–--–--ლმა ჩუქების ხელშეკრულების საუძველზე სადავო უძრავ ქონების ნაწილზე საკუთრების უფლება გადასცა ა----------–--–--ლს. ა----------–--–--ლს არასოდეს ჰქონია გაქირავებული მოპასუხის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სადგომი. მოსარჩელემ ისარგებლა ლ-------–--–--ლის და ს------------------–-–--ლის განქორწინებით, შეცდომაში შეიყვანა მამა, ი--------–--–--ლი, რომ თუ მას გადაუფორმებდა უძრავ ქონებას, სანაცვლოდ არასრულწლოვნებს უყიდდა საცხოვრებელ სახლს იმ დანაზოგით, რომელსაც აგროვებდა თავად მოსარჩელე უძრავი ქონების შესაძენად. ამის შემდგომ მოხდა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე უძრავი ქონების ა----------–--–--ლისთვის გადაცემა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მას სრულად არ აქვს დაკავებული ის ფართი, რომლის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასაც მოსარჩელე მოითხოვს.

 

(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 96-104, მოპასუხის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 07 სექტემბრის სასამართლოს სხდომის ოქმი 15:49:34).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ. თბილისში, ნი--------ის ქუჩა (ყოფ--–-------სი) №4--ზე (ს/კ 0---------------) რეგისტრირებულია ა----------–--–--ლის და გ---------–--–---–ის თანასაკუთრების უფლება. აღნიშნული უძრავი ქონებიდან შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით - 63.26 კვ.მ, შენობა №2, საერთო ფართით 205.02 კვ.მ, შენობა-ნაგებობა №3 საერთო ფართით - 21.63 რეგისტრირებულია ა----------–--–--ლის, ხოლო შენობა №4, №5, №6 - საერთო ფართით 294.35 კვ.მ რეგისტრირებულია გ---------–--–---–ის სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-18);

- განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 193-194).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში სამოქალაქო საქმეებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, რაც ასახვას ჰპოვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე და 102.1 მუხლებში, რომელთა მიხედვითაც მოსარჩელე განსაზღვრავს თუ სარჩელში მითითებული სასარჩელო მოთხოვნა რომელ ფაქტობრივ გარემოებაზე დაამყაროს, ხოლო მხარეებს ევალებათ დაამტკიცონ სარჩელში და შესაგებელში მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე სასამართლოს უპირველესი ვალი მტკიცებულებათა იურიდიული ძალის, მათი სანდოობის განსაზღვრა, ღირებულებითი ძალის დადგენაა, რომელიც მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ კრიტერიუმით გამორჩეული თანაბარი ძალის მქონე მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით ექმნება სასამართლოს შინაგანი რწმენა მტკიცების საგანში შემავალი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (სსკ-ს 105.3 მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის 01 იანვრიდან ქონების გამოთავისუფლებამდე, მოპასუხისთვის ყოველთვიურად 1200 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 311-312-ე, 979-ე, 982-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.

 

აღნიშნული მუხლის პირველი წინადადებიდან ჩანს, რომ საკუთრების უფლება დაცულია როგორც კერძო, ასევე იურიდიული პირებისათვის. ამასთან, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევების განხილვისათვის ევროპის სასამართლომ აღნიშნული მუხლი გაყო სამ ნაწილად. საქმეში ,,სპორონგი და ლონროთი შვედეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა: „აღნიშნული დებულება მოიცავს სამ განსხვავებულ ნორმას: პირველი ნორმა, რომელიც მუხლის პირველ წინადადებაშია ჩამოყალიბებული, არის საერთო ხასიათის და იცავს საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლებას. მეორე ნორმა, რომელსაც მუხლის მეორე წინადადება ეხება, ითვალისწინებს საკუთრების ჩამორთმევის უფლებას და ამას უკავშირებს კონკრეტულ გარემოებებს. მესამე ნორმა, რომელიც მოცემულია მუხლის მეორე ნაწილში, აცხადებს, რომ სახელმწიფოებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრებით სარგებლობის უფლება საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,მარქსი ბელგიის’’ წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დამატებით ოქმის პირველი მუხლი, არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, CASE OF MARCKX v. BELGIUM, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება; განაცხადი - 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.

 

საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი. კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.

 

იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ გაუქმებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მართალია მოპასუხე განმარტავს, რომ წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელს, მაგრამ აღნიშნული მითითება ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ იმ პირობებში, როდესაც მხარეს სადავოდ არ აქვს გახდილი სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის, მისი წინამორბედის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი და აღნიშნული ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება. ამასთან, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც აღძრული სარჩელის ფარგლებში, ფაქტიურად ითხოვს მოპასუხის გამოსახლებას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, გამომდინარე აღნიშნულიდან, ა----------–--–--ლის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნეს უძრავი ქონება.

 

6.2. ა----------–--–--ლის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 1200 ლარის დაკისრება, 2018 წლის 1 იანვრიდან - უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავავრცელოთ ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია სსკ-ის 982-ე მუხლით (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი). ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით (იხ. სუსგ, 05.12.2013წ., საქმე №ას-472-448-2013).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას გაქირავების გზით მიიღოს სარგებელი მისი საკუთრებიდან და ითხოვს დაეკისროს მოპასუხეს 2018 წლის 1 იანვრიდან ყოველთვიურად 1200 ლარის გადახდა უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე. მართალია, საქმეში წარმოდგენილი არის 2018 წლის 18 აპრილის დასკვნა შესრულებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, სადაც სადავო უძრავი ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა შეფასების თარიღისთვის შეადგენს 1200 ლარს, თუმცა, მოსარჩელეს წარმოდგენილი არ აქვს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება რომ მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა აღნიშნული ოდენობით. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოპასუხეს სარჩელი აქვს აღძრული ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ხარჯების მოპასუხე ა----------–--–--ლისთვის დაკისრების თაობაზე. სასამართლო ამ მიმართებით ასევე არ იზიარებს მოწმე ლ-------–--–--ლის ჩვენებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა----------–--–--ლის მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც იგი მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის 01 იანვრიდან ქონების გამოთავისუფლებამდე, მოპასუხისთვის ყოველთვიურად 1200 ლარის დაკისრებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4--ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. სასამართლო ასევე მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც მაგისტრატი მოსამართლები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრება, შესაბამისად, დავის საგნის ფასი პირველ მოთხოვნაზე 4000 ლარია, რის გამოც ნახევრდება გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და შეადგენს - 60 ლარს. ხოლო მეორე მოთხოვნაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 144 ლარს. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 264 ლარის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნის ნაწილში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 60 ლარის გადახდა, ხოლო ა----------–--–--ლს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 264 ლარიდან 60 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მიუღებელი შემოსავლის სახით 2018 წლის 01 იანვრიდან ქონების გამოთავისუფლებამდე, მოპასუხისთის ყოველთვიურად 1200 ლარის დაკისრების ნაწილში, მოსარჩელის მიერ ამ მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 144 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. რაც შეეხება, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის - 200 ლარის დაკისრებას მოპასუხისათვის, აღნიშნულიც არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ამ ნაწილში სასამართლოს მიერ მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსის 907-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებაა, რომელიც ფორმათავისუფალია და შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ისე _ ზეპირი ფორმით. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო.

 

საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული მინდობილობა/რწმუნებულება და ქვითარი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს წარმომადგენლის მომსახურებისთვის გადახდილი აქვს - 500 ლარი. სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).

 

სარჩელი დკმაყოფილდა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის ნაწილში, ამ კატეგორიის დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4--ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 4 000 ლარით განისაზღვრება, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ამ თანხის 4% შეადგენს - 160 ლარს. შესაბამისად, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს - 160 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სსასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ა----------–--–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. გამოთხოვილი იქნას მოპასუხე ს------------------–-–--ლის უკანონო მფლობელობიდან ა----------–--–--ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისი, ქუჩა ნი--------ი (ყოფ--–-------სის) №4- (ს/კ 0---------------), შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით - 63.26 კვ.მ., შენობა №2, საერთო ფართით - 205.02 კვ.მ, შენობა-ნაგებობა №3 საერთო ფართით -21.63 კვ.მ;

 

1.2. ა----------–--–--ლს უარი ეთქვას მოპასუხე ს------------------–-–--ლისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით, 2018 წლის 01 იანვრიდან - ქონების გამოთავისუფლებამდე, ყოველთვიურად - 1200 ლარის დაკისრებაზე;

 

2.მოპასუხე ს------------------–-–--ლს დაეკისროს - 60 ლარის გადახდა ანზორ კაციაშვლის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

3. მოპასუხე ს------------------–-–--ლის დაეკისროს - 160 ლარის ანაზღაურება ა----------–--–--ლის სასარგებლოდ, წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;

 

4. მოსარჩელე ა----------–--–--ლს დაუბრუნდეს გ-------------აძის მიერ, სს ,,საქართველოს ბანკში'' 2018 წლის 10 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 264 ლარიდან - ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 60 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში - 300773150, ბანკის კოდი TRESGE22 (საგადახდო დავალება №12);

 

5. ა----------–--–--ლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 144 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

6. ა----------–--–--ლს უარი ეთქვას მოპასუხისათვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის - 200 ლარის დაკისრების თაობაზე;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

8.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე