გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2018
საქმის ნომერი
080210017002028807
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/2154-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

 

მოსარჩელე - გურამი ზ-----–ვილი

მოპასუხე - დავით თ--------იძე

წარმომადგენელი - დავით ბ-----ძე

დავის საგანი - თანხის დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე დავით თ--------იძეზე მოსარჩელე გურამი ზ-----–ვილის სასარგებლოდ - 5468.65 ლარის გადასახდელად დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2001 წლის 10 ნოემბრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნინო თ--------იძესთან და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად ქ. ქუთაისში ფალიაშვილის ქ. N1-ში. შვილი არ შეძენიათ.

 

ნინო თ--------იძე მძიმე ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა 2016 წლის 12 დეკემბერს.

 

რადგან არ იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში, ნინო თ--------იძის სამკვიდრო სრულად მიიღო მისმა ძმამ დავით თ--------იძემ, რომელმაც მოითხოვა მისი გამოსახლება ქ. ქუთაისში ფალიაშვილის ქ. N1-ში მდებარე ბინიდან.

სასამართლოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მისი გამოსახლების შესახებ, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით.

 

მოსარჩელის განმარტებით, მეუღლესთან არარეგისტრირებული ქორწინებისას, 15 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ხარჯი გასწია ქ. ქუთაისში ფალიაშვილის ქ. N1-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე: კერძოდ, გამოცვალა სახურავი და ფანჯრები, მის მიერ გადახდილი იქნა 1200 ლარი. ასევე მის მიერ ხდებოდა მეუღლის მძიმე ავადმყოფობის გამო მკურნალობის ხარჯების გაღება. ის იხდიდა მეუღლის ოქროს ნივთების დაგირავების გამო სალომბარდო ხარჯებს. მეუღლის დაკრძალვის და საფლავს მოწყობის ხარჯები ასევე გადახდილია მის მიერ.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1.მოპასუხე დავით თ--------იძის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო 1800.00 ლარის ნაწილში.

 

სხვა ნაწილში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ქ. ქუთაისში ფალიაშვილის ქ. N1-ში მდებარე სახლის სახურავის გამოცვლის ხარჯები გაღებულია ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ. მისივე განმარტებით, სალომბარდე მომსახურებისათვის მოთხოვნილი თანხების ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან მისი მარწმუნებლის განმარტებით, ნინო თ--------იძის ოქროს ნივთები სრულად გადაეცა გურამი ზ-----–ვილს. ხოლო კომუნალური მომსახურებით ასევე სარგებლობდა გურამი ზ-----–ვილი და გადასახადების მოთხოვნა უსაფუძვლოა. ასევე უსაფუძვლოა მკურნალობაზე გაწეული ხარჯების მოთხოვნა მტკიცებულებათა არარსებობის გამო.

 

მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით, ნინო და თალიკო თ--------იძეების დაკრძალვის ხარჯების ნაწილი გადახდილი იქნა გურამი ზ-----–ვილის მიერ, ნაწილი გამოაგზავნა დავით თ--------იძემ, ხოლო რა თანხა დაიხარჯა დაკრძალვისათვის დაუდგენელია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე 2001 წლის 10 ნოემბრიდან 2016 წლის 12 დეკემბრამდე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნინო თ--------იძესთან და ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად ქ. ქუთაისში ფალიაშვილის ქ. N1-ში. შვილი არ შეძენიათ.

მტკიცებულება: სარჩელი. შესაგებელი. მხარეთა ახსნა-განმარტება. ჯვრისწერის მოქმობა. (ტ.1. იხ. ს.ფ. 1-13; 92; 98-107);

3.1.2. დადგენილია, რომ ნინო თ--------იძე გარდაიცვალა 2016 წლის 12 დეკემბერს.

მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა. (უზრუნველყოფის მასალები).

3.1.3. დადგენილია, რომ ნინო თ--------იძის დანაშთი სამკვიდრო მიიღო ძმამ, მოპასუხე დავით თ--------იძემ.

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უზრუნველყოფის მასალები).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. დადგენილია, რომ შპს ოთოს სასარგებლოდ, რომელიც ეწევა სასაფლაოს ქვის დამზადებას, გადახდილია 500 ლარი.

მტკიცებულება:

-თანხის გადახდის დამადასტურებელი ჩეკი. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. (ტ.1.იხ. ს.ფ. 59);

 

3.2.2. დადგენილია, რომ საოჯახო საფლავის, (მდებარე ქვიტირი, პასპორტი N 0237, ქვითარი N251 – 2016), მფლობელია გურამი ზ-----–ვილი.

საფლავში დაკრძალულია თ--------იძე თალიკო; თ--------იძე ოთარი; თ--------იძე ნინო. ამ უკანასკნელის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება შეადგენს 150 ლარს.

მტკიცებულება: (ტ.1.იხ. ს.ფ.61-62);

 

3.2.3. სალომბარდე ვალდებულების დაფარვის ორდერით (მიმღები თ--------იძე ნინო, გადამხდელი გურამი ზ-----–ვილი) მთლიანობაში გადახდილია 5523.79 ლარი.

მტკიცებულება: სალომბარდე ვალდებულების დაფარვის ორდერი. (ტ.1.იხ. ს.ფ.67-90);

 

3.2.4. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.

 

მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, რაც დაადასტურებს აწ. გარდაცვლილი ნინო თ--------იძის დაკრძალვის ხარჯების და სხვა ხარჯების გურამი ზ-----–ვილის მიერ გადახდას.

 

შესაბამისად, დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენს სსსკ-ში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, რომლებზეც ისინი თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.

 

ერთ-ერთ სამოქალაქო დავაზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, ,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლო აღნიშნავს - საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-4 მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გურამი ზ-----–ვილმა მოპასუხე დავით თ--------იძის მიერ მიღებული სამკვიდრო ქონების დასაცავად გაიღო ხარჯები. ასევე დადგენილია, რომ გურამი ზ-----–ვილმა გაიღო მამკვიდრებლის ნინო თ--------იძის დაკრძალვის და სხვა სარიტუალო ხარჯები. ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება ვალდებულების არარსებობის შესახებ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 973-ე, 1484-ე, 1489-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, დაკრძალვისა და ქელეხის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებიდან და მემკვიდრეობის სამართლიდან გამომდინარეა. შესაბამისად, ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: სსკ-ის 973-ე (შემსრულებელს უფლება აქვს, მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული), 1484.1 (მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებელის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად) და 1489.1 (კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებელის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე, მესამე პირების მოთხოვნებზე – ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე) მუხლები.

 

6.3. სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე არის კანონით მემკვიდრე. სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლი ადგენს, რომ მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებელის კრედიტორთა ინტერესები, მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

სკ-ის 1489-ე მუხლის თანახმად, კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებელის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე - ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე.

 

დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლო მხარეებს მიუთითებს სსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის სახელზეა რეგისტრირებული საოჯახო საფლავი, მდებარე ქვიტირი, პასპორტი N 0237, ქვითარი N251 – 2016).

საფლავში დაკრძალულია თ--------იძე თალიკო; თ--------იძე ოთარი; თ--------იძე ნინო. ამ უკანასკნელის დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება შეადგენს 150 ლარს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მიუთითებს, რომ გურამი ზ-----–ვილი მიღებული იყო სიძედ ოჯახში და ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენელის მოსაზრებას, ნინო თ--------იძის დაკრძალვის ხარჯების დავით თ--------იძის მიერ გაწევის თაობაზე, რადგან წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი (თანხის გადმორიცხვა, მოწმის ჩვენება) მტკიცებულება. ამდენად, საპირისპიროს დამტკიცებამდე დადგენილია, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გურამი ზ-----–ვილმა ნამდვილად გასწია მეუღლის, ნინო თ--------იძის დაკრძალვის ხარჯები.

 

-სასამართლოს მიჩნია, რომ ვინაიდან დადგენილია მოსარჩელის მიერ მემკვიდრის, მოპასუხე დავით თ--------იძის გარდაცვლილი დის დაკრძალვის ფაქტობრივი გარემოება, უნდა განისაზღვროს იმ სავალდებულო მინიმალური სარიტუალო პროცედურების და მათი ანაზღაურების მინიმუმი, გონივრული ოდენობა, რაც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით აუცილებელია მიცვალებულის დასაკრძალად. უდავოა, რომ საქართველოში არსებული ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რომლებიც თავის მხრივ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 

აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობით განსაზღვრისას, მოსარჩელე თავისუფლდება გაწეული ხარჯის ოდენობის დასაბუთების ტვირთისაგან. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯის (მიცვალებულის ბალზამირების, სასახლის (კუბოს), ბალდახინის (კატაფალკის), გარდაცვლილის სამგლოვიარო სურათის დამზადების, განბანვის, საფლავისათვის მიწის ღირებულების, საფლავის გათხრის, სუდარის, დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეთათვის სატრანსპორტო და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯები) ანაზღაურება, სამკვიდროში მისი წილის პროპორციულად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2002 წლის 4 მარტის (№3კ/441-01) განჩინებაში აღნიშნა, რომ პირს, სსკ-ის 973-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშეც აქვს უფლება, მემკვიდრეებისგან, მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში, მოითხოვოს მამკვიდრებელის დაკრძალვის, საფლავის მოწყობის, ქელეხისა და ორმოცის გადახდის ხარჯების ანაზღაურება გონივრული ოდენობის ფარგლებში. პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა განჩინებაზეც, სადაც განმარტებულია, რომ „საქართველოში არსებული ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, ხარჯებთან არის დაკავშირებული... მართალია, უმეტეს შემთხვევაში, რთულია ყოველი კონკრეტული პროცედურისა და მისი შესაბამისი იმ ხარჯის ზუსტად განსაზღვრა, რაც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ის სავალდებულო მინიმალური სარიტუალო პროცედურები და მათი ანაზღაურების მინიმუმი, რომლებიც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით აუცილებელია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობით განსაზღვრისას, მოსარჩელე თავისუფლდება გაწეული ხარჯის ოდენობის დასაბუთების ტვირთისაგან“ (სუსგ № ას-791-748-2015, 12 ოქტომბერი 2015 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხარჯი გაწეულ იქნა ერთი გარდაცვლილის დაკრძალვისათვის, სასამართლოს მოსაზრებით, გაწეული ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით - 2700 ლარით.

 

6.4. მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხემ აუნაზღაუროს სალომბარდე მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი.

 

მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლი.

 

მოხმობილი სამართლის ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა.

 

გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან დადგენილია, რომ სალომბარდე ვალდებულების დაფარვის ორდერით (მიმღები თ--------იძე ნინო, გადამხდელი გურამი ზ-----–ვილი) მთლიანობაში გადახდილია 5523.79 ლარი. (ტ.1.იხ. ს.ფ.67-90); აღნიშნული ქმედებით (სალომბარდე ვალდებულების შესრულებით), გურამი ზოსიშვილმა შეინარჩუნა ის სამკვიდრო ქონება (ოქროს ნივთები), რაც კანონისმიერი მემკვიდრეობის წესით მიიღო მოპასუხე დავით თ--------იძემ. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული ოქროს ნივთები მიიღო გურამი ზ-----–ვილმა, წარმოდგენილი არ არის და ვინაიდან უდავოდ დადგენილია, რომ აწ. გარდაცვლილი ნინო თ--------იძის სამკვიდრო სულად მიიღო დავით თ--------იძემ, საპირისპიროს დამტკიცებამდე დადგენილია, რომ მანვე მიიღო ნინო თ--------იძის საკუთრებაში არსებული ოქროს ნივთები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლი ადგენს, რომ მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებელის კრედიტორთა ინტერესები, მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დავით თ--------იძემ სრულად მიიღო, რა მემკვიდრეობა ნინო თ--------იძის დანაშთი სამკვიდრო ქონებაზე, სასამართლოს წესით მოითხოვა გურამი ზ-----–ვილის გამოსახლება სამკვიდროში შემავალი უძრავი ქონებიდან მდებარე ქ. ქუთაისი, ფალიაშვილის ქ. N1-ში.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი ვიდრე ის მოითხოვდა.

მოსარჩელის მოთხოვნაა მთლიანობაში მოპასუხეზე მის სასარგებლოდ 5468.65 ლარის გადასახდელად დაკისრება, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებების კალკულაციით მეტი აქვს გადახდილი.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა გაწეული სალომბარდე მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეს შეუნარჩუნდა და მემკვიდრეობით გადაეცა ის ოქროს ნივთები, რომლის სალომბარდე მომსახურება გაწეულია გურამი ზ-----–ვილის მიერ.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მართალია გურამი ზ-----–ვილი ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში ასრულებდა სალომბარდე მომსახურებას, თუმცა საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი სიძედ იყო მიღებული მოპასუხის ოჯახში და თითქმის 15 წელი ეწოდა საოჯახო მეურნეობას, მოპასუხე დავით თ--------იძემ ის მაინც გამოასახლა სამკვიდროში შემავალი უძრავი ქონებიდან მდებარე ქ. ქუთაისი, ფალიაშვილის ქ. N1-ში, რადგან სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ოჯახური ურთიერთობების ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობით და იგი შეიძლება მოიცავდეს სხვა ფაქტიურ ოჯახურ კავშირებს, როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობენ რეგისტრირებული ქორწინების გარეშე.

ურთიერთობის ამგვარად შეფასება გაზიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკითაც, რომლის მიხედვით ქორწინება, როგორც ფაქტი, გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს და ოჯახური თანაცხოვრება მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა პირადი, მჭიდრო ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტზე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით შეძლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არსებობის ფაქტის დადასტურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 165 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული თანხა უნდა გადახდეს მოპასუხე დავით თ--------იძეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსს კოდექსის 199.1 მუხლის საფუძველზე უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს გურამი ზ-----–ვილის სარჩელი დავით თ--------იძის მიმართ - თანხის დაკისრების შესახებ.

 

2. დაეკისროს დავით თ--------იძეს გურამი ზ-----–ვილის სასარგებლოდ 5468.65 ლარის გადახდა.

 

3. დაეკისროს დავით თ--------იძეს გურამი ზ-----–ვილის სასარგებლოდ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 165.00 ლარის გადახდა.

 

4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე