გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.11.2018
საქმის ნომერი
330210017001785553
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/2983-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე: სს ,,ქა-------–-----------ი“

წარმომადგენელი: მა-----------ა, ან---------–-–---–ი

მოპასუხე: შპს ,,ნო----------ს“

წარმომადგენელი: ან-----–-–---–ი, ალ------------ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,ნო----------ს“-ის სს ,,ქა-------–-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 25 000 ლარის გადახდა.

 

1.2. შპს ,,ნო----------ს“-ის სს ,,ქა-------–-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველწლიურად 4375 ლარის გადახდა, 2014 წლის დეკემბრიდან საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2014 წლის 25 ნოემბერს სს ,,ქ--------–----------სა“ და შპს ,,ნო----------ს“ შორის გაფორმდა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნისა და მომსახურების ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ნო----------ს“ უნდა შეექმნა, დაენერგა და სს ,,ქა-------–-----------ისათვის“ სარგებლობის უფლებით გადაეცა კომპიუტერული პროგრამის ერთი ეგზემპლარი. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ნო----------ს“ უნდა განეხორციელებინა კომპიუტერული პროგრამით სარგებლობის შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერა. კომპიუტერული პროგრამა წარმოადგენდა 11 მოდულისაგან შემდგარ პროგრამული უზრუნველყოფის სისტემას, შემდეგი მოდულებით: 1) ,,პროდუქტების შექმნა“; 2) ,,სესხის გაფორმება“; 3) ,,განვადება“; 4) სქორინგი; 5) სესხის მართვა; 6) სესხების ადმინისტრირება; 7) ფულის მოძრაობა; 8) რეპორტინგი; 9) სალარო; 10) ბუღალტერია; 11) მოზიდული თანხების ადმინისტრირება;

 

ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 50 000 ლარს დღგ-ს გარეშე. ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, სს ,,ქ--------–----------მა“ ავანსის სახით 2014 წლის 08 დეკემბერს გადაიხადა 25 000 ლარი. ხელშეკრულების 4.1.1 და 4.1.2. პუნქტების თანახმად, შპს ,,ნო----------სი“ ვალდებული იყო კომპიუტერული პროგრამა შეექმნა სს ,,ქა-------–-----------ის“ მიერ დასმული ამოცანებისა და მოთხოვნების შესაბამისად და სრულად მიეწოდებინა და დაენერგა 2015 წლის 01 მაისამდე.

 

შპს ,,ნო----------სმა“ 2015 წლის მარტის თვეში უზრუნველყო სს ,,ქა-------–-----------ისათვის“ რამოდენიმე მოდულის საცდელი ვერსიის მიწოდება. მიწოდებული მოდულების ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა არაერთი ხარვეზი, რის თაობაზეც ხდებოდა შპს ,,ნო----------სის“ ინფორმირება.

 

იმის გათვალისწინებით, რომ შემუშავებული მოდულები ვერ მუშაობდა გამართულად, მხარეთა შორის გაიმართა არაერთი შეხვედრა და ტრენინგი, რა დროსაც დეტალურად განიხილებოდა პროგრამის ხარვეზები. შპს ,,ნო----------ს“ არაერთხელ მიეცა დამატებითი ვადა, რათა მოეხდინა ფუნქციურად გამართული კომპიუტერული პროგრამისათვის საბოლოო სახის მიცემა.

 

2016 წლის 06 სექტემბრის ელექტრონული წერილით, საბოლოოდ ვადა განესაზღვრათ 2016 წლის 17 სექტემბრამდე. აღნიშნული დამატებითი ვადაც, უშედეგო აღმოჩნდა. შპს ,,ნო----------სმა“, ისე როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ასევე, დამატებით ვადაში ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების 1.2. პუნქტში მითითებული მოდულთაგან შემდეგი მოდულების: ,,პროდუქტების შექმნის“, ,,სესხის გაფორმების“, ,,სესხების მართვის“, ,,სესხების ადმინისტრირების“, ,,რეპორტინგის“ და ,,სალაროს“ იმდაგვარად შექმნა და დანერგვა რომ პროგრამას მოეხდინა მონაცემების სწორად ასახვა, შენახვა და დამუშავება, ხოლო მოდულების: ,,განვადების“, სქორინგის“, ,,ფულის მოძრაობის“, ,,ბუღალტერიის“ და ,,მოზიდული თანხების ადმინისტრირების“ - შექმნა.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასა და შეუსრულებლობას, სს ,,ქა-------–-----------მა“ 2016 წლის 22 სექტემბრის ელექტრონული წერილით შპს ,,ნო----------ს“ აცნობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა ავანსად გადახდილი თანხის - 25 000 ლარის უკან დაბრუნება.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ვალდებულება ვერ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ ვადაში, რის გამოც სახეზე გვაქვს მოსარჩელის მიერ ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხა, რაც წარმოადგენს ფაქტობრივად დადგენილ ქონებრივ დანაკლისს. აღნიშნულ პერიოდში, 2014 წლის დეკემბერში, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი სესხებზე ეროვნული ვალუტით შეადგენს 17,5 პროცენტს. სს ,,ქ--------–----------ს“ თავისი საქმიანობისათვის, რომ გამოეყენებინა ავანსად გადახდილი 25 000 ლარი, იგი მიიღებდა სარგებელს წლიურად 4 375 ლარის ოდენობით.

 

(იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი I, ს.ფ. 245-253).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ნო----------ს“-მა შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მოქმედების პირველი ეტაპი იყო მოსარჩელის მხრიდან შესასრულებელი სამუშაოს პირობების, ე.ი. კომპიუტერული პროგრამის ფუნქციონალების მოპასუხეზე ზუსტი სახით მიწოდება, შედეგად შეთანხმებული ამოცანებისა და პირობების შესაბამისად, მოპასუხე შექმნიდა კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც უნდა გამართულიყო ტესტირების რეჟიმში, რადგან ნებისმიერ ახალშექმნილ სისტემას შესაძლოა ჰქონდეს პროგრამული ხარვეზები და მისი გამოსწორება ხორციელდება ტესტირებისას გამოვლენილი უზუსტობების აღმოფხვრის გზით. ხელშეკრულების შემდეგი ეტაპი კი იქნებოდა ტექნიკური მხარდაჭერის გაწევის უზრუნველყოფა, რაც უნდა განხორციელებულიყო უშუალოდ პროგრამის შექმნის და დანერგვის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ორი ფაქტორით, რომლებიც ნათლად ჩანს ორივე მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში, მოსარჩელემ მოპასუხეს პროგრამის შესაქმნელად არ მიაწოდა ფუნქციონალების ზუსტი ჩამონათვალი და პირობები, ხშირად ხდებოდა უკვე შექმნილი მოდულის გარდაქმნა, ან მასში ფუნქციონალის ჩამატება, რასაც ლოგიკურია სჭირდებოდა დრო. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეს მზა პროგრამა შემკვეთისათვის უნდა გადაეცა 2015 წლის 01 მაისამდე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ თარიღის დადგომის შემდეგაც კი მოსარჩელის მხრიდან თავის განსაზღვრულ ფუნქციონალებში ხდებოდა ცვლილება/დამატების გაკეთება. ამდენად, თუ მხარემ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეტაპებზეც ვერ მიაწოდა მოპასუხეს შესასრულებელი სამუშაოს ზუსტი პირობები, მაშინ როგორ შეიძლებოდა დათქმულ ვადაში მომხდარიყო პროგრამის შექმნა. პროგრამის საცდელი ვერსიის მიწოდების შემდეგ დაიწყო ტესტირების რეჟიმი და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის გზით პროგრამის გამართვა, თუმცა ამ პერიოდშიც მიმდინარეობდა მოსარჩელის მხრიდან პროგრამის ფუნქციონალებში ცვლილებები, შესაბამისად ლოგიკურია დათქმულ ვადაში პროგრამის სრულიად გამართული სახით ვერმიწოდება მხოლოდ მოპასუხის პასუხისმგებლობა ვერ იქნება. გარდა ამისა, მიგრაციის პროცესის შემდეგ მოპასუხემ არაერთხელ სთხოვა მოსარჩელეს მიეწოდებინა ,,loankeeper”-ში დაცული მონაცემები ზუსტად, რაც ვერ მოხერხდა, ნაცვლად ამისა მოპასუხეს მიეწოდა არაზუსტი ინფორმაცია, რომლის რედაქტირება და ახალ პროგრამაში ასახვა მოითხოვს შესაბამის დროს და რესურსებს. მოპასუხეს უწევდა თითოეული სესხის დამუშავება მისი მიზნობრიობის, თანხის დარიცხვების, პროცენტის დარიცხვის წესების და სხვა სპეციფიკური თვისებების შესწავლა, რაც მისი მოვალეობა არ იყო. ამდენად, მოპასუხე მხარე კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობებს, მოსარჩელეს უწევდა ტექნიკურ მხარდაჭერას, პროგრამის სარგებლობასთან დაკავშირებით მის თანამშრომლებს უტარებდა ტრენინგებს. არასამართლიანი და დაუსაბუთებელია როგორც ამ მოტივით ხელშეკრულების შეწყვეტა, ისე მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობად მიჩნევა. ასეთ ვითარებაში კრედიტორის - სს ,,ქა-------–-----------ის“ პრეტენზია ხელშეკრულების მოშლაზე საფუძველს მოკლებულია, რადგან კრედიტორის ბრალი აღემატება მოვალის - შპს ,,ნო----------სის“ ბრალს. გარდა ამისა, მოპასუხე მხარის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად გაღებულია დრო, ფინანსური და ადამიანური რესურსები, რომლებიც არ არის თანხვედრაში სადავო თანხასთან. იქმნება ვარაუდი, რომ მოსარჩელე მხარე ბოროტად იყენებს თავის სამოქალაქო უფლებას, ხოლო სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

მოპასუხის მითითებით იმისათვის, რომ ურთიერთობამ უსაფუძვლო გამდიდრების სახე მიიღოს შემსრულებელმა, მოცემულ შემთხვევაში სს ,,ქ--------–------------მა“ უნდა ამტკიცოს ვალდებულების არარსებობა, ე.ი. მოსარჩელე მხარე ვალდებულია ამტკიცოს, რომ მას ავანსად გადახდილი თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა და რომ ამის შედეგად სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამდიდრდა მოპასუხე - შპს ,,ნო----------ს“. ხოლო გადახდილი თანხის სსკ-ის 385-ე მუხლის საფუძველზე უკან მოითხოვოს დაბრუნებისათვის სახეზე უნდა იყოს მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების გარეშე შესრულება, ხოლო მიმღები მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს საკუთრებად მიიჩნიოს ამგვარი შესრულების შედეგად მიღებული სამართლებრივი სიკეთე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს და ვერ ამტკიცებს ვალდებულების არარსებობის ფაქტს. მეტიც, მოსარჩელე აღიარებს, რომ მიიღო შესრულების ნაწილი 2015 წლის მარტის თვეში, რომელსაც ყოველდღიურად ემატებდა გარკვეული ფუნქციონალები, იმართებოდა ხარვეზები. მხარე ადასტურებს, რომ შპს ,,ნო----------ს“-ის თანამშრომლები პროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით უტარებდა მის კადრს ტრენინგებს, რომ ელექტრონული თუ ზეპირი სახით მიწოდებული ინფორმაცია პროგრამული ხარვეზების თაობაზე დაუყოვნებლივ ხდებოდა განხილვის საგანი და მოპასუხე მხარე უმოკლეს ვადებში ახერხებდა მათ გამოსწორებას. საამისო ვალდებულების გარეშე მოპასუხემ დაიწყო მიგრაციის პროცესი, რომელიც გაჭიანურდა თავად მოსარჩელე მხარის ბრალით, წარმოდგენილი დოკუმენტებით მტკიცდება, რომ მის მიერ მიღებულია შეკვეთილი პროგრამა და მომსახურება. მეორე მხრივ კი, თუ პრეტენზია აქვს შექმნილი და დანერგილი პროგრამის ნაკლოვანებაზე, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს კონკრეტულად რა ნაწილში აღმოჩნდა პროგრამა ხარვეზიანი, პროგრამა ასახავდა ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ მონაცემების შეყვანის ეტაპიდან სესხის გაცემამდე და მის თანმდევ მთელ პროცედურას. გაურკვეველია უშუალოდ რომელ ნაწილში, რომელ ფუნქციონალში მიიჩნია მოსარჩელემ პროგრამა ხარვეზიანი. მეტიც, 2016 წლის 14 სექტემბერს მოსარჩელისაგან მიღებული ელექტრონული წერილით (დანართი N4) დასტურდება, რომ მხარემ მიიღო და სარგებლობდა შეკვეთილი პროგრამით. თუ მხარეს პრეტენზია აქვს მიგრაციის პროცესის გაჭიანურებასა და თავად მის კუთვნილ პროგრამაში არსებული მონაცემების უზუსტობაზე და მათი ახალ პროგრამაში გადატანის შედეგად არსებულ შედეგებზე, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა მოპასუხეს არ ეკისრება, ვინაიდან პირველყოვლისა, მიგრაციის პროცესის ჩატარების ვალდებულება მხარეს არ გააჩნდა და ასეთის არსებობის პირობებშიც კი მოპასუხე ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი მისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე/სიზუსტეზე, 2014 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან კლინეტის მიერ კომპიუტერულ პროგრამაში განთავსებული მონაცემების და ინფორმაციის შინაარსზე და სისწორეზე“.

 

მოპასუხე ასევე არ ცნობს მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის ნაწილში და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტი არ წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას მოსარჩელე ამყარებს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევაზე - რომელსაც ადგილი არ აქვს, ვინაიდან მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულა, რასაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქმის მასალები. ამასთან, მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 25 000 ლარი მიკროსაფინანსო პროგრამის შექმნის მიზნით, შესაბამისად, მის ინტერესს წარმოადგენდა პროგრამის შექმნა და არა აღნიშნული თანხის სესხად გაცემა და ამ გზით სარგებლის მიღება. შესაბამისად მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე არ გვაქვს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

 

(იხ. შესაგებელი, ტომი I, ს.ფ. 190-199, 299-300).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 25 ნოემბერს სს ,,ქ--------–----------სა“ და შპს ,,ნო----------ს“ შორის გაფორმდა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნისა და მომსახურების ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების თანახმად შპს ,,ნო----------ს“ უნდა შეექმნა, დაენერგა და სს ,,ქა-------–-----------ისათვის“ სარგებლობის უფლებით გადაეცა კომპიუტერული პროგრამის ერთი ეგზემპლიარი. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ნო----------ს“ უნდა განეხორციელებინა კომპიუტერული პროგრამით სარგებლობის შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნისა და მომსახურების ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 20-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2014 წლის 25 ნოემბრის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნისა და მომსახურების ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, კომპიუტერული პროგრამა წარმოადგენდა 11 მოდულისაგან შემდგარ პროგრამული უზრუნველყოფის სისტემას, შემდეგი მოდულებით: 1) ,,პროდუქტების შექმნა“; 2) ,,სესხის გაფორმება“; 3) ,,განვადება“; 4) სქორინგი; 5) სესხების მართვა; 6) სესხების ადმინისტრირება; 7) ფულის მოძრაობა; 8) რეპორტინგი; 9) სალარო; 10) ბუღალტერია; 11) მოზიდული თანხების ადმინისტრირება;

 

ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, კომპიუტერული პროგრამის შექმნის, დანერგვისა და ერთი ეგზემპლარით სარგებლობის უფლების ღირებულება შეადგენდა 50 000 ლარს დღგ-ს გარეშე.

 

ხელშეკრულების 5.2. პუნქტის თანახმად, სს ,,ქ--------–----------ს“ ავანსის სახით 2014 წლის 5 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა 25 000 ლარი. 12 500 ლარს კლიენტი გადაუხდის კომპანიას პროგრამის ძირითადი ნაწილის (პირველი 9 მოდულის) გადაცემისა და დანერგვის შემდეგ (ძირითად ნაწილში არ შედის მოდულები ,,ბუღალტერია“ და ,,მოზიდული თანხების ადმინისტრირება“, რომელიც დაყენდება ძირითადი პროგრამის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 3 თვის შემდეგ), ხოლო ბოლო დარჩენილი ნაწილი - 12 500 ლარი გადახდილი უნდა ყოფილიყო ბოლო 2 მოდულის (ბუღალტერია“, ,,მოზიდული თანხების ადმინისტრირება“) დანერგვის შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნისა და მომსახურების ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 20-29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. სს ,,ქ--------–------------მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის 25 000 ლარის გადახდა უზრუნველყო 2014 წლის 08 დეკემბერს, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება N1418036963 (ტომი I, ს.ფ. 30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების განხილვისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, უპირველეს ყოვლისა, განიმარტოს აღნიშნული ხელშეკრულების სახე. ხელშეკრულების შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულების დადება, რაც განახორციელეს კიდეც.

 

ხელშეკრულების არსი უნდა განიმარტოს არა ხელშეკრულების სახელწოდების, არამედ მისი შინაარსის მიხედვით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ხელშეკრულების საკანონმდებლო კონსტრუქციასთან. (შდრ. სუსგ #ას-759-710-2010, 2010 წლის 11 ოქტომბრის განჩინება);

 

3.2.2. მოპასუხემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით მიაწოდა კომპიუტერული პროგრამა და შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ კომპიუტერული პროგრამა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად განსაზღვრული შედეგების მისაღწევად გამოუსადეგარი იყო, კერძოდ, არ მომხდარა პროგრამის ექსპლუატაციაში გაშვება.

 

მოპასუხე მხარის მთავარ არგუმენტს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2015 წლის მარტის თვეში მოსარჩელეს მიეწოდა კომპიუტერული პროგრამის საცდელი ვერსია, რის შემდეგაც ხდებოდა პროგრამის სისრულეში მოყვანა/გამართვა გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის გზით. გამოვლენილი ხარვეზების დიდი ნაწილი გამოწვეული იყო მოსარჩელის პერსონალის მიერ პროგრამის არასწორად გამოყენების შედეგად, რის აღმოსაფხვრელადაც ტარდებოდა ტრენინგები და შეხვედრები. გარდა ამისა, მოპასუხე განმარტავს, რომ მიგრაციის პროცესის ჩატარების ვალდებულება მას არ გააჩნდა, პროგრამა ფუნქციურად გამართული იყო და პროგრამული ხარვეზები გამოწვეული იყო მოპასუხისათვის არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებით, რომლის რედაქტირება და ახალ პროგრამაში ასახვა მოითხოვს შესაბამის დროს და რესურსებს. მოპასუხეს უწევდა თითოეული სესხის დამუშავება მისი მიზნობრიობის, თანხის დარიცხვების, პროცენტის დარიცხვის წესებისა და სხვა სპეციფიკური თვისებების შესწავლა, რაც მისი მოვალეობა არ იყო.

 

მოპასუხე თვლის, რომ შპს ,,ნო----------სის“ მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამის ფუნქციური გაუმართაობის დასადასტურებლად მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ შპს „ნო----------სმა“ 2015 წლის მარტის თვეში უზრუნველყო სს „ქა-------–-----------ისათვის“ რამოდენიმე მოდულის საცდელი ვერსიის მიწოდება. მიწოდებული მოდულების ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა არაერთი ხარვეზი, რის თაობაზეც ხდებოდა შპს „ნო----------სის“ ინფორმირება, რაც დასტურდება აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერიდან.

 

მენარდის პრეტენზიას სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

 

გასათვალისწინებელია, რომ მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა (შდრ. სუსგ №ას-397-381-2016; 01.07.2016 წლის განჩინება).

 

საკასაციო სასამართლო მითითებულ განჩინებაში განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საზღაურის ანაზღაურების სარჩელისას მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს: ა) მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების დადება; ბ) მენარდის მიერ სამუშაოს შესრულება; გ) დამკვეთის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულების დარღვევა/არაჯეროვანი შესრულება. თავის მხრივ, ამ ტიპის სარჩელის ფორმალური საფუძვლიანობისათვის სავალდებულოა, მენარდემ მიუთითოს სამივე ზემოხსენებული ელემენტი, ხოლო, სადავოობის შემთხვევაში, მისი მტკიცების ტვირთი შემოიფარგლება დასახელებულთაგან „ა“ და „ბ“ გარემოებით (სსსკ-ის 102-ე მუხლი), რომელთა დამტკიცების შემთხვევაშიც, შემოწმებას ექვემდებარება მოპასუხის შესაგებლის საფუძვლიანობა და ანაზღაურების წინაპირობების შემთხვევაში, სწორედ მის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს თანხის გადახდის ფაქტის დადასტურება (სკ-ის 429.1 მუხლი).

 

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სამუშაოს შესრულების, კომპიუტერული პროგრამის გამართულად მუშაობის, მტკიცების ტვირთი მენარდეს შპს ,,ნო----------ს“-ის ეკისრება.

 

- სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ნო----------სმა“ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამის ხარვეზი არ წარმოადგენდა ნაკლს და რომ დაფიქსირებული ხარვეზები წარმოადგენდა ექსპლუატაციის წესების დარღვევის შედეგად გამოწვეულ ხარვეზს და დამკვეთის მიერ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების შედეგს. მოპასუხემ ვერც იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება შეძლო, რომელიც ეხება მისი მხრიდან ე.წ. მიგრაციის განხორციელებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების გარეშე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ დოკუმენტს (ფაქტების კონსტანტაციის ოქმი, რომლითაც მენარდემ გამორიცხა პროგრამული ხარვეზების არსებობა), ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი შედგენილი და მომზადებულია თავად მოპასუხე მხარის მიერ, შესაბამისად, ამ დოკუმენტის მტკიცებულებითი ძალა არ შეიძლება შეფასდეს იმაზე უფრო მეტად, ვიდრე თავად მხარის ახსნა-განმარტება, მითუმეტეს, რომ მითითებული დოკუმენტი (ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმი) არ შეიცავს ნარდობის საგნის ტექნიკური კვლევის იმგვარ ობიექტურ მონაცემებს, რაც მიანიშნებდა ექსპლუატაციის წესების დარღვევის აშკარა ფაქტებზე. მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე, მოპასუხეს მართებდა შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა იმ პოზიციის და არგუმენტის გასამყარებლად, რომ პროგრამის ხარვეზი გამოწვეული იყო ექსპლუატაციის წესების დარღვევით. ამგვარი მტკიცებულება მოპასუხის მიერ (მაგ: ექსპეტრიზის დასკვნა) საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, ხოლო მოპასუხის ახსნა-განმარტება, არ იყო საკმარისი მტკიცებულება ამ სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის.

 

აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმეში არსებული ხელშეკრულების მიხედვით დგინდება, რომ 2014 წლის 25 ნოემბერს სს ,,ქ--------–----------სა“ და შპს ,,ნო----------ს“ შორის გაფორმდა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნისა და მომსახურების ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების თანახმად კომპანია ვალდებულებას იღებს შეუქმნას, დაუნერგოს და საკუთრებაში გადასცეს კლიენტს კომპიუტერული პროგრამის ერთი ეგზემპლარით სარგებლობის უფლება, ასევე განახორციელოს კომპიუტერული პროგრამით სარგებლობის შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერა წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.

 

ხელშეკრულების 1.3. პუნქტის თანახმად, ტექნიკური მხარდაჭერა მოიცავს საგარანტიო და მიმდინარე სერვისს:

1.3.1. უფასო საგარანტიო ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელების ვადაა 06 (ექვსი) თვე კომპიუტერული პროგრამის (ძირითადი ვერსიის, რაც არ მოიცავს მოდულს ,,ბუღალტერია“ და ,,მოზიდული თანხების ადმინისტრირება“) კლიენტისათვის გადაცემის დღიდან;

1.3.2. მიმდინარე ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელების ვადაა წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა, საგარანტიო ვადის გამოკლებით;

 

ამავე ხელშეკრულების 1.4. პუნქტით გასაწევი მომსახურება მოიცავს:

1.4.1. კლიენტის ახალი ფილიალებისა და სერვის-ცენტრებისათვის პროგრამის მიწოდება, ინსტალაცია და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

1.4.2. არსებული ფილიალებისა და სერვის-ცენტრებისათვის მომხმარებელთა ლიცენზიების უსასყიდლოდ განახლება/დამატება;

1.4.3. პროგრამის ახალი ვერსიებისა და ფუნქციონალში შეტანილი ცვლილება/დამატებების პერიოდული მიწოდება და პროგრამის ფუნქციონალის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

1.4.4. მუშაობის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობებისა და შეცდომების გასწორება;

1.4.5. კლიენტის IT სპეციალისტის კონსულტაცია შემდეგ საკითხებში:

პროგრამის ინსტალაცია, მონაცემთა ბაზის გამართული ფუნქციონირება, მონაცემთა ბაზის ოპტიმიზაცია, გამოთვლილი ტექნიკის აპარატურული სიმძლავრეების განსაზღვრა;

1.4.6. საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორში რეგულაციის წესების ან სტანდარტების ცვლილების შემთხვევაში პროგრამის თავსებადობის უზრუნველყოფა ახალ სტანდარტებთან ან/და მოთხოვნებთან;

1.4.7. მონაცემთა ბაზის მოცულობის ზრდასთან დაკავშირებული პრობლემების პროგნოზი, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ოპტიმიზაციის ჩატარება პროგრამის ფუნქციონალში.

 

ხელშეკრულების 4.1.1. და 4.1.2. პუნქტების თანახმად, შ.პ.ს „ნო----------სი“ ვალდებული იყო კომპიუტერული პროგრამა შეექმნა სს „ქა-------–-----------ის“ მიერ დასმული ამოცანებისა და მოთხოვნების შესაბამისად, და სრულად მიეწოდებინა და დაენერგა 2015 წლის 1 მაისამდე.

 

მხარეთა შეთანხმებით კომპიუტერული პროგრამის ან/და მისი ნაწილის კლიენტისათვის გადაცემა უნდა დადასტურდეს მხარეების ან/და საამისოდ უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი და სათანადოდ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტებით. ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად კომპიუტერული პროგრამა შექმნილად, დანერგილად, ექსპლუატაციაში შესულად და სარგებლობაში გადაცემულად ჩაითვლება მხარეების ან/და საამისოდ უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი და სათანადოდ ხელმოწერილი დასკვნითი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დღიდან.

 

მიმდინარე ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელების მიზნით მხარეებმა საკონტაქტოდ განსაზღვრეს სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის ელ. ფოსტა.

 

- სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ კომპიუტერულ პროგრამა „Loan Keeper“-ში დაცული ინფორმაციის გადატანა - მიგრაცია ახალ პროგრამაში უნდა უზრუნველეყო შპს „ნო----------სს“.

 

მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ სს „ქა-------–-----------ი“ არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და მისი საქმიანობის განხორციელებაში იგი იყენებდა კომპიუტერულ პროგრამას, კერძოდ „Loan Keeper“-ს.

 

როგორც უკვე აღინიშნა, კომპანია იღებდა ვალდებულებას კლიენტისთვის შეექმნა, დაენერდა და საკუთრებაში გადაეცა კომპიუტერული პროგრამის ერთი ეგზემპლიარი.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომელიც გულისხმობს მენარდის მხრიდან მონაცემთა ბაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, ცხადია ,,loan keepe“r-ში არსებული მონაცემების გარეშე ახალი პროგრამის ფუნქციონირება გამორიცხულია. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხეს სათანადო შედავება არ განუხორციელებია, რომლითაც დადასტურდებოდა ,,loan keeper“-ში არსებული ინფორმაციის გარეშე პროგრამის გამართულად მუშაობის შესაძლებლობა. შესაბამისად, ლოგიკას მოკლებულია მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს „მიგრაცია“ არ იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ და ეს მხოლოდ მისი კეთილი ნებით განხორციელდა. მხარეთა მიმოწერაში არ მოიძებნება არც ერთი წერილი, რომელშიც ასახული იქნებოდა ფაქტი, რომ მათ არ ევალებოდათ მიგრაცია და ეს დამატებით ქა-------–-----------ის თხოვნისა და მათი კეთილი ნების გამო შეასრულეს.

 

ის რომ ,,loan keeper“-ში არსებული ინფორმაციის ახალ პროგრამაში გადატანა - ე.წ. მიგრაცია მხარეთა შორის შეთანხმებული იყო მოწმობს 2015 წლის 23 იანვრის ელექტრონული მიმოწერა, კერძოდ ,,ნო----------სის“ თანამშრომლის გ-----------–-–---–ის წერილი გ--------------–---იასადმი, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ გადაგზავნილია ქა-------–-----------ის დირექტორთან გ----------------–---–თან (ტომი I, ს.ფ. 31-32); ელექტრონულ წერილში გ-----------–-–---–ი განმარტავს, რომ loan keep-დან არსებული ინფორმაციის ახალ პროგრამაში გადასატანად სჭირდება მონაცემთა ბაზიდან მიღებული სრული (full) ,,back up”. წერილში ,,ნო----------სის“ თანამშრომელი დამატებით აღნიშნავს: ,,ეს პროცესი ჩვენ უკვე გავაკეთეთ დავითთან ერთად და გვჭირდება იგივე პროცედურების ჩატარება“;

 

ელექტრონული მიმოწერიდან ასევე ირკვევა, რომ „Loan Keeper“-თან წვდომა და „Full back up“-ი ნო----------ს გადაცემული ჰქონდა 2015 წლის იანვრის ბოლოს; რაც კიდევ ერთხელ აქარწყლებს, მოპასუხის პოზიციას, მიგრაცია ხორციელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების გარეშე.

 

- შ.პ.ს „ნო----------სმა“ 2015 წლის მარტის თვეში უზრუნველყო სს „ქა-------–-----------ისათვის“ რამოდენიმე მოდულის საცდელი ვერსიის მიწოდება. მიწოდებული მოდულების ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა არაერთი ხარვეზი, რის თაობაზეც ხდებოდა შპს „ნო----------სის“ ინფორმირება, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერიდან, კერძოდ: 2015 წლის 18 მარტის ელექტრონული წერილი, ,,ქა-------–-----------ის“ თანამშრომლის ი-----–----------ას წერილი ,,ნო----------სის“ თანამშრომლებისადმი გ--------------–---იასა და გ-----------------–---–ის მიმართ (ტომი I, ს.ფ. 47-48); 2015 წლის 18 მარტის ელექტრონული მიმოწერა, ,,ნო----------სის“ თანამშრომლის გ--------------–---იას წერილი ქა-------–-----------ის დირექტორის გ----------------–---–ისადმი, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ გადაგზავნილია ქა-------–-----------ის თანამშრომლებთან (ტომი I, ს.ფ. 49); 2015 წლის 25 მარტის ელექტრონული წერილი, ,,ქა-------–-----------ის“ თანამშრომლის ი-----–----------ას წერილი ,,ნო----------სის“ თანამშრომლებისადმი (ტომი I, ს.ფ. 50) და 2015 წლის 30 მარტის ელექტრონული წერილი, ,,ქა-------–-----------ის“ თანამშრომლის ი-----–----------ას წერილი ,,ნო----------სის“ თანამშრომლებისადმი (ტომი I, ს.ფ. 53).

 

მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ასევე მოწმის სახით დაკითხული პირების ახსნა-განმარტების შეფასება, სწორედ აღნიშნულ ჩვენებებზე დაყრდნობით ცდილობს მოპასუხე დაადასტუროს მოსარჩელისათვის გამართული კომპიუტერული პროგრამის გადაცემა;

 

თავად შპს ,,ნო----------სის“ წარმომადგენელმა და მოპასუხის მიერ გამოძახებულმა მოწმე გ--------------–---იამ, რომელიც აქტიურად იყო ჩართული პროგრამის შექმნაში, დაადასტურა, რომ პროგრამამ საბოლოო სახე ვერ მიიღო.

 

მოპასუხე ელექტრონული მიმოწერისა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით ცდილობს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების და აგრეთვე იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებას, რომ დაფიქსირებული ხარვეზები წარმოადგენდა ექსპლუატაციის წესების დარღვევის შედეგად გამოწვეულ ხარვეზს და დამკვეთის მიერ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდების შედეგს.

 

2015 წლის 03 ნოემბერს შპს ,,ნო----------სის“ უფლებამოსილმა პირმა გ--------------–---იამ აცნობა მოსარჩელე მხარეს, რომ მონაცემთა მიგრაციის პროცესმა წარმატებით ჩაიარა (ტომი I, ს.ფ. 97); შესაბამისად 2015 წლის 3 ნოემბრიდან 2015 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით მოდულების - „სესხის გაფორმების“, „სესხის მართვის“, „სესხების ადმინისტრირების“ და „სალაროს“ გამართული მუშაობის შემოწმების მიზნით სს „ქა-------–-----------ში“ ერთდროულად გაშვებულ იქნა როგორც ძველი ისე ახალი პროგრამა და ხდებოდა მათზე დაკვირვება პარალელურ რეჟიმში.

 

საქმეში არსებული ელექტრონული მიმოწერით დასტურდება, რომ მას შემდეგ რაც მოპასუხემ მონაცემთა მიგრაციის დასრულების შესახებ აცნობა მოსარჩელეს, პროგრამა არ მუშაობდა გამართულად, ვერ ახერხებდა ინფორმაციის ასახვასა და დამუშავებას. შპს „ნო----------სის“ ინფორმირება ხარვეზების შესახებ ხდებოდა დაუყოვნებლივ, რაც დასტურდება ადმინისტრაციული დეპარტმენტის უფროსის, სესხის ექსპერტების და ფილიალის მენეჯერების წერილებით:

1. „მენეჯერის ვიზირების ღილაკი გასააქტიურებელია“ - 2015 წლის 3 ნოემბრის ელექტრონული წერილი (ტომი I, ს.ფ. 65);

2. „პიროვნებაში მისამართი მეორდება“ - 2015 წლის 3 ნოემბრის ელექტრონული წერილი (ტომი I, ს.ფ. 68);

3. „ვერ ვამატებ გადახდებს, პუნქტი გადახდები არ მაქვს ჩართული“ 2015 წლის 3 ნოემბრის ელექტრონული წერილი (ტომი I, ს.ფ. 69);

4. „კლიენტი იყო დაგვიანებაში. ნაწილი თანხა ჰქონდა გადახდილი, დარჩენილი თანხის გატარებას ვერ ვაკეთებთ nova-ს პროგრამაში „იხდის გრაფიკის მიხედვით“, ხოლო „იხდის მხოლოდ მიმდინარე დარიცხულში სრულად“ გამოაქვს სხვა თანხა, და არ არის ის რაც ლოანკიპით არის გადახდილი.“ 2015 წლის 3 ნოემბრის ელექტრონული წერილი (ტომი I, ს.ფ. გვ. 70);

5. „... სესხზე გატარებული გვაქვს 178 ლარი, მაგრამ გადახდას გვიჩვენებს 726,94 ლარს“ 2015 წლის 3 ნოემბრის ელექტრონული წერილი (ტომი I, ს.ფ. 71);

6. „... კლიენტზე კიპერში დაფარეს სესხი, ხოლო ნოვა-ში არ არის აქტიური დახურვის ღილაკი, სესხს აჩვენებს დახურულად და ვერ ვახერხებთ ქვითრის დაბეჭდვას. ..“ 2015 წლის 3 ნოემბრის ელექტრონული წერილი (ტომი I, ს.ფ. 72);

7. სასესხო ექსპერტის თ-------------–---–ის ელექტრონულ წერილში მითითებულია 7 სხვადასხვა სესხი, რომელთა მოძიებაც სესსის ნომრით შეუძლებელია ან/და ფუნქცია „იხდის გრაფიკით და ამცირებს ძირს“ არ მუშაობს, ასევე არის სესხი რომელსაც აჩვენებდა დაფარულ დავალიანებად, თუმცა სესხი იყო მიმდინარე. 2015 წლის 3 ნოემბრის ელექტრონული წერილი (ტომი I, ს.ფ. 73);

8. „დაფიქსირდა კიდევ ერთი პრობლემა. კერძოდ როგორც აღმოჩნდა სესხის რეგისტრაციის დროს მითითებულ მიზნობრიობას არ ინახავს. ამჟამად სესხი დამტკიცებული სტატუსით არის და გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა რომ მიზნობრიობა შენახული არ იყო.“ 2015 წლის 4 ნოემბრის ელექტრონული წერილი (ტომი I, ს.ფ. 77-78);

9. „3 ნოემბერს, გუშინ, ვერ გამოვწერეთ სალაროს შემოსავლის ორდერი ისეთ შემოსავლებზე, მსესხებელზე რომ შემოქონდა შენატანი სხვას ... აგრეთვე კიპერში გაკეთებული შენატანები და ნოვაში ნანახი შენატანები (ნოვაში თანხის ცვლილებას ვერ ვაკეთებთ) არ დაემთხვა ერთმანეთს. 2015 წლის 4 ნოემბრის ელექტრონული წერილი (ტომი I, ს.ფ. 80-81);

10. „ლონკიპერში გატარებული სალაროს შემოსავლის თანხები არ ემთხვევა ნოვაში ნანახ თანხებს. თანხის ცვლილებასაც ვერ ვახორცილებთ. გიგზავნით გუშინ ნოვაში გატარებული გადახდების კლიენტების სიას რომლებიც არ ემთხვეოდა თანხაში ან სხვა ტიპის პრობლემა იყო ... ნ----- არ გაატარა ნაკლების შემოტანა ... ნოვას პროგრამაში თანხის შემომტანს რომ ვწერთ არამსესხებელს აღიქვამს პროგრამულად მსესხებლად ... თანხა არ გადაგვახდევინა და 0 აშშ დოლარის გამოწერით დაიხურა სესხი ...“ 2015 წლის 4 ნოემბრის ელექტრონული წერილი (ტომი I, ს.ფ. 82);

11. “1) ... მოხდა იდენტური გრაფიკის აგება ნოვაშიც, თუმცა ყოველთვიური შენატანები განსხვავდება LoanKeeper-ში აგებული გრაფიკისაგან... 2) გამოვლინდა ასევე ხარვეზი გადახდების გატარებისას, კერძოდ: როდესაც სესხზე გადახდას ახორციელებს მესამე პირი, უნდა მოახდინოს მისი მითითება, თუმცა ქვითარში აღნიშნული მესამე პირის მონაცემების ნაცვლად „შემომტანის“ ველში დაფიქსირებისა, ატარებს „სესხის დანიშნულებაში“, სადაც რეალურად მსესხებლის მონაცემები არ უნდა ეწეროს.“ აღნიშნულ წერილზე პასუხი: „2. ეს ხარვეზი ჩვენც ვნახეთ და გამოსწორდება უახლოვეს დღეებში.“ 2015 წლის 4 ნოემბრის ელექტრონული წერილი (ტომი I, ს.ფ. 84-85);

12. „1. არ ეძებს პირადი ნომრით... 2. ძირის შემცირების დროს ზოგ შემთხვევაში გვიწერს მინიმალურ ფიქსირებულ თანხას ნულების ნაცვლად და იმ მინიმალურზე ნაკლები ვერ ტარდება. 3. როდესაც იხდის მიმდინარე/დარიცხულზე ნაკლებ თანხას ზოგ შემთხვევაში აქაც სვავს მინიმალურ ზღვარს. 4. არის სხვაობები გრაფიკით დადგენილ თანხასა და გადახდისას მითითებულ თანხას შორის, როცა კლიენტი „იხდის გრაფიკის მიხედვით“. 5. ... „გრაფიკის მიხედვით გადასახდელში“ ამოაგდო მეტი ვიდრე რეალურად უწევდა გრაფიკით... 6. არ გვაზლევს საშუალებას... ვისარგებლოთ ველით: „იხდის გრაფიკით და ამცირებს ძირს“ 7. ოფიცერს არ აქვს საშუალება დამატებულ კლიენტზე შეცვალოს რაიმე მონაცემი... “ 2015 წლის 4 ნოემბრის ელექტრონული წერილი (ტომი I, ს.ფ. 89-94);

13. ქა-------–-----------ი: „... გრაფიკით გათვალისწინებულ გადახდებში აგდებს შეცდომას და გვახდევინებს თანხას ხოლო სესხის დახურვაში გადასახდელ თანხას აგდებს ნულს. ... ვერ მოვახერხეთ სესხის განულება.“ ნო----------სი: „სესხის დასახურად უნდა დააჭიროთ ღილაკს „დახურვა“ სესხების სიაში.“ ქა-------–-----------ი: „გიორგი დახურვის ღილაკით გადასახდელ თანხას 0 წერს.“ ნო----------სი: ეგ პრობლემა ვიცით. მიგრაციის ბრალია. ეგ ხვალ გასწორდება.“ 2015 წლის 6 ნოემბრის ელექტრონული მიმოწერა (ტომი I, ს.ფ. 100-104);

სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერების შინაარსი არ შეიცავს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ დამკვეთის მხრიდან ექსპლუატაციის წესების დარღვევა და არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა. საქმის მასალებითა და თავად მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ პროგრამის სისრულეში მოყვანა/გამართვა გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის გზით ხდებოდა, ხოლო რაც შეეხება მოსარჩელის მხრიდან ხელშეწყობის არარსებობას, აღნიშნული გარემოება ზემოაღნიშნული ელექტრონული მიმოწერებით არ დასტურდება.

 

როგორ უკვე აღინიშნა ხელშეკრულების 4.1.1. და 4.1.2. პუნქტების თანახმად, შ.პ.ს „ნო----------სი“ ვალდებული იყო კომპიუტერული პროგრამა შეექმნა სს „ქა-------–-----------ის“ მიერ დასმული ამოცანებისა და მოთხოვნების შესაბამისად, და სრულად მიეწოდებინა და დაენერგა 2015 წლის 1 მაისამდე.

 

საქმეში არსებული 2016 წლის 6 სექტემბრის ელექტრონული წერილით დასტურდება, რომ საბოლოოდ მოპასუხეს 2016 წლის 17 სექტემბრამდე განესაზღვრა ვადა.

 

სს „ქ--------–------------მა“ 2016 წლის 22 სექტემბრის ელექტრონული წერილით შპს „ნო----------ს“ აცნობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა ავანსად გადახდილი თანხის - 25 000 ლარის უკან დაბრუნება.

 

აღნიშნული გაფრთხილების წერილი იმავე დღეს ჩაბარებული აქვს შპს ,,ნო----------ს“. გაფრთხილების წერილის საპასუხოდ მოპასუხე კომპანიას მოსარჩელისათვის არაფერი გაუგზავნია, რომლითაც მაგალითად მოითხოვდა შესრულების ვადის გაგრძელებას ან აპელირებას გაუწევდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

მითითებულ წერილში მოსარჩელე აპელირებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე და დამატებითი მიცემული ვადის უშედეგოდ გასვლაზე. მოცემულ შემთხვევაში, ხსენებული მტკიცებულებების ნამდვილობა სადავო არ გამხდარა.

 

სასამართლოს მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება,ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შს ,,ნო----------ს“-ის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.

 

3.2.4. სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სს ,,ქა-------–-----------ი“-ს მიერ გადახდილი თანხები მიმართული იყო კომპიუტერული პროგრამის შეძენისკენ, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის სს ,,ქა-------–-----------ი“-ს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,ნო----------ს“-ი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის - 25 000 ლარის დეპოზიტზე განთავსებით, რაიმე სახის შემოსავალს მიიღებდა.

 

გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნულ საკითხზე არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-459-438-2015; 07.10.2015 წლის გადაწყვეტილება).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 352-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 411-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ საქმეზე ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნისა და მომსახურების შესახებ. ამ გარიგებით მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

 

2014 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების საგნის ღირებულება განისაზღვრა 50000 ლარით. ხელშეკრულების 5.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ 25 000 ლარს დღგ-ს გარეშე კლინეტი კომპანიას ავანსის სახით გადაუხდის 2014 წლის 05 დეკემბრამდე. 12500 ლარს კლინეტი გადაუხდის კომპანიას პროგრამის ძირითადი ნაწილის გადაცემისა და დანერგვის შემდეგ (ძირითად ნაწილში არ შედის მოდულები ,,ბუღალტერია“ და მოზიდული თანხების ადმინისტრირება“, რომელიც დაყენდება ძირითადი პროგრამის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 3 (სამი) თვის შემდეგ), ხოლო დარჩენილ 12 500 ლარს მოდულების - ,,ბუღალტერია“ და მოზიდული თანხების ადმინისტრირება“ დანერგვის შემდეგ.

 

სს ,,ქა-------–-----------ი“-სა და შპს ,,ნო----------ს“-ის შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ქა-------–-----------ი“-ს ავანსის სახით გადახდილი აქვს 25 000 ლარი.

 

ხელშეკრულების 4.1.1. და 4.1.2. პუნქტების თანახმად, შ.პ.ს „ნო----------სი“ ვალდებული იყო კომპიუტერული პროგრამა შეექმნა სს „ქა-------–-----------ის“ მიერ დასმული ამოცანებისა და მოთხოვნების შესაბამისად, და სრულად მიეწოდებინა და დაენერგა 2015 წლის 1 მაისამდე.

 

საქმეში არსებული 2016 წლის 6 სექტემბრის ელექტრონული წერილით დასტურდება, რომ საბოლოოდ მოპასუხეს 2016 წლის 17 სექტემბრამდე განესაზღვრა ვადა.

 

სს „ქ--------–------------მა“ 2016 წლის 22 სექტემბრის ელექტრონული წერილით შპს „ნო----------ს“ აცნობა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ და მოითხოვა ავანსად გადახდილი თანხის - 25 000 ლარის უკან დაბრუნება.

 

სასამართლოს მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება,მენარდემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და დადგენილ ვადაში არ გადასცა მოსარჩელეს კომპიუტერული პროგრამა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

ეს ნორმა განამტკიცებს ვალდებულების დროულად, შეთანხმებულ ვადაში შესრულების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს შესრულების ვადა, ვალდებულება ამ ვადაში უნდა შესრულდეს, მოვალემ არ უნდა გადააცილოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ამავე კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

 

მითითებული მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დამატებითი ვადის მიზანია მოვალისათვის ხელის შეწყობა, რათა მან შეძლოს დარღვეული ურთიერთობის გამოსწორება. უნდა აღინიშნოს, რომ დამატებითი ვადის სიდიდეს განსაზღვრავს კრედიტორი. მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს ისე, რომ იგი საკმარისი აღმოჩნდეს შესრულებისათვის და ამდენად, გონივრული ხანგრძლივობის უნდა იყოს.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებმა ხელშეკრულების შესრულების ვადა განსაზღვრეს არაუგვიანეს 2016 წლის 17 სექტემბრისა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კრედიტორის მიერ მოვალისათვის ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადის მიცემა, გამოიწვევს შემკვეთის უფლებების დარღვევას. შემკვეთის მიერ მოვალისათვის სხვა უფრო ნაკლები, გონივრული ვადის მიცემას კი შედეგი არ ექნება.

 

სს ,,ქა-------–-----------ი“-ს მიერ წარმოდგენილი იქნა შპს „ა-–----------------თან“ ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც ემსახურებოდა პროგრამული უზრუნველყოფის ნასყიდობის N2---------- ხელშეკრულების ფარგლებში კომპიუტერული პროგრამის შექმნას. საქმეში არსებული შპს „ა-–----------------“-ის 2018 წლის 02 ივლისის წერილით დასტურდება, რომ სს ,,ქა-------–-----------ის“ სესხების მიგრაცია ,,Loankeeper5“-ის მონაცემთა ბაზიდან შპს ,,ა-–----------------ის“ მონაცემთა ბაზაში განხორციელდა წარმატებით. (იხ. ტომი II, ს.ფ. 98); საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე შპს ,,ა-–----------------ი“-სა და სს ,,ქა-------–-----------ი“-ს შორის გაფორმებული 2018 წლის 31 მაისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც სს ,,ქა-------–-----------მა“ მიიღო პროგრამული უზრუნველყოფების ნასყიდობის შესახებ N2---------- ხელშეკრულების გათვალისწინებული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შედგება შემდეგი მოდულებისაგან: საბანკო პროგრამა B6; LMS (Loan Management System); დეპოზიტების მოდული; UFE; კრედიტინფოს ფუნქციონალი; AML და საეჭვო კლიენტების ფუნქციონალი; ტერორისტების შემოწმების ფუნქციონალი; SMS ფუნქციონალი; სწრაფი ფულადი გზავნილების ფუნქციონალი; Integration with Payboxes; Print Solution; ბიზნეს ანალიტიკის ანგარიშგებების (საბაზისო) პაკეტი; ეროვნული ბანკის ანგარიშგებების პაკეტი - FRM; ეროვნული ბანკის ანგარიშგებების პაკეტი - LFP; ანგარიშგება - ALM Matrix; (იხ. ტომი II, ს.ფ. 102).

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ;

 

მოსარჩელე უარს ამბობს ხელშეკრულების გაგრძელებაზე და მოითხოვს ავანსის გადახდილი თანხის დაბრუნებას.

 

მოსარჩელეს გააჩნია ხელშეკრულებიდან გასვლის პატივსადები საფუძველი. მას არ შეიძლება მოეთხოვოს ხელშეკრულების გაგრძელება, რადგან მოპასუხემ ვერ დაამტკიცა მოსარჩელისათვის ხელშეკრულების ძალაში დატოვების პერსპექტივები.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს ,,ქა-------–-----------ი“-სა და შპს ,,ნო----------ს“-ის შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ქა-------–-----------ი“-ს ავანსის სახით გადახდილი აქვს 25 000 ლარი. ხოლო მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლიდან გამომდინარე უფლება ენიჭება უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის (სსკ-ის 629-ე მუხლი) საფუძველზე წამოშობილი დავის საგანია მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება (სსკ-ის 361.2.-ე მუხლი).

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემკვეთმა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით მხარეთა შორის ხელშეკრულება მოშალა. (სსკ-ის 636-ე, 405-ე მუხლები.

 

სსკ-ის 636-ე მუხლის თანახმად: „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“, ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებელი სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოს ღირებულება (იხ. სუსგ-ები: # ას-697-663-2015, 15.12.2015წ.; ას-901-851-2015,05.02.2016წ.; ას-981-926-2015,11.03.2016წ.;#ას-399-383-2016, 15.07.2016 წ.)

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ საქმეში მოპასუხეს არ აღუძრავს შეგებებული სარჩელი შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით. შესაბამისად, წინამდებარე სარჩელის ფარგლებში, რომლითაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე ავანსის სახით გადახდილი თანხის დაბრუნება, სასამართლო ვერ იმსჯელებს ზემოაღნიშნული ნორმით (სსკ-ის 636-ე მუხლი) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ სამართლებრივ წინაპირობებზე, რომც არსებობდეს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების საფუძველი.

 

საპროცესო კანონმდებლობით არსებობს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება-შეგებებული სარჩელი (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი). სსსკ-ის 189-ე მუხლის მეორე ნაწილი (მოსამართლე მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ :ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად; ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას; გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება), განსაზღვრავს შეგებებული სარჩელის აღძვრის სამართლებრივ წინაპირობებს (საფუძვლებს).

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ მოთხოვნის დამაბრკოლებელი შესაგებლის ზოგადად წარდგენა ვერ დააფუძნებს მოთხოვნის უარყოფას, თუ მხარემ ზემოთ მითითებული მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით არ დაამტკიცა შესაგებელში აღნიშნული გარემოება.

 

6.8. სასამართლო, ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით მოიხმობს საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახულ განმარტებას: „სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.15 წ.).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება.

 

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა ამოვიდეს საქმის გარემოებების ობიექტური შეფასებიდან და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმგვარად, რომ ამ ტიპის ზიანის ანაზღაურება მოპასუხეს დაეკისროს სამართლიანად და არ გამოიწვიოს დაზარალებულის უსაფუძვლოდ გამდიდრება.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ სს ,,ქა-------–-----------ი“-ს 25 000 ლარი გადახდილი ჰქონდა კომპიუტერული პროგრამის შეძენის მიზნით, შესაბამისად, მის ინტერესს წარმოადგენდა კომპიუტერული პროგრამის შეძენა და არა ხელშეკრულების საფასურის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით, სარგებლის მიღება. შესაბამისად, არ დადასტურდა მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს რომ სს ,,ქა-------–-----------ი“-ს სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების თაობაზე არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს ჯამში 1193,75 ლარი, სარჩელზე 1143,75 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი (იხ. ტომი I, ს.ფ. 169, 178, 288);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად ხარჯები შედგება სახელმწიფო ბაჟისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისგან. ამავე კოდექსის 53-ე მუხლი ითვალისწინებს სასამრთლო ხარჯების განაწილების წესს. აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით მოსარჩელეს უფლება აქვს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვოს მოპასუხეზე მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდის დაკისრება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (სასარჩელო მოთხოვნის 65,58%). შესაბამისად, მოპასუხე შპს ,,ნო----------ს“-ის სს ,,ქა-------–-----------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული ბაჟის (1143,75 ლარის 65,58%), 750 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული 50 ლარისა და ფაქტების კონსტანტაციის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის 100 ლარის გადახდა.

 

ამასთან, ვინაიდან, სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 393,75 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოსარჩელე ასევე, ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს საადვოკატო მომსახურებისათვის 1525 ლარის გადახდა.

 

სს ,,ქა-------–-----------ი“-ს მოთხოვნა საადვოკატო ხარჯების 1525 ლარის შესახებ ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული. სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 53-ე და 47-ე მუხლის თანახმად, სადაც კანონმდებელი განმარტავს, რომ ხარჯები უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ს. ამავდროულად ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ საქმეზე „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, ”რომ პრეცედენტული სამართლის თანახმად, სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების დაკისრება შეუძლია მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობიდაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული, იმ მიზნით რომ მიღებულიყო ანაზღაურება იმ საკითხთან დაკავშირებით რომელიც წარმოადგენდა კონვენციის დარღვევას. მოცემულ შემთხვევაში მხარეს წარმოდგენილი აქვს საადვოკატო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 3000 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია რომ მოთხოვნილი გაწეული საადვოკატო ხარჯებიდან დაკმაყოფილებული მოთხოვნის (სასარჩელო მოთხოვნის 65,58%), დავის სირთულის, მასზე გაწეული საქმიანობის დროისა და რესურსების, თავად საქმის განხილვის სირთულისა და ვადების თვალსაზრისით საადვოკატო ხარჯები უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით რაც სასამართლოს აზრით უნდა შეადგენდეს 1000 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 თებერვლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს ,,ქა-------–-----------ი“-ს წარმომადგენლის მა-----------ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო შპს ,,ნო----------ს”-ის (ს/კ 4--------) სს ,,ვ------------------------”-ში (ბანკის კოდი U-------) არსებულ №---------------------- ანგარიშს და საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში არსებულ საბანაკო ანგარიშებს, 25 000 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო), ასევე სახელფასო და სოციალური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით საწარმოში დასაქმებულ პირთა მიმართ გასაცემი თანხისა.

 

ვინაიდან სს ,,ქა-------–-----------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს ,,ქა-------–-----------ი“-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ნო----------ს“-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სს ,,ქა-------–-----------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,ნო----------ს“-ისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხე შპს ,,ნო----------ს“-ის მოსარჩელე სს ,,ქა-------–-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 25 000 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე შპს ,,ნო----------ს“-ის მოსარჩელე სს ,,ქა-------–-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 800 ლარის გადახდა.

 

5. მოპასუხე შპს ,,ნო----------ს“-ის მოსარჩელე სს ,,ქა-------–-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 1000 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.

 

6. მოპასუხე შშპს ,,ნო----------ს“-ის მოსარჩელე სს ,,ქა-------–-----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ფაქტების კონსტატაციის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით - 100 ლარის გადახდა;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი