გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22059-15
29 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ელისო ტუკვაძე
სხდომის მდივანი - თეონა როსტომაშვილი
მოსარჩელე - თ---------------–---–ი
წარმომადგენელი - მ---------ა
მოპასუხე- ნ--------ია
წარმომადგენელი - რ--------–-–---–ს
დავის საგანი - ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო შენატანის დაბრუნება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ--------იას მოსარჩელე თ---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის 18000 აშშ დოლარის გადახდა.
(მოსარჩელემ მოპასუხე ვ-------------–----ის მიმართ მოთხოვნა 16.11.2017 წლის სხდომაზე გაიხმო).
მოსარჩელემ მოთხოვნა დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თ---------------–---–სა და ი-----------------ს შორის 2010 წლის 19 თებერვალს დაიდო ხელშეკრულება N5, რომლითაც თ---------------–---–მა ამხანაგობის წინაშე იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა შენატანი, ხოლო ამხანაგობას მისთვის უნდა გადაეცა 30 კვ.მ. ფართის საცხოვრებელი ბინა. ვალდებულება მოსარჩელემ სრულად, ჯეროვნად და დათქმულ დროში შეასრულა, კერძოდ, ამხანაგობას გადაურიცხა 18000 აშშ დოლარი. თავის მხრივ იმა „-------------ს უნდა აეშენებინა საცხოვრებელი სახლი თბილისში, ბ------------ 4-6 პირველი ჩიხი N4-ში და მოსარჩელისთვის კუთვნილი ბინა უნდა გადაეცა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 18 თვის ვადაში.
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ორგანიზება ეკისრებოდათ მოპასუხეებს - ნ--------იას და ვ-------------–----ეს. ამხანაგობა დაფუძნებულია 2003 წელს, დ----------იას, ვ-------------–----ისა და თ---------–-–---–ის მიერ. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი, დ----------ია გარდაიცვალა 2011 წელს. ამხანაგობის მიერ ახალი თავმჯდომარის არჩევის შესახებ უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ამხანაგობის საქმეებს უძღვება მისი მემკვიდრე და უფლებამონაცვლე ნ--------ია, რომელიც გამოდის ამხანაგობის სახელით და მათთან ათანხმებს მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ფორმალობებს.
მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება ამხანაგობას არ შეუსრულებია, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო და განხორციელდა მხოლოდ საძირკვლის მოწყობა და მიწის გატანის სამუშაოები, დღეისათვის მშენებლობა არ მიმდინარეობს
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ--------იამ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც მხოლოდ აღნიშნა, რომ არ ცნობდა მოსარჩელის მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2003 წელს დაფუძნდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „------------, რომლის დამფუძნებელ წევრებსაც წარმოადგენდნენ: დ----------იას, ვ-------------–----ე და თ---------–-–---–ი. ამხანაგობის მიზანს წარმოადგენს მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მისი დასრულების შემდგ ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანსაკუთრების მფლობელობა სარგებლობა და განკარგვა.
ამხანაგობის გაწევრიანების მიზნისთვის და პროექტის განსახორციელებლად, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები განახორციელებენ შენატანებს ამხანაგობაში, როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის დებულება.
3.1.2. 2010 წლის 19 თებერვალს მოსარჩელე თ---------------–---–ს და ამხანაგობა „-------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც თანხის გადახდის სანაცვლოდ ამხანაგობა კისრულობდა მოსარჩელისთვის თბილისში, ბ--------- ქ. 4, 6, პირველი ჩიხი N4-ში, მრავალსართულიანი შენობის მე-3 სადარბაზოს, მე-2 სართულზე, 30 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის ბინის გადაცემის ვალდებულებას. ნასყიდობის საგნის ფასი განისაზღვრა 18000 აშშ დოლარი.
ბინის გადაცემის ვალდებულება ამხანაგობას უნდა შეესრულებინა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 18 თვის ვადაში. ხელშეკრულების დადებისას ამხანაგობას წარმოადგენდა თავმჯდომარე - დ----------ია.
ნასყიდობის საფასური თ---------------–---–ს გადახდილი აქვს 2010 წლის 19 თებერვალს. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულებული არ არის და სარჩელის აღძვრის დროისთვის სამშენებლო მოედანზე მოწყობილია მხოლოდ საძირკვლის ქვაბული, ხოლო მშენებლობა გაჩერებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 19.02.2010 წლის N5 ხელშეკრულება;
- სალაროს შემოსავლის ორდერი - ქვითარი.
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. ამხანაგობის თავმჯდომარე - დ----------ია გარდაიცვალა 2011 წლის 16 თებერვალს, რომლის სამკვიდრო ქონებაზე 2011 წლის 2 სექტემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, მისი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრის (მეუღლის) - ნ--------იას სასარგებლოდ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ--------იამ მემკვიდრეობით მიიღო, მიუღებელი ქონებრივი უფლებები (სამკვიდრო აქტივი - უძრავი და მოძრავი ქონება) და მოვალეობები, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე, ხელფასზე, ფულად პრემიაზე, ფულად დახმარებაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანგარიშზე, ანაბარზე სავალდებულო დაზღვევისა და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ (სამკვიდრო პასივი), რომელიც მამკვიდრებელს გააჩნდა გარდაცვალების მომენტისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა.
3.1.4. მოპასუხე ნ--------იას სადავოდ არ გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ ამხანაგობის თავმჯდომარის - დ----------იას გარდაცვალების შემდგომ ამხანაგობის საქმიანობას თავად უძღვებოდა და ამხანაგობის სახელით ხალხის წინაშე ათანხმებდა მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დ----------იას გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრისთვის ნ--------იასთვის ცნობილი იყო თ---------------–---–ის მიმართ ამხანაგობა „-------------ის შეუსრულებელი ვალდებულების შესახებ და მოსარჩელის მხრიდან დაცულია მემკვიდრის მიმართ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ვადა.
ხელშეკრულებით თ---------------–---–ის მიმართ ვალდებულება ამხანაგობას უნდა შეესრულებინა 18 თვის ვადაში. ამხანაგობის თავმჯდომარე - დ----------ია გარდაიცვალა 2011 წლის 16 თებერვალს. ამ პერიოდში ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადა ჯერ გასული არ იყო (საცხოვრებელი ბინა ამხანაგობას 2011 წლის 19 აგვისტომდე უნდა გადაეცა). იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ნ--------ია უძღვებოდა ამხანაგობის საქმეებს, დ----------იას (მამკვიდრებლის) გარდაცვალების შემდგომ მისთვის იმთავითვე ცნობილი უნდა ყოფილიყო მათ შორის თ---------------–---–ის მიმართ 2010 წლის 19 თებერვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების და მისი შეუსრულებლობის შესახებ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ რაიმე ფაქტზე მოპასუხეს არ მიუთითებია, მან მხოლოდ მარტივი შესაგებელი წარადგინა, აღნიშვნით, რომ არ ცნობდა სარჩელს.
საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია.
სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
ამხანაგობის ხელშეკრულების დადებისას მის წევრებს აქვთ ერთიანი მიზანი, ასრულებენ მოქმედებებს, რომლებიც სავალდებულოა მიზნის მისაღწევად, შენატანების საფუძველზე ქმნიან ქონებას, რაც მათი საერთო წილობრივი საკუთრებაა, ასევე ერთობლივად კისრულობენ საერთო საქმიდან გამომდინარე ზიანისა და ხარჯის განაწილებას და ინაწილებენ მიღებულ შედეგებს.
მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდგომ თ---------------–---–მა მოპასუხედ მხოლოდ ნ--------ია მიუთითა, რომელიც არის ამხანაგობის თავმჯდომარის - დ----------იას პირველი რიგის მემკვიდრე, მეუღლის გარდაცვალების შემდგომ იგი უძღვება ამხანაგობის საქმეებს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ათანხმებს მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
თ---------------–---–სა და ამხანაგობა „-------------ს შორის 2010 წლის 19 თებერვალს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რაც მიზნად ისახავდა ასაშენებელ საცხოვრებელ კორპუსში განსაზღვრული ფართის მიღებას, შესაბამისი საზღაურის გადახდის სანაცვლოდ. ბინის ღირებულება მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გადახდილი, ხოლო სანაცვლო ვალდებულება ამხანაგობა „-------------ს არ შეუსრულებია. აღნიშნული გარემოება მოსარჩელეს აძლევს უფლებას, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება.
5.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის დადგომის მიუხედავად. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.
მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე” (იხ. სუსგ-ები საქმე №ას-143-136-2010, 07.10.2010წ.; საქმე №ას-968-1269-2007, 22.02.2008წ.; საქმე № ას-171-160-2017, 18.04.2017 წ.).
სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან დაცულია მემკვიდრის მიმართ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ვადა. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის 18000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელზე მოსარჩელეს გადახდილი აქვს 1411 ლარი. სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შედეგად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმებულია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე, 414-416-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ნ--------იას მოსარჩელე თ---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 18000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა;
3. მოპასუხე ნ--------იას მოსარჩელე თ---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 1411 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელისო ტუკვაძე