გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28020-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018წ ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დალი აბჟანდაძე
სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი
მოსარჩელე - თ---------------–---–-
წარმომადგენელი - თ--------------ე
მოპასუხე - ი-----–--–-----
არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი
დავის საგანი: მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი-----–--–-----სათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვა არასრულწლოვანი შვილის - 2009 წლის 21 ნოემბერს დაბადებული მ-------–-----ს მიმართ, სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან და პოლიკლინიკებთან ურთიერთობაში კანონიერი ინტერესების დაცვის ნაწილში, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე მ-------–-----ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის აღებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, საზღვარგარეთის ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით და უკან დაბრუნებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებზე, დასვენებისთვის (სწავლისაგან თავისუფალი დრო) და კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობაზე თანხმობის გაცემის ნაწილში.
1.2. თ---------------–---–-სთვის უფლების მინიჭება დაიცვას არასრულწლოვანი მ-------–-----ს კანონიერი ინტერესები დამოუკიდებლად, სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან და პოლიკლინიკებთან ურთიერთობაში, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
1.3. თ---------------–---–-სათვის უფლების მინიჭება აიღოს მ-------–-----ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი, დამოუკიდებლად, ი-----–--–-----ს ნებართვის გარეშე.
1.4. ბავშვის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, თ---------------–---–-სათვის უფლების მინიჭება ი-----–--–-----ს ნებართვის გარეშე განახორციელოს წარმომადგენლობა და მიიღოს გადაწყვეტილება მ-------–-----ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ საზღვარგარეთის ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით და უკან დაბრუნების ვალდებულებით შეუზღუდავი რაოდენობით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების, დასვენებისათვის (სწავლისაგან თავისუფალი დრო) და კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, აღნიშნულისათვის გათვალისწინებული დროით.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე თ---------------–---–- 04 თვის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი-----–--–-----სთან. თანაცხოვრების მე-4 თვეს მოსარჩელე საცხოვრებლად მშობლებთან დაბრუნდა, 2009 წლის 21 ნოემბერს მათ საერთო შვილი - მ-------–----- შეეძინათ. ორსულობის მე-4 თვიდან მოყოლებული მოსარჩელე და მისი შვილი, მ-------–----- ცხოვრობენ მოსარჩელის მშობლებთან და იმყოფებიან მათ კმაყოფაზე. 2010 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის ი-----–--–-----ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით. 2010 წლის 20 იანვრიდან ი-----–--–----- პატიმრობაში იყო, გათავისუფლების შემდეგ მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული და ამჯერად 11 წლიან სასჯელს იხდის. ი-----–--–-----ს არასოდეს ქონია მამა-შვილური ურთიერთობა შვილთან, მან მხოლოდ რამდენიმეჯერ ნახა შვილი მ-------–-----. 2012 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით, მხარეებს შორის მორიგება დამტკიცდა, ი-----–--–-----ს 2019 წლის 19 იანვრამდე შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებები, მათ შორის დედამ მიიღო ბავშვზე სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და მამის გარეშე შვილის საზღვარგარეთ გაყვანის უფლება. ზემოაღნიშნული განჩინებით შეზღუდული უფლებების ვადა იწურება 2019 წლის 19 იანვარს, მხარეთა შორის მოლაპარაკებები არასრულწლოვნის აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმებით ვერ ხორციელდება, რის გამოც, აუცილებლობას წარმოადგენს მოპასუხეს შვილის სრულწლოვანებამდე შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებები, რათა არასრულწლოვანის ნორმალური აღზრდა განვითარება არ შეფერხდეს. არასრულწლოვანი ასაკიდან გამომდინარე ემზადება სხვადასხვა კულტურულ/სპორტულ წრეებზე, მოცემულ ეტაპზე მ-------–----- დადის ცეკვაზე, ასევე ჩოგბურთზე, შესაბამისად სასწავლო, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით დადგა საჭიროება, არასრულწლოვანი გაემგზავროს საზღვარგარეთ დროებით, ასევე ბავშვი ერთხელ უკვე იმყოფებოდა დედასთან ერთად დასვენების მიზნით და მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა კიდევ გაემგზავროს საქართველოს ფარგლებს გარეთ დასვენებისა თუ სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის განმარტებით, მას არ ეძლევა საშუალება ინახულოს არასრულწლოვანი შვილი, რადგან 8 წელია რაც იმყოფება სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ი-----–--–-----ს განმარტებით მისი და არასრულწლოვანი შვილის ნახვის დღე იყო განსაზღვრული, თუმცა შეხვედრა ვერ მოხერხდა. ასევე მისივე განმარტებით იგი თანხმა იყო ყველა უფლებაზე თანხმობა განეცხადებინა, მაგრამ მოსაჩელე არ მისულა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში აღნიშნულ საკითხთან მოლაპარაკების მიზნით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ არასრულწლოვანი შვილის - 2009 წლის 21 ნოემბერს დაბადებული მ-------–-----ს მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ---------------–---–სა და ი-----–--–-----ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2009 წლის 21 ნოემბერს დაბადებული მ-------–-----, ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.1.2. ი-----–--–----- 2010 წლის 20 იანვრიდან სასჯელის მოხდის მიზნით იმყოფება საქართველოს N 15 პენიტენციურ დაწესებულებაში, სასჯელის სრულად მოხდამდე დარჩენილი აქვს - 08 წელი და 06 თვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით, ი-----–--–-----ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობით უფლებამოსილება ნაწილობრივ 2019 წლის 19 იანვრამდე: დედას თ---------------–---–ს მიეცა უფლება, დამოუკიდებლად, ი-----–--–-----ს ნებართვის გარეშე, შეიყვანოს ის სკოლამდელ აღმზრდელობით და სასკოლო დაწესებულებებში; დედას - თ---------------–---–ს მიეცეს უფლება, ი-----–--–-----ს ნებართვის გარეშე, მ-------–----- გაიყვანოს საზღვარგარეთ და დააბრუნოს უკან, წელიწადში არაუმეტეს სამჯერ; თითოეული გასვლა არ უნდა აღემატებოდეს 30 (ოცდაათ) კალენდარულ დღეს; დედას - თ---------------–---–ს მიეცეს უფლება, დამოუკიდებლად დაიცვას მ-------–-----ს ინტერესები სახელმწიფო და სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინება (ს.ფ.17-19)
3.2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტების თანახმად, მ-------–-----ს ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანის განვითარებისათვის და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემოს შესანარჩუნებლად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა; მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით ყველა ის მიზანი, რისთვისაც სურს დედას, რომ ბავშვი გაიყვანოს საზღვარგარეთ შეესაბამება არასრულწლოვანის ინტერესებს და აღნიშნულზე მეორე მშობლის მხრიდან თანხმობის მიუღებლობა მხოლოდ დააბრკოლებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების განხორციელებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნა #22882 (ს.ფ.36-37).
- მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
მოპასუხე ი-----–--–-----სთვის ცნობილია სასარჩელო მოთხოვნა (იხ. ს.ფ. გვ: 33) და მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სასამართლოში საწინააღმდეგო პოზიცია არ წარმოუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
მიუხედავად იმისა რომ, მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაგებელი, არასრულწლოვანი მ-------–-----ს ინტერესების დადგენისა და ბავშვის აზრის გამოკვლევის მიზნით, განსახილველ სამოქალაქო საქმეზე დაინიშნა სასამართლო სხდომა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვის სურვილისა და ინტერესების გათვალისწინებით, იკვეთება მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე, 1197-1198-ე, 1205-ე მუხლები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენციის (21.04.1994წ.) მე-3, მე-12, მე-14, მე-18, მე-19 მუხლები. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #14 (2013წ) კომენტარი. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #12 (2009) კომენტარი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
მოცემული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია (21.04.1994წ.), რომლის მე-3 მუხლის თანახმად,1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.
ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, შეურაცყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდავერია მოპყრობისგან.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“.
სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას აღნიშნავს, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.
აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.
,, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „სახელმწიფოს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ბავშვის უპირატესი ინტერესის დადგენის მიზნით, სასამართლომ სსსკ-ის 354-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საერთაშორისო კონვენციით აღიარებული ბავშვთა დაცვის უფლებების გათვალისწინებით, გამოიკვლია და დაადგინა აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, გამოარკვია არასრულწლოვანის ნება და ინტერესი.
საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ თ---------------–---–სა და ი-----–--–-----ს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი - 2009 წლის 21 ნოემბერს დაბადებული მ-------–-----. ბავშვის ბიოლოგიური მამა 2010 წლის 20 იანვრიდან სასჯელის მოხდის მიზნით იმყოფება საქართველოს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში, რის გამოც მშობლის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ ახორციელებს. მოპასუხეს სასჯელის სრულად მოხდამდე დარჩენილი აქვს - 08 წელი და 06 თვე. მოსარჩელე და მისი შვილი, მ-------–----- ცხოვრობენ მოსარჩელის მშობლებთან და იმყოფებიან მათ კმაყოფაზე. 2012 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით, მხარეებს შორის მორიგება დამტკიცდა, ი-----–--–-----ს 2019 წლის 19 იანვრამდე შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებები, მათ შორის დედამ მიიღო ბავშვზე სრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და მამის გარეშე შვილის საზღვარგარეთ გაყვანის უფლება. ზემოაღნიშნული განჩინებით შეზღუდული უფლებების ვადა იწურება 2019 წლის 19 იანვარს, მხარეთა შორის მოლაპარაკებები არასრულწლოვნის აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმებით ვერ განხორციელდა, რის გამოც, აუცილებლობას წარმოადგენს მოპასუხეს შვილის სრულწლოვანებამდე შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებები, რათა არასრულწლოვანის ნორმალური აღზრდა განვითარება არ შეფერხდეს. არასრულწლოვანი ასაკიდან გამომდინარე ემზადება სხვადასხვა კულტურულ/სპორტულ წრეებზე, მოცემულ ეტაპზე მ-------–----- დადის ცეკვაზე, ასევე ჩოგბურთზე, შესაბამისად სასწავლო, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით დადგა საჭიროება, არასრულწლოვანი გაემგზავროს საზღვარგარეთ დროებით, ასევე ბავშვი ერთხელ უკვე იმყოფებოდა დედასთან ერთად დასვენების მიზნით და მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა კიდევ გაემგზავროს საქართველოს ფარგლებს გარეთ დასვენებისა თუ სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნებით.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #12 (2009) კომენტარისა და “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-12 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის #12 (2009) კომენტარის 53-ე პუნქტის მიხედვით, ,, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება ბავშვის ოჯახიდან გაყვანის შესახებ, ვინაიდან ის არის მსხვერპლი ძალადობის ან დაუდევრობის, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვის აზრი იმისათვის, რომ მისი საუკეთესო ინტერესი იყოს დადგენილი“.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანის ინტერესი მდგომარეობს - მისი ნების შესაბამისად იცხოვროს მშვიდ, მზრუნველ და კეთილსაიმედო გარემოში, მიიღოს პროფესიული განათლება, ჩააბაროს კოლეჯში, მოიძიოს ამისათვის აუცილებელი დოკუმენტები, მშობლების თანხმობის არქონის გამო არ შეექმნას დაბრკოლება.
დადგენილია ასევე, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის ახსნა-განმარტების, ასევე მის მიერ წარმოდგენილი სოციალური მუშაკის დასკვნის #22882 თანახმად, არასრულწლოვან მ-------–-----ს არ აქვს სურვილი ინახულოს მამა, ვინაიდან იგი არ იცნობს მას და არ ჰქონია მამასთან კონტაქტი, ბავშვს თბილი და მეგობრული დამოკიდებულება აქვს დედასთან და მისი ოჯახის წევრებთან მიმართებაში, შესაბამისად არასრუწლოვანის ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანისგანვითარებისთვის და აღზრდისათვის კეთილსაიმედო გარემოს შესანარჩუნებლად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვა. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მაია გოცირიძის განმარტებით, არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მოპასუხისთვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა. იქედან გამომდინარე, რომ მამა იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამასთან იგი უარს აცხადებს ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად თანხმობის გაცემაზე, მამის მხრიდან თანხმობის დაყოვნება იწვევს არასრულწლოვანის ინტერესების დარღვევას, ვინაიდან დედას არ ეძლევა საშუალება მოაწესრიგოს არასრულწლოვანის საზღვარგარეთ გასვლასთან, განათლებასთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები.
მშობლები უნდა ცდილობდნენ უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის მშვიდი გარემო. მშობლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობაც მათი კონფრონტაციის ასახვის გამოც ბავშვის ფსიქიკასა და შესაბამისად მის განვითარებაზეც. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესებისათვის მიზანშეწონილია, შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ი-----–--–-----ს. რათა არ მოხდეს მშობლის ინტერსების შვილის ინტერესების მიმართ ბოროტად გამოყენება. ამავე ინტერესიდან გამომდინარე იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ, ბავშვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის აღებასთან, საზღვარგარეთ გაყვანასთან, ცხოვრებასთან, განათლების მიღებასთან, ჯანმრთელობისა და ბავშვისათვის საჭირო სხვა კანონიერი საკითხების დროული მოგვარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, დედას შესაძლოა დასჭირდეს სხვადასხვა მოქმედებების განხორციელება, მამის თანხმობის არ არსებობა ან დაყოვნება კი გამოიწვევს ბავშვის ინტერესების ხელყოფას, რაც დაუშვებელია, აღნიშნულის გამო არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და მიზანშეწონილია, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ი-----–--–-----ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მხარეებს უნარჩუნდებათ ბავშვთან ურთიერთობის უფლება. (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია).
მოცემულ შემთხვევაში, ბავშვის ინტერესი მდგომარეობს შემდეგში, რომ მ-------–----- სწავლობს სკოლაში, ამასთან დადის სპორტულ და კულტურულ წრეებზე შესაბამისად, ბავშვი ჩართულია სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში რის გამოც მას აქვს შესაძლებლობა და სურვილი იმოგზაუროს საზღვარგარეთ საგანმანათლებლო, კულტურული თუ დასვენების მიზნებით, მ-------–-----ს სურვილისა და ინტერესების, აგრეთვე საჭიროებების გათვალისწინებით მამის მხრიდან თანხმობის დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს არასრულწლოვანის ინტერესების დარღვევა, ვინაიდან დედას მეორე მშობლის თანხმობის გარეშე არ ეძლევა საშუალება მოაწესრიგოს არასრულწლოვნების საზღვარგარეთ გასვლასთან, განათლებასთან, ჯანმრთელობასთან და წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახნა-განმარტებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის მხედველობაში მიღებით, სასამართლო თვლის, რომ ბავშვის ინტერესისა და განვითარებისთვის საჭიროა თ---------------–---–ს მიეცეს უფლება დამოუკიდებლად დაიცვას მ-------–-----ს კანონიერი ინტერესები სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან და პოლიკლინიკებთან ურთიერთობაში, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ; დამოუკიდებლად, ი-----–--–-----ს გარეშე აიღოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი მ-------–-----ს სახელზე და მ-------–-----ს სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე ი-----–--–-----ს ნებართვის გარეშე განახორციელოს წარმომადგენლობა და მიიღოს გადაწყვეტილება მ-------–-----ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ საზღვარგარეთის ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით და უკან დაბრუნების ვალდებულებით შეუზღუდავი რაოდენობით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების, დასვენებისთვის (სწავლისგან თავისუფალი დრო) და კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, აღნიშნულისთვის გათვალისწინებული დროით და ზემოაღნიშნულ ნაწილში მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახლმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: არაქონებრივ დავაზე - 100 ლარს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. ამავე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7; 42-ე მუხლების გათვალისწინებით უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი 100 (ასი) ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე ი-----–--–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-14, 38-ე, 39-ე, 46-ე, მე-7, 42-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---------------–---–-ს სარჩელი ი-----–--–-----ს მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს:
1.1. ი-----–--–-----ს (პ/ნ 0----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის - 2009 წლის 21 ნოემბერს დაბადებული მ-------–-----ს (პ/ნ 0----------) მიმართ ბავშვის სრულწლოვანებამდ ნაწილობრივ -კერძოდ, სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან და პოლიკლინიკებთან ურთიერთობაში კანონიერი ინტერესების დაცვის ნაწილში, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე მ-------–-----ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის აღებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, საზღვარგარეთის ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით და უკან დაბრუნებაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებზე, დასვენებისთვის (სწავლისაგან თავისუფალი დრო) და კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობაზე თანხმობის გაცემის ნაწილში.
1.2. დედას თ---------------–---–ს (პ/ნ 0----------) მიეცეს უფლება დამოუკიდებლად, ი-----–--–-----ს თანხმობის გარეშე დაიცვას არასრულწლოვანი შვილის - 2009 წლის 21 ნოემბერს დაბადებული მ-------–-----ს (პ/ნ 0----------) კანონიერი ინტერესები სახელმწიფო დაწესებულებებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან და პოლიკლინიკებთან ურთიერთობაში, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
1.3. დედას თ---------------–---–ს (პ/ნ 0----------) მიეცეს უფლება დამოუკიდებლად, ი-----–--–-----ს თანხმობის გარეშე აიღოს არასრულწლოვანი შვილის - 2009 წლის 21 ნოემბერს დაბადებული მ-------–-----ს (პ/ნ 0----------) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი.
1.4. ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე, დედას თ---------------–---–ს (პ/ნ 0----------) მიეცეს უფლება ი-----–--–-----ს ნებართვის გარეშე განახორციელოს არასრულწლოვანი შვილის - 2009 წლის 21 ნოემბერს დაბადებული მ-------–-----ს (პ/ნ 0----------) წარმომადგენლობა და მიიღოს გადაწყვეტილება მ-------–-----ს მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შესახებ, შეუზღუდავი რაოდენობით საზღვარგარეთის ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით და საქართველოში დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების, დასვენებისათვის (სწავლისაგან თავისუფალი დრო) და კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით, აღნიშნულისათვის გათვალისწინებული დროით.
2. თ---------------–---–- გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. ი-----–--–-----ს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. თ---------------–---–ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს სარჩელზე მის მიერ 2018 წლის 25 სექტემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი, რომელიც ჩარიცხულია სს ”საქართველოს ბანკში”, ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი # 300773150.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: დალი აბჟანდაძე