გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2018
საქმის ნომერი
330210014605157
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/16830-14

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

07 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - სს ,,ქ-----–----–-----ი“

წარმომადგენელი - ირ---–-------–---

 

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - შპს ,,დ---“

წარმომადგენელი - მ-------–-----

 

თავდაპირველი სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება

შეგებებული სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,დ---ს“ მოსარჩელე სს ,,ქ-----–----–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ძირითადი დავალიანების 6610 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე შპს ,,დ---ს“ მოსარჩელე სს ,,ქ-----–----–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 573.62 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2013 წლის 12 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მენარდემ შპს ,,თ------------–მა“ (შემდგომში სს ,,ქ-----–----–-----ი“) იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ქ. თბილისში, კ-------ას ქუჩა #7--ში გათბობის, წყლის სისტემისა და ვენტილაციის მონტაჟი, ხოლო დამკვეთი შპს ,,დ---“ იღებდა ვალდებულებას გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საზღაური. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 30 259.23 ლარი. გადახდა უნდა მომხდარიყო ნაწილ-ნაწილ, კერძოდ, დამკვეთი წინასწარ იხდიდა მთლიანი თანხის 50%-ს, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, მთლიანი თანხის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2014 წლის 19 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა, რომ მენარდემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის საფასურმა შეადგინა 30 840 ლარი. მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა შესრულებული სამუშაოს საფასურის ნაწილი და მისი ძირი დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 6110 ლარს. მოსარჩელის მხრიდან არაერთი მიმართვის მიუხედავად მოპასუხე მხარე დღემდე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,დ---მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნარდობის ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 30 259.23 ლარს. მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შპს ,,დ---მ“ მოსარჩელეს გადაუხადა სახელშეკრულებო თანხის 80%. შესაბამისად, სამუშაოს შესრულების პერიოდში შპს ,,დ---მ“ გადახდის გრაფიკი შეასრულა ჯეროვნად. მოსარჩელის დავის საგანს წარმოადგენს სახელშეკრულებო თანხის ის ნაწილი, რომელიც შპს ,,დ---ს“ უნდა გადაეხადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. მოპასუხემ მიუთითა, რომ მიღებულ სამუშაოში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ხასიათის არაერთი ფარული ნაკლის გამოვლენისა და ამ პრობლემის მიმართ მოსარჩელის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების მიზეზით, შპს ,,დ---“ იძულებული გახდა გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრამდე შეეჩერებინა სახელშეკრულებო თანხის ბოლო ნაწილის გადახდა. ფართში ფუნქციონირებს კლინიკა და იქ განლაგებული ძვირადღირებული ლაზერის აპარატურის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია შესაბამისი ტემპერატურული და სავენტილაციო რეჟიმის დაცვა. ფართის დანიშნულების, ამ ფართში დასამონტაჟებელი აპარატურისა და მისი გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელ პირობებზე (ტემპერატურული და სავენტილაციო რეჟიმი) მოსარჩელისთვის ცნობილი იყო სამუშაოების დაწყებამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

2.2.1. მოპასუხე სს ,,ქ-----–----–-----ს“ მოსარჩელე შპს ,,დ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სადემონტაჟო სამუშაოების თანხის 25 795 ლარის გადახდა.

2.2.2. მოპასუხე სს ,,ქ-----–----–-----ს“ მოსარჩელე შპს ,,დ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 19 509.07 ლარის გადახდა.

2.2.3. მოპასუხე სს ,,ქ-----–----–-----ს“ მოსარჩელე შპს ,,დ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, უხარისხოდ დამონტაჟებული სისტემის შედეგად (წყლის ჩამოდინება) მიყენებული ზიანის 3721.5 ლარის გადახდა.

2.2.4. მოპასუხე სს ,,ქ-----–----–-----ს“ მოსარჩელე შპს ,,დ---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს, შპს ,,დ---ს“ კუთვნილი ლაზერის აპარატის დაზიანებით მიყენებული ზიანის 16 873 ლარის ანაზღაურება.

შეგებებული სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

შპს ,,დ---ს“ და შპს ,,თ------------–ს“ (შემდგომში სს ,,ქ-----–----–-----ი“) 2013 წლის 12 სექტემბერს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მენარდემ იკისრა ვალდებულება შპს ,,დ---ს“ კუთვნილ ფართში, მდებარე: თბილისი, კ-------ას #7-, სადაც განთავსებულია კლინიკა, შეესრულებინა შემდეგი სახის სამუშაოები: გათბობის, წყლის სისტემის და ვენტილაციის მონტაჟი. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 30 259.23 ლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, შპს ,,დ---მ“, მის მიერ ნაკისრი ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულა და 26 000 ლარი გადაუხადა მოპასუხე მხარეს, ხოლო დანარჩენი თანხის 6 110 ლარის გადახდის დროისათვის, აღმოაჩინა გარკვეული ხარვეზები, კერძოდ, კლინიკის სამზარეულოში არ იყო გამწოვი სავენტილაციო სისტემა დამონტაჟებული, დამონტაჟებული შიდა ბლოკის ხმაურის გამო შეუძლებელი აღმოჩნდა შპს ,,დ---ს“ კლინიკის მისაღები დარბაზის გამოყენება. კლინიკის ფართში არასწორად დამონტაჟებული სავენტილაციო სისტემის შედეგად არ ხდებოდა ჰაერის შემოტანა და სწორედ ამ მიზეზის გამო დგებოდა გაუსაძლისი სპეციფიური სუნი. არხული კონდიციონერის მონტაჟის ადგილზე ოთხჯერ ჰქონდა ადგილი წყლის ჩამოდინებას, იმ მიზეზით, რომ არხულ გამაგრილებლებს (კონდიციონერებს) მოცემულ შემთხვევაში მოპასუხისგან არ დაუმონტაჟდა საექსპლუატაციო მომსახურების ღიობები. სწორედ ამ მიზეზით კლინიკის ფართში განხორციელებული სარემონტო სამუშაოები მნიშვნელოვნად დაზიანებული იყო. უხარისხოდ და ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაუმართავი სავენტილაციო სისტემის გამო, კლინიკის ფართში შეუძლებელი იყო ერთდროულად სათავსებს შექმნოდათ სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი. აქედან გამომდინარე, კლინიკაში განთავსებულ ძვირადღირებული ლაზერის აპარატებიდან ერთი აპარატი 2014 წლის ნოემბერში მწყობრიდან გამოვიდა.

კლინიკის ფართში სავალდებულო იყო დამონტაჟებული ყოფილიყო ბლოკი ზამთრის პირობებისათვის, რაც არ აღმოჩნდა დამონტაჟებული. ამასთან, კლინიკის სათავსის საერთო მოცულობაში არ ხდება ახალი ჰაერის შემოტანა და საჭიროა ჰაერგაცვლა.

მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ვინაიდან მენარდის მიერ ჯეროვნად არ შესრულდა 2013 წლის 12 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები, შპს ,,დ---ს“ არათუ არ უნდა დაეკისროს დარჩენილი თანხის გადახდა, არამედ, პირიქით, სს ,,ქ-----–----–-----ს“ შპს ,,დ---ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თანხა და ზიანის ანაზღაურება.

2.3. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

2.3.1. მოპასუხე სს ,,ქ-----–----–-----მა“ შპს ,,დ---ს“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სს ,,ქ-----–----–-----ის“ მიერ ჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვენტილაციის სამონტაჟო სამუშაოები ურთიერთშეთანხმებული გეგმის შესაბამისად. მხარეთა მიერ ხელშეკრულების გაფორმებისას შეთანხმებული იქნა, რომ უნდა დამონტაჟებულიყო ორი ერთეული ვენტილატორი, რაც მოპასუხემ შეასრულა. სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობისას ობიექტზე საერთოდ არ არსებობდა სამზარეულო, სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსარჩელის მიერ ჩატარებულ იქნა სარემონტო სამუშაოები, რის შედეგადაც ერთ-ერთ სათავსოს მიაბეს კარი და დაერქვა მას სამზარეულო. აღნიშნული ზემოქმედების შედეგად სათავსო მოექცა იზოლაციაში, ჰაერის მიწოდება ხდებოდა ცალკე, ხოლო გაწოვა ცალკე, შესაბამისად არ ხდებოდა ვენტილაცია. აღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს შპს ,,დ---ს“ მიერ 2014 წლის 26 ნოემბერს გამოგზავნილი შეტყობინება, სადაც აღნიშნულია, რომ ითხოვენ დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებას სამზარეულოს ფართში ვენტილაციის დამონტაჟებაზე (რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდაპირველი ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული სამზარეულოს არც არსებობა და შესაბამისად არც აღნიშნულ ფართში ვენტილაციის დამონტაჟება), თუმცა მხარეთა შორის არ შედგა გარიგება, ვინაიდან შპს ,,დ---ს“ მიერ 2013 წლის 12 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად არ იქნა შესრულებული.

მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ სავენტილაციო სისტემა დამონტაჟებულ იქნა ხელშეკრულებისა და დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ შპს ,,დ---მ“ ფართში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები, რის შედეგადაც შეიცვალა ოთახების განლაგება, რაც ხელს უშლის სავენტილაციო სისტემის გამართულად ფუნქციონირებას.

პირველ რიგში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წყლის ჩამოდინებას. თუმცა ასეც რომ იყოს, წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ არხულ კონდიციონერს უნდა გააჩნდეს საექსპლუატაციო მომსახურების ღიობები, რაც ხელშეკრულების თანახმად არ წარმოადგენდა სს ,,ქ-----–----–-----ის“ ვალდებულებას და ვერც იქნებოდა, ვინაიდან, სს ,,ქ-----–----–-----ის“ მიერ სამუშაოს დასრულების შემდგომ, შპს ,,დ---მ“ განახორციელა სარემონტო სამუშაოები, რის შედეგადაც, მოსარჩელის მიერ დამონტაჟებულ დანადგარს მიაფარეს ჭერი, ისე რომ არ დატოვეს ღიობები.

სს ,,ქ-----–----–-----ის“ სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა შეთანხმებული მასალებით და ურთიერთშეთანხმებული გეგმის შესაბამისად სავენტილაციო სისტემის მოწყობა. არც ერთი გარემოება არ ადასტურებს იმას, რომ სს ,,ქ-----–----–-----ს“ ჰქონდა ვალდებულება სხვადასხვა ოთახში სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმი დაეყენებინა. ასე რომც ყოფილიყო, სამონტაჟო სამუშაოების მიმდინარეობისას საერთოდ არ არსებობდა ლაზერის ოთახი. არსებობდა ერთი დიდი ოთახი, რომელიც სამუშაოს დასრულების შემდეგ გადატიხრეს და დაარქვეს ლაზერის ოთახი. გადატიხვრის შედეგად ტიხრის სხვადასხვა მხარეს მოექცა ჰაერის მოდინება და გაწოვა, რაც გახდა ხარვეზის გამომწვევი ერთადერთი მიზეზი. ექსპერტიზის დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ დამკვეთმა დამპროექტებელს უნდა წარუდგინოს დანადგარების საპასპორტო მონაცემები, იმისთვის, რომ დანადგარების ოთახში მიღწეულ იქნას შესაბამისი კლიმატური პირობები, რაც არ მომხდარა შპს ,,დ---ს“ მიერ.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 12 სექტემბერს, შპს ,,თ------------–ს“ (შემდგომში სს ,,ქ-----–----–-----ი“) და შპს ,,დ---ს“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება #889, რომლის თანახმად, მენარდეს დამკვეთის დავალების საფუძველზე უნდა შეესრულებინა შემდეგი სამუშაოები: გათბობის, წყლის სისტემის (,,კანალიზაციის“) და ვენტილაციის მონტაჟი მისამართზე: ქ. თბილისში, კ-------ას ქ. #7-, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო დროულად მოემარაგებინა მენარდე ყველა საჭირო მასალებით, მიეღო შესრულებული სამუშაო და გადაეხადა სამუშაოს საფასური სრული მოცულობით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. დაკვეთა ხორციელდებოდა ხელშეკრულების დანართი #1, #2 და #3-ის საფუძველზე.

ნარდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 30 259.23 ლარს. დამკვეთი წინასწარ იხდიდა მთლიანი თანხის 50%, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. სამუშაოს მთელი მოცულობის 80%-ის შესრულების შემდგომ იხდის მთლიანი თანხის 30%-ს. დარჩენილი 20 % დამკვეთს უნდა გადაეხადა სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში. მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შესახებ მენარდეს უნდა ეცნობებინა დამკვეთისთვის 2 სამუშაო დღით ადრე.

ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, გარანტია ავტომატურად მოქმედებდა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერიდან 12 თვის ვადით, მესამე მხარის მიერ დაზიანების გამორიცხვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 12 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 13-14);

- დანართი #1, დანართი #2, დანართი #3 (ტომი I, ს.ფ. 15-18);

- (ტომი I, ს.ფ. 13-14);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2014 წლის 19 მარტის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც გაფორმდა შპს ,,დ---ს“ და შპს ,,თ------------–ს“ შორის, მხარეებმა დაადგინეს, რომ 2013 წლის 12 სექტემბრის #889 ხელშეკრულების დანართი #1, დანართი #2 და დანართი #3-ის თანახმად, მიმწოდებელმა შპს ,,თ------------–მა“ ურთიერთშეთანხმებული გეგმის საფუძველზე მოახდინა მასალის მიწოდება ობიექტზე, გათბობის, წყლის სისტემის (,,კანალიზაციის“) და ვენტილაციის სისტემის მონტაჟი და სისტემის შემოწმება, აღნიშნული სისტემები აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნილებებს, რაც დასტურდება ხელმოწერით.

მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია შპს ,,თ------------–ის“ ტექ. დირექტორის ლ-–--------ის და შპს ,,დ---ს“ დირექტორის ვ--------–-----–-ას მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 19 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი I, ს.ფ. 19);

- შესრულებული სამუშაო, ფორმა #2 (ტომი I, ს.ფ. 20-21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (წარმოდგენილ შემთხვევაში საქმის სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისას მოპასუხე (შეგებებული სარჩლით მოსარჩელე) მხარის მირ გაკეთდა შედავება აღნიშნული აქტის ხელმოწერის თაობაზე, იმაზე მითითებით რომ კომპანიის მხრიდან სამომავლოდ გამოკვლეული იქნება რეალურია თუ არა აღნიშნული ხელმოწერა. შესაბამისად, არსებული სასამართლო განხილვისას, მხარის მიერ აღნიშნული ხელმოწერის ნამდვილობა სათანადო წესით სადავო არ გამხდარა).

 

3.1.3. შპს დ---მ“ 2013 წლის 12 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, შპს ,,თ------------–ს“ გადაურიცხა შესრულებული სამუშაოების ღირებულება 26 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალებები (ტომი I, ს.ფ. 140-144);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ 2013 წლის 12 სექტემბერის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგომ (2014 წლის მარტი) ფართში ჩატარებული იქნა სრული მაშტაბით სარემონტო/კოსმეტიკური სამუშაოები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ სამონტაჟო და სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ მისამართზე: ქ. თბილისში, კ-------ას ქ. #7- ფუნქციონირებს ესთეტიკური სილამაზის ცენტრი/კლინიკა, რომლის სამუშაო სპეციფიკა მოიცავს სპეციალური აპარატურის (მათ შორის ლაზერული ეპილაციის) გამოყენებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) მხარის მითითებას შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნების ხანდაზმულობის თაობაზე.

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 655-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა შეიძლება წარადგინოს ერთი წლის მანძილზე, ხოლო ისეთი მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება - ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან.

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ შეგებებული სარჩელის მოთხოვნასთან (ნაკლის მქონე შესრულების გამო თანხის დაკისრების თაობაზე) დაკავშირებით მითითებული იქნა ხანდაზმულობის ფაქტი. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ სამუშაოს დასრულება და მიღება მოხდა 2014 წლის მარტში, თადაპირველი სარჩელით (ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე) მომართვა მოხდა 2014 წლის სექტემბრის თვეში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კონკრეტული ხარვეზის არსებობის თაობაზე მოპასუხე მხარის მიერ სს,,ქ-----–----–-----ისათვის“ შეტყობინება გაკეთებული იქნა 2014 წლის ნოემბრის თვეში, ხოლო პროცესუალურად შედავება განხორციელდა 2015 წლის იანვარში. აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილ შემთხვევაში დაცულია ნადრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სპეციალური ვადა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილები (ტომი I, ს.ფ. 145-146);

- იხ. სარჩელი, შესაგებელი, შეგებებული სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქმეზე არ დასტურდება შპს სს ,,ქ-----–----–-----ის“ მიერ 2013 წლის 12 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების არაჯეროვანი (შესრულებული სამუშაოების ნაკლი, ხარვეზი) შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,დ---ს“ წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სს ,,ქ-----–----–-----ის“) მიერ 2013 წლის 12 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული ვალდებულებები შესრულდა არაჯეროვნად, რამაც განაპირობა მთელი რიგი ხარვეზების წარმოშობა შპს ,,დ---ს“ მიერ დაქირავებულ შენობაში, კერძოდ, ჰაერის არასწორი კონდიცირების გამო კლინიკის სათავსში არასასიამოვნო სუნის არსებობა, ასევე კონდიციონერის ხმაურის დონის სტანდარტების დარღვევა, ტემპერატურული რეჟიმის გაუმართაობა, დამონტაჟებული გამწოვის სტანდარტებთან შეუსაბამობა და შენობის გარე კედელზე მიმაგრებული გარე ბლოკის კედელზე მიმაგრების ნორმებებთან შესაბამისობის საკითხი. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მენარდე კომპანიის მიერ ვალდებულების ხარვეზებით შესრულებამ, შპს ,,დ---ს“ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სადავო გარემოების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შინაარსზე.

სსიპ ლე---------------–--------–-----------------–---------------ის ერ-------–--------ოს 2015 წლის 15 მაისის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად: 1. კლინიკის სათავსის საერთო მოცულობაში არ ხდება ახალი ჰაერის შემოტანა და საჭირო ჰაერგაცვლა, ლაზერის პროცედურების ოთახში არ ხდება, როგორც ჰაერის მიწოდება, ასევე იქიდან გაწოვა. ხსენებულ ოთახში უნდა იყოს ნაკლები წნევა, ვიდრე ფოიეში, რაც აუცილებლად უზრუნველყოფს, რომ სუნი არ გავრცელდეს როგორც ფოიეში, ასევე სხვა ოთახებში. რეკომენდაციის სახით, ექსპერტს მიაჩნია, რომ სუნის სპეციფიკურობიდან გამომდინარე გამწოვი ვენტილაციის შემთხვევაში, გაწოვილი ჰაერი აუცილებლად უნდა გაიტყორცნოს შენობის მაღლა, ჭავლური გატყორცნით. რაც შეეხება სუნის უსაფრთხოებას, ის აღემატება ვენტილაციის სფეროს და უნდა შემოწმდეს ქიმიურად.

მე-2 კითხვის პასუხი: 08.05.15 წლის 12:00 სთ-ზე ქუჩაში სათავსის კარების წინ იყო 80 db დეციბალი ხმაურის დონე, იმავე დროს ფოიეში 55 db დეციბალი, ხოლო არხული გამგრილებლის (კონდიციონერის) ჩაღვუსა ხმაურის დონე აიწია 66 db დეციბალამდე. იმის გამო, რომ ხმაურის დონე დღის განმავლობაში ქუჩის საერთო ხმაურის ფონი ტოლია 80 db დეციბალის და იმავე პერიოდში ფოიეში 55 db დეციბალი, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ხმაურის საერთო ფონი ფოიეში ვერ ჩამოვა 55 db დეციბალზე დაბლა. რაც შეეხება ხმაურის დონეს 66 db დეციბალს, როდესაც ფოიეში ირთვება არხული გამაგრილებელი, ის გამოწვეულია გისოსიდან მაღალი სიჩქარით გამოდინებული ჰაერის მიერ, იქ სადაც აყენია ორი სავენტილაციო გისოსი (საერთოდ სარეკომენდაციო ხმაურის დონე 40 db დეციბალია). მე-3 შეკითხვის პასუხი: არხული გამაგრილებელი, რომელიც დამონტაჟებულია სამზარეულოს შეკიდულ ჭერში ან სხვა ადგილას (ვერ დადგინდა შეკიდული ჭერის მოუხსნელობის გამო) ემსახურება რამოდენიმე სათავს ერთდროულად, ამიტომ შეუძლებელია ამ დამონტაჟებულ სისტემით ერთდროულად სათავსებს შეუქმნას სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმები.

მე-4 შეკითხვის პასუხი: სამზარეულოში არ არის დამონტაჟებული გამწოვი სავენტილაციო სისტემა. მე-5 შეკითხვის პასუხი: არხულ გამაგრილებლებს (კონდიციონერს) აუცილებლად უნდა ჰქონდეს საექსპლუატაციო მომსახურების ღიობები, რომლებიც მათ არ გააჩნიათ და საჭიროა წამოჭრილი საკითხების დასაკმაყოფილებლად. მე-6 შეკითხვის პასუხი: გარე ბლოკები დამონტაჟებულია მუშაობისათვის საჭირო შეზღუდულ პირობებში. მე-7 შეკითხვის პასუხი: თუ განვიხილავთ. რომ თბილისში ზამთრის გათბობის საპროექტო საანგარიშო ტემპერატურა -8 °C გრადუსია, რომლის პირობებში სათავსის შიდა ტემპერატურა უნდა მერყეობდეს 18-20 °C გრადუსი, ამიტომ არხული გამგრილებლის (კონდიციონერის) ზამთრის მუშაობის პირობებში მას ეწოდება ,,თბური ტუმბო“, გარე ბლოკმა სათავსში ნორმალური პირობების დასამყარებლად უნდა იმუშაოს -9°C-10°C გრადუსის ტემპერატურულ პირობებში. დამონტაჟებული არხული გამგრილებლების საპასპორტო მონაცემები ადგილზე ვერ იქნა მოძიებული, ამიტომ გაჭირდება იმის თქმა, არის თუ არა ის ,,თბური ტუმბო“, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს ზემოთ ჩამოყალიბებული პირობები.

სსიპ ლე---------------–--------–-----------------–---------------ის ერ-------–--------ოს 2015 წლის 31 აგვისტოს დასკვნაში დამატებითი შეკითხვების წარდგენის შემდგომ მითითებულია, რომ არხული კონდიციონერი თბოტექნიკურად, აღჭურვილია, როგორც ფრეონის, ასევე კონდესატის მილებით, იმის გამო, რომ არხულ კონდიციონერს არ გააჩნია საექსპლუატაციო მომსახურების ღიობები, მისი დახურული ნაწილი ვერ იქნა სრულად დათვალიერებული, ამიტომ ჭერიდან წყლის ჩამოსვლა, ან უფრო სწორად წყლის წვეთების ჩამოსვლა ძირითადად განპირობებული უნდა იყოს: არხულ კონდიციონერზე მიმაგრებული კონდესატის მიმღების დათვალიერება და მისი გაწმენდა დაგროვილი ჭუჭყისგან. საკონდესაციო მილის არასწორად მიერთება სპეციალურად მიმაგრებულ არხულ კონდიციონერზე კონდესატის მიმღებთან, კონდესატის მილის არასწორი დახრილობა, საკონდესაციო მილის დიამეტრის შემოწმება, ის უნდა იყოს D32 მმ-ზე მეტი. საკონდესაციო მილის 10.0 მ სისქის კაუჩუკის იზოლაციით შემოსვა. მე-2 შეკითხვის პასუხი: დამკვეთი ვალდებულია დამპროექტებელს წარუდგინოს ტექნოლოგიური დანადგარების საპასპორტო მონაცემები საჭირო კლიმატური პირობების მისაღწევად. დამპროექტებელი არ არის ვალდებული ფლობდეს ყველანაირ ინფორმაციას. განსახილველ შემთხვევაში რასაკვირველია შესამოწმებელია კონკრეტულ სათავსში კლიმატური პირობები და თუ ის არ აკმაყოფილებს საჭირო პირობებს დანადგარის შემდგომი ექსპლუატაცია დაუშვებელია. მე-3 და მე-4 შეკითხვების პასუხი: საჭიროა დამუშავდეს ახალი პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება, როგორც ,,სუფთა სათავსების“ და ტექნოლოგიური დანადგარების ტემპერატურული რეჟიმები, ასევე დამკვეთის მოთხოვნები. მე-5 შეკითხვის პასუხი: კლინიკის იატაკის და ქუჩის ნიშნული არის დაახლოებით ერთი და იგივე დონეზე, ამასთანავე, კლინიკის ფოიეში და სხვა სათავსებში შექმნილია არც თუ ისე მაღალი უარყოფითი წნევები, რაც იმის მომასწავებელია, რომ შემოსასვლელი კარების გაღების შემთხვევაში, კლინიკაში შემოდის, როგორც ქალაქის მტვერი, ასევე CO-ს და CO2-ის გარკვეული მნიშვნელობები. დოზის დადგენა ეს არის ეკოლოგიური სამსახურების კვლევის საკითხები. აღნიშნული შემოდინებული დაბინძურებული ჰაერი არ უნდა იყოს კრიტიკული, მაგრამ არ არის სასურველი პერსონალის ამ გარემოში ყოფნა. ,,სუფთა სათავსების“ პირობებიდან გამომდინარე, კლინიკაში ძირითადად უნდა იყოს დადებითი წნევა, უზრუნველყოფილი სუფთა გარემოთი. მე-6 შეკითხვაზე: კლინიკას არ გააჩნია საპროექტო დოკუმენტაცია თბოენერგეტიკული გათვლებით, ამიტომ საჭიროა დამუშავდეს პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სტანდარტის ყველა მოთხოვნები. ადგილზე გადაწყვეტილება მიღებულია, როგორც ჩანს ურთიერთშეთანხმებით. ამრიგად, ქ. თბილისში, კ-------ას ქ. #7--ში, 1 სართულზე მდებარე კლინიკაში (N---------------------) საჭიროა დამუშავდეს სრულიად ახალი პროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნება, როგორც ,,სუფთა სათავსების“ და ტექნოლოგიური დანადგარების ტემპერატურული რეჟიმები, ასევე დამკვეთის შესაბამისი მოთხოვნები.

ასევე, საგულისხმოა, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის და-----------–-–---–ის 2015 წლის 13 ნოემბრის დასკვნით შეკითხვებზე: 1. არის თუ არა სავენტილაციო სისტემა შპს ,,დ---ს“ კლინიკის, მდებარე: ქ. თბილისი, კ-------ას ქ. #7-, პირველი სართული, ფართში ნორმების დაცვით განხორციელებული? და თუ არ არის ნორმების დაცვით განხორციელებული წარმოადგენს თუ არა აუცილებლობას შპს ,,დ---ს“ კლინიკის ფართში სავენტილაციო სისტემის ხელახალი დამონტაჟება? 2. შპს ,,დ---ს“ კლინიკის ფართში სავენტილაციო სისტემის ხელახალი დამონტაჟების შემთხვევაში, საჭირო იქნება თუ არა ხელახალი სარემონტო სამუშაოების განხორციელება? 3. შპს ,,დ---ს“ კლინიკის ფართში შპს ,,თ------------–ის“ მიერ დამონტაჟებული სავენტილაციო სისტემის პირობებში რამდენად უსაფრთხოა ლაზერის აპარატურის განთავსება? ექსპერტმა უპასუხა, რომ შპს ,,დ---ს“ კლინიკის ფართის საერთო მოცულობაში გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ყველა სტანდარტის დაცვით ხელახლა დამონტაჟდეს სავენტილაციო სისტემა, რომელიც იმუშავებს გამართულ მდგომარეობაში, რათა უზრუნველყოს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი, რომ კლინიკის ფართში მოხდეს სათანადო ჰაერგაცვლა და კონდიცირება. რეკომენდაციის სახით ექსპერტს აუცილებელ გარემოებად მიაჩნია ხელახალი სავენტილაციო სისტემის მონტაჟი განხორციელდეს მხოლოდ წინასწარ შედგენილი და დამუშავებული პროექტის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ შპს ,,თ------------–ს“ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები კლინიკის ფართში ნაწარმოები აქვს პროექტის გარეშე, რაც დაუშვებელია. ამავე დასკვნის თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო შეესწავლა ,,დამკვეთის“ შპს ,,დ---ს“ კლინიკის სპეციფიკა, სამედიცინო დანადგარების ტექნოლოგიური მოთხოვნები და ამ მოთხოვნების გათვალისწინებით შედგენილი და დამუშავებული პროექტის საფუძველზე განეხორციელებინა შპს ,,დ---სთან“ დადებული 2013 წლის 12 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამონტაჟო სამუშაოები. შპს ,,დ---ს“ კლინიკის ფართში სავენტილაციო სისტემის ხელახალი დამონტაჟება აუცილებლად გამოიწვევდა კლინიკის ფართში დამატებითი სამუშაოების განხორციელებას. შპს ,,დ---ს“ კლინიკის ფართში შპს ,,თ------------–ის“ მიერ დამონტაჟებული სავენტილაციო სისტემის შედეგად შექმნილი ტემპერატურული რეჟიმის პირობებში ლაზერის საპროცედურო ოთახებში დაუშვებელია ლაზერის აპარატურის განთავსება, ვინაიდან არსებობს მაღალი ხარისხის რისკი, რომ არ გამოვიდეს მწყობრიდან ლაზერის აპარატურა.

 

წარმოდგენილი დასკვნების პასუხობს კონკრეტულ საკვლევ ფართში არსებულ პრობლემებს, მათი შესაძლო გამომწვევ მიზეზებსა და მათი მოგვარების შესაძლო გზებს იძლევიან. სასამართლოსათვის ნიშანდობლივი და საყურადღებოა თავად მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გაწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობები და აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოს სათანადო შეთანხმებული ხარისხი. წარმოდგენილ შემთხვევაში მტკიცებულებათა სიმრავლე, თუნდაც ექსპერტიზის დასკვნების სახით, ვერ გამოიწვევს ავტომატურად კონკრეტული შესრულებული სამუშაოების უხარისხობის დადგენას. არსებული დასკვნები, ექსპერტების წინაშე დასმული შეკითხვები და ექსპერტიზის ჩატარების დროს ექსპერტების მიერ შემოწმებული ფართის რეალური მდგომარეობა სასამართლოსათვის უმნიშვნელოვანესია. საქმეზე დადგენილია, რომ აღნიშნული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შემდგომ ფართში ჩატარებული იქნა მთელი რიგი სარემონტო/კოსმეტიკური სამუშაოები. ექპერტების მიერ გამოკვლევის დროს ვერ მოხდა სწორედ სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით კვლევა კონკრეტული პრობლემების და მათი გამომწვევი მიზეზების (საჭირო იყო ჭერის მოხსნა); ასევე, ღიობების არ არსებობა, რომლიც თავის მხრივ ერთ-ერთ პრობლემად არის მითითებული, სარემონტო სამუშაოების ჩატარებამდე ფართში ვერ იარსებებდა; არსებული ხარვეზების შესაძლო ალტერნატიული მიზეზები და სხვა;

სასამართლომ მოისმინა ორივე მხარის განმარტებები, შეაჯერა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და განმარტავს, რომ შპს ,,დ---ს“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, კომპანიაში არსებულ გაუმართავ შიდა მოწყობილობასა და ტექნიკას და მოსარჩელე კომპანიის მიერ ჩატარებულ სამონტაჟო სამუშაოებს შორის. საქმეში წარმოდგენილია 2014 წლის 19 მარტით დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მხარეები ორმხრივად ადასტურებენ, რომ 2013 წლის 12 სექტემბრის #889 ხელშეკრულების დანართი #1, დანართი #2 და დანართი #3-ის თანახმად, მიმწოდებელმა შპს ,,თ------------–მა“ ურთიერთშეთანხმებული გეგმის საფუძველზე მოახდინა მასალის მიწოდება ობიექტზე, გათბობის, წყლის სისტემის (,,კანალიზაციის“) და ვენტილაციის სისტემის მონტაჟი და სისტემის შემოწმება, აღნიშნული სისტემები აკმაყოფილებს დამკვეთის მოთხოვნილებებს, რაც დასტურდება ხელმოწერით. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია შპს ,,თ------------–ის“ ტექ. დირექტორის ლ-–--------ის და შპს ,,დ---ს“ დირექტორის ვ--------–-----–-ას მიერ. არსებული მოცემულობით, როდესაც მხარეებმა ორმხრივი ნების გამოვლენით დაადასტურეს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი, შემოწმდა სისტემის მუშაობა და თითქმის ერთი წლის შემდეგ, ექსპერტიზების ჩატარება სადავო ფართში იმ ვითარების დასადასტურებლად, რომ მენარდე კომპანიის მიერ სამონტაჟო სამუშაოების ხარვეზებით შესრულების გამო, კლინიკაში არასათანადო პირობები შეიქმნა, ლოგიკას მოკლებულია, იმ თვალსაზრისით, რომ ექსპერტთა დასკვნები არ ადასტურებენ ლოგიკურ ბმას, უშუალო კავშირს, შპს ,,თ------------–ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებსა და დამდგარ ზიანს შორის. მეტიც, სასამართლო მიუთითებს, რომ ის ხარვეზები რომელზეც ხდება მითითება წარმოადგენს ისეთი ტიპის ხარვეზს (არ ხდება ჰაერგაცვლა, ტემპერატურული რეჟიმები ოთახებში სხვადასხვაა, წნევა, არ ხდება ჰაერის განიავება, სისტემის მუშაობის ხმაური დონე და სხვა) გამოვლენილი უნდა ყოფილიყო საწყის ეტაპზევე სისტემის შემოწმებისას. მხარეთა შორის ხელშეკრულებით აღნიშნული დეტალური შეთანხმება არ განხორციელებულა და შემოწმებისას შემკვეთის მიერ მისაღები იყო ჩატარებული სამუშაოები, ხოლო არსებული შექმნილი პრობლემების პირდაპირი დაკავშირება მენარდის მიერ ნაკლიან შესრულებასთან საქმეზე ვერც ერთი მტკიცებულებით დადასტურებული ვერ იქნა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 12 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 13-14);

- დანართი #1, დანართი #2, დანართი #3 (ტომი I, ს.ფ. 15-18);

- (ტომი I, ს.ფ. 13-14);

- 2014 წლის 19 მარტის მიღება-ჩაბარების აქტი (ტომი I, ს.ფ. 19);

- შესრულებული სამუშაო, ფორმა #2 (ტომი I, ს.ფ. 20-21);

- 15/05/2015 წლის ექსპერტის დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 100-106);

- საგადახდო დავალებები (ტომი I, ს.ფ. 140-144);

- სსიპ ლე---------------–--------–-----------------–---------------ის ერ-------–--------ოს 2015 წლის 31 აგვისტოს დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 365-371);

- 2015 წლის 13 ნოემბრის დასკვნა (ტომი II, ს.ფ. 4-8);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,ქ-----–----–-----ის“ სარჩელი და შპს ,,დ---ს“ შეგებებული სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 417-418-ე, 629-ე, 630-ე, 642-ე, 643-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2013 წლის 12 სექტემბერს, შპს ,,თ------------–ს“ (შემდგომში სს ,,ქ-----–----–-----ი“) და შპს ,,დ---ს“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება #889, რომლის თანახმად, მენარდეს დამკვეთის დავალების საფუძველზე უნდა შეესრულებინა შემდეგი სამუშაოები: გათბობის, წყლის სისტემის (,,კანალიზაციის“) და ვენტილაციის მონტაჟი მისამართზე: ქ. თბილისში, კ-------ას ქ. #7-, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო დროულად მოემარაგებინა მენარდე ყველა საჭირო მასალებით, მიეღო შესრულებული სამუშაო და გადაეხადა სამუშაოს საფასური სრული მოცულობით, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. დაკვეთა ხორციელდებოდა ხელშეკრულების დანართი #1, #2 და #3-ის საფუძველზე. ნარდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 30 259.23 ლარს. დამკვეთი წინასწარ იხდიდა მთლიანი თანხის 50%, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. სამუშაოს მთელი მოცულობის 80%-ის შესრულების შემდგომ იხდის მთლიანი თანხის 30%-ს. დარჩენილი 20 % დამკვეთს უნდა გადაეხადა სამუშაოების დასრულების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში. მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის შესახებ მენარდეს უნდა ეცნობებინა დამკვეთისთვის 2 სამუშაო დღით ადრე. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, გარანტია ავტომატურად მოქმედებდა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერიდან 12 თვის ვადით, მესამე მხარის მიერ დაზიანების გამორიცხვით.

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება შესრულებული არ არის სრულად და ვინაიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება სასამართლოს მიხედულებით განხორციელდა მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დარჩენილი/შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების მოპასუხე მხარისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ვინაიდან, წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლომ დააკმაყოფილა სს ,,ქ-----–----–-----ის“ სარჩელი მის მიერ განხორციელებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს ძირითადი მოთხოვნიდან და სახეზეა შემკვეთის მხრიდან ფულადი ვალდებულების გადაუხდელობის გამო, მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად, თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 643-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება. დამატებითი ვადის განსაზღვრა საჭირო არ არის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. შემკვეთს შეუძლია მენარდეს მოსთხოვოს ავანსი ნაკლის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯებისათვის. ამავე კოდექსის 644-ე მუხლის შესაბამისად კი, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. ხოლო, ამავე კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისათვის 394-ე მუხლის მიხედვით კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის მოთხოვნის ციფრობრივი და ფაქტობრივი საფუძვლები განიცდიდა მუდმივ ცვლილება/დაზუსტებას. სასამართლოსათვის წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის ინტერესს წარმოდგენს ხარვეზიანის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის დაბრუნება და სამომავლოდ შესასრულებელი სამუშაოებისათვის და დაზიანებული აპარატურის აღდგენის თანხის, როგორც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ზემოაღნიშნული ნორმების დეფინიციის შესაბამისად, აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილდება მითითებული ნორმების ნორმატიული კონსტრუქციის შესაბამისად უპირველესად საჭიროებს თავად სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტობრივ წინაპირობის არსებობას. გადაწყვტილების 3.2.2 პუნქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, საქმეზე არ დასტურდება შპს ,,თ------------–ის“ (შემდგომში სს ,,ქ-----–----–-----ის“) მიერ 2013 წლის 12 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულების ხარვეზებით შესრულების ფაქტობრივი გარემოება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე მხარის მოთხოვნა გადახდილი თანხის და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ვინაიდან სს ,,ქ-----–----–-----ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე შპს ,,დ---ს“ სს ,,ქ-----–----–-----ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 200.51 ლარის გადახდა, ასევე იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 267.34 ლარის ანაზღაურება. შპს ,,დ---ს“ უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2100 ლარის ნაწილი 108.06 ლარის ოდენობით, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე სს ,,ქ-----–----–-----ის“ სარჩელი მოპასუხე შპს ,,დ---“-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

1.1. შპს ..დ---ს“ სს ,,ქ-----–----–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 7183.62 ლარის გადახდა.

2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,დ---ს“ სარჩელი მოპასუხე სს ,,ქ-----–----–-----ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. შპს ,,დ---ს“ სს ,,ქ-----–----–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 200.51 ლარის ანაზღაურება.

4. შპს ,,დ---ს“ სს ,,ქ-----–----–-----ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 267.34 ლარის ანაზღაურება.

5. შპს ,,დ---ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 03/06/2015 წლის №14-------7 საგადახდო დავალებით სს ,,თიბისი ბანკის“ მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2100 ლარის ნაწილი - 108.06 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე