გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001817717
№2-530/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე ვ--–--------------ე
წარმომადგენელი ჯ--–------------–--ე
მოპასუხე შპს ”ტ----------ი”
წარმომადგენელი რ------------ე
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს შპს ”ტ----------ს“ ვ--–--------------ის სასარგებლოდ 288 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ვ--–--------------ემ 2016 წლის 26 თებერვალს საქართველოს ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. ბათუმში, ჭავჭავაძის ქ№1-ში მდებარე შპს „ტ----------ის“ მაღაზიაში შეიძინა 122145-მანქანის კამერა - RICOEL-G30S, გამყიდველმა გასცა საგარანტიო მომსახურების შესახებ საგარანტიო ბარათი #711044, რის საფუძველზეც გარანტიის ვადად განისაზღვრა 12 თვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- საგარანტიო ბარათი.
- საკრედიტო ხელშეკრულება.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შეძენილმა ნივთმა ყიდვიდან რამოდენიმე თვეში ვერ უზრუნველყო სრულყოფილი მუშაობა, კერძოდ არ ინახავდა გადაღებულ კადრებს, პერიოდულად თავისით ითიშებოდა.
ზ/აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ 2016 წლის მაისში მიმართა საგარანტიო მომსახურების ცენტრს. კამერას აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, რის შესახებაც 2017 წლის 06 ივლისს დაიწერა დასკვნა ნივთის შეცვლის შესახებ და საგარანტიო პირობების თანახმად კომპანიამ მოახდინა ნივთის შეცვლა ახალი ნივთით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- დასკვნა.
3.2.3. დადგენილია, რომ ნივთის შეცვლიდან რამოდენიმე თვის გასვლის შემდეგ, უკვე შეცვლილმა ნივთმა კვლავ ვერ განახორციელა თავისი ფუნქციის შესრულება, რის შემდეგაც მოსარჩელემ კვლავ მიმართა საგარანტიო მომსახურების სერვის ცენტრს.
2016 წლის 06 ოქტომბერს საგარანტიო მომსახურების ცენრტმა კვლავ გასცა ნივთის შეცვლის აქტი N003287, რის საფუძველზე დაადგინა, რომ შეცვლილ ნივთსაც აქვს დეფექტი და არ ექვემდებარება შეკეთებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ნივთის შეცვლის აქტი N003287.
3.2.4. მოსარჩელემ საგარანტიო ვადაში მიმართა მოპასუხე შპს „ტ----------ს“ და მოითხოვა მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, რაზედაც მოპასუხემ უარი განუცხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ--–--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შპს ”ტ----------ს“ ვ--–--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 288 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 477-ე, 483-ე, 487-ე, 488-ე, 490-ე, 491-ე და 352-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო ოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე.
ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებმა დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის შესაბამისად კი ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილით კი დადგენილია, რომ გამყიდველს შეუძლია უარი თქვას როგორც ნაკლის გამოსწორებაზე, ასევე ნივთის შეცვლაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი კი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ეს ნორმა, ხელშეკრულების კეთილსინდისიერ მხარეს უფლებას ანიჭებს ხელშეკრულების დამრღვევი მხარის მიმართ, უარი თქვას ხელშეკრულებაზე და ნატურით დაიბუნოს მის მიერ გაწეული შესრულება, ამ შემთხვევაში კი დაიბრუნოს მის მიერ გადახდილი ნასყიდობის თანხა, რომელიც შეადგენს 288 ლარს.
ამდენად სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას ხელშეკრულების მოშლის და მოპასუხე შპს ”ტ----------ზე” 288 ლარის დაკისრების თაობაზე.
6.4. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ არსებობს ვ--–--------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6.5. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დავის საგნის ღირებულება შეადგენს 288 ლარს, ამიტომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. სააპელაციო წესით გასაჩივრებას კი სამოქალაქო საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365 მუხლის თანახმად ექვემდებარება მაშინ, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ვ--–--------------ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხე შპს ”ტ----------ს” მოსარჩელე ვ--–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 288 ლარის გადახდა. მასვე დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
2. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე