გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.11.2018
საქმის ნომერი
190210018002536368
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2-2064-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 ნოემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი

სხდომის მდივანი მაგდა შენგელია

მოსარჩელე - ზუ------------–---–ი

მოპასუხე - სს ,,ქე----–----–-----ი''

მოპასუხის წარმომადგენელი - ლე---------ა

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,ქე----–----–-----ის'' დირექტორის მიერ 2016 წლის 24 ივნისს გაცემული ბრძანება # 24/06/16-2.

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:

 

სარჩელში მითითებულია, რომ ზუ-----------–---–ი 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობდა სს ,,ქე----–----–-----ში'' გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე. 2016 წლის 8 აპრილს ელ.ფოსტის მეშვეობით მან მიიღო ბრძანება #გ/4, რომლითაც ეცნობა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. 2016 წლის 13 ივნისს მოპასუხემ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ ცნო, შესაგებელს თან ერთვოდა ბრძანება # 13/06/16, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება და რომლის საფუძველზეც მოსარჩელე აღდგენილი იქნა სამსახურში. 2016 წლის 20 ივნისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა კუთვნილი შვებულება, თუმცა 24 ივნისის განცხადებით მიმართა ზუ------------–---–მა და მოითხოვა შვებულების განცხადების განუხილველად დატოვება და აცნობა, რომ შვილის ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდებოდა სამსახურში, ხოლო ბიულეტინს წარმოადგენდა მისი დახურვის შემდეგ. განცხადებას თან ერთვოდა შვილის- ა. გეჩუაშვილის დაბადების მოწმობის ასლი, ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მოგვიანებით წარდგენილი იქნა საავადმყოფო ფურცელი, რომელშიც დაშვებული იქნა მექანიკური შეცდომა თარიღების მითითების დროს. 2016 წლის 18 ივლისს მოპასუხემ წერილით მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, რომლის პასუხადაც ეცნობა, რომ შვილის მოვლის მიზნით შრომისუნარიანობის ფურცელი გაიხსნა მამაზე ზუ-----------–---–ზე 24.06.2016 წლიდან 07.07.2016 წლამდე. განცხადების პასუხად მოპასუხემ 2016 წლის 25 ივნისის წერილით განუხილველად დატოვა შვებულების შესახებ განცხადება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მან თანამშრომელს- დიანა კარაპეტიანს მისწერა წერილი და ითხოვა განმარტება თუ როდის დაერიცხება გამოუყენებელი შვებულების თანხა, რომელიც მას არ გადაუხადეს უკანონო გათავისუფლების დროს, გარდა ამისა, ითხოვა ინფორმაცია მისი აღდგენის რეალური მიზეზის შესახებ, დ. კარაპეტიანმა სატელეფონო საუბარში მას განუმარტა, რომ აღნიშნული საკითხების გასარკვევად მიემართა კომპანიის იურისტისათვის, 2016 წლის 23 ივნისს მოსარჩელემ წერილობით მიმართა ირაკლი მიხელიძეს და მოითხოვა 2016 წლის 13 ივლისის ბრძანებაში არსებულ საკითხებზე განმარტება. აღნიშნულის გამო, ზუ------------–---–ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა ,,გაფრთხილება'', მოსარჩელემ 2016 წლის 28 ივნისის განცხადებით მოითხოვა აღნიშნულის ბათილად ცნობა, ხოლო 2016 წლის 18 ივლისის ბრძანებით გათავისუფლებული იქნა სამსხურიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდიანრე, მოსარჩელე ითხოვს:

ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,ქე----–----–-----ის'' დირექტორის მიერ 2016 წლის 24 ივნისს გაცემული ბრძანება # 24/06/16-2.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე არამიზნობრივად იყენებდა სამსახურეობრივ მეილს, რითაც არღვევდა შინაგანაწესით გათვალისწინებულ ვალდებულებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ზუ-----------–---–ი 2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით მუშაობდა სს ,,ქე----–----–-----ის'' რუსთავის ფილიალში გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ცნობა # (ს.ფ. 18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2016 წლის 01 იანვარს სს ,,ქე----–----–-----ს'' და ზუ------------–---–ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, დასაქმებული მიღებული იქნა გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23);

 

3.1.3. 2016 წლის 01 აპრილის ბრძანებით სს ,,ქე----–----–-----ის'' თანამშრომელი ზუ------------–---–ი გათავისუფლებული იქნა გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ვ'' ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ბრძანება # გ/4 (ს.ფ. 24);

 

3.1.4. ზუ------------–---–ის სარჩელის საფუძველზე, სს ,,ქე----–----–-----ის'' დირექტორმა 2016 წლის 13 ივნისს გამოსცა ბრძანება # 13/06/16, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სს ,,ქე----–----–-----ის'' დირექტორის 2016 წლის 01 აპრილის ბრძანება # გ/4, რომლითაც ზუ------------–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელე აღდგენილი იქნა გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე 2016 წლის 14 ივნისიდან უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სს ,,ქე----–----–-----ის'' დირექტორის ბრძანება # 13/06/16 (ს.ფ.40).

 

3.1.5. 2016 წლის 23 და 24 ივნისს ზუ-----------–---–მა სამსახურებრივი მეილის საშუალებით მიწერა სს ,,ქე----–----–-----ის'' უფლებამოსილ თანამშრომელს დიანა კარაპეტიანს და შვილის შეუძლოდ ყოფნის გამო მოითხოვა შვებულება, თუმცა მას ეცნობა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ხელმძღვანელობა მიიღებდა გადაწყვეტილებას შინაგანაწესით დადგენილ ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი სამსახურებრივი მეილიდან (ს.ფ. 41-42);

 

3.1.6. 2016 წლის 24 ივნისს ზუ-----------–---–მა განცხადებით მიმართა სს ,,ქე----–----–-----ის'' დირექტორს და მოითხოვა მისი 2016 წლის 20 ივნისის შვებულების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვება, რომელიც დაკმაყოფილდა დირექტორის მიერ

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- განცხადება, მიმართვა (ს.ფ. 44, 51);

 

3.1.7. 2016 წლის 21 და 23 ივნისს ზუ-----------–---–მა სამსახურეობრივი მეილის მეშვეობით მიმართა სს ,,ქე----–----–-----ის'' კადრების განყოფილების თანამშრომელს და იურისტს, რომელთაგან მოითხოვა განმარტება სამსახურებივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, სამსახურში აღდგენის შემდეგ დაერიცხებოდა თუ არა შვებულების თანხა, მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი, აღდგენის შემდეგ ჩაითვლებოდა თუ არა 2016 წლის 01 იანვრის შრომითი ხელშეკრულება ძალაში და სხვა კითხვები სამსახურეობრივ მოვალეობებთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ამონაწერი სამსახურებრივი მეილიდან (ს.ფ. 54-57);

 

3.1.8. სს ,,ქე----–----–-----ის'' დირექტორის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანების საფუძველზე, ზუ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა ,,გაფრთხილება'' იმ მიზეზით, რომ მოსარჩელემ რამდენჯერმე სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო კომპიუტერი გამოიყენა არამიზნობრივად, რომლის შედეგად ახდენდა საზოგადოების სხვა დასაქმებულებთან ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნას, ახსნა-განმარტების მოთხოვნით, მასსა და საზოგადოებას შორის არსებული შრომით- სამართლებრივ დავიდან წარმოშობილ საკითხთან დაკავშირებით, მასვე განემარტა, რომ დასაქმებულის სამუშაო კომპიუტერი განკუთვნილია მის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ბრძანება # 24/06/16-2 (ს.ფ. 58 );

 

3.1.9. სს ,,ქე----–----–-----ის'' დირექტორის 2016 წლის 18 ივლისის ბრძანების საფუძველზე, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ'' ქვეპუნქტის საფუძველზე ზუ------------–---–ი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ბრძანება # 18/07/16 (ს.ფ. 61 );

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ზუ------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია- 30-ე, 42-ე მუხლები

საქართველოს შრომის კოდექსი- 1-ლი, მე-2 მუხლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი- 50-ე, 51-ე, 115-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი- მე-2, 105-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.

 

სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა.

 

სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,ქე----–----–-----ის'' დირექტორის მიერ 2016 წლის 24 ივნისს გაცემული ბრძანება # 24/06/16-2, რომლითაც ზუ------------–---–ს დისციპლინური სახდელის სახით გამოეცხადა ,,გაფრთხილება''.

სასამართლო განმარტავს, რომ სს ,,ქე----–----–-----ის'' დირექტორის მიერ 2016 წლის 24 ივნისს გაცემული ბრძანება თავისი შინაარსით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლის ნამდვილობისთვის საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. იმის გამო, რომ ამ ტიპის გარიგებების დროს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა დამოკიდებულია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენაზე, კანონი ხშირად განსაზღვრავს ამგვარ გარიგებებსა და მათი განხორციელების სამართლებრივ ჩარჩოებს.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ქე----–----–-----ის'' დირექტორის მიერ არასწორად იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად ,,გაფრთხილება'', ვინაიდან დამსაქმებლის მიერ არასწორად იქნა განმარტებული სამსახურეობრივი მეილის არამიზნობრივად გამოყენება, კერძოდ, სასამართლო ვერ გაიზიარებს, მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ რამდენჯერმე სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო კომპიუტერი გამოიყენა არამიზნობრივად, რომლის შედეგად ახდენდა საზოგადოების სხვა დასაქმებულებთან ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნას, ახსნა-განმარტების მოთხოვნით, მასსა და საზოგადოებას შორის არსებული შრომით- სამართლებრივ დავიდან წარმოშობილ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ზუ------------–---–ი სამსახურებრივ მეილს იყენებდა მხოლოდ სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 27 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მოსარჩელე ნამდვილად იყენებდა მეილს შვებულების, კომპენსაციის, შრომითი ხელშეკრულების და სხვა ინფორმაციის გარკვევის მიზნით, თუმცა აღნიშნული კომპანიის მიერ აღქმული იქნა, როგორც სამსახურებრივი მეილის არამიზნობრივად გამოყენება, რამაც გამოიწვია დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების აუცილებლობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ არ ჰქონია ადგილი სამსახურებრივი მეილის არამიზნობრივ გამოყენებას, ვინაიდან მისი მიმოწერა ემსახურებოდა მხოლოდ სამსახურთან დაკავშირებული საკითხების გარკვევას, შესაბამისად, სს ,,ქე----–----–-----ის'' დირექტორის ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით ,,გაფრთხილების'' გამოყენების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს ,,ქე----–----–-----ს'' ზუ------------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

 

sarezolucio nawili

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე,249-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ზუ------------–---–ის სარჩელი მოპასუხე სს ,,ქე----–----–-----ის'' მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს; 2. ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,ქე----–----–-----ის'' დირექტორის მიერ 2016 წლის 24 ივნისს გაცემული ბრძანება # 24/06/16-2. 3. მოპასუხე სს ,,ქე----–----–-----ს'' ზუ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით. 4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. 5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი