გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2018
საქმის ნომერი
330210118002493095
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17435-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხ------- ჯინორია

სხდომის მდივანი - ხ------- ბუცხრიკიძე

მოსარჩელე - სს ,,ს---------------------------------–"

წარმომადგენელი - თ------- ბ------------, ს--–---- ლ---–---–---–ი

მოპასუხე - ინდ. მეწარმე ხ------- მ--–---–ი

წარმომადგენელი - ჟ--- ჩ-------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ინდ. მეწარმე ხ------- მ--–---–ს სს „ს---------------------------------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო პრემიის - 3557 ლარის გადახდა;

1.2. ინდ. მეწარმე ხ------- მ--–---–ს სს „ს---------------------------------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის - 1081,4 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2015 წლის 26 მარტს სს ,,ს---------------------------------–-სა" და ხ------- მ--–---–ს შორის გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ დააზღვია ხელშეკრულების N3 დანართში მითითებული პირები, კერძოდ, იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად აენაზღაურებინა დაზღვეულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარჯები სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. თავის მხრივ, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის განვადებით გადაეხადა სადაზღვევო პრემია. ხელშეკრულების N4 დანართით განისაზღვრა სადაზღვევო პრემიის ოდენობა და მისი გადახდის წესი. 2015 წლის 29 მაისს ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება და დაზღვეულ პირთა სიას დაემატა კიდევ ორი ადამიანი, რის შემდეგაც სადაზღვევო პრემია გახდა თვეში 456 ლარი. მოპასუხეს ჯამში უნდა გადაეხადა 5 252 ლარი. მას გადახდილი აქვს 1659 ლარი.

 

მოსარჩელე შემოსავლის მიღების მიზნით, ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში თანხებს ათავსებს ანაბარზე. სს „ს----------–--------ის“ წერილით 2015 წლის მარტიდან 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 8%-ს, ხოლო 2016 წლის სექტემბრიდან - 7%-ს. მოპასუხეს ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა, მოსარჩელე თანხებს ანაბარზე განათავსებდა და მიიღებდა შემოსავალს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით, ხელშეკრულება არ დაუდია ხ------- მ--–---–ს. მისი პირადი მონაცემები გამოყენებულია სხვა პირის მიერ. ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა ხ------- მ--–---–ს არ ეკუთვნის. ხ------- მ--–---–ი მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის ყველა ფაქტობრივი გარემოება სადავოა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 26 მარტს ერთი მხრივ სს „ს---------------------------------–-ს“ (მზღვეველი), მეორე მხრივ ინდ. მეწარმე ხ------- მ--–---–ს (დამზღვევი, დამსაქმებელი) და მესამე მხრივ ხელშეკრულების დანართ N3-ში მითითებულ დასაქმებულ პირებს (დაზღვეული პირები) შორის დაიდო ჯანმრთელობის დაზღვევის სამმხრივი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით 2015 წლის 30 მარტიდან 2016 წლის 30 მარტის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების საფუძველზე, დამზღვევი ვალდებული იყო გადაეხადა სადაზღვევო პრემია, ხოლო მზღვეველმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად აენაზღაურებინა დაზღვეულ პირთა სამედიცინო მომსახურების ხარჯები სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას.

 

ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილია პრემიის ნაწილი - 1659 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 3 557 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე უარყოფს მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნას.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად სრულყოფილად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ეს მტკიცება გაზიარებული ვერ იქნება.

საქმეში წარმოდგენილია ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომელიც დადებულია ერთი მხრივ მოსარჩელეს, მეორე მხრივ მოპასუხეს, რომელიც გამოდის როგორც დაზღვეული პირების დამსაქმებელი და მესამე მხრივ დაზღვეულ პირებს შორის. ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს მისი დანართები.

 

ხელშეკრულების სტანდარტული პირობების (დანართი 1) 1.1 პუნქტის თანახმად დამზღვევი არის პირი, რომელიც აფორმებს დაზღვევის ხელშეკრულებას მზღვეველთან. 1.2 პუნქტის თანახმად, დამსაქმებელი არის პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე ორგანიზებას უწევს დამზღვევის მიერ სადაზღვეო პრემიის გადახდას და მზღვეველის მიერ სადაზღვევო პრემიის მიღებას და რომელიც, ამავდროულად, წარმოადგენს დამსაქმებლის/დამკვეთის სახით დამზღვევებთან შრომით ურთიერთობაში მყოფ პირს. 1.3 პუნქტის თანახმად კი, დაზღვეული არის პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევა.

 

დანართი 1-ის 1.26 პუნქტის თანახმად სადაზღვევო პრემიას იხდის დამზღვევი. 2.3.1 პუნქტის თანახმად, დამზღვევი ასევეა ვალდებული უზრუნველყოს სადაზღვევო პრემიის გადახდა.

 

დანართი 1-ის 1.48 პუნქტის თანახმად სამმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო პრემიას სრულად იხდიან დანართ N3-ში მითითებული პირები საკუთარი ხარჯით, ხოლო აღნიშნული პრემიის მზღვეველისათვის გადარიცხვას უზრუნველყოფს დამსაქმებელი.

 

2.2.1 და 2.2.2 პუნქტის თანახმად მზღვეველი უფლებამოსილია მოსთხოვოს დამზღვევს/დაზღვეულს/დამსაქმებელს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად შესრულება, მათ შორის, მოსთხოვოს დამზღვევს სადაზღვევო პრემიის გადახდა დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებში.

 

ხელშეკრულების ამ პირობების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხ------- მ--–---–მა დადო ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება მესამე პირების სასარგებლოდ, კერძოდ კი, მოსარჩელესთან დააზღვია მასთან დასაქმებული პირების და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. სადაზღვევო პრემიას იხდიდნენ უშუალოდ დაზღვეული პირები, დამსაქმებელს ევალებოდა ხელფასიდან შესაბამისი თანხების ჩამოჭრა და მზღვეველისათვის გადარიცხვა, მაგრამ პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში მზღვეველს გააჩნდა მოთხოვნის უფლება დამზღვევის მიმართ, რომელიც, ამ შემთხვევაში, იმავდროულად დამსაქმებელი იყო.

 

ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით. დანართი N3-ის თანახმად, პირველ ეტაპზე დაზღვეული იყო ცხრა პირი - დასაქმებულები და მათი ოჯახის წევრები. ხელშეკრულების N4 დანართის თანახმად, სადაზღვევო პრემია ჯამში განისაზღვრა 4152 ლარით, თვეში უნდა გადახდილიყო 346 ლარი.

 

2015 წლის 29 მაისის შეთანხმებით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და დაზღვეულ პირებს დაემატა ორი პირი, რის შედეგად 15.06.2015 წლიდან გადასახდელი პრემია გახდა 456 ლარი.

 

ხელშეკრულების ყველა გვერდზე მოცემულია დამზღვევის და დამსაქმებლის სახელით ხ------- მ--–---–ის ხელმოწერა.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხ------- მ--–---–ი რეგისტრირებული ინდ. მეწარმედ.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ ხელშეკრულებაზე მისი სახელით შესრულებული ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა არის მოპასუხის მტკიცების სფეროში შემავალი გარემოება. სწორედ მას უნდა წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულებები.

 

შესაგებლით მოპასუხემ იშუამდგომლა, რომ სასამართლოს დაენიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა. იმის მიზეზად, თუ რატომ არ უზრუნველყო თავად ექსპერტიზის ჩატარება, მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ხარჯები უნდა განაწილებულიყო მხარეთა შორის თანაბრად.

 

ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებულია სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი - დისპოზიციურობა. ნორმის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე საქმის განხილვისათვის გადამწყვეტს წარმოადგენს მხარის ნება იმგვარად, რომ სასამართლოს უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ დისპოზიციურ ფარგლებში გამოვლენილი ნების შესწავლის გზით საქმის გარემოებების დადგენითა და მათი სამართლებრივი შეფასებით შემოიფარგლება, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობა, გაეცნონ საქმის მასალებს, გააკეთონ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღონ ასლები, განაცხადონ აცილებანი, წარადგინონ მტკიცებულებანი, მათ შორის, ექსპერტის (საექსპერტო დაწესებულების) დასკვნები, სპეციალისტის ცნობები, მონაწილეობა მიიღონ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვან მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, სასამართლოს წინაშე განაცხადონ შუამდგომლობები, მისცენ სასამართლოს ზეპირი და წერილობითი ახსნა-განმარტებანი, წარადგინონ იმავე ტიპის საქმეზე სხვა სასამართლოს გადაწყვეტილებანი, წარადგინონ თავიანთი დასკვნები და გამოთქვან მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, უარყონ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები, წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე და ისარგებლონ ამ კოდექსით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებებით“ (იხ. სუსგ №ას-1197-1139-2014).

 

საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლი განსაზღვრავს ექსპერტიზის დანიშვნის წესსა და პირობებს. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში, ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის წარდგენისას მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად (...) 162-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოს ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნა წარმოადგენს სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას და მისი გამოყენების მიზეზები სასამართლომ ყოველ შემთხვევაში სათანადოდ უნდა დაასაბუთოს (იხ. სუსგ № ას-820-786-2016 ). ამავე საქმეზე საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კასატორების პრეტენზია, რომ რადგან სადავოდ ხდიდნენ ხელმოწერების ნამდვილობას, სასამართლოს უნდა დაენიშნა ექსპერტიზა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა 2018 წლის 13 ივლისს, ხოლო საქმეზე მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა 2018 წლის 2-------------ს, შესაბამისად, მხარეს ჰქონდა საკმარისი დრო და შესაძლებლობა, უზრუნველეყო ექსპერტიზის ჩატარება და წარმოედგინა შესაბამისი მტკიცებულება.

 

მოპასუხემ, მას შემდეგ, რაც 2018 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, მოითხოვა საქმის განხილვის, სულ მცირე, 30 სამუშაო დღით გადადება, რათა თავად ჩაეტარებინა ექსპერტიზა. აღნიშნული შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლით მინიჭებული შესაძლებლობა არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლომ მხარის ნაცვლად უნდა მოიპოვოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები ისეთ პირობებში, როდესაც მხარე თავად არ ახდენს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზებას.

 

რაც შეეხება ექსპერტიზის ჩასატარებლად სხდომის გადადებას, სასამართლო აღნიშნავს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-4 ნაწილი პირდაპირ ადგენს, რომ მხარის მიერ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი. სასამართლოს შეუძლია მხარეს დაუნიშნოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. აღნიშნული ნორმის ბოლო წინადადება ისეთ შემთხვევას ეხება, როდესაც მხარემ საპატიო მიზეზით ვერ შეძლო დასკვნის სხდომაზე წარმოდგენა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა, რომ რადგან თავად სადავოდ ხდიდა დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, მოსარჩელეს ხელშეკრულების დედანი უნდა წარმოედგინა და რადგან დედანი არ არის წარმოდგენილი, მისი პოზიცია დადასტურებულად უნდა ჩათვლილიყო. ამ მოსაზრების გასამყარებლად ადვოკატმა მიუთითა, რომ ეს საკითხი ამგვარადაა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის Nას-820-786-2016 განჩინებით, მაშინ როდესაც მსგავსი მსჯელობა საკასაციო სასამართლოს ამ განჩინებაში საერთოდ არ არის ასახული. ადვოკატმა ასევე მიუთითა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 21.07.2013 წლის გადაწყვეტილებაზე. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ მსგავსი განმარტება არ არის ასახული არც დიდი პალატის ამ გადაწყვეტილებაში, გარდა ამისა, დავის ფაქტობრივი გარემოებები სრულიად განსხვავდება განსახილველი საქმისგან.

 

მნიშვნელოვანია, რომ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე მოპასუხეს არ მოუთხოვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის შესაბამისად დედანი დოკუმენტის წარმოდგენა.

 

ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი იმპერატიულად არ მოითხოვს დოკუმენტის მხოლოდ დედნის სახით წარმოდგენას, არამედ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ წერილობითი დოკუმენტის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. სუსგ ას-274-262-2015). ამასთან, სსკ-ის 135-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლო მსჯელობას იწყებს, ასლს მიანიჭოს თუ არა მტკიცებულების ძალა, მას შემდეგ, რაც მოთხოვნის მიუხედავად, მხარე ვერ შეძლებს დედნის წარმოდგენას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს არ უშუამდგომლია დედნის წარმოდგენის თაობაზე, ხოლო სასამართლო არ არის ვალდებული, თავად დაავალოს მხარეს დედანი დოკუმენტის წარმოდგენა, თუ ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

 

მოპასუხე ასევე აღნიშნავდა, რომ მისი პირადი მონაცემები გამოიყენა სხვა პირმა ხელშეკრულების დასადებად. მოსარჩელემ კი წარმოადგინა ხ------- მ--–---–ის პირადობის მოწმობის ასლი, რომლითაც კონტრაჰენტის იდენტიფიცირება მოახდინა.

 

სასამართლო განმარტავს: იმ შემთხვევაში, თუ ხ------- მ--–---–ის პირადობის მოწმობა მისი ნების გარეშე იყო გამოყენებული სხვა პირის მიერ, შესაბამისი მტკიცებულებები მოპასუხეს უნდა წარმოედგინა, მაგალითად, ამ გარემოების დადასტურება შეიძლება მტკიცებულებით, საიდანაც ირკვევა, რომ ხელშეკრულების დადების პერიოდში, მხარემ დაკარგა პირადობის მოწმობა და დოკუმენტის აღდგენის მოთხოვნით მიმართა შესაბამის სამსახურს და ა.შ. რაიმე მსგავსი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა დგინდება მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ხელშეკრულების გარდა, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილია პრემიის ნაწილი, სულ 1659 ლარი. პრემიის გადახდა ხდებოდა ყოველთვიურად 2015 წლის აპრილიდან 2016 წლის მარტამდე, თუმცა დამზღვევს სრულად არ შეჰქონდა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა, რის გამოც დაგროვდა დავალიანება 3 557 ლარი. ასევე წარმოდგენილია მტკიცებულება, რომ მზღვეველმა, გარკვეულ შემთხვევებში, აანაზღაურა დაზღვეული პირების სამედიცინო მომსახურების საფასური (იხ. ს.ფ. 59-60).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ, მითითებული ინფორმაცია წარმოდგენილია ცხრილების სახით, რომელიც ვერ განიხილება წერილობით მტკიცებულებად, ვინაიდან არ აქვს რაიმე მაიდენტიფიცირებელი მონაცემი, რაც მათ ოფიციალურ ხასიათს დაადასტურებდა. ცხრილები შედგენილია, სავარაუდოდ, თავად მოსარჩელის მიერ და/ან ამობეჭდილია რომელიმე ელექტრონული პროგრამიდან. კონკრეტულ შემთხვევაში, თანხის გადახდის უტყუარ მტკიცებულებად შეიძლებოდა განხილულიყო, მაგალითად, თანხის ანგარიშზე შეტანის დამადასტურებელი ქვითარი. ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარის ახსნა-განმარტება ასევეა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე.

 

მხოლოდ ახსნა-განმარტების საფუძველზე რაიმე გარემოების დადგენა შესაძლებელია, თუ მეორე მხარე მას სადავოდ არ ხდის.

 

საქმის მომზადების დასრულებამდე მოპასუხეს არ გაუხდია სადავოდ ხელშეკრულების ფარგლებში პრემიის ნაწილის გადახდის და მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ფაქტები. შესაგებლით მხარე შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ დოკუმენტიდან არ დგინდება თანხას ხ------- მ--–---–ი იხდიდა თუ სხვა პირი. ამ გარემოებას მოსარჩელე არ უარყოფს და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება მესამე პირების სასარგებლოდ იყო დადებული და სადაზღვევო პრემიაც მათ გადაიხადეს. მიუხედავად იმისა, რომ მთავარ სხდომაზე ახალი ფაქტების მითითება მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობისას დაიშვება, რაც ამ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს, სასამართლო მაინც განმარტავს: მნიშვენლობა არ აქვს თანხას უშუალოდ ხ------- მ--–---–ი რიცხავდა, თუ რომელიმე დაზღვეული პირი. ხელშეკრულების საფუძველზე, პრემიას იხდიდნენ დაზღვეული პირები, ხოლო მზღვეველისათვის პრემიის გადახდის ორგანიზება იყო დამსაქმებლის ვალდებულება. ხელშეკრულების მხარეს ამ ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად შეუძლია გამოიყენოს სხვა პირი ნებისმიერ დროს, რაც არ ცვლის მის პასუხისმგებლობას. ამგვარ შესაძლებლობას სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლი უშვებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული ტვირთის რეალიზება, ხოლო მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მზღვეველს და დამზღვევს შორის დადებული იყო ხელშეკრულება, დამზღვევმა კი, ნაკისრი ვალდებულება არასრულად შეასრულა.

 

3.2.2. ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო, მზღვეველი მიიღებდა შემოსავალს - 1081,4 ლარს.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.

 

მოსარჩელემ, რომელიც ითხოვს ზიანის, კერძოდ კი, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას, უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიიღებდა შემოსავალს და რამდენი იქნებოდა ეს შემოსავალი.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება შეძლო.

 

საქმეში წარმოდგენილია სს „ტ---------ის“ ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელეს 2015-2016 წლებში ბანკში განთავსებული ჰქონდა 10 და 11 დეპოზიტი.

 

საქმეში წარმოდგენილია სს „თ----------ის“ ცნობა, საიდაც ირკვევა, რომ მოსარჩელე არის ამ ბანკის კლიენტი და განთავსებული ჰქონდა ორი ანაბარი, რომლებიც გაიხსნა 2014 წლის 10 ივლისს და დაიხურა 2015 წლის 10 ივლისს.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა „ს--–---------------ის“ ცნობა, რომლის მიხედვითაც 2015-2016 წლებში მოსარჩელეს ამ ბანკში ოთხი ანაბარი ჰქონდა გახსნილი. წარმოდგენილია „ბ--------------–---ს“ ცნობაც, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელე რეგულარულად ათავსებდა თანხებს ანაბარზე, მათ შორის 2015-2016 წლებში ჰქონდა ორი ანაბარი.

 

სასამართლო სხდომამდე მოსარჩელემ დამატებით წარმოადგინა „ფ---------ის“, „ს----------–--------ის“, „ბ-------------ს“, „ტ---------ის“ ცნობები, საიდანაც დასტურდება, რომ იგი თანხებს რეგულარულად ათავსებდა ანაბარზე, მათ შორის სადავო პერიოდში გახსნილი ჰქონდა არაერთი ანაბარი ლარში და დოლარში.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო პერიოდში მოსარჩელე იღებდა შემოსავალს თანხის ანაბარზე განთავსების გზით.

 

საქმეში წარმოდგენილია სს „ს----------–--------ში“ სადავო პერიოდში გახსნილ 12-თვიან ანაბარზე დარიცხული სარგებლის გაანგარიშების დამადასტურებელი ცხრილი, საიდანაც ირკვევა, რომ 2015 წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით ანაბარს ერიცხებოდა 8%, ხოლო 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის მარტამდე - 7% (იხ. ს.ფ. 61).

 

მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია არც ანაბრის პროცენტი, არც მიუღებელი შემოსავლის გაანგარიშება.

 

მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გახადა მოპასუხემ სადავოდ ის გარემოება, რომ მისთვის არ იყო წინასწარ სავარაუდო მოსარჩელის მიერ თანხის ანაბარზე განთავსების გზით შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე და 219-ე მუხლებიდან გამომდინარე, მხარე არ არის უფლებამოსილი საქმის მომზადების დასრულების შემდგომ მიუთითოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაასაბუთებს, რომ მათი მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.

 

განსახილველ შემთხვევაში, ფაქტების მთავარ სხდომაზე მითითება არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით, რის გამოც, მოპასუხეს ეს მტკიცება სასამართლოს მიერ ვერ შეფასდება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 836-ე, 837-ე, 394-ე, 395-ე, 411-ე, 412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

ამავე კოდექსის 836-ე მუხლის თანახმად დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ არის, ხოლო 837-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს. სადაზღვევო მოწმობის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ დამზღვევს.

 

„სამართლის დოქტრინაში განასხვავებენ პირველი პირისა (First party-insurance) და მესამე პირის სასარგებლოდ (Third party-insurance) დადებულ დაზღვევის ხელშეკრულებებს. პირველი პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის დროს ზიანი პირდაპირ დამზღვევს ადგება და შესაბამისად, ანაზღაურებაც მის სასარგებლოდ ხდება. ასეთია, მაგალითად, ქონების დაზღვევა. მესამე პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით კი დაცვის ობიექტად მესამე პირის ინტერესი განისაზღვრება“ (იხ. სუსგ ას-134-134-2018).

 

დადგენილია, რომ ხ------- მ--–---–მა მოსარჩელესთან დადო დაზღვევის ხელშეკრულება მესამე პირების სასარგებლოდ, რომლითაც იკისრა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება (იხ. 3.2.1 პუნქტი).

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ ხ------- მ--–---–მა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არასრულად გადაიხადა სადაზღვევო პრემია (იქვე), რაც უფლებას ანიჭებს მზღვეველს, მოითხოვოს მიუღებელი პრემიის ანაზღაურება.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

ამავე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და სადაზღვევო პრემია სრულად არ გადაიხადა, ამდენად, ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სკ-ის 394-ე მუხლი.

 

„ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (იხ. სუსგ №ას-459-438-2015). ამდენად, იმისათვის, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, უნდა დადგინდეს შემდეგი ელემენტების არსებობა: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, კრედიტორისთვის ზიანის მიყენება, მიზეზობრივი კავშირი ხელშეკრულების დარღვევასა და ზიანს შორის, მოვალის ბრალი ზიანის მიყენებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ ას-54-54-2018).

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი, მან ვერ მიიღო დამატებითი შემოსავალი გადასახდელი თანხის ანაბარზე განთავსების გზით, რაც შეეხება ბრალს, როდესაც პირისათვის ცნობილია, რომ შესასრულებელი აქვს ვალდებულება და ამ ვალდებულებას არ ასრულებს, ხელშეკრულების დარღვევა არაბრალეული შეიძლება იყოს, მაგალითად, ფორს-მაჟორის პირობებში, სხვა შემთხვევაში ბრალი სახეზეა, ამასთან, სკ-ის 394-ე მუხლის მიზნებისათვის ბრალის ფორმას მნიშვენლობა არ აქვს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ზოგადად, ფულადი ვალდებულების დარღვევა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვალე ყოველთვის ვალდებულია ეს ზიანი აანაზღაუროს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ ას-929-869-2017).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს მხარემ წინასწარ უტყუარად უნდა იცოდეს, რომ ვალდებულების დარღვევით მეორე მხარეს მიადგება კონკრეტული სახის და ოდენობის ზიანი. ეს ნორმა გამორიცხავს ისეთი ზიანის ანაზღაურებას, რომელიც იმდენად უჩვეულოა და არ არის ლოგიკურ ბმაში შესასრულებელ ვალდებულებასთან, რომ ხელშეკრულების კონტრაჰენტი ჩვეულებრივი გონივრული განსჯის შედეგად მას ვერ გაითვალისწინებდა, ვერ დაუშვებდა იმის ალბათობას, რომ მისი ქმედება ამგვარ შედეგს გამოიწვევდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის კომერციული იურიდიული პირი, მეწარმე სუბიექტი, რომლის საქმიანობის ფორმაა დაზღვევის ხელშეკრულების დადება ფიზიკურ ან იურიდიულ პირებთან. ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, ამდენად თავისუფალი თანხის დამატებითი შემოსავლის წყაროდ გამოყენება ვერ განიხილება იმგვარ საქმიანობად, რაც წინასწარ სავარაუდო ვერ იქნებოდა მოპასუხისათვის, რომელიც ასევე მეწარმე სუბიექტია - რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ. საპირისპიროს მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ „დაზღვევის შესახებ“ კანონის საფუძველზე მზღვეველი არის სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. ანუ, მზღვეველს არ შეუძლია სხვაგვარი საქმიანობის განხორციელებით მიიღოს შემოსავალი და ანაბარზე სადაზღვევო პრემიის სახით მიღებული თანხების განთავსება არის დამატებითი შემოსვლის მიღების გზით საბრუნავი კაპიტალის გაზრდის, პრაქტიკულად, ერთადერთი წყარო. დადგენილია, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელეს გახსნილი ჰქონდა არაერთი ანაბარი საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებში და ამ გზით იღებდა შემოსავალს (ვრცლად იხ. 3.2.2 პუნქტი), ხოლო სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობით მან ვერ მიიღო შესაბამისი შემოსავალი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 7.1 პუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მზღვეველის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, ანუ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს გადახდილი სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - ჯამში 190 ლარი, ასევე სასამართლოს გარეშე ხარჯი - ავტომობილის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გადასახადი - 21 ლარი.

 

რაც შეეხება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე და 53-ე მუხლების ერთობლივი ანალიზით ირკვევა, რომ საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს იმ წარმომდგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, რომელიც დავალების ხელშეკრულების საფუძველზე იცავს მხარის ინტერესებს სასამართლოში (ადვოკატი, მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სხვა პირი) და იღებს დავალების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ანაზღაურებას ამ მომსახურების გაწევისათვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის საფუძველზე, ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიძლება იყოს მისი თანამშრომელი, მაგრამ მხარეს არ აუნაზღაურდება მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირისათვის გადახდილი ხელფასი თუ შრომის სხვაგვარი ანაზღაურება, რომელსაც იგი იხდის შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრული საქმიანობის შესრულებისათვის, მიუხედად იმისა, თუ როგორ აქვს ორგანიზებული ეს ურთიერთობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესებს იცავენ სადაზღვევო კომპანიის თანამშრომლები და მათთვის გადახდილი შრომის ანაზღაურების მოსარჩელისათვის ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს არ ეკისრება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 37-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „ს---------------------------------–-ის“ სარჩელი ინდ. მეწარმე ხ------- მ--–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. ინდ. მეწარმე ხ------- მ--–---–ს სს „ს---------------------------------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო პრემიის - 3 557 ლარის გადახდა;

 

3. ინდ. მეწარმე ხ------- მ--–---–ს სს „ს---------------------------------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის - 1081,4 ლარის ანაზღაურება;

 

4. ინდ. მეწარმე ხ------- მ--–---–ს სს „ს---------------------------------–-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 190 ლარის, ასევე სასამართლოს გარეშე ხარჯის, ავტომობილის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გადასახადის, 21 ლარის, ანაზღაურება;

 

5. სს „ს---------------------------------–-ის“ მოთხოვნა სასამართლოს გარეშე ხარჯის - იურისტის მომსახურების საფასურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილებაზე შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხ------- ჯინორია